სუჯუნა აბაშის მუნიციპალიტეტის სათემო სოფელია. მასში შედის სამი სოფელი: სუჯუნა, ეწერი, წალიკარი. მოსახლეობის რაოდენობა 2320-ს შეადგენს. სოფელში რამდენიმე უბანია: სახოშტარიო, სანოდიო, ახალსოფელი, ებრაელთა ანუ ურიაკარი, საჭუბაბრიო, სამატკაო, საგამზარდიო, საჯინორიო, სარუსიო, საბაღათურიო-საკუციო, - ვკითხულობთ ქალბატონLლეილა ნოდიას წიგნში "სუჯუნა". ამ უბნების სახელწოდება გაჩნდა გვარების დასახლების მიხედვით.
ახალსოფელი კი სუჯუნაში საუკუნის ბოლოს უნდა იყოს გაშენებული. ამ პერიოდში წყალდიდობას უდიდესი ზიანი მიუყენებია სოფლისთვის. განსაკუთრებით, რიონიდან გადმოსულ წყალს სანოდიოს ბოლოს მდებარე ადგილები დაუფარავს. აი, რას წერს 1895 წლის 25 ნოემბრის გაზეთი "ივერია": "წვიმამ მეტად დიდი ზიანი მოგვცა. სულ ერთ კვირაში დაუცხრომლად მოდიოდა წვიმა. მდინარეები რიონი, ცხენისწყალი, ტეხური, აბაშა მოზღვავდნენ, აავსეს შენობები, ბევრ ადგილას წყალმა დაახრჩო ხალხი, ზოგ მცხოვრებთ დაეხრჩოთ საქონელი. ამის გარდა, ჭირნახულმაც გვიმტყუნა, სადაც ყოველ წელს მოდიოდა ასი ფუთი, წლეულს მარტო ათი მოვიდა. აქაურნი მოხუცნი ლაპარაკობდნენ, ამისთანა უბედურებასა და შიმშილს არ მოვსწრებივართო".
ქალბატონმა ლეილა ნოდიამ თავისი სოფელი სუჯუნა არქივებში დაცული მასალების მიხედვითაც გაგვაცნო:
"იგი (ჭყონდიდელი) იყო მწყემსი ეკლესიისა, ამავე დროს იყო პატრონი უზარმაზარი საეკლესიო მამულისა, რომელზედაც ესახლნენ აზნაურები და გლეხები, მისნი ქვეშევრდომნი. ეს მამული, "საჭყონდიდლოდ" წოდებული, მთელს სამეგრელოში იყო გაფანტული, მაგრამ მთავარი მისი ნაწილი იმყოფებოდა აბაშის, ტეხურის და რიონის მდინარეებს შორის, და ამ ადგილას ითვლებოდა სამ ათას კომლზე მეტი გლეხი. შუაგულ სოფლად ითვლებოდა სუჯუნა, სადაც ძველს ეკლესიაში ესვენა სასწაულთმოქმედი ხატი წმინდა გიორგისა. მეგრელთა ამ მფარველთან მოჰქონდათ შესაწირავნი. მის სახელს მიაწერდნენ ხშირ მოსახლეებიან მამულებს და ყმებს, რომელთა შორის იმყოფებოდა ებრაელთა ახალშენიც. წმინდა გიორგის გადასახადს თაფლის სამთლით წესიერათ იხდიდნენ", - წერდა კორნელი ბოროზდინი.
მ. კოლხიდელი: "1855 წელს მან (ეკატერინე დადიანმა) განიზრახა ქმრის ანდერძის სისრულეში მოყვანა: ხატის გადმოტანა სუჯუნიდან მარტვილში, რაზედაც დაიყოლია თავის მხრივ თეოფანე ჭყონდიდელი. როდესაც ახალი განკარგულება ხალხს განუცხადა დეკანოზმა ნიკოლოზ ხოშტარიამ, ხალხი დარჩა ამით მეტად უკმაყოფილო. სუჯუნის საკათედრო ეკლესია შეიცვალა უზარმაზარ საჭყონდიდლო მამულის 30 000 სულით. ამ ხალხს უძველესი დროიდან მიაჩნდა სუჯუნის ეკლესია თავის დედა ეკლესიად და უზენაეს მფარველად. ხალხმა ვერ მოითმინა ეს, საშინლად აზვავდა და, როგორც ერთი თვითმხილველი გადმოგვცემს: "ატყდა აჯანყება, შეიქმნა ზარების რეკა და ბუკის ცემა დაუცხრომელი ხალხისაგან. არ იყო განწყნარება, ისე მოასკდა ხალხი უმრავლესი და ერთხმად შეთქვეს პირი, ან გაწყვეტა და ან ხელახლა ძველი ჩვეულების მოშლა არ იქნესო".
...ამ აჯანყების ინფორმაციამ მიაღწია ტფილისში მეფისნაცვლის მურავიოვის ყურამდეც. დედოფალი იძლებული შეიქნა ხელი აეღო განზრახვაზე. ამრიგად, დედოფლის მიზანი მიუღწეველი დარჩა".
იონა მეუნარგია: "დავით დადიანმა ოდიშ-ლეჩხუმი რვა მაზრად დაჰყო. სუჯუნის მაზრა სოფლებით: სუჯუნა, ეწერი, ესაკეთი, ზანათი, მთავარ-ანგელოზი, მაცხოვარ-კარი ანუ კაპანა, რობა, ონტოფო, სეფიეთი, კადარი, აბაშა, გულუხეთი, სამიქაო, ონოღია, ნაგიბეროუ, ბანძა, ორქა, ჯოლევი, კვაუთი, ნოქალაქევი, კოტიანეთი, სორტა, სენაკი, გეჯეთი, წყემი, ნოსირი, შხეფი, თეკლათი, სახარბედიო. მაზრების უფროსებად იყვნენ დანიშნულნი მაზრის მდივანბეგები, ან მეორე ხარისხის მდივანბეგნი. სხვადასხვა დროს მაზრის მდივანბეგებად იყვნენ სუჯუნას ალექსი ბატონიშვილი, ტაია (ტარიელ დადიანი)".
გივი ელიავა: "სუჯუნა რიონისპირეთის ერთ-ერთი დიდი სოფელია. იგი ვრცელდება ეწერის მთელ მასივზე. სამხრეთის საზღვარი მდინარე რიონს მიუყვებოდა ეწერის მთელ მასივზე. სამხრეთის საზღვარი მდინარე რიონს მიუყვება რჩქონამდე. მდინარე ტეხურის შესართავამდე რელიეფურად გაშლილი ვაკეა, ჩრდილოეთისკენ ოდნავ შემაღლებული. ამ ნაწილში სუჯუნის ცენტრია გაშლილი. აქ წინათ წყალი რიონიდან არხით შემოდიოდა და ნადუქნევთან სავაჭრო საქონლით დატვირთული ნავები ამოდიოდა. საქონელი სუჯუნაში მთელ შიდა სამეგრელოში გასაგზავნად ნაწილდებოდა".
* * *
გადარჩენილი მოსახლეობა სუჯუნის ცენტრში გადმოუსახლებიათ. ახალი გზები გაუჭრიათ, რადგან ტრიალი მინდორი ყოფილა. ყველა ოჯახს თანაბრად გაუნაწილეს სამოსახლო ნაკვეთები. აქ დაუსახლებიათ სხვადასხვა უბანში წყალდიდობით დაზარალებულნი. ამიტომაც ცხოვრობდნენ სხვადასხვა გვარის ოჯახები. სოფელში 80-ზე მეტი გვარია დაფიქსირებული. მათ შორის არიან აფხაზეთიდან დევნილებიც, რძლებიც, სიძეებიც და სხვა. ყველაზე მეტად ჭარბობს: ნოდია, ხოშტარია, მიმინოშვილი, რუსია, გამზარდია, კუცია, თოფურია, გვაზავა, ბაღათურია, დადიანი, კილასონია, გრიგოლია, მაღნარაძე, ცხიტარია, ჯინორია, ხურცილავა, სოლომონია და სხვა.ტოპონიმები
უამრავი მოსაზრებაა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დაერქვა ამ სოფელს სუჯუნა. მეგრულად მას სუჯინასაც ეძახიან. სუჯუნა - საყურებელს, მოსაცდელს უნდა ნიშნავდეს. "სუ" თავსართს კი მკვლევარი თუ არამკვლევარი თურქული წარმომავლობით ხსნის, რომელიც "წყალს" ნიშნავს. ამდენად "წყალთან მოსაცდელს" შეიძლება აღნიშნავდეს. ძველად სოფლის ბოლოში, რიონთან მართლაც ყოფილა პატარა მოსაცდელი, სადაც "პარახოდს" ელოდნენ ხოლმე. იქიდან სავაჭრო საქონელი გადმოჰქონდათ ნავებში და სპეციალურად გათხრილი არხით, ცუდღარით შემოჰქონდათ სუჯუნის ცენტრში. მეცნიერ-მკვლევარ გივი ელიავას გადმოცემით, "სუჯუნა" ადგილობრივ მკვიდრთა რწმენით, წყალდამდგარს ნიშნავს: "სუ"-წყალი, "ჯუნა" - დამდგარი"...
მსგავს მოსაზრებას ახლაც ბევრი გამოთქვამს სოფელში. ტოპონიმ "სუჯუნა"-ზე განსხვავებულ, მეტად საინტერესო ვარაუდს მეცნიერული დასაბუთებით გვთავაზობს პროფესორი ზურაბ ჭუმბურიძე: "სუჯუნა ძველი სოფელი ჩანს და ამიტომ გაოცებას იწვევს, რომ ის არსად არის ნახსენები, არც ძველ სიგელ-გურჯებში და არც ვახუშტის ვრცელ ნაშრომში. სოფლის სიძველეს მოწმობს სუჯუნის წმინდა გიორგის ხატისადმი უდიდესი სიყვარული, მაგრამ კიდევ უფრო საყურადღებოა ამ მხრივ თვით სოფლის სახელწოდება. სუჯუნა-ში წარმოდგენილია სურო - სიტყვის ძველი კოლხური ფორმა სუჯ-ი, რომელიც დღეს მეგრულში აღარ გვხვდება და მხოლოდ ჭანურშია დაცული".
გიორგობა სუჯუნაში
ქალბატონი ლეილა ნოდია სუჯუნაში გიორგობის დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშიორებით გვიამბობს: "წმინდა გიორგის სახელზე საქართველოში იმდენი ტაძარი და სამლოცველოა აგებული, რომ ქართველი ასე ილოცება ხოლმე: სამას სამოცდახუთი წმინდა გიორგი შეგვეწიოსო. ვახუშტი ბატონიშვილის თქმით, "არ არიან ბორცვნი და მაღალნი გორანი, რომელსა ზედა არა იყოს შენნი ეკლესიანი წმიდის გიორგისანი".წმინდა გიორგი საქართველოს უმთავრესი მფარველი წმინდანია. სუჯუნის წმინდა გიორგის ეკლესიაში, ტრადიციულად, 6 მაისს დიდი ზეიმით ხვდებიან გიორგობას. ადრეულ წლებში წინა საღამოს იმართებოდა "სუჯუნობა". სუჯუნის წმინდა გიორგის ეკლესია ერთ-ერთი უნიკალური ხუროთმოძღვრული ძეგლია საქართველოში. მისი აშენება XVIII საუკუნის 30-იან წლებში დაწყებულა იმ ადგილებში, სადაც ოდითგანვე არსებობდა თურმე ხის ეკლესიები. როგორც 1897 წლის "ცნობის ფურცელი" წერს: "ეკლესია წმინდა გიორგის სახელზეა აშენებული და მართლაც არის ხისა, თავდაპირველად დაარსებული, სადაც დრო გამოშვებით სრულდება ღვთის მსახურება. ესეც კოპწიად მორთულია ყოვლის მხრით.
ადგილმდებარეობა ამ ორის ეკლესიისა დაბლობია და ზედ მუხლამდი ბალახი ბიბინებს. როგორც ხალხის ზეპირგადმოცემა მოგვითხრობს, პირველი საეპისკოპოსო ადგილი, რის გამოც დაერქვა ამ სოფელს "საჭყონდიდლო". "ჭყონდარი" მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს ეპისკოპოსს. ეხლაც ამ სოფლის რამდენსამე საზოგადოებას საჭყონიდო ჰქვია, მაგრამ ჟამთა ვითარების გამო ეხლა სუჯუნიას ეძახიან, აქვე არსებობს სამრევლო სკოლა".
თევდორე (თედო) ხოშტარიას მემუარებში ვკითხულობთ: "მახსოვს კარგად, რომ დაიწყეს 1838 წელს სუჯუნის ქვიტკირის ეკლესიის აღშენება და თანვე დააფუძნეს აქვე პარასკევობით ბაზრობა, დაიწყეს დუქნების გაშენება. ეკლესიის აღშენების გარემოება ასე მოხდა: სულ ძველისძველი, ძიერ შესანიშნავი დიდი ხის ეკლესია, მდიდარი მრავლის წმინდა ხატებით, ჯვრებით, სამკაულებით, ძვირფასის თვლებით და მარგალიტებით შემკული, მდგარა აქ, რომელსაც ძველი კაცების სამკაულით გაუტაცნიათ და ეკლესიისათვის თითქმის ერთნაირად ცეცხლი წაუკიდებიათ და დაუწვიათ.
ამ აოხრების შემდეგ აღუშენებიათ რა კიდევ ხის ეკლესია, რომელიც ახლად შეუმკიათ კურთხეულთ მთავრებთ, მღუდელმთავრებთ - ჭყონდიდელებს ძვირფასის ხატებით და ჯვრებით, ძელით ჭეშმარიტით და ერთიც ჯაჭვით საკიდი წმინდა გიორგის ხატი ოქროსი, რომლის ზედ წარწერა ამოწმებს, რომ შეუწირავს ამა ეკლესიის კათედრის დეკანოზს, პაპაჩემს, თევდორე ხოშტარიას, რომელმაც განაგრძო მსახურება 1730-1770 წლებში და იყო იგი მამა ბაბუის ჩემის დეკანოზის მარკოზისა.
ღვთის მადლით, მტკიცედ და დიდის წარმატებით შესრულდა ამ ეკლესიის აღშენება, დაწყებული ნეტარხსენებული მთავრის - ლეონ დადიანის დროს ეპისკოპოს გიორგისგან 1838 წელს და შესრულებული ნეტარხსენებული მთავრის, დავით ლეონის ძის დადიანისა და ეპისკოპოს ანტონ II დადიანის მიერ 1846 წელს".
თედო ხოშტარია აღნიშნავს, რომ ნინო ჭავჭავაძე 1856 წლის 23 აპრილს დასწრებია სუჯუნაში გიორგობის დღესასწაულს: "სუჯუნის ტაძრობის დღესასწაული იყო 23 აპრილს, სადაც მობრძანდა თვით მთავრინა (ეკატერინე), თვისის მულით ნინოთი და დით ნინო გრიბოედოვათი. მთავრის ძმებით: გრიგოლ და კონსტანტინეთი (დადიანები) და მრავალს სხვა წარჩინებულის კაცებით და ქალებით".
ჟამთა სიავე სუჯუნის ტაძარსაც შეეხო. უცხო თუ შინაურმა მტრებმა დაარბიეს, ცეცხლი წაუკიდეს მდიდარ ეკლესიას. გაიტაცეს აქ დაცული ძვირფასი ხატ-ჯვრები. 1913 წლის აღწერით, ეკლესიაში ინახებოდა წმინდა გიორგის შვიდი დიდი და პატარა ქართული ხელობის, ვერცხლის ნაჭედი ხატი. ერთი მათგანი ოქროთი ყოფილა დაფარული. აქ ინახებოდა მარგალიტებით შემკული, ოქროთი მოვარაყებული, წარწერებით; წმინდა გიორგის რკინის ოროლები და სხვა ძვირფასეულობა.
ყოველ 5 მაისს, გიორგობის წინა საღამოს, სუჯუნის წმინდა გიორგის ხატის დღესასწაულზე, იმართებოდა ხატობა. პროფესორი სერგი მაკალათია წერს: "იმ დღეს აქ დიდძალი მლოცველები მოდიოდნენ, მუხლის მოყრით ეკლესიას გარშემო უვლიდნენ. სუჯუნის წმინდა გიორგი ითვლებოდა სულით ავადმყოფების მკურნალად. ისინი ხატობა დღეს იქ მიჰყავდათ და ალოცებდნენ. სუჯუნაში იცოდნენ ხატზე გადაცემაც".
ისევ თედო ხოშტარიას მემუარებს დავუბრუნდეთ: "აღტაცებით მახსოვს, როგორ უმაღლეს ხარისხამდე დიდებით და ბრწყინვალებით სრულდებოდა სუჯუნის საკათერო ეკლესიაში ყოვლად უსამღვდელოესის მენგრელიის ეპისკოპოსის მიერ მღუდელმთავრული, თვისის დიდებულის კრებულით - არხიმანდრიტებით, იღუმენებით და სამღვდელო დასით და მგალობელთაგან საღმრთო ლიტურღია, და საზოგადოდ ყოველდღე ღმრთისმსახურება.
გიორგობის წინა საღამოს დაიწყებოდა ბუკის ხმა ხანგრძლივად და მერმე რეკვა. ამასობაში დიდის მისწრაფებითვე ყოვლის მხრით მოეშურებოდნენ ერნი, ქალნი და კაცნი. დიდნი და მცირენი გროვდებოდნენ ეკლესიის ეზოში, გარშემო რამდენიმე ათასნი - მერმე იწყებოდა ლიტანიობით შემოვლა სამჯერ ეკლესიისა შემოსილისა სამღვდელოებით, რომელთაც ეპყრათ წმინდა ხატნი და ჯვარნი, და ერნი გალობდნენ კირიელეისონს ხმამაღლად".
1989 წლის აგვისტოში სუჯუნის წმინდა გიორგის ეკლესიაში მობრძანდა უწმინდესი. გაძარცვულ და დადუმებულ ეკლესიაში მოძღვრის მამა მარკოზ ბულუხიას მოსვლამ (ამჟამად ვანისა და ბაღდათის ეპისკოპოსი მეუფე ანტონი) მრევლს იმედი ჩაუსახა. ტაძარს ხშირად სტუმრობდა ჭყონდიდელი ეპისკოპოსი, მეუფე გიორგი (შალამბერიძე).
მას შემდეგ ისმის სუჯუნის წმინდა გიორგის ტაძრის გუმბათქვეშ წირვა-ლოცვა, გალობს მგალობელთა გუნდი, იღვენთება სანთლები, მოიხატა ტაძრის კედლები, მრევლმა ეკლესიას ხატები შესწირა, შეიძინეს საეკლესიო ნივთები. მას შემდეგ, რაც ჭყონდიდის მთავარეპისკოპოსი მეუფე პეტრე (ცაავა) გახდა, სუჯუნის ეკლესიამ სასიკეთოდ იცვალა ფერი. მისი გარემო გალამაზდა. მისი ლოცვა-კურთხევით 2007 წელს დედათა მონასტერი დაარსდა. მონასტრის წინამძღვარია მონაზონი ბარბარე (ქობალია). ამჟამად სუჯუნის ეკლესიის მოძღვარი გახლავთ მამა მიქაელი (ჯიბლაძე).
რეკენ სუჯუნის წმინდა გიორგის ეკლესიის ზარები და უხმობენ ყველას საღვთო და საერო საქმეებზე სალოცავად და საჭირისუფლოდ.
განათლების კერები
სხვადასხვა დროის სტრატეგიულად მნიშვნელოვან დაბასა და სამაზრო ცენტრში შეუძლებელია სწავლის მოთხოვნილება არ ყოფილიყო. ამიტომაც XVIII საუკუნის დასაწყისიდან არსებობდა ერთკლასიანი, ორკლასიანი სასწავლებლები. "1830-იან წლებში სამაზრო სასწავლებლები გაიხსნა თბილისში, გორში, თელავში, სიღნაღში, ქუთაისსა და სოფელ სუჯუნაში", - წერს ისტორიკოსი ნიკო ბერძენიშვილი.ვინმე ბეგლარ იოსაფსაც გაუხსნია სკოლა სუჯუნაში. აქ თურმე შეზღუდული რაოდენობით იღებდნენ მოსწავლეებს. მსურველი კი მეტი ყოფილა, რადგან მიღება კენჭისყრით ხდებოდა. კენჭი, ანუ ოთხად დაკეცილი ქაღალდი, რომელზეც ეწერა "ერგება" ან "არ ერგება", წყვეტდა ბავშვის მომავალს. თვადაზნაურობის შვილებისთვის ოთხკლასიანი სკოლა გაუმართავს ფილიპე გენიას. მოგვიანებით სუჯუნაში სკოლა გაუხსნია რუსეთში განათლებამიღებულ ვარლამ (ჭურჭული) ნოდიას, რომელსაც "ჭურჭულის სკოლას" ეძახდნენ. თითონ ვარლამ რომანოზის ძე ნოდია, სახალხო მასწავლებელი, ამ სკოლაში რუსულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა თურმე.
"მწყემსის" კორესპონდენცია დაბა სუჯუნიდან: "მთელს გურია-სამეგრელოს ეპარქიაში მარტო დაბა სუჯუნაში არსებობს დღეს ერთი საეკლესიო-სამრევლო სკოლა ქალთათვის. ეს სკოლა დაარსდა აქ 1886 წელში ბლაღოჩინის დეკანოზის სიმონ ელიავას და მასწავლებლის ფილიმონ მატკავას თაოსნობით. გალობას ამ სკოლაში ასწავლის ბ. ფილიმონ მატკავა. მოსწავლე ქალებისაგან არის შედგენილი მგალობელთა გუნდი, რომელსაც რიგიანად შეუძლია მთელი წირვის წესის გალობა ეკლესიაში. ყოველივე ამისათვის მადლობის ღირსია სკოლის მასწავლებელი ქალი გუგუნაშვილი, რომელიც მუყაითად ეკიდება თვის მოვალეობას".
