თლუღი
თლუღი
რაჭის სევდა დღეს საყოველთაოა. იცლება სოფლები. თითო-ოროლა სახლის საკვამურიდან თუღა ამოდის კვამლი... აქ ის ხალხი ცხოვრობს, ვინც მამა-პაპათა საძვალეები არ მიატოვა. მათი შვილები და შვილიშვილები სარჩოს საძიებლად დიდ ქალაქებში მიმოფანტულან, ზამთრობით მოხუცებს შორიდან მოიკითხავენ (სასაყვედუროდ ენა არ მოგიბრუნდება - რაჭის მაღალმთიან სოფლებში ასვლა ხომ ისეთი რთულია, თბილისს მრავალჯერ მოივლი), ზაფხულობით კი მთელი ჯალაბით ადიან და საქართველოს ამ ულამაზეს კუთხეს სიცოცხლე უბრუნდება.

***
რაჭაში არ მოიძებნებოდა სოფელი, საარსებო სახსარი რომ არ ჰქონოდა. უმთავრესად მემინდვრეობას, ხვნა-თესვას მისდევდნენ, შემდეგ - მევენახეობას, მესაქონლეობას, მეხილეობას, მეფუტკრეობას, მონადირეობასა და ხელოსნობას. ყველა სოფელს თავისი თავმოსაწონებელი მოხელეები ჰყავდა: ნაკუთელები ცნობილი კალატოზები იყვნენ, უწერელები - ხე-ტყის ოსტატები, ქვემო რაჭაში განთქმული ქვისმთლელები ჰყავდათ, ფარახელ მესტვირეებს ხომ მთელ საქართველოში იცნობდნენ... სადაც არ უნდა მოხვედრილიყო რაჭველი, პატიოსნებისა და შრომისმოყვარეობის წყალობით ყველგან სიყვარულსა და პატივისცემას იხვეჭდა. საარაკოდ ქცეულიყო რაჭველების შინაგანი კულტურა, დარბაისლობა, გულუბრყვილობა და სიკეთე...

დღეს კი... სადღაა ძველი რაჭა, უხვი და ხალხმრავალი, გამრჯე და მუყაითი, მოცალეობის ჟამს - მოქეიფე, მოჯირითე, მობურთალი, მოკრივე, მოჭიდავე და მონადირე... ამდენი სიკეთის პატრონი, საკუთარ გასატევარს "უცხო ნათესავს" სისხლის ფასად რომ არ დაუთმობდა...

- ასე იყო, ბატონო, უწინ, ახლა ქვე საღა არიან, დეიწრიტა სიცოცხლის ნიშატი! - შესჩივიან ერთმანეთს გიზგიზა ღუმელს მიფიცხებული მოზამთრე რაჭველები, გრძელ ზამთარში, ორიოდე ღერი შეშა დაგვეზოგოსო, ხან ერთთან რომ იყრიან თავს და ხან მეორესთან. რაო, შეშაო? როგორ გეკადრებათ, ეს მხოლოდ საბაბია. ერთმანეთთან ყოფნა სურთ, ჭირისა და ლხინის გაზიარება. შინ ხმის გამცემი რომ არავინ გყავს, რა უნდა ქნა? კაცი კაცს თუ არ დაელაპარაკა, გული თუ არ მოიფხანა, შეიძლება "ქვეც აურიოს".

***
რაჭველები სიდინჯით, სიდარბაისლით, თავაზიანი სიტყვა-პასუხით გამოირჩევიან. თუ ასე მოგმართეს: მანანიკა, ხათუნიკა, დათუნიკა, - უნდა მიხვდეთ, რომ თავისიანად გთვლიან. ყველუკას, პურუკას და ღვინუკას თუ არ დაუწუნებთ, სანაქებო მასპინძლობასაც გაგიწევენ.

საქართველოს ეს უმშვენიერესი კუთხე ოდესღაც მეღვინეობით იყო განთქმული. ახლა რაჭული ხვანჭკარაც სანთლით არის საძებარი, თუმცა აქა-იქ ჯერ კიდევ მოიძებნებიან მოხუცები, რომელთაც მამაპაპურ ჭურ-მარანში წინაპართა წესით დაყენებული და დაძველებული ღვინის ფასი იციან.

რაჭის თითქმის ყველა ოჯახში სუფრის დასასრულს ყველაწმინდას სადღეგრძელოს სვამენ:

"შეგვეწიოს ყველაწმინდა,
ხოტევი და ნიკორწმინდა,
ზემო ბარი, ქვემო ბარი,
ქოლოსი და მრავალძალი,
აგარა და უყეში,
ღმერთმა მოგვცეს ნუგეში".


ცნობილ ხალხურ სიმღერას "წერეთელმა დაგვიბარა" დღეს იშვიათად გაიგონებთ. ნეტავ რა დაუბარა თავადმა წერეთელმა რაჭველებს - მიწა თუ რაიმე სანუგეშო? ვინ იცის! სამაგიეროდ, იციან, რომ მსოფლიოში ყველაზე სწრაფები არიან და მეტისმეტ სიდინჯეს სულ ტყუილად აბრალებენ.

