შილდა თითქმის სულ მთლად გარშემო შემოფარებულია კავკასიის მთის კალთებით. მას საზღვრავს ჩრდილოეთით კავკასიის უმთავრესი მთა-გრეხილი, დასავლეთით საბუე-ენისელი თავისი ადგილ-დედულით, სამხრეთით სოფელი ფაშაანი და აღმოსავლეთით სოფელი ყვარელი. სიგრძით სოფელი შილდა, რომ არ ვიანგარიშოთ მისი სახნავ-სათესი მიწები, დაახლოებით იქნება 2 ვერსი. მხოლოდ სიგანით 1 ვერსი. ამგვარი სიდიდე მისი სივრცისა იმით აიხსნება, რომ შილდის მცხოვრებთ მომეტებულ ნაწილად ზედ კარზედვე აქვთ ვენახები და ბახჩები. ამისათვის ზაფხულში შორიდან რომ შეხედოს კაცმა შილდას, შენობებს ვერცკი დაინახავს, რადგანაც სულ მთლად სოფელი ჩამალულია გამწვანებულს და გაფოთლილს ბახჩა-ვენახებში. ჰაერი შილდისა არ არის დამცდელი. წყალიც აქ ძლიერ უხვია. ყველაზე მოზრდილი შილდის წყლებში მდინარე ჩელთია, რომელიც ჩამოუდის შილდას დასავლეთით და რომელსაც ხმარობენ შილდელები როგორც სასმელად, ისე წისქვილების საბრუნებლად და ბახჩა-ვენახების სარწყავად. ჩელთიდან არის გაყვანილი სამი დიდი რუ, რომელთაგან ერთი ჩასდევს სოფლის აღმოსავლეთ ნაწილში. ამ სამ რუზე მრავლადაა გამწკრივებული შილდის წისქვილები და აქედანვეა გაყვანილი პატარ-პატარა რუები ვენახებისა, ბახჩებისა და ბოსტნების მოსარწყავად. ამ სამ უმთავრეს რუს შილდაში ჩასდევს სამი უმთავრესი შარა-გზა. შილდაში ამჟამად 600 კომლი მცხოვრებნი იქნება. სახნავ-სათესი მიწები თუმცა სხვა სოფლებზე ნაკლებად არა აქვს შილდელებს, მაგრამ ესენი სხვა სოფლების მამულებსაც ხნავენ, სთესენ მომეტებულ ნაწილად პურს, ქერს, სიმინდს და ფეტვს. უმთავრესი წყარო მათი ცხოვრებისა ეს არის ხვნა-თესვა და მევენახეობა. შილდის შენობების უმეტესი ნაწილი ქვიტკირისაა და ფიცრისაა, დახურული კრამიტით. მრავლად მოიპოვება ფანჯარა-აივნიანი და ბუხრიან-იატაკიანი სახლები. ყველა სახლს თავისი საკუთარი ეზო აქვს და ზოგს ეზოსთანავე ბახჩა ან ვენახი, ხოლო ეზოში: მარანი, გომური, ბეღელი, საბძელი. შიგა და შიგ სოფელში დარჩენილია ძველი ქვიტკირის კოშკები, რომელნიც თურმე დიდსა და აუცილებელს საჭიროებას შეადგენდნენ უწინდელს დროში, როდესაც ლეკები მუდამ თავს ესხმოდნენ შილდელებს და ეს უკანასკნელნი ამ კოშკებით იცავდნენ თავს. აქვე შეიძლება დავასახელოთ შემდეგი ციხე-კოშკები: ბეჟიკელაანთ კოშკი, სიხარულიაანთ ციხე, მამუკაანთ ციხე, ბახუაანთ ციხე და სხვა.
უმთავრესი საზოგადო გალავანი შილდისა გაშენებულია სოფლის დასავლეთ მხარეზე, მდინარე ჩელთის პირას.
