მუზეუმთან ახლოს არის აღდგომის სახელობის ტაძარი და დედათა მონასტერი. ეს ტაძარი წმინდა დიმიტრი ყოფიანის კარის ეკლესია გახლდათ.
მუზეუმში გიდობა ბატონმა დავით სამსონიძემ გამიწია.
- ეს სახლი დიმიტრი ყიფიანმა XIX საუკუნის 60-იან წლებში ააშენა. გასული საუკუნის 20-იან წლებში, როდესაც სახლი გადაეცა მწერალთა კავშირს, ნივთები მეზობლებში გაიტანეს. დროთა განმავლობაში კვლავ უკან დაბრუნდა. მუზეუმში განთავსებულია წმინდანისეული და ამავე ეპოქის შესაბამისი ნივთები - წმინდანის საწოლი, კარადა, მაგიდა... ამ სახლში ბოლოს ცხოვრობდა წმინდა დიმიტრი ყიფიანის რძალი ნინო ყიფიანი. ის 1937 წელს გარდაიცვალა. მან თავის სიცოცხლეშივე გადასცა ყიფიანების სახლი მწერალთა კავშირს. მუზეუმი დღეს სავალალო მდგომარეობაშია. ყველაფერი გამოსაცვლელი და შესაკეთებელია. წვიმის წყალი აზიანებს წმინდანის ნივთებს. წინათ აქ მწერალთა დასასვენებელი სახლი იყო განთავსებული. ამ წმინდა ადამიანის ღვაწლის დაფარვა შეგნებულად თუ შეუგნებლად ხდებოდა. რაც დედაეკლესიამ დიმიტრი ყიფიანი წმინდანად შერაცხა, თითქოს უფრო მეტ ყურადღებას ვგრძნობთ, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია.
მუზეუმში მიმასწავლეს მხცოვანი ქალბატონი ანა ღონღაძე, რომელიც ყიფიანების აქ ყოფნას მოესწრო.
- ბატონ კოტეს, დიმიტრი ყიფიანის ვაჟს, ერთხელ დურგალი დასჭირვებია. მამაჩემი ქიტა გახლდათ ძალიან კარგი ხელოსანი და ჩვენთან გამოუგზავნიათ. კოტეს როცა უნახავს, როგორ პირობებში ცხოვრობდა ექვსი ძმა, უთქვამს, - ჩემთან გადმოსახლდი და თან საქმე გამიკეთეო. კოტემ მამას ადგილმამული უბოძა, ამჟამადაც აქ ვცხოვრობთ. ღობე გვყოფს ყიფიანებთან.Kკოტეს გარდაცვალების შემდეგ მის მეუღლესთან ნინო ყიფიანთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. მეუღლე სიყვარულით ნინუკის ეძახდა. ძალიან კარგად მახსოვს ნინოს სიცოცხლის ბოლო დღეები. როცა შეუძლოდ გახდა, დედა მაშინვე მასთან მივიდა. მთელი უბანი თავს ეხვია... სამახსოვროდ დაგვრჩა მისი კეთილი საქმეების გახსენება. იმდენად მიყვარდა ნინო ყიფიანი, ნათლიას ვეძახდი ხოლმე. ლიტერატურის კითხვა მან შემაყვარა და ხშირად მჩუქნიდა წიგნებს.
ბევრი საზოგადო მოღვაწე მოდიოდა ხოლმე ამ სახლში. მათ შორის შალვა დადიანი, ლეო ქიაჩელი, ალექსანდრე აბაშელი, მიხეილ ჯავახიშვილი. საკუთარი თვალით ვნახე, ქვიშხეთში ყოფნის დროს როგორ დააპატიმრეს ბატონი მიხეილი. იმ დღეს დედამ რძე გამატანა მასთან და შევესწარი დაპატიმრებას. სახლს შავი მანქანა მიუახლოვდა. იქიდან გადმოსულმა კაცებმა უკან დამწიეს ჩემი ბოთლიანად და მიხეილის გამოსაყვანად სახლში შევიდნენ...
დედათა მონასტერი
აღდგომის სახელობის წმინდა დიმიტრი ყიფიანის კარის ეკლესია XIX საუკუნის 60-იან წლებშია აგებული. ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტის მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, 2006 წლიდან აქ დედათა მონასტერი დაფუძნდა. მონასტრის წინამძღვარი გახლავთ დედა ანთია (თავართქილაძე). - სენაკების აშენებამდე სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე კოტეჯში ვცხოვრობდით, - მიყვება დედა ანთია, - ქვიშხეთელები სიხარულით შეხვდნენ მონასტრის დაფუძნებას და გვერდით დაგვიდგნენ. ტაძრის მოძღვარს მამა ანდრიას დიდი წვლილი მიუძღვის აქაურების სულიერად ჩამოყალიბებაში. ცოცხალი სარწმუნოება იგრძნობა სოფელში. გვერდით გვიდგანან ღვთის საქმის კეთილად აღსრულებაში. თითქოს ერთმანეთის ტვირთს ვზიდავთ ხოლმე. ისინი ჩვენთან მოდიან ნუგეშის მისაღებად. ღმერთმა დალოცოს ყველა ქვიშხეთელი.
ღვთის მადლით, სწრაფად აშენდა სენაკები. რასაც ვაკეთებდი, მინდოდა, გულით შემექმნა. უფალი კიდევ ადამიანის გულს იწირავს. უფალმა ეს ძალიან ბევრჯერ დამანახა. მაგალითად, როდესაც ადამიანურად დავგეგმავდი რაღაცას, ვხვდებოდი, რომ შეუძლებელი იყო ამის გაკეთება. ღმერთს რომ ვთხოვდი, - უფალო, მიკურთხე ამ საქმის აღსრულება-მეთქი, ყველაფერი აეწყობოდა.
***
როდესაც მეუფე იობი ბათუმიდან გადმოიყვანეს, ჩემი სულიერი მოძღვარი, არქიმანდრიტი სტეფანე (კორინთელი) მეუფეს თან გამოჰყვა, მეც მათ გამოვყევი. მაშინ ბათუმის საკათედრო ტაძრის მრევლი და მგალობელი ვიყავი. ვცდილობდი ძირფესვიანად გამეგო ღვთისკენ მიმავალი გზის არსი. ვიცოდი, რომ არის ორი გზა -კარგი და უკეთესი. მინდოდა უკეთესი გზა ამერჩია. დრო ისე გადიოდა, რომ თავისთავად მოვიდა ჩემში მონასტრული ცხოვრების სურვილი და დავადექი ღვთის გზას. მთავარი იყო, უფლის მსახურებაში ვყოფილიყავი, მეცხოვრა მორჩილებით და მერე ღვთის ნებით წარმართულიყო ჩემი ცხოვრება.ჩემს სულიერად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს მოძღვარს. ვცდილობდი, მოძღვრის ლოცვა-კურთხევა და მორჩილება ყოველთვის შემესრულებინა. მორჩილებამ მომიყვანა ამ გზამდე. წმინდა ანტონი დიდს რომ ეკითხებიან, - ვინ გადარჩებაო? პასუხობს, - მარტო მორჩილნი და თავმდაბალნიო. მეც ვცდილობდი მსგავსად მეცხოვრა. მორჩილება ასევე გამოიხატება საკუთარი ნების უარყოფაში და მოძღვრის მორჩილებაში. მორჩილება ყოველთვის აუცილებელია მონასტერში და ერში მცხოვრები ადამიანისთვის. ის ფარივით გიფარავს.
ურბნისისა და რუისის ეპარქიაში, სურამში მეუფის რეზიდენციაში ვცხოვრობდი. თავიდან მგალობელი ვიყავი და სხვადასხვა მორჩილებას ვასრულებდი. მერე მორჩილის კაბით შემმოსეს, რამდენიმე წელში მონაზონი გავხდი. ერთი წელი რუისის დედათა მონასტერში დავყავი, მერე ქვიშხეთის დედათა მონასტერში გადმომიყვანეს. ღვთის ნებითა და კეთილი ადამიანების დახმარებით დავაფუძნეთ მონასტერი. ჩვენს მონასტერში ძირითადი მორჩილებაა ხელსაქმე - კერვა, თექაზე მუშაობა, სანთლების დამზადება, ვაცხობთ სეფისკვერს. არის სატრაპეზოს მორჩილება. თავიდან მონასტერში ორნი, მე და მორჩილი ნინო ვიყავით. ამჟამად შვიდნი ვართ. ჩვენი მონასტერი ჩვეულებრივი მონასტრული ტიპიკონით ცხოვრობს. მონასტერი ძირითადად შემოწირულობებით არსებობს. შემომწირველთა სახელზე აღვავლენთ ხოლმე პარაკლისებს. ღვთის წინაშე პასუხს ვაგებთ ყოველი შემომწირველის გამო და ჩვენც მადლიერებას ამით გამოვხატავთ ხოლმე. სპეციალურ ლოცვებს ვკითხულობთ უჭირისუფლო მიცვალებულებზე.
მადლობა ღმერთს, რომ აქაურები ჩართულნი არიან ეკლესიურ ცხოვრებაში. შემოვიკრიბეთ ახალგაზრდები. თანდათან შევასწავლეთ სანთლის ჩამოქნა, ქარგვა, თექაზე მუშაობა. როცა რაიმე სჭირდება მონასტერს, დიდი სიხარულით მოდიან ჩვენს დასახმარებლად.
***
მონასტერში ადამიანი ღვთის მოშიშებითა და კრძალვით უნდა მოდიოდეს, რათა აქედან მადლი წაიღოს. ისეთ დროს იღებს კაცი მადლს, რომ შეიძლება გაგვიკვირდეს. მონასტერმა ადამიანებს პირველ რიგში სიყვარული უნდა დაანახვოს. ჩვენი ცხოვრების წესიც უსასრულო შენდობა უნდა იყოს, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ ყველა შენდობას ვითხოვთ ღვთისგან. ამ წესით თუ ვიცხოვრებთ, ადამიანებს გული გაუთბებათ და შევასრულებთ უფლის სიტყვებს - "ურთიერთარს ტვირთი იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესიო". ღვთისგან შეწევნა რომ ვიგრძნოთ, ჩვენზეც ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული. ბევრი ცხოვრობს ეკლესიურად და ხშირად ვერ მოემართებათ ხელი, რის გამოც დრტვინვას იწყებენ. ამას სხვადასხვა ახსნა მოეძებნება. ზოგჯერ ხდება იმიტომ, რომ ადამიანმა უფრო მეტი ილოცოს. ზოგჯერ კიდევ ღმერთი არ უსრულებს მაშინვე სურვილს იმის გამო, რომ მალე ავიწყდება უფალი და შეიძლება კვლავ უფრო დიდ ცოდვაში აღმოჩნდეს. განსაცდელი ყოველთვის შენდა საკეთილდღეოდ უნდა გამოიყენო. როცა განსაცდელს მადლიერებით დაიტევ, უფალი აუცილებლად განუგეშებს და დიდ სიხარულს მოგანიჭებს. თუმცა სიხარულს შეიძლება მერე განსაცდელიც მოჰყვეს. როცა მადლიერების გრძნობა გვექნება, ღმერთი არ გაგვწირავს. თუ ადამიანი მორჩილებით ცხოვრობს, მადლს ყოველთვის შეიგრძნობს. უფლისგან წყალობა უნდა ვითხოვოთ და მან უკეთ უწყის, როგორ დაგვაჯილდოოს. წინამძღვარმა პირადი მაგალითით უნდა უჩვენოს სხვას ცხოვრების წესი. მარტო საუბრებით და დარიგებებით შედეგს ვერ მიაღწევს. წინამძღვარმა პირველ რიგში საკუთარი თავის წინამძღვრობა უნდა შეძლოს და საკუთარ მეს გამოუცხადოს ბრძოლა.
ყოველი მართლმადიდებელი უნდა ფიქრობდეს სულიწმინდის მადლის მოპოვებას. როცა ამას მივაღწევთ, მერე უნდა ვიფიქროთ მის შენარჩუნებაზე. ჩემი მოკრძალებული დარიგება იქნება, ვიყოთ დედაეკლესიის წიაღში და სულიერი მოძღვრის ლოცვა-კურთხევით ვიაროთ. ეკლესია ის ერთადერთი ნავსაყუდელია, რომელიც მიგვიყვანს სასუფევლის კარამდე. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგაძლიეროთ.
***
სქემმონაზონი ანტონინა (ხეროდინაშვილი): - ერში ყოფნისას ქარელის რაიონში მდებარე სარკის წმინდა გიორგის ტაძარში დავდიოდი. ღვთის შიში და რწმენა ბავშვობიდან მომდევს. წმინდა ადგილების მოსალოცად ხშირად დავდიოდი, ასევე ხაშურში იოანე ნათლისმცემლის მოქმედ ტაძარში. ჩემი პიველი მოძღვარი გახლდათ ცხონებული მამა ვახტანგი. ერთ მშვენიერ დღეს ჩემმა მეზობელმა დამიძახა, - გამოიხედე გარეთ, გული გაგინათდება, იმდენმა სასულიერო პირმა ჩამოიარაო. მაშინ მეუფე იობი ახალი გადმოსული ბრძანდებოდა ჩვენს ეპარქიაში. მამა ვახტანგის ლოცვა-კურთხევით, სულიერ მოძღვრად არქიმანდრიტი სტეფანე ავირჩიე. მან დიდი ამაგი დამდო, რწმენა უფრო მეტად გამიღრმავა. როდესაც პირველად გაიხსნა სურამში კვირაცხოვლის სახელობის ეკლესია, იქ დამაყენა მესანთლედ. მუდამ იმაზე ვფიქრობდი, რომ ჩემი ცხოვრება ღვთისთვის კეთილად წარმემართა. რამდენიმე წლის მერე მეუფეს ვთხოვე მონასტერში წასვლა. გადავედი იტრიის ღვთისმშობლის დედათა მონასტერში. იქ 2003 წელს აღმკვეცეს მონაზვნად. მალე დიდ სქემაშიც აღვიკვეცე. დიდი სქემა მართლაც ძალიან ბევრ რამეს მავალდებულებს. გულში ხინჯიც არ უნდა გქონდეს არაფრისა და შენი გული ყველას მიმართ სიყვარულით უნდა განიმსჭვალოს. უფრო მეტი პასუხისმგებლობა და სიყვარული მაკისრია. ყველა ადამიანი მიყვარს და ყველასთვის მაქვს გული გახსნილი. თუ ვინმე რაიმეს მკითხავს და დახმარებას ითხოვს, ის, რაც ჩემს სულშია, მინდა გავუზიარო. ძალიან დიდი სიყვარული მაქვს ჩვენი მეუფე იობისა, რომელიც მუდამ სიყვარულს აფრქვევს. ასე მგონია, რომ მეუფე იობმა ჩემი სული გაახალისა. ჩემი თავი ახლა სულ სხვანაირი მგონია. უდიდესი სიყვარული მაქვს ჩემი ეპარქიის, მღვდელ-მონაზვნებისა. მინდა მადლიერებით მოვიხსენიო ჩვენი მონასტრის წინამძღვარი დედა ანთია, სულით მდიდარი და ბრწყინვალე პიროვნება. მისი თბილი სიტყვით და სიყვარულით ყველანაირი სიმძიმის გადატანა შეგვიძლია. ღმერთმა დღეგრძელობა და ჯანმრთელობა მისცეს. დიდხანს იცოცხლოს ჩვენმა მეუფემ, იდღეგრძელოს ჩვენმა ეპარქიამ და სრულიად საქართველომ. - დედაო, ღმერთი როგორ უნდა შევიყვაროთ?
- ღმერთი სიყვარულია. არ არსებობს ადამიანი სიყვარულის გარეშე, მაგრამ საქმე ის არის, მას როგორ, სად და რა დროს იყენებ. ადამიანი შექმნილია ღვთის ხატად და მსგავსად, მან ჩაგვინერგა თავისი სიყვარული. ეს სიყვარული ყველა ადამიანში დევს და თავად უნდა შეეცადო მის გაცოცხლებას. როცა გააცოცხლებ, ეს იმას ნიშნავს - ღმერთი გიყვარს. ვისურვებდი, ყველას ჰქონდეს რწმენა და თუნდაც თქვენს ჟურნალში დაწერილი ღვთის სიტყვა მიეტანოს საკუთარ სულთან. მინდა გითხრათ, რომ "კარიბჭეს" გამოსვლის დღიდან ვკითხულობ. თითქმის ყველა ნომერი მაქვს. გმადლობთ, რომ ჟურნალიდან ტკბილ და ღვთის სათნო სიტყვებს გვაწვდით, საქართველოს სხვადასხვა კუთხეს გვაცნობთ. თითოეულ თქვენგანს დაგლოცავთ.
***
მორჩილი თამარი (გომარელი): - მონასტერში მოსვლამდე თბილისში ვცხოვრობდი, სიონის ტაძრის მრევლი ვიყავი. შემდეგ ქვიშხეთში გადმოვედი საცხოვრებლად. მაშინ აღდგომის სახელობის ტაძარი არ მოქმედებდა. ხაშურში სიარული მიჭირდა. მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, მალე ჩვენი ტაძარიც ამოქმედდა. ტაძრის წინამძღვარი ადრე არქიმანდრიტი სტეფანე გახლდათ. ღვთის მადლით და მამა სტეფანეს ლოცვა-კურთხევით, მესანთლედ დავიწყე მუშაობა. 12 წელი აქ ვარ. ჯანმრთელობა არ მიწყობდა ხელს, სიმსივნე მაწუხებდა. დღეს კი ეს პრობლემა აღარ მაქვს. რწმენით, მოძღვრის ზეთისცხებით გამომისწორდა მდგომარეობა. მამა სტეფანეს შემდეგ ტაძრის წინამძღვრად მამა ანდრია მობრძანდა. პირადმა პრობლემებმა, შვილის გარდაცვალებამ და ღვთის მადლმა გადამაწყვეტინა მონასტერში წამოსვლა. მონასტრის წინამძღვრის, დედა ანთიას წყალობით სურვილი მაქვს, ჩემი ცხოვრება მონასტერში გავატარო. მონასტერში უდიდესი გამოცდილება შევიძინე თუნდაც იმისა, რომ აუცილებელია რწმენა და ღვთის სიყვარული, ურთიერთთანადგომა. ვისურვებდი, რომ ყველა ადამიანი ღვთის მადლით რწმენაში გაძლიერდეს. ტაშისკარი
ტაშისკარი ერთ-ერთი უძველესი სოფელია. იგი მდებარეობს ლიხის ქედის აღმოსავლეთ კედელზე, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეზე. ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნავს: "ქვიშხეთის სამხრით არს მთის ძირს, მტკვრის ახლო დაბა ტაშისკარი, ხოლო ტაშისკრის სამხრით ჩამოვალს დასავლეთიდამ მთა მახვილოსი, აღმოსავლეთიდამ ყერძენის მთის წუერი და მოავიწროებს მტკუარს კლდითა. აქ მოვიწროებულსა შინა არს გასავალი კარი და კოშკი მასზედა ქართლიდან ხეობასა შინა სავალი, ამის მიერ ეწოდა ტაშისკარი (ესე არს ქვის კარი)". ვახუშტის ბატონიშვილის ამ განმარტებას თუ დავეყრდნობით, დაბა ტაშისკარი მახვილოს მთის ჩრდილოეთით მდებარეობს, დაბას კი სახელი ბორჯომის ხეობის დასაწყისში მდებარე გასავალი კარისა და კოშკის მიხედვით დაერქვა. ისტორიულ წყაროებში ტაშისკარი XI საუკუნიდან იხსენიება და ცნობილია როგორც სასაზღვრო გეოგრაფიული პუნქტი შიდა და ზემო ქართლს შორის.
ახალციხის მხარეში ოსმალეთის გაბატონების შემდეგ ტაშისკარი საუკუნეების განმავლობაში საბაჟოსაც წარმოადგენდა. შემორჩენილია 1753 წლის ტაშისკრის ბაჟის ნუსხა. გთავაზობთ აღნიშნულ ნუსხას.
"ქ. აბაშიძის პაატას და აბაშიძის ნიკოლოზის ღმრთის წყალობავ და მამის მსგავსად პატივცემულო ჩვენგან ბატონო ნახუცრიშვილო, მერმე როგორც კურთხეულის ბატონი მამიჩემისაგან გებარა ტაშისკრის კოშკი და ბაჟი, ისე ჩვენ მოგვიბარებია ნუსხაც, იმის ბრძანებაზე მოგვიცია, რომ ისრე ავიღე ბაჟი, ხათრს ნურავის შეუნახავ. ჩვენსაც ჩვენ მოგვართმევდე და შენს სათაოს შენ აიღებდე".
XV-XVI საუკუნეებში თორის მხარეში ჩამოყალიბდა სათავადო, რომელსაც ავალიშვილები ჩაუდგნენ სათავეში, ისინი მიწებს ტაშისკარშიც ფლობდნენ, აქვე ეკუთვნოდათ მიწები ძმებს სარმანიშვილებს და აბაშიძეებს. თავად ავალიშვილის აზნაურები იყვნენ ლოპინაშვილი, აჯიაშვილი, ლომიძე, კეცხოველი, ედიშერაშვილი.
XVIII საუკუნეში ძმებმა სარმანიშვილებმა ტაშისკარში მიჰყიდეს მიწები აბაშიძეებს, ასევე მოიქცნენ ავალიშვილები, თუმცა XIX საუკუნის 50-იან წლებამდე ნაწილი მაინც შეინარჩუნეს. 1831 წლის აღწერის მიხედვით, ტაშისკარში ავალიშვილები გიგიტაშვილებისა და სუთიაშვილების რამდენიმე ოჯახს ფლობენ. საინტერესოა აგრეთვე გვარი ჩიკოტიძე. ისინი აზნაურები იყვნენ. ისტორიკოს გურამ ყორანაშვილის აზრით, "ჩიკორის" ეკლესია აზნაურ ჩიკოტიძისა უნდა ყოფილიყო. თავიდან იქნებოდა ჩიკოტიძის ეკლესია, მერე თანდათან ჩიკოტიძე ჩიკოტად იქცა, ბოლოს კი ჩიკორის ეკლესიად გადაკეთდა, როგორც გვარი ჩიკოტიძე შემდეგ ჩიკოიძედ იქცა.
XVIII საუკუნის ბოლოს, ლეკთა შემოსევების შედეგად ტაშისკარის მოსახლეობა ძალიან შემცირდა. XIX საუკუნის დასაწყისში ავალიშვილებისეული მიწები ქვიშხეთს შეუერთდა და ტაშისკრის ძირძველი გვარები, გიგიტაშვილები და სუთიაშვილები ქვიშხეთში აღირიცხნენ.
1830-იან წლებში იწყება სოფლის ხელახალი დასახლება. პირველები ხაჩიძეები გადმოვიდნენ ხარაგაულის რაიონის სოფელ წაქვიდან, შემდეგ ლომსაძეები - სოფელ წიფიდან, მჭედლიშვილები - ასპინძის რაიონის სოფელ საროდან, მაჭარაშვილები - კორბოულიდან, გურულები - ჭიათურის რაიონის სოფელ წირქვალიდან.
***
ტაშისკარის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი მამა ანდრია მანჩაკოვი გახლავთ. ის ქვიშხეთის აღდგომის სახელობის ტაძარშიც აღავლენს ღვთისმსახურებას. ქვიშხეთიდან ტაშისკარშიც გადავედით და იქაურ მოსახლეობსაც გავესაუბრე.ქალბატონი ნინო გოგოლაძე ქვიშხეთის ტაძრის მგალობელია: - ეკლესიასთან ჩემი ურთიერთობა თავიდან თბილისში, ანჩისხატის ტაძარში შედგა, სადაც პირველად ვეზიარე ქრისტეს სისხლსა და ხორცს. ამჟამად კი ჩემი სულის თავშესაფარი ქვიშხეთის აღდგომის ტაძარია. ჩვენი მამა ანდრია დიდად ღვაწლიანი და ღვთივმადლიანი მოძღვარია. ამის დადასტურებაა ის ფაქტიც, რომ მისი სულიერი შვილები დღეს მღვდლის, მღვდელმონაზვნის და სქემმონაზვნის ხარისხში ემსახურებიან უფალს. დედა ანთია კი ჩვენთვის სიმშვიდის, თავმდაბლობის, სათნოებისა და დათმენის დიდი მაგალითია.
საუბარში ქალბატონი დარეჯან ფანქველაშვილი შემოგვიერთდა.
- 1973 წლიდან ვცხოვრობ ტაშისკარში. აქ ძალიან კეთილი, ერთგული, მორწმუნე ხალხი ცხოვრობს. ტაშისკარი იმითაც არის ცნობილი, რომ გიორგი სააკაძემ გამარჯვების ნიშნად დიდი მუხის ძირში ნადიმი გადაიხადა. წინათ აქ სიცოცხლე ჩქეფდა. ჩვენს სოფელში რამდენიმე საზაფხულო დასასვენებელი ბანაკი იყო. დღეს ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. მადლობა ღმერთს, რომ ტაშისკარში მოქმედი წმინდა გიორგის ეკლესია გვაქვს. ასევე არის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. მამა ანდრიამ ძალიან ბევრი ადამიანი მოაქცია ღვთისკენ. ტაძარში შეძლებისდაგვარად ვგალობ.
მამა ანდრია: - როცა ეკლესიური ცხოვრება დავიწყე, მალევე საბერძნეთში წავედი. სალონიკში, სოფელ მესეოში დავდიოდი ტაძარში. იქ საქართველოდან ჩამოსული ბერძენი მოძღვარი, მამა ლაზარე მსახურობდა. მისი რეკომენდაციით იქაურ მონასტერში რამდენიმე თვე ვცხოვრობდი და ვმუშაობდი, პარალელურად მონასტრულ ტიპიკონშიც ვიყავი ჩართული. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გავიგე, რომ ჩვენს ეპარქიაში მეუფე იობი ჩამობრძანდა. თავიდან თავს ვიკავებდი, სასულიერო პირი რომ გავმხდარიყავი. ქვეცნობიერად შიში მქონდა. ჩემმა მოძღვარმა, მამა ტარიელმაც მომცა ლოცვა-კურთხევა, სასულიერო გზა ამერჩია და ღვთის ნებით ამ გზას დავადექი. ჯვართამაღლებას მღვდლად მაკურთხეს. ცოტა ხანი საკათედრო ტაძარში ვიყავი. მერე ცხრა მუხაში, პარალელურად კი ქვიშხეთში ვწირავდი. მეუფე იობმა ბოლოს ქვიშხეთისა და ტაშისკარის ტაძრები ჩამაბარა. ბატონ ვასილ ხაჩიძეს დიდი წვლილი აქვს ტაშისკარის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის რესტავრაციაში. ქვიშხეთის აღდგომის სახელობის ტაძრის ამოქმედების შემდეგ სურვილი გამიჩნდა, აქ დედათა მონასტერი დაფუძნებულიყო. მეუფეს ვუთხარი ჩემი სურვილი და მადლობა ღმერთს და მადლობა მეუფე იობს, რომ მონასტრის წინამძღვრად დედა ანთია გამოგვიგზავნა. ადგილობრივი მოსახლეობა გვერდით უდგას მონასტერს და ღვთისა და მათი დახმარებით წინ მიდის სამონასტრო ცხოვრება. მინდა აღვნიშნო, რომ ქვიშხეთმა მრავალი სასულიერო პირი აღზარდა. მათ შორის არის ქარელში მოღვაწე მამა გიორგი ილიტაშვილი, სქემმღვდელმონაზონი ონოფრე, სქემიღუმენი ანტონი, სქემმღვდელმონაზონი კირილე, ბერი ევსტათი. ჩვენი სოფლიდან იყო წნორში მოღვაწე მამა დავით გრიგალაშვილი. კიდევ ბევრს აქვს სურვილი დაადგეს ღვთის გზას. რომელ სოფელშიც მოძღვარი შევიდა და დამკვიდრდა, იქ სექტანტებმა ფეხი ვერ მოიკიდეს.
ძველ აღთქმაში ეკლესიის წინასახე ნოეს კიდობანი იყო. ახალ აღთქმაშიც ნოეს კიდობანია დედაეკლესია. ეკლესიური მადლისა და ეკლესიური ცხოვრების გარეშე ცხონება შეუძლებელია. შეიძლება იყო კარგი, პატიოსანი ადამიანი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი საცხოვნებლად. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.