დმანისი, ძველი ქართული ისტორიული წყაროებით - "დბანისი", ისტორიულად ქვემო ქართლის - ანტიკური გუგარეთის (ბერძნ. გოგარენე, სომხ. გუგარქა) შემადგენელი ნაწილია და შედიოდა ჯერ გაჩიანის, შემდეგ სამშვილდის საერისთავოში. განვითარებულ შუა საუკუნეებში დმანისი სამეფო ქალაქია. მის ზოგიერთ მიწას ფლობდნენ სხვადასხვა დროს ბაღვაშები, ორბელიანები, ორბელები და თორელები. XV-XVI სს-ში დმანისი, ლორე-ტაშირითურთ, საბარათიანო-საიოთამიშვილოა; ამავე საუკუნის შუა წლებისთვის დმანისხევში, კაზრეთ-ბალიჭისა და ხრამის ხეობაში, წარმოიქმნა მცირე სათავადო - საზურაბიშვილო. XVII-XVIII სს-ში დმანისხევი და ლორე-ტაშირი საორბელიანოს დიდი სათავადოა. ტაშირიც გუგარეთის განუყოფელი ნაწილია, რომელიც ანტიკურ ეპოქაში შედიოდა ხუნანის საერისთავოში. მის ადმინისტრაციულ ცენტრს ადრეფეოდალურ ხანაში წარმოადგენდა ოძუნი, ხოლო XI ს-დან, ლორეს ციხექალაქის დაარსების შემდეგ, მისი ცენტრი გადატანილი იქნა ლორეში. უძველეს სომხურ წყაროებში ტაშირი მოიხსენიება, როგორც "ვრაც დაშტ" ანუ "იბერთა ველი". განვითარებულ შუა საუკუნეებში ამ მხარეს ლორეც ეწოდებოდა და სხვადასხვა დროს ქართველთა და სომეხთა საცილო ტერიტორია იყო. ციხე-ქალაქი ლორე თბილისიდან 120 კმ-შია, ტაშირის წყლისა და მდინარე დებედას შესართავთან. ეს ციხე-ქალაქი XI ს-ის მიწურულიდან ერთიანი სახელმწიფოს დაშლამდე, მცირე გამონაკლისებით, საქართველოს ამირსპასალართა რეზიდენცია გახლდათ.
ციხე-ქალაქი დმანისი (ნაქალაქარი) თბილისიდან 93 კმ-შია, მდინარე მაშავერასა და ფინეზაურის შესართავთან. იგი ძვ.წ. IV ათასწლეულის შუა ხანებიდან დასახლებული ტერიტორიაა, რომელიც IV-VIII სს-ში ქალაქის ტიპის მცირე დასახლებაა, ხოლო IX ს-დან - ქალაქი. შუა საუკუნეების საქართველოში დმანისი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული, მსხვილი, სტრატეგიული, ეკონომიკური და სასულიერო ცენტრია.
დმანისის მწყემსმთავრის იურისდიქცია ისტორიულად მოიცავდა: დმანისხევს - მაშავერას ხეობის ქვემო და ზემო წელი, ფინეზაურის ხეობა, ლოქის წყლის ხეობის ნაწილი, ზურტაგეტ-გომარეთს, დამბლუტისწყლის, ქცია-ხრამის ხეობის მარჯვენა სანაპიროს ტერიტორიებს; ასევე, დღეისათვის ბოლნისის რაიონში შემავალ სოფლებსა და დასახლებებს: კაზრეთის ხევში, გეტისხევში, ქვეშისხევში, ხინწისხევში, ბალიჭისხევში - კაზრეთი, აკაურთა, ქვეში, ბალიჭი, აბულმუგი, ტანძია და სხვა. ასევე "ქართველთა ველად" წოდებულ ლორე-ტაშირს (ამჟამად სომხეთის ტერიტორია).
***
- დმანისი უძველესი კულტურის ერთ-ერთი კერა იყო. აქ გადიოდა საქარავნო გზა. გადმოცემით ვიცით, რომ ბოსლებში თამარ მეფეს გაუვლია, - მიამბობს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დალი ფოლადიშვილი, - ბოსლები მთაგორიანი სოფელია. მოსახლეობა მისდევს მემინდვრეობას, მესაქონლეობას. სოფელს ჩამოუდის სადის წყალი, რომელიც ვახუშტი ბატონიშვილს აქვს აღწერილი: "აქა არს წყალი, რომელიც არის ქვასა შირიმისასა, კურნავს მუწუკებს და მისთანათ". წყალი მართლაც გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით. ჩანს, არხით დმანისის სიონშიც მიჰყავდათ ეს წყალი. სამწუხაროდ, ჩვენი სოფლის გასომხებაც მოხდა და ტერტერა მართავდა ბოსლებს. სურდათ, აღმოეფხვრათ მართლმადიდებლობა. 1908 წლიდან მოსახლეობას გვარები სომხურად გადაუკეთეს. 80-იანი წლებიდან დაიწყო უკვე ძირძველი გვარების დაბრუნება. ყველამ დაიბრუნა საკუთარი ქართული გვარები. კომუნისტების დროს მართლმადიდებლურმა ტაძარებმა თავისი ფუნქცია დაკარგეს. ტაძრიდან ჩამოხსნეს ჭაღები, ხატები, შიგ კანტორა მოაწყვეს. სასიხარულოა, რომ ადგილობრივი მოასახლეობის, ახალგაზრდების ინიციატივით და მონაწილეობით დაიწყო სოფლის შუაგულში სამების ახალი ტაძრის მშენებლობა, რადგან ძველის აღდგენა ვერ მოხერხდა.
ბოსლებში ცხოვრობენ ხუციშვილები, ყულიაშვილები, ხარაზაშვილები, აბრამიშვილები, იასაღაშვილები და სხვ. ყველაზე დიდი გვარებია ფოლადიშვილები და ყულიაშვილები. ხუციშვილები ახალციხიდან არიან წამოსულები, ორთოიძეები - ქუთაისიდან.
ორასამდე სახლია ჩვენს სოფელში, მაგრამ მიგრაცია გვაზარალებს. "იუსაიდის" დახმარებით კეთილმოეწყო ჩვენი სკოლა. ახლა თბილ გარემოში გვიწევს ყოფნა. ალბათ ამით უფრო მოვიზიდავთ ბავშვებს და მოსახლეობა შეაჩერებს მიგრაციას. ერთადერთი კულტურის კერა სოფელში სკოლაა, დღეს მხოლოდ 47 მოსწავლე გვყავს.
ისტორიის მასწავლებელი ნანა ფოლადიშვილი: - პირველად თურმე აქ ჩამოასახლეს პაპიაშვილები, მაისურაძეები (შემდეგ გახდნენ იასაღაშვილები, მათი გადაკეთებული გვარია აიასაღაშვილი) და ასე მოშენდა სოფელი XII საუკუნეში.
ძალიან კარგი, განვითარებული, გონიერი თაობა მოდის, ბევრი რამის საშუალება აქვთ, ტექნოლოგიური წინსვლაც არის, რაც ხელს უწყობს ადამიანის განვითარებას.
სასიხარულოა, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეები აქტიურად დადიან ტაძარში. მამა დიონისემ შეგვაჩვია ეკლესიურ ცხოვრებას. ეს იყო ხსნა. გვინდოდა ტაძარში სიარული, მაგრამ ვერ ვახერხებდით. დმანისის სიონში ყოველკვირა შეუძლებელი იყო სოფლიდან ფეხით სიარული.
დაწყებითი კლასების პედაგოგი სოფიო ყულიაშვილი: - მეც აქაური ვარ. ძალიან მიყვარს ჩემი სოფელი. სოფლის განაპირას გვქონდა სამების უძველესი ტაძარი, მაგრამ დაინგრა, დღეს მცირე ორნამენტებიღაა შემორჩენილი. ღვთის წყალობით და ჩვენი სოფლის მოსახლეობის ქველმოქმედებით შენდება ტაძარი. დიდი სურვილი გვაქვს, რომ მომავალმა თაობამ იცხოვროს ეკლესიის წიაღში.
მაშავერას გაღმა, ჩვენს სოფელში, სამკურნალო წყალი მოდის. მარილებს შლის და ძალიან ემადლიერებიან. ჩვენთან ძალიან სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს, ერთმანეთს ყველა საქმეში გვერდით ვუდგავართ.
დრო შეიცვალა. ძალიან გაბედული თაობა წამოვიდა. ვიმედოვნებ, სკოლის პირობების გაუმჯობესება ხელს შეუწყობს სოფლად მიგრაციის შემცირებას. ჩვენს სკოლას ბევრი ძალიან კარგი მოსწავლე დააკლდა. ზოგი - ბოლნისში, ზოგიც სოფელ კაზრეთში გადავიდა საცხოვრებლად. ადრე რამდენიმე პარალელური კლასი გვყავდა. ახლა იქნებ მობრუნდნენ წასულები, ხოლო დარჩენილები აღარ წავიდნენ.
გულახდილად გეტყვით, რომ ცხოვრება ჭირს, მაგრამ იმედით ვცოცხლობთ.
პედაგოგი ქეთევან დარბინიანი: - 1960 წელს, 17 წლისამ დავიწყე სკოლაში პედაგოგად მუშაობა. რამდენიმე წელი ვიმუშავე ჩემს მშობლიურ სოფელ მაშავერაში. უკვე 51 წელია, ვმუშაობ. ჩემი მოსწავლეების პირველი გამოშვების უმრავლესობამ უმაღლესი განათლება მიიღო. ძალიან მიყვარს ჩემი სპეციალობა. ბავშვებისა და მშობლებისგანაც დღემდე დიდ სიყვარულს ვგრძნობ. ვიდრე ასეა, არც მსურს დავტოვო სკოლა. ყველა მიყვარს, ყველას მიმართ მაქვს კეთილი განწყობა. არაერთი თაობა გავზარდე. ბოსლებში ახლა ჩემი აღზრდილები მასწავლებლობენ. უკვე 68 წლის ვარ, მაინც მინდა ვიმუშაო. მაწუხებს ის, რომ მოსწავლეთა უმრავლესობას სახელმძღვანელოებიც არ აქვს და ამიტომ ბავშვებთან მუშაობა ძალიან ჭირს. ბევრი ბავშვი ჩაუცმელობის გამო სწავლის დაწყების წინ სკოლაში არ გამოცხადებულა.
მაშავერაში გავიზარდე, ბოსლებში კი გამოვთხოვდი. ეს სოფელი უფრო მიყვარს, აქ შრომისმოყვარე ხალხი ცხოვრობს, მუშაობენ, მაგრამ მიწა მოსავალს არ იძლევა და ცხოვრება ჭირს.
პედაგოგი შოთა ყულიაშვილი: - 1965 წლიდან ვმუშაობ მასწავლებლად. თავიდან სოფელ კაკლიანში ვასწავლიდი. შემდეგ აქ გადმოვედი. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია. ოთხი შვილი მყავს, ყველა დაოჯახებულია. ჩემი გვარი, ყულიაშვილი, ირანიდან მოდის. შაჰის მცველები იყვნენ.
სკოლის დირექტორი რუსუდან ბეჟანიშვილი: - წინათ სტუმარი რომ მოდიოდა, ძალიან გვეუხერხულებოდა, გაუსაძლის პირობებში გვიწევდა მუშაობა. დღეს ბავშვები სიამოვნებით მოდიან სკოლაში. პედაგოგები თავს არ იზოგავენ, რაც ბავშვების მომზადების დონეზეც დადებითად აისახება. გვყავს სოციალურად დაუცველი მოსწავლეები. პრეზიდენტმა სოციალურად დაუცველ ბავშვებს წიგნები მისცა, რაც ქმნის პირობებს განათლების მისაღებად. სკოლის განახლება და გამშენება კი ამერიკული "იუსაიდის" დამსახურებაა. მოსწავლეები და პედაგოგები მონაწილეობდნენ სკოლის დასუფთავებაში, ეზოს მოწყობაში. პატარების ხელით არის სკოლის ეზო შემოკავებული. მე აქაური ვარ, ძალიან მიყვარს ჩემი სოფელი. სოფელი ქართულენოვანია. გვაქვს უძველესი სამების ტაძარი და სამებობას ვზეიმობთ. სამუშაოს უქონლობის გამო ახალგაზრდობის უმრავლესობა გასულია სოფლიდან. სამწუხაროდ, დღეს ერთ კლასში ერთი მოსწავლე გვყავს.Gგვყავს ორბავშვიანი, ოთხ, ხუთბავშვიანი კლასები. ყველაზე მაღალი - შვიდბავშვიანი კლასია. ვცდილობთ, კარგად აღვზარდოთ მომავალი თაობა.
რადგან არ არის მატერიალური უზრუნველყოფა, ოჯახებიც ნაკლებად იქმნება. ჩვენი სოფლის მომავლისთვის საჭიროა გვქონდეს კარგად მოწყობილი გზა. გაზი კი გამოგვიყვანეს, მაგრამ ვეღარ მოხერხდა მისი ამოქმედება. მოსახლეობისთვისაც შვება იქნება. წყლის პრობლემა მოგვარებულია. ამ ყველაფერს თუ დაემატება სამუშაო ადგილები, სოფელი ფეხზე დადგება და მომავალიც გვეყოლება.