(გაგრძელება. დასაწყისი იხ. "კარიბჭე#25")
ქართველთა განმანათლებლის განსასვენებელი სიღნაღიდან ორ კილომეტრზე, "ბოდბის ხევსა ზედა" მდებარეობს.
წმინდა ნინოს ცხოვრების ერთ-ერთი აღმწერელი, არსენ იყალთოელი გვაუწყებს, რომ მეფე მირიანმა მის საფლავზე "აღაშენა ტაძარი ფრიად მშვენიერი და განაჩინა საეპისკოპოსოდ". ზოგიერთი წყაროს მიხედვით აქ, დედათა მონასტერი მირიანის დროსვე დაარსებულა. სიკვდილის სარეცელზე მყოფმა კეთილმოწესე მეფემ დედოფალ ნანას ანდერძად დაუტოვა: "...შენ, ნანა, უკეთუ გეცესღა მოცალება, ცხოვრებისა ჩემისა შემდგომად განყავ სამეფო განძი ჩვენი ორად და მიიღე სამარხავსა ნინოსა. განმანათლებლისა ჩვენისასა, ჟამთა შეცვალებისათვის, რათა არა შეირყიოს უკუნისამდე იგი ადგილი". ეკლესიისთვის დიდი ამაგი დაუდვია მეფისწულ ბაქარს. XI საუკუნეში მტერთაგან არაერთგზის მოოხრებული წმინდა სავანე ბოდბელი მიტროპოლიტების რეზიდენციად იქცა. ვახუშტი ბატონიშვილი წერს: "ბოდბელი არს პირველი ეპისკოპოსი კახეთისა პატივისათვის წმინდასა ნინოსა".ბოდბის მონასტრის მდიდარ წიგნთსაცავში ყველაზე ადრინდელ ხელნაწერად მიჩნეულია გრიგოლ ბაკურაძის მიერ გადაწერილი ოთხთავი, რომელიც 1695 წლით არის დათარიღებული. აქვე ინახებოდა არჩილ მეფის, ერეკლე I და ერეკლე II-ის მონასტრისადმი შეწირული სიგელები. ერთ-ერთ მათგანზე წმინდა ნინოსადმი ერეკლე II-ის ვედრებაა წარწერილი: "გონსა შენსა და სასოებით თაყვანისმცემელსა მომეც ძლევა მტერსა ზედა".
ბოდბის მონასტერთან მრავალი ცნობილი სასულიერო პირის მოღვაწეობაა დაკავშირებული. გამორჩეულია იოანე ბოდბელის (მაყაშვილის) მოღვაწეობა, რომელიც არა მარტო თავისი ეპარქიის ღირსეული მწყემსი იყო, არამედ ქართული სამეფოს ერთგული მსახურიც. მას ერეკლე II-ის ნებართვით ჩაბარდა ბოდბის მიტროპოლია. იოანე ბოდბელმა აღადგინა და განამშვენა წმინდა ნინოს სამარხი ტაძარი, რომელიც აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისას დარბეულა. წმინდა ნინოს ტაძრის დღევანდელი გამოხატულება და კანკელი სწორედ მისი დროინდელია. იოანე ბოდბელი 1837 წელს გარდაიცვალა. დაკრძალეს ბოდბის ტაძარში. მისი გარდაცვალების შემდეგ ბოდბის არქიეპისკოპოსთა (მთავარეპისკოპოსთა) კათედრა გაუქმდა და მონასტრის გამგებლობა არქიმანდრიტებს ჩაბარდა. სიღნაღისა და ქიზიყის ეპარქია შეუერთდა ქართლ-კახეთის ეპარქიას, რომელსაც საქართველოს ეგზარქოსი მართავდა. რუსმა ეგზარქოსებმა გაძარცვეს და გააპარტახეს ჩვენი საეკლესიო ქონება. გააუქმეს ეპარქიები. ამ პერიოდში გაიძარცვა ბოდბის ეკლესიაც. ქართველთა განმანათლებლის საფლავზე აიკრძალა ქართული წირვა-ლოცვა. ბოდბის მონასტერს დიდი ღვაწლი დასდო მიხეილ (გობრონ) საბინინმა. მან შეაგროვა ბოდბის მონასტრის კუთვნილი ძვირფასი ნივთები, გაალამაზა მონასტრის ეზო.
1888 წელს კახეთს ეწვია იმპერატორი ალექსანდრე III, რომელმაც წმინდა ნინოს ტაძარიც ინახულა. მისი ბრძანებით, 1889 წლის 7 მაისს გაიხსნა დედათა მონასტერი. იღუმენად დადგინდა მონაზონი იუბენალია, რომელიც ათ რუს მონაზონთან ერთად მოსკოვიდან ბოდბეში გამოგზავნეს. მისი ხელმძღვანელობით აშენდა საეკლესიო სკოლა, მონასტრის დღევანდელი საცხოვრებელი კორპუსი. 1902 წელს მონასტრის იღუმენიად განაწესეს იუბენალია II (ერისკაცობაში - თამარ მარჯანიშვილი, დიდ სქემაში - დედა თამარი. ამ დროს ბოდბეში 300 მონაზონი და მორჩილი მოღვაწეობდა. 1917 წლამდე ბოდბეში მოღვაწეობდა იღუმენია ნინო (ვაჩნაძე). რაც რუს ეგზარქოსებს გადაურჩა, რევოლუციამ წალეკა. მონასტრის შენობაში ჯერ გაიხსნა საავადმყოფო, ხოლო შემდეგ მუზეუმი.
1980-იანი წლებიდან ბოდბის ეპარქიას განაგებდა მიტროპოლიტი ათანასე (ჩახვაშვილი), რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის მონასტერში ქართული ღვთისმსახურების დამკვიდრებაში. 1989 წელს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აღდგა დედათა მონასტერი, რომლის იღუმენად დადგინდა მონაზონი ნანა (სიხარულიძე).
1995 წლიდან მონასტრის წინამძღვარია იღუმენია თეოდორა (მახვილაძე).
ქიზიყში წნორის ილია მართლის სახელობის ტაძრის მოძღვრის, მამა თეიმურაზის (ჯანაშვილი) ოჯახმა მიმასპინძლა.
წნორიდან ბოდბის მონასტრამდე სიღნაღი უნდა გაიარო. ისეთი ლამაზი იყო ღამით განათებული სიღნაღი, რომ სრულიად სხვა სამყაროში მეგონა თავი.
მონასტერში დედების ტკბილი ლოცვა ისმის. კანდელები და სანთლები ტაძარში ციცინათელებივით ციმციმებენ. მსახურების დროს ყველა თავის ადგილს ირჩევს და უფალს ისე ეჩურჩულება.
წირვის დასრულების შემდეგ დედა თეოდორას კურთხევით მონასტრის ცხოვრებაზე მონაზონმა რაქილმა (ბუაძე) მიამბო:
- წმინდა ნინოს საფლავზე აღვლენილ ყველანაირ ლოცვას ძალიან დიდი ძალა აქვს ჩვენთვის, ქართველებისთვის.
თავიდან მონასტერში ორი-სამი წევრი ვცხოვრობდით. დღეს 29-ნი ვართ. როგორც ყველგან, ჩვენთანაც ისეთივე ტიპიკონია. დილის 5 საათზე იწყება შუაღამიანის ლოცვა, მერე მოდის ცისკარი. წირვა კვირაში ორჯერ აღესრულება. ნაშუადღევს წმინდა ნინოს პარაკლისს ვკითხულობთ მის საფლავთან. საღამოს მწუხრი და სერობა მოდის. ბევრს ვშრომობთ, მოცულობითაც დიდი მონასტერია. აქაც ბევრია საკეთებელი. მომლოცველები ჩამოდიან მთელი საქართველოდან, უცხოეთიდანაც და ცხადია ყურადღება სჭირდებათ. აი, ასევე ვცხოვრობთ, შეძლებისდაგვარად ვლოცულობთ და ვშრომობთ კიდეც.
ლოცვას უდიდესი ძალა აქვს ყოველი ადამიანისთვის. ლოცვა ენერგიის წყაროა, რაც ავსებს ადამიანს და ღმერთთან სიახლოვეში გეხმარება.
ჩვენი იღუმენია, დედა თეოდორა ძალიან მოღვაწე ადამიანია, მაგალითია ლოცვაშიც და ფიზიკურ შრომაშიც. რასაც ხედავთ აქ ყველაფერი მისი თაოსნობითაა გაკეთებული.
ხატწერის სახელოსნოც გვაქვს. სანთლებს, კელაპტრებს ჩამოვქნით. რაც მონასტერში იყიდება, ყველაფერი დედების ნახელავია. მწიგნობრულ საქმიანობასაც ვეწევით, ვუვლით აქაურობას და ვემსახურებით წმინდა ნინოს საფლავს. მთავარი მისია ის გვაკისრია, რომ ვემსახუროთ წმინდა ნინოს საფლავს და მომლოცველებს. მივცეთ საშუალება, მიეახლონ სიწმინდეს ილოცონ და სულიერად ამაღლებულები, გაძლიერებულები დაბრუნდნენ ერში.
- დედაო, რისკენ უნდა ისწრაფოდეს მონაზონი?
- ღვთისკენ. მონაზონმა მთელი ცხოვრება უფალს უნდა შესწიროს.
გისურვებთ მშვიდობას, სიყვარულს, სიხარულს, ღვთის წყალობას.
***
სიღნაღში ერთ იქაურს გავესაუბრე. მითხრა, - ძალიან კარგია, რომ სიღნაღი გალამაზდა, დამშვენდა, მაგრამ სულიერ მხარეს თუ უფრო მიექცევა ყურადღება, მადლობელი ვიქნებით. სიღნაღში წმინდა გიორგის და წმინდა თამარის სახელობის ტაძრებია. რაც მეტი ტაძარი იქნება, მით მეტი მოექცევა და უფალთან მეტი მივა...ანაგელი მოხუცები
ლიზა ბებო: - ეს ასაკოვანი ქალბატონი სოფელ ანაგში გავიცანი. ლოგინად ჩავარდნილია, მაგრამ საუბარს ჩემი მეგზურის თინათინ სვიმონიშვილის დახმარებით ვახერხებ. 94 წლის ლიზა ბებო სასულიერო პირების შთამომავალია.- დავიბადე ბოდბისხევში. ჩვენს გვერდით დეკანოზიაანთ სახლები იყო, დეკანოზები ცხოვრობდნენ.
- თქვენი მშობლები ვინ იყვნენ?
- ევა და ვანო. მამა ნაცვლიშვილი იყო, ლაგოდეხში დიაკვნად მსახურობდა, ჩვენი სოფლის ეკლესიებშიც - წმინდა მარიამისა და წმინდა ნიკოლოზის ტაძრებშიც. მამაჩემი იქ მარხია. პაპაჩემიც მღვდელი იყო, ბიძებიც - იოსები და ილიაც მღვდლები გახლდნენ. იოსები თბილისის უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ტაძარი რომ იყო, იქ მღვდლობდა.
დედა მორწმუნე ქალი ბრძანდებოდა. მეძუძური ოთხშაბათს და პარასკევს რძეს არ იღებდა. ბოლშევიკებმა გაგვაკულაკეს. ოჯახში ყოველდღე მოდიოდა მილიცია - მას მერე სულ მეშინოდა ფორმიანების. 16 წლისა ვიყავი, მამა რომ წაიყვანეს. მისი გალობა ახლაც ყურში ჩამესმის. იმისთანა გალობა იცოდა... მამას ბოლოს წვერი გაპარსეს, აუკრძალეს ღვთისმსახურება და ამიტომ სხვა საქმეს მიჰყო ხელი.
უჩუმრად დავდიოდით წმინდა გიორგის და მთავარანგელოზის ტაძრებში.
- თქვენ თუ გწამთ ღმერთის?
- ღმერთის როგორ არ მწამს. სულ ვლოცულობ, ღმერთო მიშველე და მიცოცხლე შვილები-მეთქი. პირჯვარს გადავიწერ... ჩემი ახალგაზრდობა არ გამიგია, შვილო. სულ გაჭირვებასა და უბედურებაში გავატარე ცხოვრება. დაობებულ პურსა ვჭამდით...
- კარგი, ლიზა ბებო, დაგემშვიდობებით...
- მიდიხართ, შვილო? ღმერთმა ჩემი დღე აგაცდინოთ და კარგად გამყოფოთ.
იოსება პაპა: - ანაგაში 17 ეკლესიაა. ზოგიერთმა ნაეკლესიარზე სახლი ააშენა. ზოგიც საწყობად გადააქციეს, ზოგში საქონელი შერეკეს... ჩვენი კვირაცხოვლის ეკლესია სამ უბანს აერთიანებს. კარგად მახსოვს, როგორ ულმობლად ანგრევდნენ, ხატებს ამტვრევდნენ, თან იცინოდნენ. ნაკურთხი პურის დასადები სინებიც სათითაოდ დაინაწილეს და შინ წაიღეს. მთავარანგელოზობას სოფელი განსაკუთრებით აღნიშნავდა. ტაძრის ეზოში ოთახები იყო. აქ იშლებოდა პურ-მარილი და უფალს ვადიდებდით. ეზოს დასასუფთავებლად ხალხს გამოჰყოფდნენ ხოლმე. ამას კურატს ეძახდნენ. კურატად ყოფნა მეც მომიწია. ვასუფთავებდით ეზოს, წყალი მომქონდა...
- იოსება პაპა, დიანოზ მღვდელზე რას გაიხსენებთ?
- მამა დიანოზი ახალგაზრდა, ლამაზი შესახედავი იყო, კარგი ოჯახის პატრონი. სხვასთან შედარებით განვითარებული, სოფლის საბჭოში ფულის ამკრეფად დააყენეს. მასთან ერთად მუშაობდა ერთი პარტიის წევრი, იოსები ერქვა. ამან ეს ფული შეჭამა და დიანოზ მღვდელს დააბრალეს. მესამე დღეს დახვრიტეს. დიანოზის ძმაც მღვდელი იყო. ხალხი ძალიან განიცდიდა ამ ამბავს. მაგრამ ჩვენ ვინა გვკითხავდა?
ნუკრიანი
ნუკრიანელი პაპა მყავდაო, - მიყვება თინათინ სვიმონიშვილი. იოსებ მაზიაშვილი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. დედის მხრიდან სანათესაოს თაქლაანებს ეძახიან. თურმე პაპა ლეკების შემოსევის დროს ყოჩაღად იქცეოდა და მისთვის რატომღაც თაქლა დაუძახნიათ.ნუკრიანი რამდენიმე უბნებად იყოფა - ჭოტორა, ზემო და ქვემო ნუკრიანი. კარგი სოფელია. ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის აღდგენაში სტუდენტობის დროს მეც ვმონაწილეობდი. გვაქვს ღვთისმშობლის და წმინდა გიორგის კიდევ ერთი ტაძარიც. ერთი კია, ყველა ჯერაც მოუწყობელია. ღმერთმა ქნას, ნუკრიანშიც ამოქმედდეს ტაძარი.
ვაქირი
წმინდა იოანე ნათლისმცემლის ტაძარში ედიშერ ბიძია გავიცანით.- ვაქირში ახლა 800 კომლი ვცხოვრობთ, ადრე 1500 კაცი იყო ხარჯთამღები, - გვიყვება, - ზოგი დაიღუპა, ზოგიც ქალაქს გადასახლდა. ცხოვრებამ ასე მოიტანა. გაჭირვებული ახალგაზრდების მეტი წილი დაიფანტა - ზოგი საზღვარგარეთ და ზოგი - სად. ზამთრისთვის შეშა არ მაჭრათო. არცა გვაქვს. თუ ცუდი ზამთარი დაგვიდგა, რაღა გვეშველება?
ვაქირში მშრომელი ხალხი ცხოვრობს. მაგრამ ახლა ახალგაზრდობა დასაქმებული არ არის. ეს ბარი და თოხი კიდევ აღარავის უნდა. ვინც სოფელშია, გართობასა და ღვინის სმაზეა გადასული. მაგით, აბა, მომაგრება შეიძლება?
ვაქირში უფრო მეტი - ბაზერაშვილები, ნანობაშვილები, ყოჩაშვილები ცხოვრობენ. მე ბეიტრიშვილი გახლავართ. წინათ ცოტა ზევით ვცხოვრობდით, ამ უბანს ბერტრიანებს ეძახდნენ.
- ვაქირი რატომ ჰქვია თქვენს სოფელს?
- ჩვენს ქვეყანაში არაბები მდგარან სამასი წელიწადი, მერე მონგოლები, მერე რუსების ხელში ვიყავით. მონგოლების დროს სოფელი განადგურებულა. იმათ სინანულით უთქვამთ - ვაიქი-ო. მას შემდეგ სოფელს ვაქირი დაერქვა.
სოფელში იოანე ნათლისმცემლის ტაძარი გვაქვს. ჩემს ბავშვობაში აქ საწყობები იყო.
მონაზონ მარიამ ტურიაშვილის ცხოვრება
ვაქირის იოანე ნათლისმცემლის ტაძრის ეზოში ერთი გამორჩეული საფლავია. მამა თეიმურაზმა მითხრა, - აქ, დედა მარიამი განისვენებსო. დავინტერესდი და დედა მარიამის ოჯახს ვესტუმრე. მისმა რძალმა, მარინე პეტრიაშვილმა გვიმასპინძლა. ვთხოვე, რაც შეიძლებოდა მეტი ეამბნა დედამთილზე.- ერობაში ის იყო ქრისტინე იასეს ასული ტურიაშვილი. სამი შვილი გააჩინა - ჟუჟუნა, ირაკლი და ავთანდილი. სამივე დაოჯახებულია და ყველას კარგი მოდგმა ჰყავთ. უფალმა დაინახა, თუ რამხელა მადლი ტრიალებს ჩვენი ოჯახის გარშემო. დედა მარიამის ერთი შვილი დაბადებულია იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დროს, მეორე - ნათლისღების დღეს. თავად დედა მარიამი ძალიან სათნო პიროვნება გახლდათ. მე 16 წელი ვიცხოვრე მის გვერდით. სულ ჩემზე ფიქრობდა, - რამდენს წვალობ და რამდენს შრომობო.
ჩემი დისშვილი კობა კობაიძე ძალიან ურჩი, თავისებური ბავშვი იყო. ერთ დღეს ურბნისისა და რუისის ეპარქიაში, მონასტერში წავიდა. იქ მეუფე იობს უნახავს. მერე გვეწვია. დაწვრილებით გამოგვკითხა ჩემი დისშვილის ამბავი და გვითხრა, მინდა ვიშვილოო. ჩემს დედამთილს დიდხანს ესაუბრა. ოთხშაბათ-პარსკევს მარხვას ვინახავო, - პასუხობდა მეუფეს. სტუმრები გავაცილეთ. ერთი კვირის მერე კობამ დამირეკა - მეუფეს ხილვა აქვს, - ეს მოხუცი მონაზვნად უნდა აღიკვეცოსო. ჩემმა დედამთილმა გაიხარა... 81 წლისა ბოდბის მონასტერში დიდ სქემაში აღკვეცეს აღდგომის მესამე დღეს. ისეთი გაცისკროვნებული სახე ჰქონდა, განცვიფრებული დავრჩით. ყველამ დაუჩოქა და დალოცვა სთხოვეს. მეუფე იობმა მითხრა, - ქალბატონო მარინე, დაემხეთ მის წინაშე, ყველაზე დიდი ძალა მას ახლა აქვსო. მუხლები თითქოს მომწყდა. ამ დროს მოვიდა წნორის ტაძრის მოძღვარი დავით გრიგალაშვილი და ისე მიესიყვარულა, გაოცებულები დავრჩით. აღკვეცის დღიდან მისი საქმე მხოლოდ ლოცვა იყო. ხალხიც სთხოვდა ლოცვებში მოხსენიებას.
დედა მარიამი აღკვეციდან სამი წლის შემდეგ გარდაიცვალა. მეუფე დაკრძალვაზეც მობრძანდა, ორმოცზეც.
ისეთი ადამიანი იყო, ჭიანჭველასაც არ დაადგამდა ფეხს. მთელ სოფელში მისი ნაწყენი არავინ დადის. თავისი ცხოვრებით ყველას მაგალითს აძლევდა. დედაოს სიცოცხლეშივე სურდა ბოდბის დედათა მონასტრის ეზოში დაკრძალულიყო, მაგრამ...
- აღკვეცის შემდეგ შეეცვალა ხასიათი?
- ყოველთვის ცდილობდა, სხვას ელაპარაკა, თვითონ კი მხოლოდ მოესმინა. სულ კითხულობდა მეუფის ჩამოტანილ წიგნებს, წმინდანთა ცხოვრებას. ყველაფერი აინტერესებდა, რაც უფლის გარშემო ტრიალებდა. ცუდად შეიქნა და თბილისში წავიყვანეთ. ამ დროს ეზიარა კიდეც. იმდენად კარგად იმოქმედა ზიარებამ, რომ საწოლიდან წამოდგომა შეძლო. დედაოს სიცოცხლეშივე სურდა, ბოდბის მონასტერში დასაფლავებულიყო, მაგრამ... ზიარებიდან სამი თვე იცოცხლა.
