ხცისი მოხსენიებული აქვს იოანე ბატონიშვილსაც (1768-1830 წ.წ.), თუმცა მოსახლეობის არსებობას არ ამტკიცებს. საისტორიო დოკუმენტებში სოფელი ხცისი XIX საუკუნეში გვხვდება. გვიამბობს სოფელ ხცისის მკვიდრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგია-არქეოლოგიის მაგისტრანტი ლელა ხრიკული.
- ხცისი საციციანოში შედიოდა. დღეს ის მოიცავს ხცისსა და წვიმოეთს. ეს ძველი სოფელი დღეს ხცისის ერთ-ერთი უბანია. ალექსანდრე ღლონტის აზრით, წვიმოეთი ხცისის ძველი სახელწოდებაა. ის ხაშურიდან შვიდიოდ კილომეტრში, მტკვრის მარჯვენა მხარეს, თრიალეთის მთების ძირშია გაფენილი. 1200 წელს სოფლის სამხრეთით, ტყეში, ნათლისმცემლის ფერდობზე აიგო იოანე ნათლისმცემლის სახელობის უნიკალური ტაძარი, როგორც სიმბოლო გაერთიანებული საქართველოსი. მეორე მხარეს ყურაქედის წმინდა გიორგის ეკლესიის სახელობის მამათა მონასტერია. მათ შორის კი პატარა მდინარე ხციურა ჩაედინება, რომლის სათავეშიც ოდითგანვე სამკურნალო გოგირდოვანი აბანოები იყო გამართული. ძველი სოფელი დღევანდელისაგან განსხვავებით სწორედ ამ ორ ფერდობს შორის ყოფილა გაშენებული და მას წვიმეთი რქმევია. წვიმეთი ხცისის ძველი სახელწოდებაა. სოფლის სამხრეთ ნაწილს, ლობჟანიძეების უბანს მოსახლეობა დღესაც წვიმეთს უწოდებს. სოფლის შედარებით ახალ ნაწილში ნათლისმცემლის ტაძარია, ხელმარჯვნივ - ელიას გორა. ეს სახელი ელია წინასწარმეტყველთან უნდა იყოს დაკავშირებული. ტოპონიმი ხცისი, ეთნოგრაფიული მასალით, მომდინარეობს ხცისიერიდან. ხცისიერი შინაარსობრივად წვიმებს, წვიმოეთს უკავშირდება.
ხცისში შემორჩენილია გვიანფეოდალური ხანის მატერიალური კულტურის რამდენიმე ძეგლი: ღვთაებისა და წმინდა ნიკოლოზის ეკლესიების ნანგრევები, სოფლის ცენტრში - წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, სადაც 2004 წლიდან დედათა მონასტერია დაფუძნებული. იქვეა თომა ციციშვილის სასახლე (1872წ), რომელიც ძალიან დაზიანებულია. ხცისის სამხრეთით, წვიმეთის ტყეში დგას XI საუკუნის დასაწყისის ცნობილი ძეგლი იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი, სადაც ამჟამად მამათა მონასტერია 2002 წლიდან. სოფელ ხცისის მოსახლეობა ტრადიციულად ორ დღეობას აღნიშნავს - ყურაქედობას 13 მაისს და ივანობას ანუ ნათლისმცემლობას 7 ივლისს.
ხცისში არის ლომიძეების უბანი. ეს გვარი ხცისში გადმოსახლებულა მოგვიანო პერიოდში სოფელ ხავლეთიდან, ამიტომ ხშირად ამ უბანს ხავლეთსაც უწოდებს აქაური მოსახლეობა. ლომიძეების უბანს თავისი დღეობა - ელიაობა აქვს.
ყურაქედის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია სოფელ პატარა თხილნარაში მდებარეობს. იგი ამჟამად ნასოფლარია. ლეკიანობის გამო დაცლილ სოფელში ოსები ჩამოსახლდნენ. ეს სოფელი კვლავ დაიცალა XX საუკუნის 90-იანი წლებიდან და ხცისის სასოფლო საკრებულოში შედიოდა. ამჟამად სოფელ ხცისს მიეკუთვნება პატარა თხილნარა. ყურაქედობას აღნიშნავდა როგორც სოფელ ხცისის ქართული მოსახლეობა, ასევე პატარა თხილნარას ოსური მოსახლეობა. ხცისის ეთნოგრაფიული მასალით, ოსებისათვის ყურაქედობა დიდი დღეობა იყო და ყურაქედის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში სალოცავად მეზობელი ოსური სოფლებიდანაც კი მოდიოდნენ. დღესაც ამ სოფლიდან ვლადიკავკაზში გადასული ოსები ჩამოდიან და ლოცულობენ 13 მაისს. ტერმინი "ყურაქედობა" შინაარსობრივად წმინდა გიორგის სახელთანაა დაკავშირებული. ტაძარსაც ხომ ყურაქედის წმინდა გიორგის სახელი ჰქვია. ყურაქედის წმინდა გიორგის ეკლესია აღადგინა აქაურმა მალხაზ ბერიძემ. სოფელში არის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ნიში.
***
ხცისის წმინდა გიორგის ეკლესიის წარსულის შესახებ მასალები შეუგროვებია ხაშურის წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონის VIII კლასის მოსწავლეს ივანე ხრიკულს.საქართველოში იშვიათია, 189-კომლიან სოფელში იყოს სამი მონასტერი: იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტერი, ყორანქედის წმინდა გიორგის მამათა მონასტერი, წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტერი და, ამათ გარდა, ოთხი სალოცავის ნანგრევები. ამათგან მხოლოდ ორი დგას მყარად: წმინდა მარინეს სახელობის სალოცავი, რომელიც სოფლის მკვიდრმა გოჩა ლობჟანიძემ აღადგინა და წმინდა ნიკოლოზის სახელობის ნიში (სადაც მხოლოდ სანთლების დანთებაა შესაძლებელი). ღვთისმშობლის სახელობის ნიში სრულიად დანგრეულია, ხოლო გვერდწითლების საგვარეულო სალოცავის ნანგრევები ახლახან აღმოაჩინეს საფლავის გათხრის დროს.
წმინდა გიორგის ტაძარი, სადაც ამჟამად დედათა მონასტერია დაფუძნებული, აშენდა XIX საუკუნეში თომა ციციშვილის მიერ (ტაძარშივეა დაკრძალული) მისივე მამულში, სასახლიდან დასავლეთით, დაახლოებით 150 მეტრში. ტაძარი სოფლის ცენტრში დგას. ეკლესია დარბაზული სტილისაა. იგი აგებულია აგურით და თანადროული სამრეკლო აქვს. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს, დასავლეთით და სამხრეთით. აღმოსავლეთით თითო შეღრმავებული ჯვარია გამოხატული. სამრეკლო ნაგებია აგურით, შეულესავია. მისი პირველი სართული კარიბჭეა, მეორე კი სამი მხრიდან თაღებით გახსნილი ფანჩატურია, რომელსაც პირამიდული სახურავი აქვს.
კომუნისტების დროს ტაძარში საწყობი იყო, 1996 წელს დაიბრუნა ეკლესიამ თავისი ფუნქცია. პირველი მღვდელი იყო მამა დანიელი. მას შემდეგ რამდენჯერმე გარემონტდა ტაძარი. ხცისის მუნიციპალიტეტის თანადგომით და გამგებლის გოჩა მსხალაძის მონდომებით ტაძარი გადაიხურა, შემოერტყა გალავანი.
2004 წლიდან აქ გაიხსნა დედათა მონასტერი, რომლის წინამძღვარია სქემმონაზონი სალომე (ბოლქვაძე).
ამჟამად ხცისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წირვა-ლოცვას აღავლენს მღვდელი ნიკოლოზი ჯაიანი.
***
წმინდა გიორგის ტაძარში შეკრებილმა მრევლმა დიდად გაიხარა "კარიბჭის" სტუმრობა და საუბარზეც სიამოვნებით დამთანხმდნენ. - ხცისში 200-მდე კომლი ცხოვრობს. არიან ჯიქურაშვილები, მსხალაძეები, დაბრუნდაშვილები, ძამანაშვილები, ლომიძეები, ლობჟანიძეები, ბერიძეები, ჭანტურიძეები, დავითაძეები, ქებაძეები, გელაშვილები, ხარებაშვილი, გაგლოშვილები და სხვანი.
- ხრიკულების ერთი ოჯახია, - მიამბობს ქალბატონი მაია მუმლაძე-ხრიკული, - ჩვენი წინაპარი ბატონს მოურავად გამოჰყოლია ხცისში. ღარიბი სოფელია, ძირითადად მესაქონლეობას ეწევიან. მიწები აქვთ, მაგრამ დამუშავება ჭირს და ბევრმა მიატოვა კიდეც. სარწყავი არ არის, ამის აღდგენა გაჭირდა. მოსახლეობის უმეტესობა უმუშევარია. თითებზე ჩამოსათვლელი ოჯახებია, ვისაც ნაკლებად უჭირს. ეკლესიურ ცხოვრებაში კი ნამდვილად პირველები ვართ. სოფელში დედათა მონასტერი გვაქვს. სქემმონაზონი სალომე უძღვება წმინდა გიორგის ტაძართან არსებულ დედათა მონასტერს, სულ შრომასა და გარჯაშია. გვახარებს ის, რომ სოფელში სამი მონასტერია: ორი მამათა და ერთი დედათა. ძალიან დიდი მადლი სუფევს ჩვენს სოფელში.
მანანა დაბრუნდაშვილი: - ჩემი ფესვები სოფელ ხავლეთიდანაა. როცა ხცისში ჩამოვედი, მეათე კლასში ვიყავი. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების მერე სოფელში დავბრუნდი. აქ შევქმენი ოჯახი. ჩვენი სოფელი უფრო მეტად ინტელიგენტური სოფელია. ოჯახი არ არის, რომ ორი, სამი უმაღლესდამთავრებული არ იყოს, მაგრამ სამსახური ბევრს არ აქვს. გვახარებს ის, რომ სოფელში ძალიან კარგი ბერ-მონაზვნობა მოღვაწეობს. ამოქმედების დღიდან ტაძარში დავდივარ. პირველი მრევლი ვარ. ტაძრის გახსნაზე მეუფემ აღნიშნა, - არ მეგონა, ამდენი მსურველი თუ იქნებოდა ტაძრის გახსნისო. ყველანი დაგვლოცა. მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის ჩვენი ეპარქიის სამღვდელოებისადმი. იმ ადამიანების მისამართითაც, ვინც აღადგინა ჩვენი სოფლის ტაძრები.
ეკლესიურმა ცხოვრებამ უფრო მეტად დამთმობი გამხადა. ადრე დავქვრივდი და უფლის წყალობით დავზარდე შვილები. ეს იყო ჩემი რწმენა. ტაძარში სიარულით სულიერ სიმშვიდეს, ნუგეშს, მადლს ვიღებ. ტაძრის დღესასწაულზე იმდენი მრევლი მოდის ხოლმე, რომ გაგიკვირდებათ. წმინდა ნინოს ნაკვალევზე რომ მოდიან ფარავნის ტბიდან, პირველად ჩვენს სოფელში შემოდიან. ალბათ ესეც უფლის ნებაა, რომ არავინ არ გვტოვებს უყურადღებოდ. სტუმართმოყვრე ხალხი ნამდვილად ცხოვრობს. ძალიან ბევრი ჯვრისწერა ტარდება სოფელში. ასაკიანებმაც დაიწყეს ჯვრის დაწერა. ვიდრე მეუფე ილარიონს ეპისკოპოსად აკურთხებდნენ, ხცისის წმინდა გიორგის ტაძარში წირავდა. მისი წინამძღვრობის პერიოდში გავიკეთე ვენების ოპერაცია. მთელი მრევლი ჩამოიყვანა საავადმყოფოში ჩემს გასამხნევებლად. ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა მეუფე ილარიონთან.
სოფელში საკრებულო გვაქვს, ამბულატორია, ბიბლიოთეკა. ხცისის საჯარო სკოლა გვაქვს. დაახლოებით 150 მოსწავლე სწავლობს ჩვენს სკოლაში.
ქალბატონი თამარ ლომიძე: - სოფელ ხავლედან ვარ. იქაურობა დაიმეწყრა და ხცისში ჩამოგვასახლეს. ძალიან კმაყოფილები ვართ. 82 წლისა ვარ და რაც ტაძარი ამოქმედდა, მას შემდეგ წირვა-ლოცვას არ ვაცდენ. ჩვენი ბერ-მონაზვნები ძალიან კარგები არიან. ლოცვა მუდამ შეიძლებოდა, მაგრამ ახლა რომ არის, ისე არ იყო წინათ. თუ ხელს გაანძრევ, არ ჭირს ცხოვრება. თუ არაფერს არ გააკეთებ, გაჭირვება კი იქნება...
სოფელ ხცისის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ზაზა გელაშვილი: - ხცისს ისეთი ადგილმდებარეობა აქვს, რომ უწყლობას განიცდის. მადლობა ღმერთს, ეს პრობლემა მოგვარდა. მომავალში ვაპირებთ, გაზი შემოვიყვანოთ და გამრიცხველიანება მოხდეს. ვცდილობთ, მოვაწესრიგოთ ცენტრალური გზა ქარელის რაიონიდან ხაშურის რაიონამდე. სოფელში ტრანსპორტის პრობლემაც აღარ გვაწუხებს დაMმრევლს უფრო უადვილდება ეკლესიამდე მისვლა. ჩვენს სოფელში საბავშვო ბაღიც აშენდა. სამი შვილი დამყავს ამ ბაღში. გვაქვს საშუალო სკოლაც. სოფელში ვაპირებთ განათების გაკეთებას. დენის პრობლემა კი სოფელს კარგა ხანია მოგვარებული აქვს.
მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით სტიქაროსანი გავხდი და სოფელ ხცისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ვმსახურობ. ჩემი მოძღვარი მამა ნიკოლოზ ბითაძე გახლავთ. დიდი მადლია სოფელში, რომ სამი მონასტერია დაფუძნებული და ჩვენთვის ლოცულობენ სასულიერო პირები. რაც მთავარია, სოფელში იეღოველები არ გვყავს. ეს ჩვენი ეკლესიის და მოძღვრების დამსახურებაა, თანაც მორწმუნე ხალხი ცხოვრობს. რაც დედათა მონასტერი ამოქმედდა, მას შემდეგ კეთილმოეწყო წმინდა გიორგის ტაძარი. ჩვენ, როგორც შეგვიძლია, გვერდით ვუდგავართ წინამძღვარს. გვერდით გვიდგანან კეთილი ადამიანები: თენგიზ ხოსრუაშვილი და ნიკოლოზ ჩუბინიძე. კიდევ ბევრნი არიან...
- მე ვარ თამარ ძამანაშვილი, - ასე დაიწყო საუბარი ერთმა პატარა გოგონამ, - ტაძარში მამა ეგნატემ მომიყვანა, როცა ოთხი წლის ვიყავი. მას შემდეგ ეკლესიაში დავდივარ. დღეს მამა ნიკოლოზი არის ჩემი მოძღვარი. ჩემი სურვილია, მუდამ ვიარო ეკლესიაში და ჩემს თანატოლებსაც მოვუწოდებ, მოვიდნენ. ეკლესიაში სულიერად ვისვენებ. ვლოცულობ, ვცდილობ, ყოველ შაბათ-კვირას დავესწრო ღვთისმსახურებას.
***
დედა სალომე: - ერში ყოფნის დროს გორში ვცხოვრობდი. პროფესიით გერმანული ენის სპეციალისტი ვარ და პედაგოგად ვმუშაობდი. შემდეგ პენსიაზე გავედი და დავიწყე გორის ეკლესიაში სიარული, ვისწავლე ხუცური და მთავარ მედავითნეს ვეხმარებოდი ღვთისმსახურებაში. იმდენად შევეჩვიე ეკლესიას, რომ სულ იქ ყოფნა მინდოდა. მეუღლისგან ძალიან დიდ წინააღმდეგობას ვაწყდებოდი, ეკლესიაში არ მიშვებდა. ერში ჩემი მოძღვარი გახლდათ მამა იოანე ოქროპირიძე, რომელიც სულ მარიგებდა, აუცილებელია ადამიანმა სული იცხოვნოსო. მაშინ ატენის სიონის ტაძარში მოღვაწეობდა. ამჟამად წყნეთში მსახურობს. როცა ტრანსპორტი ჭირდა ხოლმე, გორიდან ატენის სიონში მამა იოანესთან ფეხით დავდიოდით. ისე მოგვწონდა მისი ქადაგება, რომ ტაძრიდან წამოსვლა აღარ გვინდოდა. ვმადლობ მამა იოანეს, რომ მისი სწავლით და წინამძღვრობით მონასტრული ცხოვრება დავიწყე. უწმინდესმა მამა იოანე ხულოში გაგზავნა. მაშინ ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსი მეუფე იობი გახლდათ. მამა იოანეს იქ ხშირად ვსტუმრობდი ხოლმე. მამა იოანემ სოფელ შინდისში დააფუძნა დედათა მონასტერი, სადაც ცოტა ხანი დავყავი. როცა მეუფე იობი გადმოიყვანეს ურბნისისა და რუისის ეპარქიაში, თან წამოვყევი. მეუფის ლოცვა-კურთხევით, სურამის დედათა მონასტერში ვცხოვრობდი. ერთი წელი სურამში მეუფის ტრაპეზარი ვიყავი. 1997 წელს, მეუფის კურთხევით სურამის იტრიის დედათა მონასტერში წავედი. იქ ვცხოვრობდი რვა წელი. მერე ხცისში დედათა მონასტერში გამომიშვა წინამძღვრად. ***
მორჩილება ჩემთვის ყველაფერი იყო, წინამძღვრის მორჩილება - კანონი. წინამძღვრობა რთული იმით არის, რომ ადამიანი უნდა მიიყვანო ცხონებამდე. დღეს ძალიან რთულია ასწავლო ადამიანს, როგორ იცხოვროს მონასტერში. არა აქვთ იმდენი სულიერება, რომ გაგიგონ. ვცდილობ, რომ ჩემს მორჩილებაში მყოფი მონასტრის წევრები გადავარჩინო. არიან ადამიანები, რომლებიც შენს თვალწინ მორჩილებას ასრულებებ, მაგრამ გულში ბობოქრობენ. ვცდილობ, გადავაჩვიო ამ ჩვევებს იმის გამო, რომ ეს სულიერ წინსვლაში ხელს შეუშლით. ვცდილობ, რომ იყვნენ ლმობიერები, ადამიანების მოყვარულები და ურთიერთშორის დავა არ ჰქონდეთ. მონასტრის წევრებისთვის სენაკები ცალ-ცალკე გამოვყავი, იმის გამო, რომ მათ ჰქონდეთ საშუალება ჩაუკვირდნენ საკუთარ თავს, იფიქრონ, თუ როგორ იცხოვრონ, როგორ ილოცონ, როგორ ადიდონ უფალი. ვცდილობ ამას და როგორ გამომდის, უფალმა იცის.მონასტერში განსაზღვრული ტიბიკონი გვაქვს. დილით 4 საათზე ვდგებით, შუაღამიანს ვკითხულობთ. მერე მივაბამთ ცისკარს და ვამთავრებთ პირველი ჟამნით. 7 საათამდე ვლოცულობთ. ამის შემდეგ ვისვენებთ ერთი საათი. 9 საათიდან უკვე მორჩილებას ვასრულებთ.
***
გვახარებს ის, რომ ჩვენი მონასტერი და წმინდა გიორგის ტაძარი თანდათან მშვენდება. ახლახან გამოვცვალეთ ტაძრის კანკელი. ბატონმა თემურ ბერიძემ გაგვიკეთა კანკელი. მადლობელი ვარ ადგილობრივი მოსახლეობის, როგორც შეუძლიათ, ისე გვეხმარებიან. მეხმარებიან ჩვენი მამებიც. მონაზონი 1997 წლიდან ვარ. მონასტერმა ძალიან დიდი სიყვარული შემძინა. ულოცველად არ შემიძლია ყოფნა. სულს სწყურია ლოცვა. ფიზიკური უძლურება მაქვს და უფალს შევთხოვ, ლოცვის ძალა მომცეს. დიდი სქემა კიდევ უფრო მეტ ლოცვას მოითხოვს. ვლოცულობ ყველასთვის. მთავარია სიყვარული. თუ ერთმანეთის სიყვარული არ გვექნება, არარაობა ვიქნებით და უფალთან ვერ მივალთ. თუ ერთიც კი გვყავს მომდურავი, ცათა სასუფეველს ვერ დავიმკვიდრებთ. სახარებაშიც ხომ წერია, რომ ჩვენ უნდა ვილოცოთ ჩვენი მტრებისთვის, რათა ისინი მოექცნენ ქრისტიანული ცხოვრებისკენ. ქრისტიანობა სიყვარულია, მეტი არაფერი. თუ ერთმანეთი არ გვიყვარს, ქრისტიანები ვერ ვიქნებით და ქრისტიანის სახელის წოდების ღირსიც არ ვიქნებით. თუ შენ მარტო შენი ნათესავისთვის, ახლობლისთვის ილოცე, რა მოგეზღვება ამით? უნდა ილოცო შენი მტერებისთვის, რომ ისინი სწორ გზაზე დააყენო. მაშინ ხარ ჭეშმარიტი ქრისტიანი. უფალმა ყველა ადამიანი ერთნაირად გააჩინა, მისთვის განსხვავებული არავინაა. ასე უნდა ვიცხოვროთ ჩვენ დღეს, არავინ არ უნდა გვძულდეს. ერთმანეთს უნდა ვეხმარებოდეთ, ურთიერთის საქმე ვაკეთოთ და ერთად მივიდეთ უფალთან.
ძალიან მიყვარს თქვენი ჟურნალი. მუდმივი მკითხველი ვარ "კარიბჭის". დიდი სიხარულით ველოდები ხოლმე თითოეული ნომრის გამოსვლას. მადლობელი ვარ თქვენი. ღმერთმა დაგლოცოთ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში