ვახუშტი ბაგრატიონი მეჯუდის ხეობას მთისა და ბარის ზონად განიხილავს. ამ ზონალობის შესაბამისად, საქართველო იყოფა მთად, მთის ძირად და ბარად. ვახუშტის მიხედვით, მთისა და ბარის გამყოფი ხაზი სწორედ მეჯვრის ხევის ცოტა ზემოთ (მთის ძირზე), სოფელ ბიყარზე გადის. ისე რომ, მდინარის შუა წელზე მისი მდებარეობა არის ის გარდამავალი რგოლი, რომლის უკან ტყე-ბუჩქით შემოსილი მთები იწყება, ხოლო წინ, ქვემოთ, ბაღ-ვენახებია გაშლილი. ვახუშტი გვამცნობს: "აქ, ციხის ძირს (იგულისხმება გორის ციხე) ერთვის ლიახვს მეჯვდის მდინარე, არს ბიყრამდე მეჯვდა ვენახოვანი, ხილიანი, ამიერ და იმიერ დაბნები მრავალნი თესლითა, მარცვლითა, მოსავლიანი, ნაყოფიერი, გორს ზეით, ბერბუკს, ერთვის მეჯვდას სვენეთის ფშანი. არს მეჯვდაზედ, იკორთასა და კირბალის მთის ძირს დაბა მეჯვდა (მეჯვრისხევი), რომლისგან ისახელა მდინარე ესე. გორიდან ჩრდილოთკენ მეჯვდას ზეით არს უსანეთის მთის ძირში, მონასტერი წმინდის თევდორესი, აწ ხუცის სამარს. ამა ზეით არს მონასტერი. მეჯვდის მდინარის დასავლეთით, მთის ძირში, ბიეთს, მონასტერი კეთილს მშვენიერს ადგილს. ამათ უდით ხევი, გამომდინარე მერის მთასა და მოერთვის მეჯვდას დასავლეთიდან. უზის ბიეთის წინამძღვარი. ბიეთს ზეით არს ხევი მახისისა. აქამომდე ხეობა მეჯვდა ვენახოვან-ხილოვანი, მოსავლიანი. ამას ზეით არს ბიყარი და ისრელის ხევი, ვითარცა აღვწერეთ". ამ აღწერილობაში საგულისხმო ცნობებია ხეობის ეკლესია-მონასტრების შესახებ.
ანზორ გოგიაშვილი
მდინარე მეჯუდის ქვედა ზოლში, მეჯვრისხევამდე, ქართული სოფლებია. ხოლო ხეობის ზედა ნაწილში, მეჯვრისხევის შემდეგ, სოფელ ღრომიდან დაწყებული, ქართული სოფლების ნამოსახლარები XVIII საუკუნიდან ოსებითაა დასახლებული. ახლა ამათი რიცხვიც მეტად შემცირებულია. თვით მეჯვრისხევში, სადაც ერისთავთა რეზიდენცია და უფლისწულთა მამულები იყო, ქართველებთან ერთად ხელოსან-მოვაჭრე სომხები და მცირედ, ებრაელთა ოჯახებიც ცხოვრობდა. ამას ხელს ისიც უწყობდა, რომ ძველთაგან სოფელში (როგორც აღვნიშნეთ, მთისა და ბარის გარდამავალ რგოლში) იყო ბაზარი, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა მთისა და ბარის მოსახლეობის მჭიდრო ურთიერთობისათვის.
***
მეჯუდის ხეობის სოფლები დასახლების ფორმით წარმოდგენილი იყო, როგორც მაღალმთიანი, ისე ძველი ტიპური ქალაქური დასახლება, რაც ძირითად მთელ ხეობას მოიცავდა.მეჯუდის ხეობა სამეცნიერო ლიტერატურაში გაგებულია, როგორც მეჯუდის ხევის შენაკადების ურთიერთობა. ესენია: ისრელის ხევი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენაკადი, რომლის შიგნით მოსახლეობა ამ სახელს ატარებდა, მასში შედიოდა ჭარტლის ხევი და არკინარეთის ხევი (აქ იყო სოფელი აკანეთური, დღეს ნასოფლარია, რომელსაც არკინალეთი ერქვა. მეჯუდის მარჯვენა შენაკადია აგრეთვე მერიას ხევიც. ბიყარის ხევის შესართავთან მდებარეობდა), ბიყარი. ზემო ბიყარი კი მდინარის ზემო ნაწილშია. ამ სოფლებს ძველი სახელები აქვთ შენარჩუნებული, ასევე ძველი სახელებით არიან დარჩენილი ჩალისუბანი, მზვარე, სამება, ხარული, სამთელა, წვინიანკარი, დვალიანთკარი, არდისი, ნადირაანთ კარი, მახისი (ალბათ მოხისი), ტბა. მარცხენა მხარის ძველი სოფლები: გორეთი, ივრეთი, ანდორეთი და ღრომი. მეჯუდის ქვედა წელის სოფლებიც ძველი სახელწოდებით არის: ზერტი, კირბალი, ახრისი, რეხა, გარეჯვარი, თორტიზა, ბერბუკი, ხელთუბანი, სველნეთი (დღეს სვენეთი).
დღეისათვის სოფელ მეჯვრისხევიდან ნახევარი კილომეტრის ზემოთ, სოფელ ღრომიდან დაწყებული, მთლიანად ზედა მთის მხარე, თავისი მოსახლეობით (ოსები), საძოვარ-სათიბებით, ჭალა-ტყეებით და სხვა სიკეთით საქართველოსგან მავთულ ხლართებითაა გამიჯნული.
ტიტიკო გოგიშვილი ოჯახთან ერთად
მეჯვრისხეველებისთვის ეს მიდამოები არა მარტო ეკონომიკური თვალსაზრისით იყო მნიშვნელოვანი, არამედ იყო უპირველეს ყოვლისა, წყლისა და ჰაერის მომწესრიგებელი. პატარა საქართველოსთვის ტყეს ხომ სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება. გარდა ამისა, ხალხი ყოველივე ამაში სილამაზესა და მშვენიერებასაც ხედავდა. განა ტყუილად უმღეროდა მეჯვრისხეველი თავისი სოფლის ულამაზეს შემოგარენს:
"მეჯვრისხევო, შემკობილო,
წინ მინდორო, უკან ტყეო,
ბიჭებისა სანავარდო,
გოგოების სამოთხეო".
მეჯუდის ხეობაში ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტი შედგება დიდი და პატარა მეჯვრისხევისგან. როგორც ისტორიული წყაროები მიგვანიშნებენ, სოფელი ძველთაგან ერთ დასახლებულ პუნქტად უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი, ხოლო შემდგომ გაიყო დიდ და პატარა მეჯვრისხევად. დიდი - მდინარის მარცხენა ნაპირზე, პატარა - მარჯვენაზე. ორივე მხარის მეჯვრისხევი ახლა ისევ ერთიანია და მდინარის ორივე ნაპირზეა გაშლილი და მრავალი უბნითაა წარმოდგენილი. ზოგი უბანი ცალკეული გვარის სახელსაც კი ატარებდა, რომელსაც თავისი საგვარეულო სალოცავებიც გააჩნია.
ხომასურიძეების საგვარეულო ეკლესია რაჭიდან გადმოსულ მათ წინაპარს აუგია. იგი აგურითაა ნაშენი და აქვს წარწერა, რომელიც იუწყება: "ქ. მოიხსენე უფალო მშენებელი ყოვლად წმინდისა ეკლესიისა ხომასურიძე ბერი ძე მისი".
ვახუშტი ბატონიშვილი დასახლების ადგილს იხსენიებს დაბა მეჯვდად. ჩანს, აქედან მიიღო მდინარემაც სახელი მეჯუდა. ჯერ "მეჯვდა", შემდეგ "მეჯუდა" და ბოლოს მეჯუას ხევი. ფონეტიკური სახეცვლილებით მიღებულია მეჯვრისხევი-მეჯუდისხევი-მეჯვდის ხევი-მეჯვრისხევი. აკაკი შანიძის გამოკვლევით, მეჯვდა იგივე მეჯვრისხევია.
***
მეჯვრისხევის ტერიტორიაზე არის ციხე-გალავანი, კოშკები და სხვა სიძველეები, მრავალი ნაეკლესიარი. ესენია: კვირაცხოვლის, ღვთისმშობლის, უსანეთის ეკლესიები, ლომისის წმინდა გიორგის ნიში. პატარა მეჯვრისხევში, ძველ სასაფლაოზე დგას მცირე ზომის წმინდა გიორგის ეკლესია, რომლის მიდამოებში ნაპოვნია ბრინჯაოს ცული და საბრძოლო შუბის პირები, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ტერიტორიაზე უძველესი დროიდან უცხოვრიათ ადამიანებს.სოფლის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში დგას უძველესი ეკლესია, რომლის მხოლოდ მცირე ნაწილია გადარჩენილი - კონქის ნაშთი, ხოლო მის ჩრდილო-აღმოსავლეთითაა ღვთისმშობლის მეორე ეკლესია, რომელიც გვიანი ფეოდალური ხანით თარიღდება. ამავე ხანისაა სოფლის განაპირას მდგარი კვირაცხოვლის ეკლესია. ცალკე ყურადღების ღირსია სოფლის ცენტრში მდგარი წმინდა გიორგის სახელობის უსანეთის ეკლესია, რომელიც ერთადერთი დათარიღებული ნაგებობაა მთელი სოფლის ტერიტორიაზე არსებულ ეკლესიებს შორის. შემორჩენილი წარწერის მიხედვით იგი 1857 წელს აუგია ივანე ზაქარიას ძე ხახუტაშვილს. ეს ეკლესია თითქმის დანგრევის პირას იყო მისული, მშველელად რომ არ გამოსჩენოდა მართლაც ღვთის გამოგზავნილი კაცი, უსანეთაშვილი. დღეს ეს ეკლესია მოქმედია. უდიდესი მადლობა მათ, ვინც ამ ეკლესიის აღდგენაში მიიღო მონაწილეობა. ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი კეთილისმყოფელი ადამიანები, რომლებიც მართლაც რომ საჭირო დროს გამოჩნდებიან ხოლმე.
ცოტა ხნის წინ ამავე სოფლის მკვიდრმა გოდერძი ილურიძემ დიდი მონდომებით და უანგარო ღვაწლით, ღვთის შეწევნით და მოსახლეობის დახმარებით ერთნავიანი ბაზილიკური ტიპის ეკლესია ააშენა.
არქიტექტორია ირაკლი მოსურიშვილი. სასიხარულოა ისიც, რომ სოფლის შემოგარენში, მაღალ კვარცხლბეკზე აღიმართა უკანასკნელ წლებში სამშობლოსათვის ბრძოლაში დაღუპულ ახალგაზრდა მამულიშვილთა სადიდებელი ჯვარი. ტიტიკო გოგიაშვილი აღმოჩნდა ის ადამიანი, რომელმაც ყველას ტკივილი და საწუხარი იტვირთა. ეს მას შეაძლებინა დიდმა სულმა, სიკეთემ, სიყვარულმა.
მეჯვრისხევის შესასვლელთან აღმართულ ჯვარს არა მხოლოდ მემორიალური დატვირთვა, არამედ ის მიზანიც აქვს, რომ სიკეთისთვის განაწყოს ახალგაზრდა თაობა, ზნეკეთილობისკენ მოუწოდოს და კეთილშობილების მაგალითი მისცეს. ხანში შესულ ადამიანს კი ეს ძეგლი ცრემლს მოჰგვრის...
გაგრძელება შემდეგ ნომერში