ბოლო დროს გლეხებისგან ხშირად გაიგონებთ, ქალაქში გამოზამთრება უფრო გაადვილდა, სოფელში შეშასაც ცეცხლის ფასი დაედოო... მომავალი ზამთრისთვის თურმე გაზაფხულიდანვე იჭერენ თადარიგს. ღმერთმა ხელი მოუმართოთ, ღმერთმა ქნას, ყველაფერი ისე იყოს, როგორც ქართულ ზღაპრებში: ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა...
ვგონებ, სიტყვა გამიგრძელდა, ნუნისზე თხრობაც შემიგვიანდა.
ნუნისი ერთ-ერთი იმ სოფელთაგანია, რომელსაც ლხინზე მეტი ჭირი ერგო.
ხარაგაულის რაიონის ამ პატარა მთაგორიან სოფელში სულ ოციოდე კომლი სახლობს. მათი მძიმე ყოფა არავის აღელვებს. ნუნისელების მთავარი საარსებო წყარო მეცხოველეობაა. ცოტა სიმინდი მოჰყავთ, ცოტა - ლობიო და ასე გადის წლები... აქ სკოლაც კი არ არის და ნუნისელ ბავშვებს სამი კილომეტრის იქით, სოფელ ზვარეში უხდებათ სიარული.
დღევანდელი ნუნისი ზღვის დონიდან დაახლოებით 750 მეტრზე მდებარეობს. ძველი ნუნისი, დღეს ნასოფლარად რომ ქცეულა, უფრო მაღლაა. ძველი ნუნისის მკვიდრნი გასაჭირს სახლ-კარიდან აუყრია და ქვემოთ ჩამოუსახლებია. აქაურები წინაპართა ნაფუძარს მაინც ვერ ელევიან, პატრონობენ, მიწას ამუშავებენ.
ნუნისს პატარა მდინარე ზვარულა ჩამოუდის. სოფელი საუცხოო ჰაერით და მინერალური წყაროებით არის ცნობილი. ამიტომ არის, რომ ნუნისს ზაფხულობით უამრავი დამსვენებელი სტუმრობს. ნუნისელები მოაგარაკეებს ხან ოთახს მიაქირავებენ, ხან თავიანთი ხელით მოწეულ სურსათს სთავაზობენ და სულს ითქვამენ.
ახალგაზრდობა ნუნისში თითქმის არ არის - მკაცრი ზამთრისა და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების გამო სოფელში აღარავის უჩერდება გული.
***
დიდი სოფელი ყოფილა ძველი ხარაგაული. კოხტა ოდა სახლების გვერდით ფართო ქარვასლები და ხანაგები მდგარა. მაშინ წერეთლები წერეთლობდნენ და აბაშიძეები აბაშიძეობდნენო... სოფელში მარიამ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ყოფილა, სამხრეთით, მცირე ხნის სავალზე - ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერი, დასავლეთით კი, ტყიან მთაზე, ახლაც ნახავთ ლიხის წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევებს.აქაურებს წმინდა გიორგის დიდი სასოება აქვთ. ლიხის ქედზე, ზვარეში, სოფელ ჩრდილის თავზე, კაოთში - ყველგან არის დიდმოწამის სახელობის სალოცავი.
ბატონმა დავით ლომსაძემ მითხრა, რომ სამი წლის წინ აქ უცხოელები ყოფილან და ხარებით ორი ვიწრო და გრძელი ნავი ამოუტანიათ. ძველისძველი ჩანაწერები და რუკები ჰქონიათ, საიდანაც ირკვეოდა, რომ მათი წინაპრები ზღვიდან რიონს ამოჰყოლიან, მერე აქეთ გამოუგრძელებიათ გზა, ლიხის ქედზე გადასულან და მტკვარს კასპიის ზღვამდე ჩაჰყოლიან ცურვით. ესენიც წინაპართა გზას გამოჰყოლიან. ბატონი დავითისთვის მეგზურობა უთხოვიათ. ხარაგაულის ნასახლარები მოუვლიათ. აქ წმინდა მარიამის ეკლესია უნდა იყოსო, უთქვამთ. თურმე მათი წინაპრების ნაწილი აქ მონათლულა მართლმადიდებლად.
