გიორგი შიოლაშვილი-ღუდუშაური, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის მამა, დაიბადა და ცხოვრობდა ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში. დედა - ნატალია კობაიძე სოფელ სიონიდან იყო. ოჯახი 1927 წელს ვლადიკავკაზში გადავიდა დროებით საცხოვრებლად. გიორგი ღუდუშაურის ოჯახთან ბევრ სასულიერო პირს ჰქონდა ურთიერთობა, მათ შორის საქართველოს პატრიარქს კალისტრატეს (ცინცაძე). პატრიარქი სწორედ მათი ოჯახის საშუალებით ამყარებდა ურთიერთობას ვლადიკავკაზში მცხოვრებ ქართველებთან.
ძაუგის (ვლადიკავკაზის) ქართული ეკლესია მაშინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის იურისდიქციაში შედიოდა. ქრისტეშობის დღეს ამ ეკლესიაში მონათლეს სამი დღის ახალშობილი და მეფე ერეკლეს პატივსაცემად ირაკლი დაარქვეს. ყრმა მონათლა პატრიარქ კირიონის ყოფილმა მდივანმა, არქიმანდრიტმა ტარასიმ (კანდელაკი), იგი შემდგომ წილკნის ეპისკოპოსი გახდა. ბავშვის ნათლია იყო მონაზონი ზოილე (დვალიშვილი). მონაზონი ზოილე კი ჯერ ბედიის, შემდეგ მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის წინამძღვარი გახლდათ. მას ხშირად დაჰყავდა ნათლული სამთავროს მონასტერში. სწორედ სამთავროს მონასტერში შეხვდა ღვთის განგებით ერთმანეთს საქართველოს ორი პატრიარქი, კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე და სამი წლის ირაკლი შიოლაშვილი-ღუდუშაური. პატრიარქისგან პატარას ლოცვა-კურთხევა მიუღია.
ოჯახი წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიაში დადიოდა. ბავშვები თავიდანვე ეკლესიურ გარემოში იზრდებოდნენ. შინ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესია ჰქონიათ მოწყობილი. ოჯახი ერთად ლოცულობდა. მშობლებმა ღვთის მინიშნებით ადრიდანვე იცოდნენ, რომ მათი ვაჟი პატრიარქი გახდებოდა, მაგრამ ამაზე დუმილს არჩევდნენ. გიორგი შვილის მღვდელმთავრობისას საგულისხმო გამოცხადების ღირსი გამხდარა, რომელიც მისთვის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე უთქვამს. უწმინდესმა კი საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრების შემდეგ ააგებინა მამის მიერ მინიშნებულ ადგილზე, აჩხოტის ველზე "მეორედ მოსვლის ნიში".
***
ხევი მდინარე თერგის ვიწრო ხეობაშია მოქცეული. ტერიტორიულად იყოფოდა სამ, თრუსოს, თერგის და სნოს ხეობად. თრუსოს ხებაში ოსები სახლობენ, სნოსა და თერგის ხეობაში, სამხედრო გზის პირისპირ კი მოხევეები.ხევის მთავარი მდინარე თერგია, წინათ არაგვად წოდებული. ვახუშტი ბატონიშვილის აღწერით: "მდინარესა ხევისასა ეწოდების არაგვი ჩერქეზამდე და მუნ ლომეკის მდინარე ძველამდე და აწ უწოდებენ თერგსა".
მოხევეები თერგს დღესაც არაგვს უწოდებენ. თერგი გამოდის თრუსოს ხეობიდან, ხევში ერთვის სნოს წყალი, რომელსაც უერთდება ჯუთისა და ართხმოს წყალი, ჩხერი, ყუროს წყალი, ორწყალი (დევდორაკისა და ჩათის წყალი) და ხდეს წყალი (ქისტინკა). სნოს ხეობით ყაზბეგიდან (სნო-კარკუჩა-ბუსარჭირის უღელტეხილი-ფასანაური-დუშეთი-მცხეთა-თბილისი) გადიოდა საქართველოს ძველი სამხედრო გზა.
ხევს გარს აკრავს კავკასიონის მაღალი მთები და მყინვარები: ყურო, ვეშანროვანი, ნაროვანი, ხვედისი, შინო, ქამარჯინა, ართხმო, ღეჭია, ბახანო, ლიჯე, საკეცენი, ჩათა, ქუბასწვერი, დიდო, ნასერეთი, ხდე, დარიალა, გვირგვალის წვერი, ორწვერი, აბანო, დევდორაკი და სხვა, რომელთა სიმაღლე ზღვის დონიდან 2000-5000 მ-ია. ხევის სიამაყეა 5043-მეტრიანი მყინვარწვერი.
***
გადმოცემით, როდესაც არაგვის ერისთავებმა ხევი ვერ დაიმორჩილეს, შეეცადნენ, ხევისბერების გადმობირება-მოსყიდვას და ამით თემის პირის გატეხას. ამ მიზნით ხევის ხატებს ძვირფას ნივთებს და ღვინოს სწირავდნენ. ამ გზით დაიახლოვეს ხევის გავლენიანი გვარის მეთაურები, მათ შორის შიოლა ღუდუშაური, რომელსაც თურმე აზნაურობა უბოძეს. სნოს ხეობაში ღუდუშაური ძლიერი გვარი იყო, თავისი მაგარი ციხეც ჰქონდა და მისი გადმობირებით შესაძლებელი იყო სნოს ხეობის ხელში ჩაგდება და მერე მთელი ხევის დამორჩილება. ახალგააზნაურებულმა შიოლამ, ერისთავების წაქეზებით, დაიწყო ბატონობა და საბეგრო ხარჯებით მოხევეებს ძლიერ აწუხებდა. სათემო საბჭომ შიოლას სასტიკად დასჯა გადაწყვიტა, მაგრამ ასრულებას ვერ ბედავდნენ შიოლას მაგარი ციხის და საგვარეულოს შიშით. ამიტომ მოისყიდეს შიოლას დის ძმადნაფიცი ხევსური მთრეხელი.
მთრეხელმა აბჯარი აისხა, ცხენს ძღვენი გადაჰკიდა და შიოლასკენ გზას გაუდგა. ჯაშუშმა მთრეხელის განზრახვა უკვე აცნობა შიოლას. სანადიროდ მიმავალი ღუდუშაური აჩხოტთან შეეყარა მოსყიდულს. მისალმების უმალ შიოლამ უბრძანა მხლებლებს, მთრეხელს ცხენი ჩამოართვით და მშვილდი წაართვითო. ხევსური გაცხარდა, შიოლას მივარდა და ისარი გულში ჰკრა. მერე მოსაკლავად დადევნებულ ღუდუშაურებს გაექცა, სოფელ ახალციხეში შიოლას დას მიადგა კარს - დამმალეო. შეძრწუნებული ქალი ტირილით ემუდარებოდა მდევრებს: ნუ შემარცხვენთ, შემოხვეწილ სტუმარს შინ ნუ მომიკლავთო, მაგრამ ვერას გახდა...
მოხევეებს მოსვენებას არ აძლევდნენ ოსები, ლეკები და ქისტები, რომლებიც ხევის სოფლებს ეცემოდნენ, მათ საქონელს და დოვლათს იტაცებდნენ, ადამიანებიც ტყვედ მიჰყავდათ და მათ გამოსასყიდად თემისგან დიდ თანხას მოითხოვდნენ.
XVIII საუკუნეში კი ხევი სამოურავოებად იყო დაყოფილი და თითოეულ სამოურავოს გამგებლის მიერ დანიშნული მოურავი განაგებდა. ხევი იყოფოდა ოთხ სამოურავოდ: ედოს (სტეფანწმინდა), სნოს, ფანშეთის და მნას (თრუსოს ხეობა) სამოურავოებად. ხევში ნაცვალიც იყო, რომელსაც მეფე ან გამგებელი ამტკიცებდა. ნაცვალი მოურავის თანაშემწე იყო, რომელიც მონაწილებას იღებდა სამართლისა და ვაჭრობის საქმეში. დაწინაურებული მოურავი ყოფილა იმ დროს გაბრიელ ჩოფიკაშვილი. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ რუსეთის თვითმპყრობელობას სჭირდებოდა ამ ხეობის ერთგული დარაჯი, რომელიც ემსახურებოდა მის იმპერიალისტურ მიზნებს. ასეთი გაბრიელი აღმოჩნდა. ამ დღიდან გაბრიელი თავის გლეხურ გვარს - ჩოფიკაშვილს იცვლის და ახალს იღებს - ყაზბეგს. გაბრიელის საბრძანებელს, სოფელ სტეფანწმინდას რუსებმა მის პატივსაცემად ყაზბეგი უწოდეს.
***
ხევში გვარების მიხედვით სოფელი უბნებადაა დაყოფილი და თითოეული უბანიც ერთ საგვარეულოს უჭირავს, სადაც მათი საგვარეულო ციხე და სასაფლაოა. შემდეგ ეს გვარები კომლებად იყოფიან და თითოეული მათგანიც თავისი მეკომურის სახელს ატარებს. მაგალითად, ხეთაგურები: გახუტენი, კოტიენი, თორღენი, საბენი და სხვა. ჩოფიკაშვილები: ლევანენი, ზალიენი, ზაბუენი და სხვა. სუჯაშვილები: ნადუენი, ყუბეშენი, მოსელენი, უბელენი. ავსაჯანიშვილები: იმედენი, თათურენი, ნანენი და სხვა. ისტორია გვარებია...
ყამარაულის წინაპარი ფშავიდან გადმოსახლებულა. სურამიდან გამოქცეული ბაზალი არშაში დასახლებულა. გოგბაიძე მთიულეთიდან გადმოსულა. ის არშაში მისულა, სადაც სულიაურის გვარი ბატონობდა. სულიაურის წინაპარი ისეთი მდიდარი ყოფილა, რომ ჯორზე მჯდარი თესავდა ყანას და პურს ოქროს სათითურებით მკიდა. გოგბაიძეს სულიაურისათვის "დიდება" უმღერია და ამისთვის არშაში მამული უბოძებია. ხეთაგური ძლიერი გვარი ყოფილა და სტეფანწმინდაში ციხეც ჰქონიათ. მათ ჯიმშერ ერისთავი მტრობდა. ერთხელ ჯიმშერი თავისი ჯარით გადმოსულა ხევში და ხეთაგურთა ციხეს შემორტყმია. ხეთაგურებს ჯალაბი გაუხიზნავთ და საომრად ემზადებოდნენ. ერთ ეფხოშვილს მათთვის ურჩევია, ომს სჯობს ერისთავს ჯიხვი მიართვათ და პატიება თხოვოთო. ხეთაგურნი ასეც მოქცეულან და ჯიმშერისგან წყალობა მიუღიათ.
ვაჟკაცობით ცნობილი ყოფილა იასე ხეთაგური, რომელსაც ვახტანგ VI-ის ჯარში უმსახურია. ლეკებთან შეტაკებისას ვახტანგს თავის ბელადად იასე გამოუყვანია. მოწინააღმდეგეებს ნიშნად ორი დანა დაუყენებიათ და ვის ტყვიასაც დანა შუაზე გააპობდა, გამარჯვებულიც ის იქნებოდა. ლეკის ბელადის ტყვია დანას მხოლოდ გაეფხაჭნა, იასესი კი შუაზე გაეჭრა და როდესაც აწონეს ორივე ნაწილი, თანაბარი გამოსულა. შემდეგ იასეს სამსახურიდან გათავისუფლება უთხოვია. ვახტანგს მისთვის საჩუქრად სოფელი სიონი, გარბანი და თოთი უძლევია, მაგრამ უარი უთქვამს, - არც ბატონობა მინდა და არც ვინმეს ყმობა. მინდა, გერგეტელებმა ახალწელიწადს წმინდა ნინოს ჯვარი პირველად ჩემს კარზე მოაბრძანონ და ისე მომილოცონო. მეფე შეწუხებულა, - მეფე ვარ და ეს მეც არ მეკუთვნისო. მაგრამ მისთვის ვეზირს ურჩევია, - იასე მთის კაცია და მას წმინდა ნინოს ჯვრის თავის კარზე მიბრძანება ესახელება და შენ მაგით რა დაგაკლდებაო. მაშინ ვახტანგს უბრძანებია იასეს სურვილის დაკმაყოფილება, ამასთანავე მისთვის გარბანი და თოთიც უჩუქებია.
ღუდუშაურები თავიანთ წინაპრად თვლიან შიოლა ღუდუშაურს, რომელიც სნოს მაგარ ციხეს ფლობდა... შიოლას ოთხი ვაჟი ჰყოლია. ერთი მათგანი, შარამბალი, განთქმული ვაჟკაცი ყოფილა. ის ლეკებთან საბრძოლველად არაგვის ერისთავს გაუწვევია. ლეკის ბელადს შარამბალი საომრად გამოუხმია. მას ამ დროს სძინებია და ერისთავს - გმირი არ მომიკლანო და მის ნაცვლად გამოუყვანია შარამბალის პირის მეღვინე, რომელიც თურმე პატრონს ძლიერ ჰგავდა. პირის მეღვინე ლეკს მოუკლავს და ლხინი გაუჩაღებიათ. შარამბალს გაუგია ეს ამბავი, ერისთავისთვის უსაყვედურია, მერე ლეკის ბელადისთვის თავი წაუგდებინებია. ამ გმირობისთვის ერისთავს შარამბალისთვის კარკუჩის მესამედი უჩუქებია.
ციხე-კოშკები
არშის ციხე
არშის ციხე მაღალ გორაკზე დგას და სოფელ აჩხოტიდან უდგება ძნელად სავალი ბილიკი. ციხის კართან, ლოდზე, ჯვარია ამოკვეთილი, კლდეზე კი წითელი ჯვრებია გამოსახული. გადმოცემით, ლეკებს ციხის დარაჯისთვის ამ ქვაზე ხმლის ჯვარედინი დაკვრით თავი მოუკვეთიათ და მისი სისხლით ჯვრები გამოუსახავთ. ციხეში, გორაკზე, ძველი ეკლესიის ნანგრევია, იქვეა არშის წმინდა გიორგის ხატის ნიში, სადაც არშელები ახალწელიწადსა და აღდგომის ხატობას იხდიან. ციხის მახლობლად, ჩხატის წყლის გაღმა, ანდეზიტის კლდეში, დევთქობის გვირაბია. მტრის შემოსევის დროს თემი არშის ციხეში იხიზნებოდა და თავდაცვისთვის იბრძოდა. აქ დაამწყვდია გიორგი სააკაძემ მოსისხლე მტერი ანდუყაფარ ამილახვარი და მისი ცოლი. არშის ციხე
ციხეში ინახებოდა კარის რკინის კლიტე და ერთი ხუცურწარწერიანი რკინის კვერთხი. ეს კლიტე არშელ ვაჟკაცს, ჯურღმა ბაზალს განჯიდან წამოუღია:
არშას ბაზალი ჯურღმაი,
ვეფხი კლანჭებზე დგებაო,
განჯას შაგლიჯა კლიტენი -
ჩემს არშას მაუხდებაო.
რკინის კვერთხი წინათ დაცული ყოფილა არშის წმინდა გიორგის ეკლესიაში. მასზე ხუცურად წერია: "სახელითა ღმრთისაითა შევქმენ კუერთხილი მე, თეოდორე მამასახლისმან, პატიოსნისა ხატისათვის".
***
ისტორიული მნიშვნელობის ციხეებთან ერთად ხევში საყურადღებოა აგრეთვე საგვარეულო კოშკები, რომლებშიც მტრის შემოსევის დროს გვარები იხიზნებოდნენ. ამ მხრივ აღსანიშნავია სოფელ სიონის კოშკი. გადმოცემით, თამარ მეფის ბრძანებით, ეს ციხე სისაურს აუშენებია.
სიონის ციხე ნაგებია ანდეზიტის თლილი ქვით და დუღაბით არის შეკრული. ის მთიულური ტიპისაა, ოთსართულიანია და დატანებული აქვს სათოფურები და სარკმლები. წინათ ორმაგი გალავნით ყოფილა შემოსაზღვრული. სიონის ციხეს არაერთხელ მოუგერიებია ლეკები და ქისტები.
იქვე დგას სიონის ღვთისმშობლის მიძინების სამნავიანი ბაზილიკური ტიპის ეკლესია, რომელიც IX-X საუკუნეებით თარიღდება.
ხევის რეპრესირებული მოძღვარი
XIX საუკუნის 60-იან წლებში სენაკის მაზრის სოფელ ფოცხოს მკვიდრი ივანე მალანია სასულიერო სემინარიის წარმატებით დამთავრების შემდეგ ყაზბეგში გაამწესეს, სადაც დახვდა მღვდელი ბართლომე ღუდუშაური, რომელმაც დიდი სიყვარულით მიიღო ახალგაზრდა. რამდენიმე ხნის შემდეგ ივანემ მამა ბართლომეს და, პელო შეირთო ცოლად და სამეგრელოში დაბრუნდა. იქ ივანე დიაკვნად, შემდეგ კი მღვდლად აკურთხეს. ცოლ-ქმარს შვიდი შვილი შეეძინა - გიორგი, ბესარიონი, ტარასი, ანტონი, ლადო, ნინო, ანა. მამა იოანე ადრე გარდაიცვალა. დის ოჯახი მამა ბართლომემ ხევში წაიყვანა. გიორგიმ და ბესარიონმა სასულიერო სემინარია დაამთავრეს. ანტონი პირველი მასწავლებელი იყო ხევში. ტარასიმ ოქროს მედალზე დაამთავრა კიევის გიმნაზია, ლადო ახალგაზრდა გარდაიცვალა. ანა და ნინო გამორჩული ქალბატონები ყოფილან. ნინუცი ახალაშვილების რძალი გახდა, ანიკო ცოლად გაჰყვა სიონში მასწავლებლად ჩამოსულ ალექსანდრე კვაჭაძეს. სიძე-ცოლის ძმის ანტონისა და ალექსანდრეს ძალისხმევით სიონში ორკლასიანი სკოლა აშენდა. მამა ბესარიონი დუშეთის რაიონის სოფელ მლეთაში იყო მღვდელი. გიორგიმ ცოლად შეირთო დუშელი ლიზა კაიშაური. გიორგი ჯერ დიაკვნად, შემდეგ კი მღვდლად აკურთხეს. იგი წირავდა სოფელ სიონის ტაძარში. გარეგნულადაც და სულიერადაც ულამაზესი ვაჟკაცი ყოფილა. ყველას უყვარდა, აფასებდნენ და რჩევას ეკითხებოდნენ. მას დაუწერია ჯვარი სიონის ტაძარში უწმინდესის მშობლებისთვის. მამა გიორგისვე დაუდგამს ქორწინების გვირგვინი ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტის, მეუფე იობის (აქიაშვილი) ბებიისა და პაპის - ვასილისა და ქეთევანისთვის. უღმერთობის დროს მამა გიორგიც დასასჯელთა სიაში მოხვდა. მეუღლემ ურჩია საერო ცხოვრების დაწყება, მაგრამ უარი განუცხადა. მას ბინძური ჭორები დაუყარეს, რათა ხალხს ეკლესიაში სიარული შეეწყვიტა.
...1932 წლის 19 იანვარი თენდებოდა, წყლის კურთხევა უნდა ჩაეტარებინა. მამა გიორგი შეიმოსა და ჯვრით ხელში მდინარისკენ წავიდა. თურმე უთვალთვალებდნენ და მისი განზრახვა ყაზბეგში აცნობეს. მოძღვარი ნელა მიდიოდა - იქნებ გზადაგზა ხალხი შემომიერთდესო. არავინ გაჰყოლია - ხალხს მთავრობისა ეშინოდა. მარტომ აკურთხა წყალი. ეს იყო უკანასკნელი წყალკურთხევა ხევში...
მამა გიორგი ეკლესიაში დაბრუნდა. ეკლესიის გვერდით, შინ, ცოლ-შვილი ელოდებოდა. იქამდე ვეღარ მიაღწია. იგი დააპატიმრეს და ტაშკენტში გადაასახლეს. 1934 წელს ციხეში გარდაიცვალა...
2002 წელს, როდესაც სტეფანწმინდისა და ხევის მღვდელმთავარმა, მეუფე პეტრემ (ცაავა) მდინარის წყალი აკურთხა, მას სტიქაროსნად ახლდა მამა გიორგი მალანიას შვილიშვილი, ჯუანშერ მალანია.
სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია
"გაცნობებთ, რომ 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება - ყაზბეგის რაიონი გამოაცხადეს საქართველოს ეკლესიის ცალკე საეპისკოპოსოდ და უწოდეს მას სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია. ეს არის ნამდვილად ისტორიული განჩინება, რადგან პირველი შემთხვევაა, რომ ამ კუთხეს, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სასაზღვრო ზოლია სრულიად საქართველოსი, ეყოლება მფარველი ეპისკოპოსი.დიახ, ქვეყნის ჩრდილოეთი კარიბჭე, დარიალი და ზოგადად ხევი, ჩვენთვის არის ზღუდენი იერუსალიმისანი, რომლის სადარაჯოზე უნდა დადგეს ყაზბეგის რაიონის მთელი მოსახლეობა. მოხევეებს დღემდე საამაყოდ გვაქვს, რომ 50-60-კაციანმა რაზმმა 1921 წელს დარიალთან არ შემოუშვა რუსის ჯარი და თავგანწირვით დაიცვა საქართველოს დამოუკიდებლობა.
სტეფანწმინდისა და ხევის ეპისკოპოსმა, სამღვდელოებასთან და მთელ მოსახლეობასთან ერთად, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ კვლავაც საიმედოდ იყოს დაცული ჩვენი საზღვრები და მიწა-წყალი, ჩვენი კულტურა, ჩვენი ენა, ეკლესია, ჩვენი სულიერი და მატერიალური ფასეულობანი.
სტეფანწმინდისა და ხევის ეპისკოპოსმა უნდა იზრუნოს არა მარტო იმისათვის, რომ ყოველ სოფელში აღესრულებოდეს წირვა-ლოცვა და ამაღლდეს განათლების დონე, არამედ იმისთვისაც, რომ ამუშავდეს წარმოებები, მოსახლეობას ჰქონდეს სამუშაო ადგილები, ხელი შეეწყოს მათი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, განსაკუთრებით - მრავალშვილიანი ოჯახებისა, რომ მოსახლეობა მტკიცედ დამკვიდრდეს ხევში. იმედი გვაქვს, რომ ხევის ხელმძღვანელობა და მკვიდრნი მხარში ამოუდგებიან სტეფანწმინდისა და ხევის ეპისკოპოსს, რათა ეს რაიონი იქცეს საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ და ძლიერ კუთხედ.
მოხარული ვართ, რომ ამ ისტორიულ საეპისკოპოსო კათედრაზე არჩეულია მისი ყოვლადუსამღვდელოესობა პეტრე, ეპისკოპოსი სტეფანწმინდისა და ხევისა, რომელსაც კარგად იცნობთ და პატივს სცემთ.
დარწმუნებული ვართ, ჩვენთან ერთად დღეს ხარობენ ჩვენი წინაპრები, რომელნიც ორი ათასი წლის მანძილზე ელოდებოდნენ ამ ბედნიერ დღეს", - ამ სიტყვებით წარუდგინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ყაზბეგის მოსახლეობას ხევის პირველი მღვდელმთავარი.
მეუფე პეტრეს მღვდელმთავრობის დროს, როგორც მოხევეები ამბობენ, საგრძნობლად შეიცვალა ხევში სასულიერო ცხოვრება. აღდგა მრავალი ეკლესია-მონასტერი. ძველ სალოცავებს ახალი ტაძრებიც შეემატა. მომრავლდნენ სასულიერო პირები. მოხევეებში ღვთის სიყვარული კიდევ უფრო გაღრმავდა. ხალხს რწმენა დაუბრუნდა.
წელიწადზე მეტი იქნება, რაც მეუფე პეტრე უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმთავრად განაჩინეს. სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიას კი მეუფე იეგუდიელი (ტაბატაძე) დაუდგინეს. მეუფე იეგუდიელის მადლიანი ლოცვა-კურთხევით, მოხევეები კვლავაც ეზიარებიან ქრისტეს სისხლსა და ხორცს.
ამ დიდებული და მადლით სავსე ეპარქიის მოლოცვა-მონახულება აჩხოტის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის და მასთან არსებული მამათა მონასტრის არქიმანდრიტის, მამა იაკობის (იაკობიშვილი) დახმარებით შევძელი. მამა იაკობი თითოეული ბერ-მონაზვნის, ერისკაცის მოსიყვარულე მამა და სულიერი მოძღვარია. საოცარია და ათასგვარ კეთილ საქმეში გართული, უყურადღებოდ არ ტოვებს სულიერი შვილის თუ სტუმრის საწუხარს.
მამა იაკობის ლოცვა-კურთხევით, სოფელ სნოში, წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში რამდენიმე დღე დავყავი. მისი დახმარებით და ლოცვა-კურთხევით მღვდელმონაზონმა ანდრიამ (აბაიშვილი) რამდენიმე სოფელი და სალოცავი მომალოცინა, რისთვისაც დიდად ვემადლიერები. მეამაყება, რომ ჩვენს ეკლესიას ამგვარი ღვთისმსახურები ჰყავს.
ღვთის წყალობით "კარიბჭის" მკითხველი გაეცნობა მოხევეების თანამედროვე საერო თუ სასულიერო ცხოვრებას, თანაზიარი გახდება გულისწუხილისა და ტკივილისა... უკვე წლებია, მოხევეები განგაშის ზარს რეკენ - გვიშველეთ, მოგვხედეთ, ხევი დაიცალაო... ცოტა ხანში აქ მამლის ყივილსაც კი ვერავინ გაიგონებსო. ვის სჭირდება ცარიელი ბუნება, ღმერთი არ გწამთ, გვიპატრონეთო. მართლაცდა, საქართველო მარტო თბილისი ხომ არ არის... ხელისუფალნო! აქეთ-იქითაც მიიხედ-მოიხედეთ, იქნებ თვალი ხევისკენაც გაგექცეთ... მოხევეებს ცარიელ დაპირებებზე მეტად ხომ თუნდაც ცარიელი ხელები და კეთილი გულით მოსული ხელისუფლის გამოჩენა გაუხარდებათ...
***
გულში ჩამწვდომ მართალ სიტყვასთან ერთად, მოხევეებმა თავისებურად მადლიანად დამლოცეს კიდეც:"პირმა დაგლოცასთ ღვთისამა, ნაწილმა ბარძიმისამა,
ქალაქჩი - სიონისამა დარეკამ ზარებისამა,
მცხეთაჩი - სვეტიცხოველმა, გადმომცქერალმა მტკვრისამა,
ლომისამ, თორმეწამემა, პატრონმა არაგვისამა,
მა, კობის წმიდა გიორგიმ, პატრონმა დიდის მთისამა,
მა, ბერმა წმიდა სამებამ, პატრონმა ხმელეთისამა,
ივანე ნათლისმცემელმა, პატრონმა ბალღებისამა,
მა, ბახტრის წმიდა გიორგიმ, პატრონმა მგზავრებისამა".