1883 წელს იმპერატორი ალექსანდრე III თიანეთის გრენადერთა პოლკის ჯარისკაცების ყოფა-ცხოვრების გასაცნობად ჩამოსულა პეტერბურგიდან. სამხედრო აღლუმის მერე რამდენიმე დღე დაჰყო ამალითურთ ხაწირის ეგზოტიკურ "სასახლეში". ქუსნოს წყალი რომ იგემა, სიამოვნებით აღმოხდა თურმე - "მდაა... ვკუსნო". ზოგიერთი იმასაც ამტკიცებს, მდინარეს ამის მერე დაერქვა "ქუსნოო"... თიანეთის მაზრის მყუდრო გარემოში არაერთი პოეტური ღამე დასთენებია კახეთისა და მთიანეთის განათლებულ საზოგადოებას, ჩინიანსა და უჩინო თავადაზნაურობას.
ვაჟა-ფშაველა ერთ "თიანურ ფელეტონში" წერდა: "თიანეთისთანა მშვიდობიანს ერთს სხვა მაზრას ვერ იპოვით ვერსად..."
დაბის თითქმის ყველა ძველ შენობაზე შეხვდებით მემორიალურ დაფას წარწერით: "აქ მოდიოდა და ღამეს ათევდა ვაჟა-ფშაველა". პირველი "ვაჟაობაც" გასული საუკუნის 60-იან წლებში სწორედ თიანეთში ჩატარებულა, რომელიც შემდეგ ტრადიციულ სახალხო დღესასწაულად იქცა. ივრის პირას ახლანდელი კულტურისა და დასვენების პარკი ვაჟას სახელობისაა, მის შესასვლელში კი პოეტის ძეგლი აღუმართავთ...
"მე ერთხელ მოვკვდი, ეს იყო წინათ"
"მე ერთხელ მოვკვდი, ეს იყო წინათ", - წერს ერთ ლექსში მირზა გელოვანი...მას არ არგუნა ბედმა ჭარმაგს ეხილა სამყარო. კომეტასავით ჩაიქროლა და წავიდა... ხუთი თვის მერე 90 წლის შესრულდება. მეზობელთა და ნათესავთა ხსოვნაში კი დარჩა 27 წლის ჭაბუკად, თიანელების სათაყვანოდ და ჩაუქრობელ კელაპტრად. მის ეზო-მიდამოს დღემდე სათუთად, პირვანდელი სახით ინახავს თიანეთი. სახლ-მუზეუმს 18 წელია საკუთარივით პატრონობს ციცინო გაბიდაური...
- თიანეთი, იორი, ქუსნო, ხაწირი, ცხრაკარა და იხინჭა იყო მირზას ბავშვობის აკვანი, - მოგვითხრობს ქალბატონი ციცინო, - დაუდგრომელი, გონიერი ბიჭი ყოფილა. მირზას მუზეუმი პოეზიის ნამდვილ კერად ვაქციეთ. ხშირად ვატარებთ შეხვედრებს ცნობილ ადამიანებთან. ვამდიდრებთ მუზეუმს ახალ-ახალი ექსპონატებით... მისი პირველი წიგნის მერე 25 წელი იყო გასული, როცა მეორე წიგნი გამოვეცით. ამ გამოცემაში ბევრი ახალი წერილი, უცნობი ლექსი და ნახატი შევიდა. ზოგმა ალბათ არც იცის, რომ მირზა ჩინებულად ხატავდა. ყველა ხელნაწერი მისივე ხელითაა დასურათებული. წიგნში პირველად შევიტანეთ მირზას ავტოგრაფი ნახატითურთ, რომელიც ახლავს ლექსს "ალბომი". მირზამ განშორების მთრთოლვარე დღეები უწინარეს თიანეთში განიცადა. მაგალითისთვის "თეთრი მიწაც" კმარა, რომლის ადრესატის წერილი 70 წელზე მეტია მირზას ოჯახში ინახება.
"დედამიწა შეიმოსა თეთრი სამოსელით,
თეთრ კარავებს დაემსგავსნენ ატეხილი მთები,
მახსოვს შენი გუნდაობა უხელთათმნო ხელით,
ახლაც მინდა შენი ნახვა, ახლაც მენატრები..."
იმ პაწაწინა ხალიანმა გოგომ, უხელთათმანო ხელით რომ ეგუნდავებოდა მირზას, მისადმი მიძღვნილი ლექსის გამო, ჩანს, ბევრი ღამე გაათია ფიქრსა და ოცნებაში. ვერ კი შებედა გრძნობის გამხელა. სამაგიეროდ, მირზასადმი მიწერილ ბარათს წაუმძღვარა საგულისხმო სიტყვები: "ჩვენ ერთმანეთს დავშორდით მდუმარების ცრემლებით და დავტოვეთ ნახევრად დამსხვრეული გულები". ეს პაწაწინა ხალისიანი გოგო, მირზას პირველი პოეტური მუზა, გახლდათ პოეტ ალაზა ხაიაურის უფროსი და, ქალბატონი სარა ხაიაური, რომელიც ნაღვლიანად წერდა: "მალე უკან დარჩა "თიანეთი და სწორები". მირზა თბილისელმა ლამაზმანებმა გაიტაცეს... მან თან წაიღო ჩემი გული". ჯერ კიდევ ბევრი რამ დარჩა უთქმელი, რაც მირზას პოეზიას და მის პიროვნულ თვისებებს მეტ ნათელს მოჰფენს... და ჩვენ ამ უნიკალურ ექსპონატებს თვალისჩინივით ვუფრთხილდებით.
"სოფელი და ერთი კაცი"
ნათქვამია - "სოფელი კაცითააო". თიანეთიც თავის სახელიანი შვილებით მუდამ იმედიანია და თავმომწონე. მის ფესვებზე ამოიზარდნენ ისტორიკოსი ფარნაოზ ლომაშვილი, ცნობილი მკვლევარი ჯიბო ლომაშვილი, ფარმაკოლოგი ვაჟა ერიაშვილი, მედიცინის დარგში მოღვაწე გივი და მამუკა გონჯილაშვილები, თენგიზ ხელაძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ელიზბარ მგელიაშვილი, რომელმაც ქართულ ფოლკლორს ბევრი მარგალიტი შესძინა, პოეტი ბესიკ ხარანაული და მრავალი სხვა... თიანელთა ყოფას ალამაზებს აქაური ქალის - ოლღა მოსახლიშვილის შვილიშვილი, თერთმეტი შვილის დედა - ნინო ბზვანელი... მან არა მარტო შვილებს, მეუღლეს - მამა ალექსანდრესაც შეაყვარა თიანეთი და თიანელები. ვიდრე დაბაში ეკლესია აშენდებოდა და იქ მოღვაწეობას ღვთისმსახურნი შეუდგებოდნენ, მამა ალექსანდრე მორწმუნე მრევლს კვირაში ერთხელ, მთელი ზაფხულის მანძილზე, მირზას მუზეუმში შეკრებდა და უქადაგებდა."ლამაზად შვილის გამზრდელი"
...ბევრი სანიმუშო ოჯახი სახლობს თიანეთში, საზოგადოებრივ საქმიანობაშიც რომ გამოარჩევ და პირად ცხოვრებაშიც... თიანელთა სამყაროში იოლად ვერ შეხვალ... მათსავით წმინდა და აუმღვრეველი სული უნდა გქონდეს, რომ შეგინივთონ, გაგითავისონ. ასე გაუღეს გულის კარი ერთ უპრეტენზიო ოჯახს, რომლის ბადალი მთელ ერს მისაბაძად აქცევდა...მხატვარი ლევან ხარანაული და მისი მეუღლე ლელა სულაკაური ექვს შვილს უზრდიან ქვეყანას. ახალგაზრდა ოჯახმა აიკრა გუდა-ნაბადი თბილისიდან და თიანეთში დამკვიდრდა. ორი ათეული წელი იზიარებენ მეზობლების ჭირსა და ლხინს. მათთან ერთად გამოიარეს შავი პურის რიგები, იწვნიეს უსინათლობა, უგზოობა და კიდევ ბევრი სხვა გასაჭირი, რასაც უდრტვინველად იტანს მთის მოსახლეობა, რომ არ დააცარიელოს მთა... საკუთარი ხელით შეკოწიწებულ სახელოსნოში გადაბარგებულ ოჯახს ზოგმა პიანინო აჩუქა, ზოგმა სკამი, ზოგმა საწოლი... ამას წინათ ერთმა მეგობარმა მითხრა, - ლევანის ბავშვები ვნახე და თიანეთში მეც მომინდა ცხოვრება. მინდა შვილი ისეთი ხალასი, ჯანსაღი და ლაღი გავზარდო, როგორებიც მისი ბავშვები არიანო. მაშინ ლევანი უნდა იყო, მეუღლედ კი ლელა სულაკაური გყავდეს-მეთქი. გაეღიმა - იქნებ როგორმე მივუახლოვდე მათ სამყაროსო. ღმერთმა უსმინოს. ლევან ხარანაულის შვილები თიანეთის მირზა გელოვანის სახელობის სკოლაში სწავლობენ. უფროსმა - მარიამმა დაამთავრა კიდეც და სამხატვრო აკადემიაში რესტავრაციას ეუფლება... ოცნებობს გააცოცხლოს წარსული, გაიმეოროს ის, რაც იყო, უფრო მკაფიოდ და მიმზიდველად. ამ ოჯახის ყველა ბავშვი ხომ წინაპარს იმეორებს. მარიამი ბესიკ ხარანაულის ბებიას ერქვა, ქიტესა - პაპას, გიორგი - ქიტესას ძმას. ეს სახელები რომ "ამოწურეს" - მარიამი, ქიტო, გიორგი... ბესიკის ჯერიც დადგა. მისი მოსახელე უკვე მეშვიდეკლასელია, მშვენიერი ელენე - 3 წლის, ანას (ეფემია) ჯერ ფეხი არ მოუმაგრებია და მის თვალებში უკვე გამოკრთის იმ წმინდანის სხივი, რომლის სახელიც დაარქვეს... ლევან ხარანაულის ბავშვები უკვე რამდენიმე ფილმის "გმირები" არიან. ორი მათგანი სტიქაროსანია, დანარჩენები - გალობენ. მარიამი ზოგჯერ თიანეთში სპეციალურად ჩადის, მგალობელთა გუნდს ერთი ხმა რომ არ მოაკლდეს...
ლევანი ხატავს, ლელა ზრდის ამ ნათელ ბავშვებს. შეშის ღუმლით გამთბარი კედლები აძლებინებს ამ გაუსაძლის ყოფაში დიდი ოჯახის ახალგაზრდა დიასახლისს... ამისთანაზე იტყოდა ალბათ ვაჟა: "ლამაზად შვილის გამზრდელი დედა მიცვნია ღმერთადა..."
"ფიქრის წყარო"
კოლორიტებს რა დალევს თიანეთში... ახლა ისინი ცოცხლები აღარ არიან, ვის გამოც რუსთაველის ქუჩაზე სამი ონკანიდან გადმომდინარ სიცოცხლის წყალს "ფიქრის წყარო" დაერქვა. - ფიქრი ნისლივითაა: გულს შემოგაწვება, დაამძიმებს, ზოგჯერ კაცს "თავის ქალასაც ახდის", - იტყოდა ხოლმე "მოფიქრალთა ამქრის" თავკაცი ჰაგენ მექვაბიშვილი.
ისინი უცრემლოდ ფიქრობდნენ, ვინ იცის, რაზე... ქვემოუბნის მამაკაცები თავისუფალ დროს ჩამოსხდებოდნენ წყაროსთან. მოჰყვებოდნენ იმ მთისას, ამ ბარისას. შემოელეოდათ სალაპარაკო და ისხდნენ ისე, უქმად, უხმოდ, ფიქრებში ჩაძირულები, მარჯვენაზე თავჩამოდებულები. მერე რომელიმე მათგანი შინისკენ გასწევდა, გამოიტანდა ჟიპიტაურს, ცოტაოდენ მისატანებელს, გადაფენდნენ ბორდიურზე "გაზეთის სუფრას" და ეპატიჟებოდნენ გამვლელ-გამომვლელს - ერთი ჭიქა დაგვილიეო. გაუთავდებოდათ სასმელი და ისევ ფიქრს მიეცემოდნენ.
თაობები მიდიან და მოდიან. ძველ კოლორიტებს ცვლიან ახლები. და იბადება ახალი ფიქრი "ფიქრის წყაროსთან" - ვინ იცის, რაზე...
მოამზადა
ეთერ თარიმანმა
ეთერ თარიმანმა