ნერგი იგი სამოთხისაი
წილკანი - ქართლის უძველესი სოფელი - მცხეთის რაიონში მდებარეობს. წილკანი იმიტომ უწოდეს, რომ მტრების თავდასხმის დროს ის წინაკარის მოვალეობას ასრულებდა.
"მოქცევაი ქართლისაი" გვაუწყებს, რომ ამ მხარეში ქრისტიანობის ქადაგება და გავრცელება IV საუკუნეში იწყება. "ნინო დადგა წობენს და მოუწოდა მთეულთა, ჭართალელთა და ფხოველთა და წილკანელთა და უქადაგა სარწმუნოვება". ლეონტი მროველის ცნობით კი ნინო, ერისთავი და ეპისკოპოსი იოვანე "დადგეს წობენს და მოუწოდეს მთეულთა... ჭართალელთა, ფხოელთა, წილკნელთა და გუდამაყრელთა და უქადაგეს მათ სჯული ქრისტიანეთა ჭეშმარიტი, მიმყვანებელი ცხოვრებად საუკუნოდ. ხოლო მათ არა ინებეს ნათლისღება. მაშინ ერისთავმან მეფისამან მცირედ წარმართა მახვილი მათ ზედა და ძლევით შემუსრნა კერპნი მათნი".წილკნის მიდამოებში ქრისტიანობის გავრცელებას მალე მოჰყვა იქ ეკლესიის აგება. "მოქცევაი ქართლისაის" ცნობით, მეფე "ბაკურ დაიწყო წილკნისა ეკლესიასა და განიშორა ოცდამეათხუთმეტესა წელსა". ლეონტი მროველი წილკნის ტაძრის აგებას მირიანის ძეს - ბაქარ მეფეს მიაწერს. ქართული ისტორიოგრაფიით, წილკნის ტაძარი IV საუკუნეში აუგიათ. მალე ის საეპისკოპოსო კათედრალად იქცა. 506 წელს საეკლესიო კრებას, სხვა ქართველ მღვდელმთავრებთან ერთად, წილკნელი ეპისკოპოსიც დასწრებია.
VI საუკუნის II ნახევარში წილკნის ეპარქიას განაგებდა იოანე ზედაზნელის ერთ-ერთი მოწაფე და თანამოღვაწე ისე. მისი ცხოვრება აღუწერია კათოლიკოს ბესარიონ ორბელიშვილს. ძველ ავტორთა თქმით, ისე იყო "განთქმული ყოველივე სათნოებითა, ნერგი იგი სამოთხისაი, ყუავილი შუენიერი და ყოვლისა კეთილისა ძირი". წილკანს განწესება ისეს სურვილის წინააღმდეგ მოხდა. აგიოგრაფის ცნობით, "შეიპყრა წმიდამან მამამთავარმან კათალიკოზმან და აკურთხა იგი ეპისკოპოზად საყდარსა ზედა წილკნისასა და დაღაცათუ იგი არა თავს იდებდა საქმესა მას და შევრდომით ითხოვდა განტევებასა". შემდეგ "მრავალნი შეეძინნეს სარწმუნოებასა ქრისტიანეთასა მოძღვრებითა ამის ღირსისა მამაკაცისაითა და მრავალნი ტაძარნი კერპთანი დაარღვნა და ბომონნი დაამხუნა, ხოლო ეკლესიანი აღაშენნა და ყოველთა ნათელ-სცა და ქრისტეს სარწმუნოებასა ზედა განამტკიცნა ამიერ დამადგინებელი მუნ მღუდელთა და დიაკონთა".
ისე წილკნელის განმტკიცებული კათედრალი შემდეგში უფრო ძლიერდება და ქართლის ეკლესიაში საკმაო პატივს იმსახურებს. მეფეთა კურთხევისას ქართველ მღვდელმთავართა შორის წილკნელს მე-19 ადგილი ეჭირა. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, წილკანში იჯდა ეპისკოპოსი "მწყემსი მუხრანისა, ორისავე არაგვისა და ბაზალეთისა".
გვიანი ხანის სიგელ-გუჯრებში აღნიშნულია წილკნის ტაძრისთვის მეფე-დიდებულთა დახმარების ფაქტები. მაგალითად, 1619 წელს წილკნის ტაძარს სამეფო კარმა მთელი სოფელი დაუმტკიცა, 1629 წელს ზურაბ ერისთავმა შესწირა ორი კომლი გლეხი, 1631 წელს თეიმურაზ პირველმა - რამდენიმე კომლი; 1632 წელს მისი ბრძანებით წილკნის ეკლესია გათავისუფლდა გადასახადებისაგან. წილკნის კათედრალს ეხმარებოდნენ გამაჰმადიანებული ქართველი მეფეებიც. 1668 წელს შაჰნავაზმა 2 კომლი გლეხი შესწირა, 1670 წელს თეიმურაზ მუხრან-ბატონმა - მამულები.
წილკანი მე-18 საუკუნის II ნახევარში მსხვილი დასახლებული პუნქტი იყო და ზოგჯერ ქალაქადაც კი იწოდებოდა, მე-19 საუკუნის დამდეგს წილკნელის სამწყსო 40-ზე მეტ სოფელს მოიცავდა.
წილკანში სასულიერო-სალიტერატურო საქმიანობა ადრევე გაჩაღებულა. ცნობილია რამდენიმე მოღვაწე.
პირველ რიგში უნდა მოვიგონოთ ეფრემ წილკნელი, რომლის სახელი იკითხება იაკობის ჟამისწირვის ცნობილი ხელნაწერის მინაწერში: "უფალო, ადიდე მომგებელი ამა ჟამის წირვათა ქართლისა კათალიკოზი და შეიწყალენ და ადიდენ იოვანე აწყურელი ეპისკოპოზი და ეფრემ წილკნელი".
მე-16 საუკუნეში წილკანში მოღვაწეობდა გადამწერი ბასილი. მის გადაწერილ წიგნთაგან ცნობილია თვენი. გადამწერი ანდერძში აღნიშნავს, რომ ეს ნუსხა მას დაუმზადებია "ბრძანებითა და საფასითა მეფეთ-მეფისა კონსტანტინეს ძისა ბაგრატისათა".
წილკანში ერთხანს მოღვაწეობდა ცნობილი ქართველი მწიგნობარი იოსებ სამებელი. მწერლობის ინტერესს იჩენდნენ სხვა წილკნელი მღვდელმთავრებიც - ქრისტეფორე, არსენი და სხვები, მაგრამ იქაურ მოღვაწეთაგან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ამბროსი წილკნელი.
ამბროსის გვარი მიქაძეა. ასეა მოხსენიებული ის სათანადო დოკუმენტებში და ასეა მიჩნეული მეცნიერებაშიც. მისი ოჯახი ლიტერატურულ ტრადიციებს მოკლებული არ იყო. მამა გაბრიელი (ამბროსი) თბილისის სიონის ტაძრის დეკანოზი იყო და ხელნაწერთა გადაწერაში საკმაოდ გაწაფული.
ამბროსი ჯერ (1776-1777წ.წ.) გარეჯაში, ნათლისმცემლის მონასტერში მოღვაწეობდა. შემდეგ ის იკორთის არქიმანდრიტია, მერე უკვე წილკნელად ვხედავთ. მისი მღვდელმთავრობა ბედნიერებით აღსავსე არ ყოფილა. ის თავის გაჭირვებას შესჩიოდა ერეკლე მეფეს და სამწყსოს შეცვლას სთხოვდა. ლეკიანობისგან გულმოკლული და მრევლის საქციელით შეწუხებული ამბროსი ჩასულა თბილისში და მეფისთვის მოუხსენებია:
"კვალად ისმინე, ხელმწიფევ, აღარ ვდგები წილკანს მეო,
ვერც უშენოდ გავსძლებ სადმე, თუ გინდ კარში გამაგდეო,
ჩემი გაძლება ჩემს გლახაკს, ჩემს სახლს ახლოს მიმაგდეო,
საოსტატოს არასა გთხოვ, მანდ შენს მლოცვლად დამაგდეო".
ამბროსი მანგლელად განაწესეს. შემდეგში ნეკრესის მიტროპოლიტობას იღებს. მის წილკანში დაწერილ თხზულებათაგან აღსანიშნავია "წიგნი აღსარებისა". ის ღამითაც კი წერდა თურმე, რათა წილკნის ტაძარი წიგნებით მოემარაგებინა. წილკანშივე გადაწერა "განგებაი წირვისაი", ღვთისმშობლის საგალობლები და სხვა. ის წილკნის ტაძარს სწირავდა არა მხოლოდ თავის მიერ გადაწერილ წიგნებს, არამედ შეძენილსაც.
საყურადღებო პიროვნებაა წილკნელი მღვდელმთავარი იოანე ონისიფორეს ძე ქარუმიძე. იოანე ბატონიშვილის ცნობით, იოანე ქარუმიძე აღზრდილა გარეჯის მონასტერში: "იქ ისწავლა ფილოსოფია და სხვანი სწავლანი. იყო მშვენიერი მოუბარი და მამათა ცხოვრების მცოდნე".
