ეპარქიაში უამრავი ტაძარია, მაგრამ მათგან მხოლოდ რამდენიმეა მოქმედი. მღვდელმსახური კი ეპარქიაში სულ ოთხია. არადა, როგორ სჭირდებათ აქაურებს სულიერი საზრდო!..
1996 წლიდან ნიკორწმინდის ეპარქიას მეუფე ელისე განაგებს.
წლეულს, ზაფხულში, მამა დავით გეგეშიძის წყალობით ისეთი ადგილები მოვილოცე, ადრე მხოლოდ ოცნება რომ შემეძლო. მამა დავითი ნიკორწმინდელია და ბარაკონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მსახურობს, მრევლს სიმშვიდეს, თავმდაბლობას, ჭირთათმენას ასწავლის. მისი ბაბუა, იოანე, ნიკორწმინდის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის დიაკვანი და დიდი მწიგნობარი ყოფილა. ჰქონია მდიდარი წიგნთსაცავი, რომელიც გასაბჭოების შემდეგ განადგურებულა.
მამა დავითი მისმა უწმინდესობამ 1994 წლის 16 იანვარს სიონის საკათედრო ტაძარში აკურთხა დიაკვნად, ხოლო 13 თებერვალს მღვდლად დაასხა ხელი და ნიკორწმინდის ტაძრის მღვდელმსახურად განაწესა. პარალელურად ბარაკონშიც მსახურობდა.
ბარაკონში, როსტომ ერისთავის მიერ აგებული ტაძრის გვერდით, მისივე სასახლე მდგარა. ამ სასახლეში უამრავ ცნობილ ადამიანს გაუთევია ღამე. აქ შეისვენა მოსკოვში მიმავალმა ვახტანგ VI-მ თავისი ორასკაციანი ამალით, თეიმურაზ II-მ, მგოსანმა ბესიკ გაბაშვილმა და სხვებმა. ამ სასახლეში 200 წლის წინ სასულიერო წიგნებს ბეჭდავდა ერეკლე II-ის ყოფილი მესტამბე რომანოზ რაზმაძე-ზუბაშვილი, რომელიც 1811 წელს "გამოკრებილი სადღესასწაულოს" ბეჭდვის დროს გარდაცვლილა და ტაძრის ეზოში დაუკრძალავთ. ბეჭდვა მისმა შვილმა დავითმა დაამთავრა. ამ სასახლეში მცხოვრებ ერისთავთა უკანასკნელი ჩამომავალი იყო შამადავლე ერისთავი, რომელიც ბოლშევიკებმა გაასახლეს.
კეთილი მოძღვრის ხელი ეტყობა ბარაკონის ტაძრის შემოგარენს: ეკლესიის მწირი შემოსავლის მიუხედავად, აშენდა ლამაზი ორსართულიანი მისაღები, გაკეთდა ფაცხა-მუზეუმი, სადაც ძველებური ყოფის ამსახველი საგნებია გამოფენილი, - თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრია...
ნაქერალას ქედზე, ზედ მთის წვერზე, ცხრა ჯვარის სახელობის ეკლესია ყოფილა. მისი ნანგრევებიღაა შემორჩენილი. ეკლესიას ლეკნარის წმინდა გიორგის მონასტერი დაჰყურებს. აქ ადრე ციხესიმაგრე ყოფილა. ოდესღაც მის კოშკზე კოცონს ანთებდნენ და მტრის შემოსევას ასე აუწყებდნენ სოფელს.
ლეკნარის მონასტრის წინ აღმართული ჯვარი პარაკლისი
მამა დავითი მრევლთან ერთად ამ ულამაზესი ადგილის მოსალოცად რამდენიმე დღე ემზადებოდა. ორხიდიანი მანქანების გარდა ვერავითარი ტრანსპორტი ვერ შეძლებდა იქამდე მისვლას. უმრავლესობა სატვირთო მანქანებით გავემგზავრეთ. გზა სახიფათო იყო. რაჭველები დაძაბულობის გასაფანტად მთელი გზა მღეროდნენ და გალობდნენ. ნაირფერი ყვავილებით მოჩითულ მინდვრებს ძნელად სავალი, ტყით დაბურული ბილიკები ენაცვლებოდა.
ვიდრე მონასტრამდე მივიდოდით, ერთ ტრიალ მინდორზე, ტყის პირას, ფიცრულში შევისვენეთ. აქ ზაფხულობით მწყემსები ათევენ ღამეს. წყალი მონასტრის ეზოდან მოაქვთ.
ჩვენი მასპინძელი, ახალგაზრდა მწყემსი, ტყიბულელი, სოფელ გურნას მკვიდრი აღმოჩნდა. იქიდანYთურმე მოკლე გზით მოდენიან საქონელს. "ცუდ ამინდში გვიჭირს, - მითხრა ტრისტან ხვადაგიანმა, - მთელი სოფლის საქონელი აქ ამოგვყავს საბალახოდ, მარიამობის შემდეგ ისევ სოფელში ვბრუნდებით და მთელი ზამთარი დაბმული გვყავს... ასე ვცხოვრობთ აქაურები".
შევისვენეთ და გზა განვაგრძეთ. რამდენიმე წუთში ჩვენს თვალწინ გასაოცარი სანახაობა გადაიშალა...
წმინდა გიორგის მონასტერს ირგვლივ ტყე აკრავს. აქედან მთელი იმერეთი და ზღვის სანაპირო მოჩანს.
მონასტერი XI საუკუნისაა. მას რაჭისა და იმერეთის დაახლოების, სულიერი ცხოვრების აღორძინების ერთგვარი მესაჭის მისია უნდა ეტვირთა. გადმოცემით, ლეკნარის მონასტერს ჭელიშის სავანე მფარველობდა. ზაფხულობით ბერები მთაში ამოდიოდნენ და მეურნეობას უვლიდნენ, ჰქონდათ სათიბები, ჰყავდათ საქონელი, თავიანთი მონაგარით ქვრივ-ობლებს, სკოლებსა და გიმნაზიებსაც უმართავდნენ ხელს, ზამთრობით კი ბარში, ჭელიშის მონასტერში ბრუნდებოდნენ და იქ განაგრძობდნენ ღვთის სამსახურს.
მამა დავითმა წმინდა გიორგის სახელზე ჯანმრთელობის პარაკლისი გადაიხადა. მოვიხსენიეთ ყველა მართლმადიდებელი და წმინდა დიდმოწამეს შევავედრეთ საქართველო. "აქ მოსულმა ადამიანმა, ურწმუნოც რომ იყოს, უნდა იწამოს და მადლობდეს უფალს!" - ბრძანა მამა დავითმა.
მონასტრიდან დაახლოებით 30 მეტრზე წყაროა, წმინდა გიორგის წყალს ეძახიან. წყაროს ბერების ლოცვით დაუწყია დენა.
მონასტრის ეზოში მამათა საფლავებიც ყოფილა, თუმცა ჟამთასვლამ მათი კვალი წაშალა.
ჭელიშის მონასტერი
ჭელიშის მონასტერი ნიკორწმინდიდან სამ კილომეტრზე, მდინარე შარეულას ულამაზეს ხეობაში მდებარეობს. ოდესღაც ის სულიერი ცხოვრების კერა იყო. ჟამთასვლამ სავანე დაანგრია და გააუკაცურა. რამდენიმე წლის წინ, მეუფე ელისეს ლოცვა-კურთხევით, განახლდა ტაძრის სამრეკლო, ტაძარი კი ჯერაც დახმარებას ელის.არქიმანდრიტი ამბროსი (ხელაია), შემდგომში - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ყაზანის სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ, 1901 წელს, სწორედ ჭელიშის მონასტერში განაწესეს, რომლის არქიმანდრიტი იყო 1904 წლამდე. ჭელიშში მან აღმოაჩინა უძვირფასესი ისტორიული ძეგლი - "მოქცევაი ქართლისაის" ჭელიშური ვარიანტი, რომლის შესახებ 1907 წელს მოხსენება წაიკითხა საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების სხდომაზე, ხოლო მოგვიანებით ცალკე წიგნადაც გამოსცა. ამ ძეგლის პოვნის შესახებ ასეთი გადმოცემა არსებობს: ერთ დღეს არქიმანდრიტი ბოლთას სცემდა მონასტრის ეზოში. ხელთ ჰქონდა კრიალოსანი და მისი დამარცვლით იქცევდა თავს. უცებ მოეჩვენა, რომ ეზოს ცენტრალურ ნაწილში, ვეებერთელა ასწლოვანი კაკლის მახლობლად, მიწა ჩვეულებრივ ყრუ ხმას კი არა, სიცარიელის ექოს გამოსცემდა. დაიწყო იმ ადგილას ფეხების ცემა და ექოც საცნაური გახდა. მამა ამბროსიმ ანაფორა აიკეცა, ჩაიჩოქა და ახლა მუშტის ცემა დაიწყო, შემდეგ მთელი ტანით გაწვა მიწაზე. ამას სენაკებში მყოფმა ბერებმა მოჰკრეს თვალი და ძალიან გაუკვირდათ. მამა ამბროსიმ იხმო ისინი, აუწყა, რაშიც იყო საქმე და სთხოვა, ბარი და წალკატი მიეტანათ. იწყეს მიწის თხრა. ცოტა ხნის შემდეგ გამოჩნდა აკლდამის კარი. შევიდა შიგ მამა ამბროსი და რას ხედავს: ჩონჩხი ასვენია (ალბათ, მონასტრის რომელიმე წინამძღვრისა), ხოლო მის თავთით ეტრატი დევს. ეს გახლდათ "მოქცევაი ქართლისაის" მეცამეტე საუკუნეში გადაწერილი პირი.
მონასტრის ქვემოთ ბერებს ჰქონიათ დიდი აუზი, რომელიც მუდამ შაორის კალმახით იყო სავსე, ხოლო ოდნავ მოშორებით, ვრცელ სასაფლაოზე, გადმოცემით, სხვადასხვა დროს გარდაცვლილი სამასი ბერი ყოფილა დაკრძალული. მამა ამბროსის დროს საფლავები კარგად ჩანდა. კათოლიკოსი ქართულ საზოგადოებას მოუწოდებდა კიდეც, ეს უძველესი პანთეონი არქეოლოგიურად შეესწავლათ, მაგრამ მისი მოწოდება დარჩა ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა.
ხონჭიორი
ხონჭიორი ულამაზესი სოფელია. ერთადერთი ნაკლი აქვს: ავტობუსი არ დადის და აქაურებს უმეტესად ფეხით უწევთ უახლოეს სოფლამდე - ნიკორწმინდამდე მისვლა.გზიდან ხელისგულივით მოჩანს სოფელი, ყველაზე უკეთ კი ხონჭიორის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი ჩანს.
ტაძარი გვიანდელია, 1901 წელს აგებული. აქ კიდევ ოთხი ეკლესია შემორჩა.
სოფელში ძირითადად ორი გვარის ხალხი ცხოვრობს: ბუაძეები და ფოფხაძეები. ეს ტაძარი ბუაძეების აგებულია. ბუაძეებს ასეთი აღთქმა დაუდვიათ უფლის წინაშე: თუ პირველად ვაჟი შეეძინებოდათ, ხუთ ოქროს შესწირავდნენ. შეისმინა უფალმა და ვაჟი დაიბადა. ბუაძეებმა შეაგროვეს აღთქმული თანხა, მოიწვიეს ბერძენი ხუროთმოძღვრები და ღვთისმშობლის სახელზე საგვარეულო ეკლესია ააშენებინეს.
"ბებიაჩემის გადმოცემით, - იხსენებს თამარ ბუაძე, - ამ სოფელში დასახლებული პირველი გლეხი იმერეთიდან, ხონის რაიონის სოფელ ქვიტირიდან ყოფილა. პირველად ბუაძეები იმ ადგილას დასახლებულან, სადაც ახლა ტაძარი დგას. ოჯახის უფროსს ცოლ-შვილი და მოხუცი დედა დაუტოვებია და ქალაქში წასულა საშოვარზე. რამდენიმე წლის შემდეგ დაბრუნებულა და თან ხატი ჩამოუტანია. წვერი ჰქონია მოშვებული და ვერ უცნიათ. სახლში შესულს უკითხავს: დედი, რატომ დაღონებულხარო? რა ვიციო, - უთქვამს დედას, - ჩვენს გარშემო გლეხები დასახლებულან და ძალიან გვავიწროებენო. ფოფხაძის გლეხი კარგად მექცევა, მაგრამ გვენცაძე და ლაფერაშვილი გვაწუხებენო. მერე ხატზე დაუწყევლია: ღმერთმა მხოლოდ ფოფხაძე და ბუაძე ამრავლოს ამ სოფელშიო. მართლაც, ეს ორი გვარი დარჩა.
72 წლის ლამარა ბუაძეს ჭირიც ბევრი უნახავს და ლხინიც. ჩვენთან საუბრის დროს ბევრი იქაური ამბავი გაიხსენა. ახსოვს, მის ბაბუას კომუნისტები როგორ აძალებდნენ ხონჭიორის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის დანგრევას. "პავლე ბაბუა გზის მოხელე იყო, - მიამბობს ლამარა ბებო, - ეს საქმე რომ დაავალეს, ჭკუა იხმარა და დინამიტი ისეთ ადგილას ააფეთქა, რომ ეკლესიას არაფერი დაშავებოდა... ამისთვის საყვედურიც მიიღო.
ტაძარში ღვთისმსახურება რომ შეწყდა, აქ ბიბლიოთეკა გახსნეს, ერთხანს საწყობადაც კი იყენებდნენ. თხუთმეტიოდე წლის წინ, სოფლის ახალგაზრდების ინიციატივით, ეკლესია გაიწმინდა და ღვთისმსახურებაც განახლდა. მეუფის კურთხევით, მღვდელმსახურად ნიკორწმინდის ტაძრის მოძღვარი დეკანოზი გაბრიელ კობახიძე დაადგინეს.
მიწის სამუშაოებიდან შინ ვბრუნდებოდი. ამ დროს გავიგე, ეკლესია გახსნილაო. შევედი ტაძარში და დავინახე მარტო მლოცველი მამა გაბრიელი. მამაომ თავზე ხელი დამადო და საკურთხეველში შევიდა. მარტო მე ვიდექი ტაძარში... ლოცვა რომ დაასრულა, მადლობა მითხრა: "რამეთუ ჩვენთან იყო ღმერთი..." მას შემდეგ დავდივარ ეკლესიაში და ქრისტიანულად ვცხოვრობ.
მამა გაბრიელი ნიკორწმინდაში მსახურობს და ხშირად ვერ ახერხებს ხონჭიორში მოსვლას. კარგი იქნებოდა, ღვთისმსახურება აქაც ყოველ შაბათ-კვირას აღესრულებოდეს".
სოფელში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ჭაა. ზაფხულობით წყალი იკლებს, ზამთრობით იმატებს... თუმცა სოფელში მთავარი პრობლემა მაინც უწყლობაა. უწყლობა, უგზობა და უმუშევრობა. არც სკოლა აქვთ და მოსწავლეები ძველ ადმინისტრაციულ შენობაში იღებენ განათლებას. მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა მიწათმოქმედება და მეცხოველეობაა.
ჭელიაღელე
ეს სოფელი ჩემი დედულეთია. გზატკეცილზეა და ამიტომ შედარებით ადვილი მისადგომია. ირგვლივ ჯობენაურის ნაძვნარი აკრავს, რომელიც შაორის ველს უერთდება.რაჭის ყოველ სოფელში თითო ტაძარი მაინც დგას. ჭელიაღელეშიც შემორჩა მთავარანგელოზის ბაზილიკა. კომუნისტებმა აქ ჯერ საწყობი მოაწყვეს, შემდეგ - კლუბი, მერე დრონი იცვალნენ და ეს ყველაფერი მოიშალა, გაძარცული ტაძარი კი დარჩა.
ამჟამად ბაზილიკაში აქაურებიც დადიან სალოცავად და სტუმრებიც. თუ ჭელიაღელელებმა ოდნავ მეტი გულისხმიერება გამოიჩინეს, მის განახლებას წინ ვერაფერი დაუდგება.
სოფელი უბნებად არის დაყოფილი: დოხნაძეების, ჭელიძეების, მაჭავარიანების, მენაბდეების, დალაქიშვილების, შავლაძეების, ქართველიშვილების, ჩარკვიანების, მომცელიძეების, აბუთიძეების, კანდელაკების უბნებად.
86 წლის ლასი დალაქიშვილი ერთ დროს რაჭული კერძის ლობიანის საჭრელობლების კეთებით ირჩენდა თავს (ვისაც ნამდვილი რაჭული ლობიანი გაუსინჯავს, შეამჩნევდა, რომ ცომი ზემოდან დაჭრელებულია). საჭრელობელა ცაცხვისგან მზადდება. ხის მრგვალ ნაჭერს მთელ სიგრძეზე სერავენ და შუაგულში რაიმე ფიგურას ჭრიან. კომუნისტების დროს ლასი საჭრელობლებს ვარსკვლავებით ამშვენებდა, ახლა - დრო შეიცვალაო და ჯვრებს ჭრის. "მამაც და ბაბუაც მოხელეები იყვნენ. ურმებს აკეთებდნენ, სტოლებს... ხელობა მათგან ვისწავლე. აკვნებსაც ვთლიდი, უმეტესად - ბზისგან. იმდენი შეკვეთა მქონდა, ვეღარ ავუდიოდი. ახლა არც ასაკი მიწყობს ხელს და აკვნის მსურველიც აღარავინაა..."
ხოტევი
ხოტევი ისტორიული სოფელია. წყაროებში ის XI საუკუნიდან მოიხსენიება. ხოტევში გაიზარდა იმერეთის მეფე სოლომონი... იყო დრო, როცა აქ 600-მდე კომლი ცხოვრობდა.სოფელს ცალი მხრიდან ნაეკლესიევის მთა აკრავს, მეორე მხრიდან კი საჟურიისა. ხოტევი გზაჯვარედინზეა გაშენებული, ამიტომ 14 სოფელს უკავშირდება.
ისტორიული ძეგლებიდან ყველაზე უკეთ მთავარანგელოზის ეკლესიაა (1896 წ.) შემონახული. იქვე, ახლოს, ხოტევის ციხეა, რომელიც წულუკიძეებს ეკუთვნოდათ. სწორედ აქ იზრდებოდა სოლომონ I გიორგი და ბერი წულუკიძეებთან ერთად. ახლა ციხისგან ნანგრევებიღა დარჩენილა.
"ჩვენი სოფელი უბნებად არის დაყოფილი, - მეგზურობას მიწევს რობინზონ ავალიანი, რომელიც 24 წელიწადია, ხოტევის გამგებელია, მისი ჭირისა და ლხინის გამზიარებელი, - არის კობახიძეების, შარაბიძეების, ავალიანების, გურგენიძეების, ქევანიშვილების, კაციტაძეების, მენაბდეების, გოცირიძეების უბანი. ხოტევში ძალიან კარგი კლიმატია. შესანიშნავად ხარობს ვაზი, ხეხილი, მოჰყავთ სიმინდი, ლობიო, ბოსტნეული. წყაროც მრავლადაა: ნასხვეტურა, რომელსაც სამკურნალო თვისებები აქვს, ხვინიკაური, ბინური (გოცირიძეების უბანში), ცენტრალურ უბანში ცივწყალა მოედინება, ყრუაშვილების უბანში - შავწყალა. არის დარეჯანისა და დათვიბელაურას წყაროებიც. სოფელს კეთილმოწყობილი კლუბი და ამბულატორია აქვს... აქაურები პირველ სადღეგრძელოდ უფლის სადიდებელს ვამბობთ: ღმერთს დიდება, ჩვენ მშვიდობა, პურისა და ღვინის მადლი შეგვეწიოსო; დამთავრებისას კი - შეგვეწიოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელიო".
კვაცხუთი
გადმოცემით, კვაცხუთი "კაც ხუთს" ნიშნავს - იმ ხუთი გვარის თითო ოჯახს, პირველად რომ დაესახლა ამ ტერიტორიაზე. ეს ხუთი გვარი გახლდათ ნიკოლაიშვილი, საგანელიძე, სუთიძე, გოგოლაძე და გელოვნიშვილი.კვაცხუთი რიონის მარცხენა ნაპირზეა. დასავლეთით ამბროლაური ესაზღვრება, აღმოსავლეთით - სოფელი წესი, ხოლო სამხრეთით - სოფელი ხიმში.
კვაცხუთის შესასვლელთან ხიდიკარის ვიწრო კარიბჭე დგას, რომელიც სოფელს მტრისგან იცავდა. მთის წვერზე ველიეთის წმინდა გიორგის სასწაულმოქმედი ეკლესიის ნანგრევები მოჩანს. ხიდიკარის ზემოთ, რიონგაღმა, სამკურნალო წყლებით ცნობილი დაბლობია, რომელსაც ქვეშვაკეს უწოდებენ.
კვაცხუთს თავს წმინდა გიორგის ეკლესია დაჰყურებს. XIX საუკუნის დასაწყისში აქ ხის სამლოცველო მდგარა. 1870 წელს მის ადგილას აუგიათ ქვის ეკლესია, რომელიც გასაბჭოებისას დაუნგრევიათ, 80-იანი წლების მიწურულს კი აღუდგენიათ. ამჟამად ტაძარი უმოქმედოა, მაგრამ კვაცხუთელებს ძალიან უნდათ, აქ ღვთისმსახურება აღდგეს. ამისთვის ზრუნავენ კიდეც: დიმიტრი გოგოლაძემ და ზაზა ნიკოლაიშვილმა ხის კანკელი გააკეთეს, რომლის მასალაც ადგილობრივმა მკვიდრმა ადა საგანელიძე-გაბრიჭიძემ შესწირა ტაძარს. კანკელში ჩასმულია მაცხოვრის, ღვთისმშობლის, წმინდა გიორგის და წმინდა ნიკოლოზის ხატები, რომლებიც ტაძარს კახა და ბესიკ გაბრიჭიძეებმა შესწირეს კანდელებითურთ. ამჟამად აქაურები ხატების შესაძენად აგროვებენ შემოწირულობას. მალე დაიდგმება სატრაპეზო ქვაც, რის შემდეგაც ღვთისმსახურების აღვლენა შესაძლებელი იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი წმინდა გიორგის სახელობისაა, 1927 წლამდე აქ ფერისცვალებას დღესასწაულობდნენ - ნიკორწმინდის ეპარქიაში, ტრადიციისამებრ, 12 საუფლო დღესასწაულს სხვადასხვა ტაძარში ზეიმობდნენ; ფერისცვალების აღნიშვნა ამ ეკლესიას ერგო.
ზაზა ნიკოლაიშვილი სტიქაროსანია - მამა დავითს ბარაკონის ტაძარში ეხმარება. მან ქალაქი მიატოვა და მშობლიურ კვაცხუთში დამკვიდრდა. მარტო ცხოვრობს და თავს მეურნეობით ირჩენს. "ეკლესიასთან ჩემი ურთიერთობა რუსთავის წმინდა გიორგის ტაძრიდან დაიწყო. აქ რომ ჩამოვედი, სულიერი ცხოვრება ბარაკონს დავუკავშირე. მინდა, სიკვდილამდე ვემსახურო ტაძარს, მუდამ მესმოდეს მისი ზარების რეკა..."
ბარი და მრავალძალი
ზემო ბარი ონის რაიონშია. ვიდრე ამ სოფლამდე მიხვალთ, მუხლი, სამთისი და ქვემო ბარი უნდა გაიაროთ, მის ზემოთ კი სოფელი მრავალძალია. ამ მთიან მხარეში მოსახლეობის სიმცირე ყველაზე შესამჩნევია. ზემო ბარი მრავალძალის წმინდა გიორგის ტაძრის (XIს.) მოლოცვისას მოვინახულე. გზაში ზურაბ ცხოვრებაძე შემოგვიერთდა, მეუღლესთან, თამარ ციხისელთან ერთად.გზები საგრძნობლად არის შელახული და სალოცავამდე გაჭირვებით მივაღწიეთ.
გადმოცემით, მრავალძალის ეკლესია ადრე სხვაგან მდგარა. ერთ-ერთი შემოსევისას ურჯულოებს ხიხამთა გადმოუვლიათ და ამ ადგილების დასალაშქრად წამოსულან. მოულოდნელად ნისლი ჩამოწოლილა და ვეღარაფერი დაუნახავთ. ჯარი სალი კლდიდან ცვიოდა. უეცრად სარდალს ეკლესია დაუნახავს და უფალს შევედრებია, ოღონდ გზა გამიხსენი, არაფერს გავნებო. მართლაც გაფანტულა ნისლი... იმასაც ამბობენ, მრავალძალის ეკლესიისთვის შაჰს თავისი ოქროს ხმალი და დიდძალი ძღვენი შეუწირავსო. შემდეგ ეს ხმალი დაკარგულა. შესაწირავში ყოფილა ორი დიდი ხარიც, რის ნიშნადაც ტაძრის კედელზე ხარის რქებია ამოჩუქურთმებული.
მრავალძალის ტაძარი მიწისძვრამ საგრძნობლად დააზიანა. გუმბათი მთლიანად ჩამოიქცა, თუმცა ეკლესიას მაინც მრავალი მომლოცველი ჰყავს.
წმინდა გიორგის სახელზე პარაკლისი მამა დავითთან ერთად მღვდელმსახურმა მამუკა თავხელიძემ აღავლინა. მამა მამუკა ღვთისმშობლის ხატს ჩამოჰყვა რაჭაში მოსალოცად.
მრავალძალს გარს სოფლები ბოყვა და შქმერი აკრავს. მაღალი მთიდან დიდებული ხედი იშლება.
მრავალძალში ხალხი აქა-იქღა ცხოვრობს. უგზობის გამო იქაურები, ფაქტობრივად, მოწყვეტილები არიან სხვა სოფლებს. თითო-ოროლა კომლი მთის წვერზე მერცხლის ბუდესავით შეკიდულ სოფელს დარაჯად უდგას და უკეთეს მომავალს ელის.
ზემო ბარში შემთხვევით შევჩერდით, თუმცა შემთხვევით ხომ ამქვეყნად არაფერი ხდება... უკან გამობრუნებულებს ერთი ზემობარელი დაგვეწია და თავისთან მიგვიწვია.
სოფელში ჩვენს გამოჩენას დიდი სიხარული მოჰყვა. ყველა ისეთი სიყვარულით გვეპატიჟებოდა, თავგზა აგვებნა... შინიდან მაგიდები გამოიტანეს და სატრაპეზოდ დავსხედით. მამა დავითმა თამადობა ზურაბ ცხოვრებაძეს დააკისრა.
მამა დავითი და მამა მამუკა პარაკლისს აღავლენენ
ტრაპეზის შემდეგ მასპინძელს ჩემი ვინაობა გავუმხილე. "კარიბჭე" რომ ვახსენე, უმალვე შემომაგება, ჩემი ოჯახი თქვენი ჟურნალის მუდმივი მკითხველიაო.
"ზემო ბარში კერვალიშვილები, სულაძეები, პეტრიაშვილები, მეგრელიშვილები და არჩვაძეები ცხოვრობენ. ჩვენ, სულაძეები, მესხეთ-ჯავახეთიდან ვყოფილვართ წამოსულები. 1937-39 წლებში ზემო ბარის მთავარანგელოზის ეკლესიაში მღვდელ სულაძეს უმსახურია. ის მოძღვარი კარგად მახსოვს. საბჭოთა პერიოდში ამ ეკლესიიდან წიგნები გამოუტანიათ და ეზოში დაუწვავთ, ტაძრის დანგრევაზე, გუმბათის მოხსნასა და ზარის ჩამოგდებაზე კი ვერავინ დაუყოლიებიათ - ამბობდნენ, ვინც ამას გააკეთებს, თვალისჩინი წაერთმევაო. მაშინ მიხა მესხიშვილი შემხტარა გუმბათზე და ჯვარი ჩამოუგდია - აბა ვნახოთ, რას მიზამსო, აგდებით უთქვამს. ორიოდე თვეში კი თვალისჩინი წაერთვა...
მშობლები მუდამ მასწავლიდნენ: შვილო, ისე იცხოვრე, ეკლესიაზე ავი არაფერი თქვა, ტაძრიდან შინ არაფერი წაიღო - იქ ყოველივე უფლის საკუთრებააო...
მოწყვეტილები ვართ ქვეყანას. სინათლე რამდენი ხანია თვალით აღარ გვინახავს. ამიტომაც არის, სოფელი თანდათან რომ იცლება... ჩემი მიწის სიყვარული მაძლებინებს, თორემ რა გამაჩერებდა აქ, მით უმეტეს - ზამთარში, როცა კაცის სიმაღლე თოვლი მოდის... რუსთავი დავტოვე და აქ გადმოვსახლდი. ღმერთმა ნუ დამიკარგოს ჩემი ქვეყნისა და მომავლის რწმენა, ჩემი ეზოს და კუთხის სიყვარული!"