ვერხვების დასახლება
ვერხვების დასახლება
ვერხვების დასახლებას ეძახიან გორის რაიონში მდებარე დევნილთა ახალშექმნილ სოფელს. გარშემო კვერნაკის მთა აკრავს, შუაგულ ველზე კი ერთმანეთის მიჯრით ერთნაირი საცხოვრებელი კოტეჯებია ჩადგმული. ეს დევნილთა ერთ-ერთი, შედარებით კეთილმოწყობილი დასახლებაა თურმე. მიკვირდა კიდეც, თუ როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები ამ "ჩიკორა" სახლებში. შორიდან დანახულს და ყურით გაგონილს თვალით ნანახი ვამჯობინე და ამ დასახლებას ვესტუმრე.

ვერხვების დასახლება იმით არის გამორჩეული, რომ იქ მეუფე ანდრიასა და კეთილი ადამიანების დახმარებით, ღვთის სახლი - წმინდა ნინოს სახელობის ტაძარია აგებული. აქ ტაძრის წინამძღვარმა, მამა დავით კასრაძემ და ჩვენმა უფროსმა მეგობარმა ზურაბ ოქროპირიძემ მიმასპინძლეს.

ხუმრობით ვუთხარი კიდეც ბატონ ზურაბს, - როგორ განასხვავებთ ერთმანეთისგან სახლებს-მეთქი და პასუხიც შესაბამისი მივიღე, - ცოტა შეზახორშებული კაცი თუ ამოუყვა აღმართს, შეიძლება სხვისი სახლი თავისი ეგონოს და კარი გაბედულად შეაღოსო. ხუმრობა იქით იყოს და, ზაფხულის ცხელ დღეებში იქ ვერ გაჩერდები. ვიფიქრე, ნეტავ ხეები დაგვერგო, ცოტათი ამოისუნთქებენ ჩვენი ჯიშიანი ქართველები და ვერხვების დასახლებაც სახელს გაამართლებს-მეთქი.

ამ დასახლებას წარსული არა აქვს, თანამედროვეობით ცხოვრობს და ახლა ქმნიან თავიანთ ისტორიას. დასახლების სახელის შეცვლაც სურთ. საუბარში მამა დავითმა ნინოწმინდა ახსენა და იქაურებმა მოიწონეს კიდეც. მართლაც, კარგი იქნება, თუ დევნილთა ამ დასახლებას ნინოწმინდა დაერქმევა. გზის იოლად გასაკვლევად ქუჩებს სახელები დაარქვეს. აქ შეხვდებით - ფრონეს, ლიახვის, წვერიახოს, ერთობის, წმინდა ალექსანდრე (ოქროპირიძე) ეპისკოპოსის, ბერი ბესარიონ ფავლენიშვილის, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ქუჩებს. არის გერმანელების ხეივანიც - ამ დასახლების დაფუძნებაში გერმანელებს მიუძღვით დიდი წვლილი.

ბატონი ზურაბი დისეველია: - ჩვენს კუთხეში მრავალი ისტორიული ძეგლი იყო. დიდი და პატარა ლიახვის ხეობაში ბატონ ბადრი გასპაროვთან ერთად აღვადგინეთ რამდენიმე ტაძარი, მათ შორის დისევის ძელიცხოველი. ომის წინ კულბითის ღვთისმშობლის აღდგენა გინდოდა. არ დაგვცალდა. სარესტავრაციო სამუშაოების დაწყების წინ ბატონი ნიკა ვაჩეიშვილი ჩამოვიყვანეთ, მითითებები მოგვცა, როგორ უნდა წარგვემართა მშენებლობა. მაგრამ... ომი მალევე დაიწყო. მასალა მიტანილი გვქონდა და ყველაფერი ხელუხლებელი დავტოვეთ. ხეობაში აღვადგინე ასევე ხეითის ე.წ. გოჩას ეკლესია, რომელიც ომის დროს დაიბომბა. ერედვის წმინდა გიორგის ეკლესიის გალავანი ომის დროს ჩამოინგრა. რამდენიმე ეკლესია დაიწვა და გაიძარცვა.

ჩვენს გაზეთში გამოქვეყნდა წერილი სათაურით - "რა მოხდა კეხვში გიორგობას". აქ თვითმხილველთა მიერ გადმოცემულია სასწაული, რომელიც წმინდა გიორგის ტაძარში მოხდა. დღეს თამარაშენის ადგილზე კოტეჯები ჩადგეს და ხალხი დაასახლეს. იქაურებს გადაუწყვეტიათ, ჩვენს ქართულ ეკლესიაში გიორგობა ეზეიმათ. თეთრსამოსიანი ქალი გამოსცხადებიათ და უკითხავს, - ჩემი მრევლი კიდევ არ მოსულაო? ისე შეშფოთებულან, რომ ტაძრიდან ფეხაკრებით გამოსულან. იქ ალბათ ზოგი რუსი იყო, ზოგიც - ოსი. ამგვარი სასწაულები ხშირია ორივე ლიახვის ხეობაში.

როცა დევნილებისთვის სახლები შენდებოდა, უმრავლესობამ ტაძრის აშენება ითხოვა.

KARIBCHEდევნილები ე.წ. ვერხვების დასახლებაში ვცხოვრობთ. აქ ცხოვრობს ფრონეს, დიდი და პატარა ლიახვის სოფლების მოსახლეობა. დიდი ლიახვის ხეობის სოფლებსაც ჩამოგითვლით: თამარაშენი (აქ იქაური 40 ოჯახი ცხოვრობს), ზემო და ქვემო აჩაბეთი, ქურთა, კეხვი, ძარწემი, ქემერტი, ხეითი და სვერი. პატარა ლიახვისაა ერედვი, ბერულა, არგვიცი, ვანათი, ბელოთი, აწრის ხევი, საცხენეთი, ჭარები (1 ოჯახი). აქ არიან ასევე დისეველები (25 ოჯახი), ქსუისელები და არცეველები (2 ოჯახი). ფრონეს ხეობაა: ავნევი, ნული და ოქონა. სხვათა შორის, აქ ცხოვრობს მამა დავით დურგლიშვილი და მისი ოჯახი. მამა დავითი ნიქოზში მეუფე ისაიასთან მსახურობს. ვერხვების დასახლებაში სულ 300 ოჯახია. ადრე ასე ახლოს არ ვიცნობდით ერთმანეთს. ახლა ნელ-ნელა ვუახლოვდებით ჩვენი კუთხის ხალხს.

ერთად თანაცხოვრებით უნდა ჩამოყალიბდეს ამ სოფლის თანამედროვე ისტორია.

თავიდან გვითხრეს, გერმანელები აშენებენ გორის ახლოს დაახლოებით 300 საცხოვრებელ კოტეჯსო. უფრო ადრე აშენდა კოტეჯები ხურვალეთში, შავშვებში, ბერბუკში, სკრაში, კარალეთში. ვერხვების კოტეჯების მშენებლობაში დიდი წვლილი უდევს ფირმა "ბლოკ ჯორჯიას". მშენებლობაში დევნილი მოსახლეობაც მონაწილეობდა. სამშენებლო კომპანია თან ასწავლიდა დასაქმებულთ ხელობას.

ამ ყველაფრის უკან იმდენი სევდაა, გული მოგიკვდება. ზოგიერთმა შვილი დაკარა, მათ თვალწინ მოხდა ეს ტრაგედია. მაგალითად, ერედვში ერთმა აფეთქებამ ექვსი კაცი შეიწირა. სოფელი არ დარჩენილა, რომ მსხვერპლი არ ყოფილიყო. ჭარებში ორი მოხუცი არაფრის გულისთვის მოკლეს. მოხუცებულების უმეტესობა დარჩა სოფლებში, არ დატოვეს თავიანთი სახლ-კარი. ფიქრობდნენ, არაფერს გვიზამენო, შვილები გამოგზავნეს სამშვიდობოზე, მაგრამ მაინც არაფერმა გაჭრა. ზოგი წამებით მოკლეს, ზოგმა გზაში დალია სული. ფაქტობრივად თავიდან დაიწყეს ცხოვრება. კიდევ კარგი, რწმენა და უფლის სიყვარული გვაძლებინებს.

ძალიან გაგვახარა ახლახან უწმინდესის სტუმრობამ. ახლოდან არ მენახა და წინა რიგში დავდექი. არც მეგონა, ოდესმე კიდევ თუ გაგვიხარდებოდა რამე. უწმინდესმა გვანუგეშა და მოგვეფერა.

ჩვენს დასახლებას სახელი არა აქვს და ერთმა იხუმრა, - რადგან სხვადასხა სოფლის მოსახლეობა ცხოვრობს, არეულა დავარქვათო. აჯობებს, თუ სოფელს ნინოწმინდა დაერქმევა. ჩვენს ხეობაში წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი არ იყო და დღეს, ღვთის წყალობით, აგვიშენეს.

***
დასახლებაში სხვადასხვა გვარის ხალხი ცხოვრობს. მათ შორის არიან ტურაშვილები, ბერუაშვილები, ცოტნიაშვილები, ქრისტესიაშვილები, ოქროპირიძეები, კასრაძეები, გოჩაშვილები, ლაბუციძეები, ჭიღლაძეები, გიუნაშვილები, ტოლიაშვილები. ცდილობენ, აქ გააგრძელონ მამაპაპური ტრადიციები. ძალიან ახლო მეზობლობა გვაქვს ერთმანეთთან. სკოლა ჯერჯერობით არ გვაქვს, არც საბავშვო ბაღი. გორში უწევთ სიარული. იმედი გვაქვს, აგვიშენებენ.

პრობლემა ის არის, რომ ხალხს მიწა არა აქვს. ისეთი მშრომელი ხალხია, რომ ფიზიკური მუშაობის გარეშე ვერ ძლებენ. ზოგმა ახლომახლო ბოსტანი გააკეთა. ზოგმა ისე მოიწყო ეზო-კარმიდამო, რომ ყველაფერი აქვს. სხვა დასახლებასთან შედარებით ჩვენი კოტეჯები უფრო კეთილმოწყობილია. იმედი გვაქვს, დავბრუნდებით ჩვენს სახლებში. ამ სასწაულისა გვჯერა.

ეს მდგომარეობა ჩვენი კიდევ ერთი გამოცდაა, რასაც უნდა გავუძლოთ და შინ უფრო სხვანაირები დავბრუნდებით - ყველაფერი ცუდი უკან უნდა ჩამოვიტოვოთ და უკეთესები შევიდეთ ჩვენს მიწაზე. თუ უფალს უფრო მეტად მივუახლოვდებით, მაშინ ვერაფერი დაგვამარცხებს.

ყოველთვიურად პროდუქტებით გვეხმარებიან. ფულადი შემწეობა 22 ლარია. ვინც იქ სახელმწიფო სამსახურებში მუშაობდა, მათ ხელფასები შეუნარჩუნდათ. უმრავლესობა მაინც დაუსაქმებელია. თუმცა ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ ბევრი დაასაქმა.

***
ბერი ბესარიონ ფავლენიშვილის ქუჩაზე, თაკარა მზეში, ერთი სახლის წინ რამდენიმე კაცი შეკრებილიყო. საუბრობდნენ. ამ სახლში ავნეველი მამა დავით დურგლიშვილის ოჯახი ცხოვრობს. შინ მხოლოდ დედ-მამა დაგვიხვდა. ქალბატონმა ინეზა თადაევამ ცრემლნარევი საუბრით დაიწყო: - ადრე ავნევში ვცხოვრობდით. ყველაფერი გვქონდა. ჯანმრთელები არც იქ ვიყავით, მაგრამ აქ უარესი დაგვემართა. ჩემს მეუღლეს წნევის გამო ლაპარაკიც უჭირს. რაც იქიდან წამოვედით, რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი გამოვიცვალეთ. ხუთ თვეში ორი ოპერაცია გავიკეთე.

KARIBCHE- როგორ გახსენდებათ მაშინდელი ყოფა?

- ძალიან კარგი დრო გვქონდა. რაც ახალი მთავრობა მოგვივიდა, წვიმა-წყალივით წინ წამოვედით. კარგი სოფელი კი გვქონდა, მაგრამ სიმდიდრით არ გამოირჩეოდა. მამულები ძალიან ცოტა იყო. მერე და მერე მოგვცეს მამულები. ძველი ისტორიული სოფელია ავნევი. ორი ტაძარი გვქონდა. ერთი ჩვენს მამულთან იყო ახლოს. ავნევში 4 აგვისტოს დაიწყო ომი. ჩვენი ოჯახი 13 რიცხვამდე სოფელში იყო. ჩემი შვილი, მამა დავითი ფეხს არ იცვლიდა ავნევიდან - თუ ყველანი არ გამოვლენ, არსად წამოვალო. მამა დავითი ავნევის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის გარდა ნიქოზშიც მსახურობდა. იმ დროს, როცა ომი დაიწყო, მწყემსად იყო წასული. თან მეზობლის ბიჭი წაიყვანა და ლამის მომიკლეს. ტელეფონით შევეცადეთ დავკავშირებოდით. მამაო იქიდან გვეუბნებოდა, ვერ ვსაუბრობ, გაჩუმდით, ნუ მელაპარაკებით, მილში ვარ ჩამალულიო. რუსმა სამხედროებმა ჩამოიარეს და საქონელი შიშისაგან დაიფანტაო. რახან მისი ხმა გავიგონეთ, ცოტა დავწყნარდით. მის თანმხლებ მეგობარს ფეხი მოსტყდა. ხან ვის სარდაფს ვაფარებდით თავს, ხან ვისას. ოთხი ოჯახი დავრჩით მაშინ ავნევში. ჩემს შვილს ვეუბნებოდი, უშენოდ არ წავალთ-მეთქი. ერთხელ ჩვენს კარებთან ჩამოვარდა ბომბი და მთლიანად ჩამოამტვრია შუშები. 13 აგვისტოს წამოვედით ავნევიდან. გზაშიც ტყვიები მოგვწუოდა. წამოვედით და სახლებიც გაძარცვეს, ზოგიც გადაწვეს. ჩემს შვილს ეგონა, სასულიერო პირის ოჯახში ვერავინ შემოვიდოდა. თანაც მე ოსი ვარ, თადაევა. ჩვენს სახლში მივიდნენ კი არა... ქალიშვილი მყავს ზესტაფონში. ჩვენ მის ცოლ-შვილთან ერთად იქ ვიყავით, მამა დავითი კი ცხინვალში დადიოდა, მიცვალებულები ამოათხრევინა. ორჯერ დაიჭირეს კიდეც ავნევში - ხალხის გამოსაყვანად შევიდა და დაიჭირეს მეგობართან ერთად. მანქანაში თურმე ერთმა წვერზე სანთებელით ცეცხლი წაუკიდა... ერთხელ კიდევ ავნევში საჭმელი მიჰქონდა დატყვევებული ხეობელებისთვის... ბევრი სიმწარე ვნახეთ ავნევში. რამდენჯერ გადავურჩით სიკვდილს. ეკლესია ერთი დღითაც არ მიუტოვებია მამა დავითს. ტაძრის საძირკვლის გათხრის დროს მიცვალებულთა ძვლები ნახა. ვეღარ მოასწრო მათი დამარხვა. დარდობს ამას. ერთ დღეს გულმა არ მოუთმინა და წავიდა. დაიჭირეს. მერე ერთ ოსის კაცს დაურეკა და სთხოვა, დაემარხათ ძვლები. ჩვენს ტაძარში ბომბი შეაგდეს და დაინგრა. მამა დავითი დარდობდა, ძვირფასი წიგნები და სიწმინდეები დამიწვესო.

ახლა აქ სულ თავიდან ვიწყებთ ცხოვრებას. რა მომკლავს, თუ ავნევში დაბრუნებას მოვესწარი. ამჟამად მამა დავითი ნიქოზშია. ოთხი შვილი ჰყავს.

KARIBCHEშემდეგ ფრონის ქუჩაზე, ბატონ გიორგი ბერუაშვილს ვესტუმრეთ. ბერუაშვილები პატარა ლიახვის ხეობიდან, ბერულადან არიან.

- სოფლის სახელიდან წამოვიდა ჩვენი გვარი ბერუაშვილი, - მითხრა მასპინძელმა, - ჩვენი გვარის გარდა სოფელში ცხოვრობდნენ მაისურაძეები, ვახტანგაშვილები. სოფლის დაბომბვა რომ დაიწყო, იმ საღამოს დიცში ჩამოვედით. მეორე დღეს ისევ შინ დავბრუნდით. მერე ისევ დაიწყო დაბომბვა. მერე უკვე ვეღარ გავჩერდით და თბილისში წამოვედით. ძალიან კარგი სოფელი იყო ბერულა. ქართველები და ოსები ერთად ვცხოვრობდით. ისე, ომის დაწყებამდეც სულ შიშით ვცხოვრობდით. ჩვენს სოფელსაც ძალიან ემტერებოდნენ. მაგრამ მაგრად ვიდექით და სოფელს არ ვტოვებდით. მერე დაბომბვა დაიწყო და წამოვედით. იქაურობა მენატრება... უმუშევრად ვართ და დახმარებას 22 ლარს ვიღებთ. იმას ველოდებით თვიდან თვემდე. ყველანი ერთად ვართ ჭირსა თუ ლხინში. არ ვივიწყებთ ტრადიციებს. ნოემბერში მოვედით აქ და პირველი ახალი წელიც აღვნიშნეთ. მიწა არ გვაქვს და ეს ძალიან გვირთულებს ცხოვრებას. ფიზიკურ შრომას ვართ მიჩვეულები, აქ ამის საშუალება არა გვაქვს.

ქალბატონი ლილი მამისაშვილი დისეველია.

- ჩემი სახლი და ჩემი სოფელი ყველაფერს მირჩევნია, - მითხრა მან, - დავიბადე და გავიზარდე ერედვში. მერე დისევში გავთხოვდი. ჩემი სახლის თავზე ნაძვნარი იყო. იქვე გამოდიოდა წამალაწყარო. ზაფხულში ცივი იყო, ზამთარში - თბილი. ნაძვნარს ჩაუდიოდა მდინარე დისევურა. გესიამოვნებოდა, ისეთი საამო იყო ირგვლივ ყველაფერი. კარგი მეზობლობა და ახლობლობა გვქონდა. აქ ყოფნა მცირედ იმით მიმსუბუქდება, რომ დისეველთა რამდენიმე ოჯახი ჩემს გვერდით ცხოვრობს. ჩვენს სოფელში იყო ძელიცხოვლის ეკლესია. იქ ავდიოდით ხოლმე და სანთლებს ვანთებდით დღესასწაულებზე. იქიდან წამოსვლას ნუ გამახსენებთ. ჩემი მხსნელი და მფარველი ზურა ოქროპირიძე იყო. 5-6 დღე მეზობლები სარდაფში ვიმალებოდით. შუქს ვერ ვანთებდით - გვეშინოდა. გაუკაცრიელებული დავტოვეთ იქაურობა. ძაღლი არ შემხვედრია არსად. მომაკითხა ზურამ და გამომიყვანა მანქანით... წარმოიდგინეთ, როგორ უნდა ვიყო მარტო პენსიონერი ადამიანი. არ გაგვაფრთხილეს, გაზი გვიან ჩაგვირთეს და დენის გამათბობლით იმდენი გადასახადი დაგვიგროვდა, რომ გადახდა შეუძლებელი იყო. მინდა მჯეროდეს, რომ უკან დავბრუნდებით.

KARIBCHEნინო ბოცვაძე წმინდა ნინოს ტაძარში გავიცანი. მამა დავითის ლოცვა-კურთხევით, ტაძრის მესანთლეა.

- ერედველი ვარ. ომის მერე დავტოვეთ სოფელი. ომის დაწყებისთანავე დაიბომბა ერედვი, ჩემი სახლიც მაშინ დაინგრა. გამოვასწარით და თბილისში დავსახლდით. ერთი წელი სამხედრო ჰოსპიტალში მშობლებთან ერთად ვცხოვრობდი. მერე თბილისიდან წამოგვიყვანეს და დაგვასახლეს ხიდისთავის საბავშვო ბაღში. მერე ვერხვების დასახლებაში დავიდეთ ბინა.

ძალიან თბილად და ლამაზად მახსენდება ჩემი სოფელი. ყველაზე მეტად ჩვენი IX საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი მენატრება... ნეტავ ჩემს ტაძარში ერთხელ მაინც შემიყვანა და იქაურობა მომალოცვინა... ოსები ემზადებოდნენ ომისთვის. ვხედავდით, როგორ გაჰყავდათ ბავშვები და ქალები. იმდენად ვიყავით სროლებს შეჩვეულები, რომ ეს ამბავი არ გაგვკვირვებია. 1990 წლიდან სულ დაძაბულობა იყო ჩვენს რეგიონში. ომი თუ დაიწყებოდა, არ ველოდით. როცა დაიწყო სოფლის დაბომბვა, წამოვედით. ჩემი ძმა დღესაც ჯარშია. ავნევშიც იბრძოდა. სკოლა ავნევში დავამთავრე. მერე სწავლა თბილისში გავაგრძელე. ერედვში ძალიან ბევრი ეკლესია გვქონდა, წმინდა გიორგისა რამდენიმე იყო - გერის წმინდა გიორგი, ერედვის წმინდა გიორგი. ქართველი მრევლის დაბრუნებას ელოდება ჩვენი ტაძრები. გული მტკივა, რომ ერედვი დღეს მიწასთან არის გასწორებული. ამბობენ, რუსები აეროდრომს აშენებენო. ჩვენს ეკლესიას გარშემო დიდი გალავანი ჰქონდა. დაუნგრევიათ. ტაძარი კი ხელშეუხებელიაო. რუსებს განსაკუთრებით ჩვენი სოფელი ეზიზღებოდათ, რადგან ქართული იყო. ახალ გარემოსთან შეგუება განსაკუთრებით ასაკოვნებს უჭირთ. ფიზიკურ შრომას შეჩვეულთ მიწა არა აქვთ. სახლის წინ პატარა ნაკვეთებში ტრიალებენ. ჩვენი დასახლების ტაძრის წინამძღვრის, მამა დავითის კურთხევით ვაპირებ გორის სასულიერო სემინარიაში სწავლას. იმედი მაქვს, რომ დავბრუნდები ჩემს სახლში.

მამა დავით კასრაძე: - ეს ერთ-ერთი ყველაზე კარგი დასახლებაა, თუნდაც იმით, რომ აქ ღვთის სახლია და მოძღვარი ჰყავთ, რომელიც მათ სულიერ და ხორციელ ტკივილს უმსუბუქებთ. სადაც არ უწევს სასულიერო პირს მისვლა, იქ მძიმე მდგომარეობაა. გაჭირვებულ ადამიანებს ტაძრიდან შინ ღვთის მადლი მიაქვთ.

მე დავიბადე დედულეთში, აფხაზეთში, გალში. მამაჩემი გორელია და ბავშვობაც გორში გავატარე. ოჯახში ქრისტიანული წეს-ჩვეულებებით აღვიზარდე. აფხაზეთში პირველი არეულობა რომ დაიწყო, იქ მომიწია ყოფნამ. სამწუხაროდ, ვერ მოვასწარი აფხაზეთის სიწმინდეების მოლოცვა. როცა ომი დაიწყო, მაშინ პირველ კლასშიც არ ვყოფილვარ. გალში ბაბუა მარტო ცხოვრობდა და დედა ვერ ტოვებდა. მისი გარდაცვალების მერე გორში წამოვედით. სკოლის დამთავრების შემდეგ საფარის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სასულიერო სემინარია დავასრულე. 1999 წელს დავოჯახდი. მყავს მეუღლე და ოთხი შვილი. დიაკვნად 2004 წელს, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე მაკურთხეს, სულთმოფენობას კი მღვდლად და დამნიშნეს სოფელ სკრაში მღვდელმსახურად. ეს სოფელი გორიდან 12 კილომეტრშია. ვმსახურობ ასევე გორის საკათედრო ტაძარშიც. წმინდა ნინოს ტაძარში კი წინამძღვარი გახლავართ. სკრაში ბავშვებს რელიგიის ისტორიას და კულტურასაც ვასწავლი. 2009 წელს, როცა დევნილებისთვის დაიწყეს კოტეჯების აშენება, ფირმა "ბლოკ ჯორჯიამ" და ბატონმა გია ჯანაშვილმა აგვიშენეს წმინდა ნინოს სახელობის და წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი. მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით, ტაძარი 2009 წლის 27 დეკემბერს ვაკურთხეთ.

- რამ გადაგაწყვეტინათ სასულიერო სემინარიაში ჩაბარება?

- ჩემთვის მაგალითი იყო ცხონებული ტარიელ ჯანეზაშვილი. რომ ვუყურებდი, როგორ დადიოდა სემინარიაში და ჰქონდა ბერებთან ურთიერთობა, სურვილი გამიჩნდა, მესწავლა მათთან ერთად. საფარის სასულიერო სემინარია მართლაც დიდი სასულიერო სკოლაა. პირველ რიგში შემძინა სულიერება, რასაც ყველგან ვერ მივიღებდი. ვცხოვრობდი საფარის მონასტერში, ბერებთან ერთად. ძალიან ტკბილად მაგონდება ის პერიოდი. მიტროპოლიტი თეოდორე მაშინ საფარის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო.

უნდა გითხრათ, რომ 12 წლის ასაკში სტიქაროსანი ვიყავი. ბავშვობიდანვე სასულიერო პირებთან ურთიერთობის შემდეგ უკვე სურვილი გამიჩნდა, მეც ღვთის გზას დავდგომოდი. ბერობაზეც მიფიქრია, ტკბილია ბერობა, მაგრამ ყველაფერი ღვთის ნებაა და უფალმა მღვდელი გამხადა. თავიდან, როგორც ყველას, გამიჭირდა მღვდლობის მძიმე ჯვრის ტარება, მაგრამ ღვთის მადლით, მეუფე ანდრიასა და სასულიერო პირების თანადგომით, ძალა მომეცა...

***
როცა გადაწყდა, რომ ფირმა "ბლოკ ჯორჯიას" აეშენებინა დევნილებისთვის კოტეჯები, უკვე ურთიერთობა მქონდა ვახტანგ, მამუკა და გია ჯანაშვილებთან. ყველა სახლის საძირკველი ვაკურთხეთ. შემდეგ მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით ვაკურთხეთ ტაძრის საძირკველი წმინდა ნინოს სახელზე. ამ ფირმამ აგვიშენა და დაგვიმშვენა ტაძარი თავისი ტერიტორიით. ტაძარში სხვა დასახლებიდან და გორიდანაც ამოდიან დევნილები. ურთიერთთანადგომით ვცხოვრობთ, გულისტკივილს ვუზიარებთ ხოლმე ერთმანეთს. ამ ხალხს მართლაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. დიდი სურვილი გვაქვს, რომ ტაძართან დავაარსოთ სამრევლო სკოლა. იმედია, ღვთისა და კეთილი ადამიანების დახმარებით მოხერხდება ამის განხორციელება. მეუფე ანდრია ხშირად გვსტუმრობს.

ბევრი აღმსარებელი და მაზიარებელი ჰყავს წმინდა ნინოს ტაძარს. უწმინდესის სტუმრობამ ძალიან გაგვახარა. მან დალოცა დევნილები და გაამხნევა.
ბეჭდვაელფოსტა
14.02. 2021
₩₩₩
პირველი ის, რომ ეგ ტერიტორია ქ. გორის გარეუბანია და აღნიშნული დასახლება ბორბალოს ანუ შავ მთაზეა განლაგებული, მეორე - ე. წ ვერხვების დასახლება არის გორის შემადგენელი ნაწილი და თავისი ისტორიაც გააჩნია და ბოლოს, დევნილებმა სახელები მოუძებნონ, დაარქვან და დაეპატრონონ იმ ტერიტორიებს, საიდანაც გამოიქცნენ და მტერს შეატოვეს
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat