ლატალი
ლატალი
თუ სვანეთი არ გინახავთ, ძნელად წარმოიდგენთ ამ სილამაზეს. თუ მცირე ხანს მაინც არ გიცხოვრიათ აქ, ცისკიდურთან, ვერასოდეს შეიგრძნობთ ამ კუთხის ლაზათს.

სვანეთი კავკასიონის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს. ჩრდილოეთით კავკასიონის მთავარი ქედი ესაზღვრება, აღმოსავლეთით - რაჭა, სამხრეთით - ლეჩხუმი და სამეგრელო, დასავლეთით - აფხაზეთი. სვანეთის ქედი მას ორ ნაწილად - ზემო და ქვემო სვანეთად, მესტიისა და ლენტეხის რაიონებად ყოფს. ზემო სვანეთი, თავის მხრივ, ბალის ტყიანი მთით ბალზემო და ბალქვემო სვანეთად იყოფა.

ბალზემო სვანეთს თავისუფალ, უბატონო მხარედ იცნობდნენ, ბალქვემოს - სათავადოდ (სადადეშქელიანოდ), ხოლო ქვემო სვანეთს - სადადიანოდ.

ზემო სვანეთი საქართველოს ყველაზე მაღალმთიანი და ძნელად მისადგომი მხარეა. იგი მოიცავს მდინარე ენგურის ხეობას ჯვრიდან უშგულამდე. ბალზემოთ ლატალის, ლენჯერის, მესტიის, მულახის, მუჟალის, იფარის, კალასა და უშგულის თემები იყო, ხოლო ბალს ქვემოთ - ცხუმარის, ბეჩოს, ეცერის, ფარის, ლახამულის, ხაიშის, ჭუბერის და ნაკრასი.

***
სვანეთის სიწმინდეების მოლოცვაზე დიდი ხანია ვოცნებობდი. როცა რამეს მთელი გულით შესთხოვ უფალს, უთუოდ აგისრულდება... ერთ დღეს რედაქციაში ლატალის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელმონაზონი ეგნატე (კურტანიძე) გვესტუმრა. ტაო-კლარჯეთი მოელოცა და მეორე დღეს სვანეთში მიბრძანდებოდა. დაგვენანა ასეთი ხელსაყრელი შემთხვევის ხელიდან გაშვება...

გზად სურამში რამდენიმე ტაძარი მოვილოცეთ, მერე ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტს მეუფე იობს ვესტუმრეთ და ლოცვა-კურთხევა ვთხოვეთ.

სატრაპეზოდ მამა ეგნატემ მე და თამარ წერედიანი, თავისი სულიერი შვილი, ბებია-ბაბუის სახლში მიგვიპატიჟა. იქიდან წამოსულებმა მამა ეგნატეს დედა ვინახულეთ. სხვაგან შეჩერებას აღარ ვაპირებდით, მამაოს სოფელ ჯვარის ყოველთა წმიდათა ტაძრის წინამძღვარი რომ არ ეხსენებინა... უმალვე მოვინდომე მამა ანდრიას ნახვა.

ყოველთა წმიდათა ტაძარში თითქმის ყველა წმინდანის მათსავე ხატებში ჩასვენებული წმინდა ნაწილები ინახება.

იქიდან გამოყოლილი მადლით ფრთაშესხმულნი, ზემო სვანეთის გზას დავადექით. შემოგვაღამდა. ძილი რომ არ მოგვრეოდა, მამა ეგნატემ გალობა წამოიწყო. მე და თამარიც ავყევით. ასე შევედით ლატალში.

მასპინძლობა წერედიანებმა გამიწიეს.

ლატალში კიდევ სამი დღე დავრჩით. სიწმინდეთა მოლოცვისას მეგზურობას თავად მამა ეგნატე მიწევდა.

მამა ეგნატე 27 წლის სქემიღუმენია. ლატალში უკვე ოთხი წელია მსახურობს. ამ ხნის განმავლობაში უამრავი სიკეთე დათესა, რომელიც, რაც დრო გადის, უფრო და უფრო უხვ ნაყოფს იღებს.

ამჟამად ეპარქიაში სულ ათიოდე მოქმედი ტაძარია და იქაც, სამღვდელო პირთა ნაკლებობის გამო, წირვა-ლოცვა ყოველთვის ვერ აღესრულება. ზემო სვანეთში ორი სასულიერო პირი მსახურობს: მამა ეგნატე და მესტიის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩართოლანი.

დეკანოზი გიორგი ჩართოლანი ოჯახითურთ ცხოვრობს მესტიაში. მამა-პაპის მიწა-წყალს ზურგი ვერ აქცია და ღვთის სამსახურიც აქვე განაგრძო (მასთან ინტერვიუს ჟურნალის მომდევნო ნომრებში შემოგთავაზებთ).

მესტიის წმინდა გიორგის ტაძრის მოლოცვისას კედელზე ჩარჩოში ჩასმული ნაბეჭდი ფურცელი შევამჩნიე. ეს გახლდათ მისი უწმინდესობის მიმართვა სვანეთის მოსახლეობისადმი, რომელიც 2000 წლის 23 აპრილით არის დათარიღებული:

KARIBCHE"მინდა განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით მოგესალმოთ და მოგილოცოთ ქრისტეშობიდან 2000 წლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ჩვენ საოცარი დროის მომსწრენი ვართ და მეორე და მესამე ათასწლეულთა შესაყარზე მდგომნი, ძალისამებრ ჩვენისა, განსაკუთრებულად უნდა ვადიდებდეთ უფალს. როგორ გამოვთქვათ მადლიერება და თაყვანისცემა მისდამი, ვინც ჩვენი ხსნისათვის ჯვარს ეცვა, რა მივართვათ საჩუქრად, რით გამოვხატოთ ჩვენი ერთგულება და სიყვარული? უპირველესი და ყველაზე დიდი საჩუქარი უფლისადმი არის ძღვნად მირთმეული ჩვენი განწმენდილი გული, გული, რომელმაც არ იცის შური, მტრობა, ბოროტება, ღვარძლი, ბილწნი გულისთქმანი. გული, რომელიც სავსეა სითბოთი და სიკეთით, ერთგულებით, ღვთისა და მოყვასისთვის თავდადებით. "დაიცავი გული შენი ყოველ საუნჯეზე მეტად"! მე შარშან ვიმოგზაურე სვანეთში და ერთხელ კიდევ ვეცი თაყვანი იმ დიდ სიწმინდეთ, რასაც საუკუნეთა მანძილზე ერთგულებით ინახავს ადგილობრივი მოსახლეობა. ერთხელ კიდევ დავრწმუნდი თქვენს სიმტკიცეში, პატიოსნებასა და ღვთისადმი კრძალვაში. ჭეშმარიტად, მრავალი სათნოებაა თქვენში დაუნჯებული. ამიტომაც ღმერთმა ინება, ეს მიწა-წყალი საქართველოს საგანძურად ქცეულიყო. ეს დიდი პატივია და ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობაც უფლის წინაშე. მაგრამ ცნობილია: სადაც დიდია სიწმინდე, იქ ბოროტი განსაკუთრებულად იბრძვის. ამის ბრალია, რომ სვანთა ამაყი ბუნება გულფიცხობას შეუპყრია და სისხლის აღების ძველი ადათით კვლავაც განაგრძობს ცხოვრებას. ის დაპირისპირება, რაც წლების მანძილზე გრძელდება ხერგიანთა, ჯაფარიძეთა, მჭედლიანთა, გვიჩიანთა, კვანჭიანთა, გურგულიანთა, ფარჯიანთა, უდესიანთა, ხვიბლიანთა, დადეშქელიანთა, არღვლიანთა, კვიციანთა, გულედანთა ოჯახებსა და საგვარეულოებში, არ შეშვენით ამ კუთხის მკვიდრთ. "არა კაც ჰკლა", - გვასწავლის უფალი. თუ ჩვენ მართლაც გვაქვს სიყვარული ქრისტესი და ანგელოზთა კრებულისა, სიყვარული წმინდა გიორგისი, წმინდა ნიკოლოზისა, წმინდა ნინოსი და საერთოდ, წმინდანთა იმ დასისა, რომელსაც ადიდებს ქრისტეს ეკლესია, უნდა ვისმინოთ უფლის სიტყვები. ვაჟკაცობა არ არის ის, რომ მიაგო კბილი კბილისა წილ და სისხლი სისხლისა წილ; ვაჟკაცობაა, მიიღო და დაითმინო ყოველივე, როგორც განგებულება ღვთისა და უფალს მისცე მაჭირვებელნი და მტერნი შენნი განსასჯელად და სამაგიეროს მისაზღველად. ბოროტება რომ ბოროტებით არ იკურნება, ცნობილია. ბოროტებას მხოლოდ სიკეთე სპობს და ანადგურებს და ვაჟკაციც ის არის, ვინც ბოროტებას სიკეთით უპასუხებს. იქნებ ეჭვი გვეპარება უფლის სამართლიანობაში? იქნებ ფიქრობთ, რომ თუ თვითონ არ გაუსწორდებით მტერს, დამნაშავეს არ დასჯის ღმერთი? ნუ გამოიჩენთ ურწმუნოებას და ნუ იქნებით ცოდვის მოქმედნი, გადახედეთ წარსულს, გაიხსენეთ თუნდაც თქვენი მშობლების, მათ მამა-პაპათა ცხოვრებასთან დაკავშირებული ფაქტები... განა ცოდვა არ აწვალებთ დამნაშავეთა შთამომავლებს? გაიხსენეთ ეკლესიათა დამანგრეველნი და სიწმინდეთა შეურაცხმყოფელნი. საგვარეულოებია ამოწყვეტილი ამ ცოდვის ჩამდენთა მოდგმაში. ადამიანი, საეკლესიო სიწმინდის მსგავსად, დაცულია უფლისაგან და თუ მას უბედურება რამ შეემთხვა, ღმერთი თვითონ მოსთხოვს პასუხს დამნაშავეს. კმარა დაღვრილი სისხლი და ცრემლი, კმარა ამდენი მოუშუშებელი ჭრილობა, განსაცდელი და უბედურება. უსაყვარლესნო მამანო და დანო, სულიერნო შვილნო ჩემნო, გულმხურვალედ ვლოცულობ თქვენთვის, თქვენი ოჯახებისა და თქვენი სულებისთვის, რათა კეთილგონიერებას მოუხმოთ და განიწმინდოთ შუღლისა და მტრობისგან. საერო სახელმწიფომ თავისი ქმნას, ჩვენ ყველანი კი გავერთიანდეთ ლოცვაში, ვითხოვოთ პატიება უფლისაგან, მოვიხსენიოთ დაღუპულთა სულები და ვანუგეშოთ მათი ოჯახები. სიტყვა მიეცით ხატის წინაშე, რომ შეურიგდებით ერთმანეთს და შეწყდება მტრობა თქვენ შორის. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ღმერთი შემწე და მფარველი. მხოლოდ ამ შემთხვევაში დაიცავს და გააძლიერებს მაცხოვარი თქვენს ოჯახებს, თქვენს შვილებს და მათ მომავალს. "მაშ, მშვიდობასა შეუდექით და სიწმინდეს, რომლისა თვინიერ ვერავინ იხილოს უფალი". ღმერთმა დაგლოცოთ და მოგცეთ ძალა ბოროტებაზე სიკეთით გამარჯვებისა!"

ლატალი
ლატალის თემი ყველაზე მდიდარი თემია. ის ათ სოფელს აერთიანებს, მათ შორის - მაცხვარიშს, იენაშს, იფხს, ლაჰილს, ლახუშტს.

ლახუშტი მჭიდროდ დასახლებული პატარა სოფელია, რომლის შუაგულში მაცხოვრის მომცრო ეკლესია დგას. ეკლესიაში დაცული ჭედური და ფერწერული ხატები XII-XIII საუკუნეებს ეკუთვნის.

ლახუშტიდან სამიოდე კილომეტრზე, შუაგულ ტყეში, მთავარანგელოზთა პატარა ეკლესიაა, რომელსაც თანღილ-თარინგზელს უწოდებენ (თანღილი სვანურად უღელტეხილს ნიშნავს. ამ უღელტეხილით ორი სოფელი ერთმანეთს უკავშირდება). ტაძრის მოხატულობა IX-X საუკუნისაა. მთა, სადაც ეს სალოცავი დგას, ძველად წმინდა ადგილად ითვლებოდა. მცირე ხნის წინ მეუფე ილარიონის (ქიტიაშვილის) ლოცვა-კურთხევით აქ ორი სენაკი აშენდა: ერთი - მეუფისთვის, მეორე - მორჩილთათვის. სატრაპეზოსა და სხვა სენაკების აშენებასაც აპირებენ. ეს ყველაფერი მრევლისა და სოფლის თანადგომით გაკეთდა.

სოფელ ლატალშია იონა წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარიც, რომელიც XI-XII საუკუნეებში უნდა იყოს აგებული. ეს ამ წმინდანის სახელობის ერთადერთი ეკლესიაა საქართველოში. ტაძრის საგანძურში დაცულია XI საუკუნის მაცხოვრის მოზრდილი ხატი. მაცხოვარი გამოსახულია მაკურთხეველი მარჯვენით, სახარებით ხელში. ხატი მთლიანად ოქროცურვილი ვერცხლით არის მოჭედილი, საღებავით მხოლოდ მაცხოვრის სახეა შესრულებული, რომლისაც კონტურიღა შემორჩა. ჩარჩოს ქვედა ზოლზე შესრულებული სამსტრიქონიანი წარწერა, რომელიც ძლიერ არის დაზიანებული, ეკლესიაში მომხდარ ხანძარსა და ეკლესიის საგანძურის ბედზე მოგვითხრობს: "ვნახეთ ეკლესია დარღვეული, ვიპოვეთ სამკაული ეკლესიისა შენისაი მოპარული და დაფლული... რათა შენივე შენდა შევსწიროთ..." წარწერა, ხატის ჩარჩო და მაცხოვრის შარავანდედი ხატის პოვნის შემდეგ უნდა იყოს შესრულებული.

ასეთივე ბედი ეწია XIV საუკუნის წმინდა თევდორეს ხატს. XII საუკუნის წყვილი მეომრის ხატი, რომლის წარწერაში ოქრომჭედელი ივანე იხსენიება, წმინდა გიორგის ხატი, საწინამძღვრო ჯვრები და იტალიური ჯვარი 1978 წელს თევდორეს ხატთან ერთად გაიტაცეს ეკლესიიდან, მაგრამ ყველა ეს ნივთი, ღვთის განგებით, კვლავ საქართველოს დაუბრუნდა.

ეკლესიაში დაბრძანებულია წმინდა იონა წინასწარმეტყველის ხატიც, რომლის წარწერა გვამცნობს, რომ ხატი მამია გურიელს მოუჭედვინებია სოფლის (იენაშის) გამარჯვებისთვის და თავისი სულის საოხად.

იენაშიდან ორი კილომეტრით არის დაშორებული სოფელი მაცხვარიში. შორიდანვე მოჩანს ბორცვზე აღმართული ეკლესიები. ერთი მათგანი, X-XI საუკუნისა, მაცხოვრის სახელობისაა. მისგან წარმოდგება სოფლის სახელიც. ეკლესია დემეტრე I-ის მეფობის მე-15 წელს, ესე იგი 1140 წელს მოუხატავს მიქაელ მაღლაკელს. ტაძრის მოხატულობა შეიცავს დავით აღმაშენებლის ძის დემეტრეს მეფედ კურთხევის ცერემონიალის სცენას. მინაშენის კართან გამოსახულია ბერულად შემოსილი კვირიკე მამასახლისი, რომელსაც მოხატვის ზედამხედველობა ჰქონია დავალებული. აქვეა მისი ანდერძი: "ვინც ამას ეკლესიასა მამასახლისი იყოს, კვამლისაგან შეიკრძალეთ ხატული, რათა ფერი არ დააკლოს".

ტაძარში დაცულია ტიხრული მინანქრებითა და სევადით შესრულებული, მედალიონებით შემკული ბიზანტიური საწინამძღვრო ჯვარი.

მეორე ეკლესია, რომელიც მოპირდაპირე ბორცვზეა აღმართული, წმინდა მთავარანგელოზთა სახელზეა ნაკურთხი. შუა თაღის ქვეშ ღვთისმშობლის გამოსახულების ფრაგმენტია. შესასვლელის ორივე მხარეს წმინდა დედები გამოუსახავთ: ცალ მხარეს - წმინდა მარინე და წმინდა ირინე, მეორე მხარეს - წმინდა ეკატერინე და წმინდა ბარბარე.

მახლობლად, ფერდობზე, იფხის მცირე ზომის წმინდა გიორგის ეკლესიაა.

მაცხვარიშსა და იენაშს შორის გზა მაღალი მთის ფერდობზე გაშენებული პატარა სოფლისკენ ლაჰილისკენ მიემართება. ლაჰილში სულ შვიდი კომლი სახლობს. სოფელში XIX საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის პატარა ქვის ეკლესია დგას, სადაც სამი დანგრეული ეკლესიის საგანძურია თავმოყრილი. აქ არის დაბრძანებული XI საუკუნის წმინდა ანას ხატი და საკურთხევლის ორი ჯვარი.

***
ლატალში მამა ეგნატეს სულიერი შვილი, ახალგაზრდა ქალი გავიცანი. ვინაობის გამხელა არ ისურვა, მაგრამ მისმა გულწრფელმა სიტყვებმა სული შემიძრა.

"მადლობა უფალს ყველაფრისთვის!.. ჩემი სოფლის ყველა ეკლესია დაკეტილი იყო და ხალხი ტაძრის კართან ლოცულობდა, მაგრამ ჩვენს ლოცვას მადლი არ ჰქონდა, თითქოს სქელი ღრუბელი გადაფარებოდა და ზეცამდე არ უშვებდა. დღეს კი, მადლობა უფალს, წირვა-ლოცვის მადლმა ღრუბელი გაფანტა და ჩვენმა ვედრებამ ზეცას მიაღწია. სოფელში სიმშვიდემ და მადლმა დაისადგურა. მადლობა მეუფე ილარიონს, მადლობა მამა ეგნატეს - მათ დაგვიბრუნეს რწმენა, რომლითაც ჩვენი წინაპრები ამ ტაძრებს აშენებდნენ.

ქრისტიანობა ძნელია, მაგრამ ტკბილი. პირადად მე ბევრი დაბრკოლება შემხვდა, მაგრამ ვითმენდი, რადგან ვიცოდი - ამ დროს უფალი მლოცავდა. ყველა დედას ვთხოვ, ნუ დააბრკოლებენ შვილს ტაძრისკენ მიმავალ გზაზე - ჩვენ ხომ მაცხოვარი გვიხმობს!"

ლატალელებს უსაზღვროდ უყვართ თავიანთი სოფელი და აქაურობის მიტოვებას არ აპირებენ, თუმცა ცხოვრება აქაც ისევე ჭირს, როგორც ყველგან.

- ზამთარში ტელევიზორი ერთადერთი თავშესაქცევია. მას შემდეგ, რაც ტაძარი ამოქმედდა, სოფელს გამოცოცხლება დაეტყო, ხალხს რწმენა მიეცა. შაბათ-კვირას და ყოველ საეკლესიო დღესასწაულზე ვესწრებით წირვა-ლოცვას, - მითხრეს იქაურებმა.

ლატალში ამჟამად სამასამდე კომლი ცხოვრობს. თითოეულ უბანში სხვადასხვა გვარი სახლობს: იენაშში - უმეტესად ფარჯიანები და წერედიანები, მაცხვარიშში - გირგვლიანები, გურგულიანები, თამლიანები, ლახუშტში - ჩანგელიანები, ფირცხელიანები, ნიკოლოზიანები, კვანჭიანები, იფხში - გვიჩიანები, სიდიანარში - სიდიანარანები და აბდელანები.

"რაც მამა ეგნატე ჩამოვიდა, სოფელში სულ სხვა მადლი ტრიალებს, ხალხი სულმთლად შეიცვალა, - მეუბნება მაია წერედიანი, - დედაჩემს სანთელი თავის დღეში არ აუნთია; ახლა დილა-საღამოს ლოცულობს".

ლატალელები ზამთრისთვის თადარიგს ნოემბრიდანვე იჭერენ და აპრილამდე თოვლის დნობას ელიან, თუმცა მრევლი უამინდობას არ უფრთხის და ტაძარში მისვლას მაინც ახერხებს.

