მდინარე შარეულას მშვენიერ და ღრმა ხეობაში, საშევარდნე მთის ძირას, პატარა დავაკებაზე ჭელიშის მონასტრის ღვთისმშობლის ტაძრის ნანგრევები და ახლად შეკეთებული სამრეკლოა. ეს მონასტერი ჭელიშის უდაბნოს სახელითაც მოიხსენიება.
ჭელიშის უდაბნოში, სულ მცირე, ათი საუკუნის განმავლობაში მაინც გრძელდებოდა ბერ-მონაზონთა მოღვაწეობა. ამ მონასტერმა უდიდესი მისია აღასრულა რაჭის სულიერ და კულტურულ ცხოვრებაში. რაჭაში (და არამარტო) მოღვაწე სამღვდელოთა უმრავლესობა სწორედ აქ იღებდა საღმრთო სწავლა-განათლებას. სავანის მოშორებით კლდეში ნაკვეთი ქვაბებია ბერთა და დაყუდებულთათვის. გადმოცემით, ქვაბულებამდე გვირაბი მიდიოდა.
ისტორიკოსი გიორგი ბოჭორიძე წერს: "ერთი უძველესი ხანის ცენტრთაგანი უნდა ყოფილიყო ჭელიში. ეკლესია ძლიერ დიდი ხნის აშენებული არ უნდა იყოს. იგი შიგნით და გარეთ გალესილია კირით და არავითარი წარწერა არ უჩანს, ვფიქრობ, XIV-XVI საუკუნეებისაა. უძველესი ხანის არის მხოლოდ მონასტრის გამოქვაბულები ბერთათვის და სადაყუდებულო - განდგომილთათვის მაღალ კლდეში. მაგრამ ჭელიშში რომ დიდი კულტურის ცენტრი უნდა ყოფილიყო უძველეს ხანაში, ამას ადასტურებს ის ხელნაწერი წიგნები, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია. ერთი ასეთთაგანია ეტრატზე ნაწერი ოთხთავი XI საუკუნისა, გადატანილი შემდეგ ხონჭიორში. ამ ოთხთავის მინაწერი და ანდერძი გვეუბნება, რომ ოთხთავი ჭელიშის კუთვნილებაა. იგივე ანდერძი იხსენიებს მრავალ ძვირფას ჭედილ და მინანქრიან ნივთებს, რომლებიც გაუკეთებია ჭელიშისთვის დანიელ ხანბაშურის გაზრდილს ნიკოლოზს".
ტაძარი საფუძლიანად შეუკეთებია XVI საუკუნეში ნიკორწმინდელ ეპისკოპოს მელქისედეკს (საყვარელიძე).
ჭელიშის მონასტერში ინახებოდა არაერთი ძველი ქართული ხელნაწერი. 1902 წელს არქიმანდრიტმა წმინდა ამბროსიმ (ერისკაცობაში ბესარიონ ხელაია, შემდგომში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) ეკლესიის ეზოში აღმოაჩინა აკლდამა, სადაც ინახებოდა "მოქცევაი ქართლისაის" მანამდე უცნობი ხელნაწერის ვარიანტი, შატბერდულზე უფრო ვრცელი.
XVI საუკუნის ბოლოს შედგენილი იმერეთის მეფე ლევან I-ის შეწირულობის წიგნი გვეუბნება: "ჩვენ, ღვთივ გვირგვინოსანმა მეფეთმეფემან, პატრონმან ლეონ ესე წყალობის წიგნი და სიგელი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქვენ, ნიკორწმინდელსა ბაქრაძესა ამბროსეს, მას ჟამსა, ოდეს თქვენისა ერთგულობისათვის დაგვიჯერიათ და ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი და შეგიწყალეთ და გიბოძეთ ხონჭორი სრულობით და ჭელიში და ნამარნევს მჭედლიძენი".
1637 წელს ჭელიშის მონასტერი იმერეთის მეფე გიორგი მესამემ გელათს გადასცა.
საინტერესო ცნობას შეიცავს 1796 წლით დათარიღებული ბეჟან წერეთლის შეწირულობის წიგნი: "ნებითა და შეწევნითა ღვთისათა მე, ბეჟან წერეთელმა, ვიგულე და ვიგულისმოდგინე, ჭელიშის უდაბნოშიდ მივედი და ჩემი აღსარება ღირსსა და პატიოსან მამებს მოვახსენე და წმინდა ღვთისმშობელს შევავედრე სული ჩემი, რომ დამიცვას აერის მცველისგან.
...შენმა წინამდეგებმა ბერებმა აღთქმა დამიდვეს, სანამდისი ეს უდაბნო იქნება, მანამდისი წელიწადშიც თითო წირვა ხარებას არ მოგეშალოსთ...
მოწამე და გამრიგე ამისი ჯერ ღმერთია და კაცთაგან არის ამისი მოწამე წინამძღვარი გრიგოლი, დავით ბერი ჭოხონელიძე, ნიკოლოზ სურღულაძე, ბერი ნეთსაძე, ბესარიონ, მარკოზ, ბერი დავით ნასრაძე, ბერი დიაკვნები, იოსელიანი ნიკოლოზა და სხვები, თხუთმეტ-თექვსმეტამდისი".
ჭელიშის უდაბნოს გლეხებს და ძვირფას ნივთებს სწირავენ დიდგვაროვნები: პაატა წულუკიძე, ნიკოლოზ ყიფიანი, ნიკოლოზ იაშვილი, გიორგი მაჩაბელი და სხვები. მეფე ერეკლე მეორემ კი ზარები შესწირა მონასტერს.
1819 წლის საბუთით, ჭელიშის მონასტერს რაჭის სოფლებში 16 კომლი ყმა გლეხი ეკუთვნოდა. 1903 წლის გაზეთ "ივერიაში" რაჭის სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურე, მღვდელი სიმონ ჭელიძე წერდა: "იყო დრო, როდესაც მთელს რაჭაში სასულიერო სამსახურის მოსურნე ჭელიშის მონასტერში იღებდა საღმრთო სწავლა-განათლებას. აქ შეხვდებოდით ურიცხვ ხალხს, რომელიც ვარჯიშობდნენ საეკლესიო გალობაში და საღმრთო წერილის კითხვაში. ამ მონასტერში ნასწავლნი დღესაც მსახურებენ რაჭის ეკლესიებში და ატკბობენ მსმენელის ყურს საღმრთო წერილის მშვენიერის კითხვითა.
მაგრამ გავიდა დრო და ამ მონასტერს მოაკლდა მოსწავლეთა რიცხვი. სემინარიელთა რაოდენობამ იმატა და მონასტერში სწავლამიღებულნი ვეღარ შოულობენ სასურველს ადგილს. ამისათვის მონასტრის ცხოვრება შეჩერდა, აღარ არის ის მოძრაობა, რასაც ადრე ვხედავდით.
აი, ამ გარემოებას მიაქცია ყურადღება აწინდელმა ჭელიშის მონასტრის წინამძღვარმა, დიდად პატივცემულმა არქიმანდრიტმა ამბროსიმ და სურს, ისევ განაცხოველოს მონასტრის ცხოვრება.
ახლანდელნი სემინარიელნი ძლიერ სუსტობენ ქართულ წირვა-ლოცვაში, ამის მიზეზი ყველასათვის აშკარაა. ამისათვის მამა ამბროსის აზრადა აქვს, ყოვლად სამღვდელო იმერეთის ეპისკოპოსის, ლეონიდის ნებართვით, ის სემინარიელნი, რომლებიც სამღვდელოდ ემზადებიან, უთუოდ ვარჯიშობდნენ საღმრთო წერილის კითხვაში ამ მონასტრის ზღუდეთა შორის. აზრი ყოვლად პატიოსანია და ახლო მომავალში, იმედია, განხორციელდება".
ჭელიშის მონასტრის უკანასკნელ ბერს, ლევანტი მეტრეველს 1937 წლამდე უცხოვრია უდაბნოში. ჩვენთვის ცნობილია ჭელიშის მონასტრის 17 წინამძღვარი: არქიმანდრიტი დანიელი, არქიმანდრიტი სვიმეონი (წულუკიძე), არქიმანდრიტი იოანე (იოსელიანი), არქიმანდრიტი ნიკოლოზი (ნიჟარაძე), არქიმანდრიტი ონიფანტი (ნადირაძე), იღუმენი იოსები (ბაქრაძე), არქიმანდრიტი მაკარი (იაშვილი), არქიმანდრიტი ნიკიფორე (კანდელაკი), არქიმანდრიტი დანიელი (ახვლედიანი), არქიმანდრიტი ამბროსი (ხელაია), არქიმანდრიტი გრიგოლი (ჩხაიძე), არქიმანდრიტი კლიმენტი (ჩიქოვანი), იღუმენი პავლე (ჯაფარიძე), არქიმანდრიტი მაკარი, იღუმენი იოანე (შანიძე), მღვდელმონაზონი დომენტი, არქიმანდრიტი ლავრენტი (მეტრეველი).
