ლიახვის ხეობა
ტყუილად ხომ არ უთქვამს ჩვენს წინაპარს: "იმდენს გატირებს სოფელი, რამდენიც გაგიცინიაო". სამწუხაროა, რომ ქვეყნის ჭირზე ტირილი ამ საუკუნეშიც გვიწევს და მარადიულ თემად გვექცა.
აგვისტოს ცნობილმა მოვლენებმა ბევრი ჩვენიანი აქცია თავის სამშობლოში დევნილად და უსახლკაროდ. საკუთარი კერიის და ახლობლების გარეშე დარჩენილი ლიახვის ხეობის მკვიდრნი ალბათ ვერასდროს შეეგუებიან ამას. რედაქციაში ლიახვისხეობელი ბატონი ზურაბ ოქროპირიძე და ბატონი ბადრი გასპაროვი გვესტუმრნენ, სულით ხორცამდე ქართველები.
ლიახვის ხეობის წარსულსა და დღევანდელობაზე სტუმრები გვესაუბრებიან.
***
შიდა ქართლის მდინარეთაგან ყველაზე წყალუხვი მდინარეა ლიახვი, რომელიც მტკვარს ერთვის. ის სათავეს მაღრან-დვალეთიდან იღებს. ვახუშტის აღწერით: "მაღრან-დვალეთს გამოდის დიდი ლიახვი თრუსოსა და ზახის კავკასსა და დის სამხრეთ-დასავლეთის შუა". მას კავკასიონის ქედიდან გამომდინარე კიდევ მრავალი შენაკადი უერთდება - ჯავის ხევი, გუგუთის ხევი, როკის ხევი, ბჟის ხევი, ფაწის ხევი და სხვა. დიდ ლიახვს გორის რაიონის სოფელ შერთულთან ერთვის პატარა ლიახვი, გორთან კი მეჯუდა. ქართული სოფლები ლიახვის ორივე ნაპირას არის შეფენილი, ოსური - მთიან მხარეში. თითქმის ყველგან შემორჩენილია ძველი ქართული ტოპონიმიკა, სამარხები, საინტერესო ეპიტაფიები, სხვადასხვა სამშენებლო წარწერა (მაგალითად, თირის მონასტრის წარწერა). უცხო ეთნოსი მიზანმიმართულად ცდილობდა ამ სიძველეთა მოშლას. ვახუშტის მიხედვით, დიდ ლიახვზე აღნუსხულია 50-ზე მეტი ქართული სოფელი. ლიახვის ხეობა უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული.
ლიახვის ხეობის დაცვა-მეთვალყურეობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაკისრებული ჰქონდა დიდგვაროვან მაჩაბელს, რომლის შესახებ ვახუშტი ამბობს: "მაჩაბელი იტყვის ანჩაფისძეობას, აფხაზეთიდან მოსვლას".
როგორც საისტორიო წყაროებიდან ჩანს, მაჩაბელი პირველად იხსენიება გიორგი VII-ის დროს, თემურ ლენგთან ბრძოლებში. მაჩაბელს მინდობილი ჰქონდა ლიახვის ხეობის გამაგრებასთან ერთად ჩრდილოეთით მოსაზღვრე ტომებთან, ოსეთთან მეგობრული ურთიერთობის დამყარება და სამხედრო-თავდაცვითი კავშირის განმტკიცება.
ამ დროიდან მაჩაბელი, როგორც ლიახვის ხეობის გამგებელი, სახლდება ხეობის მნიშვნელოვან ცენტრში, აჩაბეთში. აქედან დასავლეთით იმერეთს, ჩრდილოეთით კი დვალეთს უკავშირდებოდნენ. აჩაბეთი მეფის რეზიდენციაც იყო და მაჩაბელიც უშუალოდ მეფეს ემორჩილებოდა. იგი არ ატარებდა არც მთავრის და არც ერისთავის წოდებას - მას მინიჭებული ჰქონდა ხევის უფროსობა და იწოდებოდა ხევის თავად. მისი სახელისუფლო იწყებოდა აჩაბეთიდან - ლიახვის სათავეებამდე.
ლიახვის ქვემო მხარის, გორის მოურავობა 1465 წელს თავდადებისთვის გიორგი VIII-მ უბოძა თავის ერთგულ ზედგინიძე-ამილახვარს სამემკვიდრეოდ და მას განაგებდა ამილახვარი, რომელიც უშუალოდ მეფეს ემორჩილებოდა.
ლიახვის ხეობა საკმაოდ საიმედოდ იყო გამაგრებული ციხეებითაც: დიდ ლიახვზე იყო გუგუთის ციხე, გუფთისა, სვერისა, კეხვისა და აჩაბეთისა; პატარა ლიახვზე - აწრისხევის ციხე, ვანათის, ბელოთის, კულბითისა და ერედვის ციხე-გალავანი. ასევე ორივე ლიახვის სანაპიროზე მრავლად იდგა სათვალთვალო კოშკები, რომლებიც მტრის შემოსევას ატყობინებდნენ მოსახლეობას.
ლიახვ-მტკვრის შესართავთან ამ ორივე ხეობას დარაჯობდა გორის ციხე, რომელიც მას მტკვრის ხეობიდან მომდგარი მტრისგან იცავდა და ჩრდილოეთიდან კარის ჩამკეტიც იყო. ამის გამო საქართველოს მეფეები ამ ხეობის დაცვას საგანგებო ყურადღებას აქცევდნენ.
როდესაც ერეკლე II-მ 1777 წელს ქსნის საერისთავო ურჩობისათვის გააუქმა, ლიახვის ხეობაშიც მდგომარეობა შეიცვალა - მეფემ ლიახვის ხეობა "მიუბოძა ბატონიშვილს იულონს", მან კი ცხინვალი უბოძა თავის დედას - დარეჯან დედოფალს და ეს მცირე ქალაქი ამ დროიდან ითვლებოდა სადედოფლოდ.
აჩაბეთი
აჩაბეთი მაჩაბლის მთავარი რეზიდენცია რომ იყო, ეს 1469 წლიდან ჩანს. გვარი მაჩაბელი აფხაზეთიდან მოსული ანჩაფაძისგან წარმომდგარად ითვლებოდა.მაჩაბლების ერთ შტოს ამბროლაურის (ნიკორწმინდასთან) სიმაგრე ეკუთვნოდა, მეორე შტო ახალციხეში ჩანს გამუსლიმანებული და ერთ-ერთი მათგანი ახალციხის კომენდანტადაც იხსენიება, მაგრამ მაჩაბლები ძირითადად მაინც ლიახვის ხეობაში სახლობდნენ (მარი ბროსე).
მეფის მოურავებს, მაჩაბლებს ეკუთვნოდათ მდინარე ლიახვის თითქმის ორივე ნაპირი. მარჯვენა ნაპირზე - ცხინვალი, აჩაბეთი, მონასტერი, ქურთა, კეხვი, მსხლები, ჯავის ხეობა მთლიანად, გუგუთის ხევი; ლიახვის მარცხენა ნაპირზე - ხეითი, საბაწმინდა, სვერის ხეობა და სხვა.
1772 წელს, მცხოვრებთადმი, განსაკუთრებით ჯავის ხეობის ოსთადმი (მაჩაბლის ხიზნებად ითვლებოდნენ) სასტიკი მოპყრობისა და დიდი გადასახადების მოთხოვნის გამო, მეფე ერეკლემ მაჩაბელს ჯავის ხეობა ჩამოართვა და უფლისწულ გიორგის დაუმტკიცა. ზაზა მაჩაბელი მაინც ერეკლე მეორის მინბაშად (ათასის თავად) იხსენიება.
აჩაბეთშივე, ციხის დასავლეთით, გორაკზე (კვირაცხოვლის ეკლესიასთან) კოშკი მდგარა, გადმოცემით, ჭულუხაძეების სიმაგრე. ბაბუციძეთა გვარი ზემო აჩაბეთში სოფ. მონასტრიდან ჩამოსახლებულა. მონასტრისა და მის დასავლეთით, ხუციურის ეკლესიასთან, ხუციურები სახლობდნენ. თურმე ხუცი ჭულუხაძის ქალი თამარ მეფის ფარეში ყოფილა. თამარს ერთგული მსახურის ხსოვნისთვის აუშენებია ხუციურის საყდარი.
ზემო აჩაბეთში საყურადღებოა უგუმბათო ბაზილიკა. საყდრის ერთ-ერთი სარკმლის ზედაქვაზე გამოსახულია პატარა ქართული ჯვარი. იქვე ამოტვიფრულია 4 ასო. მას ესტატეს სალოცავს უწოდებენ. ნიქოზში წმინდა რაჟდენის საფლავი იხსენიება. ზემო აჩაბეთში, წმინდა ევსტათის და თირის მონასტრის გზაზე, გორაკზე, აბოწმინდის სახელობის ძველი საყდრის ნანგრევებია.
საბაწმინდა
ეს სოფელი ცხინვალიდან დაახლოებით 4კმ-ის დაშორებითაა. იგი ცნობილია ხეით-საბაწმინდის ეკლესიით (Xს.), დედათა სავანით, ციხე-კოშკებით (XVIIს.), მღვიმეებითა და საყინულით. საბაწმინდის სიძველეების შესახებ ვახუშტი ბატონიშვილი წერს: "ერედვით ჩრდილოთ, ამავე მთასა შინა, არს ქრცხილვანისკენ მონასტერი გუმბათიანი, კეთილშენი, კარგ ადგილსა და მშვენიერსა, საბაწმინდა, დიდნაშენი და აწ ხუცის სამარ მის ზეით, ამავ მთაში არს, აღმოსავლეთისკენ უდაბნო, მაღალს კლდესა შინა გამოკვეთილნი ქვაბნი ეკლესიით; ძეს მოწესე მკუდარი, დღემდე დაუშლელი, კუბოსა შინა კლდისასა, ანაფორითა. აქა არს კარკალი, სადაცა ზამთარ დნების თოვლი, ხოლო ზაფხულს ჰყინავს და ხმარობენ ზაფხულ ყინულად".ცნობილია, რომ მეფე ვახტანგ VI, კახეთის მეფე კონსტანტინეს მიერ შევიწროებული და დევნილი, თბილისიდან გაიქცა და ცხინვალს, საბაწმინდასა და თირის მონასტერში ცხოვრობდა, სადაც მისი ერთ-ერთი შვილია დაკრძალული. მან საბაწმინდაში შემოიკრიბა 1200 მოწინავე ქართველი და აქედან წავიდნენ რუსეთს. ტაძარს გალავანიც ჰქონია, მის მახლობლადვე მრგვალი კოშკიცაა და მოშორებით, კლდეში, გამოქვაბულიც ყოფილა. ტაძართან წყაროა, რომელსაც სვეტიცხოვლის წყაროს უწოდებენ.
საბაწმინდის ტაძრიდან არის უდაბნო - სამონაზვნო ანუ სავანე, რომელსაც სამებასაც უწოდებენ. სავანე მაღალ კლდეზე აღმართული კოშკია.
კლდეს თავზე ციხე აქვს დაშენებული და ეს სავანის მეოთხე სართულია. მესამე სართულის კედელში გამოკვეთილი პატარა ეკლესიაა. გადმოცემით, უკანასკნელი იღუმენია ყოფილა ნინო (ამილახვარი), რომელიც მცხეთაში გარდაცვლილა და იქვეა დასაფლავებული.
1925-26 წლებში კიდევ ყოფილა საბაწმინდაში ბზის ყუთში ჩადებული მონაზვნის ფეხი. გადმოცემით, მონაზონს თავს დაესხნენ. მან ღმერთს შესთხოვა, სანამ შეურაცხმყოფენ, მანამდე დამფერფლე, ოღონდ ჩემგან რაიმე ნიშანი დატოვეო. ასეც მოხდა. დასტურად ფეხი დარჩენილა.
მეორე გადმოცემით, საყინულის ერთ-ერთ ორმოში ცხოვრობდა ღვთისმსახური ქალი, რომელიც ორმოში ჩასვლისას თან ჩაიტანდა ქილა წყალს და ერთ თონის პურს. იქიდან მხოლოდ ხუთშაბათ საღამოს ამოდიოდა და ჩატანილი საჭმელ-სასმლის ნახევარი უკან ამოჰქონდა. ერთხელ ამოვიდა, მაგრამ წყალი და პური აღარ ამოჰყვა. ზემოთ სტუმარი დახვდა. აღარ იცოდა, რით გამასპინძლებოდა. ძლიერ შეწუხდა და ღმერთს შესთხოვა: გევედრები, გასკდეს ეს კლდე, - მიუთითა სავანის კლდეზე, - წამოვიდეს წყალი და გამოჰყვეს თევზი და მე თუნდაც დავინაცრო, ოღონდ ჩემი ნასახი დარჩესო.
ასეც მოხდა. მას შემდეგ ჩამოდის სავანის ხევში რუ. მონაზვნის ფეხი თურმე მცხეთობას მცხეთას მიჰქონდათ, ერედვობას - ერედვში და ლოცვის შემდეგ უკან აბრუნებდნენ.
საბაწმინდიდან ჭალისკენ მიმავალ გზაზე მაცხოვრის ეკლესია და დოკაანთ ოთხკუთხოვანი კოშკია. ცოტათი ზევით - ბუგიაანთ ღვთისმშობლის პატარა ეკლესია.
თამარაშენი
თამარაშენს ვახუშტი ბატონიშვილი ცხინვალისებრ მცირე ქალაქს უწოდებს: "კვალად ქრცხილვანს ზეით არს ლიახვის დასავლით თამარაშენი, მცირე ქალაქი".თამარაშენი თამარ მეფის მიერ 1190 წელს აშენებულად ითვლება. ის ჯალალედინს დაუნგრევია. მერე მოსახლეობა ისე მოძლიერებულა და მომრავლებულა, რომ 5 ეკლესია აუშენებია: მაცხოვრის, გრიგოლწმინდის, მთავარანგელოზის, ღვთისმშობლის მიძინების და წმინდა ნიკოლოზის სახელობისა.
თამარაშენი აჩაბეთთან ერთად (XV საუკუნიდან) მაჩაბლებს ეკუთვნოდა. მამაპაპეული აღმოსავლური ჩუქურთმებიანი სასახლე მოზაიკური მინებით, ჭრელი სარკეებითა და ვიტრაჟებით, "შაჰ ნამეს" ეპიზოდების ამსახველი ნახატებით ყოფილა შემკული. ის ივანე მაჩაბლის დაბადების წელს გადაუკეთებიათ. შემდეგ სასახლის გვერდით ევროპული სტილის სახლი აუგიათ. თამარაშენშივე მდგარა ცნობილი პოეტისა და მსახიობის დავით მაჩაბლის სასახლე. მის მახლობლად ყოფილა შაქრო მაჩაბლის კოშკი, რომელსაც ზურაბიანთ კოშკსაც უწოდებენ. ივანე მაჩაბლის სასახლის შორიახლოს წმინდა ნიკოლოზის ეკლესია დგას. გადმოცემით, წინათ მაჩაბლებს ეკლესია დოკაანთ უბანშიც ჰქონდათ (აქ მაჩაბლების ყმები, დოკაძეები სახლობდნენ), მაგრამ მდინარე ლიახვზე გადასვლა ჭირდა და წმინდა ნიკოლოზის საყდარი ამიტომ აუგიათ.
აგვისტოს ცნობილმა მოვლენებმა ივანე მაჩაბლის სასახლე შეიწირა.
თამარაშენის დასავლეთით, ტყიან გორაკზე გრიგოლწმინდის ქვის ეკლესია დგას, ცოტა მოშორებით - ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევებია.
გერი
ეს სოფელი ცნობილია გერის წმინდა გიორგის სახლობის ეკლესიით, რომელიც დიდ სალოცავად ითვლება ქართლში. მთაში შეფენილი სოფელი ხუთ უბნად არის დაყოფილი. სოფლის ზემოთ მაღალი კლდეა, სადაც გერის წმინდა გიორგის გალავნიანი ეკლესია დგას. წინათ აქ კოშკი მდგარა, დაუნგრევიათ და ეკლესიისთვის ეკვდერი მიუშენებიათ. იქვეა სამრეკლოც. გერის წმინდა გიორგი ითვლებოდა სულით დაავადებულთა მკურნალად. თურმე ქართლის მეფე ფარსმანს (VIს.) შეურთავს აფხაზეთის მთავრის ასული ხვარაზმა, რომელსაც მოჰყოლია ვაჟი ვარამადსადი. ხვარაზმას ნამზითვი წმინდა გიორგის ნაწილიანი მოჭედილი ხატი უშვილო მეფეს გერისთვის უბოძებია. სპარსელების შემოსევისას ხელმწიფეს ვარამადსადი მთაში გაუხიზნავს, მთის წვერზე აუშენებია ეკლესია და ხატიც იქვე დაუსვენებია. სოფელს ამის გამო გერი დარქმევია. ოსები მას "ჯგერბუარს" უწოდებენ. ქართული გერი და მისგან წარმოებული ოსური ჯერან (ჯგერ) იგივეა, რაც სვანური ჯგრაგ და მეგრული ჯეგე (ჯგეგე და გეგე). ესეც გიორგის ანუ ჯეგე გიორგის (წმინდა გიორგის) ნიშნავს.
გერის წმინდა გიორგის ხატობა ქართლში იმართებოდა სოფელ გერსა და არბოში. გერი იყო ამ ხატის მთის საბრძანისი, არბო - ბარისა.
მეორე თქმულებით, ნაწამები წმინდა გიორგის მკლავი და თავი გერში ჩამოუტანიათ და დაუმარხავთ. ამიტომაც უწოდებიათ ამ ადგილისთვის თავგერი. გერის გიორგის ძმებიც ჰყოლია: არბოს ჯვარი, ატოცის წმინდა გიორგი და სარკის წმინდა გიორგი.
გერითობა იწყებოდა აგვისტოს ბოლოს და გრძელდებოდა სამ კვირას: პირველი - თავგერითობა, მეორე - შუაგერითობა და მესამე - ბოლო გერითობა. გერის ბოლო არბოში იმართებოდა. მლოცველები გერში ღამეს ათევდნენ და სხვადასხვა რიტუალს ასრულებდნენ - ხოხვით შემოუვლიდნენ ეკლესიას გარს, მოჰქონდათ მრავალი შესაწირი. ვისაც შეთქმული ჰქონდა, კისერზე რკინის ჯაჭვს - "დადიანურს" დაიდებდა და სამჯერ შემოუვლიდა ეკლესიას.
მესამე კვირას, "გერის ბოლოს", მლოცველები არბოშიც იმგვარივე წესებს ასრულებდნენ.
არბო
ეს სოფელი პატარა ლიახვის მარჯვენა ნაპირზეა გაშენებული. აქ ძირითადად გვიმრაძეები, მაისურაძეები, ლომოურები ცხოვრობენ.შუა სოფელში წმინდა გიორგის ძველი ეკლესია დგას. აქ იმართებოდა დიდი ხატობა - გერითობა. ქართლის სოფლებიდან დიდძალი მლოცველი მოდიოდა საკლვითა და შესაწირავით. ძველი პატარა ეკლესია ვერ იტევდა მლოცველს და ამიტომ იქვე XIX საუკუნეში აუშენებიათ დიდი ეკლესია. ამავე მხარეს დგას ღვთისმშობლის პატარა ეკლესია. აქ ხატობა იცოდნენ აღდგომის მეორე დღეს.
ეკლესიის მახლობლად არის ცნობილი მწერლის ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმი.
დისევი
შიდა ქართლში, პატარა ლიახვისა და მეჯუდის წყალგამყოფი ქედის დასავლეთ მთისწინეთში გაშენებულია უძველესი და ულამაზესი სოფელი დისევი. იგი უბატონო, ოქროპირიძეების საგვარეულო სოფელია, რომელიც დიდი დავით მეფის სიგელის მიხედვით სვეტიცხოველსაა შეწირული. ამას ადასტურებს ერეკლე II-ის სამეფო კარის მიერ განახლებული დოკუმენტი, რომელსაც ხელს აწერს კათალიკოსი ანტონი. სიგელში ვკითხულობთ: "ნებითა ღვთისათა ჩვენ მეფეთ-მეფემ აფხაზეთისათა აღმოსავალ-დასავლამდე მპყრობელ პატრონმან ხელმწიფემან დავით და ძემან ჩემმან დიმიტრიმან ესე მტკიცე და უცილობელი შემოწირულობისა სიგელი მოგახსენეთ თქვენ ცათა სწორსა სასოსა ჩუენსა სვეტიცხოველსა და მას შინა აღმართებულსა და კვართსა საუფლოსა და მირონსა წმიდასა შემოგწირეთ სოფელი დისევი თავის სამართლიანის სამზღვრებითა... შემოგვიწირამს ყოველის კაცის უცილობლად და ულაპარაკოდ და ხელშეუშლელად მოგვირთმევია და კაცნი შემოგვიწირამს კეთილგვაროვანი ოქროპირიძენი".დისევი, სავარაუდოდ, უძველესი დროიდანვე ყოფილა დასახლებული. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ზემოხსენებული სიგელი, სოფლის აღმოსავლეთით ე.წ. ნაცერცვალის მიდამოებში აღმოჩენილი არაერთი სამარხი, ქვევრები, ქართველ მეფეთა მოჭრილი მონეტები, სამკაულები. გასული საუკუნის 30-იანი წლების მიწურულს არქეოლოგებს დაუწყიათ გათხრები, მაგრამ, სამწუხაროდ, II მსოფლო ომს შეუშლია ხელი. მას შემდეგ დისევისთვის არავის მოუცლია.
ოქროპირიძეების გვარის გარდა აგვისტოს ომამდე აქ ცხოვრობდნენ ტრამაკიძეები, თოთაძეები, თუხარელები, გიუნაშვილები, მარღიშვილები, მარიამიძეები და სხვები. ოქროპირიძეები დაყოფილნი არიან მახარობლიანთ, ქაქუცაანთ, გაბრელაანთ, მღვდლიაანთ, ზურაბიაანთ, ეპიტაანთ და მჭედლიაანთ უბნებად.
სოფელს ჩამოუდის პატარა მდინარე - დისეურა. ტოპონიმ "დისევის" შესახებ არსებობს გადმოცემა, რომლის მიხედვითაც ეს მიდამო ერთ-ერთ დიდგვაროვან ქალბატონს ეკუთვნოდა. იმ ხანებში ქართველებს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბრძოლა მოუგიათ. ომში თავი უსახელებია მის ძმას და დას მისთვის აქაურობა უჩუქებია. ამიტომ ამ ადგილისთვის დისეული (ე.ი. დის ნაჩუქარი) დაურქმევიათ.
მეორე თქმულება კი თამარ მეფესთანაა დაკავშირებული. ერთ ზაფხულს თამარი ამალითურთ ყოფილა დისევში. მოწყურებული და დასიცხული მხედრები დაწაფებიან წყაროს და ტანზეც გადაუვლიათ. მათგან რამდენიმე ციებ-ცხელებით ყოფილა შეპყრობილი. ორი-სამი დღის შემდეგ სრულიად გამოჯანმრთელებულან. ამის გამო თამარ მეფეს მისთვის წამალა წყარო შეურქმევია. ამ წყაროს სიკეთე ჩვენს დროშიც არაერთმა ადამიანმა გამოსცადა თავის თავზე. ლეგენდით - ანდერძის თანახმად, გვირგვინოსანი მეფე წამალა წყაროს მიდამოებშია დაკრძალული.
თუ კონსტანტინე გამსახურდიას ტეტრალოგიას, "დავით აღმაშენებელს" დავიმოწმებთ, დისევი ქართველ მონარქთა არცთუ იშვიათი მასპინძელი ყოფილა. დიდი მწერალი ისტორიულ მასალებზე დაყრდნობით წერს, რომ დავით მეფეს ორბოძალის (დისევის მთიანეთი) მიდამოებში ცხენები გაუწყდა - შხამიანი ბალახი უჭამიათ. გარდა იმისა, რომ დისევი საქართველოს ეკლესიას ამარაგებდა სასულიერო კადრებით და ჭირნახულით, ჩვენი ვარაუდით, წარმოადგენდა ქვეყნის ცხენოსანი ჯარის ერთ-ერთ საწვრთნელ-მოსამზადებელ ადგილს. დავით მეფის რეზიდენციიდან (ნაჭარმაგევიდან) დისევამდე სულ რაღაც 20-25 კმ იყო. უხსოვარი დროიდან დისევში ტყის პირას იდგა "ბედნიერის" დიდი მუხა (ხალხის რწმენით, პირუტყვის სიმრავლის, ბარაქის მომტანი). მუხისადმი თაყვანიცემა სავარაუდოდ წარმართობის ხანიდან უნდა მომდინარეობდეს. მცენარის სიბერის ან დაზიანების შემთხვევაში სოფელი სარიტუალოდ მახლობლად მდგარ ნორჩ მუხას ირჩევდა. ეს ტრადიცია იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ჩვენს დრომდე მოაღწია. აღსანიშნავია, რომ "ბედნიერის" მუხასთან მკათათვის სამს (ახალი სტილით 16 ივლისს) საღმრთოს, "მუხაობას" იხდიდნენ. დისეველები საწირ-სანთლით მოდიოდნენ და მუხას ევედრებოდნენ პირუტყვის, ოჯახის სიჯანსაღე-სიმრავლეს. გვარის უფროსი საგვარეულოს დაამწყალობებდა. შემდეგ იმართებოდა ლხინი, იმღერებოდა "მუმლი მუხასა" და სხვა. "მუხაობის" შემდეგ სამკალში გასვლა ყველასათვის ნებადართული იყო.
გადმოცემით, დისევ-კულბითში (კულბითი, ვახუშტის მიხედვით - კურბითი, ლამაზ ბორცვზე გაშენებული ულამაზესი სოფელი იყო, განთქმული თავისი სიძველეებითა და მამაცი ხალხით. დროთა განმავლობაში იგი დისევს შეერწყა) დაახლოებით თვრამეტამდე ეკლესია-მონასტერი და ციხე-კოშკი იყო. წმინდა იოანე მახარებლის ეკლესია სოფლის აღმოსავლეთით, მუხნარში მდებარეობს. იგი დანგრეულია. სამწუხაროდ, მისი აღდგენა ვერ მოხერხდა. მისი დღეობა იმართებოდა 21 მაისს. X საუკუნის ძელიცხოველის ტაძარი 2007 წელს აღდგა კეთილი ადამიანების დახმარებით. ქაშუეთის და კვირაცხოვლის ეკლესიები დანგრეულია. კულბითის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა აგვისტოს ომის წინა დღეებში დაიწყო. ამ ეკლესიას XII-XIII საუკუნეებს მიაკუთვნებენ. აქ აღდგომის ორშაბათს ხატობაც იმართებოდა, ღვთისმშობლობა. ტაძრის ახლოს ციხის ნანგრევებია. ეს ციხე იცავდა სოფელსა და ეკლესიას. ჩანს, ეკლესიას ჰქონია გალავანიც, რომელიც ციხესთან იქნებოდა შეერთებული. ეს ციხე ვახუშტისაც აქვს მოხსენიებული: "ორბოძლის მთის კალთასა ზედა არს კულბითის ციხე". სხვა დანარჩენი ტაძრებიდან აღსანიშნავია ნაცვარაულის წმინდა გიორგი - შემორჩენილია ძეგლის ფრაგმენტები, წმინდა მარინეს ეკლესია (მთლიანად დანგრეულია), ბერიჯვრის მონასტერი, ბაჩილას სალოცავი, ყვავსაყდარა (დანგრეულია), დისევის ქედის გადაღმა, ორბოძალას მთის ძირში არის ადგილი "ნაქალაქევი", რომელიც ერისთავს ეკუთვნოდა. აქვეა ეკლესიაც, სადაც "მიქელგაბრიელობა" იმართებოდა. აქ ნაპოვნ საფლავის ქვას აწერია თავდგირიძეთა გვარი.
ლიახვის ხეობის წარსულისა თუ აწმყოს სევდანარევ ამბავს მომდევნო ნომრებში განვაგრძობთ.