მუზეუმში ჭავჭავაძეების ნაქონი უნიკალური ნივთებია წარმოდგენილი. პირველ ოთახში ბუხარია,Mმეორე სასტუმროა, მესამე კი საძინებელი.Aაქ არის ილიასეული საგვარეულო, საოჯახო ნივთები. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს საგვარეულოMმარანი.
ეზოში დგას XVII საუკუნის საგვარეულო კოშკი. კოშკის პირველ სართულზე ინახებოდა პროდუქტი, ბოსტნეული, ხილი, ასევე წყალი, ღვინო, პური.Mმეორე სართულზეა ტახტი და ბუხარი, სადაც ოჯახის წევრები ისვენებდნენ ხოლმე. ერთ-ერთი ლეკიანობის დროს სწორედ ამ კოშკში დაბადებულა ილია ჭავჭავაძე. 2 აგვისტო ილიას წმინდანად შერაცხვის დღეა. საერო და სასულიერო პირები აქ აღნიშნავენ წმინდა მამის ხსენების დღეს.
მარჯანიშვილების სახლ-მუზეუმი
მუზეუმში მასპინძლობა დირექტორმა მზიური ანასაშვილმა გაგვიწია:- ბოლო 15-10 წლის განმავლობაში ბევრი გასაჭირი ნახა ჩვენმა მუზეუმმა. შემდეგ ცნობილმა მეცენატმა ლაშა პაპაშვილმა იჯარით აიღო მუზეუმი და აღადგინა ყველაფერი. გარეგნული სახე შენობისა ჩვენს ფონდში დაცული ფოტოების მიხედვით არის რესტავრირებული. ეს შენობა XIX საუკუნის I ნახევარში ააგო კოტე მარჯანიშვილის პაპამ, სოლომონ ჭავჭავაძემ. მას ორი ქალიშვილი ჰყავდა - ელისაბედი და ეკატერინე. უფროსი ელისაბედი ცოლად გაჰყა ქუთაისელ სამხედრო ინჟინერს ალექსანდრე ანდრიას ძე მარჯანიშვილს. რადგანაც სოლომონს ვაჟი არ ჰყავდა, მარჯანიშვილები ყვარელში დარჩნენ. 1872 წლის 9 ივნისს აქ დაიბადა კოტე მარჯანიშვილი. იგი გახლდათ მერვე შვილი და პირველი ვაჟიშვილი მარჯანიშვილებისა. მეცხრეც ვაჟი გახლდათ, ვლადიმერი, ცნობილი ლოცმანი, ფოთში მოღვაწეობდა. საინტერესოა, რომ ვლადიმერი იყო ჩვენში პირველი საბავშვო თეატრის დამაარსებელი.Aამ დარბაზში განთავსებულია ის ნივთები, რომლებიც მარჯანიშვილებს ეკუთვნოდათ. შევეცადეთ, წარმოგვედგინა ოჯახური სითბო. მუზეუმის კედლებს ამშვენებს იმ ადამიანების ფოტოები, რომელთა გარემოცვაშიც იზრდებოდა კოტე მარჯანიშვილი. ესენი იყვნენ მისი დეიდაშვილები - აბელიშვილები, მისი მამიდაშვილები - მესხები. მამის გარდაცვალების შემდეგ, როცა ოჯახი თბილისში გადავიდა, დაწყებითი განათლების მისაღებად იგი ვაჟთა გიმნაზიაში მიაბარეს.Aაქ სწავლის დროს ორკესტრში, ტრომბონზე უკრავდა. ამის გარდა აქტიურად მონაწილეობდა გიმნაზიის სცენაზე დადგმულ სპექტაკლებში. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ გიმნაზიის სააქტო დარბაზის სცენაზე 1850 წლის 14 იანვარს შედგა აღდგენილი ქართული თეატრის სპექტაკლი ერისთავის "გაყრა". კოტემ ვერ დაასრულა გიმნაზია, დედის გარდაცვალების გამო დაბრუნდა ყვარელში და მეურნეობას მოეკიდა. დიდი ვალი დაედო და სახლი ბანკმა აუქციონზე გაუყიდა. 21 წლისამ დატოვა ყვარელი.
ძალიან უყვარდა თეატრი. ყვარელში ცხოვრებისას ყოველ საღამოს თელავში დადიოდა ცხენით - დასის წევრი იყო. ერთხელ როლისთვის საჭირო კოსტიუმი ვერ უშოვა რეჟისორმა და სხვა შესთავაზა. კოტემ უარი უთხარა. გოგონები მახლდნენ და ფეხები დავუბაკუნე რეჟისორსო, - თავად იგონებს. გაბრაზებულ რეჟისორს ამის გამო უცემია კიდეც. ასე დამთავრდა მისი მოღვაწეობა თელავში. ყვარელში არდადეგებზე ჩასული თავისი სახლის მარანში დგამდა თურმე საშინაო წარმოდგენებს. დედის გარდაცვალების შემდეგ ქუთაისში გაემგზავრა. მისი მამიდაშვილები, ცნობილი ივანე, სერგი, ეფემია და დავით მესხები, მსახიობები იყვნენ. სერგი მესხი ჟურნალისტი გახლდათ. ერთი წელი დაჰყო ქუთაისში, შემდეგ თბილისში გადმოვიდა - დრამატულ თეატრში მსახიობობდა. ამ პერიოდში ჩამოვიდა რუსეთიდან მივლინებით რუსი მსახიობი ქალი, რომელზეც იქორწინა. შეეძინათ სამი შვილი - ორი გოგონა და ერთი ვაჟი. გოგონები ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ, ვაჟი ცნობილი მეცნიერი გახლდათ. კონსტანტინე კონსტანტინეს ძე მარჯანიშვილი უშვილოდ გადაეგო. 1897 წელს კოტე მარჯანიშვილი რუსეთში გადავიდა. ჯერ პროვინციულ თეატრებში მსახიობობდა, შემდეგ მეუღლის საბენეფისოდ დადგა ანტონ ჩეხოვის "ძია ვანია".
მუზეუმში წარმოდგენილია კოტეს დედის, ელისაბედის ნაქარგობა, მამის ვერცხლის ქამარი,Kმოვერცხლილი კულა.
მუზეუმში გამოფენილია მარჯანიშვილის სპექტაკლების აფიშები, ესკიზები თეატრალური კოსტიუმებისა, რომლებიც ცნობილი მხატვრების - ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის, ირაკლი გამრეკელის, თამარ აბაკელიას და სხვათა ნამუშევარია. აქვეა სოფიკო ჭიაურელის კაბა (ივდითის როლში) და პეტრე ოცხელის მოცეკვავის კოსტიუმი.
სქემიღუმენია თამარი
დედა თამარი 19 წლის იყო, როდესაც ბოდბის მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა. 14 წელი მსახურობდა ბოდბეში. ბოლო სამი წელი მონასტრის წინამძღვარი იყო. ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტრის მიერ გამოცემული წიგნის მიხედვით შემოკლებით შევეცდებით დედა თამარის ცხოვრება და მოღვაწეობა გადმოგცეთ."1933 წლის 4 აპრილი თენდებოდა, ბრწყინვალე აღდგომის მეორე დღე. ცნობილი რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი განათლების სახალხო კომისარს ანატოლი ლუნაჩარსკის მისივე მიწვევით ესტუმრა და გვიან ღამემდე შეყოვნდა. არავინ იცის, რაზე საუბრობდნენ. გამთენიისას სასტუმროში მიმავალი რეჟისორი მანქანაში გარდაიცვალა.
იმ პერიოდში კოტე მოსკოვსა და პეტერბურგში ახალი სპექტაკლების დასადგმელად მიიწვიეს და, ბუნებრივია, საზრუნავიც უამრავი ექნებოდა. თუმცა ამჯერად მის გულსა და გონებაში უფროსი დის - სქემიღუმენია თამარის ბედზე წუხილი გამეფებულიყო. ამ დროს დედა თამარი სამოც წელს გადაცილებული იყო და მისნაირი სუსტი ჯანმრთელობის მქონე ადამიანის შორეულ ციმბირში გადასახლება ლამის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი გახლდათ. უკვე ორი წელი სრულდებოდა, რაც მარჯანიშვილი უშედეგოდ ცდილობდა შორეული გადასახლებიდან მის დროზე ადრე დაბრუნებას.
ლუნაჩარსკიმ კარგად უწყოდა ეს და, როგორც ამბობენ, თანაუგრძნობდა კიდეც. ამ საქმეში კოტეს ცეკას აღმასრულებელი კომიტეტის მაშინდელი მდივანი აბელ ენუქიძეც შუამდგომლობდა, თუმცა იმ დროს უკვე მის თავზედაც ცას კუშტად შეეკრა პირი და კოტეს ბოლომდე ვერ აიმედებდა: მე უკვე პოლიტიკურად სანდოდ აღარ მცნობენ და მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ვიმყოფები, ამიტომ სჯობს, ჩემთან შეხვედრებს მოერიდო, ყველაფერს ლუნაჩარსკისგან შეიტყობო.
შესაძლოა, კოტეს მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ მისმა მეგობრებმა და ახლობლებმა გადაწყვიტეს, ბოლომდე ებრძოლათ თამარის დასახსნელად და ერთობლივი ძალებით კიდეც უშველეს მას. ესენი იყვნენ: მწერალი მაქსიმ გორკი, რომელიც პირადად იცნობდა კოტეს ჯერ კიდევ 1905-07 წლების რევოლუციის მღელვარე დღეებიდან; მხატვარი პავლე კორინი, გორკისა და მისი მეუღლის ახლობელი, რომელიც ახლობლობდა ნკვდ-ს იმჟამინდელ ხელმღვანელთან, გ. იაგოდასთან.
***
1869 წლის პირველ აპრილს ყვარლელი მემამულის, სოლომონ ჭავჭავაძის ასულს - ელისაბედს და სამხედრო ინჟინერ ალექსანდრე მარჯანიშვილს შეეძინათ ქალიშვილი, რომელსაც თამარი უწოდეს. გოგონას ადრიდანვე უწინასწარმეტყველებდნენ ბრწყინვალე მომავალს: ჭკუით, სილამაზით, გონიერებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ თამარს არც აღზრდა-განათლება აკლდა. კავკასიის ქალთა ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ პეტერბურგის კონსერვატორიაში შესასვლელად ემზადებოდა, მაგრამ მუსიკალური ცხოვრება და საკონცერტო დარბაზები არასდროს იქცევა თამარის მომავალი მოღვაწეობის ასპარეზად. ჯერ მამის, ალექსანდრე მარჯანიშვილის, მოგვიანებით კი დედის, ელისაბედ ჭავჭავაძის გარდაცვალებამ ყველაფერი შეცვალა. სწორედ ამ პერიოდში მოხვდა ოცი წლის თამარ მარჯანიშვილი ბოდბეში, სადაც სულ ახალი გახსნილი იყო დედათა მონასტერი... ტაძარში ფეხის შედგმისთანავე გონებაში გაუელვა: მეც მონასტერში დავრჩები, აქ ვიცხოვრებ და მონაზონი გავხდები!.. თამარი აღფრთოვანებულია, უცნაური მადლითა და სიხარულით გულსავსე, ფრთაშესხმულია და ვერც მალავს საკუთარ განწყობილებას. ახლობლებთან და მეგობრებთან აცხადებს, რომ მონასტერში აპირებს ცხოვრებას. თამარს უკვე აღარ შეუძლია ძველებურად ცხოვრება. ცდილობს, მუდმივად დაესწროს ღვთისმსახურებას, ესწრაფვის განმარტოებას, გაურბის ხალხმრავალ და ხმაურიან თავყრილობებს, თუმცა თითქმის იძულების წესით დაჰყავთ სპექტაკლებსა თუ კონცერტებზე. მოგვიანებით დედა თამარი იხსენებდა: თეატრში ვიჯექი, ჯიბეში კი სკვნილს ვმარცვლავდი. ნათესავებმა და "გულშემატკივრებმა" ყველანაირ ხერხს მიმართეს, შინაპატიმრობასაც კი, მაგრამ 1889 წლის გვიანი შემოდგომის ერთ მშვენიერ დღეს მან შეძლო სახლიდან უჩუმრად გამოსვლა. ასე დაიწყო სრულიად ახალი ცხოვრება ოცი წლის თამარ მარჯანიშვილმა. მონასტერში მოსვლის დღიდან იგი იღუმენია იუბენალიას (ლოვენეცკაია) თანამესენაკე იყო, უძღვებოდა საკანცელარიო საქმეს, რეგენტობდა და წინამძღვრობამდე მონასტრის ხაზინადარის მოვალეობასაც ასრულებდა. 1899 წელს თამარი მონაზვნად აღკვეცეს და იუბენალია უწოდეს. 1902 წელს კი იღუმენიას ხარისხში აიყვანეს და ბოდბის მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს.
1889 წლიდან, ბოდბეში დედათა მონასტრის განახლების შემდეგ, სავანე მთლიანად რუსული ყაიდისა იყო. 1903 წელს, როდესაც მონასტრის წინამძღვარი უკვე იუბენალია II-ა (ასე უწოდებდნენ თამარ მარჯანიშვილს იღუმენია იუბენალია ლოვენეცკაიასგან გასარჩევად), 121 მონაზონში მხოლოდ ოთხია ქართველი, მათ შორის იღუმენია მარჯანიშვილის თანამესენაკე, 26 წლის ელენე ვაჩნაძე (შემდგომში იღუმენია ნინო), რომელიც 1917-24 წლებში ბოდბის მონასტერს წინამძღვრობდა. თამარისა და ნინო ვაჩნაძის სულიერი ურთიერთობა და მეგობრობა გახდა ის მთავარი ღერძი, რომლის ირგვლივაც შემდგომში თავი მოიყარა რამდენიმე მნიშვნელოვანმა მოვლენამ.
1902-1907 წლები, როდესაც ბოდბის მონასტერს იღუმენია იუბენალია II (მარჯანიშვილი) წინამძღვრობდა, უმძიმესი წლებია რუსეთის იმპერიაში შემავალი საქართველოსა და ქართული ეკლესიისათვის. თითქმის საყოველთაოდ აკრძალულია წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე, 1907 წელს ეს აკრძალვა შეეხო თბილისის სიონსაც, ბოდბესა და ბათუმს.
***
იღუმენია მარჯანიშვილს ჯერ კიდევ 1906 წელს აიძულებდა რუსეთის უწმინდესი სინოდი, დაეტოვებინა ბოდბის მონასტერი, მაშინ ეს უთანხმოება რამდენიმე თვეში დასრულდა და იგი მონასტრის წინამძღვრად დატოვეს, თუმცა საეჭვოდ ჩამოაშორე ქალთა სკოლას. 1906 წლის 6 აპრილის ბრძანებით, რუსეთის უწმინდესმა სინოდმა ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტრის წინამძღვარი იღუმენია იუბენალია (მარჯანიშვილი) ნოვგოროდის ზვანსკის დედათა მონასტრის წინამძღვრად და ამავე მონასტერთან არსებული დერჟავინის ქალთა ეპარქიალური სასწავლებლის ხელმძღვანელად დანიშნა. ბოდბეში მონასტრის დროებითი განმგებლობა დაევალა მონაზონ ფილარეტას, რომელიც ხაზინადარიც იყო და გადაწყდა, სასწრაფოდ ჩაეტარებინათ ახალი წინამძღვრის არჩევნები.***
თამარ მარჯანიშვილის მიდრეკილება - განმარტოებული, დაყუდებული ცხოვრებისაკენ ბოდბეშივე გამომჟღავნდა. სულ ახალმოსული იყო მონასტერში, რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად სავანიდან მოშორებით უჩუმრად რომ დაიწყო გამოქვაბულის თხრა. გულწრფელად ფიქრობდა, რომ მალე დაყუდებულ მოღვაწეობას შეუდგებოდა.პირველი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. მოგვიანებით, სამშობლოდან მოწყვეტილს კი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა განუცხადა თავისი წმინდა ნება, დაეარსებინა განდეგილ დედათა სავანე და თავადვე ეწინამძღვრა იქ მოღვაწეობის მსურველთათვის.
სერაფიმო-ზნამენსკის სკიტი 1910-1912 წლებში შენდებოდა. ამ საქმეში თამარ მარჯანიშვილს მხარში ედგა საიმპერატორო ოჯახის წარმომადგენელი, სერგი რომანოვის ქვრივი და დედოფალ ალექსანდრას და, მართა-მარიამის სავანის დამაარსებელი და წინამძღვარი, რუსული ეკლესიის მიერ დღეს უკვე წმინდანად შერაცხული ელისაბედ თეოდორეს ასული, რომელთანაც თამარს გულწრფელი მეგობრობა აკავშირებდა. რუსეთის უმაღლესი არისტოკრატიული წრეების წარმომადგენლებს და რუსეთში მოღვაწე ქართველებს თამარი ჯერ კიდევ პეტერბურგში, ბესტუჟევის ქალთა უმაღლეს კურსებზე სწავლისას დაუახლოვდა. იმ დროს ქართველებმა სატახტო ქალაქში სათვისტომოც კი შექმნეს. სერაფიმო-ზნამენსკის სავანემ 1924 წლამდე იარსება, ვიდრე ბოლშევიკური დარბევის მსხვერპლი გახდებოდა. ეპისკოპოსი არსენიც (ჟადანოვსკი) წერს: "როდესაც ხელოვნების ძეგლთა დაცვის კომისიამ სავანე ინახულა, განცვიფრდა იმ მაღალი იდეით, რაც მასში იყო ჩადებული, რომელშიც ეწერა: "სერაფიმო-ზნამენსკის სავანე თავისი ინდივიდუალურ-თვითმყოფადი შინაგანი და გარეგანი წყობით განსაკუთრებულ ყურადღებას და დაცვას იმსახურებს, როგორც იშვიათი საეკლესიო ძეგლი". ამ სავანეში მოღვაწეობისას მარჯანიშვილი დიდ სქემაში აღკვეცეს. 1915 წლის 21 სექტემბერს იღუმენია იუბენალია სქემიღუმენია თამარი გახდა. აღკვეცაზე კურთხევა მხოლოდ იმ პირობით მისცეს, რომ სავანის წინამძღვრობაზე უარს არ იტყოდა. 1931 წლის ზაფხულში დედა თამარი დააპატიმრეს. 1924 წელს წაყენებული ბრალდებისგან (ქაქუცა ჩოლოყაშვილსა და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლებთან კავშირი) განსხვავებით, ამჯერად საქართველოში საბჭოთა ხელისუფლებისა და კოლექტივიზაციის წინააღმდეგ გამოსული გლეხებისადმი თანაგრძნობა ჩაუთვალეს დანაშაულად. განაჩენის გამოტანის შემდეგ იგი ციმბირში, ირკუტსკიდან ორასი ვერსის დაშორებით გადაასახლეს.
***
მისი სულიერი შვილი მონაზონი სერაფიმა (ოსორგინა) წერდა: "ამ საოცრად პატარა ტანის ადამიანში უჩვეულო სიძლიერით იგრძნობდით სულიერებას. პირველად ბევრი ეკრძალვოდა მასთან მისვლასა და დალაპარაკებას, მაგრამ ეს პირველი კრძალვა, უკეთ, მორიდება, შიშნეულობა, მაშინვე ქრებოდა, როგორც კი შემოგხედავდა. მზერაში დიდი სითბო, სიყვარული და ყურადღება ირეკლებოდა. შესანიშნავი, საოცრად დიდრონი შავი თვალები ჰქონდა. სიბერის მიუხედავად, სახეს მაინც შეენარჩუნებინა არაჩვეულებრივი სილამაზისა და ქართული წარმომავლობის კვალი. მას ძალიან უყვარდა კავკასია, უხაროდა ახლობლებისა და ნათესავების ნახვა. უყვარდა სამშობლო, მონაზვნები და ბავშვები".***
მარჯანიშვილების სახლ-მუზეუმის შენობის პირველ სართულზე შემორჩენილია ძველი მარანი. კედლები თეთრად იყო შელესილი, იატაკზე ცემენტი ესხა, მერე აგურით მოაპირკეთეს. ქვევრები XIX საუკუნის I ნახევრისაა. აქ 50 ქვევრია ჩაყრილი. როგორც ამბობენ, ამ ქვევრებში 60 ტონა ღვინო ჩადის. ვიდრე ყვარელში ამდენი ღვინის ქარხანა აშენდებოდა, ყვარლის კოლმეურნეობა ინახავდა თურმე აქ ღვინოს. საწნახელი ორი ნაწილისგან შედგებოდა, თეთრი და შავი ყურძნის დასაწურად. წურავდნენ ფეხით და ხის ღარებით მაჭარი ჩადიოდა ქვევრებში. ეს მარანი იმითაც არის საინტერესო, რომ ამ ამაღლებულ ადგილს, რომელიც გოდრების დასადგმელად არის განკუთვნილი, პატარა კოტე სცენად იყენებდა. აქ დგამდა თავის საშინაო წარმოდგენებს. იყო რეჟისორი, დეკორატორი, მსახიობიც. მისი მაყურებლები იყვნენ ყვარლელი გლეხები. კოტეს ბრძანებით, მოხსნიდნენ ქვევრს პირს, შემოუსხდებოდნენ გარს, ღვინოს, ხილს მიირთმევდნენ და სპექტაკლს უყურებდნენ. შემდგომში თავის მოგონებებში წერს კოტე: იმის შემდეგ, რაც ხელადა ორჯერ ჩამოუვლიდა რიგს, მე დიდი ოვაციებით მხვდებოდნენო. გრემი
გრემის ტერიტორიაზე პირველი დასახლება, სავარაუდოდ, გვიან ბრინჯაოს ხანაში გაჩნდა. თუმცა მისი, როგორც სტრატეგიულად და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ქალაქის ისტორია, XV საუკუნიდან დაიწყო. გვიან ფეოდალურ ხანაში გრემი კახეთის ერთ-ერთი სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ცენტრი იყო. 1466 წელს კახეთის სამეფოს დედაქალაქი გახდა. XV საუკუნიდან აქ ამრავლებდნენ ხელნაწერებს; აქვე ლიტერატურულ-კულტურულ მოღვაწეობას ეწეოდნენ დავით მეფე, ქეთევან დედოფალი, თეიმურაზ I და სხვები. ხალხში დღემდე შემორჩენილია გადმოცემა გრემში სამეცნიერო დაწესებულების - აკადემიის არსებობის შესახებ; აქ გადიოდა მნიშვნელოვანი საქარავნო გზები. XV-XVI საუკუნეებით თარიღდება გრემის უმნიშვნელოვანესი საკულტო და სამოქალაქო ნაგებობები, მათ შორის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია (XVI ს.), რომელიც კახეთში გვიანი შუა საუკუნეების უადრეს კუპელჰალედ წარმოგვიდგება.
1614-16 წლებში აბას I-ის ლაშქრობების შედეგად თანდათანობით გაქრა ცხოვრება.
***
გრემის თანამედროვე ყოფაზე მთავარანგელოზთა ტაძრის მედავითნესა და მესანთლეს ვკითხე. ნინო სერდუმალიშვილი:
- გაჭირვებით ცხოვრობენ გრემელები. გრემში ერთი რვაწლიანი სკოლა გვაქვს. გრემიდან ძალიან ცოტა მრევლი დადის ტაძარში. სამწუხაროდ, გრემის მოსახლეობამ სარწმუნოებაში ვერ აიდგა ფეხი. უფრო მეტად სოფელ ენისლიდან მოდის ხალხი, ადრე შილდელებიც აქ მოდიოდნენ, ახლა იქ მოქმედი ტაძარი აქვთ. გრემის ტერიტორიაზე ძალიან ბევრი ტაძარია, ბევრიც აღსადგენია. ტყის მხარეს დანგრეული ტაძრებია: ერთი - პეტრე-პავლესი, მეორე - წმინდა გიორგისა. გრემის მთავარანგელოზის ტაძრის მედავითნე და მგალობელი ვარ, თან გრემის სასულიერო სემინარიაში ვასწავლი მედავითნეობას. მართლაც, თითოეული ადამიანი უნდა ცხოვრობდეს ეკლესიურად. ჩემს ცხოვრებაშიც დადგა ის დღე, როცა დავიწყე ეკლესიური ცხოვრება, მოვედი ტაძარში და იმ დღიდან აღარ მიმიტოვებია აქაურობა. ღმერთო, შემაძლებინე, ბოლომდე ასე ვიმსახურო.
მესანთლე მერი შიოშვილი: - მე ენისლიდან გახლავართ. ძალიან კარგი სოფელია ენისელი. კარგი ტაძარი გვაქვს. მრევლიც დიდია. მამათა მონასტერი გვაქვს და სასულიერო სემინარია. ძალიან გვეხმარება მეუფე სერგი.Yყველას გვიყვარს. გრემში ხშირად ატარებს სამეუფეო მსახურებას. დიდი გულშემატკივარია მრევლისა. ვინმეს თუ რაიმე უჭირს, ყველას შეძლებისდაგვარად ეხმარება. მეუფის დამსახურებაა, რომ ხალხი მოექცა ღვთისკენ. 5 წელია, მესანთლედ ვმუშაობ. უფალმა მომცა საარსებო წყარო. ტაძრის წინამძღვარი, მამა იოანე, ძალიან კარგი მოძღვარია. სასულიერო სემინარიის სტუდენტები ამოდიან გრემის მთავარანგელოზში და ხმატკბილი გალობით მრევლს იზიდავენ...