ამ ბოლო დროს ნიკორწმინდელი მთავარეპისკოპოსის, ელისეს (ჯოხაძე) ლოცვა-კურთხევითა და ძალისხმევით გამოცოცხლება დაეტყო მონასტერს. შეკეთდა სამრეკლო, სადაც პერიოდულად აღევლინება ღვთისმსახურება.
ნიკორწმინდა
ეს სოფელი რაჭაში ერთ-ერთი მადლიანი ადგილია. ნიკორწმინდიდან მიდის ჭელიშის მონასტრისკენ გზა. სოფლის ცენტრში დგას ნიკორწმინდის დიდებული ტაძარი. ეკლესიის მშენებლობა XI საუკუნის დასაწყისში დაუსრულებიათ. ტაძრის კედელზე ამოკვეთილია ასომთავრული წარწერა: "ქრისტე, ძეო, ღმრთისაო, ადიდე სიმრთელით და დღეგრძელობით შენ მიერ გვირგვინოსანი ბაგრატ აფხაზთა და რანთა მეფე, და ქართველთა კურაპალატი. და გაზარდე ძე მათი გიორგი ნებასა შინა შენსა მეოხებითა წმიდისა მღვდელთმოძღუარისა ნიკოლოზისაითა".ისტორიული წყაროების მიხედვით, რაჭის ერისთავები მწიგნობრულ-საგანმანათლებლო საქმიანობას მისდევდნენ. შოშიტა მესამის დაკვეთით გადაუწერიათ "გულანი", როსტომ ერისთავის ბრძანებით გადაწერილია "სამართლის წიგნები", "ქილილა და დამანა", "კარაბადინი".
აღმოსავლეთ საქართველოდან დევნილი კახთა მეფე თეიმურაზ I იმერეთს აფარებდა თავს. იგი რაჭის ხშირი სტუმარიც ყოფილა. მას რაჭაში დაუწერია "შედარება გაზაფხულისა და შემოდგომისა", "შამიფარვანიანი". რაჭას ხშირად სტუმრობდა არჩილ მეფეც.
თედო ჟორდანიას ნიკორწმინდის საბუთთა შორის უპოვია ტყავის გრაგნილზე (ეტრატი) ხუცურით დაწერილი ერისთავთ ერისთავ რატის ძის კირილეს სიგელი. სიგელიდან ჩანს, რომ იმ დროისთვის ნიკორწმინდას მდიდარი მეურნეობა ჰქონდა. თითოეულ მათგანში ცალკე სასახლე იყო აგებული.
1919 წელს, რაჭაში ყოფნის დროს, ექვთიმე თაყაიშვილს ნიკორწმინდაში უპოვია "სულთა მატიანის" ერთი თაბახი - მოხსენიებანი საქართველოს მეფეთა და კათალიკოსთა. იგი სამ ნაწილად იყოფა. პირველია დავითნი. სულ შვიდი რვეული. გადაწერილია ზოსიმე კარგარეთელის მიერ გიორგი მეორის იმერეთში მეფობის დროს. გადამწერლად მოხსენიებულია აგრეთვე იოაკიმე ჭუმბურისძე. მეორე ნაწილი დაწერილია სხვა ხელით და სხვა ქაღალდზე, მაგრამ ასევე მეფე გიორგი მეორის დროს და მოიცავს სხვადასხვა ისტორიულ მინაწერს. ხელნაწერის მესამე ნაწილიც სხვა ხელითაა დაწერილი, მაგრამ გადაწერილია ისევ გიორგი მეორის მეფობისას. შეიცავს საგალობლებს. ამ ნაწილში მოხსენიებულია მანოელ ჩხეტიძე, რომელიც იმერეთის მეფეს, ბაგრატ მესამეს ხონელ ეპისკოპოსად დაუნიშნავს, ხოლო 1534 წელს დაუდგენია ნიკორწმინდელად და XVI საუკუნის მეორე ნახევარში ის მაწყვერელი გამხდარა.
ნიკორწმინდის ხელნაწერში, საქართველოს მეფეებთან ერთად, მოხსენიებულნი არიან მღვდელმთავრები: იოანე, სამოელი, შიო, ევლალი, პეტრე, მელქისედეკი (სვეტიცხოვლის მეორედ აღმშენებელ-განმაახლებელი), ოქროპირი (იოანე ოქროპირი), გიორგი (გიორგი ტაოელი), გაბრიელ საფარელი, პეტრე, ევსტატი, გიორგი, დიმიტრი, ბასილი, იოანე, სვიმეონი, მელქისედეკ ძე მეფისა, საბა, არსენი გულაბერიძე, მიქაელ მირიანის ძე.
***
ნიკორწმინდა გამოირჩევა მოსახლეობის სიმრავლით. თუმცა, აქაურებიც უჩივიან ყოფით პრობლემებს. ახალგაზრდებს ქალაქისკენ მიუწევთ გული. რაჭაში მიგრაციის მიზეზებზე ილია ჭავჭავაძე წერდა: "ჩვენს ცხოვრებაში ამ ბოლო ხანებში თავი იჩინა ერთმა მოვლენამ, რომელსაც ჯერ ფართო გზა არ გახსნია და ამის გამო ჯერ ყურადღება საზოგადოებისა და მთავრობისა არ მიუქცევია. ჩვენ ვამბობთ მამა-პაპის ადგილიდამ აყრაზედ და სხვაგან გახიზვნაზედ. უმთავრესი მიზეზი ამისთანა მოვლენისა ყველგან ერთი და იგივე ყოფილა - გამრავლება ხალხისა და ვიწროობა ადგილ-მამულისა. ამ მოვლენამ ყველაზედ უწინ თუ არა, ყველაზედ შესამჩნევად მაინც თავი იჩინა რაჭაში. პირველი შემთხვევა გადასახლებისა მოხდა 1879 წელს. ამ წელიწადს აყრილა და გადასულა ალაგირში მარტო ერთი კაცი ონიდამ, მერე 1880 წლამდე ეს აყრა და გადასახლება გახშირდა. თუ ეს სამუდამო მიზეზი არ მოისპო, გადასახლება რაჭიდამ იმ ზომამდე მიაღწევს, რომ ბოლოს დიდი საზრუნავი საგანი შეიქნება მთავრობისა და საზოგადოებისათვის".***
ნიკორწმინდაში ახალგაზრდების სიმრავლე განსაკუთრებით ზაფხულობით შეიმჩნევა. ნიკოლოზ ჯმუხაძე ყოველ წელს ჩადის სოფელში, უყვარს ნიკორწმინდა და შთაბეჭდილებები "კარიბჭესაც" გაუზიარა. "უამრავი ისტორიული ფაქტი თუ შემთხვევა უკავშირდება ჩვენს სოფელს. ნიკორწმინდიდან უნიკალურ ჭელიშის მონასტრამდე გზა ბზის ტყეს გაივლის. ამ ბილიკს მისდევს მდინარე, რომელიც შაორის წყალსაცავს უერთდება. მონასტრისკენ მიმავალი დიდ ძალასაც გრძნობ და დიდ წუხილსაც. ენით გამოუთქმელ სილამაზეს რომ ხედავ, გიხარია, ხოლო გაწუხებს ის, რომ თვალწინ დანგრეული ტაძარი გადაგეშლება. კედლებზე ჯერ კიდევ შემორჩენილა წმინდა ფრესკები. მათი სახეები დღესაც ძველებურად ხასხასაა. ტაძართან ამოჩქეფს წყარო, წმინდა, კამკამა. გადმოცემით, ეს წყალი ნაკურთხია ბერებისაგან და ერთ-ერთ სიწმინდედ ითვლება".***
ნიკორწმინდის ტაძარს მამა გაბრიელ კობახიძე რამდენიმე წელია წინამძღვრობს. თავადაც ამ კუთხის შვილია და საუკეთესოდ იცის რაჭველი კაცის სულიერი თუ ფიზიკური საწუხარი. ამ კეთილი მწყემსის წყალობით ბევრი დაადგა ქრისტეს გზას. მამა გაბრიელს ვინც კარგად იცნობს, იცის, რამხელა ძალა აქვს მის სიტყვას, ლოცვა-კურთხევას. ქალბატონი თამარ ვაჩაძე დიდი ხანია ნიკორწმინდის ტაძარში მესანთლედ მუშაობს. კარგად ახსოვს ის მოძღვრები, რომლებიც წლების წინ აქ მსახურობდნენ. საუბარი წარსულის მოგონებით დაიწყო.
- ჩვენი ოჯახი მორწმუნე იყო. მამაჩემი ძალიან კეთილი და მშრომელი გახლდათ. ბაბუაც იშვიათი თვისებებით იყო გამორჩეული. ნიკორწმინდის ტაძრის ეზოშია დასაფლავებული. წინათ ნიკორწმინდის ტაძრის ეზო კოლმეურნეობას ეკუთვნოდა - ხნავდნენ და მოსავალი მოჰყავდათ. ერთხანს სათიბადაც იყენებდნენ. თივას კი ტაძრის ერთ-ერთ კედელთან ზვინავდნენ. ბავშვებს ცეცხლი მოუკიდებიათ და კედელს დღესაც ატყვია მისი ნაკვალევი.
ტაძარი 1977 წლამდე უმოქმედო იყო. მცველი ბუტუ შავლაძე უწევდა გიდობას ტაძრის მოსალოცად თუ მოსანახულებლად მოსულ ხალხს. მანამდე ბიძამისი, საბჭოს თავმჯდომარე სიმონ შავლაძე უვლიდა ეკლესიას. ერთ ხანობაზე მამა ივლიანეს ქალიშვილი პატრონობდა აქაურობას.
ეკლესიური ცხოვრება მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დავიწყე. ტაძარში სულიერად ვისვენებ და ვმშვიდდები. ამის მადლით ვცოცხლობ.
ვცდილობ, დავეხმარო მლოცველებს, გავაცნო ტაძრის წარსული. დიდი სურვილი მაქვს, ყველამ გაიგოს ჩვენი ეკლესიის, წმინდა ადგილების შესახებ. რწმენა თუ არ გვაქვს, ვერც სიყვარულს შეიძენ და ნუგეშსაც ვერ მიიღებ. უფალს ვთხოვ, გადაგვირჩინოს საქართველო...
მეუფე ელისეს ლოცვა-კურთხევით, სულიერი ცხოვრება წინ მიდის.
ჩვენი მამა გაბრიელი ნამეტანი კეთილი და კარგი ადამიანია. მისი შემყურე, ნიკორწმინდის ტაძარს მრევლი მოემატა. მამა გაბრიელი გვმოძღვრავს, გვარიგებს - ღვთის რწმენით უნდა ვიცხოვროთო. ის რამდენიმე ტაძარში მსახურობს. ჭელიშის მონასტერიც აბარია. მრევლთან ერთად დიდი სიხარულით აღინიშნება ღვთისმშობლობა ჭელიშის ტაძარში. ძალიან გამიხარდება, თუ მონასტერი ამოქმედდება.
- გახსოვთ მონასტერში მოღვაწე უკანასკნელი მოძღვარი?
- იმ ბერს ლავრენტი ერქვა, მომცრო ტანის გახლდათ. იმდენად დიდბუნებოვანი იყო, რომ ყველას უყვარდა. მოსალოცად რომ დავყავდი დედას, მოგვეფერებოდა და დაგვლოცავდა ხოლმე. ჩემს მეხსიერებაში ტაძარი არ იყო დანგრეული. ფრესკებიც საუკეთესოდ ჰქონდა შემონახული. მამა ლავრენტის მონასტრის შემოგარენი ლამაზად ჰქონდა მოწყობილი. კომუნისტურმა რეჟიმმა მამა ლავრენტის და ჭელიშის მონასტერს კარგი დღე არ მოუტანა. ბერი გამოდევნეს მონასტრიდან. მერე რა ბედი ეწია, არაფერი ვიცი. ფუნქციადაკარგული მონასტერი საფუტკრედ აქციეს.
- თავად სოფელ ნიკორწმინდაზე რა გახსენდებათ?
- სამამულო ომის დროს სოფელში 500 კომლი ცხოვრობდა. მერე თანდათან ქალაქისკენ წავიდა ახალგაზრდობა. ჩვენს რაიონში, ჭრებალოს შემდეგ, ნიკორწმინდა ყველაზე დიდი სოფელია. განსაკუთრებით ხალხმრავლობაა ზაფხულში. ტაძარში მრევლის ტევა არ არის. ზამთარში ძირითადად ჩვენი სოფლის ხალხი ესწრება ღვთისმსახურებას. ახალგაზრდობა აღარავინ ჩერდება სოფელში. მხოლოდ ასაკოვნებიღა შემოვრჩით აქაურობას.
ძირითადად მოსავლით გაგვაქვს თავი. ვინც მშრომელია, ლუკმაპური არ უჭირს. ჩვენს სოფელში ცხოვრობენ ჯმუხაძეები, ვაჩაძეები, გეგეშიძეები, გურგენიძეები, დონაძეები, წულუკიძეები, დვალები, ბაქრაძეები... გვარების მიხედვითაა უბნები დაყოფილი. სოფელში რამდენიმე წყარო გვაქვს - დვალიკარი, გურგენიძეების, მტრედის, კანდელაკების... ასეთია ჩვენი სოფელი.
უყეში
ეს არც ისე პატარა სოფელი ტყითაა გარემოცული. ამ სოფლიდან ხელისგულივით მოჩანს შაორის ლამაზი ბუნება. უყეში აგარისა და თლუღის შუაშია მოქცეული. გზა ოდნავ შემაღლებულია. იქვე დიდი, ტრიალი მინდორია, სადაც რამდენიმე სოფლის ახალგაზრდები თავშესაქცევად იკრიბებიან. ეცნობიან ერთმანეთს, ოჯახდებიან...ჩვენს წინაპრებს რაჭის თითქმის ყველა სოფელში ეკლესია ჰქონდათ აგებული. ამ მხრივ არც სოფელი უყეში ყოფილა გამონაკლისი. შემორჩენილია ღვთისმშობლის სახელზე აგებული მცირე ზომის საყდრის ნანგრევები. აქაურებს წმინდა ხატები და სანთლები შიგ დაუბრძანებიათ და დღესასწაულებზე სალოცავად მიდიან. ღვთისმშობელი მფარველობს ჩვენს სოფელსო, - ამბობენ აქაურები. უყეშში ჟორა ბიბილაშვილის ოჯახს ვესტუმრე. მისგან გავიგე, რომ სოფლის სახელი უყი ადგილიდან მოდის, რადგან სოფლის გაშენებამდე აქაურობა უყი, დაუსახლებელი ყოფილა.
- უყეშში შრომისმოყვარე ხალხი ცხოვრობს. რადგან ღარიბი სოფელია, მოსახლეობის უმრავლესობა ქალაქში წავიდა საცხოვრებლად. უმუშევრობამ და უსაქმურობამ აიძულა კარ-მიდამოს დატოვება, - მიამბობს ჟორა ბიძია, - დავრჩით პენსიონერები. მათი შვილებიც კი მშობლების პენსიაზე ცხოვრობენ.
ჩვენი ტაძარი ძველისძველია, მისგან მხოლოდ ყორეებია შემორჩენილი. სამწუხაროდ, პატრონი არავინ გამოუჩნდა.
- სოფელში სკოლა არ გვაქვს და ბავშვები მეზობელ, ჭელიაღელის სკოლაში დადიან. ზამთარში ძალიან ჭირს სიარული, - შემოგვიერთდა ბიბილაშვილების რძალი ხათუნა ვაჩაძე, - ჩვენი სოფლიდან მხოლოდ ხუთი ბავშვი დადის იმ სკოლაში. ახალგაზრდები ვერაფერს ვაკეთებთ. სოფელს მეტი ყურადღება სჭირდება, თორემ მთლიანად დაიცლება. დაპირება კარგია, საქმეს კი არავინ გვიკეთებს - ღვთის ანაბარა ვართ დარჩენილები.
ტაძრის დღესასწაულს მთელი სოფელი ეკლესიის ნანგრევებთან აღვნიშნავთ. გიორგობას კი აგარის წმინდა გიორგის ტაძარში მივდივართ. მამა გაბრიელის წყალობით დავადექით ღვთის გზას. მადლობა ღმერთს, რომ ასეთი მოძღვარი გვარგუნა. მომავლის რწმენას გვაძლევს და ამით ცხოვრება გვიადვილება.
სოფელ უყეშის შესახებ ბატონმა გიორგი გოგილიძემ ბევრი რამ მიამბო:
- საკმაოდ დიდი ხნისაა ჩვენი სოფელი - ამაზე უძველესი ტაძრის არსებობაც მეტყველებს. ღვთისმშობლის ტაძარი, რომელსაც გორის კარსაც ვეძახით, VII-VIII საუკუნეებს მიეკუთვნება.
ივანე ჯავახიშვილის მიერ შედგენილი საქართველოს ისტორიის რუკაზე აღნიშნულია VII-VIII საუკუნეების რაჭა, სადაც დატანილია გორის კარის ტაძარი, სახელი კი აწერია - უკესი. ჩანს, სარედაქციო შეცდომაა.
უყეშში ცხოვრობენ გოგილიძეები, დონაძეები, ბიბილაშვილები, ჭელიძეები, მესხები. ჩემი გვარი ზემო რაჭიდან გადმოსახლებულა - ბატონთან მოსვლიათ უთანხმოება. ორი ძმა უყეშში დასახებულა, მესამე - ლეჩხუმში, სოფელ მექვენაში. მექვენაში ამ გვარის ხალხი გოგელიძეებად არიან ცნობილნი. უყეში თავად წულუკიძისა იყო. ბატონის ხალხი ყოფილან დონაძეები, გოგილიძეები - სამღვდელონი. დედა მესხი ქალი მყავდა. მისი წინაპრებიც სასულიერო პირები იყვნენ. 1937 წელს, როგორც ყველა სასულიერო პირი, ჩვენი წინაპრებიც გადაასახლეს. დედაჩემის მამა, პეტრე მესხი დიაკვანი გახლდათ. სოფელ კორტში კვირიკეწმინდაში მსახურობდა. მამა პეტრე ძალიან სამართლიანი და კეთილშობილი ადამიანი ყოფილა. წინაპრების მადლს შთამომავლები დღესაც ვგრძნობთ.
უყეშში ბევრი საინტერესო ტოპონიმია შემორჩენილი - კაურის ყანები, მერე მოდის ბუნტაური, გოგილაური, გოგილაველე, სამზიარი, ლაკვა, სამჩხიკვია. სახელები თავად ამ ადგილების პატრონებიდან მოდის. მერე იწყება - მალონახო, ბესოახო, გიორგიახო (ახო მონიშნულ ადგილს ნიშნავს). ნაქერალადან დაწყებული ხიხამთამდე სულ ასეა დაყოფილი ადგილები. კარგი იქნება, თუ მომავალი თაობა შეინარჩუნებს და არ დაივიწყებს თითოეული ადგილის დასახელებას.
უყეშში ძირითადად საუკეთესო ხელოსნები, დურგლები და ქვის მოხელეები ვცხოვრობთ. მართლაც ნაღდი რაჭველები ვართ. ძალიან მინდა, რომ სოფელი არ დაიცალოს - ახალგაზრდებს სამუშაო ჰქონდეთ. უყეში მისატოვებელი სოფელი არ არის. სამამულო ომის დროს არ მიუტოვებიათ მიწები და ამუშავებდნენ. რა, მაშინ არ იყო გაჭირვება? ხორბალი მოჰყავდათ რაჭველებს და ჭიათურიდან გადმოსულ გლეხებსაც კი არჩენდა ეს მიწა.
აქვე გვაქვს დიდი მინდორი - ნაკადლევა. მას ხატიმინდორას და ღელიეთსაც ეძახიან. ახლომახლო სოფლების ახალგაზრდების თავშესაყარია ახლა, წინათ კი ვარლამ ქოქოსაძის წინაპარს ეკუთვნოდა.
ძალიან გვიყვარს ჩვენი სოფელი უყეში. მინდა უკეთესი გახდეს. გლეხი ნაფუძარს თუ დაუბრუნდება, სოფელი სახეს დაიბრუნებს.