ზღუდერი
დიდი ლიახვის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს სოფელი ზღუდერი. ეს სოფელი XVIII-XIX საუკუნეებში თითქმის დაუსახლებელი ყოფილა. როგორც სახელწოდება ზღუდერი გვიჩვენებს, ეს ძველი ცხინვალისთვის ზღუდე, სიმაგრე იყო. ძველ ივერიაში (ქართლში) ქალაქის ცენტრალურ ნაწილს ეწოდებოდა ქალაქი. მას გარს ერტყა გალავანი. აი, ამ "შეზღუდულ" ნაწილს ზღუდე ეწოდებოდა. ცხინვალის ზღუდერი ქალაქისთვის ბუნებრივ სიმაგრეს წარმოადგენდა (საქართველოში რამდენიმე ზღუდერია ცნობილი. ერთ-ერთი მათგანი ქარელის რაიონში, ყინწვისის ეკლესიასთანაა, მეორე - ძამის ხეობაში). ზღუდერში წმინდა გიორგის ეკლესია დგას. მის ერთ-ერთ კედელზე ნუსხურით ამოტვიფრული წარწერაა: "წმინდაო ღვაწლისა მძლეო, მოწამეთა შორის წარჩინებულო, წმინდაო გიორგი ზღუდრისაო, მწე და მფარველ ექმენ ტაძრისა ამის ზედამდგომელსა მიქაელს, მის ძეს იოანეს ცოდვანი მისნი შეუნდენ, ამინ". ხოლო საყდრის სამხრეთი კარის ზემოთ, მთლიან ქვაზე წერია: "ჰოი, ახოვანო, მოწამეთა შორის მთავარმოწამეო, წმინდაო გიორგი ზღუდრისაო, მფარველ გვექმენ ორთავე შინა ცხოვრებათა მადიდებელსა დედუფალთ დედოფალსა ხელმწიფის დადიანის ასულსა მარიამს და ნაცვალ გვაგე მადლი და ფარვა შენმიერი დღესა ამას დიდსა განკითხვისასა შინა. ამინ!" ამ წარწერის გათვალისწინებით, ეკლესია XVII საუკუნის შუა ხანშია განახლებული. მარიამი გახლავთ მანუჩარ დადიანის ასული, ლევან II დადიანის და, პირველად სვიმონ გურიელის მეუღლე, შემდეგ - ქართლის მეფის როსტომის და ბოლოს - ვახტანგ V-ის ცოლი. ცნობილია, რომ როსტომ მეფე "მარიამ დედოფლის გავლენით ქართული ეკლესიების განახლებასაც კი მისდევდა". მარიამს ხარჯი გაუწევია იერუსალიმის ქართული ჯვრის მონასტრის განახლებაში და ამიტომ იგი ამ მონასტრის კედელზეა გამოსახული მავედრებლის სახით ქრისტეს წინაშე. მარიამის ფრესკა არის აგრეთვე მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარშიც.
ძარწემი
ეს სოფელი ცხინვალიდან დაახლოებით ხუთ-ექვს კილომეტრში მდებარეობს. იგი დიდი ლიახვის ხეობის მარცხენა მხარეს, მაღალ ფერდობზეა შეფენილი. აგვისტოს ომამდე სოფლის ძირითად მოსახლებას ჭოველიძეები, გოგიძეები, მაისურაძეები, მეტრეველები და სხვები შეადგენდნენ. სოფლის აღმოსავლეთით, სასაფლაოსთან X-XII საუკუნეებით დათარიღებული წმინდა გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესიაა. ეკლესიის ზარს საინტერესო მხედრული წარწერა აქვს: "ეს ზარი შემოვწირე წმინდა გიორგისა პარსეთ ისა თავისი ყმამ გაიანემ და ქმარმა ჩემ(მ)ა ალექსევის ერმალოვი ჩვენი სულის მეოხ-ეთ". ოდნავ მოშორებით უსახელო ტაძრის ნაშთებია. ხალხის გადმოცემით, წმინდა გიორგის ეკლესიის გვერდით საკირე გაუმართავთ. ძველი პატარა ეკლესიის ადგილზე უფრო დიდის აშენება დაუწყიათ. კირი მზად ყოფილა, რომ მღვდელი გამხდარა ავად. ეს ძველი ეკლესიის გაფართოების მცდელობისთვის მიუწერიათ - ხატია წინააღმდეგი შენობის გადიდებისაო და ისევ ადრინდელი ზომის ეკლესია აუგიათ. ეკლესიაში ჭაღზე აწერია: "შემოგწირე ბესარიონ გლურჯიძემ სპარსეთის წმინდა გიორგისა" (1851 წ.). ძარწემიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით სამ-ოთხ კილომეტრში სპარსეთას (პარსეთა) გვიანი შუა საუკუნეების წმინდა გიორგის ტაძარი მდებარეობს. ტაძრამდე, გზადაგზა პანტა და თხილი გვხვდება. შემდეგ შევდივართ ლამაზ, მუხის, წიფლის, იფნის ტყეში. აქაურ შეშას მოსახლეობა ხელს არ ახლებს - "ჯვრის საკუთრებააო".
ეკესიას ქვის გალავანი ჰქონდა. მას ვახუშტი ბატონიშვილი სპარსის წმინდა გიორგის უწოდებს. საქართველოში სპარსის სახელით ცნობილია ასევე ხევში, სოფელ სნოსთან, მაღალი მთის მწვერვალზე მდგარი წვერის სპარს-ანგელოზი.
ლიახვის ხეობის სპარსეთას ანუ პარსეთის ეკლესიის შესახებ ამგვარი გადმოცემაა: "თათრებს ხატი მოუტაცებიათ და დედოფლის მინდორზე ჩაეფლოთ. იმ მინდორს თურმე ქართველები რვა უღელი ხარით ხნავდნენ; გუთანი ხატს მოედო, ხარები გაჩერდნენ. ერთმა დაიჩოქა, ხატი ამოიღო და ხარს დააკრა რქებზე. ხარი სადაც გაჩერდა, ყველგან ნიში ააგეს. ბოლოს, არაქათგამოლეული ხარი დაეცა. იქ პარსას ეკლესია ააგეს. ზედ იმხელა ასკილი ამოვიდა, რომ მისგან ჯვარი გააკეთეს და სპარსეთის ეკლესიაში დაასვენეს".
ტაძარში მართლაც ინახება ლოდში ჩადგმული ხის დიდი ჯვარი. მეტრევლიაანთ უბანში სპარსეთას ტაძრის ხის პატარა ნიშია. სოფლის თავზე მოზრდილი გორაა, რომელსაც თამარის გორას უწოდებენ, - გვეუბნება ბატონი ბადრი გასპაროვი. ხალხური გადმოცემით, აქ თამარის ჯარი მდგარა, ეს გორაც გარკვეული მოსაზრებით ხელოვნურად აუმაღლებიათ. იქვე ახლოს კვირაცხოველისა და ყველაწმინდის (შუა საუკუნეები) ეკლესიის ნანგრევებია.
ქემერტი
ქემერტი ანუ ქემერთი ძალიან ლამაზი სოფელია, თავისი ძველი ეკლესიებითა და ციხე-კოშკებითურთ. გვართა განსახლების მიხედვით სოფელი დაყოფილია ყაულაანთ, მინდიაანთ, კასრაანთ, ოთინაანთ, მაღალდაანთ უბნებად. ოთინაანთ უბანში, წმინდა გიორგის ეკლესიის (X-XI ს.ს.) გვერდით, ხეზე ზარი კიდია, რომელსაც წარწერა ამშვენებს: "მაისურაძე და გოგია და ნიკოლას შეუწირამს წმინდა გიორგისათვის". იქვეა საფლავი, რომლის ქვაზეც ვკითხულობთ: "მღუდელი ანტონი კასრაძე შევიქმენ აღსრულებული თვით ყმაწვილი და ცოლ-შვილი დამშთნენ კნინ დაღონებული". ხეობა და კონკრეტულად ეს სოფელი განთქმული იყო ფალავნებით, კარგი ვაჟკაცებით, - აღნიშნავს ბადრი გასპაროვი. საუკუნის დასაწყიში აქ (ოთინაანთ უბანში) უცხოვრია სანდრო ოთინაშვილს, რომელსაც ხალხი გაჭირვებულთა მფარველობისა და სამართლიანობის გამო ფრთიან სანდროს უწოდებდა. წინა თაობებისაგან გადმოცემით, ხეობაში დღესაც ახსოვთ მისი გმირობანი. ერთ-ერთ საეკლესიო დღესასწაულზე შეკრებილი ხალხისათვის ვიღაც თავზეხელაღებულ, მოთარეშე ოსს (ოსები ამ პერიოდიდან მოიწევენ სამაჩაბლოსაკენ) შეურაცხყოფა მიუყენებია. სანდროს გაუგია, მოძალადე ოსისთვის იარაღი წაურთმევია, კარგად მიუბეგვია და სირცხვილნაჭამი კუდმოჭრილი ცხენით გაუშვია.სოფელში დგანან კასრაანთ, ოთინაანთ და ყაულაანთ ციხე-კოშკები, განვითარებული შუა საუკუნეების გერის ნიში (აღდგენილია 2002 წელს), შემორჩენილია შიოს საყდრის ნანგრევები, რომელშიც სამარხებია აღმოჩენილი და შესწავლას მოითხოვს (სამწუხაროდ, დღეს ეს შეუძლებელია).
