ერედვი სამი უბნისგან შედგება: არგვიცი, ხევის უბანი (ბერუაანთ უბანი) და დიდი ერედვი (ანუ გალავნის უბანი). გასული სუკუნის 30-იანი წლების ბოლოს ხევის უბანს იქ მცხოვრები ბერუაშვილების გამო ბერულა უწოდეს. ცალკე ერთეულად ჩამოყალიბდა არგვიცი. მიუხედავად იმისა, რომ ეს დასახლებები დამოუკიდებელ სოფლებად იწოდებიან, იქაურთა უმეტესობა თავს მაინც ერედველად მიიჩნევს.
ლიახვის ხეობის მკვიდრმა, ბატონმა ზურაბ ოქროპირიძემ სოფელ ერედვზე საინტერესო ამბები გვიამბო. ბატონი ზურაბის თქმით, მცხეთისა და ახალგორის რაიონებში არის მსგავსი სახელწოდების სოფლები - ერედი და ერედა. საფიქრებელია, რომ ეს ტოპონიმები, მათ შორის ერედვიც, თავის დროზე ამ ტერიტორიაზე ერთი და იმავე ხეობიდან გამოსულმა ხალხმა მოიტანა და დაამკვიდრა. ერედვს ჰერეთთანაც აკავშირებენ. ბევრი მიიჩნევს, რომ ორივე სახელს საერთო "ჰერ" ფუძე (დროთა ვითარებაში ერედვ-მა ფუძის საწყისი "ჰ" დაკარგა) აქვს, რაც ტოპონიმის ქიზიყურ წარმომავლობაზე მიუთითებს.
აგვისტოს ომამდე ერედვში ქრისტესიაშვილები, ბორცვაძეები, ცოტნიაშვილები, ბაციკაძეები, ტარიელაშვილები, ჟუჟნიაშვილები, ბუზალაძეები და სხვა გვარის ხალხი ცხოვრობდა, ბერულაში - ბერუაშვილები, ვახტანგაშვილები, მაისურაძეები, არგვიცში - ტურაშვილები, რომელაშვილები, მიდოდაშვილები, ღამბაშიძეები და სხვები. საინტერესო ტოპონიმია არგვიცი. მის ფუძეში ფიქსირებული "არგვ", ვფიქრობთ, არაგვის ხეობიდან უნდა იყოს წამოსული. სავარაუდოდ, არგვიცი არაგვის სახეცვლილი ვარიანტია (არაგვისი - არაგვიცი - არგვიცი), რომელიც ერთ დროს აქ ჩამოსახლებულმა არაგველებმა თავიანთი ხეობის სიყვარულით აქაურობას დაარქვეს. ჩვენს ვარაუდს ამყარებს არგვიცის ერთ-ერთი ძველი გვარი - ტურაშვილი, რომელიც ადამიანის საკუთარი სახელიდან - ტურიკადან მოდის. აღნიშნული სახელი მთაში ფართოდ იყო გავრცელებული.
ერედვში ფავლენიშვილთა ძლიერი სათავადო იყო. ისინი ერედვის ციხის გალავნის მიდამოებში ცხოვრობდნენ. ამ საგვარეულოს წარმომადგენლებს საგულისხმო წვლილი შეჰქონდათ არა მარტო ერედვის, არამედ მთელი ქართლის დაცვისა და წინსვლის საქმეში. 20-იან წლებში ბოლშევიკებმა მათ მთლიანად ჩამოართვეს ადგილ-მამული და განდევნეს სოფლიდან. ზოგი დაიჭირეს. 2008 წლის ომამდე ისინი თითქმის აღარ ცხოვრობდნენ ერედვში. მხოლოდ თითო-ოროლა ოჯახი ჩამოდიოდა ზაფხულობით. საარქივო მასალების მიხედვით, XIX საუკუნეში ამ გვარის შვილი, ილია ფავლენიშვილი ყოველ გიორგობას - 23 ნოემბერს ერედვში ეპატიჟებოდა ქართლელ ფავლენიშვილებს, ციციშვილებს, მაჩაბლებს, ყაფლანიშვილებს, ხიმშიაშვილებსა თუ ამილახვრებს. ამ დღეს წმინდა გიორგის ტაძრის დღეობისთვის შესაშური მზაობა იყო. თონეში პური ცხვებოდა, ივსებოდა ღვინით დოქები. ფავლენიშვილების ძიძა სიდონია ხილის ტრაპეზს ამზადებდა. მას "სირისკუდას" ეძახდნენ.
ერედვის წმინდა გიორგის ეკლესიის ეზოში დილიდანვე უამრავი მლოცველი იკრიბებოდა. იწყებოდა ლხინი, ჭიდაობა, ჯირითი. იხარშებოდა ზვარაკად შეწირული მოზვრები, ცხვრები თუ ქათმები. გალავნის ეზოში დიდი სუფრა იშლებოდა. თამადა უფალს ადიდებდა. წმინდა გიორგის სადიდებელ რიტუალში თითქმის მთელი სოფელი მონაწილეობდა. მოგვიანებით ზეიმი ოჯახებში ინაცვლებდა. ღამის წყვდიადში საამურად ისმოდა ერედველი მეურმის ურმული და ძიძა სიდონიას "იავნანა". ილიკო ფავლენიშვილს წესად ჰქონდა, ყოველწლიურად ოთხი ზვარაკი შეეწირა საქართველოს ოთხკუთხივ სალოცავებისთვის. ფავლენიშვილების ამ შეწირვაში უთუოდ საქართველოს ერთიანობის იდეა იყო გააზრებული.
***
ერედვსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართული კულტურის არაერთი მნიშვნელოვანი ძეგლია შემორჩენილი. ხეობას ადევნებული გზის მარჯვნივ მდებარეობს წმინდა გიორგის ტაძარი (Xს.) თავისი ციხე-გალავნითა და მომცრო დარბაზული ეკლესიით. X ს-ის შუა წლებს განეკუთვნება სოფლის ჩრდილოეთით აღმართული ბერის საყდარი, ასევე წმინდა ელიას სახელობის ეკლესია (XIVს.), რომელიც განსაცვიფრებელია თავისი არქიტექტურითა და მრავალფეროვანი ორნამენტით. ძლიერი დაზიანების მიუხედავად იგი ჯერ კიდევ ფეხზე დგას და თავის ამგებთა შთამომავლებს ელოდება რწმენით და იმედით... წმინდა ელიას გვერდით, ლამაზ ბორცვზე XVII-XVIIIს.ს-ის ციხე-კოშკის ნანგრევებია, მას გალავანიც ჰქონია. განვითარებული და გვიანდელი შუა საუკუნეებითაა დათარიღებული წითელი საყდრისა და არგვიცის ღვთისმშობლის ეკლესიები. ძველი ეკლესიის ნაშთებია ერედვის აღმოსავლეთით, ლიახვის მარჯვენა მხარეს. იგი რამდენიმე გვარის (ბაციკაძეები, ბორცვაძეები, ტარიელაშვილები) სალოცავს და მუდმივ განსასვენებელს წარმოადგენდა. სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, 2კმ-ში, ბუნების ულამაზეს წიაღში მდებარეობს მცხეთის ჯვრის სახელობის ეკლესია (გვიანი შუა საუკუნეები). ხალხის გადმოცემით, ძველად აქ სხვა ეკლესია მდგარა. ლეგენდის თანახმად, მცხეთელებს ხარი დაუკარგავთ. გარკვეული ხნის შემდეგ ამ მიდამოებში უპოვიათ. მათ აღთქმა დაუდიათ: სადაც ხარს იპოვიდნენ, იმ ადგილას მცხეთის ჯვრის სახელობის ეკლესიას ააგებდნენ. მცხეთიდან ურმით ამოუტანიათ ქვა და ძველ ნაეკლესიარზე ტაძარი აუგიათ. მცხეთის ჯვრის დღეობა აღდგომიდან ყოველ მესამე პარასკევს იმართებოდა. გიორგობასთან ერთად მცხეთისჯვრობა სოფლის უმთავრესი რელიგიური დღესასწაული იყო. სიძველეთა სიმრავლე გვარწმუნებს, რომ ერედვში ჯერ კიდევ ადრეფეოდალურ ხანაში სახლობდნენ. ეკლესია-მონასტერთა ირგვლივ მრავალრიცხოვანი მოსახლეობა ყოფილა, მაგრამ დროთა განმავლობაში არაბთა (მათ რამდენჯერმე მოაოხრეს ლიახვის ხეობა, კერძოდ, ერედვი), მონღოლთა, ჩრდილოელ მომთაბარეთა, მოგვიანებით კი სპარს-ლეკთა ურდოების გამუდმებულმა შემოსევებმა კატასტროფულად შეამცირა ლიახველთა რიცხვი. მიუხედავად ამისა, შიდა ქართლის ამ ადგილის მკვიდრნი მაინც აგებდნენ და აღადგენდნენ ეკლესია-მონასტრებს, ციხეებს. ჩვენს მეფე-მთავრებს კარგად ესმოდათ ერედვის სტრატეგიული მნიშვნელობა, იგი ხომ ჩრდილოეთიდან მოთარეშე ალან-ოვსთა და ათასი ჯურის გადამთიელს უკეტავდა გზას ქართლის ბარისკენ, ხელს უშლიდა მტერს შიდა ქართლის ჩრდილოეთით მდებარე სოფლების დაპყრობაში. ამიტომ დროდადრო მოსახლეობის შევსების, ხეობელთა ბრძოლისუნარიანობის ასამაღლებლად საქართველოს მთიანეთიდან ერედვსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ასახლებდნენ ასეულობით ოჯახს. ალბათ ამიტომაც აგვისტოს ომამდე ერედვში ოცზე მეტი გვარი ცხოვრობდა.
