ერთი შეხედვით, ხელისგულივით პატარა სოფელი წარსულით ხარობს, აწმყოთი კი დაღონებულია. სასოწარკვეთილებამდე მისული ყინწვისელების ერთადერთი ნუგეში მხოლოდ უფალია და მათი მფარველი - წმინდა ნიკოლოზის ტაძარი.
ტაძარი სოფლისგან საკმაოდ მოშორებულია და ღვთისმოშიში ყინწვისელები ზამთარ-ზაფხულ ამ აღმართ-დაღმართს ფეხით ადგანან, დაღლასაც ვერ გრძნობენ. წირვა-ლოცვის მადლი კვირიდან კვირამდე მიჰყვებათ.
ყინწვისი ერთ-ერთი ძველი სოფელია ძამის ხეობაში. იგი, როგორც მცხეთის საკათალიკოსოს კუთვნილი მამული, იხსენიება კათალიკოსის 1020 წლის სიგელში. 1029-1033 წლებით დათარიღებულ წერილში მელქისედეკი კვლავ იხსენიებს მას საკათალიკოსო მამულების სიაში: "ავაშენე სოფელი ყინწვისი შესავლითა მისითა".
1658 და 1659 წლების საბუთებით ყინწვისში სახლობდნენ წმინდა ნიკოლოზის საყდრის ყმები: კაკაშვილი, სულეიმანაშვილი, საბელაშვილი, ზურაბიშვილი, ნასყიდაშვილი, მწვარაშვილი, ბანაკაშვილი. 1699 წელს ერეკლე I-მა გაუთარხნა ლევან და მერაბ ციციშვილებს ყინწვისში მცხოვრები გუბიშვილი და ხუროშვილი. ძამის ხეობის სოფლების ჩამოთვლისას ვახუშტი ბატონიშვილი სხვებთან ერთად ყინწვისსაც ასახელებს: "ხვედურეთის დასავლით არის მონასტერი ყინცვისსა წმიდის ნიკოლოზისა, გუმბათიან, დიდშვენიერად ნაშენი".
იოანე ბაგრატიონის აღწერაში ყინწვისი მიტოვებულ სოფლადაა მოხსენიებული. 1842 წელს სოფელში ცხოვრობდა 9 კომლი (29 კაცი), რომელთაგან ქუმსიაშვილი და ფილიშვილი გადმოსულან ხვედურეთიდან, გოგიჩაშვილი და გაგაშვილი - ვედრებიდან, ბოსიკაშვილი - რუისიდან. გარდა ამისა, მოხსენიებული არიან: თიბილაშვილი, თომაშვილი და კაბულაშვილი. დროთა განმავლობაში ყინწვისში დასახლებულან ახალი გვარები: მიქაძე, მოახლიშვილი, მწარიაშვილი - გადმოსულა ჯარიაშენიდან, ბერაშვილი, ღამბაშიძე, ხორბალაძე, ქოქოშვილი, ხარებაშვილი და გაგლოშვილი.
წმინდა ნიკოლოზის ტაძარი აშენებულია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე. XV საუკუნის II ნახევარში ზაზა ფანასკერტელის თაოსნობით ტაძარს დასავლეთიდან მიუშენეს ეკვდერი, რომლის კედელზეც დღემდე შემორჩა დიდი მკურნალის ფრესკა. წმინდა ნიკოლოზის ტაძრის ეზოში დგას ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (XII-XIIIსს.). აქვეა წმინდა გიორგის პატარა ტაძარიც. სოფელში არის მცირე ზომის სამლოცველო - გიგოს საყდარი. ტაძარი XVII საუკუნეს მიეკუთვნება. ყინწვისს მონასტრის წინამძღვრის, სქემმღვდელმონაზონ სვიმეონის (ცაკაშვილი) ლოცვა-კურთხევით ვესტუმრე. მონასტრისა და სოფლის ცხოვრებას მისი დახმარებით გავეცანი. მწარიაშვილების ოჯახს ვესტუმრეთ, მლოცველი და ეკლესიურია მათი ტრადიციული ოჯახი. გულიანი მასპინძლობაც გაგვიწიეს, დაგვაპურეს კიდეც.
ოჯახის უფროსმა ბატონმა ნოდარმა მითხრა, რომ ყინწვისში დღეს 65 კომლი ცხოვრობს. უმეტესად სოფელში მწარიაშვილები, ქოქოშვილები, გაბისაშვილები, ბერაძეები, ღამბაშიძეები, ქოჩმაზოვები, ელბაქიძეები ცხოვრობენ.
- ჩემი უფროსი წინაპარი, ტატო, გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენიდან წამოსულა. მწარიაშვილები წმინდა ნიკოლოზის ტაძრის ყმები იყვნენ.
სოფელს დიდებული ყინწვისის ტაძარი იფარავს. სულ ახლოსაა სარკის წმინდა გიორგი. აქვეა მწარიაშვილების სალოცავი ბზის საყდარი. კიდევ არის პატარა საყდრები - ღამურას საყდარი, გიგოს საყდარი.
თუ ჩვენს ყოფა-ცხოვრებას იკითხავთ, გაჭირვებაში ვართ. სასმელი წყლის უქონლობა ყველაზე მეტად გვაწუხებს. სარწყავზე ხომ ზედმეტია საუბარი. ძირითადად მესაქონლეობას მივდევთ. სოფელში მხოლოდ სამ ოჯახს გვაქვს ხილის ბაღები. ხვნა და თესვა აქ შეუძლებელია.
დიდ უბედურებად ვთვლი, რომ ორი წელია, რაც დაიხურა რვაწლიანი სკოლა. ერთი სიტყვით, სოფელი სულს ღაფავს.
ტკბილად მახსენდება ჩემი სიყრმის ყინწვისი. ასე მგონია, ზღაპარში მიცხოვრია. ჩემს ბავშვობაში წმინდა ნიკოლოზის ტაძარი უმოქმედოდ იყო. მისი ამოქმედება 90-იან წლებში მოხდა. ისე, ტურისტი და დამთვალიერებელი არასდროს აკლდა. სოფლის მკვიდრნი ავდიოდით ხოლმე განსაკუთრებით ნიკოლოზობის დღესასწაულზე. ყოველ კვირას ვერ ვახერხებ წირვა-ლოცვაზე დასწრებას, სოფლად მრავალი საქმეა, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრები ეკლესიურად ცხოვრობენ. წლების წინ საპატრიარქოში უწმინდესის დაცვაში ვმუშაობდი. სიონის ტაძარში ვესწრებოდი პატრიარქის მიერ აღვლენილ ღვთისმსახურებას. როცა უწმინდესი საღამო ხანს ეზოში გამობრძანდებოდა, ვსაუბრობდით ხოლმე. მოფერებით "შუსტრ ნოდარს" მეძახდა. მერე გადმოვედი ქარელში და იქ ვმუშაობდი.
ყინწვისი სამ უბნადაა დაყოფილი - ქვედა, ზედა და შუა. შუა უბანში კაბისაშვილები, ჯიოშვილები ცხოვრობენ. ქვედა უბანში უმეტესად თედიაშვილები არიან.
როგორი მინდა იყოს ჩემი სოფელი? მორწმუნე ხალხით სავსე. სკოლა თუ გვექნება, მადლობელი ვიქნებით. მგონია, რომ დროთა განმავლობაში ყინწვისი დაიცლება. ოჯახები აღარ იქმნება და აღარც არავინ მრავლდება. ჩვენც, ღვთის ანაბრად დარჩენილებს, სოფლის და ქვეყნის სიყვარული გვაძლებინებს, სხვაგან წასასვლელი გზაც არ გვაქვს.
- როცა ყინწვისის ტაძარი არ მოქმედებდა, საკურთხეველში შედიოდა ხალხი და ტრაპეზის ქვაზე სუფრას შლიდა. დამშლელიც არავინ იყო. ახლა რომ ვიხსენებ, მზარავს, რას ვაკეთებდით, - მიამბობს ოჯახის დიასახლისი მარინე, - მადლობა ღმერთს, რომ ყინწვისის მონასტერს ასეთი კარგი წინამძღვარი ჰყავს. ძალიან მიყვარს მამა სვიმეონი. ყოველ კვირას წირვას რომ არ დავესწრო, დიდი დანაშაული მგონია. ფეხით ავუყვებით აღმართს. აღდგომის მარხვაში, პირველ კვირას ყოველ საღამოს ვესწრებოდით ლოცვას. დილით წირვაზე მივდიოდით. ჩემი ქალიშვილი თეკლა მგალობელია. ვცდილობთ, ვიცხოვროთ ღვთის სიყვარულით. მონასტერს შეძლებისდაგვარად ვეხმარებით სოფლის მკვიდრნი.
- პირველად მამა შიომ (ხარძეიშვილი) დამაწყებინა გალობა, - მიყვება თეკლა, - ეს მის გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე მოხდა. მას შემდეგ ასე მოვდივარ. თითქმის შვიდი წელია მრევლი ვარ. თავიდან კეხიჯვარში დავდიოდი ტაძარში, მამა დოროთესთან. მერე ყინწვისში დავიწყე სიარული. მამა შიომ მთხოვა, წირვის დროს წიგნის კითხვაში დავხმარებოდი. ძველი ქართული კითხვა ვიცოდი. ამას მოჰყვა გალობის დაწყებაც. მამა სვიმეონის მოსვლის შემდეგ მისი ლოცვა-კურთხევით ვცხოვრობთ. რაც დრო გადის, ვგრძნობ, რომ სულიერად ვიზრდები ასეთი მადლიანი მოძღვრის ხელში. ღმერთმა ინებოს, რომ თითოეული ადამიანი გახდეს ჭეშმარიტი ქრისტიანი.
ქალბატონ ნუნუ ელბაქიძის თქმით, ყინწვისი ძალიან მოუსავლიანი და ღარიბია. უჩივის სკოლის გაუქმებას და დარდობს ერის დემოგრაფიაზე. ყინწვისში დარჩენილი თითო-ოროლა ბავშვი განათლების მისაღებად რამდენიმე კილომეტრს გადის სხვა სოფლამდე. მოსახლეობა ტოვებს ყინწვისს, გაჭირვებაა სოფლად. "ვის დავემდუროთ, ისიც არ ვიცით. ღმერთს არ ვემდურით. ჩვენ თვითონ ვცოდავთ ღმერთის წინაშე", - წუხს ქალბატონი ნუნუ.
სტუმრად ყინწვისის მამათა მონასტერში
მონასტერში სტუმარს მოწიწებით ეპყრობიან.
მამა სვიმეონი მართლაც ჭეშმარიტი სულიერი მოძღვარია. საკმაოდ ახალგაზრდაა, მაგრამ მეუფე იობთან წლების განმავლობაში მსახურობდა და გამოცდილება და სულიერებაც საკმარისზე მეტი შეიძინა.
ვიდრე მონასტრის წევრებისთვის მშენებარე საცხოვრებელი სენაკები დასრულდება, მამა სვიმეონი ტაძრის ახლოს, ჩიტის ბუდესავით შეკიდებული სენაკის მეორე სართულზეა განმარტოებული. დიდი ნუგეშის მომცემია თავად სოფლისთვისაც წმინდა ნიკოლოზის ტაძარი. აგვისტოს მოვლენებმა კიდევ უფრო მეტად დაანახა აქაურებს, რომ მათი მფარველი უფალი და ეკლესია-მონასტრებია. მაშინ ყინწვისის მონასტერმა შეიფარა დაახლოებით 400 ადამიანი. მათ შორის - ჩვილები, ფეხმძიმეები.
- საცხოვრებელი სენაკებით შეზღუდულები ვართ. ღვთის მადლით და წყალობით დღეს 11 ბერი ვცხოვრობთ. მაშინ 12 ვიყავით, ბერებთან ერთად მორჩილები და სტუმრებიც ცხოვრობდნენ, - მიყვება მოძღვარი, - მიუხედავად ამისა, ყველაფერი ისე დალაგდა, რომ ჩვილი ბავშვები, დედები, ფეხმძიმეები შევიყვანეთ სენაკებში. ერთად გადავიტანეთ ომი. იმ დროს ბევრმა დაინახა, რომ აუცილებელია ეკლესიური ცხოვრება. ეკლესიასა და მოძღვარს ხომ ყველანაირი სულიერი თუ ფიზიკური დახმარების აღმოჩენა შეუძლია თითოეულისთვის. წინათ მონასტრების გარშემო შენდებოდა სოფლები.
წმინდა ნიკოლოზის მეოხებით ბევრი სიკეთის გაკეთების საშუალება გვეძლევა. ხშირად მოსულან ჩვენთან შეჭირვებული ადამიანები და შეძლებისდაგვარად დავხმარებივართ.
- მამაო, როგორ დაიწყო ყინწვისში სამონასტრო ცხოვრება?
- აქ ჯერ დედათა მონასტერი იყო. რამდენიმე ხნის მერე მამათა მონასტრად გადაკეთდა. წლების განმავლობაში მონასტერს მამა ისაია წინამძღვრობდა (დღეს მამა ისაია ქოზიფის მამათა მონასტერს წინამძღვრობს). როცა მამა ისაია სარკის წმინდა გიორგის მონასტერში გადაიყვანეს, ყინწვისში წინამძღვრად მამა შიო (ხარძეიშვილი) გადმოიყვანეს ტბეთის მამათა მონასტრიდან, მამა შიოს გარდაცვალების შემდეგ კი მამა გიორგი, სურამის კვირაცხოვლის ტაძრიდან. 2008 წლის 22 მაისს მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით დამნიშნეს წინამძღვრად. მანამდე ვმსახურობდი სურამის იობ მრავალვნებულის სახელობის მონასტერში, რეზიდენციაში. ერთი წლის შემდეგ გადამიყვანეს ურბნისის სტეფანე პირველმოწამის სახელობის ტაძარში მღვდელმსახურად. დღეს ყინწვისის მონასტერს ვწინამძღვრობ. აქ დიდი ძმობა დამხვდა. სქემიღუმენ საბასთან და სქემმღვდელმონაზონ მარკოზთან ერთად ვმსახურობ. ერთი ბერდიაკონი გვყავს, მამა სამსონი. ყველას განაწილებული გვაქვს ღვთისმსახურება. ძალიან ბევრი სტუმარი გვყავს მონასტერში. ხშირად ადგილები არ გვაქვს და უარის თქმა გვიწევს. მარხვის პერიოდში ყველას სურს, სულიერი სიმყუდროვე მონასტერში პოვოს, ახლობლებს შეეწიონ თავიანთი მსახურებით. ღვთის წყალობით, ძალიან ბევრი კარგი ადამიანი გვეხმარება მშენებლობაში. დაახლოებით ორ თვეში აშენდა და გადაიხურა სამსართულიანი სამონასტრო კომპლექსი. ამჟამად ველოდებით, გამოგვიჩნდნენ ნაყოფისშემომწირველნი, რათა სენაკების ბოლომდე დასრულება შევძლოთ.
სამსართულიან კომპლექსში 25 საბერო სენაკი გაკეთდა, მათგან ორი - საეპისკოპოსო. გვინდა ცალკე ავაშენოთ სასტუმრო შენობა.
თითოეულ ადამიანს თავისი განწყობა შემოაქვს მონასტერში. ჩვენც ვცდილობთ, შევუმსუბუქოთ განსაცდელი. პრობლემების კეთილად მოსაგვარებლად ფიზიკურადაც გაგვიწევია დახმარება. ღვთისმსახურება მხოლოდ შინაგანი მდგომარეობის დაკმაყოფილება როდია. ხშირად ადამიანებსაც სჭირდებათ დახმარება სასულიერო პირების გვერდით დგომით.
წმინდა მამები ამბობენ, მონასტერი ხილული სამოთხეაო. ადამიანები არ ვართ შობილნი მხოლოდ ხორციელი ცხოვრებისთვის, ჩვენ ვართ სასუფევლის წევრები. მონასტერში ცხოვრებით უფრო მეტად მჟღავნდება ადამიანის თავდადება. ღმერთი ხომ სიყვარულია. სიყვარული კიდევ თავდადებას მოითხოვს. მე ყველაზე დიდ ერთგულებას ღვთისგან ვგრძნობდი და სურვილი მქონდა, ერთგულებითვე მეპასუხა უფლისთვის. მთელი ჩემი საქმეებით ეკლესიასთან სიახლოვეს ვეძებდი. ერში ყოფნის დროს, ბოდბელი ეპისკოპოსის დავითის (ტიკარაძე) ლოცვა-კურთხევით, მცირე წვლილი შემიტანია კახეთში ეკლესიის მშენებლობაში, აღდგენით სამუშაოებში. წმინდა მამების სწავლებით, ყველას ჩვენ-ჩვენი ჯვარი გვაკისრია, რომლის გამომჟღავნება გვმართებს წუთისოფელში.
- მამაო, მონასტრული ცხოვრების სურვილი როდის გაგიჩნდათ?
- მეუფე იობის გვერდით დგომის და ქადაგების გავლენით გადავწყვიტე მონასტრული ცხოვრება. მანამდე სხვადასხვა მონასტერშიც ვცხოვრობდი, მაგრამ ვერ ვდგამდი ამ ნაბიჯს. არ ვიცოდი, რა იყო ღვთის ნება. ბოლოს, გადავწყვიტე, გამომეცადა, სად უნდა მემსახურა და წავედი ტბეთის მამათა მონასტერში მამა შიოსთან (ხარძეიშვილი).
წარმოშობით დედოფლის წყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანიდან, ბოდბის ეპარქიიდან ვარ. მინდოდა მთელი გულით მემსახურა უფლისთვის და მონასტერში სტუმრად წავედი. მაშინ მეუფე დავითთან ვცხოვრობდი, სტიქაროსანიც ვიყავი და მესენაკეც. პარალელურად ვცდილობდი, სწავლაც გამეგრძელებინა. ისე მოხდა, რომ მონასტერთან სიახლოვე ვარჩიე და მივედი წმინდა სტეფანე ხირსელის მამათა მონასტერში. აღდგომის მარხვა იქ გავატარე. აღდგომის შემდეგ შინ დავბრუნდი. მეგობრების გარემოცვაში სიმყუდროვე ვერ ვიგრძენი და კვლავ ხირსის მონასტერში დავბრუნდი. ბრწყინვალე შვიდეულში მეუფე იობი ჩამობრძანდა. მომიკითხა და მითხრა, - თუ წამოხვალ, ჩემს გვერდით იქნებიო. პირადი მძღოლობა შემომთავაზა. ოჯახის წევრებს ვუთხარი, დროებით წავალ მეუფე იობის ეპარქიაში-მეთქი. მსმენოდა, რომ მეუფის ეპარქიაში ბევრი ეკლესია-მონასტერი იყო. მათი ნახვის სურვილი მაშინვე გამიჩნდა. მერე მშობლებმაც მომცეს კურთხევა. ექვსი თვე ვემსახურებოდი მძღოლად მეუფე იობს.
ერში ყოფნისას ჩემი სულიერი მოძღვარი იყო მამა ბასილი, ახლა უკვე მამა იოანე (კიკვაძე). რადგან მონასტრული ცხოვრების სურვილი მქონდა, მოძღვარი შევიცვალე და მამა შიოსთან (ხარძეიშვილი) მივედი ტბეთის სკიტში.
ღვთის ნებით, მომიწია ტბეთის სკიტში განმარტოებით ცხოვრება. მხოლოდ ლოცვის დროს ვხვდებოდით ერთმანეთს. ასე ვცხოვრობდი რამდენიმე თვე. შემდეგ, მეუფის ლოცვა-კურთხევით, ტბეთი მონასტრად გადაკეთდა. მამა შიო ჩემი ნუგეში იყო. ტბეთში მოღვაწეობა ჩემთვის და ჩვენი ძმობისთვის საუკეთესო პერიოდი იყო. რამდენიმე თვეში ჩემი ბერად აღკვეცა გადაწყდა.
წმინდა მამები ამბობდნენ: როცა ადამიანი მონასტერში მიდის მონაზვნად, მისი მშობლების ტირილს, ნერვიულობას და შვილისგან უნუგეშობას ღმერთი იწირავს და ისევ მათი სულების საკურნებლად იყენებსო. ჩემთვის მთავარი იყო, რომ მშობლების ცრემლები და ნერვიულობა ღვთისთვის სათნო ყოფილიყო. ღვთის შეწევნით და წყალობით, არ მინდა დავზოგო ჩემი ამქვეყნიური ცხოვრება. ადამიანი შეიძლება ბერობისთვის დაიბადოს, მაგრამ ბერობას გამოცდილებით სწავლობს. ვიდრე საკუთარ თავზე არ გამოცდი და არ იტვირთავ ამ ჯვარს, ვერ გაიგებ მის გემოს. მინდა, ჩემი მსახურება ღვთისთვის სათნო იყოს, ღვთისგან გამომდინარე, ხალხს ვემსახურო.
- მაინც რა არის ღვთისთვის სათნო?
- მე ვიტყოდი, რომ ღვთისადმი ერთგულება, მართალი გულით მსახურება უფლის წინაშე. დავით მეფსალმუნე ბრძანებს: "გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა". ჩვენი სულის გასაღებია სიწრფოება, წრფელი აღსარება და გულწრფელი ცხოვრება, კეთილსინდისიერი მოპყრობა ერთმანეთის მიმართ, მადლიერების გრძნობა. პავლე მოციქული ბრძანებს: როგორ შეიყვარებ ღმერთს, რომელსაც ვერ ხედავ, თუკი საკუთარი ძმა, რომელსაც ხედავ, არ გიყვარსო. როგორ შეიძლება, ადამიანის მიმართ უმადური იყო, ხოლო ღმერთის მიმართ მადლიერი? ღმერთი ადამიანის გულს უყურებს, თუ როგორი გულით და რისთვის ვემსახურებით უფალს. ღმერთი ყველანაირად ცდილობს, გასწავლოს ერის ადამიანთან, სასულიერო პირებთან ურთიერთობა. ყველას და ყველაფერს თავისი მიდგომა სჭირდება. ყველა ადამიანი ღვთისგან მონიჭებული სამწყსოა და მათზე მწყემსებად ვართ დადგინებულნი. ვცდილობ, ყველას თანადგომა გავუწიო ჩემი მცირე შესაძლებლობებით. ჩემთვის, როგორც წინამძღვრისთვის, ის იქნება ნუგეში, რომ მონასტრის თითოეული წევრი მონასტრულად იცხოვრებს. თავად წინამძღვარმა კი თანაბარი სიყვარული და ერთგულება უნდა გამოამჟღავნოს სამწყსოს მიმართ. ჩვენი მონასტრის წევრებს ერთმანეთის მიმართ სიყვარულით ხშირად შეჯიბრიც გვაქვს. სასურველია, ეს ყველას ახასიათებდეს. კეთილი მოშურნეობა მოყვასის მიმართ ღვთისაგან მონიჭებულია. სოფელში ღვთისმშობლის შობის ტაძარია და შაბათობით იქ ვწირავთ. ვცდილობთ, ერთმანეთს შევუმსუბუქოთ მსახურება. ღვთის მადლით, მონასტერი შენდება. სურვილი გვაქვს, წინ წამოვწიოთ სამეურნეო საქმეები, ფუტკარი გვყავს, კალმახიც, ბოსტნეულიც მოგვყავს. მომავალში ვფიქრობთ მინანქრისა და ხეზე კვეთის სახელოსნოების, სამჭედლოს მოწყობას. როგორც უფალი და წმინდა ნიკოლოზი ინებებს, ისე წარგვემართება საქმე.
ყველა ადამიანმა ჩვენი ჯვარი უნდა ვიპოვოთ. ამ ჯვრის ზიდვაში ბედნიერები უნდა ვიყოთ. როდესაც ადამიანი არასწორ გზას ადგას, უბედურია. შევეცადოთ, რომ ღვთის ნება ვიპოვოთ და ბედნიერები ვიქნებით. უწმინდესი ხშირად გვიქადაგებს, რომ სასუფეველიც და ჯოჯოხეთიც ამ ქვეყნიდან იწყებაო. ბედნიერება სწორედ სასუფევლის, სამოთხის პოვნაშია, ასევე იმ საქმის აღსრულებაში, რომელიც უნდა აღვასრულოთ ღვთის მიერ დადებული ჯვრით. ღმერთმა ქნას, ყველას გვეტარებინოს საკუთარი ჯვარი წრფელად და ხალისიანად. ადამიანი მოთმინებით იწრთობა. ღმერთმა მოგვცეს მოთმინების ნიჭი. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.