აკადემიკოს კორნელი კეკელიძეს (მას ამ სოფელში ცოლეული ჰყოლია), ვახტანგ მეექვსის ვაჟის, როსტომ ბატონიშვილის საფლავის ქვის წარწერა თირის მონასტერში წაუკითხავს, როდესაც ქემერტში ისვენებდა. დაუზუსტებია, რომ ეპიტაფია ეკუთვნოდა ვახტანგს.
კორნელი კეკელიძის მეუღლე, მინადორა და მისი დები, ტასო, ნინო და მანია (მარიამი), მღვდელ დიმიტრი კასრაძის ასულები, ეპარქიურ სკოლადამთავრებულნი იყვნენ, რელიგიურ საკითხებში კარგად ერკვეოდნენ. "ქემერტში ვპოულობ ხოლმე დასასვენებელ ადგილს, აქ მოფიქრებული და საბოლოოდ გაფორმებულია დიდი ნაწილი ჩემი კვლევა-ძიებითი შრომებისა. უნდა შევნიშნო, რომ მეცნიერული მუშაობისათვის ერთგვარ სტიმულს იძლევა, სხვათა შორის, ის კულტურულ-ისტორიული გარემოც, რომელშიც აქ იმყოფება ადამიანი", - უთქვამს კორნელი კეკელიძეს.
ჭარები
იგი პატარა ლიახვის ხეობის ქართულ სოფელთაგან ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანია. ჭარები ორბოძალის ჩრდილო-დასავლეთით, მაღალი მთის ზეგანზეა გაშენებული. აქ ძირითადად ორი გვარი ცხოვრობდა. ჭარების ზედა უბანში (მას ზემო ჭარებსაც უწოდებენ) - ძირითადად ლაფაჩები, ქვემო უბანში კი რაზმაძეები ცხოვრობდნენ. რუსეთთან ომამდე ჭარებში ორმოცდაათამდე ქართული ოჯახი სახლობდა. ისინი ძირითადად მესაქონლეობას და მეფუტკრეობას მისდევდნენ. ჭარებლები, როგორც მთის ხალხი, კარგი მონადირეები და ხელოსნებიც იყვნენ. ბევრი აქაური დათვის ტყავითა და ირმის რქებით აკვირვებდა სტუმარს. მათი ნახელავი: კიდობნები, ვარცლები, კალათები, ცულისა და ბარ-თოხის ტარები და სხვა - კარგად იყიდებოდა ქართლის სოფლებში. სოფელს ჩრდილოეთით და სამხრეთით პატარა მდინარეები, სნეკვის წყალი და ჭარებულა ჩამოუდიან. ჭარებში არაერთი ისტორიული ძეგლია. თავისი არქიტექტურით განსაკუთრებით საინტერესოა X საუკუნის ღვთისმშობლის ეკლესია, რომელიც აღუდგენიათ XIV საუკუნეში. იგი დარბაზული სტილისაა. სოფლიდან რამდენიმე კილომეტრში, მთაში არის სამების ნაეკლესიარი (აგების თარიღი უცნობია). სოფლის განაპირას მდგარ ერთ-ერთ ეკლესიას ადგილობრივები ქარქიაანთ სალოცავს უწოდებენ. ჩანს, ძველად აქ ქარქიშვილებს უცხოვრიათ. სოფლის დღეობა ყოველი წლის 23 ნოემბერს, გიორგობას იმართებოდა. ამ დღეს სოფელს უამრავი სტუმარი ჰყავდა.სოფელი სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილზეა, - ამბობს ბატონი ზურაბ ოქროპირიძე. აქედან ხელისგულივით მოჩანს შიდა ქართლის ვაკე. სწორედ ჭარებზე გადიოდა ის შემოვლითი გზა, რომლითაც ოსი სეპარატისტები ახალგორის რაიონს უკავშირდებოდნენ. დღეისათვის, როგორც რეგიონის ყველა ქართული სოფელი, ჭარებიც განადგურებულია. პატარა ლიახვის ხეობაში არაერთხელ ულაშქრია მტერს. ისტორიიდან ცნობილია, რომ XVII საუკუნის მიწურულს ყიზილბაშების ერთ-ერთი ლაშქრობისას მათი ჯარის ერთი ნაწილი - ვანათ-აწრისხევის, მეორე კი ქსუის-ჭარების მიმართულებით წასულა. ამ სოფლების მოოხრების შემდეგ მტერი სოფელ ედემქალაქის (ამჟამად ნასოფლარია) გავლით ზონკარს გადასულა. აქ კი ქართველებს ბრწყინვალე გამარჯვება მოუპოვებიათ. ჭარების აღმოსავლეთით სათვალთვალო კოშკის ნაშთებია, ცოტა მოშორებით კი, ნასოფლარ გოგიაანთ კარში, უამრავ ნამოსახლარს შეხვდებით, რომელნიც ტყითაა დაფარული.
ვანათი
პატარა ლიახვის მარჯვენა ნაპირზე გაშენებული სოფელი თავისი ციხით ყოველთვის ხეობის პირველხარისხოვან პუნქტს და ქსნის საერისთავოს მთიანი ნაწილის კარს წარმოადგენდა. ქართლის ჩრდილოეთ ნაწილზე გავლენის გასაძლიერებლად ამ მიდამოს აქტიურად იყენებდნენ ჩვენი მეფე-დიდებულები. ადგილობრივთა გადმოცემით, ტოპონიმი ვანათი სა-ვან-ედან (რაც ბუნებით შემკულ დასასვენებელ ადგილს ნიშნავს) მოდის, - აღნიშნავს ზურაბ ოქროპირიძე. ეს მიდამო თავისი ულამაზესი ხედებით, წყლებით, ტყეებით მართლაც სავანეს წარმოადგენდა. ომამდე აქ ძირითადად მახნიაშვილები, ჯოჯიშვილები, ზაქაროშვილები, ციცილოშვილები, გალეგაშვილები და სხვა გვარები ცხოვრობდნენ.
ვანეთის ციხე ლიახვის მარჯვენა, მაღალი კლდიდან დაჰყურებს სოფელს. იგი სამი მხრიდან მიუვალი, ძლიერ დაზიანებულია. ვახუშტი ბატონიშვილის აღწერით: "არს ვანათი, პატარა ლიახვის კიდესა, მაღლა გორაკსა ზედა ციხე, სნეკვიდამ წამოსულს მცირეს მთასა ზედა. ვანათის ციხე შემუსვრილი განაახლა შანშემ. შემუსვრეს კვლავ ყიზილბაშთა". ციხე მთელ ხეობას გადასცქერის. მის აგებას თამარ მეფეს უკავშირებენ. ამ ციხეს ომიანობის დროს თავს აფარებდნენ ახლომახლო სოფლის მცხოვრებნი. ვახუშტის გადმოცემით, არაგვის ერისთავის, ნუგზარის პაპა ვანათელი აზნაური იყო. როდესაც იგი სვიმონ მეფეს "უკუუდგა... მან (ნუგზარ ერისთავმა) ბრძანებითა მეფისათა და შეტყუვებითა აღიღო ციხე იგი და მეფემან მიანიჭა მუნ მამულნი". სპარს-ოსმალთა წინააღმდეგ თავგანწირული მებრძოლი შანშე ქსნის ერისთავი მუდმივად ამაგრებდა ვანათის ციხეს. ცნობილი ისტორიკოსის პაპუნა ორბელიანის ცნობით, ირანელთა სარდალს სეფე-ხანს დიდი სურვილი ჰქონია ხელთ ეგდო გმირი ერისთავი. ერთ-ერთი შემოსევისას მას აუღია იკორთისა და კულბითის სიმაგრეები და ვანათის ციხეს შემოერტყა გარს. მაგრამ მეციხოვნეთა წინააღმდეგობა ვერ გაუტეხია და უკან გაბრუნებულა. გივი ამილახვარმა და ზემოხსენებულმა შანშემ ამ ციხის მიდამოებში ფიცხელი ბრძოლა გაუმართეს ნადირ-შაჰს. ციხის დიდი ნაწილი სწორედ ამ დროს დანგრეულა. ლეკთა შემოსევების დროინდელია ლეგენდა, რომლის მიხედვითაც ლეკები ვერაფრით ვერ ახერხებდნენ ვანათის ციხის აღებას. ციხეში მყოფ ერთ ქალს მოსწონებია ლეკთა ბელადი. ქალს ძაფის გორგლის წვერისთვის მიუბამს ბარათი, რომელშიც ეწერა: ძაფის სიგრძე კიბე გააკეთე და ციხეში ამოხვალო. ლეკიც ასე მოქცეულა. მტერი ღამით ციხეში შესულა და მძინარე ხალხი ამოუხოცავს. მოღალატე ქალი ბელადს თან წაუყვანია.
ციხის სამხრეთ კედლის ცენტრში ზურგიანი სათვალთვალო კოშკია, - აგრძელებს ზურაბ ოქროპირიძე. მის გადაღმა, დმენისის მხარეს პატარა, ქვითკირის X საუკუნის მაცხოვრის ეკლესიაა. გადმოცემით, იგი მოხატულიც ყოფილა. მისი დღეობა იმართებოდა აღდგომიდან მეხუთე კვირის ხუთშაბათს. ამ დღისათვის სოფელი საგანგებოდ ემზადებოდა. მიდიოდა უამრავი სტუმარი. იყო ლხენა, გართობა, ქეიფი. მაცხოვრის ტაძარში დმენისელი ოსებიც ლოცულობდნენ. ისინიც მაცხოვრობის დღეობას აღნიშნავდნენ. ვანათში ოსებიც ცხოვრობდნენ. იყო შერეული ოჯახებიც. ოსთა ერთმა ნაწილმა ქართველებთან ერთად დევნილის მძიმე ხვედრიც გაიზიარა. სოფელში და მის განაპირას მაცხოვრის სახელობის კიდევ ერთი და ღვთისმშობლის სამი ტაძარია აგებული (უმეტესობა ძლიერ დაზიანებულია).
ვანათი სახაზინო სოფელი ყოფილა. აქედან გზა სამაჩაბლოზე გავლით იმერეთში გადადიოდა. ამ გზით გადასულა ლიხს იქითა საქართველოში ცნობილი მოგზაური გიულდენშტენდტი. 1810 წელს ამავე მარშრუტით უსარგებლია სამშობლოსათვის თავდადებულ იმერეთის მეფეს სოლომონ მეორეს. იგი ვანათში რუსეთის მთავარმართებელ ტორმასოვთან გადმოსულა მოსალაპარაკებლად.
ვანათელები, როგორც ხეობის სხვა სოფლებში, მუდმივი ომის მოლოდინში ცხოვრობდნენ. თოფიარაღასხმულნი ახერხებდნენ მიწაზე მუშაობას, ჭირნახულის მოყვანას. სოფლის ჩრდილოეთით, ახლოს მოიპოვებოდა კერამიკული ჭურჭლის დასამზადებელი საუკეთესო ხარისხის თიხა. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დახელოვნებული ყოფილა სხვადასხვა ნაკეთობათა დამზადებაში. ისინი ქართლის სოფლებში ყიდდნენ თავიანთ ნახელავს: თონეებს, ქოთნებს, კეცებს, ჩაფებს, საღვინეებს და სხვა საოჯახო ნივთებს. თიხნარიდან ას-ორას მეტრში ადგილს საკირეებს ეძახიან. ადგილობრივები აქ ძველი დროიდან წვავდნენ კირს. სამწუხაროა, რომ აგვისტოს ომმა ფერფლად და ნანგრევად აქცია უძველესი ისტორიული სოფელი.