ქვეში
საქართველოს ტერიტორიაზე უძველესი ქართული დამწერლობის ადგილსამყოფელი მდინარე ფოლადაურის ახლოს მდებარე ბოლნისის სიონია.
"ფოლადაური გამოდის ლელვარს და მიერთვის მდინარე მაშავერას, მას ზედა არს მცირე ქალაქი ბოლნისი, მას ზემოთ ეკლესია დიდი, უგუმბათო ბოლნისისა, რომელი აღაშენა მეფემან ფარსმან (408წ.), გორგასალ დასვა ეპისკოპოზი, შემდგომად შემუსვრილი აღაშენა დედოფალმან მარიამ, აწცა ზის ეპისკოპოზი, მწყემსი აწინდელის ქართლის სომხითისა". ბოლნელ ეპისკოპოს ნიკოლოზ მუხრან-ბატონს აუგია ბოლნისის სამრეკლო XVII საუკუნის 80-იან წლებში, მასვე განუახლებია კაზრეთის წმინდა სამების მონასტერი. ბოლნისის სიონის კედლებს შემორჩა ოთხი ასომთავრული წარწერა, რომელთაგან სამი უშუალოდ ტაძრის აღმშენებლობას უკავშირდება. წარწერების მიხედვით, ტაძრის მშენებლობის მოთავე ყოფილა დავით ეპისკოპოსი. ის მონაწილეობდა საქართველოს, სომხეთისა და ალბანეთის (დღეს აზერბაიჯანის საზღვრებშია) საეკლესიო კრებაში, რომელიც გაიმართა ქ. დვინში 506 წელს. იმ 23 ქართველ ეპისკოპოსს შორის, რომლებმაც ხელი მოაწერეს კრების დადგენილებას, დავით ეპისკოპოსი მეხუთეა. ეს სია რიგს იცავს და ბოლნელი ეპისკოპოსის მოწინავეობაზე მეტყველებს.
ქვემო ქართლის კულტურის განვითარების მაღალი დონის მაჩვენებელია აგრეთვე 1971 წლის ბოლნისის რაიონის სოფელ ბალიჭში აღმოჩენილი სარკოფაგის ასომთავრული წარწერა: "ესეს სული ქრისტე მოიხსენიე", რომელიც აკადემიკოსმა აკაკი შანიძემ VI-VII საუკუნეებით დაათარიღა.
გივი ჯაყელის წიგნში, "რას ბუტბუტებს მაშავერა", ვკითხულობთ, რომ მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში მაშავერას ხეობა განსაკუთრებულ როლს ასრულებდა ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. შემთხევითი როდია, რომ ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთის მახლობელი ნასოფლარის, სამტრედოს ეკლესიის წარწერაში მოხსენიებულია მეფე ლაშა-გიორგი.Mმის სახელს უკავშირდება წმინდა სამების მონასტრის, წუღრუღაშენისა და ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსების მშენებლობა. აქ გადიოდა საქარავნო გზა აღმოსავლეთის ქვეყნებისკენ. დედაქალაქიდან გამოსული საქარავნო გზა ქვეშის ციხის ახლოს ორ შტოდ იყოფოდა: ერთი - მაშავერას მარცხენა ნაპირს მიჰყვებოდა, მეორე - სოფელ კინეთის პირდაპირ გადიოდა მდინარე მაშავერის მარჯვენა მხარეზე და სოფლების: ღორისთავის, საბერეთის, უშევანის, კაზრეთის, ბალიჭის, შავგოზის, გორინჯუკის (ახლანდელი სოფელი მაშავერა) გავლით მიემართებოდა ციხე-ქალაქ დმანისისკენ.
ქვემო ქართლი განსაკუთრებით დაამცრო მტერმა. თემურ-ლენგის დამანგრეველი შემოსევების ნაშთები ბევრ ადგილას გვხვდება. კაზრეთში შესასვლელი ხიდის ახლოს, "ბარიყალოს კლდეში" ქვითკირით ნაშენი სენაკები, გადმოცემის მიხედვით, თემურ-ლენგის მეოთხე შემოსევის დროინდელია. "მაშავერას კლდიან ნაპირებში მრავალი სენაკია გამოკვეთილი, ვიდრე ქართველთა სოფელ მიჯამდე (ჯავახი) და ყალამშიამდე (განთიადი). ქართველთა ეს ორი სოფელი კიდევ შემორჩენილია ძველ ნაოხრალზე. ერთი სოფელი მოშრევანის გაღმიდან არის და მეორე - გამოღმიდან". თემურ-ლენგის შემოსევის ნაშთები გვხვდება აგრეთვე საყაფლანოს წყლის სათავეში, "ქვაბში", სადაც ხეობის ორივე კლდოვანებში უამრავი სენაკია.Aაქ ხანგრძლივი დროით უცხოვრია ხალხს, რაზეც მეტყველებს დღესაც საკმაოდ კარგად შემონახული საყდარი.
ქვემო ქართლის ტერიტორიაზე დიდი და ძლიერი სათავადოს, "საბარათიანოს" შექმნა იწყება, რომელმაც მოიცვა მდინარეების - მაშავერას, ქციის, ალგეთის ხეობები, ჯავახეთის ზეგანი. "ბარათაშვილი, რომელთა უპყრავთ გაჩიანისა და გარდაბნისა საერისთაონი ტფილისის სამხრით, ვიდრე ლორე-ფარავნამდე, თვინიერ მეფისა სახასოთა და შეწირულობათა ეკლესიათათა, ხოლო იტყვიან ესენი ჩამომავლობისა ქაჩიბაიძისასა, რომელსა აცხადებს გუჯარნი და სიგელნი მათნი მეფეთგან წყალობისანი", - წერს ვახუშტი ბაგრატიონი. ბარათაშვილების საგვარეულოს ფუძემდებელი და დამაარსებელია ბარათა ქაჩიბაიძე, მეფე ალექსანდრე პირველის მოლარეთუხუცესი. ბარათას 1447-1459 წლებში მცხეთის სვეტიცხოვლისთვის შეუწირავს სოფელი ყორანთა.
მაშავერას ხეობაში ქაჩიბაიძე-ბარათაშვილებზე უფრო ძლიერი და გავლენიანი ძალა ჯავახიშვილები ყოფილან, რაც იქიდან ჩანს, რომ ქართლის ტახტისთვის გიორგი VIII-ისა და ბაგრატ VI-ის ბრძოლაში გამარჯვებული ბაგრატ VI ტახტზე ასვლისთანავე ამ დროისთვის მნიშვნელოვან ციხესიმაგრეს - ქვეშის ციხეს ჯავახიშვილებს უმტკიცებს "ბაჟითა და მისთა მისადგომითა".
1468 წლის მეფე ბაგრატ VI-ის მიერ გაცემული წყალობის წიგნიდან ჩანს, რომ ქვეშისა და რატევანის მიდამოები ძველთაგანვე, თამარ დედოფლიდან დაწყებული, ჯავახიშვილებს სჭერიათ, ამის გარდა ირკვევა ისიც, რომ მეფე თამარი და მისი შთამომავალნი ქვეშსა და რატევანთან ახლო ურთიერთობაში ყოფილან. ამ ისტორიული სინამდვილიდან გამომდინარე, უკვე უეჭველი ხდება ამ მხარეში გავრცელებული მეფე თამართან დაკავშირებული ბევრი ლეგენდა. ერთ-ერთის მიხედვით, სოფელ რატევანისთვის სახელი თამარს შეურქმევია:Lლამაზად დახუნძლული ყურძნის მტევნებით განცვიფრებულ მეფეს უთქვამს: "რა მტევანია, რა მტევანიო". აქედან წარმოდგება სოფლის სახელიც - რატევანი. მეორე ლეგენდით - წვიმის გამო გეტას ხიდის ქვეშ შეფარებულ დედოფალს სოფლისთვის ქვეში შეურქმევია.
ბოლნისის ჭალა-ზვრებში დღესაც მოქმედ ქვითკირის ხიდს "თამარის ხიდი" ჰქვია.
ქვეშის ციხის ხელში ჩაგდებით ჯავახიშვილებს შეეძლოთ გაეკონტროლებინათ მთელი მაშავერის ხეობა, რაც ბარათაშვილებისთვის სასიამოვნო ამბავი არ უნდა ყოფილიყო; მაგრამ ჯავახიშვილების ბატონობა მაშავერის ხეობაში, როგორც ჩანს, დიდხანს არ გაგრძელებულა, რაზეც მეტყველებს შემდეგი ფაქტი: 1486 წელს იაკუბ ყაენმა ილაშქრა საქართველოში, მცხეთა და აწყური დაარბია, შემდეგ "წარმოავლინა აწყურიდან სპანი, ესენი დაესხნენ დმანისს და ქვეშის ხევს, მოსტყვევნეს და წარვიდნენ".
მართლაც საოცრად ლამაზია ქვეშის ციხე, რომელიც შემაღლებული ადგილიდან გადმოჰყურებს ხეობას და თითქოს ბურჯად უდგას იქაურობას. გალავნის შუაგულში წმინდა ნიკოლოზის მცირე ზომის საყდარია. სოფელში თვალში გხვდება ღვთისმშობლის ხარების სახელობის უძველესი ტაძარი, რომელიც ბოლნელი ეპისკოპოსის, მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევით აღდგა და ღვთისმსახურება მიმდინარეობს. ღვთისმშობლის ტაძრის განახლებაში დიდი წვლილი მიუძღვის თავად ამ ტაძრის წინამძღვარს მამა მიქაელ დურგლიშვილს და მოსახლეობას.
ბოლნისის ეპარქიას 2 იანვარს ვესტუმრე. ტაძარში ღვთისმსახურება აღესრულებოდა. მრევლიც არ აკლდა. ახალნაკურთხი მოძღვრის მიმართ განსაკუთრებული სითბო და მზრუნველობა იგრძნობა. ვიდრე მამა მიქაელთან საუბარს შემოგთავაზებთ, მანამდე ქვეშელების სახლის კარი შევაღოთ.
ურუმაშვილებმა დიდი სიყვარულით მიმიპატიჟეს საახალწლო სუფრასთან. დიასახლისმა, სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ლამზირამ ბევრი რამ მიამბო სოფელ ქვეშის წარსულსა და აწმყოზე. ჩემი მასპინძლის ოჯახი "კარიბჭის" ერთგული მკითხველი გამოდგა.
- ქვეში ერთ-ერთი უძველესი ქართული სოფელია. ძირითადად ქართველები მოსახლეობენ, უფრო ურუმაშვილების გვარისანი - ას კომლამდე, მცირე რაოდენობით - სომხები. ასევე ცხოვრობენ ალაგარდაშვილები, აქულაშვილები, ხარატიანები და სხვები. ურუმაშვილები წარმოშობით მესხეთ-ჯავახეთიდან არიან, სოფელ ვაჩიანიდან. ერთი ძმა ჩამოსახლებულა ქვეშში, მეორე ძმა - დმანისში. სოფლის წარსულს ძალიან უფრთხილდებოდა ეფრემ ურუმაშვილი. ზრუნავდა, რომ ქვეში ნამდვილი ქართული სოფელი ყოფილიყო, მრავალსულიანი და ძლიერი.
წინათ სოფელი ქვეშის ციხის ზედა ნაწილში იყო. ქვევით ეფრემ ურუმაშვილის თაოსნობით გაშენდა. ქვეში საქართველოს აკავშირებს სომხეთთან, რომელთანაც შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა ოდითგან. აქაურ ქართულ ოჯახებს ჰყავთ სომეხი რძლები და შეხმატკბილებულად ცხოვრობენ.
