ღია ცის ქვეშ მხოლოდ სანთლებით და მთვარის შუქით ვინათებდით სავალს. წმინდა გრიგოლმა კიდევ ერთხელ გააერთიანა საქართველო და ქართველები.
ტაო-კლარჯეთის წარსულის გასახსენებლად "კარიბჭის" მკითხველს მცირე ისტორიას შევთავაზებთ.
კლარჯეთი
მხარე ისტორიულ სამხრეთ საქართველოში. მოიცავდა მდინარე ჭოროხის ქვემო დინების აუზს, არსიანის ქედიდან შავ ზღვამდე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია). კლარჯეთში შედიოდა მურღულის, ეგრის, არტანუჯის, ნიგალის და სხვა ხევები (საკუთრივ კლარჯეთიც თავდაპირველად ერთ-ერთი ხევი იყო). სახელწოდება "კლარჯეთი" მოდის დაბა კლარჯეთიდან. კლარჯეთის უძველესი ცენტრია ციხე თუხარისი. კლარჯეთს განაგებდა ქართლის მეფის ერისთავი, რომლის რეზიდენცია V საუკუნის II ნახევრიდან არტანუჯის ციხე უნდა ყოფილიყო. მეფე ვახტანგ გორგასალმა აქ ფართო კულტურულ-აღმშენებლობითი საქმიანობა წამოიწყო: ააშენა ეკლესია-მონასტრები, დააარსა ახალი საეპისკოპოსო (ცენტრი ახიზაში). კლარჯეთი ამავე დროს გახდა ირანის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის პლაცდარმი. VI საუკუნეში აქ დამკვიდრდა ბაგრატიონთა დინასტია. IX საუკუნის დასაწყისში მეფე აშოტ I დიდმა არაბთა ლაშქრობებით და ეპიდემიებით გაპარტახებული მხარე აღადგინდა და დაასახლა. დაიწყო ფართო სამონასტრო მშენებლობა გრიგოლ ხანძთელის თაოსნობით. XI-XIII საუკუნეებში კლარჯეთში გაიშალა კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა. იგი განთქმული იყო ეკლესია-მონასტრებით, რომელთაც კლარჯეთის თორმეტ უდაბნოს უწოდებდნენ. XVI საუკუნეში კლარჯეთი, საქართველოს სხვა ტერიტორიულ ნაწილებთან ერთად, ოსმალეთმა მიიტაცა. მას მერე ეს ტერიტორია დედასაქართველოს რამდენჯერმე დაუბრუნდა მცირე ხნით. ბოლოს სხვა ქართულ ტერიტორიებთან ერთად კლარჯეთი საქართველოს XX საუკუნის დასაწყისში შემოუერთდა (1918-1921წ.წ.), მაგრამ 1921 წელს ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსირების შემდეგ ქვეყანამ უდიდესი ტერიტორიები დაკარგა ოთხივე მიმართულებით, მათ შორის კლარჯეთიც. აღსანიშნავია, რომ კლარჯეთში ბოლო საუკუნეებში ხელოვნურად და ძალდატენებით განხორციელებული თურქიზაციის მიუხედავად (ქართული ენის, ქრისტიანობის, ქართული წეს-ჩვეულებების აკრძალვა და ქართული მოსახლეობის თურქეთის სხვადასხვა რეგიონში გადასახლება, კლარჯეთში კი თურქულენოვანი მოსახლეობის გადმოსახლება), ადგილობრივი ქართველები (სხვადასხვა მონაცემებით, ორ მილიონზე მეტი) მაინც ინარჩუნებენ ქართულ ენასა და ადათებს, ბევრი მათგანი ფარული ქრისტიანია; საუბრობენ ქართული ენის იმერხეულ კილოზე. ბევრია თურქიზმები. კლარჯეთის მთიან, მიუწვდომელ ადგილებში მცხოვრები ქართველები ძველი ქართული გარეგნული იერ-სახით გამოირჩევიან: საშუალოზე მაღალი აღნაგობით, ქერა თმითა და ღია ფერის (ცისფერი, მწვანე, თაფლისფერი) თვალებით.ტაო
ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიული მესხეთის ნაწილი. იგი მდებარეობს მდინარე ჭოროხის შუა დინების აუზში. პირველად მოიხსენიება ძვ.წ. 1112 წელს ასურულ წყაროებში "დაიაენის" სახელწოდებით. ურარტული წყაროები "დიაუხის" სახელით იცნობენ. ამ მხარეში ცხოვრობდნენ ქართველური ტომები: ტაოხები, ხალიბები, სკვითინები.ძვ.წ. I ათასწლეულში ტაო შედიოდა კოლხეთის სამეფოში, IV-III ს.ს-ში იბერიის ორგანული ნაწილი იყო, II ს-ში სომხეთი დაეუფლა. ახ.წ. I-II ს.ს-ში ტაო კვლავ ქართლის სამეფოს შემადგენლობაშია, IV-VII ს.ს-ში მამიკონიანთა ფეოდალური საგვარეულოს სამფლობელო იყო. VIII ს-ში ტაო პოლიტიკურად ქართლის სამეფოს შეუერთდა, აქ გაიშალა ფართო სამონასტრო მშენებლობა, დასაბამი მიეცა ბაგრატიონთა სამეფო დინასტიას.
XII-XIII ს.ს-ში ტაო საქართველოს სანაპირო საერისთავო იყო, XIII ს-ის II ნახევრიდან სამცხე-საათაბაგოშია, XIV ს-დან - კვლავ ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში. XVI ს-ის 50-იან წლებში სამცხე-საათაბაგოს სხვა ტერიტორიებთან ერთად ოსმალეთმა შეიერთა.
ტაო-კლარჯეთი და ქრისტიანობის გავრცელება საქართველოში
საქართველოში აგებული პირველი ქრისტიანული ეკლესია მდებარეობს არტაანის მხარეში, ერუშეთში, რომელიც პირველი ქართველი ქრისტიანი მეფის, მირიანისა და ბიზანტიის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის სახელებს უკავშირდება; ეკლესია, რომელიც კონსტანტინე დიდმა, მირიანის თხოვნით, ბერძენ ხუროებს ააშენებინა და თან გამოატანა განძი და მაცხოვრის "სამსჭვალნი ხელთანი": "და ვითარ მოიწივნეს ადგილსა, რომელსა ჰქვიან ერუშეთი და დაუტევნა ხურონი საქმედ ეკლესიისა, დაუტევნა განძი და სამსჭვალნი უფლისანი და წარმოვიდა" (ლეონტი მროველი, "ცხოვრება ქართველთა მეფეთა"). იმავე ცნობით, ამ ფაქტს დიდი სიხარულით შეხვდა ქართველთა განმანათლებელი წმიდა ნინო. ტაო-კლარჯეთი და ვახტანგ გორგასალი
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა". მისი დაბრუნება მხოლოდ ქართველთა წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალმა შეძლო 456 წლის ბოლოსთვის: "უკუმოსცა კეისარმან საზღვარი ქართლისა, ციხე თუხარისი და კლარჯეთი".ვახტანგის ბრძანებით, მისმა ძუძუმტემ, კლარჯეთის ერისთავმა არტავაზმა განაახლა ახიზა და ააშენა კიდევ ერთი ციხე არტანუჯში, დააარსა პირველი ქართული მონასტერი ოპიზაში და ააშენა სამი ეკლესია: დაბა მერისა, შინდობისა და ახიზისა.
ტრადიცია ვახტანგ მეფეს უკავშირებს თუხარისის წმინდა გიორგის ეკლესიის აშენებას, თუმცა ისტორიული ცნობებით, ის 350 წლის მიჯნაზე ააშენა ვარაზ-ბაქარის მამამ, მირდატ მეფემ.
მოგვიანებით ვახტანგმა ახიზაში დააარსა პირველი საეპისკოპოსო კათედრაც.
VI-VIII საუკუნეები
523 წელს ქართლში მეფობა გაუქმდა და თითქმის მთელი ქვეყანა სპარსელთა მმართველობას დაექვემდებარა. ჯუანშერის ცნობით, სპარსელთაგან დამოუკიდებლობა შეინარჩუნა მხოლოდ ორმა განაპირა მთიანმა მხარემ - კახეთის მთიულეთმა, სადაც თავი შეაფარეს ბაკურ მეფის შვილებმა და კლარჯეთ-ჯავახეთმა, სადაც "კლდეთა შინა კლარჯეთისათა" მთავრობდა ვახტანგ გორგასლის შთამომავალი გუარამი, ბიზანტიური წყაროებით - გურგენი. ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინე II-მ მას 571 წლის აჯანყების შემდეგ ქართლის მმართველობა დაუბრუნა და კურაპალატის ტიტული უბოძა. ამ პერიოდში ქართლი გადადიოდა ხან სპარსეთის, ხან ბიზანტიის ხელში; 627 წელს კი, იმპერატორ ჰერაკლე II-სთან მარცხის შემდეგ, სპარსეთმა ქართლი საბოლოოდ დაუთმო ბიზანტიას.ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებით, VI-VII ს.ს-ს უკავშირდება მხარეში სომხური მიგრაციის მოძალება, რომელსაც ნ. მარი და კ. კეკელიძე მხარის "არმენიზაციადაც" კი მიიჩნევენ. VII ს-ის II ნახევრიდან კი საქართველოს ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო. 654 წელს ქართლის ერისმთავრები, კლარჯეთის ჩათვლით, წინააღმდეგობის გაუწევლად დამორჩილდნენ არაბებს, რომელთა ბატონობა განსაკუთრებით დამძიმდა VIII ს-ის I ნახევარში მურვან ყრუს ლაშქრობის შემდეგ, რასაც დაერთო ქოლერა ("სლვა სატლობისა"), რომელმაც თითქმის დააცარიელა და გაავერანა ეს მხარე.
ასეთი იყო ვითარება VIII-IX საუკუნეთა მიჯნაზე, როცა აქ დაახლოებით ერთდროულად გამოჩნდა ორი დიდი პიროვნება, სასულიერო და საერო წინამძღოლები: წმინდა გრიგოლ ხანძთელი და მეფე აშოტ ბაგრატიონი.
ტაო-კლარჯეთის აღმშენებლობა და მეფე აშოტ I კურაპალატი
არაბების მიერ დევნილი ქართლის ერისთავი აშოტ დიდი თავისი სეფეწულითა და დიდი ამალით კლარჯეთში, არტანუჯში დამკვიდრდა. იგი იყო ქართველთა პირველი ბაგრატიონი მეფე. ამ პერიოდში წმინდა გრიგოლ ხანძთელს უკვე დაწყებული ჰქონდა ტაო-კლარჯეთში სამონასტრო კოლონიზაცია, რამაც აშოტის დამკვიდრების შემდეგ უფრო ფართო ხასიათი მიიღო. მაშინ განახლდა არტანუჯი, რომელიც ამის შემდეგ "ქართველთა სამეფოს" დედაქალაქად იქცა. არტანუჯის მშენებლობა, ჯუანშერის თანახმად, როგორც აღინიშნა, ვახტანგ გორგასლის სახელს უკავშირდება: "და წარმოვიდა ვახტანგ გზასა კლარჯეთისასა და ვითარცა წარმოვიდა თუხარისიდან, იხილა კლდე შუა კლარჯეთსა, რომელსა სოფელსა ერქუა არტანუჯი. და მოუწოდა არტავაზს, და უბრძანა, რათა ააგოს ციხე არტანუჯისა". ამასვე ადასტურებს როგორც გიორგი მერჩულე, ისე სუმბატ დავითის ძე: "და პოვა (აშოტმან) კლარჯეთს ტყეთა შინა კლდე ერთი, რომელი პირველ გორგასალს ვახტანგს ციხედ აღეშენა, სახელით არტანუჯი, და აოხრებულ იყო (მურვანისა) მის ყრუობისაგან, იგი განაახლა აშოტ და აღაშენა ეგრეთვე ციხედ, და კერძო მისსა ქუეშეთ აღაშენა ქალაქი... და დაემკვიდრა ციხესა მას შინა ცხოვრებად". აქვე აშენებს აშოტი პეტრე-პავლეს ეკლესიასაც.
აშოტ კურაპალატმა შექმნა "ქართველთა სამეფო". აშოტ I-ს მიიჩნევენ ქრისტიან ხალხთა გამაერთიანებლად და კავკასიაში ანტიარაბული ფრონტის შემქმნელად. სომეხთა ისტორიკოსის, ვარდან დიდის ცნობით, აშოტ I ერეოდა სომხეთის საქმეებშიც და როდესაც მუსლიმანმა მფლობელმა ჯამასპმა დაიკავა სომხეთის დედაქალაქი დვინი, აშოტმა სომხებისათვის დახმარება სთხოვა ბიზანტიის იმპერატორს ლეონ V-ს. აშოტ I-ის დროს უკვე არსებული სამი ქართული ფეოდალური სახელმწიფოს (დასავლეთ საქართველოს, კახეთისა და ჰერეთის) გვერდით შეიქმნა მეოთხე ქართული სახელმწიფო საქართველოს იმ ნაწილში, სადაც საუკუნე-ნახევარზე მეტხანს იყვნენ გამაგრებული არაბები.
აშოტ I-ის დროს განახლებული "ქართველთა სამეფო" მნიშვნელოვან მისიას შეასრულებს ქართველი ხალხის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობის განმტკიცებისათვის ბრძოლაში ადრეულ შუა საუკუნეებში. აშოტ I-ის ზეობაში ბრძოლა არაბებთან არ დასრულებულა, იგი არანაკლები სიმწვავით გაგრძელდა შემდეგაც, მაგრამ აშოტ I-ის დროს განახლებული "ქართველთა სამეფო" უძღვებოდა ამ ბრძოლას და ბოლომდე შეინარჩუნა დამოუკიდებლობა, ვიდრე იმ დრომდე, როდესაც ქართული ფეოდალური სახელმწიფოები გაერთიანდნენ ერთ მთლიან ფეოდალურ მონარქიად. X-XI ს.ს-ის საზღვარზე შეიქმნა ეს ახალი მთლიანი საქართველოს სახელმწიფო. მთავარი წვლილი გაერთიანების საქმეში ქართველთა სამეფოს მოღვაწეებმა შეიტანეს. გაერთიანებულ საქართველოს სათავეში ჩაუდგა იგივე დინასტია, რომელიც მანამდე, აშოტ I-ის დროიდან მოყოლებული, ქართველთა სამეფოს მეთაურობდა. "სწორედ სამხრეთ საქართველოს პროვინციის - სპერის (ისპირი) მფლობელებმა, ბაგრატიონებმა, რომელთა საკუთარი მამული მდინარე ჭოროხის ზემო წელში, ქალაქ ბაიბურთის რაიონში იყო, საფუძველი დაუდეს საერთოეროვნულ დინასტიას, რომლის წარმომადგენლებიც ჯერ მხოლოდ საქართველოს ერთი ნაწილის - ტაო-კლარჯეთის მმართველები იყვნენ, მათ ბრძოლით დაიბრუნეს სამხრეთ საქართველოს მიწა-წყლის მნიშვნელოვანი ნაწილი. მაგალითად, მეფე დავით III-მ 979 წელს აიძულა ბიზანტიის იმპერატორი ბასილი, დაეთმო საქართველოსათვის წინათ წართმეული მისი ოლქები: კარინი (ქალაქ არზრუმის ოლქი), ჰარქი და აპაჰუნიქი (იმ დროს უკვე სომხებით დასახლებული, ვანის ტბის ჩრდილო-დასავლეთით), უმნიშვნელოვანესი ციხესიმაგრე ხალდოი არიჭი (რაც ნიშნავს ხალდთა სოფელს) და კლისური (ზეკარი) არზრუმიდან ტრაპეზუნტს მიმავალ მაგისტრალურ გზაზე, ჩორმაირი - მდინარე ჭოროხის ზემო წელში და სხვა.
80-იან წლებში დავითმა საზღვრები გააფართოვა სამხრეთ-დასავლეთით, დაიბრუნა ოლქები: დერჯანი (ამჟამად ტერჯანი) და ტარონი, ხოლო 997 წელს აიღო ქალაქი მანასკერტი (მელიაზგერდი). ამრიგად, საქართველოს სამხრეთი საზღვრის ხაზი გადაჭიმულ იქნა ვანის ტბიდან ერზინჯანამდე". არტანუჯს მას შემდეგაც არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა, რაც აშოტის სახლი ორად - კლარჯეთისა და ტაოს სამეფოებად გაიყო. IX საუკუნეში ის რჩება "ქართველთა სამეფოს" დედაქალაქად. აქ არის რეზიდენცია როგორც აშოტ I-ისა, ისე მის მემკვიდრეთა. ბიზანტიის იმპერატორი პორფიროგენეტი არტანუჯის შესახებ წერს: "არტანუჯის ციხე დიდად გამაგრებულია და აქვს დიდი "რაბათი", როგორც მხარის მთავარ ქალაქს შეშვენის. აქ თავს იყრის საქონელი ტრაპეზუნდიდან, იბერიიდან, აბაზგიიდან (დასავლეთ საქართველოდან), სომხეთიდან და სირიის ყველა ქვეყნიდან და ქალაქს დიდი ვაჭრობა აქვს. არტანუჯის მხარე, ესე იგი არზენი, დიდია და მდიდარი, იგი არის გასაღები იბერიისა, აბაზგიისა და მესხეთისა". ქალაქის ტერიტორიაზე შემორჩენილია ძველი გუმბათიანი ეკლესიის ნაშთები, რომელსაც ვახუშტიც მოიხსენიებს. ეკლესია შედარებით უკეთეს მდგომარეობაში იყო, როდესაც ის ნ. მარმა დააფიქსირა. გეგმით "ჩახაზული ჯვრის" ტიპის ვარიაციაა; ნაგებია დიდი ზომის ქვის ბლოკებით. ტაძარი IX ს-ს I ნახევრით თარიღდება. IX საუკუნის II ნახევარში იმავე ჭოროხის ხეობაში, ამიერ ტაოს პროვინციაში დაარსდა მეორე სახელმწიფოებრივი ცენტრი "ქართველთა სამეფოსი" - ბანა. უფრო გვიან, ბაგრატ III-ის დროიდან, გაერთიანებული საქართველოს ცენტრი ხდება ქუთაისი, ხოლო დავით აღმაშენებლის მიერ საქართველოს სახელმწიფოს მეტროპოლია ისევ თბილისში იქნა გადმოტანილი. აშოტ I-მა დიდი მშენებლობა ჩაატარა ოპიზაში, კლარჯეთის მხარის ამ უძველესსა და უმნიშვნელოვანეს სავანეში მან მეორედ ააშენა მთავარი ტაძარი და მთელი წყება სამონასტრო ნაგებობათა. აშოტ I-ს 809-813 წლებში მიუღია მეფის ტიტული, ხოლო მოგვიანებით, არა უადრეს 818 წლისა - კურაპალატისა.
როგორც ექ. თაყაიშვილი აღნიშნავს: "აშოტ დიდის და მისი მრავალრიცხოვანი შთამომავლების დროს ტაო-კლარჯეთი აღივსო ეკლესია-მონასტრებით, რომელნიც იმავე დროს შეადგენდნენ კერას ქართული განათლებისა. უძველესი ქართული მწერლობის ძეგლები ტაო-კლარჯეთმა შემოგვინახა. ყოველ მონასტერში იყო სკოლა, სემინარია, ბიბლიოთეკა, სადაც ასწავლიდნენ წერა-კითხვას, საღმთო სჯულს, ფილოსოფიას, ბერძნულს და სხვა ენებს, გალობას, კალიგრაფიას, მხატვრობას, ოქრომჭედლობას და სხვა. აქედან გამოდიოდნენ მღვდელ-მოძღვარნი, მთარგმნელები და გადამწერნი წიგნებისა, მინიატიურისტები და ოქრომჭედელნი". უძველესი ხელნაწერები, რომელთაც ჩვენამდე მოუღწევია და გადაწერილია საქართველოს ყოფილ საზღვრებში და არა უცხოეთის ქართულ კერებში (სინას მთაზე, პალესტინაში, ათონზე და სხვა), ყველა ეკუთვნის ტაო-კლარჯეთის მონასტრებს.
იბერიის განთავისუფლებისათვის დაუღალავი მებრძოლი, ქართველთა სამეფოს აღდგენის დიდი მოამაგე მეფე აშოტ I კურაპალატი დაიღუპა არაბებთან ბრძოლაში (არაბთა მხედართმთავრის ხალილ იეზდის ძის კავკასიაში ლაშქრობის დროს) 826 წელს, 26 იანვარს. იგი ღალატით მოკლა არაბთაგან მოსყიდულ ნიგალისხეველთა ერთმა ჯგუფმა. ამას ადასტურებენ როგორც სუმბატ დავითის-ძის მატიანე, ასევე გიორგი მერჩულე. აშოტ I დასაფლავებულია არტანუჯის ციხის ტერიტორიაზე, მის მიერვე აგებული პეტრე-პავლეს ეკლესიის გვერდით. ციხის ტერიტორიაზე შემორჩენილია სხვადასხვა ნაგებობის ნანგრევები.
გრიგოლ ხანძთელი და საქართველოს "სინა", ანუ კლარჯეთის თორმეტი სავანე
VIII-X ს.ს. პოლიტიკურთან ერთად საგანმანათლებლო და სამშენებლო საქმიანობითაც ხასიათდებოდა. როგორც აკად. კორნელი კეკელიძე აღნიშნავს, სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ტაო-კლარჯეთის კურაპალატების თაოსნობით საქართველოს ეკლესიური და კულტურული დამოუკიდებლობისთვის ზრუნვა, რამაც დაუდო კიდეც საფუძველი ერთიანი სახელმწიფოებრიობის იდეას და ქვეყნის პოლიტიკურ გაერთიანებას: "საქართველოში უკვე ფეხი მოუდგამს კულტურულ-ეროვნული ერთობის იდეას, უმთავრესად ეროვნული ეკლესიის წიაღში". VIII-IX საუკუნეთა მიჯნაზე კლარჯეთში დაარსდა და განახლდა უამრავი სავანე, რომლებიც იქცნენ ქართული განათლების კერებად, კულტურის უმნიშვნელოვანეს ცენტრებად.***
გიორგი მერჩულის თხზულების, "ცხორება გრიგოლ ხანძთელისას" მიხედვით, ეს სავანეები რიცხვით თორმეტი ყოფილა. ამიტომ არის, რომ ძველქართულ წყაროებში ისინი კლარჯეთის "ათორმეტ" სავანედ და, თავიანთი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს სინად არის ცნობილი. თუ რამდენად დიდი იყო კლარჯეთის სავანეთა მნიშვნელობა ქართული განათლებისათვის VIII-X საუკუნეთა მანძილზე, ეს შეიძლება დავასკვნათ აქაურ მოღვაწეთა ჩამოთვლით: წმინდა გრიგოლ ხანძთელი - მეთაური საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობისა IX-X საუკუნეებში, "კეთილად განმგებელი მოღუაწე და უდაბნოთა ქალაქმყოფელი"; საბა იშხნელი, გრიგოლის დეიდაშვილი, მეორედ აღმაშენებელი და ეპისკოპოსი იშხნისა; თეოდორე და ქრისტეფორე, რომლებიც გრიგოლისაგან ფარულად ტაოდან დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთში გაემგზავრნენ და განაგრძეს სამონაზვნო საქმიანობა. სწორედ ეს ოთხნი გაეშურნენ პირველად ოპიზას და დაიწყეს სამონასტრო მშენებლობა, "ვითარცა სულმა ერთმა ოთხთა გუამთა შინა დამტკიცებულმა". თეოდორემ და ქრისტეფორემ აფხაზეთის გზაზე სამცხეში დაიმოწაფეს ექვსი წლის არსენი, რომელიც შემდგომად გახდა "ქართლისა კათალიკოზი და მცხეთისა საყდარისა გვირგვინი დაუჭნობელი"; გაპარული მოწაფეების მოსაბრუნებლად აფხაზეთში წასულმა გრიგოლმა ქართლში დაიმოწაფა ჭაბუკი ეფრემი, რომელიც შემდეგ აწყურის ეპისკოპოსი გახდა; სოფრონ შატბერდელი, იოანე-ზოსიმე შატბერდელი-სინელი, ილარიონ პარეხელი, ქართველ ჰიმნოგრაფთა პლეადა და სხვანი. ამ მოღვაწეთა რიცხვს ეკუთვნის, კერძოდ, გიორგი მერჩულე, რომელიც კლარჯეთის სალიტერატურო სკოლის უდიდესი წარმომადგენელია X საუკუნეში და რომლის ნაწარმოები "ცხორება გრიგოლ ხანძთელისა" აქ, კლარჯეთში, ხანძთაში არის დაწერილი. ქართლელი დიდებულების შთამომავალი, ნერსე ერისთავის ოჯახში აღზრდილი გრიგოლი ახალგაზრდობაშივე ეკურთხა მღვდლად. მან ფარულად დატოვა ქართლი და 780 წლის ახლო ხანებში კლარჯეთში გაემგზავრა, დააარსა იქ "ათორმეტ სავანედ" ცნობილი სასულიერო კერები და 830-იანი წლებიდან მათ არქიმანდრიტად მოიხსენიება. მთელი ქართლის მასშტაბით მას გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის არა მარტო სამონასტრო საქმეებში, არამედ საერო ხელისუფალთა და მეფეთა წინაშეც, რისი დასტურიც იყო არსენ ქართლის კათალიკოსთან დაკავშირებული ცნობილი ინცინდენტი. დღესაც ჩვენი ცნობიერის ყველაზე დაბინდულ-დახავსებულ კუნჭულში სუსტად, მაგრამ მაინც გაისმის 102 წლის წმინდა მამის, "უდაბნოთა ქალაქმყოფელის", გრიგოლ ხანძთელის მიერ გარდაცვალების წინ (861 წელს) წარმოთქმული სიტყვები: "შვილნო, სულისა სიბრძნითა გულისა ტკივილითა სძლეთ და ნუ შეძრწუნდებიან გონება თქუენი, რამეთუ მე ესრეთ აღგითქუამ: არა დაგაკლოს თქუენ ქრისტემან აქა და საუკუნესა მას... და ეგრეთვე ვამცნებ შემდგომითი შემდგომად შვილთა ჩემთა, რათა დაიმარხონ წმიდა ესე მოძღვრებაი. და უკუეთი ჟამმან ჭირისამან წესი ცვალოს, რომელ სულისა ფრიად არა სავნებელ იყოს, შენდობა იყავნ ჟამსა მას და არა სამარადისოდ, არცა შუებისა მრავლისა მიდევნებითა". სრულიად საქართველოს სატკივარიც საუკუნეებით ადრე წარმოთქვა ხანძთასა და შატბერდთან, "გარემო მათ მახლობელთა უდაბნოთა, რომელ არიან ოპიზა და ფრთენი მისნი, ბერთა და მახლობელნი მისნი, მიძნაძორო და წყაროსთავი თანამკვიდრით მათითურთ" გამომშვიდობებისას "ზეცისა კაცმა და ქუეყნისა ანგელოზმა" – გრიგოლ ხანძთელმა: "აწ დაღაცათუ ხორცითა განგეშორები, ხოლო სულითა შენთანა ვარ შეწევნად შენდა"...
...გიორგი მერჩულეს აღწერილი აქვს, თუ როგორ იმოგზაურეს კლარჯეთის "ათორმეტ" სავანეთა მხარეში IX ს-ის 30-იან წლებში აშოტის მემკვიდრეებმა - მეფე-კურაპალატმა ბაგრატ I-მა და მისმა ძმებმა ადარნესემ და გვარამ მამფალმა წმინდა გრიგოლ ხანძთელისა და მისი მოწაფეების თანხლებით. ამ მოგზაურობიდან 11 საუკუნის შემდეგ ჩვენ საშუალება მოგვეცა მივყოლოდით "ჩუენთა დიდთა წინაპართა" ნაკვალევს და არტანუჯიდან იმავე მარშრუტით მოგვენახულებინა: 1. შატბერდი; 2-6. "ბერთა და მახლობელნი მისნი" (დოლისყანა-ჯმერკი-დაბა-ბერთა, პარეხი); 7. ოპიზა; 8. ხანძთა; 9. მერე; 10. მიძნაძორი; 11. წყაროსთავი; 12. ბარეთელთა (თუმცა, აღსანიშნავია, რომ ნახსენები არ არის პარეხი და მერე, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განეკუთვნება "სინათა" რიცხვს).
ტაო-კლარჯეთის რენესანსი და ტრაგედია
აღიარებული ფაქტია, რომ ტაო-კლარჯეთი იყო მემკვიდრე და გამგრძელებელი მცხეთა-თბილისის კულტურისა. ტაო-კლარჯეთიდან დაიწყო და შემდგომ გაერთიანდა მთელი საქართველო ბაგრატიონთა დინასტიის მეთაურობით. ეს იყო ხანგრძლივი პროცესი. ამ პროცესში იყო დრო, როდესაც ძალით სჭარბობდა კახეთის ქორიკოზი; შემდეგ დიდი ძალაუფლება მოიპოვეს აფხაზთა მეფეებმა (სამეგრელო, სვანეთი, იმერეთი და ქართლის ნაწილი); მაგრამ ვერც კახეთის მფლობელებმა და ვერც აფხაზეთის მეფეებმა ვერ შეძლეს საქართველოს გაერთიანება. ეს წილად ხვდათ ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონებს ("ქართველთა ბაგრატიონებს", "კლარჯეთის სახლის" მემკვიდრეთ). ამის მიზეზი იყო, ერთი მხრივ, მათი უნარი, ენერგია და შორსმჭვრეტელობა; მეორე მხრივ, და ეს თავიდათავია, უაღრესად მაღალი კულტურა, რომელსაც მიაღწია ტაო-კლარჯეთმა IX-X ს.ს-ში.გაგრძელება შემდეგ ნომერში