მას შემდეგ, რაც უწმინდესის ლოცვა-კურთხევით დმანისის ეპარქიის მღვდელმთავრად მეუფე ზენონი (იარაჯული) დაადგინეს, მრავალი ეკლესია ამოქმედდა, მათ შორის გომარეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, რომლის წინამძღვრობა მღვდელმონაზონ დიონისეს დაეკისრა. მამა დიონისემ ძალისხმევა არ დაიშურა გომარეთის კეთილდღეობისთვის, როგორც სულიერ, ასევე საერო საკითხებში.
2010 წელს გომარეთის ტაძრის წინამძღვრად მღვდელმონაზონი ხარიტონი (არეშიძე) დაინიშნა. სოფელი ნელ-ნელა უბრუნდება დედაეკლესიის წიაღს.
- გომარეთი ოდითგანვე ქართლის სამეფოს დაწინაურებული კუთხე ყოფილა. გომარეთი ვახუშტისთან (1696-1756 წ.წ.) დაბად არის აღნიშნული. "აქა არს დაბა დიდი გომარეთი, ვითარცა მცირე ქალაქიო", - მიამბობს ქალბატონი ლია ირემაძე, - 1721 წლის აღწერით საქართველოს ამ მხარის ყველაზე მეტი მოსახლეობა აქ ყოფილა, დაახლოებით 47 კომლი. წარსულში მეტი იყო, რასაც მოწმობს შემორჩენილ საკულტო ნაგებობათა სიუხვე. გომარეთი სადედოფლო სოფლად ირიცხებოდა.
გომარეთის ასაკის განსაზღვრა შეიძლება მხოლოდ აქ არსებული მატერიალური კულტურის ძეგლებით. დიდი გომარეთის ტერიტორიაზეა ანტიკური ხანის (ჩვ. წ. IV-III ს.ს.) სამაროვანი. არქეოლოგიურმა გათხრებმა გამოავლინა ფილებით და ლოდებით ნაგები 26 ქვაყუთი, რომლებშიც მიცვალებულები ესვენნენ მარჯვენა გვერდზე, კიდურებმოკეცილი. ჩატანებული ჰქონდათ მოშავო, ლეგა, წითლად შეღებილი თიხის ჭურჭელი - დოქები, ხელადები, ქოთნები, ჯამები, სასმისები, აგრეთვე რკინის შუბისპირი, დანის ნატეხები. ეს მასალა დამახასიათებელია ქვემო ქართლის ადრინდელი ელინისტური ხანის სამაროვნებისთვის. გომარეთში განვითარებული ხანის ხუთი ეკლესიაა, ამოკვეთილი წარწერებით, აქვეა ქვაჯვრები, XV ს-ის ღვთისმშობლის ეკლესია წარწერებით (პატარა გომარეთში).
გომარეთი, როგორც ისტორიკოსი ლევან ფრუიძე გადმოგვცემს, ქვემო ქართლის თავსოფელია. სახელწოდება გომარეთს დართული აქვს ქართულ გეოგრაფიულ სახელებში საკმაოდ გავრცელებული სუფიქსი -ათ, რაც შეეხება გომარ-ს, იგი, შესაძლოა, უკავშირდებოდეს სიტყვას გომი, გომური, რაც საქონლის საზამთრო სადგომს ნიშნავს. გომური აგრეთვე ნიშნავს გლეხურ სახლს. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, "გომური - სუნნულება ზომიერი".
გომარეთის პლატო, ზურტაკეტას პლატო, ვულკანური პლატო, სამხრეთ საქართველოს ზეგანის აღმოსავლეთ პერიფერიაზეა, მდინარე შავწყაროს წყლის აუზში. დასავლეთით ესაზღვრება ჯავახეთის ქედი, ჩრდილოეთით - კვირიკეთის ქედი, აღმოსავლეთით - ხრამის ხეობა, სამხრეთით - ლუკუმის მთიანი მასივი.
თანამედროვე გომარეთი ორი სოფელია. ყოფილი დიდი გომარეთი და ქვათეთრისი, რომელსაც მოგვიანებით მარღიანთ სოფელი, ბოლოს კი პატარა გომარეთი ეწოდა. პატარა გომარეთის განაპირას აღმართულია დარბაზული სტილის ეკლესია, რომელიც, სამხრეთის კარის ასომთავრული წარწერის მიხედვით, აგებულია XI ს-ის I ნახევარში ლიპარიტ ერისთავთ-ერისთავის მიერ.
პატარა გომარეთში 1963 წელს აღმოჩნდა XIV ს-ის I ნახევრის ვერცხლის მონეტები. ისინი ეწყო თიხის ქილაში, შეიცავს 92 ვერცხლის დირჰემს, რომლებიც მოჭრილია ირანის ილხანების მუჰამედის, სატი-ბეგის, თუღა თემურის და სულეიმანის სახელებით სხვადასხვა ზარაფხანაში. განძის ყველაზე ადრეული მონეტა თარიღდება 1338-1343 წლებით. განძი დაცულია სახელმწიფო მუზეუმში.
***
გომარეთში სკოლა 1897 წელს გახსნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ. სკოლის გახსნას წმინდა ექვთიმე თაყაიშვილი ესწრებოდა. პირველი მასწავლებელი იყო თომა კევლიშვილი. სკოლას მესვეურობდა სოფლის მღვდელი ზაქარია გულისაშვილი (აკადემიკოს ვასილ გულისაშვილის მამა). 1935 წლიდან გომარეთში საშუალო სკოლაა. 1896 წლის 25 სექტემბერს ექვთიმე თაყაიშვილმა პერიფერიებში ქართული სასწავლო კერების შექმნის პროგრამის განსახორციელებლად "წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წინაშე დმანისის რაიონის სოფელ გომარეთში სკოლის გახსნის წინადადება წამოაყენა. საზოგადოების მხარდაჭერის მიღების შემდეგ, 1897 წელს ექვთიმე თაყაიშვილი სოფელში ჩავიდა და პავლე რაზმაძის სახლი სამი წლით იქირავა. 5 ოქტომებერს ამ სახლში სკოლა გაიხსნა. წმინდა ექვთიმემ საკუთარი ხარჯით და მათი ფიზიკური დახმარებით 1900 წელს სკოლის ახალი შენობა ააგო. დღეს გომარეთის წმინდა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სკოლაში მისი დამაარსებლის მუზეუმია, რომელიც 1987 წელს ისტორიის მასწავლებელმა ერმილე თორთლაძემ დააფუძნა. მან საკუთარი ინიციატივით დაარსებული მუზეუმის მოვლა-პატრონობის საპატიო მისია "ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურულ-საქველმოქმედო ცენტრს" დააკისრა.
***
გომარეთში და მის მიდამოებში შემონახულია რამდენიმე მნიშვნელოვანი ეკლესია და მონასტერი. მათ შორის გახლავთ 1014-1022 წლებში აგებული ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია ე.წ. "პეტრიანთ საყდარი". იგი აგებულია თლილი მოყვითალო ქვიშაქვით. ტაძრის სარკმლები შემკული ყოფილა მოჩუქურთმებული ჩარჩოთი. სამხრეთის კარის ბალავერის ქვაზე, რომელიც შემკულია ჯვრის გამოსახულებით, რელიეფებითა და ჩუქურთმებით, არის სამშენებლო წარწერა, მასში მოხსენიებულნი არიან მიქაელ ხუცესი კალატოზი და გიორგი აფხაზთა მეფე, სხვა წარწერებში - ლიპარიტ ერისთავი და შვილნი მისნი. ***
გომარეთის სამების ეკლესია ამჟამად დანგრეულია. ტაძრის კარის თავზე შემორჩენილია რამდენიმე წარწერა, საიდანაც ვგებულობთ, რომ ეკლესია აგებულია 1034 წელს.***
დიდი გომარეთის მიდამოებში, ლიპარიტის უბანში, "ლამაზი საყდარი" ღვთისმშობლის სახელზე აუგიათ XII საუკუნის ბოლოსა და XIII საუკუნის დასაწყისში. მდინარე ხრამის ხეობაში მდებარე სამონასტრო კომპლექსში შედიოდა ეკლესია, კოშკი, სატრაპეზო და სხვა შენობები. ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ ნანგრევები. ეკლესია აუშენებიათ თამარ მეფის დროს. კარის თავზე ვრცელ წარწერაში იკითხება: "ადიდენ და დაამყარენ ღმერთმან მეფობაი თამარ და დავითისა" (წარწერიანი ქვა დამსხვრეულია). ეს ეკლესია ძალზე ლამაზი იყო და ამიტომ შეარქვა ხალხმა "ლამაზი საყდარი". კარ-სარკმლებს ამკობდა დიდი ოსტატობით გამოკვეთილი ჩუქურთმები. მოჩუქურთმებული იყო კარნიზიც, ხოლო კედლები მოხატულია.***
"რევაზაშენი" - ნასოფლარია სოფელ დიდი გომარეთის მიდამოებში. შემორჩენილია ორი ეკლესია, ერთი VIII-IX საუკუნეების დიდი სამნავიანი ბაზილიკაა. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. ტაძრის კარზე მიკვლეულ წარწერაში იხსენიება კათალიკოსი შიო. ნასოფლარში დგას აგრეთვე თლილი ქვით მოპერანგებული შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია, რომლის არქიტრავის წარწერაში მოხსენიებულია ვინმე ბაკური. ჭოჭიანში - შუა საუკუნეების ეკლესიის, "თამარის სამწირველოს" აღმოსავლეთ ფასადის ფერად ქვაზე ასომთავრული წარწერაა: "თამარ ღმრთისა სამწირველო". შოშილეთში არის შუა საუკუნეების ეკლესია და გვიანი პერიოდის სამრეკლო...
გაგრძელება შემდეგ ნომერში