რას აღარ ჰყვებიან მათზე, მაგრამ კეთილი რაჭველები ოდნავადაც არ ბრაზობენ. დინჯად გაიღიმებენ და ნათქვამს ჩირადაც არ აგდებენ ხოლმე...

ჩემი სოფელი თლუღი
მეც რაჭველი ვარ, ჩემო მკითხველო, თანაც როგორი რაჭველი - მისხალი სისხლი არ მირევია სხვა კუთხისა. ჩემი გვარი სოფელ თლუღიდან მოდის. ცაგურიშვილები წინათ კაციტაძეები ყოფილან. ერთ თლუღელს, სახელად ცაგოს, მრავალი შვილი ჰყოლია. გამვლელისთვის უკითხავთ, ვისთან მიდიხარო. ცაგურას შვილებთანო, - მიუგია. ასე გამხდარა კაციტაძეების ის შტო ცაგურიშვილი.

თლუღში მისვლამდე ხარისთვალი, ნიკორწმინდა, ჭელიაღელე და აგარა უნდა გაიაროთ. ტრიალი ხატიმინდორას შემდეგ კი ჩემი სოფელია.

თლუღში არასდროს მიცხოვრია, მაგრამ ყოველ ზაფხულს იქ ვატარებდი. მამის მამა, მინა ბაბუა, არ მახსოვს, ბებიაჩემი კი ცხადად შემოინახა მეხსიერებამ. მახსოვს, როგორი სიხარულით გვმასპინძლობდა და რა თვალცრემლიანი გვაცილებდა.

***
მეგონა, ჩემს სოფელზე ბევრი რამ ვიცოდი... თურმე ვცდებოდი. ამას მაშინ მივხვდი, როცა ძირისძირობამდე ჩავწვდი მის წარსულს... დასასვენებლად მივდიოდი მეგონა. ვინ გაცალა - ჟურნალისთვის მასალის მომზადება დამავალეს.

თლუღის გარდა რაჭის სხვა სოფლებიც მოვიარე. ბევრ იქაურს შევხვდი, ბევრის ჭირი და ლხინი გავიზიარე და მათი ნაამბობი დიდი სიყვარულით მოვიტანე თქვენამდე.

***
ჩემი სოფელი ქვემო თლუღია. არის მეორე - ზემო თლუღიც. მოსახლეობა ქვემო თლუღში უფრო მეტია.

თლუღი ისტორიულ წყაროებში XVIII საუკუნის მიწურულიდან იხსენიება. სოფლის ახლოს ნასოფლარია, ოლანს ვეძახით. სამეურნეო სამუშაოების დროს აქ სამარხებიც აღმოაჩინეს. "საკუთარი თვალით მინახავს ადამიანის თავის ქალები, სამეურნეო დანიშნულების ნივთები, თიხის ჭურჭელი, ისრის პირები", - მიამბობს აქაური სკოლის მასწავლებელი, ისტორიკოსი მალხაზ გურაბანიძე. ამავე ტერიტორიაზე მიკვლეულია ადრექრისტიანული კულტურის ნიშნები - ბრინჯაოს ბალთა ხარისა და მზის გამოსახულებებით.

სოფელი საკმაოდ მოზრდილი ყოფილა. მაღლობზე ეკლესიაც მდგარა. დროთა განმავლობაში ხალხს მიუტოვებია ეს ადგილი და დაბლობში გადმოსახლებულა - იქ, სადაც ახლა ქვემო თლუღია.

ნაეკლესიევს ახლა მუხნარი ფარავს, თუმცა მაინც კარგად ჩანს ეკლესიის ნანგრევი და გალავნის ნაშთები.

მოშორებით, დღევანდელი შაორის წყალსაცავის პირას, სამონასტრო კომპლექსი ყოფილა. ამ მონასტერს ვახუშტი "მეფეთა განსაცხრომ ადგილს" უწოდებს. გადმოცემის თანახმად, იქ ისვენებდა ქართლ-კახეთის მეფე თეიმურაზ I.

1928 წელს შაორის პირას ჭიჭინაძეების ხუთ კომლს უცხოვრია. ერთ-ერთს ბუხრის მოსაპირკეთებლად მონასტრის ჩუქურთმიანი ქვები გამოუყენებია. 60-იან წლებში ეს ოჯახი ქვემო თლუღში გადმოსახლებულა. ის მოჩუქურთმებული ქვები დღეს ქუთაისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია დაცული.

მიმდებარე ტერიტორიას ნასაჯვარევი ჰქვია. შესაძლოა, იმიტომ, რომ აქ ოდესღაც ჯვრის ნიში იდგა. ამ ადგილს ნამოცხვარევსაც (ნაცხოვრებს) ეძახიან. სოფლის მკვიდრს, ვახტანგ ჭიჭინაძეს, ხვნის დროს გუთანზე საეკლესო ნივთები წამოსდებია, რომლებიც შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგულა.

ზემო თლუღში წინათ ტეხისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან არსებული სამრევლო სკოლა ყოფილა. ხუთი წლის წინ პედაგოგებმა მისი 125 წლის იუბილე აღნიშნეს.

ქვემო თლუღში უფრო მეტად ჭიჭინაძეები, ქემოკლიძეები, კაციტაძეები ცხოვრობენ. შემდეგ მოდიან კბილაძეები, გოცირიძეები, გურაბანიძეები, ცაგურიშვილები, ქევანაშვილები, გოგსაძეები, ციმაკურიძეები, მიქაუტაძეები, დონაძეები, გურგენიძეები, კობახიძეები, მესხები, სოფრომაძეები, კალატოზები... სოფელში სულ 32 გვარია. ზემო თლუღში უმთავრესად კობახიძეები, გურგენიძეები, როინიშვილები, ჩიხლაძეები, კერესელიძეები, გურაბანიძეები ცხოვრობენ. გოცირიძეები და ციმაკურიძეები აზნაურები ყოფილან. გურაბანიძეებს XVI საუკუნის წერილობითი წყაროები ნიკორწმინდის ტაძრის საეკლესიო გვარად იხსენიებს.

თლუღში ყველა გვარს თავისი მეტსახელი აქვს. ჭიჭინაძეებს ჭუკიებს და კვარკვალიტებს ეძახიან, ქემოკლიძეებს - კრუტუნიებს, კაციტაძეებს - ჭაპუნიებს, კბილაძეებს - კვინტრიშებს, დონაძეებს - სერსერებს, ცაგურიშვილებს - კულას (კულა სურის მსგავსი ღვინის ჭურჭელია, ოღონდ უყურო). "მამაჩემის ბაბუა, ზაქარია, ხელოსანი იყო. მისგან ვიცი, რომ ეს სახელი გვერქვა", - მიამბობს ჩემი მოგვარე ჯოტო ბიძია, სოფელში ცოცხალ ენციკლოპედიას რომ უწოდებენ. გაღმაუბნელ ცაგურიშვილებს ვორექიებსაც ეძახიან. ვინმე ამირან ცაგურიშვილი სამეგრელოში ერთ ოჯახს სწვევია. ჭიშკართან მისულს მასპინძელმა გამოსძახა თურმე, ნამუ რექო? - რომელი ხარო? ამირან ორექო, გასძახა ამან. მას მერე შეურქმევიათ ამ შტოსთვის ორექიები.

სკოლა
წინათ თლუღს ფოსტაც ჰქონდა, ბიბლიოთეკაც, კინოც. მიწისძვრამ ყველაფერი ნანგრევებად აქცია. ძველი სკოლაც მიწისძვრამ დაანგრია. სანაცვლოდ ისეთი ააგეს, იტყვი, თვალი მომცა და მაყურებინაო, მაგრამ რად გინდა - მოწაფეები წლიდან წლამდე ცოტავდებიან. ასე თუ გაგრძელდა, მალე კედლებიღა დარჩება... პირველ კლასში წელს სამი ბავშვი შემოდის, მეორეში - ორი, მესამეში - ერთი, მეოთხეში - ოთხი, მეხუთეში - ექვსი, მეექვსეში - ორი, მეშვიდეში - ოთხი, მერვეში - ოთხი, მეცხრეში - ოთხი... საშუალო განათლებას ნიკორწმინდისა და ამბროლაურის სკოლებში იღებენ. ამხელა გზას ზამთარ-ზაფხულ ბავშვები ფეხით გადიან. ზამთრობით გაკვეთილები ხშირად ცდება. ევროპული მოდელი, რომელიც სკოლების გამსხვილებას გულისხმობს, კარგს არაფერს მოიტანსო, ფიქრობს მალხაზ გურაბანიძე, მით უმეტეს, მაღალმთიან სოფლებში, სადაც მიმოსვლას ორი-სამი დღე სჭირდება... ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სოფლის მიგრაციას.

ტბა
ამ სოფელში ტბა უხსოვარი დროიდან ყოფილა. მწერებით შეწუხებულ მოსახლეობას არაერთხელ უცდია მისი ამოშრობა. სოფელ სხვავაში, თამარ დედოფლისეულ სასახლეში, კვარაციხეს რომ უწოდებენ, უამრავი ძველი ნივთი ყოფილა შემორჩენილი. ვიღაც უცხოელებს ზოგი დაუმტვრევიათ, ზოგიც თან წაუღიათ, ზარბაზნები კი თლუღის ტბაში ჩაუყრიათ. ახლა ტბა აღარ არის, მაგრამ ამ ადგილს ძველი სახელწოდება შემორჩა. გადმოცემა აქაურ პედაგოგს ქალბატონ ქეთო მესხს ჩაუწერია.

ხატიმინდორა
თლუღსა და აგარას შორის ულამაზესი ნაძვნარია - ხატიმინდორა. გადმოცემის თანახმად, აქ ღვთისმგმობელებს სიწმინდეები დაუწვავთ. ეს თქმულება ამბროლაურის რაიონულ გაზეთშიც დაიბეჭდა. რამდენიმე კომუნისტს - დომენტი აბუთიძეს, ლუკა ჭელიძეს, ვალოდია კბილაძეს, სიფო კობახიძეს - მღვდელ ივანე ჭიჭინაძისთვის აუკიდებიათ, რაც ეკლესიაში ხატები იყო და თავს ზემოთ შემართული წმინდა გიორგის ხატით სოფლის განაპირას მდებარე მინდვრისკენ წაუყვანიათ. შემდეგ ფიჩხი მოუზიდავთ და კოცონი დაუნთიათ... ტკაცანით იწვოდა ხატები. ხალხმა თვალებზე აიფარა ხელი - არ შევხედოთო ამ ღვთის რისხვას, ათესიტები კი იდგნენ უვნებელნი და მოღიმარნი. მას შემდეგ შეერქვა ამ ადგილს ხატიმინდორა.

არსებობს მეორე გადმოცემაც, როგორც ჩანს, უფრო სარწმუნო. ხატების დაწვა 1923 წელს მოხდა, მინდორს კი ეს სახელი ძველთაგანვე ერქვაო, უთქვამს სოფლის მკვიდრს, პედაგოგს, აწ განსვენებულ გრიშა გოცირიძეს. მის ხელნაწერებში ვკითხულობთ: "მე და ჩემი ამხანაგები 1914-1915 წლებში დავიარებოდით თლუღიდან ჭელიაღელის სკოლაში და [მინდორს] მაშინაც ეს სახელი ერქვა. მოხუცებისგან გამიგონია, რომ ამ ადგილზე აგარისა და უყეშის ხალხი მართავდა საეკლესიო ცერემონიალებს. მაგალითად, გვალვა რომ დადგებოდა, ხატებით გამოდიოდნენ ამ მინდორზე, კლავდნენ შესაწირს და ლოცულობდნენ: აღარ გვინდა გორახიო, ღმერთო, მოგვეც ტალახიო".

შაორი
შაორს სამი მხრიდან ტყე აკრავს. აქ ოდესღაც ვრცელი მინდორი ყოფილა, რომელსაც სათიბად და საძოვრად იყენებდნენ. 25 წელიწადზე მეტია, მისი ნაწილი ხელოვნურ ტბას უკავია. აქაური მხარის ტოპონიმიკის მკვლევარის მიხეილ ალავიძის ცნობით, ჰიდრონიმ შაორის მნიშვნელობა ჯერჯერობით უცნობია. შესაძლოა, ეს ფშა ორს ნიშნავდეს. ფშა მდინარის ტოტია. მდინარე შაორს სათავეში ორი მთავარი შენაკადი ქმნის. ალბათ აქედან წარმოდგა მისი სახელიც.

ჩიკვაიძის ბაღი
სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ტყის პირას, ნაძვნარ-ფიჭვნარი ადგილია, რომელსაც აქაურები ჩიკვაიძის ბაღს უწოდებენ. თავადი ჩიკვაიძე ქუთაისელი ინჟინერი, თვითნასწავლი აგრონომი ყოფილა. ფილტვების ავადმყოფობა დამართნია და ექიმებს ნაძვნარში ცხოვრება ურჩევიათ. უპოვია ასეთი ადგილი, დაუდგამს სახლი, გაუშენებია ბაღ-ბოსტანი და... რამდენიმე წლის შემდეგ განკურნებული დაბრუნებულა ქუთაისში, მის ნასახლარს კი ჩიკვაიძის ბაღი შერქმევია.

წულუკიძის სასახლე
თავად წულიკიძეს ხონში უცხოვრია, საზაფხულო აგარაკი კი თლუღში ჰქონია. მის სასახლეში ახლა თლუღის სკოლაა.

სალხინო
თლუღს შაორის მხრიდან აკრავს სალხინო (ჭიჭინაძეების ძველი უბანი), სადაც, ვახუშტი ბატონიშვილის თქმით, ყოფილა "საზაფხულო სასახლე აწინდელთა მეფეთა", ადგილი მშვენიერი, "კეთილაგარაკოვანი". გადმოცემით, როცა თამარ მეფე რაჭის ერისთავ კახაბერთან იზრდებოდა ბარაკონში, თლუღში ხშირად ამოჰყავდათ.

წყაროები
ზემო თლუღში ძალიან ცივი წყაროა - ხორეულა. ამბობენ, წყალი ხურხულით რომ გადმოდის, ეს სახელიც იმიტომ შეერქვაო. ქვემო თლუღში, ქემოკლიძეების უბანში, სიპი ქვიდან კამკამა წყარო მოედინება. კბილაძეებისა და ცაგურიშვილების უბანში საჭიის წყალი დის. ნეკერჩხალსა და ნიგუბასთან გარდა სხვა წყაროებიც არის. სოფელი ძირითადად ჩოლაგის წყლით მარაგდება, რომელიც რაჭის ქედის, საწალიკის, ფერდობის ძირში მოედინება.

დავით ბაბუას ნაამბობი
სოფელში ყველაზე მხცოვანი დათიკო მესხია. დათიკო ბაბუამ 90 წელს გადააბიჯა, მაგრამ სიტყვა-პასუხითა და აზროვნებით ბარე ორ ახალგაზრდას ჩამოიტოვებს უკან. ეს არის, ფეხების ტკივილს უჩივის და ისე ხშირად ვეღარ გამოდის სანახშოზე. არადა, ისეთი მოყოლა იცის, სმენით ვერ გაძღები.

KARIBCHEსტუმრობის მიზეზი რომ გავუმხილე, თავპატიჟი როდი გამოიდო; ჩინებულადაც მიმასპინძლა და უამრავი ამბავიც გაიხსენა.

დათიკო მესხი, თავად მეტყევე-ინჟინერი, საბოლოოდ სოფელში დამკვიდრდდა. სწორედ მისი მეუღლე გახლდათ პედაგოგი ქეთო მესხი, რომელმაც სოფელ თლუღის შესახებ უამრავ ისტორიულ მასალას მიაკვლია. ჰყავს ორი ვაჟი. ერთი თბილისში ცხოვრობს, მეორე კი სოფელს და მოხუც მამას ვერ ტოვებს.

დახვეწილი ქართულით მოსაუბრე დათიკო ბაბუა, ჩემს ნათქვამს კარგად რომ ვერ გაიგონებდა, ჩამეკითხებოდა ხოლმე: "ბატონი, შვილო?" საუბარში ეკლესია ვახსენე თუ არა, მითხრა: ნაზიარები ვარ და დღესაც მახსოვს იმ ტკბილი კვერის გემო, ზიარებისას რომ იძლევიანო. რა სუფთა კაცი ბრძანდებით-მეთქი, აღმომხდა უნებლიეთ ამის გამგონეს...

- ოთხი წლის ვიყავი, წვეროსნებმა მამაჩემი სახლიდან რომ გაიყვანეს... მას შემდეგ აღარ მინახავს. ფოტოსურათიც არ დამრჩენია.

მამაჩემის მამას ოთხი ძმა ჰყოლია. მათგან გვარის გამგრძელებელი მხოლოდ ბაბუაჩემს დარჩა. ერთი, ალექსი, უშვილო ყოფილა. წერა-კითხვა მთელ სოფელში მხოლოდ მას და სეით ჭიჭინაძეს სცოდნიათ.

ონის რაიონის სოფელ ბარიდან ვართ წამოსული. თლუღი რომ გაშენდა, აქ მაშინ გადმოვსახლებულვართ. ჩემი ანგარიშით, 1700 წელი იქნებოდა.

თლუღელებს ქველხუმელებს გვეძახდნენ. ცოტას მევიხულიგნებდით ახალგაზრდები. ქეიფიც ვიცოდით, დღეობაც... ქურდობა და ყაჩაღობა სად იყო! 1920-იან წლებში, შიმშილობისას, ბეღელი გაგვიძარცვეს, ისიც - სხვასოფლელებმა.

თლუღელების მთავარი დღეობა ტეხისობა იყო, წმინდა გიორგის ტაძრის დღესასწაული (ტეხისა ზემო თლუღშია - თ.ც.). ამ დღეს დაპატიჟება არ იცოდნენ. ყველა ოჯახი თავისი სამზადისით იყო გართული.

ტეხისის სალოცავის დიდი შიში და მოწიწება ჰქონიათ აქაურებს. ერთი გლეხისთვის ურემი მოუპარავთ. ქურდი ვერ უპოვიათ.

- ეს გლეხი მერე ქვე წევიდა ეკლესიაზე და ხატზე გადასცა ქურდი, - მიამბობს დათიკო ბაბუა, - თან შეთხოვა ხატს, რაც ძალა გაქ, დემეხმარე და ჩემი ურემი გოუტანეო. ხალხი შეშინდა. ქურდმა ურემი მიუტანა. ამის მერე დამნაშავეებს აქ ტეხდენყე...

ტაძარი მოქმედი მახსოვს. ოვალური სახურავი ჰქონდა, ზოგან - შეკუთხული, დაქანებული. მახსოვს ჩუქურთმები და მოხატულობაც. ტაძრის სამრეკლოდან ზარების ხმა ქვემო თლუღამდე აღწევდა. მახსოვს ტაძრის ღვთისმსახური, მღვდელი სერაფიონ გურგენიძე, საშუალო ტანის, ქერათმიანი კაცი. კარგად მახსოვს მღვდელი მინა მესხიც, რომელიც ჭელიაღელის სკოლაში ქართულ ენას მასწავლიდა.

მახსოვს, დედაჩემმა, ოლღამ (დვალის ქალი იყო) ტეხისაზე რომ ამიყვანა. მღვდელს ხელი გავუწოდე და მანაც ხელისგულზე დამიდო პურის ნაჭერი, რომელსაც ელოგიას ვეძახდით. მისი გემო დღესაც მახსოვს.

მახსოვს, როგორ იდგა დედაჩემი ხატების წინ და ხმამაღლა ლოცულობდა.

აღდგომას კომუნისტებამდე ვდღესასწაულობდით, მერე საღა იყო ეკლესია... მახსოვს, აგარის წმინდა გიორგის ტაძრიდან ხატები გამოიტანეს, დაამტვრიეს და დაწვეს. მეც ვესწრებოდი ამ ამბავს. 6-7 წლის ვიქნებოდი. ვინ გაბედავდა დაშლას... იმ დროს დაიკეტა ტეხისის ეკლესიაც და ვეღარ ავდიოდით თავისუფლად.

რაც უფრო დაივიწყა ხალხმა ღმერთი, დანაშაულმაც იმატა. მაშინ, ისე მახსოვს, თითქოს დანაშაული ნაკლებად იყო. უღმერთობამ შეცვალა ხალხი. მორიდება, სინდისი, პატიოსნება აღარ არსებობს. უფროს კაცს ისე მოგატყუებენ, არც შერცხვებათ.

ეკლესიურად ვერ ვცხოვრობდი, მაგრამ რაღაც ძალას ყოველთვის ვგრძნობდი. ცუდის ჩადენა მინდოდა და რაღაც მაკავებდა.

პირჯვრის წერა დედამ მასწავლა. ყოველ დილას პირჯვრის წერით ვიღვიძებ... ბევრჯერ ცუდად ვყოფილვარ და გამოვსულვარ მდგომარეობიდან. მჯერა, ღმერთი მეხმარება.

- დათიკო ბაბუა, დღეს როგორ ცხოვრობთ?

- პენსიას ვიღებ. შვილი მეურნეობას ეწევა. კომუნისტების დროს ყველა დასაქმებული იყო, დღეს კი უმაღლესდამთავრებულები მშივრები დაეხეტებიან... თუ ეკონომიურად არ მოვიკეთეთ, ცოდოები ვართ. სოფლები იცლება, თოხი აღარავის უნდა. რაღაც გაკეთდეს ისეთი სოფლებში, რომ ხალხი მოიზიდონ...

მღვდელი სერაფიონ გურგენიძე
ტეხისის წმინდა გიორგის ტაძრის უკანასკნელი მოძღვარი სერაფიონ გურგენიძე ყოფილა. მისი ნათესავები დღესაც ზემო თლუღში, მამა სერაფიონისეულ სახლში ცხოვრობენ.

KARIBCHEმამა სერაფიონის დაბადების თარიღს ვერსად მივაკვლიე. მხოლოდ ის დავადგინე, რომ 1944 წელს გარდაცვლილა. მისი განსასვენებელი ტაძართან არის. მოკრძალებული სამარეა დიდი ჯვრისგამოსახულებიანი ქვით.

ყველაზე მოულოდნელი ის იყო, ჟუჟუნა დეიდამ (ის მამა სერაფიონს რძლად ეკუთვნის) ამ წმინდა კაცის ხელშენახები წიგნები და საეკლესიო ნივთები რომ გადმომილაგა. ერთ სქელტანიან წიგნს ასეთი წარწერა ამკობს: "ესე მარხვანი კუთვნილ არს სოფლის თლუღის წმინდა გიორგის ეკლესიისა, ჩყნა წელსა", - უკანასკნელ გვერდზე კი წერია: "ვკითხულობდი ამ მარხვანს მელქისედეკ იოვაკიმის ძე გურგენიძე. სამე ორი კვირა და კიდევყა კარგათ ვისწავლე დეოდორობის საკითხავები. გურგენიძე მელქისედეკი, 1881 წელსა, იანვარს".

შედარებით მომცრო, თუმცა საკმაოდ სქელტანიანი წიგნი "დავითნია". როგორც ჩანს, თავის დროზე განუახლებიათ. უკანასკნელ გვერდზე თარიღად 1873 წელი უზის და ასეთი წარწერაა: "ღმერთო, იხსენ თალაკვაძე, ღმერთო, იხსენ. ეს დავითნი ეკუთვნის მღვდელ იოვაკიმ გურგენიძეს". ჯვარცმის გამოსახულებით შემკული შავი გარეკანი ჟამთასვლას გაუცრეცია.

აქვეა მელქისედეკის მოწაფის ვასილ გურგენიძის ნაქონი ჟამნი.

კვერცხის ფორმის ვერცხლის სანაწილის დანახვაზე გავოგნდი (შენდობას ვითხოვ მის ხელისხლებისთვის!). სანაწილეში ვერცხლის პატარა კოვზი დევს. ხელით ნაკეთი კოვზის ტარს ჯვრის ფორმა აქვს. ეს კოვზი თურმე სნეულთა საზიარებლად დაჰქონდა მამა სერაფიონს.

ხის ლამაზად გამშვენებულ ყუთში, შუშის ორ პატარა ქილაში, სანათლავი მირონის წვეთები ჩარჩენილა. გვერდით გაცრეცილი ღრუბელი უდევს...

ჟუჟუნა დეიდამ ცოტა რამ მიამბო მამა სერაფიონის შესახებ: "სასულიერო პირების შთამომავალი იყო. მამამისიც ტეხისის წმინდა გიორგის ტაძარში მსახურობდა. ერთი ძმა, სილოვანი, დიაკვანი ყოფილა, სამი დანარჩენი სამხედრო სამსახურში მდგარა.

მღვდელი სერაფიონი კეთილი კაცი იყო. ომის დროს ყველა გაჭირვებულს ეხმარებოდა. დიდი მეურნეობის პატრონს არავისთვის დაზარებია ხელის გამართვა. მისი მეუღლე პელაგიაც კეთილშობილებით გამორჩეული ქალი ყოფილა.

მამა სერაფიონს შვილები არ დარჩენია. ცოლის დისწული უშვილებია, მაგრამ გიორგის გურგენიძის გვარი არ მიუღია, როინიშვილის გვარზე დარჩენილა.

მოგვიანებით მამა სერაფიონმა კიდევ ერთი ვაჟი იშვილა - ძმის, სილოვანის შვილი პლატონი. პლატონ გურგენიძე და გიორგი როინიშვილი ერთ სახლში ცხოვრობდნენ. გიორგის ხუთი შვილი დარჩა: ოთხი ვაჟი და ერთი ქალიშვილი, პლატონს - ოთხი: სამი ქალი და ორი ვაჟი.

სასულიერო პირთა დევნის დროს მამა სერაფიონი ერთ აქაურს დაუჭერია და წვერი მოუპარსავს. წვერგაპარსულს მორიდებია ხალხის და სახლში ჩაკეტილა".

ტაძრის დახურვისას მამა სერაფიონს მოუხერხებია და საეკლესიო სიწმინდენი, განადგურებისგან რომ ეხსნა, სახლში ჩამოუტანია.

ოჯახის წევრების დიდი სურვილია, აღდგეს ტეხისის სალოცავი, რის შემდეგაც სახლში დაუნჯებულ სიწმინდეებს ტაძარს დაუბრუნებენ.

ივანე ჭიჭინაძე
ქვემო თლუღელი მღვდელი ივანე ჭიჭინაძე, ოჯახის წევრების გადმოცემით, სოფელ აგარის წმინდა გიორგის ტაძარში მსახურობდა და იქვეა დაკრძალული.

ივანეს სამი ძმა ჰყოლია: სეითი, კოსტა და ერმალო. სეითი განათლებული კაცი ყოფილა, ჩინებული ხელი ჰქონია და საბუთებს სოფელში მას აწერინებდნენ. კოსტას აგარის ტაძარში დიაკვნად უმსახურია.

- მამაჩემი ვიქტორი იტყოდა, - მიყვება ერმალოს, მამა ივანეს ძმის, შვილიშვილი, 70 წელს გადაცილებული ციალა ჭიჭინაძე, - ჩვენი გვარი სამღვდელო გვარიაო. მახსოვს სასულიერო ლიტერატურა, ჩვენს ოჯახში რომ ინახებოდა. მახსოვს ხავერდის ნაჭერში გახვეული ავგაროზიც, რომლის განადგურებაც ნდომებია მამა ივანეს ძმისწულის ცოლს ეკლესიის დევნისას. მერე ეს ავგაროზი ჩვენ წამოვიღეთ.

ხატების სახლში ჩამოკიდებაც საშიში იყო. ბეღელში, სიმინდისა და ლობიოს ქვეშ ვმალავდით, ბოლოს ტილოში გახვეული თაროზე შემოვდეთ. ახლა ეს ხატები ჩვენს ოჯახშია. ჩემი შვილები ასმათი, ეთერი და მაია კობახიძეები მორწმუნეები არიან და ყველა საეკლესიო წესს ასრულებენ.

ერთი დიდი ხატი ბიცოლაჩემს და მის რძალს მამა ივანეს სახლიდან ეზოში გამოუტანიათ, წყალთან ახლოს დაუდვიათ და თვითონ სახლში შებრუნებულან. რისთვის გამოიტანეს ან ვისთვის უნდა მიეცათ, არ ვიცი... წამოსაღებად მიბრუნებულებს ხატი აღარ დახვედრიათ. ეზოშიც არავინ შესულა უცხო...

ჯოტო ბიძიას ნაამბობი
"ჩვენს სოფელში მშრომელი, წესიერი და ნამუსიანი ხალხი ცხოვრობდა. ერთმანეთს არასდიდებით არ მოატყუებდნენ. ჩაცმულობაც გამორჩეული ჰქონდათ. გაჭირვების დროს შალის ძაფისგან გვიქსოვდნენ სამოსს. ფეხზე ქალამნები გვეცვა. დაიხეოდა თუ არა, საქონლის ტყავის საფენს ჩავუდებდით... ესეც დიდი ფუფუნება იყო. კალოში ხომ დიდად თავმოსაწონებელი გახლდათ. ზამთარში თოვლზე ჭრელ ნაკვალევს ტოვებდა და ვისაც არ ენახა, უკვირდა. მოხუც ქალებს ორი კაბა ეცვათ. შიგნითაზე ჯიბე ეკერათ და ბავშვებისთვის ტკბილეული და ხილი ეწყოთ. ქალი სოფელში უთავსაფროდ არ გაივლიდა. ეს მოკრძალების ნიშანი იყო. დღეს ვერ გაიგებ, ვის რა აცვია...

KARIBCHEიყო დრო, საათი მთელ სოფელში ერთადერთ კაცს - სასო ცაგურიშვილს ჰქონდა. დროის გასაგებად მასთან მივდიოდით.

ძველად ჩვენი ოჯახი სალოცავად ტეხისში დადიოდა... კომუნისტობისას სასულიერო პირს პატივს არ სცემდნენ. დღეს ხალხი ისევ შემობრუნდა ეკლესიისკენ. მე 74 წლისა მოვინათლე.

ჩვენს სოფელში უმთავრესად მეურნეობას ეწევიან. თუ ხელი არ გავანძრიეთ, პენსია რას გვეყოფა... წელს კი მოუსავლიანი წელიწადია და შრომა ალბათ სულ წყალში ჩაგვეყრება..."

***
ჩვენი ოჯახის რძალი, ნანა კანთელაძე, უკვე ოცი წელიწადია თლუღში ცხოვრობს. 36 წლისაა, მაგრამ გამოცდილება დიდი აქვს. მძიმე სამუშაოს არ თაკილობს, თუმცა...

- სოფელი დიდად შემოსავლიანი არ არის. ჩვენი მოწეული წლიდან წლამდე არ გვყოფნის - ხომ იცით, ოჯახს რამდენი რამ სჭირდება. ჩვენს სოფელს გარშემო ტყე აკრავს, მაგრამ რამდენიმე წელია, შეშას ვყიდულობთ. ერთი მანქანა 300 ლარი ღირს... სოფლის დატოვება მაინც არ გვინდა. გვიყვარს ჩვენი კუთხე. მოხუცები ჩვენს იმედად არიან. ვისაც მონაგარი არ ჰყავს, მათზე ახალგაზრდები ვზრუნავთ. ერთმანეთს ვანუგეშებთ, ჭირიც და ლხინიც საერთო გვაქვს. სითბო და სიყვარულიც თუ მოიშალა, რაღა დაგვრჩება?

თუ სახელმწიფომ ცოტათი მაინც არ მოგვხედა, ვინც დავრჩით სოფლად, ისინიც დავიფანტებით.

ზამთარში "ოჩხობიას" ვაწყობთ ახალგაზრდები, ხან ერთთან ვიკრიბებით, ხან მეორესთან და თავს ასე ვიქცევთ. შინიდან მიგვაქვს ნიგოზი, ვხდით ზეთს და პურის ფქვილისგან ფაფას ვხარშავთ, თითო ჭიქა ღვინით ვადღეგრძელებთ ჩვენს სოფელს, წინაპრებს, ჩვენი შეკრების საბაბს. ასეთივე მიმოსვლა გვაქვს შობას. ჩვენი დღე ღმერთის დიდებით იწყება და მთავრდება. დავდივართ ეკლესიაშიც, მაგრამ ზამთრობით შეუძლებელია ამხელა გზის ფეხით გავლა... ღმერთმა დალოცოს ჩვენი მოძღვრები - უანგაროდ გვემსახურებიან და გულგატეხილ მოზამთრე რაჭველებს გვანუგეშებენ. რას ვიზამთ, ასეთია ჩვენი ყოფა...
ბეჭდვაელფოსტა
18.10. 2018
Ms. Tea tsagurishvili
ძალიან მომეწონა თქვენი სტატია. რატომღაც ეხლა გადავწყვიტე ჩემი გვარის შესახებ ცნობების მოპოვება და თქვენ სტატიამდე მოვედი. ძალიან მაინტერესებს ჩემი გვარის წარმოშობის ისტორია. ვერაფერს მივაკვლიე გარდა იმის რომ ჩემი გვარი მოდის თლუღიდან. თუ შეგიძლიათ რაიმე ინფორმაცია მომაწოდოთ გვარი გურაბანიძის შესახებ. წინასწარ დიდი მადლობა. პატივისცემით მაია გურაბანიძე.mayamaya12122@yahoo.ie
29.03. 2017
iamze chichinadze
racha chemi sikvarulia,kovel zapxus rachashi vatarebdi,warmoshobit tlugidan vart(babua iko chasizebuli ximshshi,donazeebshi)ise ar wamovidodit ikidan,tlugshi rom ar mogvenaxulebiawinaprebis sacxovrebeli adgili.
13.05. 2015
lia chincharashvili
mshvenieri statiaa. etkoba is didi sikvaruli rasac ,,pesvebi,, qvia. scored es sikvaruli igrznoba titoeul sitkvashi.aset statias mxolod tlugeli tu dacerda. qvemo tlugi chemi meuglis sopelia da chemic gaxda. ulamazesia meli racha da tlugi xom saocrebaa. dasanania rom mxolod zapxulobit vstumrobt xolme.
03.12. 2014
Maia Lobzhanidze
chemi sofelic Tlugia - zeda Tlugi - chemi deduleti, umshvenieresi, ulamazesi, cremlebamde sayvareli. mec zafxulobit erti tvit vstumrob... madlobt aseti statiisatvis.
01.12. 2014
თლუღი
კარგი სტატიაა.ბავშვობა თლუღში გავატარე,ჩემი დედულეთია და ძალიან მიყვარს ჩემი თლუღელები.მადლობა თეა რომ დამაბრუნე ჩემს ბავშვობაში.გულსატკენია, რომ საქართველოში ყველგან ბევრი მიტოვებული სახლებია.
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
07.11.2013
ერთ-ერთი უძველესი სოფლის, მეჯვრისხევის შესახებ, წარმოშობით იქაურმა, ისტორიკოს-ეთნოლოგმა, ანზორ გოგიაშვილმა მიამბო.
24.10.2013
რაჭის წარსულისა და დღევანდელობის მკვლევარს, ლევან ფრუიძეს მიაჩნია, რომ რაჭა-ლეჩხუმში პირველი ქრისტიანული ტაძრების მშენებლობის დასაწყისი
10.10.2013
გეოგრაფიულად რაჭა ორ ნაწილად იყოფა: ზემო რაჭად და ქვემო რაჭად. ვახუშტი წერს, რომ "სახელი რაჭა, მოიგო გარემოთა დიდროვანთა მთათაგან
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler