სოფლის თავზე, მაღალ გორაკზე დგას VII საუკუნის შესანიშნავი ძეგლი - სამწევრისის წმინდა გიორგის ტაძარი (დღეს ჯვრის მონასტრის სახელითაა ცნობილი). ეს პატარა ეკლესია მაღალგუმბათიანია. შიგ და გარეთ მოპირკეთებულია თლილი ქვით. 1940 წლის მიწისძვრამ სამწევრისი ძლიერ დააზიანა.
ტაძრის ერთ-ერთი ფასადის X საუკუნის ასომთავრული წარწერა მოგვითხრობს სამწევრისის წინამძღვრის - დომნინოსისა და გიორგი თუალაისძის მიერ არხის გაყვანის ამბავს. წარწერაში მოხსენიებულია აფხაზთა მეფე კონსტანტინე, რომელიც მეფობდა X საუკუნის დასაწყისში. სამხრეთის ფასადის მეორე წარწერა მისი განმაახლებლის მერაბ ფანასკერტელისაა: "მეორედ მაშენებელსა ფანასკერტელს მერაბს შეუნდვეს ღმერთმან. ზედამდეგს ცოდვილს საბას შეუნდვეს ღმერთმან".
ეს მერაბი ზაზა ფანასკერტელი-ციციშვილის შვილია. სიგელებში მერაბ ფანასკერტელი-ციციშვილი ორჯერ გვხვდება: XVI საკუნის 20-იან და 70-იან წლებში. ქვათახევის მონასტრის სიგელში, რომელიც გაცემულია მერაბის მიერ 1520 წელს, ნათქვამია: "დიდისა ფანასკერტელისა ციციშვილისა პატრონსა ზაზას ძის მერაბისა".
XV-XVI ს.ს.-ის მიჯნაზე აქაურობის მფლობელებს - ფანასკერტელ-ციციშვილებს, კერძოდ, მერაბ ციციშვილს, ეკლესია შეუკეთებიათ და უკურთხებიათ წმინდა გიორგის სახელზე. თავიდან წმინდა ჯვარი ეწოდებოდა. წარწერაში მოხსენიებული ზედამდეგი საბა განახლებას ხელმძღვანელობდა.
ეკლესიის გარშემო დარჩენილი ნამოსახლარით ჩანს, აქ მჭიდრო მოსახლეობა ყოფილა. ეს სოფელი ეკუთვნოდა ციციშვილებს. აქვე არის მათი საკმაოდ დიდი და მაგარი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ციხე, რომელიც იცავდა ძამის ხეობას მტკვრის შესართავთან, გორის ციხესაც, კეტავდა ძამისა და მტკვრის ხეობებს სამწევრისთან.
ბორცვზე ნაგები ციციანთა ციხე მაღალი ქვიტკირის გალავნით ყოფილა შემოზღუდული. იგი ნაწილობრივ დაშლილია. კედლებსა და კოშკებში დატანებულია სათოფურები. აქვს ერთი კარი. ციხე მთელი ხეობის მოსახლეობას იტევდა. იგი გამიზნული იყო ხანგრძლივი გარემოცვისთვის, რასაც მოწმობს საცხოვრებელი ოთახები, დიდი სათავსები, ქვევრები და კარის ეკლესია.
1893 წლის გაზეთი "ივერია" სამწევრისზე წერს: "რამდენიმე კომლი აქ დიდს გაჭირვებაშია უჭირნახულობის გამო. ამ საწყლებს თვეზე მეტი იქნება, რაც ჭირნახული ვერავისგან გაუმართნიათ. მართალია, სოფელ ქარელში ბევრი პური აქვთ გაყიდული ურიებს, მაგრამ ხუთ მანათს ფეხს არ უცვლიან და სად უნდა იშოვნოს ხუთი მანათი იმ გლეხკაცმა, რომელსაც პერანგი არ აცვია ტანზედ. წარმოიდგინეთ, ამ საშინელ გაჭირვების დროს სოფელ სამწევრისის მაღაზიაში ორმოც კოდამდინ პური აქვთ და მაგრა დაუკეტ-დაუბეჭდიათ, არავის აძლევენ სესხად".
მას შემდეგ მართლაც დიდი დრო გავიდა და თითქოსდა სამწევრისელების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა XXI საუკუნის მიჯნაზე მცირედით მაინც უნდა გაუმჯობესებულიყო, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი ეტყობათ. მოსახლეობის ნაწილი სიღატაკის ზღვარზეა და მიწურებში ცხოვრობს. საქონელი და ადამიანები ხშირად ერთად ბინადრობენ...
ჰოდა, ასეთი რწმენადაკარგული ადამიანის სულიერად დაჩაჩანაკება და დამძიმება ვის უნდა გაუკვირდეს?
ასეთ ძირძველ მიწაზე ასეთი მადლიანი ტაძრებია და სამწევრისელების დიდი ნაწილი წირვა-ლოცვაზე არ დადის. მეტიც, შეიძლება ბევრმა არც იცოდეს, რომ მათ სოფელში ღვთის სიტყვა იქადაგება.
სოფელში ორი მონასტერია. მამათა მონასტერი ჯვრის ტაძართანაა დაფუძნებული, მოშორებით - მთავარანგელოზთა ტაძრის დედათა მონასტერი ფუნქციონირებს. მამათა მონასტერს იღუმენი დოროთე (დევაძე) უძღვება, დედათა მონასტერს სქემიღუმენია ალექსანდრა (ძაგნიძე) წინამძღვრობს.
სამწევრისის მონახულება მამა დოროთეს დახმარებით შევძელი.
თათანაანთ უბანი
სამწევრისამდე თათანაანთ უბანია. აქ უმეტესობა ამ გვარის შვილები ცხოვრობენ. სოფელში ერთ ლამაზ ოჯახს ვესტუმრეთ. - ძამის ხეობის პირველი სოფელი არის თათანაანთ უბანი, - მიამბობს ოჯახის უფროსი, - მერე კეხიჯვარია, მას სხვა სოფლები მოსდევს, მათ შორის სამწევრისიც. წინაპრებისგან მსმენია, რომ პირველად თათანაანთ უბანში ჩვენი გვარისშვილები დასახლებულან. მთიდან ჩამოსულან. ერთი ძმა აქ დამკვიდრებულა, მეორე - სოფელ დოესში, კასპის რაიონში. მერე ნელ-ნელა შემოემატნენ სხვა გვარისანი - ცხოვრებაშვილები, გოგიჩაშვილები, ბალაბანდიშვილები (ხუთი წელია, შეგვემატნენ), ქელეხსაშვილები, თვარელიძეები, დაბრუნდაშვილები, ლომიტაშვილები (ზედა სოფლიდან ჩამოსახლდნენ), ნონაშვილები. დღეს აქ დაახლოებით ორმოცი კომლი ცხოვრობს. კარგი სოფელია თათანაანთ უბანი. რაც მთავარია, წყალი გვაქვს. მოსავალიც საკმარისი მოდის. ვშრომობთ, ერთმანეთი გვიყვარს და როგორც შეგვიძლია, ყველას ვეხმარებით. ქურდობა არ არის. თათანაანთ უბანი და სამწევრისი ერთმანეთსაა გადაბმული და სალოცავებიც საერთო გვაქვს. აქაურები სამწევრისში დავდივართ წირვა-ლოცვაზე.
თათანაშვილების ოჯახში რამდენიმე კაცმა მოიყარა თავი. "კარიბჭესთან" საუბარი მათაც მოესურვათ.
- სტუმარმასპინძლობა კარგი იციან აქაურებმა, - გვითხრა ქალბატონმა ჟუჟუნამ, - 30 წელია თათანაშვილების რძალი ვარ და მათგან კარგის მეტი არაფერი მახსოვს. სხვისთვის არაფერი ენანებათ. სამწუხაროდ, ეკლესიურად არ ვცხოვრობ. ჩემი ვაჟი დადის სამწევრისის ტაძარში და მეც მინდა მასთან ერთად ვიარო. დიდი ოჯახი მაქვს და დროის უქონლობის გამო ვერ ვახერხებ ტაძარში სიარულს.
- მე კეხიჯვრის სკოლის ფიზიკის მასწავლებელი ვარ, - გაგვეცნო ნაზი თათანაშვილი, - ჩვენს სკოლაში რამდენიმე სოფლიდან - ვედრებიდან, სანებლიდან, ქობესაანთ უბნიდან, სამწევრისიდან და თათანაანთ უბნიდან დადიან ბავშვები. სულ 345-მდე მოსწავლე გვყავს. ვცდილობთ, ბავშვები ეკლესიურად აღვზარდოთ. ჩვენი სოფლიდან კეხიჯვრამდე ერთი კილომეტრია. ზამთარ-ზაფხულ ფეხით დავდივართ. განათლების სამინისტრო გვპირდება ავტობუსის დანიშვნას. ველოდებით.
მახარებს ის, რომ ბავშვები აქედანვე ეჩვევიან ტაძარში სიარულს. ჩემი შვილი სტიქაროსანია. სამწევრისის დედათა მონასტერში მსახურებაში ეხმარება მამა დოროთეს. ყველანაირად ვგრძნობთ უფლის შეწევნას. გარშემო შეიძლება ყველა სოფელი დაისეტყვოს და ჩვენი - უვნებელი გადარჩეს. სამწევრისის მონასტრების მადლი გვიცავს. გული მწყდება, რომ მრევლის უმეტესობა თათანაანთუბნელია.
- ძალიან ბევრ ბავშვს გაუჩნდა სურვილი შეისწავლოს ძველი ქართული, - მითხრა მაკა ზაკუტაშვილმა, - და მონაწილეობა მიიღონ საეკლესიო მსახურებაში. მე კეხიჯვრის სკოლაში ვასწავლი გეოგრაფიას, პარალელურად სამწევრისის ორივე მონასტერში ვმედავითნეობ. კეხიჯვარშიც ვეხმარებოდი მამა დოროთეს. როცა სამწევრისში გადმოიყვანეს, თან წამოვყევი. ვცდილობ, ბავშვები აქტიურად ჩავრთო საეკლესიო ცხოვრებაში. წმინდა ადგილების მოსალოცად ერთად დავდივართ. ბავშვებთან ერთად პროექტიც მოვამზადეთ სამწევრისის გზასთან დაკავშირებით - ეგებ მამათა მონასტრამდე მისასვლელი გზა გაკეთდეს. არ ვიცით, დაგვაფინანსებენ თუ არა... ვაპირებ, მოვიძიო მასალები ძამის ხეობის ეკლესიებზე და ისტორიული მიმოხილვა გამოვაქვეყნო. ძალიან ბევრი აღდგენილი და აღსადგენი ეკლესია-მონასტერია და კარგი იქნება მათი გაცნობა.
ქალბატონმა მანანამ მითხრა, - ზაფხულობით სოფელში ვართ, ზამთრობით კი თბილისში ვცხოვრობთ. მე და ჩემი ოჯახის წევრები თბილისის პეტრე-პავლეს ტაძრის წინამძღვრის, მამა არჩილ მინდიაშვილის სულიერი შვილები ვართ. მადლობა უფალს, რომ სოფელშიც მოქმედებს ტაძარი. ვიდრე დედათა მონასტერი დაფუძნდებოდა, ქარელში დავდიოდით ღვთისმსახურებაზე. ყოველთვის მინდა უფალთან ვიყო. მინდა ყველა ადამიანი გახდეს ეკლესიური, მიიღოს უფლის მადლი. დღესასწაულებზე შედარებით ბევრი ხალხი მოდის. ალბათ ნელ-ნელა მომრავლდება. აქაურობას რამდენიმე სალოცავი მფარველობს - სარკის წმინდა გიორგის ტაძარი, ვედრების ღვთისმშობლის ტაძარი, სამწევრისის ჯვრის მამათა და მთავარანგელოზთა დედათა მონასტრები. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის.
***
სამწევრისში მამა დოროთეს ლოცვა-კურთხევით მეგზურობას ბერი ილარიონი მიწევდა. ერთ მშრომელ და პატიოსან ოჯახს ვესტუმრეთ. ოჯახის უფროსს ბატონ თენგიზ ნონაშვილს ბევრი რამ ახსოვს.- გადმოცემით ვიცი, რომ სოფელში ქოლერა გაჩენილა და მოსახლეობა გახიზნულა. აქ მხოლოდ სამი ოჯახი დარჩენილა.Aამიტომ დარქმევია სოფელს სამწევრისი. აქ ოთხი სალოცავი იყო - წმინდა გიორგის (ახლა ჯვრის სახელობის მამათა მონასტერი), ღვთისმშობლის სახელობის (ახლა მთავარანგელოზთა დედათა მონასტერი), კვირაცხოვლის და ჟამატურის ტაძრები. კვირაცხოვლის ნანგრევებიღაა შემორჩენილი. ჟამატურის ტაძარი, მახსოვს, სოფლის კანტორასთან იდგა.
სამწევრისში აჭარლების ჩამოსახლებამდე 60 ოჯახი ცხოვრობდა, ახლა 90-მდე ვართ. აჭარლების ნაწილი თავის წეს-ჩვეულებებს მისდევს. ახალგაზრდები უფრო ცდილობენ, მართლმადიდებლურად მოინათლონ. ყველას კარგი ქართული გვარები აქვს: მიქელაძეები, ჯაიანები... სამწევრისში ცხოვრობს ნონაშვილების 20 ოჯახი, მამიჯანაშვილები, ცხოვრებაშვილები, იკოშვილები, ბერიძეები, ნაზაროვები, კარფახჩოვები. ეს ისტორიული სოფელი ზაზა ფანასკერტელის დროს ქალაქი ყოფილა. თავად ზაზა ფანასკერტელის ციხე-კოშკი ორთუბანშია.
ისე, სოფელს მართლა ძალიან უჭირს. საწვავის უქონლობის გამო მიწები დაუმუშავებელი დაგვრჩა. სოფელს წინათაც გაჭირვება ადგა. ხიდი არ გვქონდა და კეხიჯვრის სკოლაში სიარულს ვერ ვახერხებდით. ამიტომ მეექვსე კლასიდან გამოვედი...
რწმენა აქვს ხალხს, მაგრამ ეკლესიურად ცოტანი ცხოვრობენ. პირადად მე სულ ტაძარში ვარ და ღვთისმსახურებს ვეხმარები მშენებლობაში. ერთ ამბავს გავიხსენებ თქვენი ნებართვით. ჩემს ნაკვეთში დიდი ორმო ამოვთხარე. ბარს სახლის მცირე ნამწვავები ამოჰყვა. ცოტა შეუძლოდ ვიყავი, მუშაობას თავი დავანებე და შინ წავედი. იმ ღამეს სიზმარი ვნახე. თითქოს ცხენზე ამხედრებული წვეროსანი კაცი მოვიდა და დამიშალა მიწის გათხრა. მეორე დღეს პირჯვარი გადავიწერე და ნათხარი გავასწორე. მას შემდეგ არაფერს შევუწუხებივარ. ჩანს, ამ ადგილას ძველი ქალაქი იყო.
- XIV საუკუნემდე ეს ადგილები კონსტანტინე ბატონიშვილის საკუთრება ყოფილა, - მიყვება ბიბლიოთეკარი მაია მიქაცაძე, - შემდეგ ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილს აუშენებია ციხე და ნელ-ნელა მოსახლეობაც მომრავლებულა. გადმოცემით, სამწევრისი წინათ სავაჭრო ქალაქი ყოფილა, ბაზარმრავალი. მერე ჭირს გაუწყვეტია. მონასტრების დაფუძნების შემდეგ მოსახლეობამ ნელ-ნელა დაიწყო სიარული ტაძარში. ამაში დედები დიდად გვეხმარებიან. სოფელში მხოლოდ ერთი პატარა, ოთხწლიანი სკოლაა. ბიბლიოთეკაში კიდევ ათასში ერთხელ თუ შემოიხედავს ვინმე. ძველი თაობის ხალხი უფრო კითხულობდა წიგნებს. კითხვას გადაეჩვია ახალგაზრდობა. საკუთარი სოფლის წარსულიც ნაკლებად აინტერესებთ. ისე, საოცარი სოფელია, სხვანაირად ყივის წინაპართა სისხლი. მართლმადიდებლობაში უდიდესი ჭეშმარიტებაა. ჩვენთან ბევრი აჭარელი ცხოვრობს. უნდა ნახოთ, როგორი სხვაობაა ჩვენსა და მათ შორის. მუსულმანობა ქალს აბსოლუტურად ყველაფრის უფლებას უზღუდავს, მართლმადიდებლობაში ქალს უფლება აქვს, იყოს ისეთივე წმინდა და ღვთის რჩეული, როგორიც არის მამაკაცი. ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ და ქართველი ქალი ამას რომ ვერ ხვდება, ძალიან მტკივა გული. ამიტომაც ხშირად ვესაუბრები მათ. იქნებ შეისმინოს უფალმა ჩვენი ვედრება და დაბრუნდნენ ჭეშმარიტების წიაღში. ბიბლიოთეკაში ხუთი ათასი წიგნი მაქვს ჩაბარებული. უფრო მეტად საბჭოთა დროს შეძენილი წიგნებია. ვცდილობ, გავამდიდრო ბიბლიოთეკა და მეტად დავაინტერესო მომავალი თაობა. ვთხოვ ყველას, დავეხმაროთ ერთმანეთს და გვიყვარდეს ერთმანეთი.
- ოცი წელიწადია, ეკლესიაში დავდივარ, - მიამბობს ვერა შენგელია, - ჯერ ქარელში დავდიოდი. ყველას უკვირდა ჩემი ეკლესიური ცხოვრება. მეუღლესაც კი. მადლობა უფალს, რომ სამწევრისში მონასტრები გაიხსნა. ვცდილობ, არ გავაცდინო წირვა-ლოცვა.
მამათა მონასტერი
მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით არც ისე დიდი ხანია ჯვრის ტაძართან მამათა მონასტერი დაფუძნდა. იღუმენ დოროთეს გადმოსვლის შემდეგ დაიწყო მონასტრის მშენებლობა. ალბათ მალე დასრულდება. მონასტერში ორი წევრი ცხოვრობს - იღუმენი და ერთი ბერი - ილარიონი. მამა დოროთემ საუბარი წარსულის გახსენებით დაიწყო: - მეუფე იობს ბათუმიდან გამოვყევი. მეუფესთან სურამის რეზიდენციაში გავიარე სხვადასხვა მორჩილება. როცა მეუფემ ქოზიფის მონასტერი გახსნა და წინამძღვრად მამა შიო (ხარძეიშვილი) დანიშნა, მამაოს თან გავყევით სამი მორჩილი. ახლა უკვე მამა საბა (ჟღენტი), მამა მოსე (ჯორბენაძე) და მე. მამა შიოს დაუღალავი შრომით, მადლმოსილებით მიწასთან გასწორებული მონასტერი აღორძინდა. მეუფე ხშირად მოდიოდა და ყველანაირად გვეხმარებოდა...
მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, მსახურება ორთუბნის მამათა მონასტერში გავაგრძელე. მისი წინამძღვარი იყო მამა ისაია, დღეს უკვე ქოზიფის წინამძღვარი. ორთუბანში სხვადასხვა მორჩილება მქონდა. რამდენიმე თვის შემდეგ მეუფემ ღირსი გამხადა და ბერად აღმკვეცა. აქვე დამასხა ხელი დიაკვნად. მერე, მეუფის კურთხევით, ორთუბანი დედათა მონასტრად გადაკეთდა. მე კვლავ ქოზიფაში გადამიყვანეს დიაკვნად. მონასტერი დღითიდღე მშვენდებოდა. ეკლესიის ტერიტორიის გასუფთავებისას უამრავი ნაწამები ადამიანის ძვლები ამოვიღეთ. მერე მონასტრის მეურნეობაში საქონელს ვუვლიდი. ჩვენი რძის პროდუქტებით მამა შიო სხვა მონასტრებსაც ამარაგებდა. პირადად მე ამომყავდა ყველი, ვადედებდი მაწონს, ვდღვებდი კარაქს - ეს ყველაფერი მამა შიომ მასწავლა. საოცარი იყო მამა შიო, ყველაფერი იცოდა. ეს ძალიან გვეხმარებოდა მონასტრის წინსვლაში. ნათქვამია, რომ ადგილი კი არ ალამაზებს ადამიანს, ადამიანი ალამაზებს ადგილს. მამა შიო ნამდვილად ალამაზებდა ქოზიფას.
სამი თვე ვიყავი მეურნეობაში. შემდეგ მეუფის ლოცვა-კურთხევით ლაზარეს აღდგინების დღეს მღვდლად მაკურთხეს. მეორე დღეს კი ორთუბნის ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვრად გამომიშვეს. დედათა მონასტერს მაშინ დედა მარიამი უძღვებოდა. აქაც შევალამაზეთ მონასტერი. მერე მეუფემ კეხიჯვრის ტაძარში გადამიყვანა. ტაძარი შევაკეთეთ. მეუფემ გადაწყვიტა, რომ სამწევრისის ჯვრის ტაძართან მამათა მონასტერი დაფუძნებულიყო, რომელიც მოუვლიდა ამ ტაძარს. ჩემს მოსვლამდე აქ წირავდა მეუფე დავითი (ტიკარაძე), მაშინ მღვდელმონაზონი იყო. მან გააკეთა კანკელი, დადგა ტრაპეზი. ადრე აქ ხალხი საქეიფოდ ამოდიოდა. ახლა რომ მოდიან, ვუხსნით, თუ რა დანიშნულება აქვს ტაძარს, მონასტერს. ღვთის შეწევნით, ნელ-ნელა მიხვდნენ, რომ ტაძარს სათუთად უნდა მოექცნენ, რომ ეს არის სალოცავი და არა საქეიფო ადგილი.
თავიდან არანაირი ფინანსური ხელშეწყობა არ გვქონდა. მღვდელმთავრის ლოცვა-კურთხევას დიდი ძალა აქვს და შეგვეწია მშენებლობის დაწყებაში. მერე ნელ-ნელა გამოგვიჩნდა მრევლი, კეთილისმყოფელები. გზა გვაქვს გასაკეთებელი. ცუდ ამინდში ძალიან ჭირს აქ ამოსვლა, მაგრამ ღვთის შეწევნით ამასაც მოვაგვარებთ და ყველას საშუალება ექნება, მოილოცოს ჯვრის მამათა მონასტერი.
როგორც მეუფე იობი ბრძანებს, მონასტერში უპირველესი საქმე არის მორჩილება, თავმდაბლობა. როდესაც კაცი მონასტერში მოდის, იქ მას უნდა დახვდეს სულიერი გარემო, რათა სულიერად დაისვენოს, იგრძნოს სიყვარული, თავდადება, ერთგულება, დაინახოს ურთიერთშორის ქრისტიანული დამოკიდებულება, ქრისტიანული ცხოვრება. მოსე შავი როცა მონასტერში მივიდა და იქ დაინახა თავდადება, სიყვარული, სასულიერი ცხოვრება აირჩია და ცნობილი სასულიერო პირი გახდა. ერში ძალიან გართულებულია ცხოვრება. ადამიანები სულიერად ძალიან დამძიმებულები არიან. როცა პირველად მივედი მონასტერში, იქ სიმართლე, ჭეშმარიტება, სიყვარული დავინახე, რამაც საბოლოოდ გადამაწყვეტინა მონასტრული ცხოვრება.
ბერისთვის მთავარია მორჩილება და თავმდაბლობა. როგორც უფალი ბრძანებს, "შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა სულითა, ყოვლითა გონებითა და ყოვლითა გულითა". ეს მცნებები ბერმა თავისი ცხოვრებით უნდა განახორციელოს.
- მამაო, მონასტრის მიმართ როგორი დამოკიდებულება აქვთ აქაურებს?
- თავიდან არ ჰქონდათ მონასტრის მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულება, რადგან მათ არასდროს ჰქონიათ მონასტერთან და ბერ-მონაზვნებთან ახლო ურთიერთობა. მადლობა ღმერთს, დღეს ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის. ახლა უკვე მონასტრის მშენებლობაში ადგილობრივი მოსახლეობა მონაწილეობს. ისეთებიც არიან, რომლებიც გაჭირვების დროს მოდიან და ფინანსურ და სხვადასხვა დახმარებას გვთხოვენ. დროთა განმავლობაში ალბათ მეტი ადამიანი მოექცევა ღვთისკენ. სამწევრისში აჭარლები ცხოვრობენ. სასიხარულოა, რომ ბევრი მათგანი მართლმადიდებლურად მოინათლა. გვეხმარებიან კიდეც მონასტრის მშენებლობაში. იმედი მაქვს, მათ სხვებიც მიბაძავენ.
- მამაო, რამდენი ტაძარია სამწევრისში?
- ჯვრის ტაძრის გვერდით არის XV საუკუნის აგურის ტაძარი. ვისი სახელობისაა, ჩვენთვის უცნობია. ის საძვალე ყოფილა. მოშორებით წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის ნანგრევებია. ჯვრის ტაძრის მახლობლად, ეკლესიის ნანგრევის შესახებ არაფერია ცნობილი. ღვთის შეწევნით და მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, გვინდა დანგრეული ტაძრებიც აღდგეს და პირვანდელი სახე დავუბრუნოთ.
ჯვრის ტაძრიდან ხელისგულივით მოჩანს მთელი ქართლი. ჩვენი ერის უნიკალურობა იმაში გამოიხატება, რომ ჩვენს წინაპრებს ღვთისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდათ. როცა სოფლის აშენება გადაწყდებოდა, პირველ რიგში შენდებოდა ტაძარი, მის ირგვლივ - სოფელი. სამწევრისის შემთხვევაშიც ასე იქნებოდა.
ამ ადგილებს მძოვრეთის ხეობა ჰქვია. მტერს მთლიანად ამოუწყვეტია მოსახლეობა და ხეობა მძორით ავსებულა. სახელიც აქედან მიუღია. ბორჯომის ხეობიდან ქართლში აქედან შემოდიოდა მტერი. ამიტომ დაზარალდა ქოზიფის მონასტერი, განადგურდა სამწევრისი...
მინდა გითხრათ, რომ მართლმადიდებლობა და ქრისტიანობა არის უშუალოდ ქრისტიანული ცხოვრება. მართალია აქ ცხოვრობენ მართლმადიდებლურად მონათლულებიც, მაგრამ ეკლესიურად არ ცხოვრობენ. სახარებაში კი წერია, რომ რწმენა საქმის გარეშე მკვდარია. მოსახლეობის ღვთის გზაზე დადგომა ნიშნავს იმას, რომ დაიწყებენ ეკლესიურ ცხოვრებას. როცა ადამიანი გააანალიზებს, რომ ყველაფერი ღვთის ხელშია და ღმერთია ყველაფრის მმართველი, ეს დადებითად იმოქმედებს მოსახლეობაზე. მონასტერი და სასულიერო პირები მოწოდებულები არიან იმისკენ, რომ ძლიერი უფლის გზაზე დააყენონ და სუსტ ადამიანს ძლიერის დახმარებით აადგმევინონ ფეხი. ჩვენი სპონსორების დახმარებით, ბევრი ადამიანი მონასტრის მშენებლობაში ხელფასს იღებს. ჩვენი ძირითადი შემომწირველები არიან ბიზნესმენი გელა ქამუშაძე, ილია გიორგობიანი და ირაკლი.
ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო.
დედათა მონასტერი
მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტერი თითქოს დარაჯად უდგას ამ ხეობას. გალავანზე აღმართული დიდი ჯვარი გადმოჰყურებს მიდამოს. როცა ირგვლივ წყვდიადი დაისადგურებს, განათებული ჯვარი იცავს ერს და ბერს. მოსახლეობისგან მოშორებით მყოფი დედები მართლაცდა სამოთხისეულ ნეტარებაში არიან. წინამძღვარია სქემიღუმენია ალექსანდრა. მასთან ერთად აქ ორი სქემმონაზონი - დედა ეკატერინე და დედა მასტრიდია - მოღვაწეობს. მათ განსაკუთრებული მოსაგრეობა აქვთ. ლოცულობენ მთელი მსოფლიოსთვის და უფალს ავედრებენ თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანის კეთილდღეობას. იმდენად ტკბილი და თბილი აღმოჩნდა მათთან სიახლოვეც და საუბარიც, რომ სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება. მემახსოვრება მათი სიყვარულით სავსე თვალები. სამონასტრო და საერო ცხოვრებაში საკმაოდ გამოცდილი დედები პირადი მაგალითით გასწავლიან, თუ როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი მართლმადიდებელი. თუ ყოველივეს სრულად შეისრუტავ, უკეთ წარმართავ ცხოვრებას. მონასტერში ყველაფერი ტკბილია - ლოცვა, ტრაპეზი, დებთან ურთიერთობა. მონასტერში კიდევ ორი მონაზონი ცხოვრობს - დედა ნანა და დედა ანისია. დედა ანისია მეუფე იობის და მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევით სხვადასხვა ბალახისგან სამკურნალო წამლებს ამზადებს. მისი წამლებით მრავალი ადამიანი განკურნებულა, ყველაზე მეტად კი უშვილოები ემადლიერებიან. დედა ალექსანდრას კურთხევით, მონასტერში ერთი დღე დავყავი. საუბარში შემოგვათენდა. დედა ალექსანდრა თუ ვინმეს ერთხელ მაინც უნახავს და მასთან დედაშვილურად, გულწრფელად უსაუბრია, კარგად უწყის, თუ ვინ არის ეს მადლიანი ადამიანი. მისგან ყველა დიდ ნუგეშს იღებს. უნუგეშოდ არავის ტოვებს, ხალხს რწმენას და ღვთის სიყვარულს უნერგავს. საჯაროდ გამოჩენისგან თავს შევიკავებო, მთხოვა, მაგრამ ბოლოს ხათრი ვეღარ გამიტეხა და დედაშვილურად, დიდი სიყვარულით მესაუბრა.
- ოჯახი, სადაც გავიზარდე, მორწმუნე არ გახლდათ. დედა სანთელს ანთებდა მხოლოდ საკურთხის დროს. მონაზონი ახლოს ნანახიც არ მყავდა. პირველი ბერი ვნახე მეუფე იობი და მონაზონი დედა პელაგია, დღეს იტრიის დედათა მონასტრის წინამძღვარი. მაშინ ახალი გადმოსული იყო მეუფე ჩვენს ეპარქიაში და პირველი სამეუფო წირვის შემდეგ ვიგრძენი, რომ მადლი გადმოვიდა. იმ დღიდან დავიწყე რამდენიმე მრევლთან ერთად ფიქრი მონასტრის დაარსებაზე. არჩევანი ყინწვისის მონასტერზე შევაჩერეთ. ერთ-ერთმა მრევლმა საკუთარი ხუთოთახიანი ფინური სახლი დაშალა და წამოიღო ყინწვისში (ის დღეს მონაზონი თეკლაა). ღვთის მადლით, აშენდა ყინწვისის დედათა მონასტერი.
დედა ალექსანდრამ საკუთარ თავზე მომხდარი სასწაულის შესახებაც მიამბო: "ოთხი თვე მძიმე მდგომარეობაში ვიყავი. სწრაფი სარკომა მქონდა და აღარავის ეგონა, თუ ცოცხალი დავრჩებოდი. მოხდა სასწაული და ბოლო თვეებში მოვიკეთე. ჩემი მოძღვარი, ახლა უკვე მეუფე ეფრემი, მოდიოდა სანახავად, მანუგეშებდა. ერთ მშვენიერ დღეს დადგა ის დრო, რომ უნდა გავსულიყავი ამქვეყნიდან. მოძღვარმა მაზიარა კიდეც. მას შემდეგ მოხდა სასწაული და სიცოცხლე დამიბრუნდა. რამდენიმე დღის შემდეგ ფეხზე დადგომა შევძელი და ჩემებს ვთხოვე, სამწევრისის დედათა მონასტერში წამიყვანეთ-მეთქი. მძიმე მდგომარეობაში მყოფი უფალს ვევედრებოდი, რომ ჩემთვის ცოტა დრო მოეცა ცოდვების მოსანანიებლად და დარჩენილი ცხოვრება გამეტარებინა იქ, სადაც უფლის დიდება იქნებოდა, თან შევძლებდი საკუთარი სულის ცხონებას. ვერ გეტყვით, რითი შემიწყალა უფალმა.
მადლობელი ვარ უფლის, რომ ღირსი გამხადა მისი მსახურების. მონასტერში რაც კეთდება, ეს უფლის დიდი წყალობაა. მე მხოლოდ შემსრულებელი ვარ. სამწევრისში რომ ორი მონასტერია, ესეც უფლის წყალობაა. ღმერთმა გაგახაროთ".
დედა ალექსანდრამ გამომაცილა. გზა დამილოცა. სიყვარულით დავემშვიდობეთ მომავალ შეხვედრამდე.