ხაშური როგორც საქართველოს შუაგული არც ისე ძველია. შუა საუკუნეების შემდეგ დასახლებული ქალაქია, - მიამბობს ბატონი ლერი, - პირველ დასახლებას ჭალა ეწოდება. თავად ხაშური როგორც დასახლებული ადგილი დაახლოებით XII-XIX საუკუნეებში ჩამოყალიბდა. ამის აღმნიშვნელი კოშკიც გვაქვს ხაშურის ცენტრში. როდესაც რკინიგზა გაიყვანეს, მას შემდეგ გაჩნდა დასახლება. ხაშური ისეთ ადგილზეა, სამრეწველო ქალაქად უნდა გადაქცეულიყო. ხაშურში იყო გარკვეული სამრეწველო ობიექტები - საგალანტარეო ფაბრიკა, ბორჯომის ჩამომსხმელი მექანიკური ქარხანა, ეს ქარხნები იმდენ საშუალებას იძლეოდა, რომ ხაშურის მოსახლეობა დასაქმებული იყო. პირადად მე დაახლოებით 30 წელი ხაშურის მთავარი არქიტექტორი გახლდით. მოქმედი არქიტექტორი ვარ და მუდამ საქმის კურსში ვიყავი, სად რა ხდებოდა. უმუშევარს ვინ გაგაჩერებდა.
ხაშურში საუკეთესო, მოსიყვარულე, მეგობრული ხალხი ცხოვრობდა და დღესაც ასეა. არსებული პირობებიდან გამომდინარე ახალგაზრდობის უმრავლესობა დაუსაქმებელია. რა ქნან, სად წავიდნენ? ქუჩაში არიან და აქედან გამომდინარე, ცუდ საქმეებზე ფიქრობენ.
ხაშურში ძირითადად ვაჭრობით ცხოვრობენ. თუ შემოგვრჩა რაღაც ტრადიციები, ისევ ძველი ტრადიციები. ხაშურში ვინც კოლორიტებად ითვლებოდნენ, დღეს ცოცხლები აღარ არიან. ერთად რომ შევიკრიბებოდით, ყველას ერთი სიხარული და წუხილი გვქონდა. ნამდვილი მეგობრები ვიყავით და ერთმანეთის სიყვარულით ვცხოვრობდით. ურთიერთშორის ძმობა და მეგობრობა აკეთებს ყველაფერს საუკეთესოს. ერთად დავაარსეთ საქველმოქმედო საზოგადოება "ბეთანია". ყველა მეგობარი მასში ვიყავით გაერთიანებული. ძალიან ბევრ კეთილ, საქველმოქმედო საქმეს ვაკეთებდით. ჩემი დაპროექტებით ავაშენეთ ელია წინასწარმეტყველის ტაძარი.
ჩემი ოჯახი ხაშურში საცხოვრებლად 1976 წლიდან გადმოვიდა. პირადად მე ხაშურელი ვარ, აქ დავიბადე, ვსწავლობდი ჭალის სკოლაში. მერე მეექვსე კლასიდან მამამ თბილისში წამიყვანა... ჩემი ინიციატივით წავედი ჯარში, სამი წლის შემდეგ ჩავაბარე პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, არქიტექტურის ფაკულტეტზე. მერე დავოჯახდი კიდეც. მომავალ წელს 50 წელი ხდება ჩვენი დაოჯახებიდან. სამი შვილი გვყავს. ერთ ქალიშვილს, სამხატვრო აკადემია აქვს დამთავრებული, მოდელიერია. ხოლო ორი ვაჟიშვილიდან ერთი დიზაინერია და მეორე - მოქანდაკე. ეს მოქანდაკე ახლა არის ბერი, მამა იოანე ხვედელიძე, მძოვრეთის მამათა მონასტრის წინამძღვარი.
მამა იოანე თავიდანვე გამორჩეული და ნიჭიერი ბავშვი იყო. ეკლესიასთან სიახლოვეს ბავშვობიდანვე გამოხატავდა. სულ ჯვრებს და ეკლესიებს ხატავდა.
- ორწლინახევრის იყო, როცა ხელის ერთი მოსმით ტაძარი დახატა, - საუბარში ქალბატონი იდა ჩაგვერთო.
- ჩვენ რომ დავწვებოდით დასაძინებლად, გოგიტა (მისი საერო სახელია) გავიდოდა აივანზე, იდგა და იყურებოდა ცაში. სულ რაღაცას უყურებდა. ცოტა სხვანაირი ბავშვი იყო, ეს თავიდანვე ეტყობოდა, არ იყო აქაური. 13-14 წლიდან უკვე სასულიერო ლიტერატურის კითხვა დაიწყო. ბერობის სურვილი გვიან გაგვიმხილა, თუმცა ეს ადრეც ჰქონდა გადაწყვეტილი. საბოლოოდ რომ გადაწყვიტა, მშობლებს მაშინ გაგვიმხილა. ძალიან დაუახლოვდა მეუფე იობს. ერთ დღესაც მითხრა: მამი, მივდივარ მონასტერშიო. ჩვენ კი ვგრძნობდით და ვიცოდით, საბოლოოდ ამ გზას რომ დაადგებოდა. მე ვუპასუხე: კარგი, მამიკო-მეთქი. დილით წავიყვანე თავისი ზურგჩანთით და ჩავაბარე მეუფე იობს. ძნელია, რა თქმა უნდა, როცა იცი, რა გზას ირჩევს შენი შვილი. მოგეხსენებათ, ბერის ცხოვრება რთულია, მაგრამ ვიცოდი, რომ შეძლებდა. დამშვიდობებისას მითხრა, მამი, კარგი კაცი ხარო, მხრებზე დამადო ხელი და წავიდა. ერში რომ იყო, მაშინაც ბერულად ცხოვრობდა. ზამთარში როგორი ყინვაც არ უნდა იყოს, ერთი თხელი ბერის კაბით დადის. ხელს რომ მივადებ, მხურვალეა, ისეთი ცხელია. როგორ ძლებს, არ ვიცი, ღმერთის შეწევნით. მამა იოანე კარგად ხატავს. ჩვენს ოჯახში უდიდესი მადლი შემოვიდა. მადლობა ღმერთს ამისათვის.
საამაყო რა დარჩა ხაშურს? კარგიკაცობა. იმედით ვცხოვრობთ, მწამს მომავლის, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მამა იოანე მუდამ გვამშვიდებს, გვლოცავს და გვეუბნება, ყველაფერი კარგად იქნებაო.
ხაშურში თამარ შუბლაძის ოჯახმა მიმასპინძლა. მრავალშვილიანი ოჯახის დედას შინ რვა შვილი და სამი შვილიშვილი მუდამ სიხარულით ელის. ოჯახში ყველა ერთმანეთს უვლის და ერთმანეთის სიყვარულით ცხოვრობს.
- მრავალშვილიანი ოჯახი მაქვს, რვა შვილი მყავს, ადამიანის არაფერი მეშურება და რომ გავიგებ, თერთმეტი და თორმეტი შვილი ჰყავსო, ვამბობ, დედა, რა ბედნიერებაა, კიდევ როგორ უფრო ძლიერია ის ადამიანი-მეთქი. მათ შევნატრი. დანარჩენი, ვცხოვრობთ, როგორც ყველა, არც ძალიან გვიჭირს, არც ძალიან გვილხინს. უფლის მადლობლები ვართ. მყავს სამი სტუდენტი, ხუთი სკოლის მოსწავლე და სამი შვილიშვილი. ყველანი ერთად ვცხოვრობთ. ასე ინება უფალმა, რომ შვილიშვილებიც ჩვენთან გაზრდილიყვნენ. რომ შევნატრი 11-შვილიანს, აღარც მაქვს სანატრელი, მართალია ჩემი გაჩენილები არ არიან, მაგრამ შვილიშვილები ჩვენთან იზრდებიან. ჩემი მეუღლე პროფესიით ჰიდროგეოლოგია, ამავე დროს არის თვითნასწავლი მხატვარი, მხატვართა კავშირის წევრი. დრომ და საჭიროებამ მოიტანა, რომ მხატვრობას საიუველირო სამუშაო შეუთავსა და ამით არჩენს ოჯახს.
რამდენად ვარ ხაშურის მკვიდრი, ბოლომდე ვერც გამირკვევია. 1994 წლიდან ვცხოვრობთ ხაშურში, თუმცა ხაშურთან მაკავშირებს ძალიან დიდი დრო. ჩემი მეუღლე ხაშურელია და იქიდან გავიცანი ხაშური. 1994 წელს მუდმივ საცხოვრებლად გადმოვედით. თუმცა დროებითი მოტივით, - მაშინ ასე ვფიქრობდით. არეული დრო იყო, თბილისში მძიმე სიტუაცია იყო. გვეგონა, დროებით გავერიდებოდით სხვადასხვა პრობლემას და ისევ უკან დავბრუნდებოდით. ისე განვითარდა ჩვენი ცხოვრება, რომ უკან აღარ დავბრუნდით. გავხდით მრავალშვილიანი ოჯახი. 1994 წელსვე ვერსად ვიშოვე სამსახური. ყოველთვის აქტიურ ცხოვრებას ვიყავი მიჩვეული და რადგან ვერსად ვიშოვე სამსახური, თავად ჩამოვაყალიბე სკოლა. მეც დავსაქმდი, ჩემი შვილებიც სწავლობდნენ და სხვებიც დავასაქმე.
ძალიან დიდი პრობლემა იყო მოხსნილი ჩვენი სკოლის არსებობით, როდესაც ჩვენს სკოლაში სწავლობდნენ ჩემი შვილები, მე ვმუშაობდი და ოჯახის წევრებიც ვიყავით დასაქმებულები. ახლა დროებით ავტორიზაციის რეჟიმში ვართ და სწავლა შევაჩერეთ, კანონთან რომ არ მოვიდეთ წინააღმდეგობაში. თუმცა ძალიან მტკივნეული იყო ეს ჩვენთვის. შეჩერება ერთადერთი მიზეზის გამო მოხდა - ვერანაირად გადაწყდა იმ შენობის პრობლემა, რომელშიც ვართ. პრეზიდენტს მივწერე წერილი თხოვნით, გაეთვალისწინებინა მრვალშვილიანი დედის თხოვნა და იქნებ პირდაპირი მოყიდვის წესით მოეყიდა. პასუხს ველოდებით.
ეკლესია ჩემთვის მეორე კი არა, პირველი სახლია. ჩემი ოჯახი, ჩემი პროფესია, აბსოლუტურად ყველაფერი, რაც ჩემი პირადულია, ყველაფერი ეკლესიასთან არის დაკავშირებული და ეკლესიიდან მოდის. მრავალშვილიანი რომ ვარ, ესეც აქედან გამომდინარეობს. ის, რომ მე სასულიერო სკოლის დირექტორი ვარ და კიდევ რამდენიმე სასულიერო სკოლის საფუძვლის ჩაყრაში ძალიან დიდი წვლილი მიმიძღვის, ესეც ეკლესიიდან გამომდინარეა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ამდენი ადამიანი ვცხოვრობთ და მაინც სიმშვიდე და სიწყნარეა, ესეც აქედან გამომდინარეობს. ვცდილობთ ყველამ ეკლესიურად ვიცხოვროთ. არის დღეები, როდესაც წმინდა ნიკოლოზის ტაძრის ზარები გვიხმობს ღვთისმსახურებაზე (ეს ტაძარი ჩვენს სახლთან ახლოს მდებარეობს), მაგრამ ვერ მივდივართ, თუმცა მთელი არსებით ტაძარში ვართ. როდესაც ხაშურში ჩამოვედი, მხოლოდ ერთი, წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია იყო მოქმედი, სადაც ორი ძველი მოძღვარი მსახურობდა. 1994 წელს იხსნებოდა ჩემი სკოლა და პარალელურად იხსნებოდა წმინდა ნიკოლოზის ტაძარი. ერთმანეთთან ვიყავით ძალიან ახლოს. სკოლა მოძღვრის კურთხევით გავხსენით. წმინდა ნიკოლოზის ტაძარში ადრე ფურნე ჰქონდათ გახსნილი. ამ ტაძრის პირვანდელი სახის დაბრუნებაში დიდი წვლილი მიუძღვის მამა თეოდორე გოგალაძეს, რომელიც დღეს თბილისში, დიდი სამების ტაძარში მოღვაწეობს. მრევლის გარშემო მყოფ ხალხს რომ ესმოდა, აქ ტაძარი უნდა აშენდესო, ყველა ცდილობდა კეთილ საქმეში მიეღო მონაწილეობა. 1996 წელს ჩვენს ეპარქიაში მეუფე იობი ჩამობრძანდა. აქ სასწაული მოხდა. გაიხსნა უამრავი ეკლესია-მონასტერი. გამრავლდა სასულიერო პირთა რაოდენობა. ღვთის წყალობით გაერთიანებული ვიყავით და ასე ვართ დღესაც. ყოველთვის ვგრძნობ მათ თანადგომას და ყოველთვის მინდა ვიყო მათ გვერდით.
ღვთისმშობელი თავის გაჩენილს, თავის წილხვედრს აუცილებლად დაარჩენს და გადაარჩენს. ვიცი, რომ აუცილებლად გადავრჩებით როგორც სულიერად, ისე ხორციელად. მე ამ იმედით ვცოცხლობ.
ვასიკო: მე 12 წლის ვარ, მეშვიდე შვილი ვარ ჩემი მშობლების. დედა ზოგჯერ თბილისშია ხოლმე, მაგრამ ყურადღებას მაინც გვაქცევს. სადილს ბებია გვიკეთებს და დედას ყველანაირად ეხმარება. როგორც შეგვიძლია, დავდივართ ეკლესიაში. ჩემი მოძღვარია მამა ნიკოლოზი. ეკლესიაში სიარულმა დიდი ნებისყოფის უნარი შემძინა. რასაც მამაო მირჩევს და მაკურთხებს, ვცდილობ, ისე ვიცხოვრო.
ნინო: სკოლა ხაშურში დავამთავრე და მაშინვე თბილისში წავედი. მე უფროსი შვილი ვარ და ჩემი დების და ძმების აღზრდაში დედას ვეხმარებოდი. ახლა თავად ვარ სამი შვილის დედა. ბევრი დედმამიშვილის ყოლა დიდ ტვირთთან ერთად მართლაც დიდი სიმდიდრეა. რაც შეეხება ხაშურს, ჩემი თაობისთვის ნაკლებად მოსაწონია. ახალგაზრდები კი ცხოვრობენ ხაშურში, მაგრამ ჩემი თაობის - ნაკლებად. უმეტესობა თბილისშია გადასული და იქ აგრძელებენ საქმიანობას. როგორც ყველა, მეც ღვთის იმედით ვცხოვრობ.
სტუმრად მუზეუმში
მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დირექტორმა რამაზ ნოზაძემ გვიმასპინძლა. ხაშურის წარსულიც გაიხსენა:- პირველი ისტორიული დოკუმენტი, რომელშიც მოხსენიებულია ხაშური, 1693 წლით თარიღდება. სიგელი, რომელიც შედგენილია ზაალ აბაზაძის სახელზე, ეკუთვნის ერეკლე პირველის, ნაზარალიხანის დედას, დედოფალ ელენეს. ხაშური როგორც დასახლებული ადგილი უკვე XVII საუკუნის ბოლოსთვის არსებობდა, შეიძლება უფრო ადრეც, რადგან სიგელი, რომელშიც ხაშურია ნახსენები, ამას გვაფიქრებინებს.
ელენე დედოფალს ზაალ აბაზაძისთვის განუახლებია ის სიგელები და წყალობის წიგნი, რომლებიც ადრე მიუღიათ მის წინაპრებს სამეფო კარისადმი ერთგული სამსახურისთვის.
ხაშურის გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ საინტერესო ცნობები აქვს ვახუშტი ბატონიშვილს, "აღწერა სამეფოისა საქართველოსი". როცა იგი აღწერს სურამის წყალს, წერს, რომ "ოსიაურს ზეით, ხაშურს ერთვის სურამის წყალს ქემერტის წყალი". ქემერტი სოფელი იყო, რომელიც ოსიაურის ჩრდილოეთით მდებარეობდა და ამ სოფელში გამომდინარე წყალს ქემერტის წყალი ეწოდებოდა. კერძოდ, "ოსიაურს ზეით" ხაშური ერქვა. ხაშური რომ ამ პერიოდში დასახლებული ადგილი იყო, ამაზე მიუთითებს იოანე ბატონიშვილის "ქართლ-კახეთის" აღწერა, რომელშიც იგი აღწერს სურამის წყალს და მის ხეობაზე არსებულ სოფლებს და ხაშურს იხსენიებს როგორც მოსახლე სოფელს.
რაც შეეხება ჩვენს მხართმცოდნეობის მუზეუმს, 1959 წელს დაარსდა. მუზეუმი ვარლამ გურგენიძის თაოსნობით შეიქმნა და სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე მუშაობდა დირექტორად. ბატონმა ვარლამმა მოიძია და მუზეუმში დააბინავა ათასეულობით ძვირფასი ექსპონატი, დაგვიტოვა საინტერესო ხელნაწერები, სამეცნიერო შრომები, პუბლიკაციები და სხვა.
მუზეუმის ჩამოყალიბების, მისი შემდგომი განვითარების საქმეში დიდი ღვაწლი მიუძღვის მუზეუმის ფონდების განყოფილების გამგეს, ქალბატონ ლამარა ყანჩაველს, რომელმაც მუზეუმში 37 წელზე მეტი იღვაწა, მუზეუმის დირექტორს ბატონ რობერტ თიბილაშვილს, მუზეუმის ყოფილ დირექტორს სიმონ გურგენიძეს და რობერტ სუხიაშვილს. აღსანიშნავია მუზეუმის ყოფილი დირექტორის ბატონ თამაზ ლაცაბიძის დამსახურება სამუზეუმო საქმიანობის შემდგომი პერიოდის წარმართვაში, როგორც შეგროვებით, ისე საექსპოზიციო, სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობაში.
1975 წლიდან ხაშურის რაიონში მოქმედებს არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ექსპედიცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ალექსანდრე რამიშვილი. მისი დამსახურებაა, რომ მიაკვლიეს დიდი რაიოდენობის მნიშვნელოვან არქეოლოგიურ მასალებს. არქეოლოგიური სამუშაოები ძირითადად მიმდინარეობდა წაღვლისა და ნაცარგორის ტერიტორიაზე. იქ მოპოვებული არქეოლოგიური მასალები ხაშურის მუზეუმს დაგვიტოვა. ექსპონატების უმრავლესობა წაღვლისა და ნაცარგორის ტერიტორიაზე მოპოვებული მასალებია. მუზეუმში ამჟამად დაცულია 60 ათასზე მეტი ექსპონატი, აქედან აღსანიშნავია ფერწერული, სკულპტურული, გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმი, ნუმიზმატიკური კოლექციები, არქეოლოგიური საგნები, ყოფისა და ეთნოგრაფიის საგნები, ფოტო-დოკუმენტური მასალები. 1993 წლამდე ჩვენი მუზეუმი ითვლებოდა სათავო მუზეუმად და მის სამოქმედო ზონაში შედიოდა: კასპის, ახალქალაქის, ბორჯომის, ახალგორის მხარეთმცოდნეობის მუზეუმები, გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი. მუზეუმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვალეობას წარმოადგენს სკოლასთან და საერთოდ, მოსწავლე ახალგაზრდობასთან ურთიერთობა. უკვე წლებია მუზეუმში მოქმედებს სამეცნიერო ბიბლიოთეკა, რომელიც ხელმისაწვდომია მოსწავლე ახალგაზრდობისათვის.
მუზეუმში თავიდან 1500-მდე ექსპონატი იყო განთავსებული. ძირითადად იყო ორი განყოფილება - ძველი არქეოლოგიური და საბჭოთა პერიოდის, რომელიც მოიცავდა ფეოდალურ და ეთნოგრაფიულ პერიოდს. მუზეუმში ძირითადად დაცულია ხაშურისთვის დამახასიათებელი მასალები. ადგილის სიმცირის გამო ბევრი ექსპონატის განთავსება ვერ ხერხდება.
ჩემი ოჯახიც და მეც ვცხოვრობთ ეკლესიურად და შეძლებისდაგვარდ ვიცავთ იმ წესებს, რაც საჭიროა. ჩვენი სულიერი მოძღვარია მამა ნიკოლოზი. ძალიან განათლებული და ჭეშმარიტი მოძღვარია. საქართველო მართმადიდებლობამ და ქრისტიანობამ გადაარჩინა. უფლის შეწევნით, ჩვენი ქვეყნის მომავალს იმედით შევყურებ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში