ყარაბულახის შემდეგ იწყება ქართველებით დასახლებული სოფელი. ამჯერად გომარეთზე შევაჩერებთ თქვენს ყურდღებას. დანარჩენი სოფლების შესახებ მომდევნო ნომრებში შემოგთავაზებთ. ქციის მარადქალწულ ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრის, მღვდელმონაზონ ხარიტონის (არეშიძე) ლოცვა-კურთხევით და დახმარებით შევძელი ძირძველი სოფლების მონახულება და ეკლესია-მონასტრების მოლოცვა. ჩვენი ჟურნალის დახმარებით მინდა უღრმესი მადლობა ვუთხრა მამა ხარიტონს. ღმერთმა გაგაძლიეროთ, მამაო.
როგორც წინა ნომერში გიამბეთ, სოფელ გომარეთში უძველესი, წმინდა ექვთიმე თაყაიშვილის მიერ აგებული სკოლაა. სკოლაშივე არის მოწყობილი წმინდა ექვთიმეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო და წერილობითი მასალა. სკოლის პედაგოგებმა ბევრი რამ მიამბეს სოფლის წარსულისა და დღევანდელობის შესახებ. ისტორიის მასწავლებელს ლელა ხმალაძეს გომარეთის შესახებ საკმაოდ ვრცელი მასალა შეუგროვებია.
კვირიკესა და შამბნარი მთების კალთებზე რვა სოფელი მდებარეობს. მათგან ხუთი ქართულია და სამი ბერძნული. ქართული სოფლებია: დიდი და პატარა გომარეთი, მამულო, ახა და კაკლიანი. ბერძნების სოფლებია: ველისპირი, განახლება, სარკინეთი. ქართული სოფლების ძველი სახელებია: მამულოს წინათ სხალნარი ერქვა, ახას - გვარჯილა, კაკლიანს - ედიშაანი. ბერძნული სოფლების ძველი ქართული სახელებია: ველისპირი - თოყროყანა, განახლება - ზაულარი, სარკინეთი - ულასანი. მტერთაგან გაუკაცრიელებულ ქართულ სოფლებში ბერძნები ჩასახლებულან. გომარეთს სამხრეთიდან ირანელი თათრების სოფლები ესაზღვრება. XVII საუკუნის ბოლომდე აქ ხალხმრავალი ქართული სოფლები ყოფილა. შაჰ-აბასს აუყრია, ვინც ცოცხალი გადარჩა, ტყვედ წაუყვანია. აქ ჯერაც შემორჩენილია დანგრევის პირას მისული ძველი ქართული ეკლესიები.
ვახუშტი ბატონიშვილის გადმოცემით, ჩვენს მხარეში უცხოვრია სხვადასხვა გვარის ხალხს. მათ შორის: ბალიაშვილებს, დოიჯიშვილებს, გულაბაშვილებს, ზავარდაშვილებს, აბაშერაშვილებს, კოკოჩაშვილებს, ლაშქარაშვილებს, ლუგაზაშვილებს, მეურნანგიშვილებს, ყაზარაშვილებს, სამადაშვილებს, ძაძაშვილებს, როინიშვილებს, სუხიშვილებს, ტერკოზაშვილებს, ხარებაშვილებს, სოხიაშვილებს, ხუციშვილებს და სხვა.
ისტორიული ცნობით, დიდ გომარეთს 1500 წლის ისტორია აქვს. აქაურობის სიძველეზე მეტყველებს მდიდარი და მრავალრიცხოვანი არქიტექტურული ძეგლები, რომლითაც მოფენილია გომარეთი და მისი მიდამოები. აქ არის ქვის, ბრინჯაოს, ანტიკური და ფეოდალური ხანის უამრავი ნასახლარი, სამაროვანი, ეკლესია-მონასტერი, ქვის სტელები, ქვაჯვარები და სხვა.
ავბედობის ჟამს გომარეთის მოსახლეობას მიწისქვეშაც ჰქონდა ეკლესიები. ეკლესიას რამდენიმე გვირაბი ჰქონდა სხვადასხვა მიმართულებით. მტერთა შემოსევების დროს მოსახლეობა ამ გვირაბებში იმალებოდა, თან მიწისქვეშა ეკლესიაში ლოცულობდა. როგორც მკვიდრი მოხუცებისგან შევიტყვე, ეკლესია მდებარეობს მასურაანთ და ოსეფაანთ სახლებს შუა. ეკლესიაში მოხვდებით მიწისქვეშა კიბით.
ხრამის ხეობაში ყოფილა VIII-IX ს.ს-ის სამნავიანი ბაზილიკური ტიპის ეკლესია, რომელიც რევაზაშენის ეკლესიის სახელით არის ცნობილი. ამავე დროისაა ურუმაანთ დარბაზული ეკლესია, ერთნავიანი სიხუანთ ეკლესია 1034 წელს აუგიათ. არის ღვთისმშობლის - ხიზანაანთ ეკლესია, კვირაცხოველი - აღდგომის დარბაზული ეკლესია.
ხრამის დაბლობის ტერიტორიაზე, "ლამაზი საყდრის" მიდამოებში ნასოფლარია, სადაც დგას ულამაზესი "ჭიჭეს საყდარი". საყდარზე ამგვარი წარწერა ყოფილა: "ესე სოფელი ქცია მტერმა ვერ დააქცია, მოვიდა ერთი ჭირი და სოფელი დააქცია". ჩანს, რომ მტერს ვერ გაუხარია ამ ტერიტორიაზე, სამაგიეროდ, რაღაც ჭირს დაურევია ხელი...
ჩვენს მხარეში XVII ს-ის ბოლოს და XVIII ს-ის დასაწყისში გაუკაცრიელებულ სოფლებში ხალხი სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსახლებულა. ზოგი ტყვედ წაყვანილი ჩამორჩა ტყვეებს და სოფელში მობრუნდა, ზოგი მებატონეს გამოექცა და აქ შეაფარა თავი, ზოგიც სამართალმისჯილი გამოქცეულა. კახეთიდან არიან ჩამოსახლებულები სამადაშვილები, ხიზანიშვილები, ურუმაშვილები, ქართლიდან - სიხუაშვილები, მუჯირიშვილები, ბაინდურაშვილები და სხვა, იმერეთიდან - თეთაძეები, ირემაძეები, მუმლაძეები, რთველაძეები, რაჭიდან - ბაქრაძეები, რაზმაძეები, მაისურაძეები, ჭელიძეები, მურჯიკნელები, ხმალაძეები, მესხეთიდან - ექიზაშვილები, ქრისტესაშვილები, ქართველიშვილები, ადამაშვილები და სხვა.
XVIII ს-ში გომარეთი მცირე დაბა-ქალაქი ყოფილა სამხრეთ საქართველოში. მას გაივლიდა საქარავნო გზა, ცნობილი არტანუჯის გზის სახელით, და უკავშირდებოდა ტრაპიზონს. აქვე ყოფილა საქარავნო ქარვასლები. აზიის მდიდარი ქალაქებიდან ქარავნები გომარეთის გავლით შავი ზღვისკენ მიდიოდა. დაბა გომარეთის ქარვასლებში მოქარავნეები იზამთრებდნენ და გაზაფხულზე გზას აგრძელებდნენ დასავლეთისკენ. ნაქარვასლარი ადგილები ბევრმა მოხუცმა გომარელმა იცის. დროთა განმავლობაში მიწას დაუფარავს და მისი კვალი წაიშალა.
გომარეთის წმინდა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საჯარო სკოლის დირექტორი მზია სარსევანიძე:
- გომარეთამდე ბერძნული სოფლები უნდა გამოიაროთ - სარკინეთი, ველისპირი და განახლება. იქაური ბერძნები წავიდნენ ისტორიულ სამშობლოში და მათი სახლები უპატრონოდ დარჩა. სამწუხაროა, რომ თანდათან იცლება გომარეთი, ყველას დედაქალაქისკენ უჭირავს თვალი. წინათ იმდენად დიდი დასახლება ყოფილა, რომ გომარეთი დაბად იწოდებოდა. სოფლის გამრშემო საკმაოდ მრავლად არის ნამოსახლარი შემორჩენილი. გომარეთს ისტორიულადაც დიდი როლი შეუსრულებია მტრის შემოსევების დროს. მეფეების საყვარელი ადგილიც ყოფილა. ეკლესია-მონასტრების არსებობა იმაზე მეტყველებს, რომ აქ მორწმუნე ხალხი ცხოვრობდა.
ჩვენი სკოლა უკვე 115 წლის გახლავთ. წმინდა ექვთიმე თაყაიშვილის დაარსებულია. სკოლა ადრე სხვა ადგილზე ყოფილა. ახალი 1987 წელს აშენებულა. ცხოვრების პირობები რომ არ გვაქვს სათანადო, ამას თავადაც ხედავთ. პირველ რიგში გზა გვჭირდება. ბუნებრივი გაზი კი შემოიყვანეს, მაგრამ ჩვენამდე როდის მოაღწევს, არავინ იცის. მშვენიერი სააგარაკო სოფელია გომარეთი, კარგი ხალხი ცხოვრობს, ქართლელები ვართ, გულალალი და ერთგული ქართლელები.
გომარეთის სკოლის პედაგოგები (მარჯვნიდან): ნუცა
მუჯირიშვილი, მარიამ ქართველიშვილი, დირექტორი მზია სარსევანიძე, მამა ხარიტონი, ერმილა ოქრიაშვილი და გიორგი
დაწყებითების მასწავლებელი მარიამ ქართველიშვილი:
- ძალიან მიყვარს აღდგომის დღესასწაული - ყველა სახლიდან სინათლე გამოდის. ამ დღეს უდიდეს სიხარულს ვგრძნობ ხოლმე. ზაფხულში მეტი ხალხმრავლობაა, ჩამოდიან დასასვენებლად. სამკურნალო წყლებიც გვაქვს და სხვადასხვა დაავადებას კურნავს. გომარეთში 60-ზე მეტი ტაძარია. მოქმედია წმინდა გიორგის ეკლესია. ტაძარში მსახურობს ქციის ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელმონაზონი ხარიტონი. ადრე ჩვენი მოძღვარი მღვდელმონაზონი დიონისე (გვიმრაძე) იყო. ღვთის საჩუქარია ჩვენთვის მამა დიონისე და მამა ხარიტონი. უაღრესად პატიოსანი და კეთილი მამები არიან. ჩემი შვილები დადიან ტაძარში. ძალიან მიხარია, რომ ჩემი ოთხი შვილი ღმერთს დაუახლოვდა და ეკლესიის წიაღში არიან.
მე ქართველიშვილი ვარ, მეუღლე თეთრაძე მყავს. გომარეთში ცხოვრობენ ასევე მუჯირიშვილები, ქრისტესიაშვილები, ბარბაქაძეები, სარსევანიძეები, სიხუაშვილები, რაზმაძეები, ხმალაძეები, ირემაძეები, მახნიაშვილები, ხიზანაშვილები, ბალახაძეები, ეგრისელაშვილები, სამადაშვილები, ექიზაშვილები, მურჯიკნელები, ბაინდურაშვილები, ლაგურაშვილები, აფაქიძეები და სხვა.
მათემატიკის მასწავლებელი ერმილა ოქრიაშვილი:
- თითქმის 19 წელია, გომარეთის სკოლაში ვასწავლი. სამი ვაჟი მყავს, სოფელი ძალიან უყვართ და ალბათ ჩემი შვილების სიყვარულით და ხათრით გადავწყვიტე გომარეთში საცხოვრებლად გადმოსვლა. წასვლას არსად ვფიქრობ. ვშრომობ, როგორც შემიძლია. სკოლაში უფრო ბავშვების სიყვარული მაჩერებს, თორემ შემეძლო, აღარ მემუშავა. სამწუხაროდ, ზოგი უწიგნობით, ზოგი ოჯახური მდგომარეობის გამო ვეღარ სწავლობს ისე კარგად, როგორც ადრე. ბავშვების სიყვარულით მაინც ყველაფერს ვფარავ და ვეგუები.
ძალიან ბევრი ტაძარია გომარეთში. ხალხს არ შეუძლია დანგრევის პირას მისული ეკლესიების აღდგენა, დახმარება გვჭირდება.
ინფორმატიკის მასწავლებელი ნუცა მუჯირიშვილი:
- ჩვენი სოფლის ამ ტერიტორიაზე უნიკალური არქეოლოგიური მასალა და ხუროთმოძღვრული ძეგლებია. ძალიან თბილი ხალხი ცხოვრობს გომარეთში, თუმცა ცოტა გვიჭირს სულიერებაში წინსვლა. წმინდა გიორგის ტაძრის აღდგენით კი დიდი მადლი შემოვიდა სოფელში. მადლობა უფალს, რომ ძალიან კარგი მოძღვრები გვარგუნა. სითბოს და სიყვარულს ასხივებენ.
(გაგრძელება შემდეგ ნომერში)