წნორი
წნორში წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა დავით გრიგალაშვილი გავიცანი. მიამბო:- საფარის მამათა მონასტერთან არსებულ სასულიერო სემინარიაში ვსწავლობდი. მონასტერში ხუთი წელიწადი ვცხოვრობდი. 22 წლისა დავოჯახდი. ჩემი და, დედა ბარბარე აბასთუმნის დედათა მონასტრის იღუმენიაა. ოჯახიდან ერთ-ერთი მონასტერში უნდა წასულიყო. როგორც გვარის გამგრძელებელი, ჩემმა მოძღვარმა, მეუფე სერგიმ მაკურთხა, - დაოჯახდიო. ეს ამბავიც ძალიან მოულოდნელად მოხდა. ერთხელაც მცხეთაში წავედით მე და ჩემი მომავალი მეუღლე. ჩვენ მეგობრები ვიყავით. მამა გაბრიელმა (ურგებაძე) როგორც კი გვნახა, გვაკურთხა, - უნდა შეუღლდეთო. მართლაც, ორ დღეში ჯვარიც დავიწერეთ. ოთხი შვილი გვყავს და მადლობას ვწირავ ღმერთს ყველაფრისთვის ბოდბის ეპარქიის მღვდელმთავრის მეუფე თეოდორეს კურთხევით, წნორში ახალაშენებული წმინდა ილია მართლის ტაძრის მოძღვარი გავხდი. ახლა ვწირავ ბოდბისხევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, ასევე წმინდა ნიკოლოზის ტაძარში. სოფელ მაშნაარში შევაკეთეთ წმინდა სამების ტაძარი და ყოველ შაბათს იქ ვატარებ მსახურებას, წნორში მეორე მოძღვარიც ვაკურთხეთ, - მამა თეიმურაზი. პერიოდულად ბოდბის მონასტერშიც ვწირავ.
- როგორია აქაურების დამოკიდებულება სასულიერო პირის მიმართ?
- ხალხს უჭირს ფიზიკურადაც და სულიერადაც. ეკლესიაში სულიერ სიმშვიდეს ხედავენ. ღმერთს თუ ერთგულებას დაანახებ, ჭირშიც და ლხინშიც, ის არასდროს მიგატოვებს. მოხუცები დადიან ტაძარში. 90 წლის მრევლის წევრიც გვყავს და ერთ წირვა-ლოცვას არ აცდენს. მეუბნება ხოლმე, - შვილო, კარგად წამისვი ზეთი, ცოტა თვალთ დამაკლდაო. რწმენა უბრუნდებათ აქაურებს.
- ტაძარში ძალიან ბევრი გაჭირვებული მოდის, რომლებსაც პურის ფული, შეშა არ აქვთ. სოფელში ბევრს შუქი არ აქვს გადაუხდელობის გამო და ლამპის სინათლეზე ცხოვრობს. როგორც შეგვიძლია, ხელს ვუმართავთ. დიდი ღვაწლის შემდეგ, ბევრი მამაკაცი მოვიდა ეკლესიაში და მათი დახმარებით გაჭირვებულ მრევლს ვეხმარებით. შეშა მიგვაქვს, ფქვილი, სასმელიც და საჭმელიც. არ ვაგრძნობინებთ მარტოობას. ეს ქრისტიანული და ღვთიური ვალია მოყვასისადმი დახმარება.
- მამაო, მოძღვრისა და სულიერი შვილის მოვალეობა რაში მდგომარეობს?
- მოძღვარმა კარგად უნდა იცოდეს სულიერი შვილის მდგომარეობა. უსიტყვო ურთიერთობებიც კი შეიძლება დამყარდეს მათ შორის. მოძღვარს ბოლომდე უნდა გაუხსნა გული. თუმცა, მათ შორის ზღვარი არ უნდა წაიშალოს. ზოგი ისე გაუშინაურდება მოძღვარს, რომ "დამლოცეს" მაგივრად "გამარჯობას" ეუბნება. ლოცვითი კავშირი არ უნდა გაწყდეს მოძღვარსა და სულიერ შვილს შორის. პატარა მიზეზის გამო სულიერი შვილი ეკლესიიდან არ უნდა გაუშვას მოძღვარმა.
- მამაო, თქვენ წნორში ბავშვებს რელიგიასაც ასწავლით?
- დიახ. ძალიან საინტერესოა სკოლაში ბავშვებთან ურთიერთობა. ამ სკოლა-ლიცეუმში კვირაში ერთი დღე მაქვს ბავშვებისთვის დათმობილი. აღსარების დონეზე ვსაუბრობთ ვაჟებთან და გოგონებთანაც. წირვა-ლოცვას არ აცდენენ ბავშვები და მასწავლებლებიც, რაც ძალიან მახარებს ხოლმე.
მეუფე დავითის კურთხევით, დავაარსეთ ტაძართან არსებული ედიშერ გარაყანიძის სახელობის ხალხური სიმღერების ანსამბლი "ამერ-იმერი". აქ ვასწავლით ხალხურ სიმღერებსაც და საგალობლებსაც. ბავშვები წირვა-ლოცვაშიც მონაწილეობენ.
ღირსი სტეფან ხირსელის მამათა მონასტერი
ეს მონასტერი, რომელიც სოფელ ტიბაანში მდებარეობს, ათცამეტ მამათაგანმა, წმინდა სტეფანემ VI საუკუნეში დააარსა. აქვე განისვენებენ მისი წმინდა ნაწილებიც.ხირსის მონასტრის წინამძღვართაგან განსაკუთრებით ცნობილია წმინდა ეპისკოპოსი იოანე მანგლელი, გვარად სააკაძე, რომლის წმინდა ნაწილები განისვენებენ სიონის საკათედრო ტაძარში. ამ მღვდელმთავრის ნაწილებიანი მცირე ხატი ამჟამად ინახება ანჩისხატის ტაძრის საკურთხეველში.
მონასტრის დასავლეთით მაღალი გალავანია, რომელიც შეუკეთებია კახეთის მეფე ლევანს. აქვეა სამრეკლო, რომელიც იღუმენ ალექსანდრეს (საყვარელიძე) აუგია. მონასტრის ეზოში, ტაძრის წინ ყოფილა კოდის წყარო.
მონასტრის ეზოში მარანი აუშენებია წინამძღვარს, არქიმანდრიტ ლეონიდეს. აქვეა საწინამძღვრო ორსართულიანი სახლი.
მონასტრის დღესასწაული 27 დეკემბერს აღინიშნება. მონასტრის წინამძღვარია მღვდელ-მონაზონი ლაზარე.
- მონასტერში ერთი ბერი და ორი მორჩილი ვცხოვრობთ. ერთი - იოანე, სამორჩილეა, - გვითხრა კეთილმოწესემ, მორჩილმა გურამ ბოლღაშვილმა. - როგორც ყველგან, აქაც იმავე ტიპიკონით ვმსახურობთ. ყოველ შაბათ-კვირასაც აღევლინება ღვთისმსახურება.
მონასტრის წინამძღვარი კიდევ სხვა ტაძრებშიც წირავს. ქვემო მაჩხაანის წმინდა სამების ტაძართან არსებული დედათა მონასტრის წინამძღვარიცაა და ბოდბის მონასტრის მოძღვარიც. რაც შეეხება მონასტერს, თანდათან დაეტყო კეთილდღეობა. საფლავის ქვები მოწესრიგდა. სამრეკლო გაკეთდა, სატრაპეზო მთლიანად შეიცვალა. გადაიხურა ტაძარი. ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება.
- თქვენს მორჩილებაში რა შედის?
- მე ტრაპეზარი ვარ, მეორე მორჩილი იგორი, მესანთლეა. წყალი არ გვაქვს მონასტერში და მისი მოზიდვაც გვაკისრია.
- პირველი მორჩილი თქვენ ბრძანდებოდით? - ვეკითხები მორჩილ იგორს.
- თავიდან ორნი ვიყავით. ზაზა, ახლა მღვდელ-მონაზონი იოანე (გვაჯაია). მერე გავმრავლდით. მათგან მხოლოდ მე დავრჩი ხირსაში. მადლობა უფალს, რომ მონასტერში მიმიყვანა. მინდა ყველას ვთხოვო, ვისაც ჯერ არ დაუწყია ეკლესიური ცხოვრება, მივიდნენ ეკლესიაში და უფლის გზას შეუდგნენ.