ზვარელი იური შატბერაშვილისგან შევიტყვე, რომ მისი წინაპრები ეკლესიის მსახურები ყოფილან. მამამისი, ბავშვობიდანვე თეთრი სტიქარით შემოსილი, თურმე ეკლესიაში იზრდებოდა. "ჩვენი მოგვარეები კავთისხევშიც სახლობენ. დიდი პაპისგან გამიგია, რომ ადრე შატბერდაშვილები ვყოფილვართ. ტაო-კლარჯეთიდან გადმოვხვეწილვართ. ერთი შტო მტკვრის გასწვრივ, კავთისხევში დასახლებულა, ხოლო მეორე - აქ, ზვარეში".
ძველ ნუნისში ღვთისმშობლის შობის სახელობის უძველესი ტაძარია შემორჩენილი. რამდენიმე წელია, აქ სამონასტრო ცხოვრება აღორძინდა. მეუფე ვახტანგის ლოცვა-კურთხევით, ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტერს ბერ-დიაკვანი მამა პავლე წინამძღვრობს.
ღვთისმშობლის ეკლესიას რესტავრაცია სჭირდება. მამა პავლეს თქმით, ტაძრის სარკმლებიდან და ძველი სახურავიდან ჩამოსული წვიმის წყალი ინტერიერს აზიანებს და შემორჩენილ ფრესკებსაც განადგურებას უქადის.
ღვთისმშობლის შობის ტაძარი ეპარქიაში ყველაზე დიდია. წინათ მოხატულიც ყოფილა. ამჟამად მხოლოდ ერთი ფრაგმენტია შემორჩენილი დასავლეთის სვეტზე. წინათ ტაძარი ქონგურებიანი გალავნით ყოფილა შემოზღუდული. გადმოცემით, ის ომარ ხანის შემოსევისას აუოხრებიათ. მას შემდეგ გუმბათის აღდგენა აზრადაც არავის მოსვლია.
მონასტრის წინამძღვარი ყოველ ღონეს ხმარობს, რომ ხმა მიაწვდინოს ადამიანებს, ვისთვისაც ღვთის სიყვარული უმთავრესია და მათ დახმარებას ელის.
მამა პავლე, ერისკაცობაში - ალექსანდრე მაჩიტაძე, წარმოშობით ხარაგაულის რაიონის სოფელ ვარძიიდან გახლავთ.
- ბერად აღკვეცის შემდეგ მეუფე ვახტანგმა არჩევანის საშუალება მომცა, - მიამბობს მამა პავლე, - ან ძევრისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მემსახურა, ანდა აქ, ნუნისში. ძევრისი მომეწონა, მაგრამ ბერული ცხოვრებისთვის აქაურობას ვერაფერი შეედრება. ეს ძველისძველი კუთხე სულიერებით სუნთქავს. მდინარის გაღმა, მინდორში, ეკლესიის ნანგრევებია. ხევთან, დიდი ნაძვი რომ მოჩანს - ნაეკლესიარია. აგერ იქ, ბერების კლდეზე, კლდეში ნაკვეთი სენაკებია. აი, იმ თოვლიან მთას დედაბერას ეძახიან. ბერთა სამყოფები იქაც ყოფილა, ზღვის დონიდან 1800 მეტრზე. ამიტომაც შეურქმევიათ დედაბერა - ბერების დედა და შემფარებელიაო. ღვთისმშობლის ეკლესიის შემოგარენის გაწმენდის შემდეგ ერთ-ერთ ფერდობზე, თელის ფესვებში, ორი დიდი ქვაბული გამოჩნდა, მათ ქვემოთ, ტყეში კი - შენობის ნანგრევები. სავარაუდოდ, იქ არქიმანდრიტის რეზიდენცია უნდა ყოფილიყო.
სასულიერო სემინარიაში ჩაბარებამდე ვარძიაში, მამა იაკობ აბაშიძესთან ვიღებდი სულიერ საზრდოს. სემინარიაშიც მისი ლოცვა-კურთხევით ჩავაბარე, მაგრამ მხოლოდ ერთ წელიწადს გავძელი - მონასტრისკენ მიმიწევდა გული. ტაბაკინის მამათა მონასტრის იღუმენს, მამა იაკობ ჭოხონელიძეს დავუკავშირდი და ხუთი წლის განმავლობაში მასთან ვიცხოვრე. ძმობას მონასტრის აღდგენაში ვეხმარებოდი. შემდეგ მეუფე ვახტანგმა დამიბარა და შემომთავაზა, თერჯოლის რაიონში მდებარე ძევრისის წმინდა გიორგისა (ახლა ის ჩვენს ეპარქიას ეკუთვნის) და ნუნისის ღვთისმშობლის შობის ტაძრები მომენახულებინა. მანამდე ნუნისი თვალით არ მენახა, მხოლოდ ზვარეში ვიყავი ნამყოფი. ორივე ეკლესია ვინახულე, სამოღვაწეოდ ნუნისი უფრო მეტად მომეწონა და აქ დავრჩი.
პირველად რომ ამოვედი, აქაურობა ისე იყო გატყიურებული, ვიდრე ზედ არ წავადექი, ტაძარი ვერ დავინახე. დღეს რა შედარებაა - გასუფთავებული და მოვლილია. როგორც შეგვიძლია, ვაწესრიგებთ. იმედი გვაქვს, თანდათან, უფლის შეწევნით, ძმობაც შემოგვიერთდება. დრო ვერ ავაჩქარე, რომ რაღაც დავატყო აქაურობას, ელემენტარული პირობები მაინც შევქმნა - ამ ზამთარს მეტრ-ნახევარი თოვლი დადო და ჩვენს ფინურ სახლში, როგორც გარეთ, ისე ყინავდა.
გარშემო ტყე ნადირით არის სავსე. ერთხელ მდინარესთან სამი დათვი დავინახეთ, ამ ზამთარს კი მგლებისგან დამფრთხალი შველი მოგვადგა. მელიებს და ტურებს თითქმის ხელით ვაჭმევთ საჭმელს. ღამით მგლების ყმუილი ისე ახლოს ისმის, თუ მაგარი გული არ გაქვს, ადვილად ვერ გაუძლებ.
მამა პავლე ტაძრის ისტორიას მიყვება. თურმე დავით აღმაშენებელს ერთხელ ლიხის ქედზე გაავდრებია და ამ მონასტრისთვის შეუფარებია თავი.
- ტაძარი ჩემს ჩამოსვლამდე მრავალი წლის განმავლობაში მიტოვებული იყო, თუმცა დროდადრო მოდიოდნენ მოძღვრები, პარაკლისებს იხდიდნენ, უფალს ადიდებდნენ. რამდენიმეჯერ ყოფილა მამა გრიგოლიც (აბულაძე), ამჟამად - მეუფე სპირიდონი. ახლა აქ წირვა-ლოცვას მებოძირის წმინდა გიორგის ტაძრის მოძღვარი მამა მირიანი აღავლენს.
ნუნისის მონასტერი, მეუფე ვახტანგის ლოცვა-კურთხევით, 2006 წლის 5 ივლისს გაიხსნა. რამდენიმე თვეში მეუფეც გვესტუმრა, ტაძრის აღდგენისა და სამონაზვნო ცხოვრების დაწყების ლოცვა-კურთხევა მოგვცა.
- ამჟამად მონასტერში რა-მდენი კაცია?
- ხუთნი ვართ. მორჩილი ბესარიონი დიდი ხანია მონასტერშია. ამ ხნის განმავლობაში გვერდიდან არ მომშორებია, ჩემი არყოფნისას მარტოც გასძღოლია მონასტერს. გვყავს მეორე მორჩილიც - შავლეგ ბოჭორიშვილი. თუ მოისურვა და ღვთის ნებაც იქნა, ჩვენთან დარჩება.
მორჩილი ბესარიონი, მამა პავლე, ბესარიონის ძმა გიორგი და შავლეგ ბოჭორიშვილი
შენობა, რომელშიც მონასტერმა დაიდო ბინა, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის შენობის გვერდით დგას. პარკის დირექტორს, ტარიელ ხინჯაკაძეს, მონასტრისთვის დიდი დახმარება გაუწევია.
- ამ კეთილშობილმა ადამიანმა უფლება მოგვცა, ვიდრე საკუთარი საცხოვრისი გვექნება, აქ, პარკის ტერიტორიაზე მდებარე ამ შენობაში ვიცხოვროთ. დიდად მადლიერი ვარ მისი, თუმცა, ცოტა არ იყოს, გაგვიგრძელდა სტუმრობა, - ამბობს მამა პავლე.
- სოფელი თუ გეხმარებათ?
- ხის მოჭრა იქნება, დახერხვა თუ ქვის მოზიდვა, ნუნისელები მუდამ მხარში გვიდგანან, თუმცა არც მათ ულხინთ. უმთავრესად მაინც მე და მორჩილი ბესარიონი ვმუშაობთ. რამდენიმე თვეა, დამხმარეებიც მოგვივიდნენ - ბესარიონის ძმა გიორგი ჯინჭარაძე და შავლეგ ბოჭორიშვილი.
როგორ შეიძლება, მადლიერებით არ მოვიხსენიო ამ სოფლის მკვიდრი თემურ განჩხაშვილი და მისი ოჯახი - მონასტერში საზრდო რომ შემოგვაკლდებოდა, ვინ მოთვლის, რამდენჯერ დავუპურებივართ... საეკლესიო ნივთების შეძენისას დიდი დახმარება გაგვიწიეს ბატონებმა დავით მორჩილაძემ და გოჩა დავლიანიძემ. მონასტრისთვის ფუტკრის ძებნაში ბატონი გიორგი მემანიშვილი შეგვეწია. აი, ეს ტრაპეზის ქვა ქობულეთიდან მამა კირიონ ფერაძემ შემოგვწირა. დიდად შეგვეწივნენ დეკანოზი დავით შარაშენიძე, მამა მიქაელ გვარამაძე, დიაკვანი გიორგი თიკანაშვილი. ლუარსაბ ტოგონიძემ ჩვენი მწირი ყოფა გაზეთ "საპატრიარქოს უწყებანში" აღწერა.
მონასტერი ძირითადად შემოწირულობებით საზრდოობს. ბუნებრივია, ამ მცირე შემოწირულობებით ცხოვრება გაუჭირდება. თუ ღვთისნიერი ხალხი უფრო მეტ თანადგომას გაგვიწევს, მადლობელი ვიქნები.
გვინდა, ვენახი გავაშენოთ და ზიარებისთვის საბარძიმე ღვინო თავად დავწუროთ. სოფელმა მცირე მიწის ნაკვეთი გვაჩუქა და იმედია, სურვილს ავისრულებთ.
ნუნისში მორწმუნე ხალხი ცხოვრობს. რწმენა უფრო მეტად გაუღვივდებათ, როცა წირვა-ლოცვას დაესწრებიან, მოძღვარს აღსარებას ჩააბარებენ და წმინდა ზიარების სულისა და ხორცის მაკურნებელ ძალას მიიღებენ. იმედი მაქვს დედაეკლესიის და ღვთისმშობლის, რომელიც შეეწევა ჩვენს მონასტერს, სოფელ ნუნისს. ვსასოებ, მისი ლოცვა-კურთხევით, მისი მადლით საერო და სასულიერო ცხოვრება ღვთივსულიერად წარიმართება.
მორჩილი ბესარიონი მამა პავლეს მარჯვენა ხელია. კარგად იცის ხეზე ჭრა და უმშვენიერეს ჯვრებს ამზადებს.
- აღდგომის ღამეს, ანთებული სანთლებით ტაძარს გარშემო ვუვლიდით, - ჰყვება იგი, - სარკმლიდან სინათლის სვეტი გამოდიოდა. ვიფიქრე, ალბათ ტაძარში ვიღაც დგას და ფარნით ანათებს-მეთქი, მაგრამ ყველანი გარეთ ვიყავით. ნათლის სვეტი და ხელისგულისოდენა ვარსკვლავი დილამდე ციმციმებდა ტაძრის თავზე.
საუბარში მამა პავლე ჩაერთო:
- გაღმა, ბერების კლდის თავზე, დროდადრო ვარდისფერი ღრუბელი ლივლივებდა ხოლმე. რაც წმინდანთა ძვლებს ხელი შეავლეს, მას შემდეგ აღარავის დაუნახავს.
- დაგვლოცეთ, მამაო...
- ღმერთმა დაგლოცოთ. შეგეწიოთ ყველა წმინდანის მადლი. დიდი მადლობა "კარიბჭეს", რომ ჩვენი სატკივარი და სათქმელი მკითხველთან მიიტანა.