სახელწოდება "ბორჯომს" პირველად მოიხსენიებს თურქების მიერ შედგენილი "გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი" - თურმე ახალციხის მახლობლად, ჭაჭარაქის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდასთან ყოფილა ხუთკომლიანი სოფელი ბორჯომი.
დღევანდელი ბორჯომის ტერიტორიაზე, ნუას გარდა, ადრეულ საუკუნეებში ჩანს კიდევ რამდენიმე დასახლებული პუნქტი: 1392 წლის ქართლ-კახეთ-მესხეთის საკათალიკოსო მამულების გუჯარში მოხსენიებულია "ძაღლაანი" და "ფაფანი", ფაფა შემდეგი დროის საბუთებშიც გვხვდება, იგი დღევანდელი "ახალი უბნის" ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყო. ძაღლაანმა "ძაღლთა უბნის" სახელით დღემდე მოაღწია. ეს სოფელი აწინდელი ავტოსადგურის ახლოს, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე უნდა ვივარაუდოთ. XVI საუკუნიდან ასევე იხსენიება "ჭალა". ეს სოფელი გაშენებული უნდა ყოფილიყო დღევანდელი ბორჯომ-ლიკანის ტერიტორიაზე. "გოგიას სოფელი", როგორც სახელიდან ჩანს, ალბათ "გოგიას ციხის" მახლობლად იყო. სოფელი ეშმაკთუბანი კი, ვახუშტი ბაგრატიონის აღწერით, ნუას ქვემოთ, ყვიბისის თავზე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზეა საგულვებელი.
ბორჯომის ტერიტორიას შუა საუკუნეებში მოხერხებული სტრატეგიული მდებარეობა ეკავა. აქედან გადიოდა უმოკლესი გზები ქართლში, სამცხე-ჯავახეთში და ბილიკები - იმერეთში. ამ გზების სათანადო მოვლა-დაცვა რამდენიმე ციხეს ევალა. მათ შორის ერთ-ერთი იყო გოგიას ციხე, თავს რომ დაჰყურებს დღევანდელ ბორჯომს. ბორჯომ-ლიკანის გასწვრივ, მაღალი სერიდან ქალაქს პეტრეს ციხე დაჰყურებს. სალ კლდეზეა აშენებული სალის ციხე, საიდანაც კარგად მოჩანს პეტრეს, დაბისა და გვირგვინას ციხეები.
ხეობა და ციხეები გვიან ფეოდალურ ხანაში თავად ავალიშვილებს ეკუთვნოდათ. ისინი გარეშე მტრისა და თვით ავალიშვილებს შორის ატეხილი არაერთი ბრძოლის მოწმენი ყოფილან.
გოგიას ციხე
XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ახალციხის საფაშოს ხელშეწყობით ლეკ მარბიელთა მუდმივმა თავდასხმებმა შეუძლებელი გახადა ხეობაში ცხოვრება. ამის გამო ავალიშვილები, თავიანთი ყმა-გლეხებით, აიყარნენ და შიდა ქართლში, ბრეთში გადასახლდნენ. 1844 წელს კავკასიის მეფისნაცვლად დაინიშნა მიხეილ ვორონცოვი, რომელმაც საზაფხულო რეზიდენციად ბორჯომი აირჩია, იზრუნა კიდეც მის კეთილმოსაწყობად. მინერალური წყლების ტერიტორიაზე და მის მაღლა, პლატოზე, პარკები გააშენეს.
1862 წელს კავკასიის მეფისნაცვლად დანიშნეს დიდი მთავარი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი, რუსეთის იმპერატორის, ალექსანდრე II-ის ძმა. მას ძალიან მოსწონებია ბორჯომი და აქ მავრიტანული სტილის დიდებული სასახლე აუშენებია. სასახლის გახსნის ზეიმზე იმპერატორიც მოუწვევია. აქაურობით ნასიამოვნებ და მეფისნაცვლის ერთგული სამსახურით კმაყოფილ იმპერატორს ბორჯომის მამული, თავისი ტყეებითა და მინერალური წყლებით, სამუდამო მემკვიდრეობის უფლებით ძმისთვის უბოძებია.
***
ბორჯომის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლებისა და ხალხური გადმოცემების შესახებ ბორჯომის მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი ბელა პაპიძე გვიამბობს: - თანამედროვე ბორჯომის ტერიტორია ისტორიული სამცხის ნაწილი იყო, კულტურის კურთხეული კერა. დღესაც ყოველ ნაბიჯზე გვხვდება დიდებული ძეგლი. ხეობათა სიღრმეში - მთებში, ტყეებში ოდესღაც მნიშვნელოვანი სამონასტრო ცენტრები ან ციხე-ქალაქები იყო. ბორჯომის ხეობაში 200-ზე მეტი ისტორიული ძეგლია, მრავალი ციხე-კოშკის ნანგრევი მეტყველებს მხარის ძნელბედობაზე.
მტკვრის აყოლებით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ყვერბლის ანუ პეტრეს ციხე, როგორც ვახუშტი ბატონიშვილი წერს, "ფრიად მაგარი და შეუვალი მტრისაგან". იგი მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მაღალი მთის კონცხზეა. ლიკანის ხევის გამოღმა, იქ, სადაც ხეობა ვიწროვდება, შემორჩენილია ციხის ნანგრევები. იგი დიდი ზომის თავდაცვითი ნაგებობა ყოფილა და გოგიას ციხესთან ერთად კეტავს მთელ მტკვრის ხეობას.
1811 წელს აქ დაბანაკდა ახალციხეს მიმავალი ლევან ბატონიშვილი - ერეკლე მეფის შვილიშვილი, მთიულეთის აჯანყების ხელმძღვანელი. ის რამდენიმე წელი ებრძოდა რუსეთს. ბოლოს ახალციხეში გადასვლა გადაწყვიტა უკვე იქ მყოფ იმერეთის მეფე სოლომონ II-სთან. ლევან ბატონიშვილი პეტრეს ციხეში მოკლეს ქართლში სათარეშოდ წამოსულმა ლეკებმა. სოლომონმა დაკრძალა აწყურს, "ეკლესიასა შინა".
გოგიას ციხე თითქმის ყველა ადგილიდან მოჩანს. იგი ბორჯომის ხეობის მფლობელის, ავალიშვილების საგვარეულო ციხე იყო.
***
ბორჯომის ხეობის ეკლესია-მონასტრებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მწიგნობრობისა და განათლების გავრცელების საქმეში. 20-იან წლებში, ბორჯომში, ამჟამინდელი სასტუმრო "თბილისის" შენობის ტერიტორიაზე, იდგა წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი, 300-400 მეტრის დაშორებით, ბორჯომის სასაფლაოზე XIX საუკუნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაა. 1923 წელს, გაზაფხულზე ბორჯომში ეკლესიები დაკეტეს, მღვდლები გაპარსეს... ღვთისმშობლის ეკლესია სასწაულით გადაურჩა დანგრევას. 1923 წელს, ხელმძღვანელი ორგანოების მითითებით, თურმე 10-15-მა კომკავშირელმა ეკლესიის გუმბათზე რკინის ჯვარს გამოაბა თოკი, მაგრამ ძვრა ვერ უყო. ჯვარი მხოლოდ გაიღუნა, თოკი გაწყდა და ყველა ფერდობზე გადაცვივდა...
წმინდა მარიამის ეკლესია 1989 წელს, მეუფე ანანია ჯაფარიძის თაოსნობით ამოქმედდა.
ბორჯომიდან სამი კილომეტრის დაშორებით გვხვდება ლიკანის მონასტერი. ამ ხეობაში ძველი მონასტრის ნანგრევებიცაა. მკაფიოდ ჩანს სამრეკლო აკლდამით და სენაკებით. სამრეკლოზე შემორჩენილი წარწერა გვამცნობს, რომ ის აუშენებიათ XIV საუკუნეში. აშკარაა, აქ მონასტერი ბევრად ადრე არსებობდა. ნასახლარ დღვანშის ხევში დარბაზული ტიპის წმინდა ნინოს ეკლესიის ნანგრევებია.
სოფელ ლიკანის დასავლეთით, ღელეში არის შუა საუკუნეებით დათარიღებული კოშკი, ღელის დარბაზული ეკლესია. ის საკმაოდაა დაზიანებული.
***
ბორჯომის ხეობას მამა ანდრიას (ტარიადინის) დახმარებით ვესტუმრე. რამდენიმე დღე ღვთისმშობლის ტაძართან, მამა ანდრიას მიერ დაფუძნებულ დედათა მონასტერში გავატარე. ტაძრის და მონასტრის წინამძღვარიც მამა ანდრია გახლავთ. ეს ეკლესია რომანოვებმა ააშენეს. აქედან ბორჯომის ულამაზესი ხედები იშლება....კვირა დილას მამა ანდრიამ წირვა ახალშენის ახალაგებულ ანდრია პირველწოდებულის ტაძარში აღასრულა. მრევლი საკმაოდ მოგროვდა, მაზიარებელიც ბლომად იყო.
ახალშენი, სადაც ეს ტაძარია აგებული, ბორჯომის ერთ-ერთი უბანია. ყველა შეამჩნევს, რომ აქ საოცრად შინაური გარემო სუფევს. ალბათ ამიტომაც ინება უფალმა ამ ადგილას წმინდა ანდრიას სახელობის ტაძრის დაფუძნება. ტაძარი უბნის ხელშეწყობით აიგო.
უბანში დიდი სიხარულით ხვდებიან ტაძარში მსახურების ჩატარებას. იქვე იმ ხალხს გავესაუბრე, ვისაც დიდი წვლილი მიუძღვის ამ საქმეში. ერთ სიგრძეზე გაყოლებულ სახლში რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. აივანი საერთო აქვთ. ერთი აქვთ ჭირიც და ლხინიც. ერთმანეთის ამბავს ნათესავზე მეტად ამ შინაურ გარემოში იზიარებენ. მეც შინაურულად მიმიღეს. ქალბატონი ნინო ლომსაძე ბორჯომის მეორე საჯარო სკოლის მშობლიური ენისა და ლიტერატურის პედაგოგია:
- წლების წინ ბორჯომში მხოლოდ ერთი ტაძარი გვქონდა, სასაფლაოზე მდებარე ღვთისმშობლის სახელობისა. მრევლიც არ იყო. რაც მეუფე სერაფიმე ჩამობრძანდა, მას შემდეგ დაიწყო მრევლის მატება, ეკლესიების შენება. მადლობა უფალს ყველაფრისთვის. დროულად აშენდა ანდრია პირველწოდებულის ტაძარი. სოფლებშიც ამოქმედდა ტაძრები, მსახურება მიდის მონასტრებში. მადლობა ღმერთს, თორემ მხოლოდ წმინდა ნიკოლოზის და ღვთისმშობლის ტაძრები ამდენ მრევლს ვერ დაიტევდა. აშკარად იგრძნობა ამ მხრივ გამოცოცხლება. მომრავლდნენ მონაზვნებიც, ბერებიც. ძალიან ბევრი მოსწავლე დადის ტაძარში, ეზიარება, ქადაგებებს ისმენს.
ჩვენს უბანში ანდრია პირველწოდებულის ტაძრის აშენებით ყველამ გავიხარეთ. ვერ გადმოგცემთ, ტაძარი ისეთი სიხარულით და სიყვარულით აშენდა. დიდი და პატარა - ყველა მუხლჩაუხრელად შრომობდა. მამა ანდრია დღედაღამ აქ იყო და ყველას მოგვიწოდებდა ლოცვისკენ, რათა მალე აშენებულიყო ტაძარი. ტაძრის მშენებლობაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის თამარ ყანდარელს, რომელიც მშენებლებს ტრაპეზს უმზადებდა, უვლიდა აქაურობას და დღემდე ყურადღებას არ აკლებს. როცა მიჭირს თუ მილხინს, ტაძარში შევდივარ და მაშინვე სიმშვიდე მეუფლება. ტაძარი არის ჩემი სულის მკურნალი.
მალე თამარ ყანდარელიც შემოგვიერთდა, ჩვენს ტრაპეზს თავისი ნახელავიც შემოამატა.
"როცა მამა ანდრიამ აქ ტაძრის აშენება გვირჩია, გაგვიხარდა, - მიყვება თამარი, - მოძღვრის კურთხევით, რამდენიმე კაცი მეუფე სერაფიმესთან წავედით, რათა მშენებლობის კურთხევა მოეცა. მეუფეს ძალიან მოეწონა და ასეთი რამ გვითხრა - ბევრ წინააღმდეგობას შეეყრებით და ამის ძალა და სახსრები თუ გაქვთო. შემდეგ, მამა ანდრიას რჩევით, შესაწირი ყუთით ჩამოვიარეთ ბორჯომის უბნები. პირველ ჩამოვლაზე 1200 ლარი მოვაგროვეთ. რამდენიმე დღის შემდეგ 3600 ლარი შეგროვდა. აი ასე, საშუალო ფენისგან შეკრებილი ფულით და შემოწირულობებით დაიწყო მშენებლობა. თითქმის მთელი უბანი მონაწილეობდა შენებაში. მამა ანდრიას კურთხევით, მუშებს ტრაპეზს ვუმზადებდი. გულწრფელად გეტყვით, 40 წლის ვარ, არც დალხინებული ცხოვრება მაქვს. როგორ, რა საშუალებით ვახერხებდი ამ გაჭირვებაში ტრაპეზის მომზადებას, დღემდე ვერ ვხვდები. უფალი და წმინდა ანდრია პირველწოდებული მაძლევდნენ ამის ძალას. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის".
