ილია ჭავჭავაძის "ივერიაში" დაბეჭდილია გიორგი ყანჩაველის კორესპონდენცია: "ეს სოფელი არის დასახლებული ქართველებით, რაც დღეს იშვიათი გახდა ბორჩალოს მაზრაში. გულგატეხილ ჩვენს საქმეზედ. მე მივდიოდი ამ სოფელში არაფერი სასიამოვნო ამბის არ მომლოდინე. მივატანეთ სოფელს და შემომესმა საშინელი ჟრიამული. ვიფიქრე, უთუოდ კიდევ მოჰკლეს ვინმე თათრებმა და ეს ჟრიამული არის გლოვა და მოთქმა მოკლულის ნათესავების-მეთქი. მეეტლე, რომელსაც მივყავდი, თითქოს მიმიხვდა, რაც ფიქრმა გამიარა გულში - ეს სკოლის მოწაფეების ჟრიამულია, მომიბრუნდა და მითხრა, - ჩინებული სკოლა გახლავთ აქა. ეგ სკოლა გამართა აქაურმა მებატონემ ნიკოლოზ არღუთინსკიმ. მთელი ქვეყანა ჰლოცავს მაგასაც.
ამ ამბავმა დიდად გამაოცა, რადგან მე თვითონაც ნიკოლოზ არღუთინსკისთან მივდიოდი. გავაშვებინე ეტლი და შევედით სხენებულის არღუთინსკის სასახლის ეზოში. წარმოიდგინეთ ჩემი სიამოვნება, როდესაც დავინახე ოცდაათამდე პატარა ქალი და ვაჟი ერთმანეთში არეული, მოცქრიალე ცოცხლად. მკვირცხლად მოთამაშე. ბავშვურის სიხარულითა და სიამოვნებით ავსებულნი. ჩვენს შესვლაზე იმათ უცებ შესწყვიტეს ჟრიამული და გაცეცებით დაგვიწყეს ყურება. დარეკეს ზარი. ბავშვები შევიდნენ სასწავლებელში. ვიდრე სასახლეში შევდიოდი, მომესმა კლასიდამ წმინდა ვერცხლივით წკრიალა შეწყობილი ხმით სიმღერა ბავშვებისა ქართულად: "მახსოვს, პირველად სასწავლებელში" და სხვა.
სასახლეში მომეგება თავადი ნიკოლოზ არღუთინსკი. ისეთს აღტაცებაში მომიყვანა მე ამ სკოლის სანახაობამ, რომ კინაღამ გადავეხვიე კაცს, რომლის ცნობა ძალიან ნაკლებად მქონდა. წარმოიდგინეთ! სკოლა და ისიც ბოჩალოს მაზრაში, ისიც ქართულ სოფელში! სიტყვები ვეღარ მეპოვნა. როგორ გადამეხადა მადლობა ამ პატიოსანის მოღვაწისათვის.
- გმადლობთ, ყმაწვილო კაცო, - მიპასუხა მან ჩემს აღტაცებაზედ, - მაგ თანაგრძნობისთვის. მე ერთი უშვილო კაცი ვარ და ჩემთვის ნუგეშად და შვილებად ეგენი, ეგ მოსწავლეები, ეგ გლეხობა, ეს სკოლა გამიჩენია. მაგათით ვცხოვრობ, მაგათით ვნუგეშობ, მაგათში ვერთობი და ვეცდები კიდეც საქმე საბოლოოდ მკვიდრად დავაყენო, რომ აქაურმა გლეხმა არამც თუ მარტო წიგნი ისწავლოს, შეიძინოს ცხოვრებაში გამოსაყენებელი ხელობა და სხვა რიგი საქმენიცო. ამ სიტყვებზედ მე უნებურად მაგონდება პოეტის სიტყვები და ვუთხარი ჩემს კეთილშობილს მემუსაიფეს:
"რომ ბედში მყოფი შენ ძმად მიგაჩნდეს,
ეგ ვერაფერი სიყვარულია,
საქმე ის არის, კაცს ის უყვარდეს,
ვინც ბედისაგან დაჩაგრულია."
შემდეგ რამდენიმე ხნის მუსაიფისა, ჩვენ წავედით სკოლის დასათვალიერებლად. ჩვენს დანახვაზედ ყმაწვილები მკვირცხლად წარმოგვიდგნენ ფეხზედ. მასწავლებელმა ქალმა უთხრა, დამსხდარიყვნენ. მოსწავლეებს მივეცით რამდენიმე კითხვა იგავ-არაკებიდამ, არითმეტიკიდან და კიდევ სხვადასხვა საკითხებიდამ და გასაოცრად სისწრაფით და მკაფიოდ გვაძლევდნენ პასუხს. მეტადრე ქართულად. დაფაზედ გავაკეთებინეთ ამოცანები და აქაც გაგვაკვირვეს თავისი მომზადებით, გონების სიმკვირცხლით.
ეს მესამე წელიწადია, რაც ნიკოლოზ არღუთინსკის ეს სასწავლებელი გაუხსნია თავისის ხარჯით და უშენებია მისთვის შენობა. სასწავლო ნივთი ყოველი, რაც საჭიროა, აქვთ სკოლისა, აგრეთვე წიგნები და სხვა. სასწავლო ოთახს გვერდზევე აქვს მოდგმული ერთი დიდი გრძელი ოთახი იმ პანსიონერთათვის, რომელნიც შორის სოფლებიდან არიან მოსულნი. აქ არის სულ ერთი პანსიონერი. სკოლის ეზოში არიან კიდევ სხვა შენობანი, სადაც არიან გამართულნი სახელოსნოები ბავშვების სასწავლებლად. სადურგლო, სამჭედლო და სხვა. ერთი რამ არის სანატრელი, რომ აქ ამ სამეურნეო სასწავლებელში იყოს დაცული ქართული ენა და თუ შეიძლება შევიდეს ქართული ენის პროგრამა პატივცემულის ილია წინამძღვრისშვილის სკოლას. ღმერთმა ჰქნას, მცირედაც მაინც მოჰბაძონ ამას აქაურმა ქართველმა მებატონეებმა, რომელთაც ერთი ათად და ერთი ოცად ამაზედ მეტი აქვთ."
გაზეთ "ივერიაში" ვკითხულობთ ასევე, წერილს ძველი ეკლესიების მიმთვისებელთა წინააღმდეგ: "ჩვენს გაზეთში მოხსენიებულ ბორჩალოს მაზრის, ბულვარის ოლქის, საბღალოჩინო კრებაზე, სხვა საყურადღებო საგანთა შორის გაირჩა უცხო სარწმუნოების ხალხთა მიერ მართლმადიდებელი ეკლესიების და მის ძვირფას ნაშთთა მითვისების საქმე. როგორც ვიცით, ბორჩალოს მაზრა ცნობილია ძველი შესანიშნავი ქართული ნაშთების სიმრავლით. ამიტომ ამ კრებაზე, მრავალი მაგალითი იქნა დასახელებული ამგვარის მითვისებისა, მაგალითად, აკაურთას ეკლესიისა, რომელზეც ეხლა გამოძიება სწავლობს, რატევანისა, სადაც მარხია თავადი ბარათაშვილი და მრავალი სხვა. კრებამ ერთხელ დაადგინა: იმ ეკლესიებს, რომლებიც დროთა ბრუნვის გამო არიან სომხების მიწებზედ, მაგრამ სომხები არ უფლობენ, მართლმადიდებელი სამღვდელოება ჯეროვნად დაეპატრონოს, ხოლო იმ ეკლესიების შესახებ, რომელიც უკვე მიუთვისებიათ სომხებს, სამღვდელოებამ აღძრას დავა სასამართლოს წესით.
1902 წლის "ივერია" კი გვაუწყებს, რომ ადგილობრივმა მემამულემ გადაიხადა სასოფლო საღმრთო და აკაურთაში მცხოვრებთ დაურიგა სამ-სამი მანეთი საჩუქრად. საღმრთო იყო გარდახდილი იმის ნიშნად, რომ წლეულს სენატში საბოლოოდ მოიგო ზემოხსენებულმა მემამულემ საქმე ორბელიანთ მამულების შესახებ. ამ ამბავს აკაურთველი ერი მხიარულად დაუხვდა, მაგრამ შეწუხდა იმით, რომ ამ მებატონემ სომხურს წესზე ახლად გადაკეთებულს ქართველების ეკლესიაში ტერტერას "ტერვოღორმია" ამღერა. სამ-სამმა მანეთმა მაინც თავისი გაიტანა."
თანამედროვე აკაურთელების ცხოვრება ვერაფერი სიკეთით გამოირჩევა. უწყლობას უგზოობა, უქართველობა და ყველაფერს უყველაფრობა ემატება. ერთადერთი ნათელი წერტილი, რაც სოფლადაა, ეს მართლმადიდებლური ტაძრის ამოქმედებაა. რაც მეუფე ეფრემი გამოარჩიეს ბოლნელ ეპისკოპოსად, თითქმის ყველა სოფლის უმოქმედო ტაძრებში მიმდინარეობს ღვთისმსახურება და ქართული გალობა ისმის. მეუფის ლოცვა-კურთხევით, სოფელში ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი ამოქმედდა, რომლის წინამძღვარია დეკანოზი ბასილ ახვლედიანი. ტაძრის ამოქმედებით სოფელი მართლმადიდებლური სიწმინდეების სიყვარულით და სითბოთი განიმსჭვალა და მამა ბასილის მიერ გაცხადებულმა ღვთის სიტყვამ დარჩენილ ქართველებში მომავლის რწმენა და იმედი გააღვივა.
ქალბატონი მზია მამა ბასილის მრევლია: "კარიბჭის" ერთგული მკითხველი ვარ. აკაურთიდან ქართველთა გადინება განაპირობა ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუარესებამ. სოფელი ცენტრალური გზიდან სამი კილომეტრითაა მოშორებული. ტრანსპორტი არ არის, ფეხით გვიწევს სიარული. არ გვაქვს ბუნებრივი გაზი, სასმელი წყალი, შეწყდა სკოლაში ქართულ ენაზე სწავლებაც. ღვთის წყალობით, მეუფე ეფრემისა და მამა ბასილის ლოცვა-კურთხევით და ძალისხმევით ქართული სექტორი ამოქმედდა. სასიხარულოა, რომ ქართულ ენას სწავლობენ აზერბაიჯანელი ბავშვებიც. მიუხედავად სარწმუნოებრივი სხვაობისა, აზერბაიჯანელებთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ერთად ვართ ჭირსა და ლხინში.
- აკაურთაში ტაძრის ამოქმედების შემდეგ შეიცვალა ქართველების ცხოვრება?
- ღვთსიმშობლის მიძინების სახელობის მიტოვებულ ტაძარში (IV-V ს.ს.) მხოლოდ მარიამობის და აღდგომის დღესასწაულზე იკრიბებოდა ქართველობა. ღვთის წყალობით, მეუფე ეფრემის მობრძანებით და ტაძრის ამოქმედების შემდეგ ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. რეგულარულად ტარდება წირვა-ლოცვა და ვცდილობ, შეძლებისდაგვარად დავესწრო ღვთისმსახურებას. ტაძარს ჰყავს მედავითნეები, მგალობლები. უფალმა დალოცოს და შეაძლებინოს მძიმე ჯვრის ტარება ჩვენს სულიერ მოძღვრებს.
ნონიაშვილების გვარისშვილები აკაურთიდან არიან. ბატონი სანდროს ოჯახის წევრებმა სოფლის წრსულიც და დღევანდელობის გულისტკივილიც გაგვიზიარეს. ბატონი სანდროს თქმით, ისტორიულად აკაურთა ძირძველი ქართული სოფელია. დღეს კი უმეტესობა მოსახლეობისა აზერბაიჯანელები არიან. სოციალურმა და ეკონომიკურმა მდგომარეობამ ქართველები სოფლიდან უკეთესი პირობების საძებნელად ზოგი სად დასახლდა და ზოგი სად. სოფელი უფრო მეტად დაიცალა ქართული საშუალო სკოლის გაუქმების შემდეგ.
სასმელი წყალი არ გვაქვს, თუმცა სოფლად მრავალი წყაროს წყალია - ლელუას, გოხის, კიკოლას წყაროები... სოფლის გარშემო კლდეა, რომელსაც თაფლთა კლდეს ეძახიან, ტაძრის ნანგრევებიც ბევრია - მათ შორის, აღდგომელა, აკვანება. აკაურთის ტერიტორიაზე ნამოსახლარებია. ბოლნისის რაიონში ადრე ორი საშუალო სკოლა იყო - კაზრეთში და აკაურთაში. ჩვენს სოფელში იყო სკოლა-ინტერნატი და ბავშვები მეზობელი სოფლებიდან მოდიოდნენ.
- სოფლის სახელი აკაურთა მომდინარეობს სიტყვიდან აკურთხა, - მიამბობს ოჯახის დიასახლისი, ქალბატონი შურა. დღეს აკაურთაში მხოლოდ ოცი ოჯახია ქართველებისა. ერთმანეთის ახლო ნათესავები ვართ. ტაძარი რომ ამოქმედდა, აკაურთიდან წასული ქართველობა ბოლნისიდან ავტობუსით მოყავდათ. დღეს უკვე საგანგებოდ დანიშნული ავტობუსი აღარ დადის და ტაძარში მრევლიც შემცირდა.
- ბოლნისის რაიონში ძალიან ბევრი ეკლესია-მონასტერია, - გვიყვება ქალბატონი ანა მაღრაძე, - მადლობა ღმერთს, რომ აკაურთაში ამოქმედდა ტაძარი და ღვთის სიტყვას ეზიარებიან სოფლად შემორჩენილი ქართველები. ზაფხულობით ყოველთვის ჩავდივართ ხოლმე სოფელში. რელიგიურ დღესასწაულებს ვულოცავთ და ვესიყვარულებით ერთმანეთს.
- აკაურთელებს ყველაზე მეტად სულიერება გვაკლდა, - საუბარს განაგრძობს ქალბატონი ნაილი ნონიაშვილი, - მადლობა ღმერთს, რომ დღეს გვაქვს მოქმედი ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი. ჩვენი წინამძღვარი, მამა ბასილი ისეთი ადამიანი გახლავთ, რომელსაც შეუძლია თითოეულ ადამიანში გააღვივოს ღვთის სიყვარული. ბევრ არამართლმადიდებელსაც მოაქცევს. წინათ ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში კლუბი იყო...
ერთი პერიოდი მოსკოვში ვცხოვრობდი და იქ მივხვდი, ჩემი ქვეყნისა და სოფლის ფასი არაფერია. ძალიან განვიცდიდი აკაურთის ღვთისმშობლის ტაძრის მდგომარეობას და ღმერთს ვთხოვდი მის აღდგენას. ღვთის წყალობით, მეუფე ეფრემის მობრძანების შემდეგ ტაძარი აღდგა და წირვა-ლოცვა მიმდინარეობს. მამა ბასილის სურვილია, ტაძართან მონასტერი გაიხსნას.
მოძღვარი
აკაურთაში ხუთი ტაძარია. აკაურთის სიონი უძველესია ბოლნისის რაიონში. ფაქტობრივად, ოთხასი წელი არ ჩატარებულა აკაურთას სიონში ღვთისმსახურება. მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევით, სხვა ეკლესიებთან ერთად ისიც აღდგა. მინდოდა, ქართული მუხტი შემეტანა სოფელში და მოსახლეობას ევლო ტაძარში, მაგრამ ეს ავტობუსი დღეს უკვე აღარ დადის, რადგან საწვავის ფული აღარ არის. ღვთისმსახურებას მხოლოდ მედავითნეები და ერთი აკაურთელი ქალბატონი მზია ესწრება. ფაქტობრივად, ჩვენ და ანგელოზები ვდგავართ ტაძარში... სოფლის შესასვლელში ტრაფარეტი გავაკეთეთ, რომ აკაურთაში მოქმედი ღვთისმშობლის მიძინების ტაძარია. მადლობა ღმერთს, რომ მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევით აკაურთის სკოლაში აღდგა ქართული სექტორი (ამაში დიდი დახმარება გაგვიწია ჩვენი რესურსცენტრის ხელმძღვანელმა შორენა გაბრიჭიძემ. იმედი გვაქვს, რომ ქართველებთან ერთად აზერბაიჯანელი ბავშვებიც დაეუფლებიან ქართულ ენას. აკაურთელი ქართველობა პრობლემებმა გაიყვანა სოფლიდან, მაგრამ აზერბაიჯანელები ხომ არსად გაქცეულან... როგორ ცხოვრობენ ამ სოფელში აზერბაიჯანელები... შრომობენ დაუღალავად, ცხოვრებას ახერხებენ. ყველა ქართველმა უნდა გაიაზროს, რომ დღეს არის დრო არა კომფორტის ძიებისა, არამედ დრო მოწამეობისა. ადრე თუ ეწამებოდნენ ჩვენი წინაპრები ქრისტესთვის, დღეს მოწამეობა არის ის, რომ იცხოვრო იქ, სადაც რთულია, რათა შეინარჩუნო ქართული მიწა, ქართველობა და სარწმუნოება.
მე ბოლნისის წმინდა გიორგის ტაძარშიც ვმსახურობ და ვისაც ნათლობის სურვილი აქვს, ბოლნისიდან აკაურთის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ვთხოვ მოსვლას და იქ ვასრულებ ნათლობის საიდუმლოს. ამით მინდა, რომ ხალხმა გაიცნოს ეს სოფელი და ბევრმა მოილოცოს აკაურთის სიონი.
- მამა ბასილ, ცოტა რამ თქვენზეც გვიამბეთ.
- სოხუმში დავიბადე და გავიზარდე. კამჩატკის საერთაშორისო ბიზნესისა და მოსკოვის საგარეო ვაჭრობის აკადემიის დასრულების შემდეგ საქართველოში ჩამოვედი და მუშაობა დავიწყე ფინანსთა სამინისტროში. რაც უფრო მაღალ თანამდებობაზე მნიშნავდნენ, მით ნათლად ვარჩევდი ავ-კარგს. ბოლოს მოხდა ისე, რომ ეკლესიური ცხოვრება დავიწყე. ანჩისხატის ტაძარში სტიქაროსანიც ვიყავი და მედავითნესაც კითხვაში ვეხმარებოდი. ანჩისხატში მყავდა მოძღვარი, მამა აკაკი მეგრელიძე.
პირველად ტაძარში 1999 წელს შევედი. ძალიან ვნანობ, რომ სოხუმში დაბადებულმა ეკლესია-მონასტრები ვერ მოვილოცე. აფხაზეთის დაკარგვით მთავარი შევიძინეთ - ღმერთი, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ საბოლოოდ მივიღე გადაწყვეტილება, სასულიერო გზით წავსულიყავი. როგორც აფხაზეთის მკვიდრმა, მივაკითხე მეუფე დანიელს და ჩემი გულისთქმა გავუმხილე. მეუფემ - უფალს მივენდოთო. ორი კვირის შემდეგ, ბრწყინვალე შვიდეულში დამირეკა - კაცთა მსახურება დიდი საქმეა, მაგრამ ღვთისმსახურება უფრო დიდი. ყველაფერს თავი დაანებე და სასულიერო სემინარიაში ჩააბარეო. მეუფის ლოცვა-კურთხევა მივიღე, როგორც უფლის მოწოდება და ჩავაბარე სასულიერო აკადემიაში. პირველი კურსის დამთავრების შემდეგ აკადემიური ავიღე, რადგან ეკონომიკაში დავიწყე სამეცნიერო ხარისხის ძიება. ღვთის წყალობით, დავიცავი სადოქტორო დისერტაცია საქართველოში საეკლესიო სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარებაზე.
მერე, როდესაც ღვთისგან იყო მინიშნება, რომ უნდა ვეკურთხებინე სასულიერო პირად, ბოლნისელმა დეკანოზმა, მამა პეტრე კვარაცხელიამ მითხრა, ჩავსულიყავი ბოლნისში და გამეცნო მეუფე ეფრემი. მეუფე აღმოჩნდა ის ადამიანი, რამაც გადამაწყვეტინა, მასთან გამეტარებინა გარკვეული წლები. რამდენიმე ხანში დიაკვნად მაკურთხა, მერე მღვდელი გავხდი. მადლობა უფალს ამისთვის.
- მამაო, უფალი როდის იპოვეთ?
- ნათლიის გარდაცვალების შემდეგ აუცილებელი გახდა წესის ასაგებად მოძღვრის მოყვანა. მაშინ მქონდა პირველად ურთიერთობა მოძღვართან. მამა აკაკი მეგრელიძესთან ასეთი გზით მივედი. მაგრამ ერთ დღესაც დამიბარა ანჩისხატის ტაძარში და ფურცელზე დამიწერა ჩემი სულის რეცეპტი - დილისა და საღამოს ლოცვები, დღეში ერთხელ უნდა წამეკითხა ორი-სამი თავი სახარება. ჭამის წინ და ჭამის შემდეგ სათქმელი ლოცვები... და ა.შ. დღესაც ვინახავ სამახსოვროდ ამ ხელნაწერს. ხოლო როცა ბოლოჟამის შესახებ წავიკითხე მასალები, მივხვდი, რომ ადამიანის ფასეულობები არ არის იქ, სადაც მეგონა. გული და საუნჯე სად უნდა ყოფილიყო, მაშინ მივხვდი, მივხვდი, რომ უპირველესია "ეძიებდე სასუფეველსა ცათასა, და ყოველივე დანარჩენი შეგეძინოს შენ". ვისურვებდი, რომ თითოეულ ადამიანს ეპოვოს უფალი და ცხოვრების წესად გაეხადოს ღვთივსათნოდ ცხოვრება.
მინდა დავუბრუნდე აკაურთას თემას. ყველა "ემიგრანტ" აკაურთელს ვთხოვდი, რომ ნუ დაგვივიწყებენ და ნუ დაივიწყებენ თავიანთ პატარა სამშობლოს – სოფელ აკაურთას. ასევე ვთხოვდი, მოგვიხსენიონ თავიანთ წმინდა ლოცვებში. ჩვენ ეს ძალიან გვჭირდება. ჩვენ - არააკაურთელი ქართველები, თქვენთვის აკაურთელებისთვის და სრულიად საქართველოსთვის აკაურთის შუაგულიდან - სიონიდან ვლოცულობთ. და ბოლოს, მე მინდა მივულოცო ყველა ქრისტიანს და მათ შორის აკაურთელებს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დადგომა, ვუსურვო სიმხნევე, სიმტკიცე, სიფხიზლე და ღვთისათვის და სამშობლოსათვის თავდადება, როგორც ჩვენმა დიდმა გვირგვინოსანმა ვახტანგ მეფემ დაგვიბარა - "ეძიებდეთ სიკვდილს ქრისტესთვის და სიმართლისა მისისათვის". მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, იყავ თქვენ ყოველთა თანა, ამენ!