ორივე ხეობის გეოგრაფიულ სახელებზე დაკვირვებით, შეიძლება ითქვას, რომ ქართველები ერთბაშად არ აყრილან იქიდან. XX საუკუნის დასაწყისამდე აქ ქართული ტოპონიმები ჭარბობს. ზოგ შემთხვევაში დამახინჯებულია: გერი - ჯერ, დჟერ, ლაჭაური-ლაცაური, რბილი - ალბირი, სნეკვი - სნეკ, ლიახვი - ლეუახ, ხელთშუა - ხელჩუა, სათიხარი - სატიხარ, ზემოქერე - ზემოჩერე და სხვა.
რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციამ და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიის შექმნამ ფრთები შეასხა ოსებს. მათმა ანტიქართულმა ქმედებებმა პიკს მიაღწია. პირველი იერიში ქართულ ტოპონომიკაზე მიიტანეს. ხეობებში ოსთა გვარების განსახლების, ქართველთა მრბევ-ამწიოკებელთა გვარ-სახელების ან სხვა ნიშნის მიხედვით იქმნება უშინაარსო ტოპონიმები: გაბარაანი, ჯაჯიაანი, გაგიაანი, ქისიაანი, მალძიგაანი, ხაჩირაანი, გუჩმაზთა, შტირქომი (ყოფილი დიდხევი), ხეთაგუროვო (ყოფილი წუნარი), ისაკყაუ, (ყოფილი გიორგიწმინდა), ზნაური (ყოფილი ოქონა. უკანასკნელი სამი სოფელი ფრონეს ხეობაშია) და სხვა.
პატარა ლიახვის სათავიდან სოფელ აწრისხევამდე ოცზე მეტი ქართული სოფელი იყო, სადაც ათეულობით გვარი ცხოვრობდა. ზოგი გადაშენდა, ზოგიც ბარში ჩასახლდა. მარიამიძეები სოფელ ჩაფარუხსა და მახლობელ სოფლებში სახლობდნენ, სიდამონიძეები ამჟამად ნასოფლარ სიდამონის ჯვრიდან უნდა ყოფილიყვნენ. აღნიშნული გვარი ჯირკვალიძეებთან ერთად ფიქსირდება ქართველთაგან დაცლილ სოფ. ელტურაშიც. ინაურში (ახლა ნასოფლარია, წარმოშობით ამ სოფლიდან იყო უშიშროების ცნობილი გენერალი ალექსი ინაური) - ინაურები, უფრო ქვევით კი ბათიაშვილები ცხოვრობდნენ. სნეკვში ერთი უბანი ნუკრაძეებით იყო დასახლებული. შევარდენიძეები რამდენიმე სოფელში ჩნდებიან. ასკილაშვილები, ინაურები და მარიამიძეები დღემდე (ომამდე) ცხოვრობდნენ სოფელ აწრისხევში (13-14 ოჯახი). იგი ერთადერთი ქართული დასახლება იყო ხეობის ზედა ნაწილში. სამწუხაროდ, ქართველთა ერთი ნაწილი ოსურ ეთნოსს შეერწყა. ჯანაშვილები - ჯანაევებად, გიგოლაშვილები - გიგოლაევებად იქცნენ და სხვა.
XX საუკუნის შუა წლებიდან ოსებს ორივე ლიახვის ხეობის მთიანეთიდან ბარში - ცხინვალსა და მიმდებარე ქართულ სოფლებში ასახლებენ. ბევრ ქართულ სოფელს, იქ მოსახლე ქართველ გლეხებს ართმევენ ადგილ-მამულს და გადასცემენ ოსებს. ჩემი ოჯახიც ამ მოვლენის მსხვერპლია. მამაჩემს, სამი მცირეწლოვანი შვილის პატრონს, 1964 წელს თითქმის მთლიანად ართმევენ მამაპაპეულ მიწას და სოფელ სნეკვიდან გადმოსახლებულ ოსს უბოძებენ. უძველესი სოფლების - დისევის, კულბითის, ქსუისის ტერიტორიაზე ოთხი ახალი სოფელი ხელოვნურად იქმნება: ხელჩუა, ზემოქერე, კორკულა, ზემო კორკულა. სამწუხაროა, რომ ქართველ მწერალ-მოღვაწეთა მიერ შემოკრულმა ზარებმა ვერ იმოქმედა ჩვენს გონებით და სმენით ორგანოებზე. მთიდან ჩამოსულმა ჯაყომ ეშმაკობით, გაიძვერობით და, რაც მთავარია, ჩვენი ბედოვლათობით თავისას მიაღწია. როდესაც ამ მტკივნეულ თემას ვეხებით, არ უნდა დაგვავიწყდეს ოსების მნიშვნელოვანი ნაწილის დამსახურება საქართველოს წინაშე. ისინი დღესაც მრავლად ცხოვრობენ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში. ბევრმა ქართველებთან ერთად დევნილის მძიმე ხვედრიც გაიზიარა.
პატარა ლიახვის ხეობის ეს ნაწილი მდიდარია ხუროთმოძღვრული ძეგლებით. ამ კუთხისთვის დამახასიათებელი ე.წ. ზურგიანი კოშკები და სწორკუთხა საკურთხევლიანი ეკლესიები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ადრე და განვითარებულ შუა საუკუნეებს განეკუთვნება, განსაკუთრებით მრავლადაა ხეობის ზედა მხარეში. აქ ყოველ ნაბიჯზეა ციხე-კოშკები, - მიამბობს ბატონი ზურაბი, - ქვეყნის ერთიანი თავდაცვის სისტემაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ერედვის, ვანათის, აწრისხევის, ბელოთის, შამბიეთის, კულბითის, დისევის ციხე-კოშკები. ძლიერი დაზიანებების, ნგრევის მიუხედავად საუკუნეებგამოვლილი ძეგლები ამაყად დგანან. ხეობაში ციხე-კოშკები ჭადრაკულადაა განლაგებული. სიმაღლეები ისეა შერჩეული, რომ მტრის შემოსევას, რომელსაც საგანგაშო ცეცხლით ატყობინებდნენ, მოსახლეობა მომზადებული დახვედროდა. ჩვენამდე სრული ან ნანგრევების სახით მოღწეულია დაახლოებით ოთხმოცამდე ეკლესია-მონასტერი და სამოცამდე ციხე-კოშკი. სავარაუდოდ, მათი რაოდენობა კიდევ მეტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჟამთა სიავემ აღგავა პირისაგან მიწისა. დიდი ნაწილი ძეგლებისა ქვათა გროვის სახითაა შემორჩენილი. ხეობაში ყველაზე მეტი - ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის სახელობის ტაძარია.
თითქმის ყველა სოფელში მნიშვნელოვანი ძეგლი დგას. პატარა და დიდი ლიახვის ხეობის მოსახლეობა აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის აღმშენებლობაში, რასაც აძლიერებდა მართლმადიდებლობისადმი სიყვარული. ეს აქტივობა განსაკუთრებით საგრძნობია VIII-XII საუკუნეებში. მიმდინარეობს ტაძრების, ციხე-კოშკების გაცხოველებული მშენებლობა. ამ დროს იგება (ძეგლები დათარიღებულია სპეციალისტთა მიერ) ერედვის, დისევის, ვანათის, ბელოთის, აწრისხევის, ჭარების, სათიხრის, კეხვის, ხეით-საბაწმინდის, ქემერტის, კულბითის, ძარწემის (X-XIIს.ს.), ჩაფარუხის, წიფორის, ზონკარის, აჩაბეთის, დმენისის (VIII-Xს.ს.) ეკლესიები. ლიახვის ხეობის სოფლები მჭიდროდ იყო დასახლებული. ჩვენი წინაპრები ჭკვიანები იყვნენ და იცოდნენ, როგორი ადგილი შეერჩიათ საცხოვრებლად - მოსავლიანობისთვის გამოუსადეგარ ადგილს სამოსახლოდ იყენებდნენ.
"კარიბჭის" წინა ნომერში სოფელ დისევის შესახებ ვწერდით. დავით მეფეს იგი სვეტიცხოვლისთვის დაუქვემდებარებია. სიგელი აქ მცხოვრებ ოქროპირიძეებს "კეთილგვაროვნად" მოიხსენიებს. ჩანს, რომ ეს სოფელი ძველთაგანვე გამორჩეული იყო თავისი სულიერებით, ქრისტეს რჯულისადმი სიყვარულით. ოქროპირიძეების დიდი ღვაწლი სამშობლოს წინაშე განსაკუთრებით გამოვლინდა XIX-XX საუკუნეებში. დისევიდან იყო წმინდა ალექსანდრე ეპისკოპოსი (1824-1907), დიდი ილიას მოძღვარი, ქველმოქმედი, ქართული ეკლესიის ბურჯი; გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი ლეონიდე (1860-1921), შემდგომში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (1918-1921). წმინდა ილია მართალმა ასე მიმართა თავის სულიერ მოძღვარს: გციოდათ და არ იხურავდით, გშიოდათ და არ ჭამდით.…თქვენს ღვაწლად მარტო ის ეყოფა საქართველოს, რომ სამშობლოს უზრდით ისეთ მღვდელთმთავარს, როგორიც ეპისკოპოსი ლეონიდეა. (ლეონიდე - ერისკაცობაში ლონგინოზ ოქროპირიძე წმინდა ალექსანდრეს ძმისშვილი იყო.). ერთ-ერთ წერილში წმინდა ამბროსი ხელაია ბრძანებს: ჩვენ ყველა, შემდეგში სამოღვაწეო ასპარეზზე გამოსულნი, ალექსანდრე ეპისკოპოსმა დაგვაფრთიანაო. 1916-22 წლებში ალავერდის ეპისკოპოსი იყო პიროს ოქროპირიძე (1874-1922). ბოლშევიკთაგან წამებული მღვდელმთავარი, რომელიც ტაძრის განძის დაცვას შეეწირა. წმინდა მეუფე ალექსანდრე, კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე და ალავერდის ეპისკოპოსი პიროსი გახლავთ ოქროპირიძეთა მახარებლიაანთ შტოს წარმომადგენლები. ამავე შტოს განეკუთვნებიან ალავერდის ტაძრის დეკანოზი ილარიონი (დაკრძალულია ალავერდის მონასტერში), მღვდელი დავითი (წმინდა ალექსანდრეს მამა) და სხვები. ზურაბიაანთ შტოს ეკუთვნიან ცნობილი საეკლესიო მოღვაწე, საინგილოს ერთ-ერთი განმანათლებელი, მეოცე საუკუნის დასაწყისში ცხინვალში მოღვაწე მღვდელი (შემდეგში დეკანოზი) იროდიონ ოქროპირიძე (1859-1933), დისევის ძელიცხოვლის დიაკვანი ლადო ოქროპირიძე (1881-1961). ამ გვარის მღვდლიაანთ შტოდან არიან გამოსული (დედის მხრიდან) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წმინდა კირიონ მეორე (1855-1918), დეკანოზი გაბრიელ ოქროპირიძე (1824 კირიონის დედის ძმა), საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოღვაწე მღვდლები ზაქარია, იოანე, დავითი, ბესარიონი და სხვები. ოქროპირიძეთა ამ განაყოფს "მღვდლიაანი" სწორედ სასულიერო პირთა სიმრავლის გამო ეწოდა. წმინდა კირიონის ბიძაშვილის შვილი და დეკანოზ გაბრიელის შვილიშვილია ოქროპირიძეთა ერთ-ერთი უკანასკნელი მღვდელმთავარი ალექსანდრე (1879-1959წ.