აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთ მთიანეთში მდებარეობს ღვთივკურთხეული, სახელგანთქმული უძველესი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული - დმანისი, რომელსაც ძველი ქართული ისტორიული წყაროები მოიხსენიებენ როგორც "დბანისი", ისტორიულად ქვემო ქართლის - ანტიკური გუგარეთის შემადგენელი ნაწილია და უძველეს დროში შედიოდა ჯერ გაჩიანის, შემდეგ სამშვილდის საერისთავოში. განვითარებულ შუა საუკუნეებში დმანისი წარმოადგენს სამეფო ქალაქს. მის სანახებს ფლობდნენ სხვადასხვა დროს ბაღვაშები, ორბელიანები, ორბელები და თორელები. XV-XVI სს-ში დმანისი ლორე-ტაშირითურთ წარმოადგენს საბარათიანო-საიოთამიშვილოს; ამავე საუკუნის შუა წლებისთვის დმანისხევში, კაზრეთ-ბალიჭისა და ხრამის ხეობაში წარმოიქმნა მცირე სათავადო - საზურაბიშვილო. XVII-XVIII სს-ში დმანისხევი და ლორე-ტაშირი საორბელიანოს დიდი სათავადოა.
ტაშირიც გუგარეთის განუყოფელი ნაწილია, რომელიც ანტიკურ ეპოქაში შედიოდა ხუნანის საერისთავოში. მის ადმინისტრაციულ ცენტრს ადრე ფეოდალურ ხანაში წარმოადგენდა ოძუნი, ხოლო XI ს-დან, ლორეს ციხე-ქალაქის დაარსების შემდეგ ცენტრი გადატანილ იქნა ლორეში. უძველეს სომხურ წყაროებში ტაშირი მოიხსენიება როგორც "ვრაც დაშტ" ანუ "იბერთა ველი". განვითარებულ შუა საუკუნეებში ამ მხარეს ლორეც ეწოდებოდა და სხვადასხვა დროს ქართველთა და სომეხთა საცილო იყო. ციხე-ქალაქი ლორე თბილისიდან 120 კმ-ზეა, ტაშირის წყლისა და მდინარე დებედას შესართავთან და XI ს-ის მიწურულიდან ერთიანი სახელმწიფოს დაშლამდე, მცირე გამონაკლისებით, საქართველოს ამირსპასალართა რეზიდენციას წარმოადგენდა.
დმანისი (ნაქალაქარი) თბილისიდან 93 კმ-ზეა მდინარე მაშავერასა და ფინეზაურის შესართავთან. იგი ძვ.წ.აღ. IV ათასწლ. შუა ხანებიდან დასახლებული ტერიტორიაა, რომელიც IV-VIII სს-ში იყო ქალაქის ტიპის მცირე დასახლება, ხოლო IX ს-დან ქალაქი. შუა საუკუნეების საქართველოში დმანისი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული მსხვილი სტრატეგიული, ეკონომიკური და სასულიერო ცენტრია.
V ს-ის მიწურულსა და VI ს-ის დასაწყისში აქ დაარსდა საეპისკოპოსო კათედრა. დმანისის სიახლოვეს, სოფელ ვარდისუბანში აღმოჩენილია (მეცნიერთა ვარაუდით, გუმბათოვანი) ეკლესიის ნანგრევები IV-VI სს-ის. ზოგიერთი მეცნიერ-მკვლევარი ვარაუდობს, რომ, ნაქალაქარში სიონის კათედრალის აგებამდე, ვარდისუბნის ეკლესია იყო საეპისკოპოსო ტაძარი. ცნობილია, რომ დმანისხევ-ზურტაგეტის ტერიტორიაზე არსებული ტაძრები მხოლოდ ბაზილიკური დარბაზული ტიპისაა.
დმანისის მწყემსმთავრის იურისდიქცია ისტორიულად მოიცავდა: დმანისხევ-მაშავერას ხეობის ქვემო და ზემო წელს, ფინეზაურის ხეობას, ლოქის წყლის ხეობის ნაწილს, ზურტაგეტ-გომარეთს, დამბლუტისწყლის, ქცია-ხრამის ხეობის მარჯვენა სანაპიროს ტერიტორიებს; ასევე დღეს ბოლნისის რაიონში შემავალ სოფლებსა და დასახლებებს: კაზრეთის ხევს, გეტისხევს, ქვეშისხევს, ხინწისხევს, ბალიჭისხევს - კაზრეთს, აკაურთას, ქვეშს, ბალიჭს, აბულმუგს, ტანძიას და სხვა. ასევე "ქართველთა ველად" წოდებულ ლორე-ტაშირს (ამჟამად სომხეთის ტერიტორია).
დმანისის რაიონში შემავალი გომარეთ-ზურტაგეტის ტერიტორიაზე დადასტურებულია მღვიმური ნამოსახლარის არსებობა, მტკვარ-არაქსისა და თრიალეთის კულტურის ეპოქის მრავალი ნიმუში არის აღმოჩენილი დმანისხევისა და გომარეთ-ზურტაგეტის მიდამოებში. ასევე, გორა-სამარხები და დასაკრძალავი დარბაზები - ყორღანული სამარხები ქვაზე ამონაკაწრი დამწერლობის ჩანასახებით და ორნამენტებით. არქეოლოგიური აღმოჩენები ამტკიცებენ ამ ხეობაში მეტალურგიის უძველესი ტრადიციების არსებობას.
დმანისხევში ადრექრისტიანული პერიოდის საეკლესიო ნაგებობები უმთავრესად განლაგებულია მდინარეების მაშავერას, ფინეზაურის, დამბლუტისწყლისა და კაზრეთულას ხეობებში, სადაც მოპოვებულია აგრეთვე ადრექრისტიანული ხანის ქვის სტელები. მათგან მნიშვნელოვანია: ვარდისუბნის "მრგვალი ეკლესია" IV-VI სს; უკანგორის "ორკარიანი ეკლესია" Vს; უკანგორის "შვერილაბსიდიანი მცირე ეკლესია" Vს; "ბალიჭის ეკლესია" V-VI სს; განთიადის დარბაზული ტიპის "ოთხი ტაძრის" კომპლექსი - გალავნით V-VIII სს. უნდა აღინიშნოს, რომ უკანგორის ბაზილიკების V ს-ის ლაპიდარული წარწერები ერთადერთი უპირველესი ეპიგრაპიკული ძეგლებია ბოლნისის სიონის წარწერებთან ერთად. ისტორიული გადმოცემით, VI ს-ში წმინდა ღმერთშემოსილმა მამა დავით გარეჯელმა, კუჩუტის ხეობის მთებში დააარსა კლდეში გამოკვეთილი სამონასტრო კომპლექსი, რომელიც მის სახელს ატარებს.
დმანისხევსა და ლორე-ტაშირს და საერთოდ ქვემო ქართლს, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსთვის, განსაკუთრებით გარეშე მტრისგან თავდაცვის დროს. ამიტომ იყო, რომ ეს რეგიონი, ქართული სახელმწიფოს სამართლის მიხედვით, XVI საუკუნიდან "მეწინავე სადროშოდ" იწოდებოდა. მიუხედავად ეპარქიაში ისტორიულად არსებული მრავალი სამონასტრო ცენტრისა, სამწუხაროდ, სამონასტრო ცხოვრების ამსახველი წერილობითი მასალა ვრცლად არ შემორჩენილა, რაც გამოწვეულია დამპყრობთაგან ამ მხარის მუდმივი რბევა-აწიოკებითა და გამანადგურებელი შემოსევებით. 1921 წელს ბოლშევიკებმა საქართველოს ჩამოაცილეს ლორე-ტაშირი.
XX ს-ის 30-იანი წლებიდან, როდესაც ჩამოყალიბდა დმანისის რაიონის თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა, მისი გარკვეული ნაწილი, არქიტექტურული ძეგლებით, თანამედროვე ბოლნისის რაიონში მოექცა. მისი რაოდენობა 180-ზე მეტია. ისტორიული ძეგლების აგების პერიოდი მოიცავს IV-XIX სს-ის მრავლად არის შემორჩენილი ლაპიდარული წარწერებიც, სადაც მოთხრობილია როგორც ისტორიული პირების შესახებ, ასევე გადმოცემულია ფრაგმენტები სხვადასხვა მნიშნელოვან მოვლენებზე, რომლებიც ვითარდებოდა საქართველოში. დმანისის სიონის საკათედრო ტაძარში განსასვენებელი პოვა კეთილმსახურმა მეფე-აღმსარებელმა ვახტანგ III-მ და შემდგომ მისმა პირდაპირმა შთამომავლებმა.
XVIII ს-ის დამლევს დმანისის სანახები გამუდმებული შემოსევების გამო სრულიად გაპარტახებული დახვდათ საცხოვრებლად გადმოსულ ჯავახ გლეხებს, რომელთა შთამომავლებისგან შედგება დღევანდელი დმანისის მკვიდრი ქართველი მოსახლეობის უმრავლესობა.
მეფის რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, XIX ს-ში, დმანისის რაიონის ტერიტორია შედიოდა ჯერ ლორეს და შემდეგ ტფილისის მაზრაში. ჯერ პირდაპირ ექვემდებარებოდა თბილისს, მერე წალკის რაიონს. ამ დროიდან დამოუკიდებელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რაიონია დმანისი. რაიონის მოსახლეობა დაახლოებით 28 000 კაცია. აქ ქართველებთან ერთად ცხოვრობენ აზერბაიჯანელები, ბერძნები, რუსები.
***
დმანისში საყდრისქედის ეკლესიამ შემოგვინახა წარწერა, რომელიც თარიღდება 1207-1223 წლებით, სადაც მოხსენიებულია მეფეთა მეფე გიორგი-ლაშა: "სახელითა ღმრთისაითა და შეწევნითა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისაითა - ადიდენ და დაამყარენ მეფობაი გიორგისი. მე, მიწამან მეფობისა მათისამან, იობ მიხრიკის ძემან დმანისს ჩემსა ამირობასა შინა აღვჰმართე ჯუარი ესე სახელსა ზედა წმიდისა მოწამისა დიმიტრისა, სალოცველად მეფობისა მათისა, სახსენებელად სულისა ჩემისა. ვინცა მომავალთა ჟამთა დაწერილი ესე აღმოიკითხოთ, ჩემთვისცა ლოცვა ჰყავთ". მეფე ლაშა-გიორგის სადიდებელი წარწერა შემოგვინახა ასევე ისტორიული დმანისის ეპარქიაში, სათხის (კაზრეთი) ეკლესიის კანკელმა: "სახელითა ღმრთისაითა და შეწევნითა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისაითა და წმიდისა კვირიკესა მე, გლახაკი იოანე მოძღვარი, ღირს მყო ღმერთმან და აღვაშენე კანკელი ესე. დაამყარენ ღმერთმან მეფეთა-მეფისა გიორგისათვის და სახსრად ფრიად ცოდვილისა სულისა ჩემისა". დმანისის სიონის საეპისკოპოსო კათედრას ლაშა-გიორგის მეფობის ჟამს, XIII ს-ის I მეოთხედში, მდიდრულად მოჩუქურთმებული კარიბჭე მიუშენეს. კარიბჭის ერთ-ერთ წარწერაში მოხსენიებული არიან აღმშენებელი მეფე ლაშა-გიორგი და დმანელი ეპისკოპოსი თეოდოსი: "ქ. სახელითა ღმრთისაითა და მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა დაამყარენ ღმერთმან მეფეთა მეფობაი გიორგისი, რომელთა მიერ ღირს ვიქმენ მე, მიწაი მათი, ეპისკოპოსი თევდოსი მამაი კალნაპეტის ძე, აღშენებად კარიბჭისა ამის სადიდებელად ღმრთივდაცულისა მეფეთა მეფობისა მათისა და მოსახსენებლად ცოდვილისა სულისა ჩემისა, ბიძისა ჩემისა ანტონისა, მშობელთა და ნათესავთა ჩემთათვის. ღმრთისა სიყვარულისათვის ლოცვასა მოგვიხსენენით, რათა ღმერთმან თქვენცა მოგიხსენნეს სასუფეველსა მისსა. ვინცა ესე დაწერილი რაისცა ს-მნ აღმიხოცოს, კრულმცა არს ღმრთისა პირითა მკვდარი და ცოცხალი გამოხსნად და ჩვენთამცა ბრალითა მზღველი არს დღესა მას განკითხვისასა ეპისკოპოსი თევდოსი მამისაი".დიდი გომარეთის ღვთისმშობლის (კუხის) ტაძრის ლაპიდარული წარწერა გვამცნობს: "ქრისტე, ადიდე ლიპარიტ ერისთავთ-ერისთავი და შვილნი მისნი. ამინ. სტეფანოზ და მამასა და ყოველსა ერსა მათსა, წმიდაო ეკლესიაო, სიგრილე ყავ მას დღესა. სახელითა ღმრთისათა მას ჟამსა, ოდეს ძლიერმან გიორგი აფხაზთა მეფემან შეიპყრა ზვიად მარუაშიანი, მაშინ ესე ბალავარი დაიდვა ხელითა ცოდვილისა მიქელ კალატოზისაითა. ქ. სახელითა ღმრთისათა, მე კუხმან შევწირე წმიდასა ამას ეკლესიას წისქვილნი. ჟამის საწირავად მიჩინეს დღე ხარებაი. ამის ეკლეიისა მღვდელთა წირონ დღე ეგე".
დმანისის რაიონში, სოფელ საჯაში არსებულ XI საუკუნის წარწერაში მოხსენიებულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წმინდა მელქისედეკ I. დმანისში, ხრამის ხეობაში არის სოფელი ეგრისი, "შავსაყდრები", სადაც იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის (X-XI სს) ლაპიდარული წარწერით ირკვევა, რომ ტაძარი აუგია გიორგი მღვდელს. სოფელ ეგრისის წარმოშობა ხრამის ხეობაში დაკავშირებულია ლარაძეების გვართან, ადგილს, სადაც ისინი დასახლდნენ, სამეგრელოს სახელი უწოდეს.
სოფელ განახლებაში (ისტორიული ერქუშაანთ სოფელი) წმინდა ელიას ეკლესიის (1032წ.) წარწერა გვამცნობს: "მოწყალებათა ღმრთისათა მე თეოდორე ღირს ვიქმენ აღმშენებლად წმიდის საყდრისა, ადიდენ ღმერთმან, ბაგრატ IV მეფისა სალოცველად, და შემდგომად ლიპარიტ ერისთავთ-ერისთავისა. მას ჟამსა დადვა ბალჰავარი, ოდეს შეიპყრა ლიპარიტ ერისთავთ-ერისთავმან ამირაი".
მაშავერას მარცხენა კალთაზე განლაგებულია ოთხ იარუსად გამოქვაბულთა კომპლექსი. გამოქვაბულებზე მიშენებულია ეკლესია, სატრაპეზო, მოწყობილი სენაკები. ჩანს, იგი წარმოადგენდა სამონასტრო კომპლექსს. თარიღდება XI-XIII სს-ით.
სოფელ ამამლოს - აბანოს სოფლის XII ს-ის დარბაზულ ეკლესიას ჩაყოლებული აქვს ადრე ფეოდალური ხანის ქვაჯვრებისა და მათი ბაზისების ფრაგმენტები "თამარის სახელწოდებით". წარწერებში მოხსენიებულნი არიან მეფე თამარი და კახაბერ ერისთავი, ტაძრის აღმშენებელი ოქროპირ ბეღელაძე: "ადიდენ ღმერთმან მეფეთა-მეფე თამარ, ერისთავი კახაი; ქრისტე, შეიწყალენ ბეღელის ძე ოქროპირი და კრავაი, ძენი მათნი, ამისნი მაშენებელნი". ირკვევა, რომ თამარის მეფობაში კახაბერ ერისთავი, შესაძლოა თორელი, განაგებდა სამეფოდ ქცეულ დმანისხევს. თორელები დიდგვაროვანი ფეოდალები იყვნენ XII-XIV სს-ის საქართველოში. სახელწოდება წარმოდგება მათი საგვარეულო მამულიდან - თორი. 1186 წელს, ამირსპასალარ სარგის მხარგრძელის გარდაცვალების შემდეგ, თამარმა ამირსპასალარობა და ლორეს განწესება უბოძა თორელს, როგორც მონაპირე მხარის ჯავახეთის ერისთავთ ერისთავს. თორელებს ჰქონდათ სამამულოდ ქვეში - ქვემო ქართლში, რომელიც თამარის მეფობაში გადაეცათ სამემკვიდრეოდ. ქვეშის ციხე და ხევი მათ დიდხანს შეინარჩუნეს, რისთვისაც თორელთა ამ შტოს ეწოდა ქვეშელები.
დმანისის სიონი
დმანისის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი მდებარეობს ქალაქის (ნაქალაქარის) ცენტრში. შიდა ციხის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში ჩასმულია წითელი ქვა, რომლის ცალ პირზე გამოქანდაკებულია ბოლნური ჯვარი კვარცხლბეკიან მედალიონში. სამხრეთიდან ტაძარს მიშენებული აქვს კარიბჭე და სანათლავი, ჩრდილოეთის მხრიდან - სამკვეთლო. ტაძარი შიგნიდან მოხატული ყოფილა - საკურთხეველში შემორჩენილია XIII-XIV სს-ის მოხატულობა: წმინდანთა გამოსახულებანი და წარწერები. მათ შორის მოთავსებულია კვარცხლბეკიანი ჯვარი, რომელიც თითქმის კაცის სიმაღლისაა. ყველაფერი ჩასმულია სადა ჩუქურთმიან ჩარჩოში. ორივე მამაკაცს ერთნაირი ქუდი ახურავს, მოყვანილობით ჰგავს საფარის ფრესკებიდან ცნობილი ათაბაგების თავსაბურავს (XIII-XIV სს). მოგვიანებით, 1213-1222 წლებში, ლაშა-გიორგის მეფობაში, დასავლეთიდან ტაძრისთვის მდიდრულად მორთული კარიბჭე მიუშენებიათ. მას სამი წარწერა აქვს, ერთ-ერთში მოხსენიებულია ლაშა-გიორგი.
დმანისის სიონის ღვთისმშობლის ხატი
დმანისის სიონის ღვთისმშობლის ხატს განუკურნავს უფლისწული გიორგი: "ქართლის ცხოვრების მიხედვით": "ხოლო მეფე (დავით ულუ) არა წარსულ იყო სიბასა, შეედვა სალმობა მუცლისა ძესა მისსა პირმშოსა გიორგი, რომელი სიკეთე-აღმატებულობითა სავსე იყო. გაგრძელდა სალმობა ესეზომ, რომელ კნინღა მკვდარ საგონებელ იყო, და იდვა უხმარად, უძრავად, სულითა აღმომფშვინველი და მითცა ძლით. ამად მწუხარებასა და უღონოებასა რა მოეცვა მეფე და ყოველნი მკვიდრნი საქართველოსანი, მოეხსენა მეფესა დმანისისა ღმრთისმშობელი და წარვიდა წინაშე მისსა, წარმოაჩინა ვითარ ყოველი უხმარითა ფერხითა მოჰყვებოდეს და მოეგებოდეს, მხურვალითა ცრემლითა წყალობად მათდა აღძრვიდეს. მაშინ მოისმინა ვედრება მათი წმიდათა უწმიდესისა ღმრთისმშობელმან, და მყის შეხებასავე თანა და პირსა ზედა შეხებასა, თვალი აახუნა სწრაფლ და ვითარცა უვნებელი წარმოჯდა. იხილეს ესე მეფეთა და ყოველთა მკვიდრთა საქართველოსათა, განკვირდეს ანაზდათასა ამას საკვირველებასა ზედა ყოვლადწმიდისასა და ადიდებდეს ყოველნი ღმერთსა". სიგელზე გამოსახულ დმანისის ღვთისმშობლის ხატს აქვს წარწერილი სავედრებელი: "ეჰა შენ, დედოფალსა დედასა ნათლისასა მიუაჩრდილებელისა მის ყოველთა მეუფისასა! რად უსიტყველ ხარ ჩვენდა მომართ მსწავლელსა სინანულისასა ძალთათა მათ ზეცისასა თვითებასა საზღვარსა მიუწდომელსა სასუფევლისასა სამოთხისა, დედუფალსა უძლეველსა ცათა და ქუეყანისასა". შეწირულობათა სიგელი გვამცნობს: "ამას ყოველსავე დმანელ მთავარეპისკოპოსზე აღიარებდეს ვინგინცა ვინ იყოს და ანუ ვინგინცა ვინ იქნებოდეს და წმიდასა და ცათა მობაძავსა ტაძარსა თქუენსა მოახმარებდეს. გიბრძანებთ კარისა ჩუენისა ვექილ-ვეზირნი და მოსაქმენი და დმანისისა ხევის და საბარათიანოს. თქუენცა ასე დაუმტკიცეთ".***
დმანისის ციხის გათხრებმა გამოავლინა ქვევრი, რომელსაც აქვს მხედრული წარწერა. აქედან ჩანს: XVII ს-თვის დმანისი სოფლად იხსენიება, ხოლო მისი საკათედრო ტაძარი - "სოფლის სიონად". "ქ. ესე ქვევრი არის სოფლის სიონის და დაუწერია ზაალის ქალს".XVII ს-დან ცნობილია ორი ეპისკოპოსი დმანისის კათედრიდან: იოსებ თარხნიშვილი, 1662 წლიდან თბილელი, და ქრისტეფორე ბარათაშვილი, რომელმაც 1665 წელს ვენახები იყიდა ბოლნისში. XVII ს-ის დამლევს დმანელად იხსენიება ეპისკოპოსი პავლე. იგი გარდაიცვალა 1706 წელს. დაკრძალულია დმანისის სიონის კარიბჭეში. 1689 წლის ერთ-ერთი საბუთის მიხედვით, დმანისში მონასტერიც ყოფილა, რომელიც მოხსენიებულია პაპუნა ორბელიანის წერილობით დოკუმენტში: "მონასტრისა და საეპისკოპოსოსა და თავსა სასაფლაოსა ჩვენსა, დმანისისა ღვთისმშობელსა". დმანისის სიონის გვერდით მდებარე წმინდა მარინეს სახელობის ტაძარს აქვს 1702 წლით დათარიღებული ლაპიდარული წარწერა: "ქ. შეწევნითა ღმრთისაითა მე ფრიად ცოდვილმან ბატონიშვილის მარიამის გამდელმან ისახარ განვაახლე დაქცეული საყდარი ესე წმინდა მარინესი ცოდვათა ჩუენთა შესანდობელად და ბატონთა ჩუენთა მოსახსენებლად".
ბოლო მღვდელმთავრად იხსენიება ელისე, დმანელ-მტბევარი მიტროპოლიტი (XVIII ს-ის შუა წლებამდე). მას განუახლებია 1586 წლის "ქართლის მეფის სვიმონ პირველის სიგელი დმანისის ღმრთისმშობლისადმი", სადაც, როგორც აღვნიშნეთ, სიგელის თავში გამოსახულია დმანისის ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი. სიგელს აქვს თანდართული ელისე მიტროპოლიტის დროინდელი ხუცური წარწერა: "ღმერთო, შეიწყალე დმანელ-მტბევარი მიტროპოლიტი ელისე, რომელიცა ფრიად დაშურა, ვიდრე აღსასრულადმდე შემატებად ეკლესიასა თუისსა. შეწირული წმიდის ღმრთისმშობლისა სოფელი ჩინჩხორი, ვარდისუბანი, მუტაგისი დამღა ნახევარი, გუდარეხისა ღუთისმშობელი. წმიდაო ღვთისმშობელო, მეოხ ექმენ დმანელ-მტბევარ მიტროპოლიტს ელისეს, რომელმან კვალად განაახლებინა სიგელი ესე და დაუტევა ეკლესიასა თუისსა. ამინ".
VI ს-დან XVIII ს-ის შუა წლებამდე ცნობილი არიან დმანელი მღვდელმთავრები შემდეგი თანმიმდევრობით: სამუელ დმანელი, თევდოსი კალნაპეტისძე, ელისე დმანელი, იოსებ სააკაძე, იოსებ თარხნიშვილი, შემდგომ ტფილელი, ქრისტეფორე ბარათაშვილი, ფილიპე ბარათაშვილი, ქრისტეფორე ბეგაშვილი, პავლე დმანელი, ელისე დმანელ-მტბევარი, მგალობლიშვილი.
***
1862 წლიდან დმანისის ტერიტორიაზე შემოსვლა იწყეს გერმანელმა ფერმერებმა. იმ პერიოდში გომარეთში მღვდელმსახურებას ეწეოდა ზაქარია გულისაშვილი, რომელიც გულისტკივილით წერს, - გერმანელი ფერმერები ავიწროებენ ქართველებს, ართმევენ საძოვრებს, დუხობორებთან ერთად ანადგურებენ ისტორიულ ძეგლებსო. XX საუკუნის დასაწყისში არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში იმყოფებოდა დმანისხევის მკვიდრი ქართული მოსახლეობა და მისი კულტურული მემკვიდრეობა. 1902 წელს გაზეთ "ივერიაში" სტეფანე ბაიდაშვილი წერს: ქართული საეკლესიო ნაგებობები დმანისიდან არახლომდე თათრების ან სომხების ხელშია, რომლებიც ნადგურდება. მაგალითად, აკაურთას ეკლესია სომხურად იქნა გადაკეთებული, ხოლო ხატისსოფლის ეკლესიას "სუბ გეურქა" შეარქვეს.
1907 წელს ორომაშენში ბოლნისიდან გადმოსული გერმანელები ჩასახლდნენ, ხოლო სოფელს ვალდჰემი დაარქვეს. დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე ისინი საბჭოთა მთავრობამ გაასახლა, ხოლო მათ ადგილზე თათრები ჩაასახლეს და დაარქვეს კიროვისი. 1929 წელს, ბორჩალოს მაზრის დაშლის შემდეგ, შეიქმნა ახალი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული რაიონები და ნაწილი ბერძენთა სოფლებისა გაერთიანდა დმანისის რაიონში. ესენია: დემურბულაღი, ამბრალო და ერკუშოღლი, რომელიც დემურბულაღს შეუერთდა. 1949 წელს ამ სოფლებს შეეცვალათ თურქული სახელები: ერკუშოღლის ეწოდა ველისპირი, ამბარლოს - განახლება, დემურბულაღს - სარკინეთი. დღეს ამ სოფლებში ცხოვრობენ ქართველებთან ერთად ბერძნები. სარკინელმა ბერძნებმა მოგვიანებით დააარსეს სოფელი იაილო.
***
2003 წლის 18 აგვისტოს შედგა წმინდა სინოდის სხდომა ურბნისის საკათედრო ტაძარში, რუის-ურბნისის საეკლესიო კრების იუბილესთან დაკავშირებით (900). ამ კრებამ სხვა კათედრებთან ერთად აღადგინა დმანისის ეპარქიის კათედრა, რომელიც XVIII ს-ის 50-იან წლებში იქნა გაუქმებული. დმანისის XIX ს-ში შედიოდა ტფილისის, XIX ს-ში მცხეთა-თბილისის, აგარაკ-წალკის და შემდგომ ბოლნისის ეპარქიაში. 2003 წელს აღდგენილი კათედრის მღვდელმთავრად წმინდა სინოდმა დაადგინა სვეტიცხოვლის არქიმანდრიტი ზენონი (იარაჯული). 1988 წელს აღდგა დმანისის საკათედრო ტაძარი. აიგო დმანისის ეპარქიის საეპისკოპოსო რეზიდენცია. აღდგა მრავალი ტაძარი.