ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ დავით გეგეშიძის ლოცვა-კურთხევით, ამბროლაურის რაიონის სოფელ სადმელს ვესტუმრე. ქალბატონმა მარინე ჯოხაძემ მიმასპინძლა. მან გამაცნო სადმელის სკოლის ისტორიის მასწავლებელი კახა პაპუაშვილი, რომელმაც "კარიბჭესთან" საუბარი ასე დაიწყო:
- რაჭა XI საუკუნეში იხსენიება ისტორიულ წყაროებში, მანამდე ის იმერეთის სამეფოს ნაწილი იყო, იმერეთის მეფეთა სააგარაკო. სოლომონ მეფეს ამბროლაურში ჰქონდა საზაფხულო სასახლე, კარის ეკლესიით და კოშკითურთ. შემორჩენილია მხოლოდ მაჩაბლის კოშკი. ეკლესიაში იყო იასე მაჩაბლის საფლავი ეპიტაფიით. ეს ეკლესია რაიონის კომისარს 1924 წელს მიწასთან გაუსწორებია. მეფის აგარაკიდან შემორჩა ორი დიდი ქვის მაგიდა. ერთ-ერთი თბილისში, ეთნოგრაფიის მუზეუმშია გადატანილი. სასიხარულოა, რომ ამბროლაურში ამ ნაკოშკარის ახლოს შენდება ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. გადმოცემის მიხედვით, სოლომონ მეფეს სამაჩაბლოდან გადმოხვეწილი მაჩაბლის ოჯახისთვის უჩუქებია ეს რეზიდენცია. ამჟამად კოშკს რესტავრაცია უტარდება.
ამბროლაური მდინარე კრიხულას და რიონის შესართავშია გაშლილი.
რაჭა იყოფა ზემო და ქვემო რაჭად. მათ შორის საზღვარი გადის სოფელ სორსა და მუხლს შორის. მუხლი ეკუთვნის ამბროლაურის რაიონს, სორი - ონის რაიონს.
ერისთავთა რეზიდენცია, სოფელი წესი მდინარე ლუხუნისა და რიონის შესართავთანაა. სოფელს მთიდან გადმოჰყურებს ციხე, რომელიც თამარის დროს აუგიათ.
ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარი როსტომ რაჭის ერისთავს 1753 წელს აუშენებია. რაჭის ერისთავების კარის წმინდა გიორგის ეკლესია მდინარეს წაუღია. როსტომ ერისთავის სასახლე კარგად ჩანს ვასილ ამაშუკელის ფილმში "აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში". ეს სასახლე 30-იან წლებში კომკავშირელებმა გადაწვეს. ერისთავის შთამომავლები დღეს ქუთაისში ცხოვრობენ...
სოფელი სადმელი თავის დროზე მდიდარი ყოფილა სალოცავებით. კლდეზე დგას წმინდა გიორგის ეკლესია. 30-იან წლებში ის გადაუკეთებიათ დაწყებით სკოლად. ის იმდენად დაზიანებული და სახენაცვალია, რომ საფუძვლიანად აღდგენა სჭირდება. სოფელში ყოფილა კიდევ მცირე ზომის თეთრი ტაძარი, რომელიც მცხეთის სვეტიცხოვლის სახელით იყო ცნობილი. დღეს მისგან მხოლოდ რამდენიმე ქვა არის შემორჩენილი.
სადმელი დიდი სოფელია. მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა მევენახეობა და მეთესლეობაა. სადმელის მახლობელი სოფელი კლდისუბანი დაიმეწყრა, მოსახლეობა სადმელში ჩამოასახლეს.
სადმელში ძირითადად ცხოვრობენ ჯანელიძეები, შუბითიძეები, კერესელიძეები, ჯაფარიძეები, რატიანები, პაპუაშვილები, მეტონიძეები, იაშვილები, მხეიძეები, ჭელიძეები, ოშხერლები, მუსერიძეები...
კლდისუბანში არის შუა საუკუნეების ციხესიმაგრე, ის ქასრაულის ციხის სახელით არის ცნობილი, რადგან ეს ციხე ქასრაშვილების გვარს ეკუთვნოდა. სოლომონ მეფემ ქასრაშვილებს ციხე ჩამოართვა და იაშვილებს გადასცა და ეწოდა საიაშვილო. იაშვილის კოშკები დღეს ენციკლოპედიაშია შეტანილი. გარეგნულად სვანური კოშკების მსგავსია. ციხესიმაგრე თავდაცვით ფუნქციას ასრულებდა და შედგებოდა სამი ძირითადი კოშკისაგან, გალავნისა და ციხეში მოწყობილი მარნისაგან. შემორჩენილია თავლის კედელიც. ციხის მარანში უზარმაზარი, 365-ფუთიანი ქვევრია. ბევრი მიწითაა ამოვსებული. შემორჩენილია გალავანში ჩაშენებული თიხის მილის ნამტვრევები, რაც ადასტურებს, რომ მაღალი მთიდან გადმოყვანილი იყო სასმელი წყალი. ერთ-ერთი კოშკიდან ახლაც გადმოდის წყარო. ციხესიმაგრეში არის წმინდა ელიას სალოცავი. იქვეა საყუდელის კლდეები. გადმოცემის თანახმად, მახლობელ გამოქვაბულში ბერები იყვნენ დაყუდებულნი და განდეგილად ცხოვრობდნენ. ცოტას რომ გაიმანძილებ, ჩრდილო კლდესთან მოხვდები. პაპანაქებაში ჩრდილო კლდესთან სასიამოვნო სიგრილეა. იქვე ჩამოედინება მდინარე რიცეულა. რიცეულა წარმოიშვა სამი დიდი ღელისგან (შავი ღელე, ჟრინავი და კაბისწყალი). რიცეულაზე გამართულია ჰიდროელექტროსადგური - რიცჰესი. ახლოს დგას IX-X საუკუნეების ღვთისმშობლის სახელობის დარბაზული ტიპის სამნავიანი ტაძარი. ისტორიკოსმა გიორგი ბოჭორიძემ 1914 წელს იმოგზაურა რაჭაში და ეს ტაძარი აღწერა. ტაძრის ცენტრალური ნაწილი 1991 წლამდე პირვანდელი სახით იყო შემორჩენილი. გადმოცემის თანახმად, ტაძარი ბერძენ ხუროთმოძღვარს აუშენებია. რიცეულას ხეობაში შედის სოფლები: საკეცია, ზნაკვა, ქედისუბანი. საკეცია შედარებით ახალი სოფელია, რომელიც ზნაკვიდან და ჯვარისიდან ჩამოსახლებულებმა შექმნეს. სიტყვა "საკეცია" კეცების დამზადებიდან მოდის. ჩანს, აქაურები ამ ხელობას ეწეოდნენ. სოფელ ზნაკვის მახლობლად მდებარე სოფელ მოტყიარში წმინდა გიორგის ეკლესიაა, შუა ზნაკვაში - წმინდა ილიასა და მაცხოვრის სახელობის ეკლესიები. სოფელ ჯვარისაში აღმოჩნდა ძვირფასი ჯვარი. მასზე ამოტვიფრული წარწერა ამბობს, რომ ჯვარი ეკუთვნის საგდუხტ დედოფალს. სპეციალისტთა მოსაზრებით, ეს ჯვარი ვახტანგ გორგასლის დედის, საგდუხტ დედოფლის კუთვნილებაა. ჯვარი თბილისში, სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.
სოფელ ღვიარაში სამი უძველესი ტაძარია: წმინდა თევდორესი, ჯვარცმისა, რომელსაც აქაურები საფერციხოს ეძახიან და მთებში - სოჩვის წმინდა გიორგი. ზედა ღვიარა ამჟამად ნასოფლარია, მოსახლეობა ჩამოსახლებულა ქვედა ღვიარასა და სოფელ ბოსტანაში.
ბოსტანაში ხის ტაძარი იყო, რომელიც შემდეგ დამწვარა. მეორე ტაძარი ყოფილა სათივე გორაზე. ამჟამად იქ გაუქმებული სასადილოს შენობა დგას. მოსახლეობის თქმით, რამდენჯერაც ააშენეს სათივე გორაზე სასადილო, იმდენჯერ დამწვარა.
სოფელ ჩორჯოში დგას წმინდა გიორგის ეკლესია. ხვანჭკარაში არის თავად ყიფიანის ციხის ნანგრევები და დედა ღვთისას ნაფუძარი, რომლის სახელზეც ამ ადგილას მცირე ზომის ტაძარი ააშენეს. სოფელ ტოლაში ციხის ნანგრევებია, სოფელ ჟოშხაში კი დანგრეული ეკლესიები, რომლებიც ულამაზესი ჩუქურთმებით ყოფილა შემკული. ჩანს, რომ ეს ეკლესიები აშენებულია უფრო ძველი ეკლესიების ადგილზე. ძველი ეკლესიების მასალა კედლებშია გამოყენებული. სოფელ ჭყვიშში კი ცნობილია ლაბეჭინის ეკლესია, რომელიც ორი სახელით მოიხსენიება: მთავარანგელოზისა და წმინდა გიორგისა. ტაძარი გამაგრდა და გადაიხურა ჭყვიშელების მატერიალური დახმარებით. ამ ადგილას სოფელიც ყოფილა, ლაბეჭინა. ტაძარი ბორცვზეა და მეზობელი სოფლებიდან კარგად მოჩანს. სოფელ პატარა ონში არის VIII-XI სს-ის ორი ეკლესია. პირვანდელი სახით აღდგა რაკეთის წმინდა გიორგის ეკლესია, სოფელ ზედა შავრაში, კვერთის უბანში უძველესი ტაძრის ნანგრევებია. ამჟამად აქ ტაძრის მშენებლობას იწყებენ. ზედა შავრაში არის ულამაზესი თხმორის ჩანჩქერი. სოფელ ნამანევშიც ყოფილა მოზრდილი ტაძარი. 30-იან წლებში დაუნგრევიათ და მის ადგილას სკოლა აუშენებიათ, რომელიც ხუთი წლის წინ დაიწვა. სოფელ ხონჭიორში არის რუსი და ბერძენი ოსტატების მიერ 1901 წელს აშენებული ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. ხონჭიორი ერთ დროს საეკლესიო სოფელი გახლდათ. აქ ძირითადად ცხოვრობენ ფოფხაძეები და ბუაძეები.
ჩვენი ეპარქიის მშვენებაა ნიკორწმინდის ტაძარი. სოფლიდან ცოტა მოშორებით მდებარეობს საყინულეს მღვიმე. აქ ტბა და ყინულები ყოფილა, გლობალური დათბობის შედეგად ტბა დაშრა და ყინულიც გაქრა. დარჩა მხოლოდ ტოპონიმი - საყინულე. მის მახლობლად არის მდინარე შარეულა, რომელიც რიონს უერთდება. შარეულას ხეობა იმითაც გამოირჩევა, რომ აქ არის XI საუკუნის ჭელიშის უდაბნოს ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტერი. ნიკორწმინდის გვერდითაა სოფელი ჭელიაღელე, რომელსაც უძველესი მთავარანგელოზის ტაძრის მადლი იფარავს. სოფელ ხოტევშიც მთავარანგელოზის ტაძარია. სამწუხაროდ, 30-იან წლებში დაუნგრევიათ კიდევ ერთი - წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მოხატული ტაძარი. მის ადგილას სკოლა ააშენეს. მთავარანგელოზის ტბასთან ახლოსაა ფეოდალური პერიოდის ციხესიმაგრე, რომელიც ფეოდალ მერაბ წულუკიძის სახელთან არის დაკავშირებული. ხოტევის ციხეს და ეკლესიას გადმოჰყურებს სოფელ თლუღის ტეხისის წმინდა გიორგი. ღვთის წყალობთ, რამდენიმე წელია, ნანგრევებად ქცეული ტაძარი აღდგა. რესტავრაცია ჩაუტარდა ასევე ქვემო კრიხის ტაძარს. ზემო კრიხშია XI საუკუნის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი, რომელიც განთქმულია უმშვენიერესი ფრესკებით.
პაპუაშვილები წარმოშობით კახეთიდან - ყვარლიდან და მაჩხაანიდან ვართ. გადმოცემის მიხედვით, XIX საუკუნის დასაწყისში ნიკოლოზ პაპუაშვილი ჩამოსულა რაჭაში. კლდისუბანში აზნაურ იაშვილს მოსწონებია, ქალიშვილი მიუთხოვებია და ჩაუსიძებია. აქედან მოდიან ჩვენი წინაპრები. ამჟამად სოფელ სადმელში პაპუაშვილების ორი ოჯახი ცხოვრობს.
ვარ კულტურის ისტორიის სპეციალისტი. მყავს ოჯახი, ცხოვრობ სოფელ სადმელში და აქვე ვმუშაობ ისტორიის მასწავლებლად. სადმელი ხალხმრავალი სოფელია. ხალხი მშრომელია, მაგრამ რაჭის ნიადაგი აღარ იძლევა წინანდელივით ნაყოფიერი მოსავლის მიღების საშუალებას. ამიტომ იძულებულები ვართ, გამოვიყენოთ ქიმიკატები, რამაც ნიადაგი უფრო გამოფიტა. სამწუხაროდ, სკოლაში შემცირდა მოსწავლეთა რაოდენობა. სოციალური პრობლემის გამო აქაურები ცდილობენ სამუშაოდ უცხოეთში წასვლას და თოხსა და ბარზე უარს ამბობენ. პირადად მე ვცდილობ, შევაყვარო ჩემს მოწაფეებს საქართველოს წარსული, ქართული კულტურა...
ვენახიც მაქვს, მესაქონლეობასაც მივდევთ. მახარებს ისიც, რომ რაჭაში მატულობს სასულიერო პირთა რაოდენობა. ჩემი სულიერი მოძღვარია მამა ელიზბარ სოფრომაძე, ამბროლაურის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი. მეუფე ელისეს ლოცვა-კურთხევით მალე დასრულდება ამბროლაურის ტაძრის მშენებლობა, სულიერი ცხოვრება უფრო აღორძინდება და განმტკიცდება.
გაგრძელება შემდეგ ნომერში