წ. 1921 წელს ბოლშევიკებმა მას იძულებით აჰყარეს სამღვდელო წოდება). XX საუკუნის დასაწყისიდან იგი აქტიურ სასულიერო მოღვაწეობას ეწევა. საშა მღვდელი (როგორც მრევლი უწოდებდა მას) მატერიალურად ეხმარებოდა ხელმოკლე ოჯახისშვილებს, აძლევდა სახელმძღვანელოებს, საზრდოს. მათ შორის - ოსებსაც. ყაზბეგში ყოფნის დროს ერთ-ერთ მიუსაფარ ოს ბავშვს ბოლომდე უპატრონა, დაეხმარა დაწყებითი განათლების მიღებაში. იგი გახდა შემდეგში დიდი მეცნიერი, აკადემიკოსი ვასილ აბაევი. სამწუხაროა, რომ მისმა მოდგმამ ასე გადაგვიხადა მადლობა. 1921-22 წლებში ოსთა შემოსევების დროს უკვე ყოფილმა მღვდელმთავარმა მოახერხა საკმარისი იარაღის შემოტანა ქართულ სოფლებში და მოსახლეობა დაიცვა რბევა-აწიოკებისაგან, რაც ვერ შევძელით დღევანდელმა თაობებმა. სამწუხაროა, რომ დღეს აქედან გვიწევს ჩვენს წარსულზე ლაპარაკი. არ ველოდით მოვლენათა ასეთ განვითარებას. 8 აგვისტოს სოფელი ისევ ადგილზე იყო, მაგრამ როცა რუსულმა თვითმფრინავებმა კულბითის ღვთისმშობელს გადაუფრინეს, მივხვდით, სოფელი უნდა დაგვეტოვებინა... წარმოიდგინეთ, სოფლის თავზე რამდენიმე გამანადგურებელი დაფრინავს, იქ კი უამრავი ქალი და ბავშვია. ძნელია იმის აღწერა, რაც იქ ხდებოდა. დისევში დარჩა ჩვენი ბავშვობა, საუკეთესო მოგონებები, ტყე, მთა-ველი,…ყველაზე ძვირფასი - ჩვენი სიწმინდეები, წმინდა საფლავები. მენატრება დისევი, ძელიცხოველი, ღვთისმშობელი, წამალა წყარო... - სევდითაა გაჯერებული ბატონი ზურაბის მონათხრობი.
პირველი საჰაერო და საარტილერიო დარტყმები კეხვმა მიიღო, რადგან იგი როკიდან ცხინვალისკენ მომავალ გზაზე პირველი ქართული სოფელია, - გვიამბობს ბატონი ბადრი გასპაროვი, - სოფლის მოხუცები უსაფრთხო ადგილას შევაფარეთ, მასიურად იბომბებოდა ხეობის სოფლები. უფლის წყალობით ჩვენი თავშესაფარი გადარჩა. ცხრაში მტერმა ხეობაში შემოსვლა დაიწყო. ჩვენც ამ დროს წამოვედით. მოვდიოდით მალულად, ლიახვის მარცხენა ნაპირზე. აჩაბეთის ხიდი, რომელზეც უნდა გაგვევლო, ცეცხლის ქვეშ მოექცა, მადლობა უფალს, რომ გადავრჩით. წვერიახოს გზას ჩეჩნები აკონტროლებდნენ, რომლებმაც უვნებლად გამოგვატარეს. გავხედეთ ხეობას (ამ ადგილიდან ხელისგულივით ჩანს ჩვენი სოფლები), გული უცნაურად ძგერდა. იწვოდა ისტორიული სამაჩაბლო. საშინელი უმწეობა ვიგრძენი. თვალებიდან დღესაც არ ამომდის მამაჩემის, მეზობელ მოხუცთა უცნაურად გაყინული სახეები.
გვინდა დიდი სიყვარულით მოვიხსენიოთ ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი მეუფე ისაია, - განაგრძობენ ჩვენი სტუმრები, - რომლის ლოცვა-კურთხევით დისევის ძელიცხოვლის ტაძარი აღვადგინეთ. მისი რესტავრაცია მოხერხდა საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდისა და დისეველი მკვიდრი ძმების (გიორგი, ვლადიმერი, ზურაბი) ოქროპირიძეების ფინანსური მხარდაჭერით. ზურაბი განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა ხეობის სიძველეებისადმი, - მეუბნება ბადრი გასპაროვი, დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის ხელმძღვანელი, - ჩვენს ორგანიზაციას დაევალა ლიახვის ორივე ხეობის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, პოპულარიზაცია და გამოკვლევა. აგვისტოს ომამდე აღვწერეთ და შევადგინეთ ორასამდე ძეგლის სააღრიცხვო ბარათი, განხორციელდა სხვადასხვა არქეოლოგიური და გაწმენდითი სამუშაოები. რესტავრაცია გავუკეთეთ რამდენიმე ტაძარს, მათ შორის ხეითის მთავარანგელოზს (XIXს.). ზემოაღნიშნული ფონდის დახმარებით აღდგენილ იქნა ასევე ერედვის წმინდა გიორგის (Xს.), ხეითის ძელიცხოველის (XII-XIIIს.ს.) ეკლესიები, ნიქოზის საეპისკოპოსო (Xს.) და სხვა. დაწყებული იყო კეხვის წმინდა გიორგის (X-XIს.ს.), კულბითის ღვთისმშობლის (XII-XIIIს.ს.), ძარწემის წმინდა გიორგის (X-XIIს.ს.) ეკლესიების აღდგენა. მზადდებოდა დისევის იოანე მახარებლის, ხეითის ღვთისმშობლისა და ჯვარპატიოსნის ეკლესიების აღდგენის პროექტი. სამწუხაროდ, არ დაგვცალდა. ამ მამულიშვილურ საქმეში დიდ დახმარებას გვიწევდა კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მაშინდელი მინისტრი ბატონი ნიკა ვაჩეიშვილი. ჩვენს მიმართ მუდმივ მზრუნველობას და სითბოს ავლენდა მეუფე ისაია. მისი ლოცვა-კურთხევით პერიოდულად ღვთისმსახურება აღევლინებოდა ხეობის სხვადასხვა სოფლებში. ომის მძიმე დღეებში მეუფეს ერთი წუთით არ მიუტოვებია თავისი მრევლი და ეპარქია. იქიდან წამოსვლის შემდეგ კი ჩვენი მწყემსმთავრის ძალისხმევით ხეობების მიმოფანტული მოსახლეობა კვირაში ერთხელ სამების ტაძარში ვიკრიბებით.
სამწუხაროდ, აგვისტოს ომმა დააზიანა ერედვის სამონასტრო კომპლექსის გალავანი, იკორთის ტაძარი, სვერის წმინდა გიორგის ხის ეკლესია, ხეითის მთავარანგელოზის ტაძარი. დანგრეულია ივანე მაჩაბლის სახლ-მუზეუმი, ნიქოზის საეპისკოპოსო (აღდგენილი 2007 წელს). სამშენებლო მასალებისგან გაიძარცვა დისევისა და კულბითის ეკლესიები. გულსატკენია, რომ წინაპართა ასწლეულობით ნაშენი ხეობები განადგურდა, მოსახლეობა დაიფანტა. უფლის შეწევნით, ჩვენ მაინც დავბრუნდებით ჩვენს მხარეში და ყველაფერს განვაახლებთ.
ფოტოების მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით
ბ-ნ ლუარსაბ ტოგონიძესა და ბ-ნ ბადრი გასპაროვს
ბ-ნ ლუარსაბ ტოგონიძესა და ბ-ნ ბადრი გასპაროვს