შილდის მცხოვრებნი ეროვნებით არიან ქართველნი, ხოლო წოდებით - გლეხნი, სასულიერონი და თავადნი. თავადიშვილები არიან: რუსიშვილები, გურგენიძეები, ვახვახიშვილები და ანდრონიკაშვილები. უკანასკნელნი თუმცა შილდაში არ არიან, მაგრამ მამულები იქა აქვთ. რუსიშვილები და გურგენიძეები ძველი მცხოვრებნი და მემამულეები არიან შილდისა, ხოლო დანარჩენები ახლად შემოსულნი. შილდის თავადებს ძმური განწყობა აქვთ დანარჩენ წოდების ხალხთან. მათს ხასიათში, მოქმედებაში და ცხოვრებაში სრულებით არ იხატება რამე მედიდურობა და ამაყობა ან თავისი გვაროვნებით ან ცხოვრებით. პირიქით, იქაური თავადი ისე ცხოვრობს გლეხთან, ისე სჭამს მასთან პურს, ისე ლხინობს, ისეთ დროს ატარებს, ისე მიდის და მოდის მასთან, როგორც თავის ტოლ-ამხანაგთან და მეგობართან. სტუმრის მოყვარეობა, სუფრაზე ლხინი და დროს გატარება პირველი თვისებაა შილდელებისა. ორი-სამი კაცი პურს არ სჭამს ისე, რომ ზედ სუფრული, გრძელი მრავალჟამიერი და სხვადასხვა ძველებური სიმღერები არ დააყოლონ. მუშაობის დროს ხომ აუცილებელი საჭიროებაა სიმღერა. ყოველს გვარს მუშაობას თავისი საკუთარი სიმღერა აქვს. მკის დროს სხვა სიმღერაა, ვენახის თიბვის დროს სხვა, ურმული სხვაა.
სანახავად რომ მიხვიდე აქაურ კაცთან, დიდ სირცხვილად ჩასთვლის, რომ პურ-უჭმელი გაგიშვას. უეჭველად, თუ პური ვერ გაჭამა რაიმე მიზეზისა გამო, სხვა რითიმე მაინც გაგიმასპინძლდებათ.
შილდელებს აქვთ სამი ეკლესია: ღვთისმშობლის შობისა, ძელ-ჭეშმარიტისა და ღვთაებისა.
ყველაზე მოზრდილი, ღვთისმშობლის ეკლესია, გაშენებულია სოფლის თავში. შიგნით-გარეთ გალესილია თეთრად და დახურული კრამიტით. სამხრეები აქვს: ჩრდილოეთით, დასავლეთით და სამხრეთით. ჩრდილოეთის სამხრეში მოთავსებულია კიდევ სხვა პატარა კვირაცხოვლის ეკლესია და ამ ეკლესიაში ერთი საფლავი, რომელშიაც არ ვიცით, ვისი გვამია დაკრძალული. უნდა ვიფიქროთ, რომ აქ უნდა იყოს დაკრძალული ვინმე წარჩინებული. შუა ეკლესიაში დაკრძალულია ნინია მოურავი რუსიშვილი, დასავლეთის შესავალ კარების წინ, ცოტა მარჯვნივ. საფლავის მარმარილოს ქვაზედ, რომელიც დამტვრეულია და ნამტვრევებია ჩასმული, ამჩნევია კიდევ "1852წ. 70 წლისა".
ნინია რუსიშვილი, როგორც გამიგია მოხუცებულებისგან, ყოფილა უკანასკნელი მოურავი შილდისა, ამასთანავე, შეხედულებით წარმოსადეგი და ფრიად განათლებული პირი. ხალხიც თურმე დიდის პატივისცემით და სიყვარულით ეპყრობოდა მას.
ღვთისმშობლის შობის ეკლესიის გალავნის გარეთ არის ერთი საფლავის ქვა, რომლის წარწერაში მოხსენიებულია იოანე გურგენიძე. წარწერა ასეთია: "საფლავსა მდებარე ვარ თავადის იოანე მორდლის გურგენიძის კნეინა ნაინა მხილვენო შენდობა ბრძანეთ ჩყლბ".
გალავნის გარეთ არის წისქვილი, რომელსაც შესავალი კარების თავში გარედან აქვს შემდეგი ხუცური წარწერა: "უჟკ. ჭისქვილისა რუსხმულით და სხვათაც ეკლესიის ხარჯებით გამრჯელი ნეკრესელი ამბროსი მიქაძე".
ღვთაების ეკლესია აშენებულია შუა სოფელში. მის ჩრდილოეთის კარების თავში გარედან შემდეგი მხედრული წარწერაა: "აღშენებულ არს ღვთაების ეკლესია ესე შილდის ცხეთის ყმათაგან".
ძელ-ჭეშმარიტის ეკლესია გაშენებულია მდინარე ჩელთის პირას, წარწერები აქვს. იგი აუშენებია დანიელ ზურიევს, რომელიც ბლაღოჩინად ყოფილა გაღმა მხარეში (ეს არის ნათლისმცემლის მღვდელი ბლაღოჩინი დანიელ იოსების ძე ზურიევი, რომელმაც შეასრულა ილია ჭავჭავაძის ნათლობის წესი 1837 წლის 26 ოქტომბერს, კვირა დღეს).
Gშუა სოფელში არის კიდევ მეოთხე ეკლესია წმინდა ნინოს სახელზე აშენებული, რომელიც ეხლა გაუქმებულია. მის დასავლეთის კარების თავში, გარედან შემდეგი მხედრული წარწერაა: "ესე ეკლესია აღვაშენე წმინდის ნინოს სახელზე მე იორდანიშვილმა ნიქოლოზ მღვდელმა". იორდანიშვილები შილდის მცხოვრებნი არიან. ამ საგვარეულოს ერთი წევრი - ბართლომე იორდანიშვილი მღვდლად იყო შილდის ღვთაების ეკლესიაში. წარწერაში მოხსენიებული ნიკოლოზ მღვდელი პაპა ყოფილა ბართლომე იორდანიშვილისა. ამათ შილდაში ეძახიან კიდევ სახლთხუციანთ, რადგანაც მათი წინაპართაგანი ვიღაც სახლთუხუცესად ყოფილა შილდაში.
სოფელს გარეთ ბევრი ძველი ეკლესიაა დარჩენილი ტყეში, მაგრამ უფრო ყურადღების ღირსია ორი: ბარცანის ღვთისმშობლის ეკლესია და ნეკრესის ღვთისმშობლის მონასტერი.
ბარცანა გაშენებულია სოფლის ჩრდილოეთით ტყეში მდინარე ჩელთის მარჯვენა მხარეზე. ხალხი ამ ეკლესიის აშენებას მიაწერს თამარ მეფეს. ეკლესიის იატაკზედ ადამიანის ფეხი ეტყობოდა. გადმოცემით ამ ეკლესიაში თამარ მეფეს სახსოვრად ფეხი დაურტყამს. ზოგნი ამბობენ, რომ ეს ფეხის ანაბეჭდი ტაძრის აღმშენებლისა არისო.
ნეკრესის მონასტერი გაშენებულია კავკასიონის ქედის ერთ-ერთ კალთაზე, რომელსაც "ნაზვერევის" გორას უწოდებენ, რადგანაც აქ ოდესმე დიდი ზვარი ყოფილა. ეხლაც არის დარჩენილი ძველი ვაზები ეკლესიასთან ახლოს. საკურთხევლის კამარაზე ეტყობა მშვენიერის ხელით გამოხატული ღვთისმშობელი მჯდომარე ცხენზედ, რომელსაც ფეხები უწყვია ოთხფეხიან სკამზე.Aმის ქვევით, საკურთხევლის უკანა კედელზე გამოხატულია თორმეტი მოციქული, რომელთა წარწერები, გარდა სიმონისა და პეტრესი, აღარ ეტყობა. საკურთხევლის ფანჯარაში გამოხატულია ორი ექვს-ექვსფრთიანი ანგელოზი. ეკლესიის სამხრეთის კედელზე ეტყობა ორი ადამიანის სახე: მამაკაცისა და დედაკაცისა, რომლებსაც ხელებზე უდგათ ეკლესიის გეგმა, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ესენი იყვნენ: მეფე ტირდატი, ნეკრესის ეკლესიის აღმშენებელი, და ცოლი მისი.
"მოიხსენე, უფალო, დამწერი ამის დავითნისა მონა ღვთისა პატიოსანი მღვდელი გაბრიელ მირიანაშვილი".
მირიანაშვილები შილდის მცხოვრებნი არიან. აქ მოხსენიებული გაბრიელ მირიანაშვილი მღვდლად ყოფილა შილდის ღვთისმშობლის შობის ეკლესიაში და გარდაიცვალა 1836 წელს. როგორცა ჩანს მისი საფლავის ქვის წარწერიდან".
***
ღვთისმშობლის ტაძრის მოლოცვის შემდეგ შილდელების ნაამბობიც გავიზიარე. ტაძრის წინამძღვარმა მამა მიქაელმა შეკრიბა ისინი "კარიბჭესთან" სასაუბროდ. როგორც ბატონმა ბეჟან ხახუტაშვილმა მითხრა: XIX საუკუნის ბოლოს შილდაში 600 კომლი ცხოვრობდა. ახლა მოსახლეობის რაოდენობა საგრძნობლად არის შემცირებული. აქ 250 გვარისკაცი ცხოვრობს. ყველაზე დიდი გვარებია ასაბაშვილი და მირიანაშვილი. ცხოვრობენ ასევე მიჩილაშვილები, ირემაშვილები, ხახუტაშვილები და სხვა. შილდაში თავადები იყვნენ ვახვახიშვილები, გურგენიძეები, რუსიშვილები, ჯავახიშვილები, ჩოლოყაშვილები. უბნებია: ვეძისხევის უბანი, აღნიაანთ უბანი, ხახუტაანთ უბანი, მამუკიანთ უბანი, ცეცხლაანთ უბანი, ტურისციხის უბანი და სხვა.
სოფელს აღმოსავლეთით წმინდა გიორგის ეკლესია ამშვენებს. ამაღლების ტაძარი შუაგულ ტყეშია, გვაქვს კიდევ ტაძარი, რომელიც ორსაყდრების სახელით არის ცნობილი. ორი ეკლესია მიწაშია ჩაძირული, შემორჩენილია უძველესი ფრესკები. ფერისცვალების ტაძარი სოფლის შუაგულშია.
როგორ ვცხოვრობთ შილდელები? შრომისმოყვარე ყოველთვის კარგად ცხოვრობდა. მოსახლეობა ძირითადად მიწაზეა მიმაგრებული, მევენახეობა და მემინდვრეობაა განვითარებული. საწვავის გაძვირების გამო მიწებს ვეღარ ვამუშავებთ.
ტაძარში დავდივართ. XVIII საუკუნეში აგებულ ღვთისმშობლის ტაძარში ღვთისმსახურებას მამა მიქაელი აღავლენს. წინათ შილდაში სასულიერო პირები იყვნენ აღნიაშვილები და მირიანაშვილები.
ბატონი გივი ირემაშვილი: - შილდა ერთ-ერთი ძველი და დიდი სოფელია. ორი საშუალო სკოლა გვაქვს. წლების წინ ორივე სკოლაში ათასამდე მოსწავლე სწავლობდა. დღეს 500 მოსწავლე თუ იქნება. შილდელების დევიზი იყო და არის მხოლოდ სწავლა. დღესაც თითოეულ ოჯახში ორი კაცი მაინც არის უმაღლესდამთავრებული.
ორი ღვინის ქარხანა გვქონდა. დღეს ორივე უმოქმედოა. ჩვენი ძირითადი მარჩენალი მიწაა. ისტორიული ძეგლი შილდაში სამოცამდე მაინც არის. წმინდა გიორგის ტაძარი სამია. ერთია ჯიდალიშვილების უბანში, ერთი - ტყეში, ნიშები რამდენიმეა. სოფელში მხოლოდ ორი მოქმედი ეკლესია გვაქვს, ღვთისმშობლის და ფერისცვალების სახელობისა. ჩემს ბავშვობაში მოქმედი ტაძარი მხოლოდ ნეკრესი იყო. წინათ შილდის ღვთისმშობლის ტაძარში ხორბლის საწყობი იყო, მაგრამ შილდელებს იმდენი ზრდილობა გვქონდა, რომ მარტო ხორბალი და სიმინდი შეგვქონდა შიგ. ჩემი წინაპრები, ირემაშვილები, ქართლიდან, სოფელ წეროვნიდან არიან წამოსულები.
ჭირისა და ლხინის გაზიარება შილდელებმა ერთად ვიცით. ჩემს უბანში თუ ვინმეს უჭირს, ესე იგი ყველას უჭირს, თუ ვინმეს ულხინს, ის ლხინიც საერთოა. სტუმარი ღვთისააო, ამბობენ შილდელები. მგონი, ამართლებენ ამ სიტყვას. როგორც ნებისმიერი კახელი, სიდინჯე, ჭკუა ახასიათებთ. შილდაში არც ერთი სუფრა არ დამთავრდება ისე, თუ წინაპრების სადღეგრძელო არ შესვეს.
ქალბატონი თამილა: - ღვთისმშობლის ტაძარი ნეკრესში მოღვაწე ეპისკოპოს ამბროსი მიქაძეს აუშენებია თავისი გალავნით და შემოუწირავს წისქვილი და სახლი, წიგნები, რომლებიც მერე განადგურდა. ალექსანდრე ბატონიშვილი ღვთისმშობლის ტაძართან მდგარ კოშკში იყო გამაგრებული და აქედან ებრძოდა რუსს...
მეუფე სერგის და ქალბატონ ნინო ჩახტაურის თაოსნობით აღვადგინეთ ღვთისმშობლის ტაძარი.Mმეუფის კურთხევით, ტაძარს გაუკეთდა კანკელი. შემდეგ ღვთის შეწევნით აღვადგინეთ ღვთისმშობლის ტაძარიც. აქაურობა ღამურებით იყო სავსე. გავასუფთავეთ და უკვე ექვსი წელია, რაც მოქმედია. თავიდან აქ დედები მოღვაწეობდნენ. პირველი თეთრი მღვდელი მამა ბადრი იყო. მერე მამა მიქაელი მობრძანდა. მისი დიდი ღვაწლით, როგორც შეგვიძლია, ახლაც ვალამაზებთ და ვამშვენებთ ტაძარს.
მოძღვარი
ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა მიქაელ ღუღუნიშვილი: - ორი წელია, რაც შილდაში ვმსახურობ. მართლაც საოცრად სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს ამ სოფელში. სარწმუნოების მხრივ მოისუსტებენ. მცდარი შეხედულებების გამო ნაკლები ნდობა აქვთ სასულიერო პირისა. თავიდან ეკლესიის ტერიტორიის გაწმენდა რომ გვინდოდა, მოსახლეობის უმრავლესობა შეგვეწინააღმდეგა - ეს ნაგავი ჩვენ ხელს არ გვიშვლის და არ გაიტანოთო. ტაძრის მოხატვაზეც იყო საუბარი, მაგრამ მოსახლეობამ კვლავ უარი გვითხრა. გვინდა, ტაძარმა დაიბრუნოს პირვანდელი სახე და აღდგეს ერთ დროს აქ არსებული ბიბლიოთეკა, სატრაპეზო, სენაკები და ტაძარი დამშვენდეს გალავნით.- მამაო, ტაძარში დადიან შილდელები?
- ასიოდ კაცი დადის, ძირითადად მოხუცები. ახალგაზრდები იშვიათად თუ მოვლენ.
- რა არის საჭირო ხალხის მოსაქცევად?
- ამ ხალხს არ აკლია სასულიერო პირები, მოძღვრები. ექვსი წელია მოქმედია ტაძარი და აქვთ საშუალება, რომ ჰქონდეთ სასულიერო პირებთან ურთიერთობა. ადრე ოჯახებშიც შევდიოდით და საათობით ვესაუბრობდით მათ. პარაკლისებს ვატარებდით. მოძღვარი ნამდვილად არის საჭირო შილდაში, მაგრამ ცოტა რთულია მოძღვრისთვის აქ ყოფნა. მადლობა უფალს, ნუგეშიც არის. საკმარისია ერთი-ორი კაცი შინაგანად გვერდით დაგიდგეს და ის გამშვიდებს.
- მამაო, თქვენ როგორ დაიწყეთ სასულიერო ცხოვრება?
- ბავშვობიდან მძიმე ცხოვრება მქონდა. ქუჩაში გავიზარდე. ერთი უბრალო შემთხვევის გამო ციმბირში მოვხვდი საპყრობილეში. ღვთისკენ იქ მოვექეცი. ციხეში დავიწყე რუსულად ლოცვების კითხვა. ჩემთან ერთად იჯდა რუსი სასულიერო პირი, სრულიად უბრალო მიზეზის გამო. ძალიან განათლებული მოძღვარი იყო. ორი ჩემოდანი წიგნები ჰქონდა ციხეში წამოღებული. მან მიქადაგა და ორ-სამ დღეში დავიწყე ლოცვების წაკითხვა. ფსალმუნების წიგნი მომცა და 50-ე ფსალმუნს ვკითხულობდი, "მამაო ჩვენო" მასწავლა. რამდენიმე დღეში შევისწავლე ეს ყველაფერი. მერე გამიჩნდა აღსარების ჩაბარების სურვილი.
ცხოვრებაში სასწაული დამანახა უფალმა. ჩემი სასამართლოს ბოლო დღეს წავიკითხე ფსალმუნის ოცი კანონი. მთელი ღამე ვკითხულობდი დაDდარწმუნებული ვიყავი, სასამართლო დადებით განაჩენს გამომიტანდა. მოხდა მართლაც სასწაული, მოსამართლე, რომელიც სულ მეწინააღმდეგებოდა, ჩემდამი კეთილად განეწყო და ციხიდან გამათავისუფლა. ოთხი თვის შემდეგ ბათუმის სასულიერო სემინარიაში ჩავაბარე. პირველი კურსის დამთავრების შემდეგ დავიწყე ფიქრი, რომ სასულიერო პირი გავმხდარიყავი. მეორე კურსზე დავოჯახდი და, ღვთის წყალობით, სასულიერო პირი გავხდი.
- რთულია მოძღვრობა?
- ძალიან. რაც დრო გადის, მეტად გრძნობ ამ სიმძიმეს.
- როგორ დამოძღვრავდით ჩვენს მკითხველს, მამა მიქაელ?
- მიხვდნენ, რა მდგომარეობაშია დღეს თითოეული ადამიანი, რომ დაცემულია და არ შეუძლია ისე იცხოვროს, როგორც ფიქრობს, საუბრობს და ამაყობს. მოვიდნენ ეკლესიაში და შეიმსუბუქონ ცხოვრება. სულიერად დამშვიდდებიან. სინანულს ვურჩევ ყველას, პირველ რიგში - თავმდაბლობას და უფრო მეტ თბილ ურთიერთობებს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.