ქვაბისხევის მარიამწმინდა
მამა ანდრია დაახლოებით ექვსი წელია, წინამძღვრობს ღვთისმშობლის ტაძარს და მის კეთილმოწყობაშიც დიდი წვლილი მიუძღვის. "ტაძრის მეზობლად ერთი ოჯახი ცხოვრობდა. ჩვენ შევიძინეთ ეს სახლი თავისი ეზოთი. ღვთის შეწევნით, ვცდილობთ, აქ დავაარსოთ დედათა მონასტერი", - ამბობს მამა ანდრია. ამჟამად აქ ცხოვრობენ მამა ანდრიას დედა, სქემმონაზონი ევგენია და მორჩილი თამარი.
- ვაპირებთ დიდი გალავნის, სენაკების აშენებას. ეზოში პატარა ბაზილიკური ტაძრის აგებას ვფიქრობ, რათა მონასტერი ხალხისგან დაცული და უფრო მყუდრო იყოს. მონასტრის გაძლიერებასთან ერთად, ვფიქრობთ, მონაზვნებს შევასწავლოთ ხატწერა. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. აქაური მოსახლეობა ძალიან თბილია. ყველანაირად გვიდგანან მხარში.
***
სოფელ ყვიბისის ახლოს ძველი მონასტერია, - ახსენა მოძღვარმა, - მას ბერების საყდარს ეძახიანო. ამ მონასტრის აღდგენა მამა ანდრიას ოცნებად აქვს ქცეული. შემაღლებულ ადგილას მდგარი მონასტერი ძნელად მისასვლელია და გზაც შეკეთებას მოითხოვს. ყვიბისის ტაძარი X-XI საუკუნეებშია აგებული. თითქმის მთლიანადაა დანგრეული. ტაძრის ნაწილი მომწვანო ფერისაა. ნაშენია სხვადასხვა ზომის უხეშად დამუშავებული ქვებით. ტაძარში ორი სტელა და კანკელის ფილა დევს. გარშემო გალავანი აქვს შემორტყმული.
ტაძრისის მონასტერი
ტაძრისს ჩამოუდის საკირის წყალი, რომელიც მტკვარს შეერთვის სოფელ დვირთან. სოფლიდან 2 კმ-ში მდებარე მონასტერს "ღვთისმშობელს" უწოდებენ, მას ჩამოუდის გურჯისხევის წყალი. ტაძრისის მონასტერი ამჟამად დანგრეულია. ის IX-X საუკუნეებით თარიღდება. "გიორგი მთაწმინდელის ცხოვრების" მიხედვით, აქ გიორგი მთაწმინდელის მშობლებს თავიანთი პირველი შვილი - 7 წლის თეკლა შეუწირავთ: "და წარიყვანეს იგი სამცხეს მონასტერსა სადედოსა, რომელსაც ტაძრისი ეწოდების". ტაძრისის მონასტერი სადგერის ეკლესია
პირმშო ძე გიორგიც შეუწირავთ - 7 წლისა ტაძარში გაუგზავნიათ. გიორგი აქ სამი წელიწადი ყოფილა. ათი წლისა წაუყვანიათ ხახულის მონასტერში. გიორგი მთაწმინდელის ყრმობისას, X საუკუნის დასასრულს, ტაძრისი უკვე დედათა მონასტერი ყოფილა.
ტაძრისი დიდი სოფელი ყოფილა. იგი შედგებოდა რამდენიმე უბნისაგან. თითოეულ უბანში ერთი გვარისანი ცხოვრობდნენ, ჰქონდათ თავიანთი პატარა ეკლესიაც. ამას მოწმობს ტაძრისის გარშემო არსებული ნასოფლარები, ჩაქცეული დარბაზებით და პატარა ეკლესიებით. აქვე ყოფილა დედათა მონასტერი და დიდი ციხესიმაგრე. თურქების ბატონობისას ტაძრისი გაპარტახებულა.
კვირიკეთი და ნეძვი
ორივე ნასოფლარში დარჩენილია ძველი მონასტრის ნანგრევები.ნეძვი ახალდაბიდან 10 კმ-ში, მდინარე ნეძურას ხეობაშია, რომელიც მტკვარს ახალდაბასთან შეერთვის. საკვირიკე კი ქვაბიხევის გაღმა, ჩითახევის სადგურთანაა.
ნეძვი და საკვირიკე დაარსებულია 840 წლის ახლო ხანებში. გრიგოლ ხანძთელის ნებართვით, ხანძთიდან თორში გადმოსულა მისი ორი მოწაფე, ქრისტეფორე და თეოდორე და აქ დაუარსებიათ მონასტრები: თევდორეს - ნეძვის სავანე, ქრისტეფორეს კი კვირიკესი.
ნეძვი კეთილმოწყობილი მონასტერი რომ ყოფილა, ამას მოწმობს გიორგი მთაწმინდელის ბიოგრაფია. ეს მშვენიერი და დიდებული ლავრა ბაგრატ IV-ს საცხოვრებლად გადაუცია 1060 წელს ათონის ლავრიდან ჩამოსული გიორგი მთაწმინდელისთვის.
კვირიკეწმინდა შედარებით უკეთ არის შემონახული. სცოდნიათ დღეობა "კვირიკობა". ყოველ ივლისს აქ სალოცავად მოდიოდნენ ბორჯომის ხეობის სოფლებიდან.
***
როცა მეუფე სერაფიმემ ბორჯომში ჩემი სტუმრობა შეიტყო, მამა ანდრიასთან მობრძანდა. ბორჯომის სასულიერო ცხოვრებისა და მრევლის ჭირიც და ლხინიც მეუფემ ყველაზე კარგად უწყის.
"ვიდრე ამ ეპარქიის მღვდელმთავარი გავხდებოდი, მანამდე აქ მოღვაწეობდნენ მეუფე სერგი (ჩეკურიშვილი), მეუფე ანანია (ჯაფარიძე). ეს იყო ურთულესი პერიოდი, კომუნისტების დრო, როცა სასულიერო პირს ქუჩაში გამოსვლაც კი ეშინოდა, ტაძრის აშენებაზე ხომ ზედმეტი იყო საუბარი.
1995 წელს ბორჯომისა და ჯავახეთის ეპარქიის მმართველად დავინიშნე. მაშინ მოქმედი იყო მხოლოდ ერთი, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, რომელიც 1870-იან წლებში ააშენეს ბერძენმა ხელოსნებმა, რომლებიც ამავე ტაძრის ეზოში არიან დასაფლავებულნი. მხოლოდ სამი სასულიერო პირი დაგვხვდა - დეკანოზი ისე (არხოზაშვილი), ცხონებული მამა ღვთისო (ხაჩიძე) და მამა ნიკოლოზი (კაპანაძე). დღეს 14 მღვდელი და ორი დიაკვანი გვყავს. ბორჯომის ხეობაში აშენებული და განახლებულია 32 ეკლესია (9 ახალია). შიგ ბორჯომში ხუთი მოქმედი ტაძარია. მეექვსე, წმინდა ბარბარეს სახელობისა, შენდება ლიკანში. 18-ათასიან პატარა ქალაქში ექვსი ეკლესია კარგის ნიშანია. ჩარხისწყალზეც ვაპირებთ ეკლესიის აშენებას. ბორჯომის პარკშიც შენდება ტაძარი. გვინდა დავაფუძნოთ ბიჭვინთის სასწაულმოქმედი ტაძრის ასლი. ეს იქნება სიმბოლო აფხაზეთისა. მოგეხსენებათ, ბიჭვინთის ეკლესია ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდეა აფხაზეთში. წმინდა ნინოს საქართველოში ჩამოსვლამდე ბიჭვინთაში უკვე იყო საეპისკოპოსო კათედრა. ცნობილია, რომ პირველ, ნიკეას მსოფლიო კრებაზე საქართველოდან წარგზავნილი იყო ბიჭვინთელი ეპისკოპოსი სტრატოფილე. ამიტომ დღეს, როდესაც ულამაზესი კუთხე დროებით დაკარგულია, ვფიქრობ, ამ ეკლესიის აშენება იქნება მაგალითი ჩვენი ახალგაზრდებისთვის - მათ არ უნახავთ აფხაზეთი და არ იციან, როგორია ბიჭვინთა. ამით შეგვიძლია გავახაროთ ქართველობა.
ღმერთმა დაგლოცოთ!"
გაგრძელება შემდეგ ნომერში