იოანე ქარუმიძის სახელით ჩვენამდე მოღწეულია მოხსენება პავლე პირველისადმი და ლოცვა, რომელიც მას წარმოუთქვამს 1802 წელს ანანურში, რუსეთიდან დაბრუნებული ნინოს ჯვრის შეხვედრისას.
წილკნის ტაძრის წიგნთსაცავს ხელნაწერებს სწირავდნენ ამბროსი მიქაძე, დომენტი კათოლიკოსი, გერვასი მაჭავარიანი და სხვები.
როგორც ვთქვით, წილკნის ღვთისმშობლის ტაძარი პირველი ქრისტიანი მეფის, მოციქულთა სწორი მირიანის მემკვიდრის ბაქარის (IVს.) ძალისხმევით აშენდა.
წილკნის სამწყსო წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ცნობილი საეკლესიო რეფორმის შემდეგ მალევე ჩამოყალიბდა ცალკე ეპარქიად და ერის სულიერ ცხოვრებაში ღირსეული ადგილი დაიკავა. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ წილკნის ეპარქია მთელი ასი წლით გაუუქმებიათ. მხოლოდ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ მოხერხდა საწილკნოს აღდგენაც, მაგრამ მისი ტერიტორია დროებით შეითავსა მცხეთის ეპარქიამ, რის გამოც წილკნელი ეპისკოპოსნი მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში ასრულებდნენ ღვთისმსახურებას.
წილკნის ღვთისმშობლის ტაძარი ჩემთვის მყუდრო ნავსაყუდლად იქცა
1984 წელს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წილკნის და დუშეთის მღვდელმთავრად დაადგინეს მეუფე ზოსიმე (შიოშვილი). "წილკნის ეპარქიაში არც ერთი ტაძარი არ მოქმედებდა. წილკნელად ვიწოდებოდი, მაგრამ არ შემეძლო წილკნის საკათედრო ტაძარში მსახურების შესრულება, რადგან იგი მაშინ მოქმედი არ იყო. ამიტომ მეც, ჩემი წინამორბედი მღვდელმსახურების მსგავსად, მომეცა ლოცვა-კურთხევა, მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მეწირა. როცა საერო ხელისუფალთაგან მივიღეთ ნებართვა წილკნის საკათედრო ტაძრის ასამოქმედებლად, ეს იყო ჭეშმარიტად ბედნიერი დღე ჩემი ცხოვრებისა, რამეთუ ღვთის განგებამ სწორედ წილკნის ღვთისმშობელთან დააკავშირა მრავალი წელი ჩემი შემდგომი ეკლესიური ცხოვრებისა. წილკნის ღვთისმშობლის ტაძარი იქცა ჩემთვის იმ მყუდრო ნავსაყუდლად, სადაც უფალი წარმავალი ქვეყნიური შფოთისა და ამაოებისგან მიცავდა და სადაც უწმინდესი დედოფლის წმინდა კალთას ამოფარებულს, სულიერად მზრდიდა და მიფარავდა, - ბრძანებს მეუფე ზოსიმე, - მღვდელმთავრობა ჩემთვის არასოდეს ყოფილა მარტო პატივი და დიდება, ის ჩემთვის უმეტესად დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობაა. არ მეგონა, თუ ის ამოდენა საფიქრალს და საზრუნავს შემძენდა. რომ არა ღვთის შეწევნა, ძნელად თუ შეძლებდა ვინმე ამ სიმძიმის კეთილად ზიდვას. ყველა შენ შემოგყურებს, შენგან ელის ნუგეშსა და დახმარებას და ხშირად ეს მაშინ ხდება, როცა თავადვე გჭირდება ნუგეში და თანადგომა... ზოგჯერ, როცა თითქოს არსაიდან ჩანს შველა, მაგრამ გულით მსურს მოყვასის დახმარება, მთელი გულით უფალს მივმართავ ხოლმე დასახმარებლად, რათა შეეწიოს გასაჭირში მყოფ ძმას. ისიც არ აყოვნებს ამის აღსრულებას და უფრო ცხადად ვრწმუნდები იმაში, რომ მარტო არა ვარ, რომ უფალი ჩემთან ერთად ეზიდება ჩემს მძიმე ჯვარს...
დღეს ზედმეტად გამიწიერებულია კაცი, ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანი უმეტესად ქვეყნიურ საზრუნავებსა და სიამოვნებასაა გამოკიდებული. ბევრის ცხოვრებაში ღმერთს აღარ აქვს ადგილი... მაგრამ ადრე თუ გვიან ყველა რწმუნდება, რომ მარტო ქვეყნიურ წარმატებას არ მოაქვს ნამდვილი სიხარული..."
ხატი ოდითგანვე იწირავდა მხოლოდ ოქროს
წილკნის უძველესი ეპარქიის სიწმინდეთაგან განსაკუთრებული ადგილი უკავია წილკნის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს და წმინდა მღვდელმთავარ ისეს საფლავს. გადმოცემის თანახმად, ეს სასწაულმოქმედი ხატი ლუკა მახარებლის მიერ არის დაწერილი ქრისტეს აკვნის ფიცარზე. იგი საქართველოში ჩამოაბრძანა ადრექრისტიანულ ხანაში წმინდა მეფე მირიანის ძემ, ბაქარმა (IVს.) და თავიდანვე მის მიერ აგებულ ტაძარში მიუჩინა ადგილი. წილკნის ღვთისმშობლის ხატი თავისი ძლიერებით იმდენად იყო განთქმული, რომ მის წინაშე ლოცულობდა წმინდა მღვდელმთავარი ისეც. 1926 წლიდან წილკნის ღვთისმშობლის ხატი საქართველოს მუზეუმის განძთსაცავში ინახება.
ხატი მადიდებელთაგან ოდითგანვე იწირავდა მხოლოდ ოქროს. ცნობილია არაერთი შემთხვევა, როცა ჯვრისწერისას დედოფალს ტაძარში გული შეღონებია და გონს მოსულა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ღვთისმშობლის ხატისთვის ოქროს სამკაული შეუწირავთ.
ასეთია მოკლედ მადლით და ტკივილებით აღსავსე წილკნის ისტორიული წარსული. დღეს ამ სოფელსაც ისევე უჭირს, როგორც საქართველოს ყველა კუთხეს. ხელისუფალთაგანაც დავიწყებულ წილკნელებს უგზოობა უფრო აწუხებთ. უჭირთ აქ მოსვლა ქალაქელებსაც. წილკნელები ჩივიან, - საქართველო მარტო დედაქალაქი ხომ არ არისო...
წილკანი მართლა ლამაზი სოფელია. სამწუხაროდ, ზოგი სახლი დაცლილია. აქ ჩინელების დასახლებაზე დიდი და პატარა ლაპარაკობს. ადგილობრივები სად აღარ გაურბიან გაჭირვებას და ეს შეძლებული ჩინელები კი მიტოვებულ სახლებს ეპატრონებიან და... მრავლდებიან.
წერილის მომზადების პროცესში მეტად უსიამოვნო ამბავი გავიგეთ - წილკნის ღვთისმშობლის ტაძარი გაძარცვესო. უფალი განსასჯელს კი განსჯის, მაგრამ სამართალმა ოდესღაც პური ხომ უნდა ჭამოს?
უდიდესი მადლი ტრიალებს ტაძარში. მეუფის მსახურება კი უფრო მეტ მადლს ანიჭებს მრევლს. წირვის დასასრულს მეუფე ზოსიმემ თითოეული მრევლთაგანი დალოცა და ჩვენც მოგვცა ლოცვა-კურთხევა კეთილი მისიის შესრულებისათვის.
წილკანში მშრომელი ხალხი ცხოვრობს. აქ ძირითადად მიწაზე შრომით და მესაქონლეობით ირჩენენ თავს. აქა-იქ სავაჭრო ჯიხურებიც დაუდგამთ... თავად სოფელი საკმაოდ დიდია, დაახლოებით 1500 კომლს ითვლის.
ქალბატონი ნინო ბაშარაძე ამ სოფლის მკვიდრია. ათი წელია რაც ეკლესიურია. ცხოვრების დიდი ნაწილი ეკლესიის გარეთ გაატარა და ნანობს, გვიან გამოვფხიზლდიო; მაგრამ სინანულს ის უქარწყლებს, ამ ქვეყნიდან უზიარებელი არ მივდივარო. "წილკნელებს გვეამაყება, რომ ასეთი დიდებული ტაძარი გვაქვს და ასეთი დიდებული მღვდელმთავარი გვპატრონობს. წირვის შემდეგ ისეთი მადლი მიმაქვს შინ, რომ მწამს, შვილებს და შვილიშვილებს ცუდი არაფერი შეემთხვევათ. კვირიდან კვირამდე თვალდახუჭულმა რომ ვიარო, მგონია, არაფერი მომივა. გულსატკენია, რომ ტაძარში ძირითადად სხვა კუთხიდან მოდის ხალხი", - მიყვება ქალბატონი ნინო.
- მაინც რით გამოირჩევა თქვენი სოფელი?
- ისტორიით, დიდებული ტაძრით, სადაც ენით აუწერელი მადლი ტრიალებს.
- აქაურებმა თუ იციან სოფლის წარსული...
- ნაწილობრივ... გულსატკენია, რომ ყველაფერი არ ვიცით. დღეს საზრუნავს რა გამოლევს. პენსიონერმა 28 ლარით როგორ უნდა ირჩინოს თავი. წყალი უჭირს სოფელს, ყველაზე დიდი პრობლემა კი უგზოობაა. კარგი გზა რომ იყოს, ტაძარი მრევლს ალბათ ვერც დაიტევდა, ჩვენი ისტორიული სოფელი აყვავდებოდა და გაიფურჩქნებოდა. ხელისუფლება გვპირდება, გაგიკეთებთო...
მშვენიერი სკოლა გვაქვს. სხვათა შორის, მისი მშენებლობის ერთ-ერთი თაოსანი ბიძაჩემი იასონ ბაშარაძე იყო. ომამდე პატარა შენობა იდგა. ბიძაჩემმა თავისი ურმით მიიტანა ქვები და დააშენა მეორე სართული. მას შემდეგ სხვებმაც გამოიღეს ხელი.
წილკნის ღვთისმშობლის ტაძარს რამდენიმე თვეა ახალი მოძღვარი ჰყავს, მამა ბასილ წიკლაური. მრევლის დიდი სიყვარული დაიმსახურა (მანამდე მამა გაბრიელი გვყავდა, ახლა სხვა ტაძარში წირავს). მამა ბასილის მოსვლამ ღვთის სიყვარული უფრო გაგვიღრმავა.
- წინაპრებისგან გაგონილი რაიმე გადმოცემა ხომ არ გახსენდებათ?
- წინა საუკუნეებში წილკანში თურმე კალია გაჩენილა და სოფელს სარჩო-საბადებლის გარეშე დარჩენა ემუქრებოდა. აქაურებს ღვთისმშობლის ხატი ურემით მინდვრებზე შემოუტარებიათ. ღვთისმშობელს შეუსმენია მათი ვედრება და სოფელი შიმშილს გადარჩენილა. ეს რომ გაუგიათ მუხრანელებს, ღვთისმშობლის თავისთან წაბრძანება მოუნდომებიათ. წილკნისა და მუხრანის საზღვარზე მისულებს ვერ დაუძრავთ ურემი. ამით ღვთისმშობელმა უთხრა მუხრანელებს, წილკანს ვეკუთვნიო. ისტორიიდან ვიცით, თუ როგორ იჩოქებდნენ ღვთისმშობლის ხატის წინ და ევედრებოდნენ მტერზე გამარჯვებას ქსნისა და არაგვის ერისთავები...
სტუმარმასპინძლობა ნამეტანი ვიცით წილკნელებმა. მიუხედავად იმისა, რომ ქართლელებს ტეტიებს გვეძახიან, სხვა კუთხის შვილებს ტოლს არ ვუდებთ, ლხინიც და ჭირიც ერთად გადაგვაქვს.
ტაძრის გალავანთან საჭიდაოა. ღვთისმშობლის დღესასწაულზე აქაურები ჭიდაობას მართავენ. სოფელს ბევრი ცნობილი მოჭიდავე გამოუზრდია - მონასელიძე, გიორგაძე, წოწინაშვილი და მიუხედავად ასეთი ფალავნებისა, დღეს სოფელს სპორტული დარბაზი არ აქვს.
წილკნელები
წილკნის შემოგარენს და უბნებს ახალგაზრდა კაცი, სოსო ანდრიაშვილი გვაცნობს. თან დიდ დავთარს გვიჩვენებს, რომელშიც თავმოყრილია სოფლის ტოპონიმიკა, ისტორიული ძეგლების ჩანახატები.- მაწვნის ქედი წილკნის ჩრდილოეთითაა. ძველად აქ საქონელს აძოვებდნენ. როცა ძროხა ხბოს მოიგებდა, პატრონი აუცილებლად შეადედებდა მაწონს და მწყემსს მოუტანდა. მწყემსი მას ამ ქედზე შეექცეოდა. აქედან წარმოდგება სახელწოდებაც.
მდინარე ნარეკვავის კალაპოტი წილკნის მინდორთან ვიწროვდებოდა. ერთ ადგილას გუბდებოდა წყალი, რომლითაც შემდეგ მინდორს რწყავდნენ. ამიტომ ამ ადგილას ნაგუბარი ეწოდა.
საგლახაო ნარეკვავის ნაპირზეა. ეს ადგილი წინათ პატარ-პატარა ნაკვეთებად იყო დაყოფილი. დროებით დასამუშავებლად აძლევდნენ ღარიბ გლეხებს და ამიტომ ამ ადგილს საგლახაოს ეძახდნენ.
ბურის წყარო წეროვნისა და წილკნის საზღვარზე მდებარეობს, იქ ცხოვრობდა აზერბაიჯანელთა 20 კომლი. ისინი 1948 წლიდან წილკანში გადმოსახლდნენ. მათ ნასახლარზე წყალი ბურღით ამოიყვანეს და მუშა ხალხი სასმელად ხმარობდა.
მდინარე ნარეკვავის პირას ცხოვრობდა გლეხი ლაზარე, ერთხელ სათევზაოდ წასულა და მორევში დაიხრჩო. ხალხმა ამ მორევს ლაზარეს მორევი შეარქვა.
წილკანში იყო ღვთაების ტაძარი, რომელიც, საუბედუროდ, ვინმე პაპავაძემ დაანგრია. ღვთაების ნიში 100-150 კაცს იტევდა თურმე. ისიც ამ პაპავაძეს დაუნგრევია და ნაშალით თავისი სახლი აუშენებია. იმ ადგილას ახლა კულტურის სახლია. მოხუცებისაგან ვიცი, რომ არსებობდა პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესია. დავინტერესდი და ძებნა-ძებნით აკლდამას მივადექი. VI საუკუნის მამების ნააკლდამარი ყოფილა. იქ პატარა ტაძარიც მდგარა. წმინდა გიორგის ტაძარი უმოქმედოა (სამწუხაროდ, ის ეკლესიის იურისდიქციაში არ შედის). სოფელი გიორგობას იმ ტაძარში სანთლებს ანთებს. ღვთისმშობლის ტაძრის ეზოში შიო არაგვისპირელის ოჯახის - დედაბრიშვილების საძვალეა. აქ განისვენებენ მისი მშობლები და და-ძმა. მამამისი, მამა ზაქარია ამ ტაძრის მღვდელი იყო.
ტაძრის მეზობლად ცხოვრობდა ამავე საყდრის მღვდელი მამა ლევანი. სტალინის თანაკლასელი ყოფილა. ციმბირში რომ გადაუსახლებიათ, ეს ამბავი რაღაცნაირად მისთვის შეუტყობინებია და ისიც დახმარებია. იქიდან დაბრუნების შემდეგ თვალისჩინი წაერთვა, თუმცა მაინც ატარებდა ნათლობებს, ჯვრისწერებს და სხვა საეკლესიო მსახურებას.
- სოსო, ახალგაზრდა ხარ და სხვებივით თბილისისკენ არ გიჭირავს თვალი?
- იქ რა გავაკეთო? თუ საქმე მაქვს, ჩავდივარ, მაგრამ დამკვიდრებას არ ვაპირებ. მიწაზე ვმუშაობ და დაუყვედრებელ ლუკმას ვშოულობ. რაც მთვარია, მეუფე ზოსიმეს მორჩილებაში ვარ.
- რითი იწონებთ თავს აქაურები?
- მუხრან-ბატონს სოფელი არჩევანის წინაშე დაუყენებია - ოქრო თუ მატლიო. გვირჩევნია მატლი ვჭამოთ, ვიდრე თქვენნაირი კაცი ვიბატონოთო, - უთქვამთ აქაურებს. წილკანი უბატონო სოფელი იყო. სტალინი დუშეთის მაზრაში, წილკანში რომ იმალებოდა, ცნობილი ფაქტია. ნესტორ ყუბანეიშვილი, "საღვთო სჯულის სწავლებანის" ავტორი, წილკნელი მღვდელმთავრის ხარისხში აღესრულა.
- წილკანი თავიდანვე უწყლო ადგილი იყო, - გვიამბობს გოგიტა ანდრიაშვილი, - როცა ასურელი მამები შეიკრიბნენ და უფალი განადიდეს, იოანემ ტაკუკით წყალი ჰაერში გააჩერა, შიომ ხელზე ნახშირი დაიწყო და აკმია ტაძარი. ისე წილკნელი მდინარე ქსანზე წავიდა, ილოცა და კვერთხით რუ გამოიყვანა. ქსნის წყლით ირწყვებოდა აქაურობა. ახლა, რაც არაგვის წყლით ირწყვება მინდვრები, მოსავალიც უნაყოფოა და უგემური. სასმელი წყალი არ გვაქვს და რამდენიმე ჭა გაითხარა. წყაროებიცა გვაქვს - ივანიკას წყარო, სოსიასი...
- ძირითადად რა გვარის ხალხი ცხოვრობს წილკანში?
- ჩვენი გვარი - ანდრიაშვილები საეკლესიო ყმები ყოფილან. კახეთიდან გადმოვსახლებულვართ, ისე ჰერეთშიც ყოფილან და ანანურშიც. წილკანში საკმაოდ დიდი გვარია ჩილინდრიშვილების, აღსაბაძეების, ხუროშვილების, შალიკაშვილების, ოქრუაშვილების, ლაშაურების... სოფელში დღესაც ცხოვრობენ აზერბაიჯანელები და ერთმანეთთან ძალიან კარგი მეზობლობა გვაქვს.
- გოგიტა, ამბობენ, ტაძარში დიდი ზარი იყოო. რა იცი ამის შესახებ?
- ამბობენ, ეს ზარი და სვეტიცხოვლის ზარი ერთმანეთს ბანს აძლევდნენო. ეტყობა, ჯერ ზარი ჩამოკიდეს და მერე ააშენეს სამრეკლო. იმ საუკუნის 30-იან წლებში ჩამოგდება რომ ვერ მოუხერხებიათ, პაპავაძეს უთქვამს, მაგას რა ფიქრი უნდა, სამრეკლოს სვეტი გამოვანგრიოთო. საშინელი ხმა ყოფილა ზარის ჩამოგდებისას. ამ სვეტის ჩამონგრეული ნაწილი დღესაც შემორჩენილია. არავინ იცის, სად არის წილკნის ზარი...
ქალბატონ იზოლდა ლაშაურს შინ ვესტუმრეთ. ღუმელთან გაგვათბო და ჟოლოს კომპოტითაც გაგვიმასპინძლდა. ვისაუბრეთ სოფლის ჭირსა და ლხინზეც. "ძველად ხალხს უფრო მეტი სიყვარული ჰქონდა", - გვეუბნება ჩვენი მასპინძელი. ახლანდელი დროისა ის მოსწონს, რომ ღვთის ნებით, ტაძარში წირვა-ლოცვა აღესრულება და მეუფის წყალობით უფლის სიტყვას ეზიარებიან.
სამი დღე ასე მეგონა, ცაში დავფრინავდი
წილკნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში რამდენიმე თვეა მამა ბასილ წიკლაური მსახურობს. მამა ბასილი სოფელში ყველას უყვარს. ემადლიერებიან და უფალს მადლობას სწირავენ ასეთი მოძღვრის გამო.მამა ბასილმა იუხერხულა - ახალნაკურთხი მოძღვარი ვარო, მაგრამ ხათრი მაინც ვეღარ გაგვიტეხა და ინტერვიუზე დაგვთანხმდა.
- მამაო, სოფლის მოძღვრობა რთულია?
- ყველა მოძღვარმა უნდა მწყემსოს უფლის სამწყსო, რომ ცხოვარი უფალთან მიიყვანოს, უფლის სიტყვას აზიაროს და ჭეშმარიტების, სიკეთის გზით ატაროს.
მადლიანია ეს მხარე, მაგრამ ისეთი ცუდი გზებია, მრევლიც ნაკლებად ჰყავს ტაძარს. აქ მოსული უკან მადლით აღვსილი და გახარებული მიდის. მეუფეც ისეთი გვყავს, რომ სიხარული ერთი-ორად გვემატება. როცა მთავარეპისკოპოსის გვერდით ვწირავ, ის დღე ჩემთვის ბედნიერია. ყოველთვის ახალ-ახალს აღმოვაჩენ ხოლმე ცხოვრებაში. ის სიხარული, რასაც მეუფისგან ვიღებ, მინდა სხვებსაც გავუზიარო.
- აქაური მოსახლეობა თუ დადის ტაძარში?
- კარგი ხალხი ცხოვრობს, მაგრამ ტაძარში ნაკლებად დადიან. ვინც მოდის, მესამედი მართლა მორწმუნეა და ცდილობს, უფლის მცნებებით იცხოვროს. ადამიანს ყველა ნიჭი და უფლის ძალა მიეცა და თუ მოინდომებს, უფრო მეტს მიიღებს. სამწუხაროდ, ჩვენთან მოძღვრების ნაკლებობაა. თბილისში ერთ ტაძარში არაერთია. პირადად მე რამდენიმე ტაძარში ვწირავ - ძალისში, ახალ უბანში, წილკანში, ბიწმენდში. ხშირად მადლიერების გრძნობა არ აქვს ადამიანს. მადლიერი რომ იყოს, მეშვიდე დღეს უფლის დიდებაში დახარჯავს. უფალი კი მას მეტ წყალობას მისცემს. არიან ადამიანები, რომლებსაც ცხოვრებაში არაფერი ახარებთ, ყველაფერი აქვთ - მადლი კი არ მოეძებნებათ. მადლი კიდევ ტაძარში უნდა შეიძინონ. ტაძრები კი მოკლებულია მრევლს და მოძღვრებიც მიდიან.
- მამაო, თქვენ როგორ დაიწყეთ ეკლესიური ცხოვრება?
- ტაძარში პირველად 27 წლის ასაკში მივედი, მაშინ ტექნიკურ უნივერსიტეტში ვსწავლობდი და ავიაინჟინრობაზე ვოცნებობდი. პირველად რომ დავესწარი მეუფის წირვას, მის ქადაგებას, ჩემში სულიერი მარცვალი შემოვიდა და გულში ვინატრე - ნეტავ, ჩემი მოძღვარი მაინც იყოს, მასთან გავიზრდებოდი და ალბათ მათ ცხოვრებას შევუდგებოდი-მეთქი. მერე ხარების დღესასწაულზეც წირა მეუფემ ჩვენს ტაძარში, ქადაგების შემდეგ კიდევ ახალი აღმოვაჩინე და სასწაული მადლი მივიღე. სამი დღე ასე მეგონა, ცაში დავფრინავდი. წუთისოფელს, როგორც ამაოებას, ისე შევხედე. სულმოუთქმელად ველოდი წირვის დღეს. ხშირად მაზიარებდნენ ხოლმე. მღვდელი ხომ არ ხარ, ასე ხშირად რომ ეზირებიო, - მეუბნებოდნენ.
ერთ დღეს მეუფე მობრძანდა გალავანში, წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში. ცოტა დაგვიანებით მეც მივედი წირვაზე. მეუფე აღსავლის კართან იდგა და ლოცვებს კითხულობდა. ძალიან ფრთხილად შევედი, მაგრამ მაინც გამოიხედა. მალე სტიქაროსანი მოვიდა - მეუფე დაგიძახებს და საკურთხეველში შედიო. მართლაც დამიძახა და სტიქაროსნობა შემომთავაზა. სამი თვე ვიყავი სტიქაროსანი და მოულოდნელად დიაკვნად მაკურთხეს. თავიდან დაბნეული დავდიოდი ტაძარში და სტიქაროსნებს ვეკითხებოდი, რა უნდა გამეკეთებინა.
ერთხელ უცნაური სიზმარი ვნახე: მთაზე, სალოცავზე ვიყავი ასული. თითქოს დიაკვანი ვიყავი. სალოცავად ამოსულ ხალხს შესაწირად ცხვარი მოჰყავდა. შენ უნდა წიროო, მითხრეს. შევიცხადე, მე ხომ დიაკვანი ვარ-მეთქი. ეს იყო და გამეღვიძა კიდეც. თითქოს სიზმარი ამიხდა. წირვის შემდეგ მეუფემ მითხრა - 9 აგვისტოს, წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ხსენების დღეს, გაემზადე, უნდა გაკურთხოთ. ეს მხოლოდ შენს მოძღვარს, მამა გიორგის უთხარიო. ოჯახში მეუღლესაც ვერ ვეუბნებოდი, ასეთ მზადებაში ვარ-მეთქი. მეუღლე ბავშვებთან ერთად დედასთან წავიდა. მე დავიწყე მეორე დღისთვის მზადება. უეცრად დამირეკეს - შენი გოგონა მოიწამლაო. მინდოდა დამშვიდებული შევხვედროდი კურთხევას, მაგრამ საავადმყოფოში წავიკითხე ზიარების ლოცვები და პანტელეიმონ მკურნალის ხსენების დღეს მეუფემ საავადმყოფოდან მისული მღვდლად მაკურთხა. მას შემდეგ უფრო ახლოს გავიცანი მეუფე ზოსიმე.
აქ თავმდაბალი ხალხი ცხოვრობს და წრფელი, უბრალო გულით ადიდებენ უფალს. უფალთან ყოფნა და უფლის დიდება კი ჭეშმარიტ სიხარულს გვაპოვნინებს.
მაცხოვარი უბრალო ხალხთან დადიოდა და მათთან რჩებოდა. ჩვენც უფლის მსგავსნი უნდა ვიყოთ ყველა საქმეში. უბრალოება სოფლად და ქალაქშიც მოსწონთ. მაგალითი უფალმა თავად მოგვცა თავისი მიწიერი ცხოვრებით და ჩვენ ვინ ვართ, უბრალოები რომ არ ვიყოთ.
ღმერთმა დაგლოცოთ. დალოცვილები იქნებით, ამ ტაძარში თუ ივლით. მეუფე ზოსიმესგან ბევრ სიხარულს მიიღებთ.