ვახუშტი ბატონიშვილი თავის საქართველოს სამეფოს აღწერაში დაწვრილებით ახასიათებს თეთრი წყაროს რაიონის ადგილებს. აქედან ჩანს, რომ წარსულში ეს ადგილები მჭიდროდ დასახლებული და მდიდარი კუთხე იყო. ამას ადასტურებს უხვად შემონახული ისტორიული ძეგლები და უამრავი ნასოფლარი.
ვახუშტის აღწერაში ვკითხულობთ: "მის ქუემოთ არს დაბა ქცია მდინარის ქციის პირას. აქ არს მონასტერი კეთილი და აწ ხუცის სამარად.
ქუემორ მის არს მონასტერი ფიტარეთს, ზის წინამძღუარი... მის ქუემოთ არს ციხე ბერიქალისა. ამ ხევზე სამღერეთს ზევით არს მონასტერი მცირე აწ ხუცის სამარს. მას ქუემორ მონასტერი ქციის ხრამსა შინა პირღებულს, კლდე გამოკვეთილი, დიდითა შენობითა და ყოვლით შემკული. ზის არქიმანდრიტი. იტყვიან თამარ მეფის ქმნულსა.
მის ქუემორ არს ციხე ორბეთი, აწ წოდებული სამშვილდე. აღაშენა ქართლს და პირველმან მეფემან ფარნაოზ ჰყო საერისთაოდ და ქალაქი".
ვახუშტი აღწერს მდინარე ალგეთს, მის შენაკადებს, ხეობებსა და მათთან დაკავშირებულ ადგილებს.
"ხოლო კლდე-კარი აღაშენა ლიპარიტ ბაღუაშმან და არს მაღალს მთის კლდესა ზედა ციხე. ამ მთას გამოსდის ალგეთი. ამას ქუეით ერთვის ალგეთს მჟავისხევი, ამათ უწოდებენ კლდეკარის სოფლებად. ამას ქუეით არს მანგლისი, ეკლესია გუმბათიანი, აღაშენა დიდმან კონსტანტინემ მირიან მეფის ჟამს და დაასუენა აქა ფერხის ფიცარი უფლისა; სამხრეთ გუმბათს შინა მაჰმად, ლომსა ზედა მჯდომარე დახატული. იტყვიან, მის გამო მოჰმადიანთა არა შეუმუსრავთ. ზის დასმული გორგასლისგან ეპისკოპოზი, მწყემსი ალგეთის ხეობისა და ქციის ზემოთისა თრიალეთამდე. მანგლისს ქვეით ერთვის ალგეთს ხევი კველთეთისა. ამის ქუეით არს გუდარეხის ხევი. ხოლო გუდარეხს არს მონასტერი უგუმბათო, ბენდერის მთის ძირს.
ჩხიკუთის სამხრეთით არს ეკლესია სამება, წმინდა გიორგისა.
ფარცხის ქუეით ერთვის ალგეთს ხევი ბოგვისა, გამოსდის სხალნარს, მას ქუეით ერთვის ალგეთს ხევი ასურეთისა, გამოსდის სამადლოს. კიკეთს ქუეით არს მონასტერი კაბენისა, ყოფილი არს დედათა გუმბათიანი, აღაშენა მეფემან თამარ".
მტრებისგან გაჩანაგებულ მხარეში ხალხის ჩამოსახლების შედეგად წარმოიშვა ახალი სოფლები, მაგალითად, ზემო და ქვემო ახკალაფა, ნავთიანი, პატარა კლდეისი, ზემო ახალშენი, ირაგა, ალექსეევკა, ივანოვკა, ახალი მარაბდა. გახიზნული მოსახლეობის ნაწილმა თავიანთ ნასოფლარებში დაიწყეს დაბრუნება. სოფლებში: შამთაში, ღვევში, ვანათში, დრეში, წვერში, წურილეთში, ზირბითში, ორბეთში ძირითადად ფშავ-ხევსურეთიდან და გუდამაყრიდან გადმოსახლებულები და თითო-ოროლა ქართლის სოფლებიდან გადმოსული ოჯახები დასახლდნენ. ორბეთში კი მათთან ერთად ბინადრობდნენ XIX საუკუნეში ჩამოსახლებული რუსები. აქ მცხოვრები წიკლაურები და ბექაურები გუდამაყრის სოფელ მაქართიდან არიან მოსულნი და პირიმზისა და ფუძის ანგელოზის ყმებად აცხადებენ თავს. გიგაურები ბლოდან არიან ჩამოსახლებული, მათი სალოცავი მუხის გიორგია. ისე ყველა ხევსური გუდანის ხატისა და ჯვრის ყმაა. გუდანის ხატსა და ჯვარზე ასე ლოცულობდნენ: "ღმერთო, გაუმარჯვე მარსიანულ მარიხისა, ომიანობისა და ლაშქრობის ძლიერ ღვთაებასა გუდანის ხატსა, ხევსურთა ლაშქრის წინამძღოლსა გუდანის ჯვარსა, მის მარიხულ დროშას ბარაყსა".
ამავე ხეობაში მცხოვრები აფციაურები გუდამაყრიდან გადმოსულებად და სოფელ ცხვადიათის მკვიდრებად თვლიან თავს. ჩოხელები - ჩოხიდან, ხოლო ბურდულები მლეთიდან წამოსულებად ითვლებიან.
საბარათიანო
მთლიანად თეთრიწყარო ერთ დროს საბარათიანოს სათავადოში შედიოდა. მისი პოლიტიკური ცენტრი კი სამშვილდე იყო. ამ მხარის თავადები ბარათაშვილები იყვნენ, ხოლო მათი წინაპრები ქაჩიბაძეები ყოფილან და ქართლში აფხაზეთიდან გადმოსულან. ბეთანიის გუჯარის მიხედვით ბარათაშვილთა წინაპრად ითვლება "ბირიან აბაში", რომელიც თითქოს საქართველოში გადმოსულა იმ დროს, როცა "ქრისტეს აქეთ გასულიყო წელნი შვიდას სამოცდარვანი". ბირიან აბაშის გარდაცვალების შემდეგ მის ჩამომავლებს აბაშიშვილები ეწოდებოდათო. "რამდენი ხანი და ჟამი აბაშიშვილებს გვეძახდნენ. გარდაიცვალა რამდენიმე დრო და ჟამი და დაერქო ქართველ ქაჩიბაძე, რამდენიმე წელიწადი ქართველ ქაჩიბაძე ვიყავით, გარდაიცვალა დრო და ჟამი და დაგვერქვა ბარათიანი. ამ ბარათაშვილობაში ვესახლენით ენაგეთს". ვახუშტი ბატონიშვილს ქაჩიბაძეთა გვარი ძველად მიაჩნია, მაგრამ მის წარმომავლობაზე არაფერს ამბობს შეწირულობის წიგნი, რომლის თანახმად ბარათა ქაჩიბაძეს მცხეთის ტაძრისთვის შეუწირავს სოფელი ყორანთა. ბარათა მოხსენიებულია მოლარედ. მეცნიერთა ვარაუდით, იგი უნდა ყოფილიყო ალექსანდრე პირველის მოხელე, რადგან საბუთი მისი მეფობის დროს უნდა იყოს გაცემული. ბარათაშვილებს, - წერს ვახუშტი ბატონიშვილი, - "უპყრიათ გაჩიანისა და გარდაბანისა საერისთონი ტფილისის სამხრით, ვიდრე ლორე-ფანავრამდე, თვინიერ მეფისა სახასოთა და შეწირულობათა ეკლესიათა". ბარათაშვილებს ეკუთვნოდათ ასობით სოფელი, ჰყავდათ დაახლოებით 300 აზნაური და 2500-3000 კომლი გლეხი. სამფლობელოს ცენტრი იყო სამშვილდე. ციხე-სიმაგრეები და სასახლეები ჰქონდათ დმანისში, დარბასჭალაში, ტბისში, ენაგეთში და სხვაგან. მათი საგვარეულო მონასტრები და სასაფლაო იყო ფიტარეთისა და გუდარეხის მონასტრები, დმანისის ღვთისმშობლისა და სოფელ ქედის ეკლესიები, საბარათიანოს სახლის შვილები სხვადასხვა კუთხეში ისხდნენ და თავიანთი საუფლისწულოები ჰქონდათ. დროთა განმავლობაში ეს საუფლისწულოები ბარათიანთ სახლის გაყრის ნიადაგზე დამოუკიდებელ სათავადოებად იქცნენ.
ცნობილი ადამიანები
ვასილ ბარნოვი
თეთრიწყაროელები დიდი სიამაყით იხსენებენ მათ მიწაზე დაბადებულ მამულიშვილებს. მათ შორის მწერალ ვასილ ბარნოვს. იგი დაიბადა ისტორიულ სოფელ კოდაში. მამამისი ზაქარია მღვდელი იყო. ვასილ ბარნოვის წინაპრები სამცხე-საათაბაგოს სოფელ ბარნავიდან გადმოსულან სოფელ კოდაში. ახალმოშენეთ მშობლიური სოფლის სახელი, ბარნავი გვარად გადაუკეთებიათ და უწოდებიათ ბარნაველები. კოდაში ბარნაველთა რამდენიმე თაობას უცხოვრია. ბავშვობის პირველი წლები ბარნოვმა გაატარა თავისი პაპის - იაკობ მღვდლის ოჯახში. შემდეგ მამამისი ზაქარია გაამწესეს ერწოში, ტოლათსოფელში, რომელიც ხევსურებით არის დასახლებული. ვასილ ბარნოვმა დიდი ლიტერატურული მემკვიდრეობა დაგვიტოვა. ვასილ ბარნოვი
თამარ ვაშლოვნელი
სოფელი ვაშლოვანი თეთრიწყაროს რაიონშია. იგი მდებარეობს გუდელისის ხევის მარჯვენა მხარეს, ერტისის აღმოსავლეთითა და კუმისის დასავლეთით. თამარი დაბადებული უნდა იყოს XVIII საუკუნის მეორე ნახევარში. მისი მშობლები საბატონო გლეხები ყოფილან. გოგონას დედა ადრე გარდაცვლია, მამას მეორე ცოლი შეურთავს. მალე მამაც მომკვდარა. დედინაცვლის ხელში გაწამებული გოგონა ოჯახიდან გაქცეულა და ბატონს შეხიზვნია, მას თამარი გაუყიდია.
გადმოცემით, ვაშლოვნისკენ მიმავალ თამარს ტყეში დათვი შეყრია, გულად ქალს მოუკლავს ნადირი, ოჯახში დაბრუნებულა და მარტო დაუწყია ცხოვრება. სოფელში უმისოდ არაფერი კეთდებოდა. თამარი შეუპოვრად ებრძოდა უსამართლობას. მამაცის სამოსგადაცმული ომშიც მარჯვედ ატრიალებდა ხმალს. თამარ ვაშლოვნელის ამბებს ერეკლე მეფემდე მოუღწევია. პატარა კახს თამარისთვის პატივისცემის ნიშნად ლურჯა უბოძებია.
მანგლისი
ალგეთის ხეობის ცენტრი და ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტი მანგლისი იყო. პროფესორ ზურაბ ჭუმბურიძეს მიაჩნია, რომ "მანგლისი" მიღებულია სიტყვა "მანგალ"-ის ანუ "ნამგალ"-ის შეკუმშული ფორმიდან. შემდეგში "მ" და "ნ" ბგერები გადაადგილებულა და მივიღეთ "ნამგალი". ნიკო ბერძენიშვილს მიაჩნია, რომ თავიდან იყო "ალგ" ტომი, აქედან, ერთი მხრივ, მივიღეთ ალგეთი, მეორე მხრივ - "ალგისი", "მანგლისი". ალგეთი დარჩა ხეობის, ხოლო მანგლისი - პუნქტის სახელად. მანგლისის ქვემოთ, მდინარე ალგეთს მარჯვნიდან ერთვის გზის წყალი. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ამ მდინარეს ლაკვის წყალი ჰქვია. აქვე ყოფილა სოფელი ლაკვა, სადაც ერთი საწისქვილო წყალი სდისო. ზემოთ მთაზე კი მდებარეობს ისტორიულად ცნობილი მარიამჯვარი, რომელსაც რუსები "კამენნაია ნევესტას", ხოლო ქართველები - "მამიდას ქვას" ეძახდნენ. მის თაყვანსაცემად მოდიოდნენ არა მარტო ქართლიდან, არამედ სომხეთიდანაც. მანგლისი საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების ერთ-ერთი უძველესი კერა იყო. ლეონტი მროველის ცნობით, IV ს.-ის I ნახევარში მანგლისი ქალაქია, ხოლო VI საუკუნეში თბილისთან, უჯარმასთან, ბოლნისთან, რუსთავთან ერთად მნიშვნელოვან ქალაქად ითვლებოდა.
როდესაც მეფე მირიანმა ქრისტიანობა მიიღო და კონსტანტინე კეისარმა მისი თხოვნით ეპისკოპოსის ხელით გამოუგზავნა "ნაწილი ძელისა ცხოვრებისა და ფიცარნი იგი, რომელთა ზედა ფერხნი დამსჭვალულ იყვნენ უფლისანი" და "სამსჭვალნი" და აგრეთვე "განძი დიდძალი". მან მცხეთაში მოსვლამდე გზაზე ერუშეთს და წუნდას დატოვა რელიკვიების ნაწილი და განძი ეკლესიების ასაშენებლად, იქიდან "მოვიდა მანგლისს და იწყო ეკლესიების შენება", "დაუტევნა ფიცარნი იგი უფლისანი". ლეონტი მროველისავე ცნობით, V საუკუნეში ვახტანგ გორგასლის მიერ დაარსებულ 12 საეპისკოპოსოს შორის მანგლისი რიგით მეოთხეა. აქაური ეპისკოპოსი დვინის საეკლესიო კრების მონაწილეა.
მანგლისის სიონის ახლანდელი გალავანი 1667 წელს აუგია არსენ ეპისკოპოსს, რასაც გალავნის კარებთან მოთავსებული მხედრული წარწერა გვამცნობს.
სამრეკლო XIX საუკუნის 50-იან წლებში ძეგლის შეკეთების დროს აუგიათ. გიორგი I-ის დროს მანგლისის ტაძარი, რომელიც თავიდან ჯვრის სახელზე იყო აგებული, ღვთისმშობლის სახელზე უკურთხებიათ. თუმცა ამ ძველ სახელსაც არ ივიწყებენ. "წიგნი და სიგელი მოგართვით თქუენ, პატიოსანსა და ყოვლად სანატრელსა მანგლისის ღვთისმშობელსა და ძელსა ცხოველსმყოფელსა", - ასე მიმართავს იესე მეფე 1715 წლის სიგელში მანგლისის ტაძარს.
გალავნის კედლის წარწერა გვამცნობს, რომ გალავანი და ტაძარი შეუკეთებია მანგლელ ეპისკოპოსს არსენს.
მანგლისის ღვთისმშობლის ტაძარი მანგლისისა და წალკის ეპარქიის საკათედრო ტაძარი გახლავთ. ამჟამად ეპარქია მანგლისის ძველი სამღვდელმთავრო სამწყსოსთან ერთად წალკის კათედრის ტერიტორიასაც აერთიანებს. ვახუშტის ცნობით, მდინარე ქციის კიდეზე "არის ეკლესია გუმბათოვანი წალკას, დიდი, კეთილნაშენი, ზის ეპისკოპოსი, მწყემსი თრიალეთისა". ეპარქიაში ბევრ თავდადებულ და გამოჩენილ პიროვნებას უღვაწია. მრავალთაგან დიდგორის ომის - "ძლევაი საკვირველის" გმირთა გახსენებაც კმარა. ასევე თეოდორე მღვდლისა, რომელიც "არა იქმნა განმცემელი მეფისა და ქვეყანისა. ამისთვის მოჰკუეთეს თავი და შეირაცხა წმინდანთა მოწამეთა თანა". საქართველოს ეკლესიის წმინდანია XVIII საუკუნის მოღვაწე მანგლელი მღვდელმთავარი იოანე.
1917 წელს აღდგა უძველესი სამღვდელმთავრო კათედრა. 1992 წლიდან მანგლისისა და წალკის ეპარქიის მღვდელმთავარია მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე).
მანგლისი დღეს
მეუფე ანანიას ლოცვა-კურთხევით და მანგლისის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის დეკანოზის მამა გიორგი მალხაზიშვილის დახმარებით, მანგლისი მოვილოცე. მამა გიორგის ლამაზ ოჯახს ორი დღით ვსტუმრობდი. პატარა დემეტრემ და თევდორემ სტუმრის მოსვლით გაიხარეს. ღვთის და მოყვასის სიყვარულს მამა გიორგი და მისი მეუღლე შვილებს თავიდანვე უნერგავენ. დილა-საღამოს ლოცვების დროს ოჯახის ყველა წევრი მამის გარშემო იკრიბება და ერთობით ადიდებს უფალს. მამა გიორგის "კარიბჭესთან" საუბარი ვთხოვე:
- მანგლისამდე სოფელი კვესეთია, - მიამბობს მამა გიორგი, - იქ ღვთისმშობლის სახელობის VII საუკუნის უძველესი ტაძარია. შემდეგ მოდის სოფლები - პანტიანი, სადაც წვერის წმინდა გიორგის უძველესი სალოცავია აღმართული. ეს ტაძარი აუშენებია უშვილო ცოლ-ქმარს უფლის სადიდებლად. სოფელ ორბეთში დგას ღვთისმშობლის საფარველის გუმბათიანი ტაძარი. სოფელ ღოლოვანში წმინდა გიორგის ეკლესიაა. არის სოფლები: დრე, ღვევი, ვანათი, მამთა, სადაც წმინდა ბარბარეს ულამაზესი ეკლესიაა. დიდგორის ველთან აღმართულია წმინდა დავით აღმაშენებლის ეკლესია. იქვე, სოფელ მოხისში არის სამების სახელობის უძველესი ტაძარი, თავისი საძვალეებით. ამას მოსდევს სოფელი თონეთი. აქ წმინდა გიორგის და ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრებია. ორივე ტაძარი ახალი აღდგენილია. თონეთის გარშემო კიდევ მრავალი სალოცავია. თონეთი ახალი სოფელია. ძველი მოსახლეობისგან აქაურობა ლეკიანობის გამო დაიცალა. ძირითადად ასპინძიდან და მესხეთიდან ჩამოსახლებულები მკვიდრობენ. თონეთში მასწავლებლობდა ვაჟა-ფშაველა. აქ დღესაც დგას მაშინდელი სკოლის შენობა. მანგლისში ძირითადი გვარი წიკლაურია.
XIX საუკუნეში მანგლისში რუსის ჯარი იდგა. რუსული სახელწოდებები დღემდე შემორჩა აქაურობას.
კომუნისტების მოსვლამდე მანგლისის ტაძარში თურმე წირავდა მღვდელი იოანე ჩიტაძე. ის ყოფილა კეთილმოწესე და გარშემო მდებარე სოფლის ეკლესიებსაც პატრონობდა. მოხუცები დღესაც თბილად იხსენებენ მამა იოანეს. ფუტკარი ჰყავდა და ბავშვებს თაფლით გვიმასპინძლდებოდაო. შემდეგ ბოლშევიკებს გადაუკარგავთ...
რუსები რომ შემოსულან მანგლისში, აქაურობა ისე ყოფილა ტყით დაბურული, თურმე ტაძარი არ ჩანდა. მათ შეუკეთებიათ. 1858 წელს პირველად უწირავთ კიდეც.
მას შემდეგ 150 წელი გავიდა. ეკლესიის რუსული კანკელი ახლახან ქვის კანკელით შეიცვალა, ტაძარი მოიხატა კიდეც. მეუფე ანანიას მობრძანების შემდეგ სასულიერო ცხოვრება გამოცოცხლდა. მომრავლდნენ მოძღვრები. თეთრწყაროშიც არის მოძღვარი, ასურეთშიც, კოდაშიც, მარაბდაშიც განახლდა წირვა-ლოცვა, სოფელ ჭივჭავშიც მოქმედი ეკლესიაა.
- მამა გიორგი, როგორი იყო თქვენს მოსვლამდე მანგლისში სასულიერო ცხოვრება?
- ჩემს მოსვლამდე მანგლისში მამა იოანე აღასრულებდა ღვთისმსახურებას. მეუფე ანანიას და ჩემი მოძღვრის მამა ზაქარია ძინძიბაძის ლოცვა-კურთხევით, 1995 წლიდან მე ვწირავ.
ვიდრე მოძღვარი გავხდებოდი, სიცარიელეს ვგრძნობდი. საზრდელის და გასართობის გარდა ადამიანს სულიერი საზრდოც სჭირდება. თავიდან ამას ვერ ხვდები და მუდამ ძიებაში ხარ.
ეროვნულ მოძრაობაშიც ვმონაწილეობდი. თავყრილობებზე მოდიოდა სასულიერო აკადემიის სტუდენტი და გვიქადაგებდა ღვთის სიტყვას. გვასწავლა გალობა - "ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩვენ". მას მერე დავუახლოვდი ეკლესიას. პირველად ქაშვეთის ეკლესიაში ვნახე შემოსილი მღვდელი. თავიდან არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. პირველი აღსარება მამა ელიზბარს ჩავაბარე. რომ მეგონა, უცოდველი ვიყავი, თურმე ბევრ ცოდვას ჩავდიოდი.
ასე დავიწყე ეკლესიიური ცხოვრება. დავუახლოვდი მრევლის წევრებს, მათ შორის ზაქარიას, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა. ერთად დავდიოდით წმინდა ადგილების მოსალოცად. გავიცანით მამა გაბრიელი (ურგებაძე). საოცარი ადამიანი იყო მამა გაბრიელი... შავნაბადობის დღესასწაულზე მამა გაბრიელი ორ მონაზონთან ერთად მობრძანდა. თან მოიტანეს ცხვრის ხორცი, ჭყინტი სიმინდი. მამა გაბრიელმა ახალგაზრდებს გვითხრა, - მოხარშეთ და სუფრაზე მოიტანეთო. დავიწყეთ თითქოს კურთხევის შესრულება, მაგრამ საოცარი რამ დაგვემართა - სიმინდი იქვე მყოფ ბავშვებს დავურიგეთ. ეს რომ გაიგო მამა გაბრიელმა, სასტიკად დაგვტუქსა. დაჩოქილმა ვთხოვე პატიება. თავი რომ აღარ დავანებე, დიდი სიყვარულით მითხრა, - შვილო, გახსოვდეს, მთავარი მორჩილებააო. წამომაყენა და გადამკოცნა.
ერთხელ სამთავროში ვესტუმრეთ. სუფრასთან იჯდა. მე და ჩემი სულიერი ძმა ზაქარია რომ დაგვინახა, შემოგვძახა, - მშიერს მკლავენო. არადა სუფრა სავსე იყო. მიგვიპატიჟა და დაილოცა - ღმერთს დიდება და ჩვენ მშვიდობაო და დაუმატა, - აბა, ახლა ვინც არ დალიოსო... რა გზა გვქონდა - დავცალეთ სადღეგრძელო. თვითონ წვეთიც არ დაულევია. ჯილდო მიიღოსო, - თქვა და ჭიქა დადგა. ისე იქცეოდა, თითქოს დიდად ნასვამი იყო.
ჯვრისწერის შემდეგ მამა გაბრიელთან მივედი. კარწინ იჯდა. სიყვარულით დაგვლოცა. როგორც დედამიწაზე იყო დიდი მლოცველი ჩვენი ერისთვის, ასეთივეა ცათა შინა.
ძალიან მძიმეა მოძღვრის ჯვარი. საკუთარ სულზეც უნდა იზრუნო და მრევლზეც პასუხს აგებ, იმათზეც კი, ვინც შენს ეპარქიაშია, თუმცა ეკლესიაში არ დადის. ვალდებული ხარ, მათ ღვთის სიტყვა შეასმინო და ცხონების გზა ასწავლო.
რამდენიმე სოფელში მიწევს წირვის ჩატარება - ალგეთში, თიანეთში, მოხისში, პანტიანში, ორბეთში, ახალსოფელში, ზირბითში, ოხნარში. მეუფის ლოცვა-კურთხევით, წალკის რაიონში ავდიოდი აჭარლებით დასახლებულ სოფელ ნეოხარებაში. ვწირავდი ბეშთაშენში.
მანგლისში ძირითადად მოხუცი მრევლი დამხვდა. მერე ახალგაზრდებმაც დაიწყეს ტაძარში სიარული. რაიონებში წირვა-ლოცვაზე დასწრებას, ზიარებას, აღსარებას თანდათან, მძიმედ, მაგრამ მაინც სწავლობს მრევლი. სტიქაროსნებიც გამრავლდნენ. სეფისკვერების მცხობელიც გვყავს.
რაიონში ცხოვრება ცოტა ჭირს. უჭირთ სასულიერო პირებსაც. ცამეტი წელია მანგლისში ვარ და რამდენი სახლი გამოვიცვალე, ვეღარ ვთვლი. ასეთი მძიმე მდგომარეობა რომ არ იყოს, მოძღვარიც მეტი იქნებოდა.
შეიძლება ყველა ვერ ცხოვრობს ეკლესიურად, მაგრამ კეთილგანწყობილი არიან სასულიერო პირების მიმართ. მოგეხსენებათ, ახლა მრავალი საცდური და სექტა გაჩნდა, ღვთის მადლით, მანგლისში მაინც მორწმუნე ხალხია, სექტებს ალმაცერად უყურებენ, ცდილობენ მათ მოქცევას. კარგად იციან, რომ ჩვენმა სარწმუნოებამ შეინარჩუნა ის, რაც დღეს გაგვაჩნია - ქართული კულტურა და ქართული მიწა-წყალი, დედაენა. ადამიანი თუ დაკარგავს სარწმუნოებას, მამულიშვილურ გრძნობასაც კარგავს, თავისი ქვეყნის წარსული, კულტურა, სიწმინდეები უფასურდება. თავად სექტა ანტისახელმწიფოებრივია. ისინი ქადაგებენ, სამშობლოსათვის და მოყვასისათვის თავის არდადებას. თურმე, როცა შინ მტერი შემოგივარდება, ხელი არ უნდა გაანძრიო და ეს ღვთის ნებად მიიღო, რაც ეწინააღმდეგება ღვთის მცნებებს და ეკლესიის სწავლებას. უფალი გვასწავლის, რომ თავი დავდოთ მოყვასისთვის და თუ არ იბრძოლე, მტრისგან არ დაიცავი სამშობლო, ოჯახი, მაშინ რაღა ქართველი ხარ.
- მამაო, რა სიწმინდეებია მანგლისის ტაძარში?
- მოგეხსენებათ, რომ მანგლისში უძველესი ტაძარია. მანგლისში უფლის სამსჭვალნი ინახებოდა. მტერთა შემოსევების გამო სიწმინდეები გადანახული ჰქონდათ. საბოლოოდ კი მისი ადგილსამყოფელი რუსეთი აღმოჩნდა. მანგლისის მიტროპოლიტის მიტრა და სამსჭვალი, რომელიც მიტრაშია ჩადებული, მოსკოვის ერთ-ერთ მუზეუმშია დაცული. ადრე ერთმა აქაურმა მრევლმა მითხრა, - პეტერბურგში, ერთ-ერთ მუზეუმში ჩემი თვალით ვნახე მანგლისის ეკლესიის ზარიო. ომიანობის დროს ჩამოუხსნიათ ზარი. ისე დიდი ყოფილა, სამრეკლოს კედელი გაუნგრევიათ და ისე გადმოუდგიათ ზევიდან. ჩვენს მრევლს ზარზე ამოუკითხავს - "მანგლისის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი".
ჩვენს ტაძარში მანგლისის სიონის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი ბრძანდება. ადრე თბილისში, სიონის ტაძარში იყო დაბრძანებული. როგორც პატრიარქი ბრძანებდა, მას ხშირად ეცხადებოდა და ითხოვდა მანგლისში დაბრუნებას. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, კვლავ მანგლისში ჩამოაბრძანეს. მირონდენაც დაუწყია მანგლისის ღვთისმშობელს. ერთხელ ერთი მლოცველი მანდილოსანი მივიდა სანთლებით ხატთან, ემთხვია და უკან რომ გამობრუნდა, ხელში ანთებული სანთლები შერჩა - თავისით აინთო. ამ ხატისგან ბევრი იღებს შეწევნას. მეუფის ლოცვა-კურთხევით, ხატმა ახლახან იმოგზაურა ეპარქიაში.
ჩვენთან ასევე დაბრძანებულია უძველესი ღვთისმშობლის ხატი. "შეუსმელი ბარძიმის" ხატს წააგავს. ქვევით ასომთავრულით აწერია: "ხატი I საუკუნისა". ამ ხატს ვთხოვდი შვილიერებას და შეისმინა კიდეც ჩემი ვედრება.
ახლა ახალი ხატებითაც შეივსო ჩვენი ტაძარი. მეუფის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა წმინდა იოანე მანგლელის და თევდორე მღვდლის ხატი. ჩვენი ეკლესიის წინ ჯვარია აღმართული. გადმოცემით, მის ქვეშ უნდა იყოს წმინდა თევდორეს წმინდა ნაწილები დაბრძანებული. რამდენიმე წლის წინ, მეუფის ლოცვა-კურთხევით, მანგლისის ხელისუფლებამ ეპარქიას გადმოსცა ორი ჰექტარი მიწის ნაკვეთი, სადაც თავის დროზე ორი დიდი შენობა იდგა.
ღვთის მადლით, გამოჩნდა ისეთი ადამიანი, რომელიც გვერდით დაუდგა ჩვენს მეუფეს. ლეონიდ დეიკალოს დახმარებით აშენდა მანგლისის ანანურის წმინდა გიორგის ეკლესია, მის გახსნაზე უწმინდესიც ბრძანდებოდა. უწმინდესს უთქვამს მეუფისთვის, მანგლისიდან ანანურის ტაძარში წმინდა გიორგის ხატია გადაბრძანებული, ამიტომაც აქ ამ ხატის სახელობის ეკლესია ავაშენოთო. ტაძართან დგას სასულიერო სემინარიისთვის განზრახული შენობა. შეიძლება გარშემო სოფლებიდან მოვიკრიბოთ ახალგაზრდები, ვაზიაროთ სასულიერო ცხოვრებას და თავიანთ სოფლებში მოძღვრებად დავაბრუნოთ. ჩანაფიქრის განხორციელებაში ლეონიდ დეიკალო გვეხმარებოდა. მერე საქართველოდან წავიდა და ჩვენც დროებით შევჩერდით. ეკლესიის აშენებამდე გავწმინდეთ ის ტერიტორია. საოცარი რამ მოხდა. შენობის კედლებში აღმოჩნდა ძველებური ლითონის გულსაკიდი ხატები - ახლა ტრაპეზზე გვაქვს დაბრძანებული. ეტყობა, აქ სასაფლაო იყო და ამ სამხედრო ყაზარმის მშენებლობის დროს მუშებმა მის კედლებში ჩაატანეს ნაპოვნი სიწმინდეები.
კომუნისტებს დაუნგრევიათ მანგლისის პეტრე-პავლეს სახელობის დიდი ტაძარი და მის ადგილას ავტოსადგური გაუმართავთ. მადლობა ღმერთს, ახლახან გამოჩნდა მანგლისში გაზრიდლი ღვთისნიერი ადამიანი, რომელიც აქ ტაძრის აშენებაში მატერიალურ დახმარებას გვიწევს. საძირკვლის გათხრის შემდეგ გამოჩნდა ძველი ტაძრის ნანგრევები. სოფელში გვაქვს კიდევ მიქაელ მთავარანგელოზის ძველი ხის ტაძარი. მოხუცებს კარგად ახსოვთ იქ ჩატარებული წირვა-ლოცვა. კომუნისტური რეჟიმის დროს პიონერთა ბანაკად გადაუკეთებიათ, მერე საბავშვო ბიბლიოთეკად. მანგლისის დეპუტატი დავით ბეჟუაშვილი გვპირდება მის აღდგენას.
ძალიან თბილი ხალხი ცხოვრობს მანგლისში. ყველა დიდი სიყვარულით და პატივისცემით გვეგებება. მე და ჩემმა მეუღლემ 1994 წელს დავიწერეთ ჯვარი. ექვსი წელი შვილი არ გვყავდა. მეშვიდე წელს რომ შეგვეძინა, მთელი მანგლისი გახარებული იყო. მათ გულთან ახლოს მიიტანეს ჩემი უშვილობაც და უფლის საჩუქარიც. დიდი სითბოთი ვიხსენებთ პირველ დღეებს, როცა მანგლისში მოძღვრად გამომიშვეს. ყველანაირად ცდილობდნენ დაგვხმარებოდნენ - ვის თეფში მოჰქონდა, ვის - საბანი, საწოლი. პროდუქტებითაც გვეხმარებოდნენ.
მადლიერი ვარ ჩემი სულიერი ძმის ზაქარიასი. მისგან ვისწავლე ღვთისთვის სათნო ცხოვრება, პირველ რიგში ის, რომ ადამიანს უნდა გააჩნდეს სინანული და "განცდა თვისთა ცოდვათა". მთავარი ისაა, რომ კაცი ტაძარში სინანულით მივიდეს და უფალს სთხოვოს შეწყალება და შეიწყალებს. უფალი ამბობს: "შეიძინეთ ცათა სასუფეველი თუ საკუთარ ცოდვებს განიცდი, მერე სხვის ცოდვებს ნაკლებად ხედავ და იმაზე საუბრის დროც აღარ გრჩება. ერთადერთი, რაც ტაძარში დგომის დროს ძალას გაძლევს, სინანულია და იმის შეგნება, რომ გჭირდება სულის ცხონება და მომავალი საუკუნო ცხოვრების დამკვიდრება.
შევთხოვ უფალს და ყველას, ვინც წაიკითხავს ჩემს ნაამბობს, მომიხსენიოს ერთი ცოდვილი მღვდელი გიორგი მანგლისიდან, რათა უფალმა ძალა მომცეს, სიცოცხლის ბოლომდე წმინდად ვზიდო მოძღვრის ჯვარი.
გლოცავთ, გაკურთხებთ, ბედნიერებას და სიხარულს გისურვებთ.