სოფლის მშვენებაა სკოლა. წინათ ჩვენს სოფელში ოთხკლასიანი სასწავლებელი იყო, საშუალო განათლების მისაღებად მხოლოდ წელგამართულნი მიდიოდნენ მეზობელ სოფელ აკაურთაში ცხენით. ასევე აგრძელებდნენ სწავლას სოფელ ბალიჭში. ეფრემ ურუმაშვილის თაოსნობით ოთხწლედი ცხრა კლასამდე ავიდა. ჩვენთან ქართველებთან ერთად სწავლობენ სხვა ეროვნების ბავშვებიც. როდესაც დირექტორად დავინიშნე, 36 მოსწავლე გვყავდა. დღეს სწავლობს 57 ბავშვი. ხანშიშესული არაქართველები წუხან, რომ არ იციან სახელმწიფო ენა, ამიტომაც შვილიშვილები მოჰყავთ ქართულ სკოლაში. სასიხარულოა, რომ ქვეშში ამოქმედდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარი. მიხარია, რომ ახალგაზრდების უმეტესობა ღვთისკენ მოექცა. დაიწყეს ეკლესიაში სიარული და ჯანსაღი ცხოვრების წესი აირჩიეს. როცა მათ ვეკითხები, - რა შეიცვალა მათში ტაძრის ამოქმედების შემდეგ, - პირველ რიგში დიდი სითბოთი იხსენიებენ მოძღვარს, მარხვა დაიწყეს, სიგარეტის მოწევას თავი დაანებეს. მე-4-5 კლასების მოსწავლეები თავად მივიდნენ მოძღვართან აღსარების ჩასაბარებლად. მწამს, ჩვენს სოფელს დიდი მომავალი ექნება. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ეკლესია, სკოლა და ის ადამიანები, რომლებიც იღვწიან მომავალი თაობის აღსაზრდელად.
სოფელში ერთადერთი მოხუცი ქალბატონი გვყავს - მანია ბაბო. დიდებული ადამიანი და საუკეთესო შვილების აღმზრდელი. ის მართლაც მაგალითია ქართველი ქალისა.
სასიხარულოა, რომ ოჯახები იქმნება და მრავლდება. თითო ოჯახში ორი და მეტი ბავშვია. უმუშევრობა გვჩაგრავს. ახალგაზრდას არ აქვს სამსახური. მიწაზე ფიზიკურად კი მუშაობენ, მაგრამ არ ჰყოფნით.
80-იანი წლებიდან სოფელში საბავშვო ბაღიც არის. ადგილობრივი გამგეობა ძალიან ზრუნავს მომავალ თაობაზე.
ქვეშის ციხის შუაგულში მცირე ტაძარი დგას. რამდენიმე წლის წინ არქეოლოგებმა ციხეში მიაკვლიეს გვირაბს. იპოვეს ულამაზესი მოჭიქული დოქის ნამსხვრევები.
ამჟამად ძველ ქვეშში აზერბაიჯანელები ცხოვრობენ. ქვეშის ციხიდან კარგად ჩანს ძველი ქვეში.
ციხე XIII-XIV საუკუნეებით თარიღდება. კარიბჭეში დიდი ლოდია. ქვას ახლაც ამჩნევია ჩამკეტი კარის ბოძის ნაქუსლარი. ციხეს ჰქონია სათოფურებიც. გალავანს დიდი ჯვარი ამშვენებს. როდესაც ახალგაზრდებმა ციხეზე ეს უზარმაზარი ჯვარი ხელით აიტანეს, გაუჭირდათ მისი დამაგრება. ერთ-ერთი ახალგაზრდა ნასვამი იყო. სთხოვეს, - წადი, უშენოდ ავზიდავთ ჯვარსო. როგორც კი ყმაწვილი გამოეყო მეგობრებს, ჯვარიც უმალ აღმართეს. ღვთისმშობლის ტაძართან კი ჯვარი მძიმე ავარიას გადარჩენილმა სარაჯიშვილმა აღმართა უფლის სადიდებლად. ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში მთელი სოფლის ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. განსაკუთრებით იმარჯვეს ძმებმა: შალვა, გურამ და გიორგი ალაგარდაშვილებმა. ვერ ვიტყვი, ბევრი ძველი ტრადიციაა შემორჩენილი-მეთქი, თუმცა არის ბევრი ისეთი, რაც სხვა სოფლებში არ იციან. ჩემს სოფელ გომარეთს (დმანისის რაიონი) უფრო ძველი ტრადიციები აქვს შემონახული. როგორც ყველგან, ქვეშშიც აღნიშნავენ საეკლესიო დღესასწაულებს. ბარბარობას ქვეშელები წმინდა ბარბარეს ეკლესიის ნანგრევებთან ვლოცულობთ. ძალიან სტუმართმოყვარე და ხელგაშლილი სოფელია. ჭირსა თუ ლხინში ერთმანეთის გვერდით ვდგავართ.
უთუოდ უნდა აღვნიშნო მეუფე ეფრემის ღვაწლი. მისგან მართლაც დიდი სიბრძნე და მადლი მოდის. მეუფის მობრძანების შემდეგ საგრძნობლად სასიკეთოდ შეიცვალა ჩვენი ეპარქია. მრავალი ეკლესია-მონასტერი ამოქმედდა, ბევრმა დაიწყო ეკლესიური ცხოვრება. მახარებს ისიც, რომ ბოლნისში არსებობს სასულიერო სკოლა, რომელსაც, მეუფის ლოცვა-კურთხევით, მამა პეტრე კვარაცხელია ხელმძღვანელობს.
უფალს ვთხოვ, მშვიდობიანი და ბედნიერი წელი გვქონოდეს.
ქალბატონი ესმა მიქავა წარმოშობით სამეგრელოდან გახლავთ, აქაურთა რძალია.
- დუტუ მიქავას და ცოტნე დადიანის შთამომავალი გახლავართ, - მიამბობს ქალბატონი ესმა, - სოფელში უმაღლესდამთავრებული ერთადერთი მე გახლდით. როცა ქვეშში გამოვთხოვდი, მუშაობა ზოოტექნიკოსად დავიწყე. მერე დავამთავრე ქიმია-ბიოლოგიის ფაკულტეტი და დაახლოებით 50 წელი ვიმუშავე მასწავლებლად. ადრე ქვეშში 60 კომლი ცხოვრობდა, დღეს 80-მდეა. მომავალი თაობის აღზრდა უფრო მეტად ოჯახზეა დამოკიდებული. როგორც იზრუნებენ მშობლები შვილების აღზრდაზე, შედეგიც სათანადო იქნება. მართალია, წარსულთან შედარებით განვითარებულია ჩვენი სოფელი, მაგრამ ცხოვრება ძალიან ჭირს. რამდენი ხანია, არ დაადგა საშველი ბუნებრივი გაზის გამოყვანას. ელექტროენერგიის პრობლემაც გვაქვს. სოფელში ეკლესია ამოქმედდა და იმედი მაქვს, ღვთის მადლით, დანაშაულიც შემცირდება, სწორი, ღვთის გზით გააგრძელებენ ცხოვრებას.
ღვთისმშობლის ტაძართან მამა მიქაელის და ლოცვის დაწყების მომლოდინე ახალგაზრდებთან სასაუბროდ მივედი.
ირაკლი ურუმაშვილი: - ისტორიული სოფელია ქვეში. ამაზე მეტყველებს კიდეც ძველი ეკლესიები. მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევით და ტაძრის წინამძღვრის მამა მიქაელის ძალისხმევით, აღდგა მიწაში საძირკვლამდე ჩასული ღვთისმშობლის ტაძარი. ასეთივე მდგომარეობაშია ქვეშის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარიც. ვაპირებთ, ტაძარს შემოვავლოთ გალავანი, კეთილმოვაწყოთ მისი შემოგარენი. ტაძარი ძირითადად აქაურმა ახალგაზრდებმა გავწმინდეთ. სულიერად უფრო რომ გავძლიერდეთ, მამა მიქაელი საამისოდ ყველაფერს აკეთებს.
თბილისში ვმუშაობ და სოფელში ძირითადად შაბათ-კვირას ჩამოვდივარ ხოლმე. ახალგაზრდებმა ნამდვილად არ უნდა დატოვონ სოფელი. საკუთარი კუთხის სიყვარული თითოეულ ჩვენგანშია გამჯდარი. ალბათ ეს აკავებთ, რომ საცხოვრებლად დედაქალაქში და უცხოეთში არ მიდიან. პირადად მე აქ გატარებული ერთი საათი მირჩევნია სხვაგან გატარებულ ერთ წელიწადს.
მარიამ კვირიკაშვილი: - თავიდან ჩემმა ძმამ მიმიყვანა ბოლნისის სიონის ტაძარში. იქ გავიცანი დედა მატრონა (სხირტლაძე). მისი დახმარებით შევისწავლე მედავითნეობა და შეძლებისდაგვარად ვმსახურობდი ბოლნისის სიონის ტაძარში. ღვთისმშობლის ტაძრის ამოქმედების შემდეგ, მეუფის კურთხევით, აქ ვეხმარები მამა მიქაელს წიგნის კითხვაში. სხვებსაც ვასწავლით მედავითნეობას. იმედია, მომავალში ბევრი ჩაებმება ღვთისმსახურებაში. ეკლესიასთან ურთიერთობამ ძალიან ბევრი სასიკეთო რამ შემძინა. ვცდილობ, სულ სხვანაირად, ღვთით წარვმართო ჩემი ცხოვრება.
ლევან ურუმაშვილი: - მიწაში ჩაფლული ტაძრის სამზეოს ამოსატანად სოფლის ახალგაზრდებმა ძალ-ღონე არ დავზოგეთ. ის დღეს რომ მოქმედია, ამისთვის ვმადლობთ უფალს. სოფლის მოსახლეობას მეტი რწმენა გაუჩნდება ღვთისა. ჩვენი ქვეყანა, ქართველობა რწმენამ გადაგვარჩინა და მომავალშიც მხოლოდ ეს გადაგვარჩენს. მადლობა მეუფე ეფრემს, რომ ასეთი ძვირფასი მოძღვარი მსახურობს ჩვენს სოფელში.
კახა ბესაბაშვილი: - როგორც კი ამოქმედდა ტაძარი, მამა მიქაელმა სტიქაროსნობა შემომთავაზა. საშობაოდ სტიქარით შევიმოსე. პირველი აღსარება მამა პეტრეს (კვარაცხელია) ჩავაბარე. ტაძარში სიარულის შემდეგ უფრო ვიგრძენი სიმშვიდე და ვცდილობ, ვიცხოვრო ჯანსაღი ცხოვრებით. მიხარია, რომ დიდი და პატარა - ყველა ტაძარში მოდის მსახურებაზე. უფრო მეტი მადლი ტრიალებს სოფელში.
რაჭის უბანი
როცა აქაურ რაჭველებს ვესაუბრებოდი, მეგონა, მშობლიურ რაჭაში ვიყავი. ბოლნისელ რაჭველებს სტუმარმასპინძლობითაც ვერავინ შეედრება. მამა მიქაელი სოფელში მდებარე ღვთისმშობლის ტაძარში აღავლენდა მსახურებას. მრევლი საკმაოდ იყო. მსახურების შემდეგ მოძღვართან და მრევლთან ერთად ვიტრაპეზე კიდეც. რაჭისუბნელებმა საუბარზეც არ მითხრეს უარი.
- ჩვენს სოფელს რაჭის უბანი იმიტომ დაერქვა, რომ ძირითადად რაჭველები ცხოვრობენ, - მიამბობს ქალბატონი მარიამ რეხვიაშვილი, - რეხვიაშვილები, ჩაგელიშვილები, ლობჯანიძეები, გავაშელები, სულთანიშვილები, ბელაშვილები, ბაღაშვილები. ბოლო დროს შემოგვემატნენ სვანები - ზურაბიანები, გვიბლიანები, ბიბლიანები, ბაკურაძეები.
ბოლნისში 1957 წლის აპრილში ჩამოვსახლდით. მანამდე რაჭის სოფელ ჭიორიდან 1943 წელს ჩრდილოეთ კავკასიაში გადაგვასახლეს. იქ 13 წელიწადი ვცხოვრობდით. მე სოფელ წებელდაში დავიბადე, ჩემი მშობლები - რაჭაში. ბუნდოვნად მახსოვს, როგორ ვემზადებოდით ბოლნისში წამოსასვლელად. საგანგებოდ იყო გამოყოფილი მატარებლის ვაგონები ხალხისა და შინაური ცხოველებისთვის. უკვე 50 წელია რაჭის უბანში ვცხოვრობთ. შევეჩვიეთ აქაურობას, შევქმენით მცირე მეურნეობები.
ელენე ჩაგელიშვილი: - თავიდან ღვთის რწმენა და სიყვარული მეუფე ქრისტეფორემ (წამალაიძე) ჩამინერგა. პირველი ბოლნელი ეპისკოპოსი გახლდათ მეუფე ქრისტეფორე. როცა ბოლნისში ჩამოვიდა, ჩემს ოჯახში, რაჭის უბანში ცხოვრობდა. ჩვენს სოფელში ტაძრის ნანგრევები იყო და იქ მივდიოდით ხოლმე მსახურებაზე, გვაზიარებდა კიდეც. მდინარეში ჩაატარა საყოველთაო ნათლობა. ასე გავხდით აქაური ძველი თაობის უმეტესობა მორწმუნე და ღვთისმოშიში. მერე დავდიოდით წმინდა გიორგის, სამების, ბოლნისის სიონის ტაძრებში. ბევრჯერ გვივლია ფეხითაც. მადლობის მეტი რა გვეთქმის მეუფე ეფრემისა - გააძლიერა ბოლნისის ეპარქია. უდიდეს ყურადღებას აქცევს ყველაფერს. მრევლის რაოდენობა დღითიდღე მატულობს.
- ადრე რაჭის უბნის ღვთისმშობლის ტაძარს მამა იოანე წინამძღვრობდა. ჩემს სახლში ცხოვრობდა ოთხი წელი და ღვიძლი შვილივით გვყავდა მიღებული, - მიამბობს ქალბატონი ლალი ასათიანი, - ამჟამად მამა იაკობია წინამძღვარი. ტაძარში მსახურობს კიდევ ერთი მოძღვარი, მამა მიქაელი. ჩემი ქალიშვილი მგალობელია. ვცდილობთ, ვიცხოვროთ ისე, როგორც ქრისტიანს შეეფერება.
- რაჭველები დღემდე შეხმატკბილებულად ვცხოვრობთ, - შემოგვიერთდა ბატონი მერაბ რეხვიაშვილი, - მახარებს ისიც, რომ რაჭველი კაცი არ ივიწყებს ადათ-წესებს. გვიყვარს ერთმანეთი, მხარში დგომა ვიცით. მადლობა ღმერთს, რომ სოფელში მოქმედი ტაძარია და ხალხი მოძღვრის შეწევნით სულიერ საკვებს იღებს. სხვა მხრივ, სოფელში პრობლემებს რა გამოლევს. მთავარი მაინც უწყლობაა. სარწყავი და სასმელი წყლის უქონლობას ვუჩივით. ძალიან კარგია აქაურობა, მაგრამ საკუთარი ნაფუძარის, რაჭის სიყვარული და მონატრება არ გაგვნელებია.
- ძალიან გვიყვარს მეუფე ეფრემი, - მითხრა თამარ რეხვიაშვილმა, - ყველაფერს აკეთებს ეკლესია-მონასტრების აღსადგენად, მრევლის გასამრავლებლად. მისი ლოცვა-კურთხევით ვგალობ ბოლნისის სიონში, ხოლო კვირაში ორი დღე რაჭის უბნის ღვთისმშობლის ტაძარში. ეკლესიაში ბავშვობიდან დავდივარ და უფლის სიყვარული თავიდანვე მომყვება. მადლობა უფალს ყველაფრისთვის.
მოძღვარი
სოფელ ქვეშში სამი ტაძარია, მათგან მოქმედია VII საუკუნის (განუახლებიათ XIV ს-ში) ღვთისმშობლის ხარების სახელობის ეკლესია. ტაძარში არის უძველესი ვაზისჩუქურთმიანი ქვის სვეტები. მნიშვნელოვანია ასევე ქვეშის ციხეში მდებარე წმინდა ნიკოლოზი სახელობის ტაძარი. მტრის შემოსევების დროს ამ ციხეს შეფარებული ჩვენი წინაპრები ამ ტაძარში ავედრებდნენ უფალს სამშობლოს გადარჩენას. მესამე ტაძარი აკვნების წმინდა ბარბარეს სახელითაა ცნობილი. ის VII საუკუნისა გახლავთ. წმინდა ბარბარე ბავშვების მფარველია და ამიტომაც, ჩანს, უშვილო მშობლები შესთხოვდნენ შვილიერებას, თან თურმე აკვნები მიჰქონდათ. - როგორ დაიწყეთ ეკლესიური ცხოვრება? - ვეკითხები მამა მიქაელს.
- ერში დიდი დიღმის ყოველთა ქართველთა წმინდათა სახელობის ტაძრის მრევლი ვიყავი. მამა დავით შაქარაშვილი გახლავთ ჩემი სულიერი მოძღვარი. მამა დავითის და მამა კახაბერ ასათიანის ლოცვა-კურთხევით, რამდენიმე მრევლის წევრი გალობას სიონის სამრევლო სკოლაში ვსწავლობდით. საოცარი ადამიანია ქალბატონი ლია სალაყაია. დედობრივ მზრუნველობას იჩენს თითოეული მოსწავლისადმი. ჩემი ოჯახი თავიდანვე ეკლესიურად ცხოვრობდა. ეკლესიამ დამაკავშირა მომავალი მეუღლეც. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის.
ბოლნისში ჩემი ჩამოსვლა მამა დავით მესხის მღვდლად კურთხევას დაემთხვა. მეუფე ეფრემის გაცნობის შემდეგ სურვილი გამიჩნდა, ამ ეპარქიასთან უფრო ახლო ურთიერთობა მქონოდა. ღვთის წყალობით, ჩემი ცხოვრება სასულიერო გზით წავიდა. ბოლნისში მაკურთხა მეუფემ დიაკვნად, შემდეგ მღვდლად და გამამწესა უძველეს სოფელ ქვეშში. ვცდილობთ, ამ ძირძველ მიწაზე გავაძლიეროთ მართლმადიდებლური სარწმუნოება. უნდა შევეცადოთ, ქართველში მიძინებული ღვთის სიყვარული გავაღვიძოთ. ღვთის სიყვარულზე დაშენებული რწმენით შევეცადოთ მომავლის კეთილად წარმართვა. გარშემო აზარბაიჯანული მოსახლეობით დასახლებული სოფლებია. ვცდილობთ, მათშიც დავთესოთ უფლის, მართლმადიდებლური სარწმუნოების სიყვარული. პირველ რიგში, ბავშვების ქრისტიანულად აღზრდა არ უნდა დავიზაროთ. მომავალ თაობას თუ არ შთავაგონეთ სიყვარული წინაპართა დანატოვრისა, ჩვენი საუნჯისა, უფალი არ გვაპატიებს. როდესაც ახალგაზრდას სურვილი აქვს უფლის სამსახურში ჩადგომისა და ამას მოძღვრის ლოცვა-კურთხევა ახლავს, მშობელმა ხელი უნდა შეუწყოს მას. უძველეს ეკლესია-მონასტრებს ხომ ბერ-მონაზვნები უვლიან და იქ აღავლენენ ღვთისმსახურებას. ზოგს ერში მოუწოდებს უფალი სამშობლოს მსახურებისთვის, ზოგს კიდევ ბერში.
მოძღვრის მძიმე ტვირთს აადვილებს მრევლისა და სულიერი შვილების სიყვარული. თითოეულ ადამიანს თავისებური მიდგომა სჭირდება. ყველას ერთ ენაზე ვერ გაესაუბრები. მიხარია, რომ სოფელში ხალხმა დაიწყო ტაძარში სიარული. ბევრი ამბობს აღსარებას და ეზიარება კიდეც. ეკლესიის წიაღში განსაკუთრებით ახალგაზრდები ჭარბობენ. მომავლის იმედი მართლაც გვაქვს. შობის დღესასწაულს სოფელ ქვეშის მოსახლეობა ახალაღდგენილ ტაძარში შეხვდება. რაჭის უბანში ღვთისმშობლის ტაძარშიც ვმსახურობ, წინამძღვარს, მამა იაკობს ვეხმარები ღვთისმსახურებაში. როცა მეუფემ მღვდლად მაკურთხა, მითხრა, - სითბო და პირადი მაგალითია საჭირო მრევლში სიყვარულის დასათესადო. ვცდილობ, შევასრულო მისი ლოცვა-კურთხევა და ისე ვემსახურო უფალს.