ეკლესია-მონასტერთა აღმშენებლობამ ფართო მასშტაბები შეიძინა X-XI საუკუნეებში, რასაც გარკვეულწილად ხელი შეუწყო რაჭის ძლიერი საერისთავოს ჩამოყალიბებამაც. ამ დროს იგება შესანიშნავი ტაძრები: ნიკორწმინდის წმინდა ნიკოლოზის, კრიხის მთავარანგელოზთა, მრავალძალის წმინდა გიორგის, ღვიარის ჯვარცმის, პატარა ონის "რაკეთის" წმინდა ნიკოლოზის, ტბეთის მთავარანგელოზთა, ბრილის წმინდა გიორგის, ღების ჯვარცმის (შემდგომში მაცხოვრის), ბუბის ჯვრის, შოდის წმინდა გიორგის, სხიერის "მირიანეული უძრავი" წმინდა გიორგის, შეუბნის "სინაწმინდა", გორისუბნის წმინდა ბარბარეს, მიქარწმინდის მთავარანგელოზის, მთის (ლეკნარის) წმინდა გიორგის, ღადიშის წმინდა გიორგის, ბოყვის მთავარანგელოზისა და კიდევ მრავალი საყდარი.
XII საუკუნე საყოველთაო აღმავლობის - ოქროს ხანაა საქართველოსი, სადაც რაჭის საერისთავოც მძლავრობს და უდიდესი ყურადღება ექცევა სასულიერო ცხოვრებას. თვით რაჭის ერისთავები - კახაბერიძენი არიან მფარველი და მზრუნველი ეკლესია-მონასტერთა.
რაჭაში სამონასტრო ცხოვრების აღმავლობას დიდად შეუწყობდა ხელს რაჭის საერისთავოს შექმნა X საუკუნის ბოლოს. თვით ის ფაქტი, რომ რაჭის სახელოვანი ერისთავი კახაბერი ბერად აღიკვეცა 1030-იანი წლების დასაწყისში, ბევრის მიმანიშნებელია. ჩანს, ბერმონაზვნური ცხოვრება დიდ პატივშია იმ დროის რაჭაში. ამასთანავე, რაჭის ყველა მხარე, მთისა და ბარის სოფლები, მჭიდროდაა დასახლებული და ეკლესია-მონასტერთა მშენებლობაც მიმდინარეობს.
რაჭის საზღვრებს გარეთაც (დღევანდელი საჩხერის რაიონი) გამოუკვეთია კლდეში დიდი მღვიმის მონასტერი კახაბერს, რაც რაჭის ძლიერებასთან ერთად, ამ პიროვნების მაღალი სულიერების უტყუარი ნიშანია. Aაი, რას წერს ვახუშტი ბატონიშვილი: "ბჟინევის ხევს ზეით, ყვირილის ჩრდილოთ კერძ კლდეზედ, არს მღვიმე, კლდე დიდი გამოკვეთილი, და მას შინა მონასტერი უგუმბათო, წითლის ბრწყინვალის ქვით შენი, კახაბერ რაჭის ერისთავისგან აღშენებული. ქუაბსა შინა დის წყარო და კეთილი. ზის არქიმანდრიტი". ვინ იცის, იქნებ ამ მონასტერში გაატარა დარჩენილი წლები კახაბერ რაჭის ერისთავმა.
რაჭა მარტოოდენ ბუნების სიმშვენიერით როდი გამოირჩევა, ჩვენთვის საამაყოა მისი წარსულიც, რომლის ერთი ნათელი გამოვლინება სამონასტრო ცხოვრებაა.
***
რაჭაში სამონასტრო ცხოვრება ჩვენს თანამედროვეობაშიც ნელ-ნელა ძლიერდება. ამბროლაურის რაიონის სოფელ აგარაში მალე წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი ამოქმედდება. სოფელში არის ასევე წმინდა გიორგისა და ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიები. აგარაში, ამ უძველეს სოფელში, სხვადასხვა გვარისანი ცხოვრობენ, მათ შორის, აბუთიძეები, ბიბილაშვილები, მესხები, მომცელიძეები, ტურძელაძეები. მოსაზღვრე სოფლებია: ჭელიაღელე, უყეში, თლუღი და ხოტევი.აგარის წმინდა გიორგის ეკლესიის სიძველეთაგან შემორჩენილია ამგვარი აღწერილობა: ვერცხლზე ნაჭედი წმინდა გიორგის ხატის ნაშთი - ფიცარი, რომელსაც შეჭედილობიდან შერჩენია მხოლოდ ერთი ნაგლეჯი ძირა ნაწილში და მარჯვენა და მარცხენა აშიები; ნაგლეჯი შემკულია ჭედილი სახეებით და ასომთავრული წარწერით, აშიები კი ჭედილი მცირე ხატებით; მარჯვენა - ღვთისმშობლისა და იოანე მახარებლისა, მარცხენა - ნათლისმცემლის ხატით, ფიცრიდან აგლეჯილია და ცალკე ინახება შეჭედილობის ერთი ნაწილი ოთხ და ხუთ მცირე (სულ - 9) ნაჭრად, რომელნიც შემკული არიან აგრეთვე ჭედილი სახეებით. ხატი გაუნადგურებიათ 1923-1924 წლებში. წარწერა: "წმიდაო გიორგი შეიწყალე ენუქიძე მოძღვარი საბა, მისი შვილი ზოსიმე, გავაშელი, წმიდაო გიორგი, უშველე მამუას, დავითსა" (XVI- XVIII სს).
წმინდა ნინოს მშენებარე დედათა მონასტერი
ღვთის შეწევნით, რაჭის ეპისკოპოსის, მეუფე ელისეს (ჯოხაძე) და კეთილი ადამიანების დახმარებით, აგარაში უძველესი წმინდა გიორგის და ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიები აღდგა და წირვა-ლოცვა მიმდინარეობს. ამავე სოფლის მკვიდრის - დავით აბუთიძის მატერიალური თუ ფიზიკური ხელშეწყობით აღდგა ღვთისმშობლის ეკლესია. წმინდა გიორგის ტაძრის აღდგენა და ახალაშენებული წმინდა ნინოს ტაძრის, დედათა მონასტრის აშენება კი მისი უშუალო მონაწილეობით მიმდინარეობდა. როგორცBბატონმა დავითმა თქვა, წმინდა გიორგის ტაძრის აღდგენა და წმინდა ნინოს დედათა მონასტრის აშენება აგარის მკვიდრის, ბატონი ოლეგ ტურძელაძის ფინანსური დახმარებით მოხდა. სოფელში დედათა მონასტრის დაფუძნებაც მისი ინიციატივა იყო. შარშან წმინდა გიორგის ეკლესიის სამრეკლოს აშენებას ვაპირებდით, მაგრამ სულ სხვანაირად განვითარდა სიტუაცია. დედათა მონასტრის მშენებლობის იდეა წამოვიდა. დედათა მონასტრის დაარსებისათვის ბატონმა ოლეგ ტურძელაძემ თავისი სახლ-კარი გადასცა. რაც კი მიწის ნაკვეთები ჰქონდა ისიც საპატრიარქოს გადასცა. ასე დავიწყეთ დედათა მონასტრის მშენებლობა. დავიწყეთ მონასტრისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი სახლის კეთილმოწყობა. ბატონი ოლეგ ტურძელაძე აგარაში დაბადებული და გაზრდილია. წმინდა გიორგის ტაძრის აშენება რომ დაიწყო, მაშინ რაჭაში იყო. მერე წავიდა უცხოეთში სამუშაოდ. 15 წელია უცხოეთშია და იქიდან ეხმარება ტაძრის მშენებლობას. გასაკეთებელია წმინდა გიორგის ტაძრის სამრეკლო, ასევე შესაცვლელია ხის კანკელი. სამ წელიწადში ტაძარი გადაიხურა და ძირითადი სამუშაოები დავასრულეთ. ვცდილობდი, მთელი სოფელი ჩართულიყო ტაძრის მშენებლობაში და ყველას მიეღო ღვთის სახლის მშენებლობაში მონაწილეობა. განსაკუთრებით ახალგაზრდები აქტიურობდნენ. არქიტექტორია მურად ანდრიაძე. სოფლების, აგარა-უყეშის საზღვარზეა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესია, რომელიც საგრძნობლად დაზიანებული გახლდათ, მხოლოდ ეკლესიის პერანგი იყო დარჩენილი. სასიხარულოა, რომ ტაძრის აღდგენაში სოფლის მოსახლეობამ მიიღო მონაწილეობა. ტაძრის გარეთა და შიგნითა პირი, ორივე ქვით არის ნაგები, შუაში კი დუღაბია. ტაძრის აღდგენის დროს შევინარჩუნეთ მისი პირვანდელი ფორმა. რამდენიმე წელი რომ გავა, უფრო ძველ იერსახეს მიიღებს. ტაძარი იმ თეთრი კირქვით არის ნაგები, რითიც ნიკორწმინდის ტაძარი. არქიტექტორი მურად ანდრიაძე გახლავთ. ხატმწერიაGგიორგი ვართაგავა. ღმერთის წყალობით ღვთისმშობლის ტაძარში წირვა-ლოცვა ტარდება. დროთა განმავლობაში გაჩნდა სურვილი, აგარაში დაარსებულიყო დედათა მონასტერი. მეუფე ელისეს ლოცვა-კურთხევით, დავიწყეთ კიდევაც მონასტრის და წმინდა ნინოს ტაძრის მშენებლობა. მშენებლობის დაწყების წინ მეუფის ლოცვა-კურთხევით და კეთილი ადამიანების დახმარებით შევძელით საქმის დასრულება. წმინდა ნინოს ტაძარიც გიორგი ვართაგავამ მოხატა. ღვთის შეწევნით, მომავალში ღვთისთვის სათნო საქმეებს კვლავაც გავაგრძელებთ.
ხატმწერი გიორგი ვართაგავა: - რაჭაში პირველად სტუდენტობის დროს მომიწია ჩამოსვლა - მეგობარი ცხოვრობდა სოფელ ლიხეთში. მოვილოცე ნიკორწმინდის ტაძარი. მაშინ რას ვიფიქრებდი, რომ ნიკორწმინდაში ტაძრის მოსახატად მოვიდოდი. ჩემთვის წარმოუდგენელი რამ იყო. მოხდა ისე, რომ მეუფე ელისეს ლოცვა-კურთხევით, მომიწია ნიკორწინდის ტაძარში მდებარე მცირე ზომის წმინდა გიორგის ტაძრის მოხატვა. მუშაობის დროს ტაძრის მოსალოცად შემოვიდა დავით აბუთიძე. გავიცანი. მან აგარის ტაძრების მოხატვა შემომთავაზა. აგარის ღვთისმშობლის ტაძრის დასრულების შემდეგ მოვხატე წმინდა ნინოს დედათა მონასტერში მდებარე წმინდა ნინოს ტაძარი. თავიდან მამასთან ერთად ვხატავდი, მერე მე დავასრულე. მოხატვამდე დიდი მოსამზადებელი სამუშაოებია ჩასატარებელი. თავიდან ფანქრით კეთდება ესკიზები, მთელი ტაძრის იკონოგრაფიული სქემა, მერე გადამაქვს კედელზე, შემდეგ იწყება ტაძრის მოხატვა. ტრადიციული მასალით იხატება ტაძარი.
ჩემი ოჯახის წევრები ხატმწერები არიან. თავიდან მამაჩემი ავთანდილ ვართაგავა და ბიძაჩემი ტარიელ ვართაგავა (გარდაიცვალა) ხატავდნენ, მე მაშინ 8 წლის ვიყავი. პირველად საჩხერის რაიონში, სოფელ ქორეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის კედელი გამაფერადებინეს. თან ხან ფუნჯებს ვრეცხავდი, საღებავებს ვაზავებდი, კედლებს ვღებავდი. ასე დაიწყო ჩემი ხატწერა. რამდენიმე ტაძარი გვაქვს მოხატული საჩხერისა და ჭიათურის რაიონებში - ქორეთში, დუნთაში, სარეკში, ითხვისში. მერე ნელ-ნელა დამოუკიდებლად დავიწყე მუშაობა.
თბილისშიც მოვხატე ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე მირქმის სახელობის ტაძარი, ისიც მეუფე ელისეს ნაკურთხია. ეს ტაძარი შემთხვევით მოვხატე. ნუცუბიძეზე ვცხოვრობდი და რომ გავიგე, ტაძარი მოსახატი იყო, თანაც რაჭველი მოძღვარი მსახურობდა - მამა ილია, მასთან მივედი, - ტაძარს უფასოდ მოგიხატავთ-მეთქი. გაუკვირდა. ერთ დღეს დამიბარა - მაჩვენე შენი ნამუშევრებიო... ასე მოვხატე თბილისში მირქმის ტაძარი. ბიძაჩემიც გარდაიცვალა და მე და მამამ გავაგრძელეთ ხატწერა. რაჭაში რამდენიმე ტაძარი მოვხატე. როცა ღვთაებრივთან გაქვს საქმე, დიდ პასუხისმგებლობას გრძნობ. ყველა ხატმწერს თავისი ხელწერა აქვს. ხატვის დაწყებისას და დასრულების შემდეგაც ლოცვას ვამბობ. ხატმწერი ეკლესიურადაც უნდა ცხოვრობდეს. სულიერების გარკვეულ დონეზე უნდა მიხვიდე, რომ ხატწერა დაიწყო. მადლობა ღმერთს, რომ უფლის სადიდებელ საქმეს ვემსახურები.