ალბათ, ნ. გუგუნაშვილი იყო ის მასწავლებელი, რომელსაც ნატაშა ერქვა და ამის გამო ამ სკოლას ნატაშას სკოლას ეძახდნენ.
ერთი პერიოდი სუჯუნაში მასწავლებლად მუშაობდა პროზაიკოსი, თბილისის სასულიერო სასწავლებლის კურსდამთავრებული ანთიმოზ ჯუღელი. "ანთიმოზ ჯუღელი მოეწყო მასწავლებლად სამეგრელოს სოფელ სუჯუნაში, მაგრამ რევოლუციურ ქადაგებისათვის შეიპყრეს და სამი თვე ალესინეს სატუსაღოს კედლები", - წერს თედო სახოკია.
სუჯუნის სკოლა რამდენიმე ათეული წელიწადი განთავსებული იყო კომერსანტ აკაკი ხოშტარიას სასახლეში, რომელიც 1915 წელს აიგო. სკოლამ პირველი გამოშვება 1938 წელს გამოუშვა. 1982 წლიდან სუჯუნას სამსართულიანი სკოლის შენობა აქვს.
სუჯუნელი ებრაელები
XVIII საუკუნიდან სუჯუნაში კომპაქტურად ცხოვრობდნენ ქართველი ებრაელები. დადიანების კარზე შინაურებივით იყვნენ მიღებულნი სუჯუნელი დიდი ვაჭრები. მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ცხაკინია და აბრამა მიხელაშვილები, რომლებსაც სავაჭროები ჰქონდათ არა მარტო სუჯუნაში, არამედ მთელ დასავლეთ საქართველოში. მათთვის უცხო არც რუსეთის და სტამბოლის ბავშვები იყვნენ. სუჯუნაში მომძლავრებულმა ებრაელთა თემმა XIX საუკუნის 60-იან წლებში სალოცავის შენობა ააგო. სუჯუნაში დღეს არც ერთი ებრაელი არ ცხოვრობს.
ცნობილი ადამიანები სუჯუნიდან
"ბევრი სასიქადულო მამულიშვილის აკვანი დაირწა სუჯუნაში. მრავლად არიან განსწავლული ადამიანები, ბიზნესმენები, ექიმები, ჟურნალისტები, ხელოვანები. სუჯუნაში დაიბადნენ ცნობილი პოეტები, მწერალი და საზოგადო მოღვაწე დუტუ მეგრელი (დიმიტრი ხოშტარია); მრეწველი, მეცენატი, საზოგადო მოღვაწე, "სპარსეთის უგვირგვინო შაჰად" წოდებული აკაკი ხოშტარია, რომელმაც დედისთვის აგებული სასახლე სოფელს სკოლისთვის გადასცა. მისი საქველმოქმედო საქმიანობა ცნობილია და ამაზე აქ არ შევჩერდებით, მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ სახლი თბილისში, მაჩაბლის ქუჩაზე, რომელშიც მწერალთა კავშირია განთავსებული, აკაკი ხოშტარიამ აჩუქა ქართველ მწერლებს", - აღნიშნა ქალბატონმა ლეილამ.სუჯუნაში გამრჯე, შრომისმოყვარე ხალხი ცხოვრობს. ძირითადი შემოსავალი სოფლის მეურნეობაა. აქ სიმინდის საუკეთესო მოსავალი იცის ხოლმე. აბაშური ფქვილი ხომ საყოველთაოდ ცნობილია. მოსახლეობა ძირითადად მესაქონლეობით არის დაკავებული. გამართული სახლ-კარით არის დამშვენებული სუჯუნა. მტერსაც და მოყვარესაც სათანადო პასუხს მიაგებენ.
ყოველ კვირას და სადღესასწაულო დღეებში რეკავს სუჯუნის ტაძრის ზარები და მრევლი სუჯუნის წმინდა გიორგის დიდებული ტაძრისკენ მიიჩქარის.
სუჯუნის წმინდა გიორგი, შეეწიე და მიეცი მშვიდობა სრულიად საქართველოს.