XIX ს-ის II ნახევრის ქართული პრესის ("ივერია"-ის 1894-1898 წ.წ.) მონაცემებით, ერედვში ორასამდე მოსახლე იყო. გაზეთ "ივერიის" კორესპონდენციების მიხედვით, უჭირთ ერედველებს... ებრძვიან ცხოვრებას, იმპერიის გულგაყინულ მოხელეებს - ბოქაულებს, ნაჩალნიკ-დიამბეგებს, გზირებს, ჩარჩ-ვაჭრებს, ქურდბაცაცა ხიზნებს - მაინც ცდილობენ სკოლა დააარსონ სოფელში, ოსებსაც შეაგნებინონ მისი სიკეთე, ასწავლონ, ეხმარებიან მეზობელ სარაბუკელ ოსებს მოსავლის მოყვანაში. თუმცა... ამაო გამოდგა სიკეთის ქმნა (ამ სიტყვებისთვის მომიტევოს უფალმა, - ზ. ო.). რას წარმოიდგენდნენ საუკუნე-ნახევრის წინ ერედველები, რომ ოდესმე მათი ხიზნები ასე გადაუხდიდნენ მადლობას და მათ შთამომავლებს ნატვრად ექცეოდათ ერედვის ორღობეებში ხეტიალი, მცხეთის ჯვრისა და ბერის საყდარში სანთლის დანთება...
სჯობს, ერედველებს მოვუსმინოთ.
ბატონი გურამ ბორვაძე:
- 8 აგვისტოს საღამოს დაიბომბა სოფელი. ერთ-ერთი ბომბი ციხე-გალავანთან დაეცა, რომელმაც სამი კაცის სიცოცხლე შეიწირა. მეორე ბომბი პირდაპირ საცხოვრებელ სახლს დაეცა და კიდევ რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ენით აუწერელი უბედურება ტრიალებდა.
საუბარში ჩაგვერთო ბატონი დავით ქრისტესიაშვილი: - უამრავი დაიჭრა... ერთი ბომბი ცენტრალურ გზაზე ჩამოვარდა და უშველებელი ორმო გააჩინა. წამოსვლა ყველამ ვერ შეძლო. შინ მოხუცები და ლოგინად ჩავარდნილი ავადმყოფები დარჩნენ - ჩვენ ხელს არავინ გვახლებსო. მაგრამ საწოლში მოკლეს მძიმე ავადმყოფი ალექსანდრე რომელაშვილი, არ დაინდეს მოხუცებული ნათელა ტარიელაშვილი. ამ უბედურებას ვერ გაუძლო რამდენიმე მოხუცებულმა და თავი ჩამოიხრჩო. დღემდე დაკარგულად ითვლებიან გიორგი ბერუაშვილი და ქეთევან რომელაშვილი. ოც წელზე მეტი თითქმის ომში ვცხოვრობდით. ამ ვითარებაში თაობა გაიზარდა. ყველაფრის მიუხედავად გვწამს უკან დაბრუნებისა. საქართველოს არ უწერია გადაშენება, ჩვენი სამშობლო გაბრწყინდება და კვლავ დაიბრუნებს ულამაზეს ხეობებს".
***
- რუსულ ჭურვებს, სამწუხაროდ, ვერც ერედვის სამონასტრო კომპლექსი გადაურჩა. მისი აღდგენითი სამუშაოები მალე უნდა დასრულებულიყო. განსაკუთრებით დაზიანდა ციხე-გალავნის კედელი, - საუბარს განაგრძობს ბატონი ზურაბ ოქროპირიძე, - ერედვის "სასწაულიანმა" წმინდა გიორგის ეკლესიამ ქართველ მკვლევართა ინტერესი გამოიწვია. იგი განსაკუთრებულია ტაძრის სამხრეთ შესასვლელის სვეტებზე ვრცელი და ისტორიული ფაქტების შემცველი წარწერებით, რომელშიც ნიშანდობლივად იკვეთება X საუკუნის დასაწყისის საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ვითარება, ასევე უნიკალურია ტაძრის არქიტექტურული გადაწყვეტა. XX საუკუნის ოციან წლებში ძეგლის მეცნიერულ შესწავლას შეეცადა მეცნიერი ვარლამ თოფურია, ქართველ მეცნიერთაგან ერთ-ერთმა პირველმა მიანიშნა მონასტრის სამშენებლო წარწერის ისტორიულ მნიშვნელობაზე (ამ საკითხს შეეხო ისტორიკოსი დიმიტრი ბაქრაძეც), თუმცა ეჭვქვეშ დააყენა ძეგლის ორიგინალობის საკითხი და წარწერაში მოხსენიებულ პირთა რეალობა. ძეგლის მონოგრაფიულ შესწავლას დიდი ღვაწლი დასდო შესანიშნავმა მეცნიერმა რუსუდან მეფისაშვილმა. გასული საუკუნის 40-იან წლებში მან პირველმა გახსნა და სრულად ამოიკითხა ეკლესიის მთავარი სამშენებლო წარწერა, სადაც ვკითხულობთ: "სახელითა ღმრთისაითა, მამისა, ძისა და სულისა წმიდისაითა, მეოხებითა წმიდისა და ღმრთისმშობელისაითა, შეწევნითა წმიდისა გიორგისაითა ხელმწიფობასა ღმრთივდამყარებულსა წმიდისა კონსტანტინე მეფისასა, რომელმან ბრძანა და ჩავიდა ჰერეთს შიგან, ჰერთა მეფეი გააქცია და მუნით მშვიდობით იქცა, ცისკრად ალავერდს ილოცა, მწუხრი ბრეძას გადაჰხთა; მეორედ კულა ავიდა, ვეჯინისა ციხე დალეწა; ქართლსა შინა უფლობასა ტბელისა ივანესა, მთავარეპისკოპოსობასა სანატრელისა ყუარყვარესა, ჯუარითა მისითა, განზრახვითა ნიქოზელისა - სანატრელისა სტეფანე ებისკოპოსისაითა, ძალითა, შეწევნითა მოყუასთაითა, მე თეოდორე თაფლაისძემან დავდე საძირკველი - წელნი იყუნენ ხფი, ქრონიკონსა რკვ".
წარწერის მიხედვით, ერედვის წმინდა გიორგის ტაძარი დაახლოებით 906-918 წლებში აშენდა. ვინ არიან წარწერაში მოხსენიებული პირები? როგორც ცნობილია, IX საუკუნის ბოლოდან ქართველ მეფე-მთავრებს შორის ქართლის დასაუფლებლად ბრძოლებში აფხაზთა მეფემ კონსტანტინემ იმარჯვა. ერედვის სამშენებლო წარწერა სწორად მას აღიარებს "ღმრთივდამყარებულ წმინდა მეფედ" (ასევე მოიხსენიებს კონსტანტინე მეფეს კუმურდოსა და სამშვილდის ტაძრების ამავე პერიოდის სამშენებლო წარწერები). რუსუდან მეფისაშვილის განმარტებით, წარწერაში მოხსენიებული "უფალი ტბელი იოვანე" იმ დროისთვის შიდა ქართლში მთავრად ანუ ერისთავებად დაწინაურებულ ტბელთა საგვარეულოს წარმომადგენელია. იოანე ტბელი, რომელიც ასევე დაფიქსირებულია ცხინვალის რაიონის სოფელ დოდოთის ცხრაკარას ეკლესიის (Xს-ის I ნახ.) წარწერაშიც, ბუნებრივია, კონსტანტინე აფხაზთა მეფის (იმავე დასავლური ქართული სამეფოს) ერისთავია და ქართლში მისი პოლიტიკური ჰეგემონობის ხელშემწყობია. წარწერაში ხაზგასმულია, რომ მეფე კონსტანტინემ ჰერეთში ლაშქრობის შემდეგ "ალავერდს ილოცა".
ტბელ ფეოდალთა მმართველობამ სასიკეთოდ იმოქმედა შიდა ქართლის ამ ნაწილზე. ერედვის წმინდა გიორგის, ბერის საყდრის, ხეითის საბაწმინდის, დისევის ძელიცხოველის, სხვა ეკლესია-მონასტრების და ციხე-კოშკთა მშენებლობამ უზრუნველყო ლიახველთა სიმშვიდე და ეკონომიკური წინსვლა. ტაძრის ტბელთა ბრძანებით აგებას მოწმობს ერთ-ერთ სარკმელზე ამოტვიფრული კიდევ ერთი ასომთავრული წარწერა: "აღეშენა წმინდაი ეკლესიაი ესე ყოველთა ტბელთა ბრძანებითა".
ერედვის სამშენებლო წარწერიდან ასევე ვიგებთ, რომ 906 წელს ნიქოზის ეპისკოპოსი სტეფანე ყოფილა. მკვლევარ იოსებ მეგრელიძის თქმით, იგი იმდენად მნიშვნელოვანი პიროვნებაა, რომ წარწერაში ქვეყნის მმრთველებთან ერთად იხსენიებენ. "განზრახვითა მისითა" დიდი ეკლესიის აგებას იწყებენ. ნიქოზის საეპისკოპოსო ტაძარი ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასალმა ააგო და იქ ეპისკოპოსი დასვა. აქედან მოყოლებული ერედვი და მთლიანად ლიახვის ხეობა მაღირან-დვალეთის ჩათვლით, ამ საეპისკოპოსოს ემორჩილებოდა.
სამშენებლო წარწერის ავტორი თვით ერედვის ტაძრის ამგები, იმ დროისთვის უდავოდ სახელოვანი ხუროთმოძღვარი თეოდორე თაფლაისძეა. იგი თავისი დროის ნოვატორი ოსტატია. ერედვის წმინდა გიორგის ტაძრის გარდა, უეჭველია მისი მეურვება თუ უშუალო ხელმძღვანელობა ზემოთ ჩამოთვლილ ეკლესია-მონასტერთა მშენებლობაში.
აკად. გიორგი ჩუბინაშვილის აზრით, ერედვის წმინდა გიორგის ანალოგი არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც არ მოინახება. ამავე აზრს იზიარებს რუსუდან მეფისაშვილიც. მკვლევარებს აკვირვებთ სამეკლესიანი ბაზილიკის გარშემოსავლელი, რომელიც ტრადიცულად სამმხრივ კი არა, ოთხივე მხრიდან უვლის ეკლესიას. რაც შეეხება ციხე-გალავანს, სპეციალისტები მას ტაძრის აგების თანადროულად მიიჩნევენ. იგი საფუძვლიანად აღადგინეს XVIIIს-ში.
ბერის საყდარი გარეგნულად წააგავს წმინდა გიორგის ეკლესიას. სამეკლესიანი ბაზილიკა ნაგებია მუქი წითელი და ღვინისფერი თლილი ქვებით. მაღალი სამშენებლო ხარისხით გამორჩეული ეს ქვა ოდითგანვე მრავლად მოიპოვებოდა ერედვის ე.წ. წითელ მიწებზე. არაერთი ქვისმთლელი ოსტატის სახელი შემორჩა სოფლის მატიანეს.
ბერის საყდარი ყურადღებას იქცევს დახვეწილი ჩუქურთმებით, საერთო დეკორატიული გადაწყვეტით. გადარჩენილია ჩრდილოეთის კედლის ფრაგმენტები. ეკლესიას ოვალური ფორმის გალავანი ჰქონია შემოვლებული. სამწუხაროდ, არაა შემორჩენილი ტაძრის სამშენებლო წარწერა, რომელიც კიდევ ბევრ საინტერესოს მოგვითხრობდა. ათასწლოვანი ძეგლი XXს-ის 20-იან წლებში კომუნისტთა ბრძანებით დაუნგრევიათ და ჩუქურთმიანი ქვებით კოლმეურნეობის ბოსელი აუგიათ. შესაძლებელია, ამ განუკითხაობის დროს დაიკარგა წარწერიანი ქვები. ამას გვაფიქრებინებს 1924 წელს მკვლევარ ვარლამ თოფურიას მცდელობა წაეკითხა ტბეთის ბორცვისჯვრის ეკლესიის (ცხინვალიდან 2-3კმ-ში) სამშენებლო წარწერა. მაგრამ, მეცნიერის თქმით, "მივუსწარი მხოლოდ მაშინ, როცა სამხრეთ ოსეთის მთავრობის განკარგულებით ძეგლის ნახევარზე მეტი დანგრეული იყო და ჩემი იქ ყოფნის დროსაც ანგრევდნენ. ეკლესიის მასალა გამოყენებულ იქნა ცხინვალში აბანოს ასაგებად. წარწერიანი ქვები უყურადღებოდ ლიახვის პირას ყრია თურმე".
ბერის საყდარს მჭიდროდ დაუკავშირდა XVIII ს-ის 70-იანი წლების დასაწყისში ერედვში დაბადებული ბესარიონ ფავლენიშვილის სახელი, რომელმაც თავისი უწმინდესი ბერმონაზვნური სამისიონერო მოღვაწეობით დიდი კვალი დატოვა. თავადური წარმომავლობის ყმაწვილმა სიყრმიდანვე უარყო დიდება და ამქვეყნიური სიამენი, ხორცი დაუმორჩილა სულს და მთელი არსებით უფლის სამსახურში ჩადგა.
ერედველი ბერი XVIII საუკუნის ბოლოდან სტეფანწმინდიდან მოშორებით, ერთ კლდეში საკუთარი ხელით ნაკვეთ სენაკში ცხოვრობდა. მუდმივ ლოცვასა და მარხვაში მყოფმა მოძღვარმა უდიდეს სულიერ სიმაღლეს მიაღწია. მასთან მრავალი შეჭირვებული ადამიანი პოვებდა შვებას. ქართული ლიტერატურის ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ილია ჭავჭავაძის პოემა "განდეგილის" პროტოტიპი სწორედ ბერი ფავლენიშვილია. მისი მოღვაწეობის ამბავი ილია ჭავჭავაძეს თავად მოუსმენია ხევში. მღვდელმონაზვნის ლეგენდად ქცეულმა წმინდა ღვაწლმა დიდ მწერალს უბიგა, მისი სახით ერისა და ადამიანთა მოდგმისთვის დღენიადაგ მლოცველი ბერის სახე შეექმნა. გამოთქმულია მოსაზრება, რომ მისმა საოცარმა თავდადებამ მოყვასისადმი შთააგონა ალექსანდრე ყაზბეგს, დაეწერა ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოები "მოძღვარი".
ბერის უდიდესი ავტორიტეტი მიუღებელი აღმოჩნდა რუსი მოხელეებისათვის. იგი აიძულეს, მიეტოვებინა სტეფანწმინდა. XIX ს-ის 20-იანი წლებიდან ბერი ერედვში ბრუნდება და სოფლის მოშორებით, ერთ-ერთ მონასტერში მკვიდრდება. 1824 წელს მონასტერს გასაძარცვად ოსი ავაზაკები დაესხნენ თავს. მოძღვარი სიცოცხლეს გამოასალმეს. საგულისხმოა, რომ მისი წმინდა სისხლი უკანასკნელ დრომდე ემჩნეოდა მონასტრის გადარჩენილ კედლებს. ხალხმა ამის შემდეგ ტაძარს ბერის საყდარი უწოდა. მონასტერთან ახლოს მომდინარე ანკარა წყაროსაც ბერის წყარო დაარქვეს. გადმოცემით, ბერი იმდენად წმინდა ყოფილა, ჰაერში შეეძლო დგომა. ანალოგიური რამ მოუყოლია ვარლამ თოფურიასთვის სოფელ ბროწლეთის მკვიდრს. ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ღირსი მამის ღვაწლი. ეპისკოპოსმა კირიონმა (შემდგომში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა) წერილში, "იერომონახი მისიონერი ბესარიონ ფავლენიშვილი", მიმოიხილა მისი დამსახურება ქართული ბერმონაზვნური ცხოვრების აღორძინების საქმეში. იმედია, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია, საზოგადოება უკეთ შეისწავლიან თავისი დროის ღირსეული სასულიერო მოღვაწის ცხოვრების ისტორიას. წმინდა მოღვაწის სახელის უკვდავსაყოფად გორში, დევნილთა ახალ დასახლებაში ერთ-ერთ ქუჩას ბერი ბესარიონ ფავლენიშვილის სახელი ეწოდა.
ერედვს დიდად გაუთქვა სახელი ასევე წმინდა მამა იოანემ (ერისკაცობაში ბასილი მაისურაძე), ბეთანიის ტაძრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა, - მიამბობს ბატონი ზურაბი, - მისი დაბადების ადგილად ცხინვალია მიჩნეული, თუმცა, ერედველი მაისურაძეების განმარტებით, იგი შუა ერედვში (ბერულის უბანში) დაბადებულა. წმინდა მოძღვარი რაჭიდან ერედვში ჩამოსახლებულ მაისურაძეთა შთამომავალია. ბასილი ბავშვობიდანვე ზიარებია წმინდა ეკლესიას. ხშირად აკითხავდა ბეთანიის მონასტერს, დროის უმეტეს ნაწილს ტაძარში ატარებდა. XX საუკუნის დასაწყისიდან ათონის მთაზე იწყებს სასულიერო მოღვაწეობას. მამა იოანეს სახელით იქ აღიკვეცა ბერად და მალე მღვდლადაც დაასხეს ხელი. ღირსი მამა უხვად იყო დაჯილდოებული საღვთო სათნოებებით. უშურველად გასცემდა ყოველივეს. თავისთვის ხმელი პურიც არ ემეტებოდა. საქართველოს გასაბჭოების ახლო ხანებში იგი სამშობლოში ბრუნდება, სადაც უსასტიკესი რეპრესიები შეხვდა. ბოლშევიკური იდეოლოგიით გონებადაბინდულმა პირებმა არაერთხელ მიაყენეს შეურაცხყოფა წმინდა ბერს. დაურბევიათ და გაუძარცვავთ მონასტერი, ღირსი მამა მრავალჯერ მდგარა სიკვდილის საფრთხის წინაშე. ერთხელ ტყვიაც ესროლეს და ღვთის განგებით სასწაულებრივად გადარჩა. დღეს ბევრს საუბრობენ ბეთანიელ მამებზე, მათ ღვაწლსა და დამსახურებაზე. შეიძლება ითქვას, რომ ბეთანიის მონასტერმა და იქ მოღვაწე წმინდა ბერებმა ქვეყნისთვის უმძიმესი სულიერი განსაცდელის, ბოლშევიზმის აღვირახსნილი დიქტატურის ჟამს გაწეული სათნოებით, მუდმივი მარხვით და ლოცვით შეძლეს უწყვეტი შინაგანი კავშირის შენარჩუნება და მისი დაკავშირება მომავალთან. მამა იოანე უდიდესი ღვთაებრივი მადლით იყო სხივფენილი. მისი ლოცვით სარეცელს მიჯაჭვული არაერთი ავადმყოფი განიკურნა და უამრავი სასწაული აღსრულდა.
სამწუხაროდ, ამ წმინდა მოღვაწეთა მშობლიური სავანე დღეს მტრისგან არის იავარქმნილი. მგლოვიარეა ერედვი. მწარე ფიქრს მისცემია ოდესღაც ხალისიანი სოფელი. მომლოცველებს ელიან ეკლესია-მონასტრები, მაგრამ ისინი არ ჩანან. ერედველებს ესმით, რომ ეს დიდი განსაცდელია, რომელსაც უფლის რწმენით აუცილებლად გადალახავენ და დაიბრუნებენ კურთხეულ მიწას, მანამდე კი უკეთესი მერმისის იმედით საქართველოს სხვადასხვა ალაგიდან გაჰყურებენ სოფლის სანახებს.
ფოტოები მოგვაწოდა
ლიახვის ხეობის მუზეუმ-ნაკრძალის მმართველმა
ბ-ნმა ბადრი გასპაროვმა
ლიახვის ხეობის მუზეუმ-ნაკრძალის მმართველმა
ბ-ნმა ბადრი გასპაროვმა