რაჭის უძველესი ხანის მოსახლეობისათვის ძვირფას მასალას იძლევა ნიკორწმინდის ეტრატზე ნაწერი სიგელი (XI ს). მასში მოხსენებულია შემდეგი სოფლები: ზნაკუა, მეტეხარა, ჯვარისა, ნიკოლაოს წმიდა, ბეთაბრელი, ზახლეული, კაჩაეთი, ხევ-ხმელი, შხრო, შომეთი (შოშიეთი), ქუმელოანი, თერნეული თუ თერნეულისთავი, ხოტევი, აგარა, ძირგეული, ხივში, შქმერი, სახიდი, ველიშეული, ცხილათი, საწირუ, მუხურა. ამათგან ზნაკუა, ჯვარისა, ნიკოლაოსწმიდა იგივე ნიკორწმინდა, ხოტევი, აგარა, ძირგეული იგივე ძირაგეული, ხიეში და შქმერი დღესაც არსებობს; შომეთი (შოშიეთი) თედო ჟორდანიას მიერ შეცდომით არის ამოკითხული; უნდა ყოფილიყო შომიეთი, რომელიც დღესაც ეწოდება ნიკორწმინდის ჩრდილო-დასავლეთ ნაპირას მდებარე ადგილს, ჭელიშისაკენ მიმავალ გზაზე, რომელზეც უბანი გაშენდა 60-80 წლის წინ. კაჩაეთი ჰქვია სოფელს ნიკორწმინდის ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთით (მიბმულია ნიკორწმინდაზე); შხრო დღეს ჰქვია ერთ წყაროს ნიკორწმინდაშივე, ტყიბულიდან მომავლისთვის მარჯვენა მხარეს, ნიკორწმინდის ეკლესიის დასავლეთით, მცირე უბანში (30 კომლი); ალბათ, ამ წყაროს გარშემო მდებარე ადგილსაც ძველად იგივე სახელი ერქვა. ხევ-ხმელიც ადგილს ეწოდება ორგან: ერთი ნიკორწმინდის ბოლოზე, დასავლეთით, მეორე კი ნიკორწმინდის დასავლეთით მთაში, 3 ვერსზე; უფრო პირველი უნდა იყოს. არა ჩანს მდებარეობა: მეტეხარასი, ბეთაბრელისა, ზახლეულისა, ქუმელოანისა, თერნეულისა თუ თერნეულისთავისა და სახიდისა. სხვა რა სოფლები არსებობდა XI ს.-ში, არ ვიცით. მერმე, XV ს. მოსახლეობისათვის მცირე ცნობებს იძლევა ალექსანდრე მეფის სიგელი, 1432 წლისა. აქ მოხსენებულია ზემო რაჭის ერთი ნაწილის ადგილები: ონი, ჭიდროთა, გლოლა, ზედაქალაქი, ბუბა, ჩუშო, ჭიორა, შოდა, ღები და თევრეშო; ამათში ყველა დასახლებული ადგილია, მხოლოდ ჭიორა და გლოლა არა ჩანს მოსახლეობიანია თუ არა. დღეს, როგორც ყველა მთის სოფელი, რაჭაც დაცლის პირასაა. მიგრაციას განსაკუთრებით მთიანი სოფლები განიცდიან.
***
"მიტოვებული სოფელი ოხრავს და ავად გამხდარა", - ეს სიტყვები პოეტ ანა ერისთავს ეკუთვნის. ქალბატონი ანა რაჭის მკვიდრია. ამავე დროს გახლავთ ონის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორი. ქალბატონ ანასთან კარგა ხნის ახლო ურთიერთობამ გამაბედინა მისთვის მეთხოვა საკუთარი გულისტკივილი მკითხველამდე მომეტანა. მან თავისი სათქმელი ლექსითაც გაგვანდო, რასაც ქვემოთ გთავაზობთ.ნაომარ, დასუსტებულ ქვეყანას როგორ გაექეცი? სხვის კერას ათბობ, შენი კი ცივდება, ცივდება თონე. უქმდება მამა-პაპური ქვევრები, დაზამთრებია შენს ეზო-კარმიდამოს. ქვეყანა ცარიელდება. ცარიელდება არწივთა საბუდარი.
ვინ შეიყვარე, რომ ვეღარა სთმობ, შენი მოსაწონი აღარაა ეს ქვეყანა? ძირძველი, კაცობრიობის ცივილიზაციის აკვანი. მეტყვი: არსებობისთვის ვარო წასული, მაგრამ მანდ რომ ფესვებს ვერ გაიდგამ, ესეც ხომ უნდა იცოდე.
ვაებაა, გოდებაა, გაუქმებული სოფლების ჩამონათვალი, რომლის ხელშემწყობნიც ვართ ჩვენ ყველანი: მე, შენ, ის...
უცხო იქნები მუდამ დედა სამშობლოსათვის, თუ არ გაიღებ მსხვერპლს მის გადასარჩენად, მის სასიცოცხლოდ. როდესაც დაუძლურდები, მაშინ მოინატრებ მის წყაროებს, ყაყაჩოებშერეულ მინდვრებს, სურნელოვან ზვრებსა და ბაღებს. ისევ შენი სოფლის წყარო იქნება შენი სულის წამალი, შენი გადამრჩენი.
საშინელი რეალობაა, უძღებ შვილთა ლაშქარი ახვევია ქვეყანას. სოფელ-ქვეყნის მარჩენალს ბოქლომი ადევს, ეზო-კარმიდამო ჭინჭრითა და ანწლით გადაბურულა, ბევრგან ნაყანარი, ნავენახარი, ნასახლარი და ნასოფლარია. საშიში სიჩუმეა, სოფლის საყდარში თითო-ოროლა დედაბერი თუ ანთებს სანთელს და უფალს ევედრება ქვეყნის გადარჩენას, მშვიდობასა და გადახვეწილების, სოფლიდან გაქცეულების დაბრუნებას.
მარცხნიდან მეორე ანა ერისთავი
შენი ეზოდან იწყება სამშობლოს აღმავლობაცა და გაღატაკებაც. ღობე ქაცვითაო, სოფელი კაცითაო - ბრძენ ხალხს უთქვამს. სად ხარ? "მოძველებული" სამშობლო გეძახის და შენ კი ამქვეყნიურ საზრუნავში ჩაფლულს არ გესმის დედაფუძის ძახილი, ვედრება, ლოცვა. გადაარჩინე სანამ დროა, შემოეშველე... დაბრუნდი...
სამუზეუმო ექსპონატადაა ქცეული: ძველი ოდა, მარანი, ზვარი, ბაღჩა, მამულის სიყვარული, ქრისტიანობა...
შენი მშობელი, იობის ტანჯვის მსგავს წამებაშია. სხვის სამადურად, სხვისი ხელის შემყურედ დარჩენილი, ღიმილისა და თანაგრძნობის მთხოვნელი.
შენი ნაშიერი მსოფლიოს მოქალაქე იქნება, მაგრამ არა ქართველი. ქართველად რომ გაიზარდოს, ამ მიწისა და ცის ქვეშ უნდა გაიფურჩქნოს, ფესვი გაიდგას, იყვავილოს, უკვდავების წყარო უნდა კვებავდეს მის ტოტებს და სიყვარული უნდა ასწავლო ამქვეყნისა. ამ ზღაპრული მინდორ-ველისა, ვაზისა და ოქროსფერი ყანებისა, ხარისა და გუთნისა, მადლი ქართული მიწისა, რათა შენც რომ დაბერდები, არ მიგატოვოს და ცივი გული არ ექნეს, ჩვენ ხომ სიყვარულმა გადაგვარჩინა. მომძლავრებული მტერი ტყვიასაც კი არ გაისვრის, ისე დაგვიპყრობს. მამული ისე გვიქრება თვალსა და ხელს შუა, ისე პატარავდება, გააზრებასაც კი ვერ ვასწრებთ.
სადა ხარ, ისეთს რას უნდა აკეთებდე, შენი ქვეყნის საქმეს რომ სჯობდეს? ორნატი გაავლე, ვაზი ჩაყარე, სოფლის საყდარში ილოცე და წინაპართა საფლავებზე დაანთე სანთელი.
დაბრუნდი... უძღებ შვილივით მიგიღებს სამშობლო. გულში ჩაგიკრავს და ყველაფერს გაპატიებს.
გაუქმებულ სოფელზე მოფიქრალი ადამიანები არ დაელიოს ჩვენს მამულს, ერთ-ერთ დიდ ქართველ კაცზე ლექსი დაიბადა, რომელიც დიდი გულისყურით მინდა წაგიკითხოთ. უფროსებისგან გამიგონია, ადგილის დედას რომ მოშორდები, მფარველი ანგელოზი ცრემლობსო... ნუ ავატირებთ სოფლის მფარველ ანგელოზებს.
***
ვარძიის ახლოს, ახალციხის რაიონში, გაუქმებულ სოფელ კლდის მკვიდრმა, ბაგრატ დევნოსაძემ ბალავარის გაჭრისას იპოვა ვაზის ფესვი და გაახარა."ჯვარი, ვაზი და მამული,
წმინდა სამების დარია,
თუ ცოცხალი ხარ,
იცოცხლე, მოგცეს ადამის ჟამია.
უდაბნოდ ქცეულ ბაღნარში,
გული არ ფეთქავს ზვარისა,
სანთელი აღარ ინთება,
ჩამოღვენთილა დარდისგან.
მტერმა რომ ვაზი აჩეხა,
ხატი დაწვა და ტაძარი,
ქართველს რომ არა ჰქონოდა,
ბილიკი ცისკენ სავალი,
ურჯულოს გაუწყვეტია,
დაღამებულა სოფელში,
ვენახი ამოუძირკვავს, -
ატირებულან ლოდებიც.
ვაზს შვილს ეძახის ქართველი,
ალალად შეყვარებია,
ზიარებაა, ძალაა,
განმწმენდი - ჩვენი მცველია.
ერთი კაცია სოფელი,
ათასად გადაიქცევი,
წინაპართ საფლავს მიხედე,
უმღერე საგალობელი.
დაბრუნდი... მიწა გეძახის,
აქაა სულის წამალი,
სიყვარულის და ერთობის
უნდა ააგო ტაძარი.
ქართველთა ბედი, გზაწვრილი,
ვაზის ლერწს ისე შერწყმია,
თვითონ უფალმა აშენა,
უფლის სისხლი და ცრემლია.
ისმინე: ოდა ააგე,
რწმენა ჩაუდე საძირკვლად,
საღვთო საქმემ და სიქველემ,
ამქვეყნად გამოაბრწყინა.
ბედმა გაჩვენა ფესვები,
უკვდავი ვაზის ჯიშისა,
ქვესკნელს ტიროდა პირიმზე,
მამშვენებელი მიწისა.
ცრემლით განბანე ფესვები,
ვაზის ლერწივით ტიროდი,
უმღერე საგალობელი,
კაბადოკიელ ნინოსი.
საიდუმლოა ღვთიური,
ალბათ, იმიტომ გადარჩა,
ფოთოლს დაისხამს ოქროვანს,
სულის და ხორცის წამლადა.
ისევ ნედლი რომ იხილე,
უმზერდი, როგორც სანთელი,
მზესავით დამათრობელი,
უდაბნოს მაცოცხლებელი.
ის ნაზი ძარღვი ქართული.
ზეცის და მიწის ნაწილი,
ლოცვით დანერგე...
იშვილე,
სამოთხის ბაღში გაზრდილი.
გამოაცოცხლე სოფელი,
მზით და ბადაგით აავსე,
წინაპართ ძახილს მიჰყევი,
მშობლის საფლავი ახარე.
მაღალმოწყალე უფალი
შეგყვარებია, ბრძენკაცო,
უდაბნოდ ქცეულ სოფელში,
ოქროს ზვარი რომ აშენო.
ვაზის ჭირიმე, ვაზისა,
უფლისგან კურთხეულია,
წითელი ღვინის დედაა,
გამხარებელი გულისა.
სული იცხოვნე მადლითა,
ეგ გზა რჩეულთა ხვედრია,
ვაზო, შვილივით ნაზარდო,
ულვაში გადგიგრეხია.
გწყალობდეს მაღალი ღმერთი,
აშენდეს შენი კერია,
აგავსოს ლხინით, ჯან-ღონით,
შენს მარანს ჯვარი სწერია.
თუ ცოცხალი ხარ,Dდაგლოცოს,
მოგცეს ადამის დღენია,
უმალ შენ მოგაკვლევინოს,
შენზე მოსული მტერია".