***
სვანეთი თავად მონასტერიაო, - ბრძანებს მამა ეგნატე. ის თავმდაბალი და უშუალო ადამიანია. საკუთარ თავზე საუბარს ერიდება, მაგრამ ინტერვიუზე მოკრძალებით მაინც დამთანხმდა. სტუმარი რომ ღვთისაა, ალბათ ამიტომ.

KARIBCHE- სურამში დავიბადე და გავიზარდე. სამების (ღვთაების) ტაძართან ვცხოვრობდი. ყოველ დილას ჩამესმოდა ზარის რეკა, თუმცა ეკლესიაში მხოლოდ აღდგომის ღამეს ლიტანიობაზე დასასწრებად თუ წავიდოდი. 1996 წელს ურბნისისა და რუისის მღვდელმთავრად მეუფე იობი დაადგინეს. სწორედ იმ წელს დავამთავრე საშუალო სკოლა. რაც უფრო ხშირად ვხედავდი სასულიერო პირებს, მით მეტად მიჩნდებოდა სურვილი, გავცნობოდი მათი ცხოვრების წესს. მარხვის შენახვა გადავწყვიტე, მარხვის მადლმა კი ეკლესიური ცხოვრება დამაწყებინა. 1999 წელს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, სურამის ახალაშენებულ კვირაცხოვლობის ტაძარში პირველად ვეზიარე, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე მამა სტეფანემ (კორინთელმა) სტიქაროსნად მაკურთხა.

2002 წელს მეუფე ილარიონი მესტიისა და ზემო სვანეთის ახალშექმნილი ეპარქიის მღვდელმთავრად დაადგინეს. ღვთის ნებით, სვანეთში მასთან ერთად გამოვემგზავრე და მას შემდეგ აქ ვარ.

ბერობის სურვილი მანამდეც მქონდა, მაგრამ საბოლოოდ აქ გადავწყვიტე. 2003 წლის 2 აგვისტოს მესტიის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მეუფემ ბერად აღმკვეცა, ხოლო 10 აგვისტოს ამავე ტაძარში დიაკვნად მაკურთხა. 4 დეკემბერს, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე, ქოზიფის მამათა მონასტერში მეუფე იობმა მეუფე ილარიონის ლოცვა-კურთხევით მღვდლად დამასხა ხელი. 2004 წლის 18 იანვარს მეუფე ილარიონმა სოფელ ლატალის მაცხოვრის ამაღლების ტაძრის წინამძღვრად დამადგინა.

ლატალში 60-ზე მეტი ეკლესიაა, პირადად მე წირვა-ლოცვა ექვსში მაქვს აღვლენილი: მაცხოვრის ამაღლების, იონა წინასწარმეტყველის, თანღილის მთავარანგელოზის ეკლესიებში, მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარში, იფხის წმინდა გიორგის ტაძარში, ლაჰილის წმინდა გიორგის ეკლესიაში, რომლის ცნობილი სახარება ამჟამად მესტიის მუზეუმშია დაცული.

მაცხოვრის ამაღლების ეკლესიაში იშვიათ ფრესკებთან ერთად დავანებულია მაცხოვრის მირონმდინარე ხატი. შიდა მხატვრობა X საუკუნისაა, გარეთა - XII საუკუნისა. ტაძარში დაბრძანებულია ღვთისმშობლის ხატიც, რომელიც ერთ აქაურ ოჯახში ინახებოდა და ახლახან დაუბრუნდა ეკლესიას. კანკელის თავზე საიდუმლო სერობის ხატია დაბრძანებული. ეს რუსული ტრადიციაა, რომელიც XIV საუკუნეში შემოვიდა. მანამდე, ქართული ტრადიციით, კანკელის თავზე შუაში მაცხოვარს, მის აქეთ-იქით - იოანე ნათლისმცემელსა და ღვთისმშობელს, მთავარანგელოზებსა და მოციქულთა თავთ, მახარებლებს გამოსახავდნენ.

რამდენიმე თვის წინ წმინდა გიორგის ორი ხატი გადმოგვცეს, რომლებიც ერთ-ერთ უმოქმედო ეკლესიაში ინახებოდა. იქ წირვა-ლოცვის აღდგენა შეუძლებელია, ამიტომ ხატები ჩვენთან გადმოაბრძანეს.

- მამა ეგნატე, მონაწილეობს თუ არა მოსახლეობა საეკლესიო ცხოვრებაში?

- ხალხში დიდია რწმენა, ეკლესიის სიყვარული. უამრავი ტაძრის აღდგენა მიმდინარეობს - თავად მრევლს აქვს ამის სურვილი. ვინაიდან ეპარქიაში სულ ორი მღვდელმსახური ვართ, ყველა სოფელში მსახურების ჩატარება ვერ ხერხდება. მეუფის ლოცვა-კურთხევით წელიწადში ერთხელ მაინც თითქმის ყველა სოფელში აღევლინება წირვა-ლოცვა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. სასულიერო პირებს ხალხთან ხშირი ურთიერთობა გვმართებს. ხალხს გეზის მიმცემი, წინამძღოლი სჭირდება... უმოძღვროდ რთულია სულიერი ცხოვრების სწორად წარმართვა.

- მამა ეგნატე, მონაზონი ბრძანდებით, მაგრამ ერში მსახურობთ, ყველას ჭირსა და ლხინს იზიარებთ. მონასტერი არ მოგენატრათ?

- ადამიანი ბერული ცხოვრების გზას რომ დაადგება, უნდა იცოდეს, რომ მთავარი მორჩილებაა - ღვთისა, ეპისკოპოსისა, მოძღვრისა. ადამიანებამდე ღვთის სიტყვის მიტანა, მათი მოქცევა, ნათლისცემა უფრო მეტია, ვიდრე ბერული მსახურება, თუმცა დიდი მარხვის პერიოდში მონასტრის ტიბიკონით ვცხოვრობთ. ღვთის მადლით, ალბათ მომავალში მონასტერშიც ვიცხოვრებ.

- ბერობა ალბათ რთულიც არის და ტკბილიც...

- უფალი ამბობს: "უღელი ჩემი ტკბილ არს და ტვირთი ჩემი მსუბუქ არსო". ბევრი სირთულეა, ბევრი რამ გვაბრკოლებს, მაგრამ ამ გზაზე უფალი ყოველთვის შეგვეწევა, გაგვაძლიერებს და დაგვიფარავს.

სვანეთი ნამდვილად სამოღვაწეო ადგილია. ვისაც ბერობის სურვილი აქვს, უკეთესს ვერსად მიაგნებს. რომელ ტაძარშიც არ უნდა შეხვიდე, ისეთი გრძნობა გეუფლება, რომ აქ ოდესღაც მონასტერი იყო.

- მამაო, რას ეტყვით მორწმუნეებს?

- ჩემი რჩევა ის იქნება, რომ ყოველი დღისთვის ვმადლობდეთ უფალს და გვახსოვდეს, რომ ყველაზე უპირატესი სიყვარულია. სიყვარული თუ გვექნება, არც უფალი მიგვატოვებს.

- მამაო, დაგვლოცეთ...

- ღერბეთუ ჯამზირო - ღმერთმა დაგლოცოთ!

კარგი ფეხი დამეტოვებინოს გირგვლიანების ოჯახში!

KARIBCHEგირგვლიანები მაცხვარიშის უბანში ცხოვრობენ. აქ დაახლოებით 80 კომლი სახლობს და ერთმანეთის ჭირსა და ლხინს იზიარებს.

ბატონი გურამ გირგვლიანი ლატალის კულტურის სახლის დირექტორია (მის ოჯახში სტუმრობდა მისი უწმინდესობა სვანეთში ყოფნის დროს. გირგვლიანების ოჯახი დღესაც რელიკვიად ინახავს სკამს, რომელზეც პატრიარქი იჯდა). "ფოლკლორი ყველაზე უკეთ ლატალშია შემონახული, - ამბობს იგი, - ოცდაათკაციანი ანსამბლი გვყავს. გამოსვლები გვქონდა ბათუმში, ხობში, თბილისში. ვასრულებთ "ლილეს", სვანურ ზარს, საფერხულო სიმღერებს... სვანეთი არაფრისდიდებით არ უნდა დაიცალოს. მცირედი პირობები მაინც უნდა შეგვიქმნას მთავრობამ. პირველ რიგში, გზა უნდა გაკეთდეს. მერე, რაც მოსავალი მოჰყავს ადგილობრივ მოსახლეობას, იმის ადგილზე შესყიდვა ხდებოდეს... მთელი წელიწადი ჯაფაში ვართ და მერე ჩალის ფასად გვართმევენ! ელექტროენერგია ჭირს... რა ვიცი, პრობლემებს რა ჩამოთვლის..."

სტუმრად კვანჭიანებთან
კვანჭიანებთან ვართ სტუმრად. მასპინძლობას თბილისიდან ჩამოსული ერეკლე კვანჭიანი (პატრიარქის სტიქაროსანი) გვიწევს. ახალდაოჯახებულს მამა ეგნატე ლოცავს და ამასობაში სუფრაც იშლება.

- სვანებმა მითხრეს, მაქსიმალისტები ვართო, - ღიმილით ჰყვება მამა ეგნატე, - სიყვარულიც გადარეული ვიცით და სიძულვილიცო. თუ შეგიყვარეთ, ბოლომდე შეგიყვარებთ, თუ შეგიძულეთო... და აღარ დაასრულეს. სვანი ხალასია ბუნებით. სიყვარულიც და სიძულვილიც სახეზე აწერია.

- ამბობენ, სვანეთში მამაკაცის კულტიაო, - ღიმილით მივმართავ მასპინძლებს.

- ჩვენთან პატიოსნების კულტია, - მპასუხობს ერთ-ერთი თანამეინახე, - კაცი მართავს ოჯახს, მაგრამ ეს კულტი არ არის. სადმე გინახავთ, სვანმა ცოლი ან დედა ვინმეს დააჩაგვრინოს?! მამაზე მეტად დედას ვეფერებით, ძმაზე მეტად - დას... ნამდვილ სვანურ ოჯახებში მამაკაცი მეუღლეს ხელისგულზე ატარებს. კარგ ქალზე უკეთესი ამქვეყნად არაფერია და არც გლახა ქალზე უარესი არსებობს რამე.

- ქრისტიანულად თუ ცხოვრობთ აქაურები?

- ნელ-ნელა ვსწავლობთ, მადლობა ღმერთს... სოფელში 74 ეკლესიაა, ამ ეკლესიებს რწმენით აშენებდა ხალხი. ლუკმას მოიკლებდნენ და ტაძარს შესწირავდნენ. დღესაც ასე ცხოვრობენ. მეტადრე - მას შემდეგ, რაც მეუფე ჩამობრძანდა.

უხუცესი სილიბისტრო კვანჭიანი ის ადამიანია, რომლის სიტყვასაც სოფელში დიდ პატივს სცემენ. სტუმარმასპინძლობაც საკადრისი იცის და სიტყვა-პასუხიც მოზომილი აქვს. ჭიქა შამპანურით სტუმრებიც დაგვლოცა და იქაური სადღეგრძელოების თანმიმდევრობაშიც კარგად გაგვარკვია. სვანური სუფრა ტრადიციულად სამი სავალდებულო სადღეგრძელოთი იწყება: პირველი უფლის სადიდებელია - "ხოშაღერბეთ ლაგვშედაუ". მერე მოდის მთავარანგელოზთა სადიდებელი - "მქემთარიმზელ". მესამეს წმინდა გიორგის - "ჯგრაგის" სადღეგრძელოს ამბობენ. სუფრის ბოლოს აქაურები ღვთისმშობელს - "ლამარიას" ასხამენ ხოტბას. "ძველად ასეთი წესი იყო, - იხსენებს სილიბისტრო ბაბუა, - ამ სადღეგრძელოზე სასმისს ჩამოატარებდნენ ხოლმე. საერთო ჯამიდან დალევას არავინ თაკილობდა".

კვანჭიანებს თავიანთი ეკლესია აქვთ - თარიმზელი, მთავარანგელოზის სახელობისა. იქ ლოცულობენ ქვეყნისა და მოყვასისთვის.

ლამარიასა და ჯგრაგის მფარველობას ლატალელები მუდამ გრძნობენ და წამოსვლისას მეც მათი მფარველობა მისურვეს.

"ღერბეთუ ლაგვშედა" - ღმერთი შეგეწიოთ - ამ სიტყვებით დაემშვიდობა მასპინძლებს მამა ეგნატე.

გამოთხოვებისას მეც თავმდაბლად გეტყვით: "ღერბეთუ სილაგვეშდ!"
ბეჭდვაელფოსტა
19.02. 2020
წმიდა თევდორეს ხატზე და სხვა სიწმინდეებზე (დამატებით)
მამა - ვარლამ არტემის ძე კეთილაძე (13.03.1933-18.10.1995) ყოველთვის ამაყობდა ამ დიდი ეროვნული საქმით. მამას პირადი და საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფის თითოეული წევრის უდიდესი ძალისხმევით 1981 წელს ქვეყნის საგანძურს დაუბრუნდა უკლებლივ ყველა სიწმინდე:,,წმინდა თევდორე"-ს ხატი (იგი ამოღებული იქნა შვეიცარიის სახელმწიფო მუზეუმიდან), მაცხოვრის 3 ხატი, წმინდა გიორგის 3 ხატი, წყვილი მეომრის ხატი, იტალიური ჯვარი და სხვა სიწმინდეები სულ 16 ერთეული.
12.06. 2015
ვ.ა. კეთილაძე
ვარლამ არტემის ძე კეთილაძე გარდაიცვალა 1995 წლის 18 ოქტომბერს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.
24.01. 2015
წმიდა თევდორეს ხატზე და სხვა სიწმინდეებზე (დამატებით)
1980 წლის დასაწყისში საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა, საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარემ ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევმა, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატს, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს ედუარდ ამბროსის ძე შევარდნაძეს დაავალა 1969 და 1978 წლებში მესტიის რაიონის სოფ. ლატალის ეკლესიიდან გატაცებული სიწმინდების უმოკლეს დროში გამოძიება და ქვეყნის საგანძურში დაბრუნება. ქ. მოსკოვიდან ჩამოსულმა ე.ა. შევარდნაძემ პარტიის ცენტრალურ კომიტეტში გამოიძახა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი, მილიციის გენერალ-მაიორი გურამ გვეტაძე და მოთხოვა დაუყონებლივ დაეწყოთ აღნიშნული საქმის გამოძიება და შედეგები უსწრაფესად დაედოთ. შინაგან საქმეთა მინისტრმა პირველი რაც გააკეთა იყო ის, რომ ჩაატარა ოპერატიული თათბირი და მის მოადგილეს კადრების ხაზით მოთხოვა მასთან მიეტანათ რესპუბლიკის მასშტაბით მომუშავე ხუთი გამოცდილი მოსამსახურის პირადი საქმე, რომლებსაც ქონდათ ოპერატიული და საგამოძიებო საქმიანობის სერიოზული გამოცდილება. მახსოვს ღამით სახლში მოგვიტანეს ტელეგრამა, სადაც ეწერა, რომ მამას ვარლამ არტემის ძე კეთილაძეს მეორე დღეს იბარებდა შინაგან საქმეთა მინისტრი. ძალიან გაუკვირდა, თუ რით იყო გამოწვეული მისთვის ესოდენ მაღალი პატივი, იგი პირადად არ იცნობდა შინაგან საქმეთა მინისტრს და იმ პერიოდში მას შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს საქალაქო განყოფილებაში ეკავა არც თუ ისე მაღალი თანამდებობა (იმ დროს მამა იყო 48 წლის). მამა იმავე დღეს მატარებლით გაემგზავრა ქ. თბილისში. შინაგან საქმეთა მინისტრმა მიიღო ვ.ა. კეთილაძე და მას განუმარტა საქმის არსი მთელი სიგრძე-სიგანით, რომ საქმე უსწრაფესად უნდა გახსნილიყო და ყველა სიწმინდე უკლებლივ უნდა დაბრუნებოდა რესპუბლიკის საგანძურს. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვ.ა. კეთილაძეს შეთავაზა სათავეში ჩადგომოდა საგამოძიებო-ოპერატიულ ჯგუფს, რომელიც შეიქმნებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროში და მასში შევიდოდნენ სამინისტროს საგამოძიებო, აგრეთვე, ვანის, ბაღდათის და მესტიის შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილების უფროსის მოადგილეები და კონკრეტულად ამ საქმეზე იმუშავებდნენ. მიიღო რა თანხმობა მეორე დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი და ვ.ა. კეთილაძე პირადად მიიღო ე.ა. შევარდნაძემ, რომელმაც თავის მხრივ მადლობა გადაუხადა მამას თანხმობისათვის და დაავალა ძალ-ღონე არ დაეშურა ამ საქმის სწრაფი, სრულფასოვანი გახსნისათვის და ყველა სიწმინდის უკლებლივ დაბრუნებისათვის. მამას არაერთხელ უთქვამს, რომ ამ საქმის გახსნაში საგამოძიებო-ოპერატიულ ჯგუფს ტექნიკური და პრაქტიკული დახმარება გაუწიეს სახელმწიფო უშიშროების ორგანოებმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ვ.ა. კეთილაძეს და საგამოძიებო-ოპერატიულ ჯგუფის სხვა თანამშრომლებს ხანგრძლივი დროით უწევდათ მესტიაში, მურმანსკში, არხანგელსკში, დონის როსტოვში და ლენინგრადში (სანკტ-პეტერბურგი) მივლინებაში ყოფნა. აღნიშნული საქმე გაიხსნა 1981 წელს, დაკავებული იქნენ საქმის ორგანიზატორი და შემსრულებლები, რომელიც გაასამართლეს საქართველოს სსრ-ის კანონმდებლობით. უკლებლივ ყველა ხატი (,,წმინდა თევდორე"-ს ხატი ამოიღეს შვეიცარიის სახელმწიფო მუზეუმიდან), ჯვრები და სხვა სიწმინდეები (სულ 16 ერთეული) დაუბრუნდა ქვეყნის საგანძურს, რის შესახებაც საკავშირო (,,იზვესტია“, ,,პრავდა“, ,,სელსკი ჟიზნ“) და რესპუბლიკურ (,,კომუნისტი“, ,,თბილისი“, ,,ეჩერნი თბილისი“) გაზეთებში დაიბეჭდა სათანადო სტატიები, აგრეთვე, გამოიცა ვლადიმერ ლარიონოვის წიგნი - ,,обратнъй путь". საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის 1981 წლის აპრილის პლენუმზე გენერალურმა მდივანმა, საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარემ ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევმა მადლობა გადაუხადა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატს, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს ედუარდ ამბროსის ძე შევარდნაძეს, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს და გამოსვლაში მაღალი შეფასება მისცა ამ საქმის უშუალო ხელმძღვანელებს და შემსრულებლებს (მან აღნიშნა ,,...ქართველმა ჩეკისტებმა გვეტაძემ, ხაზალიამ, ჯაფარიძემ, ნანეიშვილმა, კეთილაძემ გახსნეს ეს საქმე, დიდი მადლობა მათ...“). მამას მეორე დღეს ქ. ლენინგრადიდან ტელეფონით დაურეკა პროკურატურისა და შინაგან საქმეთა ორგანოების დახელოვნების ინსტიტუტის რექტორმა იური დეევმა და მიულოცა ეს დიდი წარმატება (მამამ აღნიშნული სასწავლებელი დაამთავრა ორჯერ 1972 და 1983 წლებში, მანამდე კი დამთავრებული ჰქონდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით). გასავლელ გზას ყოველთვის მინათებს შენი სახელი - განვლილი ცხოვრებითა და ნაღვაწი საქმით გამოწრთობილი. მამა, მე ვამაყობ შენით! თამაზ კეთილაძე ქ. თბილისი 24.01.2015წ.
30.11. 2014
წმიდა თევდორეს ხატზე და სხვა სიწმინდეებზე
მილიციის მაიორის, რესპუბლიკის დამსახურებული იურისტის, ვარლამ არტემის ძე კეთილაძის ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით 1981 წელს გახსნილი იქნა და ქვეყნის საგანძურს დაუბრუნდა სვანეთის (სოფ. ლატალის) ეკლესიებიდან 1969 და 1978 წლებში გატაცებული ,,წმინდა თევდორე"-ს ხატი, ჯვრები და სხვა სიწმინდეები (სულ 16 ერთეული), რის შესახებაც საკავშირო და რესპუბლიკურ გაზეთებში დაიბეჭდა სათანადო სტატიები, აგრეთვე, გამოიცა ვლადიმერ ლარიონოვის წიგნი - ,,обратнъй путь". მამა მე ვამაყობ შენით. თამაზ კეთილაძე
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat