ნეკრესელი მიტროპოლიტის სერგის (ჩეკურიშვილი) ლოცვა-კურთხევით ვესტუმრე შილდას და შევეცადე, სოფლის წარსული და დღევანდელობა "კარიბჭის" მკითხველამდე მომეტანა.
სოფელს ჩრდილოეთით ესაზღვრება კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთი ფერდობები და დაღესტანი. ამ ქედის მაღალი მწვერვალებია: ხუბერა, ასაკიდისთავისწვერი, ჩელთისთავისწვერი, ნინიკას ციხე. აქვეა ციცაბოკალთებიანი ქედები: ბურიანისწვერი, სათიბიგორი, ფოხალისთავი, აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ბოჭიგორის და უძიროს ტყეები მდინარე უჭარით, დასავლეთიდან - იბუჯის ტყე და მდინარე ჩელთი, სამხრეთიდან - კონცხისგორა და ალაზნის ველი.
სოფელში ჩამოდის სამი რუ, რომლებიც უერთდება მდინარე ალაზანს.
სოფელი შედგება უბნებისგან, სადაც ძირითადად ერთი გვარის ხალხი ცხოვრობს. ესენია: აღნიაანთ უბანი, ხაბარაანთ უბანი, ბურდიაანთ უბანი, გულიაანთ უბანი, კიკოლაანთ უბანი, მირიაანთ უბანი, ცეცხლაანთ უბანი, მამუკიანთ უბანი, ხახუტაანთ უბანი, მჭედლიაანთ უბანი, კევლიაანთ უბანი, ნიკოლოზიანთ უბანი, იმერლიანთ უბანი, ზუბიტაანთ უბანი, უტურაანთ უბანი, ელოაანთ უბანი, გიოაანთ უბანი, ახალსოფელი, ბექური, ტურისციხე, ვეძისხევი, კონცხის უბანი... სოფელში ყველაზე მეტი ასაბაშვილი და მირინაშვილი ცხოვრობს.
შილდა ოთხი ნასოფლარისგან შედგება, ესენია: ვეძისხევი, ტურისციხე, ფაშაანი და ზეგაანი.
შილდის შესახებ რამდენიმე ლეგენდა არსებობს (ვკითხულობთ ციური გულიაშვილის წიგნში "შილდა - კურთხეული სოფელი"). ხევში, სოფელ სნოს მახლობლად, სამი ნასოფლარია: საბუე, შინო და ყორელი. ერთ წელიწადს, დიდთოვლობას, ისეთი ზვავები წამოსულა, ეს სოფლები თან წაუღია. მოსახლეობა აყრილა და კახეთისთვის მოუშურებია. ახალდაარსებული სოფლისთვის ძველი, სამკვიდრო სახელები დაურქმევიათ: საბუელებს - საბუე, ყორელებს - ყვარელი, ხოლო შინოელებს შინო, რომელსაც დროთა განმავლობაში სახელი უცვლია და შილდად ქცეულა.
სახელწოდება "შილდის" წარმომავლობის თაობაზე რამდენიმე თქმულებაა:
"სოფელს ნუ გვიშლი, ჩელთო, შენ გადმოგვხედე, ღმერთო", - თურმე ასე ევედრებოდნენ საუკუნეების განმავლობაში ჩელთის ჭალაში დასახლებული გლეხები უფალს. მოგვიანებით მოსახლეობამ მდინარის ნაპირები დამბებით გაამაგრა და სოფელს "შლიდა" უწოდა. თითქოს ამ სიტყვის სახეცვლილებაა შილდა. მაგრამ საგულისხმოა, რომ მდინარე ჩელთი როგორც არ უნდა ადიდდეს, სოფელს წალეკვით არ ემუქრება...
ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით: ქართლოსის შთამომავალთა მიერ აშენებულ ციხე-ქალაქთაგან ძველ მატიანეში მოხსენიებულია ქალაქი ჩელეთი. სავარაუდოა, რომ ეს ქალაქი მდებარეობდა ან იქ, სადაც ახლა სოფელი შილდაა გაშენებული, ან მახლობლად, მდინარე ჩელთის პირას.
ლეონტი მროველი ამბობს: "კახეთს ქალაქსა ნელქარისსა, რომელ არს ნეკრესი", მას ციხე ჰქონდა და "ზღუდენი ქალაქისა ნეკრესისანი"... ახლა იქ სოფელიღაა და შილდას უწოდებენო.
შილდის მდიდარ ისტორიულ წარსულზე მეტყველებს სოფელში არსებული ტაძრები. 1945 წელს აკადემიკოს გიორგი ჩუბინაშვილის სამეცნიერო ექსპედიციამ შილდის ტერიტორიაზე აღმოაჩინა 35 ისტორიული ძეგლი. დღეისათვის კი აღრიცხულია 60-მდე ისტორიულ-არქიტექტურული ნაგებობა.
ყველაზე უტყუარი ფაქტი, რომ შილდაში ხალხი უძველესი დროიდან ცხოვრობდა, არის სოფლის ტერიტორიაზე არსებული სამლოცველო. "შილდის სამლოცველო, ანუ "ბეჟიაანთ ნავენახარი" მდებარეობს ენისელი-ყვარლის გზის მარჯვენა მხარეს, "ქალიაყვანის" მთის სამხრეთით, ნელქარის ნაქალაქარის მახლობლად.
ციხე-გალავანი
შილდის ციხე-გალავანი სოფლის ცენტრს უერთდება. იგი ერეკლე II-ის ბრძანებით აშენებულა, რათა ლეკების ხშირი შემოსევებით შეწუხებულ მოსახლეობას ციხის მაღალი გალავნებისთვის შეეფარებინა თავი. წლების განმავლობაში მიტოვებული ძეგლი აღდგენილია.ეკლესიები
სოფლის თავში დგას XVIII საუკუნის ბოლოს აგებული ღვთისმშობლის ეკლესია. ბარცანა - სოფლის ჩრდილოეთით, კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ჩელთსა და სეფორას შორის გაშლილ ულამაზეს ადგილზეა. აშენებულია X-XI საუკუნეებში. ეკლესიის შემოგარენი ტყითაა დაფარული, ერთ დროს იქ სოფელი ვეძისხევი ყოფილა.
ეკლესია ნაშენია რიყის ქვით და აგურით. ტაძრის შიგნით დღესაც ჩანს ფრესკების ნაკვალევი. ბარცანის მიდამოებში უამრავი ძეგლია, რომელთა უმრავლესობაც XVI საუკუნეშია აშენებული. ესენია: უსანეთი - ამაღლების წმინდა გიორგი, აბულას მარანი, შალიაანთ ღვთისმშობელი. XVII-XVIII საუკუნეებშია აგებული ორსაყდრები - მცირე ზომის ბაზილიკის ტიპის ორი ეკლესია. ერთ ეკლესიას ჯერ კიდევ ემჩნევა ფრესკების კვალი, შემორჩენილია კვერნაანთ, გლახაანთ და ომანაანთ კოშკები.
ვეძისხევი
ორ საუკუნეზე მეტია, ამ სოფელმა არსებობა შეწყვიტა, მაგრამ მის ტერიტორიაზე დღემდეა შემორჩენილი ისტორიული ძეგლები. ვეძისხევი საკმაოდ დიდი და ხალხმრავალი სოფელი ყოფილა. არსებული მასალების საფუძველზე XII საუკუნეში უკვე დიდი სოფელი ჩანს.ერთი ისტორიული საბუთით, "განთავისუფლების წიგნის" მიხედვით, დავით აღმაშენებელს ნიანია არიშიანი და მისი ოჯახი დაუსახლებია სოფელ ვეძისხევს და უწყალობებია მამული, რაც სოფლის არსებობის უდავო დასტურია.
XV საუკუნის ერთიანი საქართველოს მეფის, ალექსანდრე დიდის მიერ გაცემულ "შეწირულობის სიგელში" ვკითხულობთ, რომ მეფეს მცხეთის სვეტიცხოვლისთვის შეუწირავს: "საგარეჯო, ბერთუბანი, გიორგიწმინდა, აკურა, ვანთა, კალაური, ვეძისხევი, ჯიმითი, ხოდაშენი სრულიად და უკლებლივ მზღვრითა, მთითა და ბარითა".
ამ ცნობის მიხედვით, სოფელი ვეძისხევი საეკლესიო საკუთრება ხდება და შედის მცხეთის გამგებლობაში. ამას ადასტურებს 1569 წელს კახეთის მეფის, ალექსანდრესგან გაცემული საბუთ-გუჯარი: "მობრძანდა ჩვენთან ჩვენი ძმა, კათალიკოზი ნიკოლოზ და სხვა მცხეთის მკვიდრი შვილნი. მოვიტანეთ ძველი სიგელ-გუჯარნი, გავსინჯეთ და შევწირეთ ვეძისხევის მონასტერი ბაცანისა და სოფელი ვეძისხევი, გიორგიწმინდა, მთითა და ბარითა, ჩელთის გამოღმა დაბლა თეთრკლდესთან სოფელი ფაშაანივე".
მიუხედავად უძველესი ტრადიციებისა და ხელშემწყობი გარემო პირობებისა, სოფელი თანდათან კნინდება და ძლიერი მეზობლის - შილდის გავლენაში ექცევა. ვეძისხეველები ჩივიან მეფე ერეკლე II-სთან. არსებობს მეფის ბრძანების წიგნი, სადაც იგი აფრთხილებს მოურავ გრიგოლს, მოსახლეობას დაწესებულზე მეტი გადასახადი არ გამოართვას.
უკვე XIX საუკუნის 80-იანი წლებისათვის ვეძისხევი აღარ ჩანს ლეკიანობის გამო. თავდასხმებმა აიძულა სოფელი, აყრილიყო და ჩასახლებულიყო შილდაში, რომელიც უფრო ხალხმრავალი და უკეთესად დაცული იყო.
ვეძისხეველები შილდის ბოლოს კომპაქტურად დასახლებულან. ამ უბანს დღესაც ვეძისხევი ჰქვია.
შილდაში სკოლა 120 წლის წინათ ყოფილა
1868 წლის 29 ნოემბერს გაზეთ "დროებაში" ვინმე კახელის ხელმოწერით დაბეჭდილ წერილში ვკითხულობთ: "თელავი - ჩვენს გულს ისრე არა ესიამოვნება რა, როგორც საქართველოს ხალხის სწავლაში წარმატება, თუნდაც ოსპის ოდენიც რომ იყოს ეს წარმატება. როგორც სხვებმა დაგვარწმუნეს, თელავის უეზდის სოფელს შილდაში ყოფილა და ეხლაც არისო გახსნილი სასოფლო სასწავლებელიო. ჩვენ სხვის ნათქვამს სიტყვებს "ყოფილა და არის" ეჭვით ვხმარობთ იმ მიზეზებით, რომ ჯერ ნამდვილად და დაახლოებით არ შეგვიტყვია. იმედი კი გვაქვს, რომ თავის დროზე და ჭეშმარიტებით შევიტყობთ ყოველს. 22 ივნისის, აღდგომის 1868 წლისა, ჩვენ ვნახეთ მასწავლებელი ზემორე აღნიშნულის სასოფლო სასწავლებლის ბლაღოჩინის მღვდელი დიმიტრი აღნიევი, რომელსაც როგორც მასწავლებელს წინა დღეებში მიეღო კიდევაც პირველად ჯამაგირი. ჩვენ იმედი გვაქვს მთავრობაზედ, რადგანაც ის არავის ჯამაგირს არ მისცემდა ამ საგანზედ, უკეთუ არ შეეტყო ნამდვილად სასწავლებლის გახსნა. ამისათვის უნდა ვიფიქროთ, სოფელ შილდის სასწავლებელი ნამდვილად უნდა იყოს ახლა. ღმერთმა გაამრავლოს სასწავლებლები საქართველოში, თუ ესენი საზოგადოებისათვის სასარგებლო იქნებიან. ღმერთმა კეთილად მოახმაროთ მასწავლებლებს აღებული შრომის ფასი, უკეთუ ისინი სულიერად იღებენ მას და ახსოვთ საღმრთო წერილის სიტყვები "ღირს არს მხოლოდ მუშაკი სასყიდლისა თვისისა და არა ზარმაცი და უსაქმო კაცი". საგანმანათლებლო კერები
ქართლის ცხოვრების ქრონიკებში ვკითხულობთ: "ვახტანგ გორგასალი დიდ ყურადღებას აქცევდა ჰერეთში (ნეკრესი მაშინდელ ჰერეთში შედიოდა) ციხესიმაგრეებისა და კულტურის კერების შექმნას, რადგან პირველ დარტყმებს სპარსეთიდან ყოველთვის ეს კუთხე იღებდა. მაგრამ ეს კულტურის კერებიც მედგრად ხვდებოდა მტერს. ერთ-ერთი ასეთი მძლავრი კერა იყო ნეკრესის საეპისკოპოსო კათედრა. აქ ჯერ კიდევ აბიბოს ნეკრესელმა "აღაშენა მთასა მაღალსა მონასტერი, შექმნა სკოლა და ამ ბუნებრივად ამაღლებული ტრაპეზიდან ერს მოუწოდა და უქადაგა ყოფილიყო მამულისა და რჯულის ერთგული".მოგვიანებით, 1758-1794 წლებში, დოსითეოზ ნეკრესელმა აკურთხა ერეკლე II-ის მიერ დაარსებული საფილოსოფოსო-საღვთისმეტყველო სკოლა, სადაც მოზარდებთან ერთად ცოდნას ეკლესიის და სახელმწიფოს აღიარებული მსახურნიც იძენდნენ. დოსითეოზი თავის ეპარქიაში ხსნის დაწყებით სკოლებს, რის გამოც ერეკლე II კმაყოფილებით სწერდა მას: "მეტად სასიამოვნოდ დამრჩება, თუ თქვენ ბეჯითად იზრუნებთ ამისათვისო".
დოსითეოზის აღზრდილმა, ეპისკოპოსმა, ამბროსი მიქაძემ ნეკრესში შექმნა მჭევრმეტყველების სკოლა, სადაც ამზადებდნენ შეგირდებს თელავისა და თბილისის სემინარიებისთვის. ლეკების ხშირი შემოსევების გამო ამბროსიმ ეს სკოლა შილდაში გადმოიტანა. ამბროსი მიქაძე ქართული სასულიერო მქადაგებლობის გამორჩეული ოსტატია. მისი შთამაგონებელი ხმა 15 წლის განმავლობაში გაისმოდა ნეკრესის ტაძრის ამბიონიდან. ამბროსის მიერ შილდაში გადმოტანილი სკოლა, რომელიც ღვთისმშობლის ეკლესიაში იყო მოთავსებული, 1812 წელს რუსეთის მთავრობამ დახურა.
საღირაანთ მინდორი
ვეძისხევის ნასოფლარის სამხრეთით ტრიალ მინდორს შილდელები საღირაათ მინდორს ეძახიან. ეს ტოპონიმი ლეკიანობასთან არის დაკავშირებული. ერთ დღეს აქ მცხოვრები ექვსი ძმა (საღირაშვილი) ყანის მოსამკელად წასულა. შინ დატოვებული ქალებისა და ბავშვებისათვის უთქვამთ, თუ ლეკები გამოჩნდნენ, თოფის გასროლით გაგვაგებინეთო. მათი წასვლიდან არ გასულა დიდი ხანი, რომ ლეკები დასცემიან, თანაც, როგორც სჩვეოდათ, ჩუმად და მოულოდნელად: ქალებს ვერ მოუხერხებიათ ნიშნის მიცემა და მტერმა მოასწრო მათი ტყვედ წაყვანა. ძმებმა შემთხვევით გაიგეს, მტერს დაედევნენ და თურმე ამ მინდორზე დაეწივნენ. გაჩაღდა ბრძოლა. საღირაშვილებმა ისე ამოწყვიტეს ლეკები, ამბის წამღები არ დაუტოვებიათ, ცოლ-შვილი კი დაიბრუნეს. ბრძოლის შემდეგ ხალხმა ამ მინდორს საღირაანთ მინდორი შეარქვა.ლადო აღნიაშვილი
ლადო აღნიაშვილი სოფელ შილდაში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. მისი მამა, დიმიტრი აღნიაშვილი იყო სოფელ შილდის სკოლის პირველი მასწავლებელი. თელავის სასულიერო სასწავლებლის დასრულების შემდეგ გორის სამასწავლებლო სემინარია დაამთავრა და მასწავლებლობა დაიწყო თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებელში. ცოტა ხანს იცოცხლა ლადო აღნიაშვილმა, მაგრამ შილდელების საამაყოდ მაინც ბევრი რამ დატოვა. მაგალითისთვის მის მიერ 1885 წელს "ქართული საერო ხოროს" დაარსებაც კმარა. ამ გუნდმა დიდი როლი შეასრულა ახალი ქართული მუსიკის განვითარებაში. გუნდში ძირითადად სემინარიის მოსწავლეები მღეროდნენ, მაგრამ ლადოს შილდიდანაც ჩაუყვანია გლეხი მომღერლები. შემდეგ ამ გუნდში უმღერიათ ზაქარია და ივანე ფალიაშვილებს, ია კარგარეთელს და თვით ვანო სარაჯიშვილსაც.
აკაკი წერეთელი შილდაში
ლადო აღნიაშვილს მოღვაწეობამ და საგუნდო-სასიმღერო ხელოვნებამ მრავალი თაყვანისმცემელი შესძინა და შილდა ყურადღების ცენტრში მოაქცია. ერთ-ერთი მისი გულითადი დამფასებელი გახლდათ აკაკი წერეთელი, რომელიც 1897 წელს, კახეთში სტუმრობისას, ლადოს თხოვნით სოფელ შილდას სწვევია."ლადო აღნიაშვილს პოეტი ბინაზე მიუპატიჟია და სადილი გაუმართავს. ლადოს ჯერ ჩონგურზე მარტოს უმღერია, შემდეგ გლეხებთან ერთად "სუფრული" შემოუძახია. აღფრთოვანებულ მგოსანს უთქვამს: "ძვირფასო შილდელებო, მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენთან ერთად ვიმყოფები. მასპინძლის, ლადო აღნიაშვილის სახელი, როგორც შესანიშნავი მომღერლისა, მთელ საქართველოშია ცნობილი. მას უნდა ვუმადლოდეთ, რომ ქართული სიმღერა იხსნა გადაგვარებისგან, შეუნარჩუნა ძველებური ჟღერადობა. ღმერთმა ადღეგრძელოს ხმატკბილი აღნიაშვილი".
სადღეგრძელო ტაშმა დაფარა და როცა ხმაური შენელდა, აკაკიმ დაუმატა: "აქ, თქვენთან რომ მოვდიოდი, მეგონა, მარტო ლადოს სიმღერას მოვისმენდი, მაგრამ შევცდი, თურმე ყველა შილდელი მომღერალი ყოფილხართ. ღმერთსა ვთხოვ, რომ სულ სასიმღეროდ გქონდეთ საქმე, გაშოროთ მწუხარება, მოწყენილობა".
ტოპონიმები
მთები: ხუბერა, ვაშლოვანი, ასაკიდი, წალკოტი, ეხიცერი, ბურიანი, ფოხალი, ხანდო, სათიბი გორი და სხვა.ტყეები: იბუჯა, უძირო, ბაგინი, ტევატი, სარბელა, ქედურები, ქორიბუდე, ბაგინის ტყე, მაჟალოს ცერი და სხვა.
მინდვრები: დუბეები, ჭყანტები, ფაშაანი, ზეგაანი, ნაკალოვარი, ნადარბაზევი, დიდბექის მინდორი.
ხევები: სავანის ხევი, ზოკო ხევი, ბრმა ღელე, უჭარა, ჩუხჩუხა, სეფორა, ლოდოვანი და სხვა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში