ვახტანგისში ერთადერთი ნუგეშია წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი და მამათა მონასტერი. აქ რომ მოვდივართ სულიერად ვმშვიდდებით, დიდ სულიერ საკვებს ვიღებთ. კვირაობით მრავალი ადამიანი მოდის ტაძარში. ქალაქებიდანაც ჩამოდიან. მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე), დიდ ნუგეშს გვაძლევს და სულიერად გვზრდის.
- მამა ნეოფიტე ჩვენი სულიერი მოძღვარი და დამრიგებელია. მის ჩამოსვლამდე წირვა-ლოცვისა არაფერი გაგვეგებოდა. სოფლისთვის ძალიან დიდი ნუგეშია ტაძარი. საზღვარზე ქართულ სულს ამაგრებს.
მაყვალა კიკაბიძე:
- გარდაბანში 1965 წლიდან ვცხოვრობ. 21 წლისა სამუშაოდ ჩამოვედი და დავრჩი. მეუღლე და სამი შვილი მყავს. ადრე გარდაბანში ვმუშაობდი ბუღალტრად, მერე დირექტორად გადამიყვანეს და მას შემდეგ უფრო გამეხსნა ხელი, რომ უფლისთვის მემსახურა. ძალიან მორწმუნე ვიყავი, მაგრამ გარდაბნის რაიონში სალოცავი არ გვქონდა. ამის გამო ძალიან მიჭირდა. თბილისში, ქაშუეთის ტაძარში ხშირად დავდიოდი მამა სოკრატესთან, მამა ელიზბართან, მამა ღვთისოსთან. მათ მითხრეს, - ისეთი მოწადინებული ხარ, გარდაბანში ეკლესიის აშენებას შეძლებო. ჩემთვის ამის გაგონება სასწაული იყო. თავიდან გამიკვირდა, მაგრამ ღმერთმა გამიღიმა და მართლაც გარდაბნის რაიონში დავიწყე ეკლესიის მშენებლობა. ბევრი დაბრკოლება დავძლიე და გარდაბანში ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია ავაშენე. ტაძრის აგება დასრულდა 1992 წლის 20 სექტემბერს. უწმინდესმა 4 ოქტომბერს დიდი ზარ-ზეიმით აკურთხა ჩვენი ტაძარი. 1993 წლიდან ტაძრის წინამძღვარია მამა ზურაბი. ძალიან კარგი ადამიანია მამა ზურაბი, მრევლს ძალიან უყვარს. გარდაბანში ეკლესიის აგებამ ბევრი რამ შემოიტანა. ტაძარმა ხალხი სულიერად აამაღლა. ქართველობა რწმენით და იმედით ცხოვრობს. რაიმე რომ გაუჭირდებათ, ყველა ეკლესიაში მიდის.
უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, გარდაბნის ღვთისმშობლის შობის ტაძარი სამთავისის სტილის მიხედვით ავაშენეთ. უწმინდესმა რომ ნახა ტაძარი, გულში ჩამიკრა და მითხრა, ეს მე-20 საუკუნის სვეტიცხოველიაო. არქიტექტორია გიორგი სულაბერიძე.
ამის შემდეგ სურვილი გამიჩნდა აგვეშენებინა კიდევ ერთი ტაძარი საზღვრისპირა ქართულ სოფელ ვახტანგისში. მას ადრე ულიანოვკა ერქვა, ამ სოფელში ყოფილა რუსული და ქართული დასახლება. დროთა განმავლობაში რუსების ადგილას ჩამოსახლება იწყო აზერბაიჯანულმა მოსახლეობამ. ვახტანგისი აზერბაიჯანული სოფელია. მხოლოდ რამდენიმე ქართული ოჯახი შემორჩა. ძალიან მოსავლიანია ჩვენი სოფელი. ღმერთს ვევედრებით, ქართველები შეგვემატონ, გამრავლდნენ და გაძლიერდეს ქართველობით სოფელი ვახტანგისი. აქ ტაძრის აშენებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ვახტანგისის მაშინდელ გამგებელს, მარინე ირემაშვილს, გარდაბნის მაშინდელ გამგებელს, დავით ნადაშვილს, ჩვენს მოძღვარს, მამა ნეოფიტეს. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ყველა ის ადამიანი, ვინც მიიღო ტაძრის აგებაში მონაწილეობა.
2007 წელს დასრულდა წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მშენებლობა. 2008 წელს, უწმინდესმა აკურთხა ტაძარი. დიდება ღმერთს, რომ ეს ყველაფერი შეგვასრულებინა და საჩუქრად მოგვცა ვახტანგისში წმინდა სალოცავი და მამათა მონასტერი. მე ისე შემიყვარდა ეს მონასტერი და სოფელი ვახტანგისი, რომ გარდაბნიდან წირვაზე ვახტანგისში ამოვდივარ ხოლმე. ერთადერთი სურვილი მაქვს, სოფელს შემოემატოს ქართული ოჯახები და უფრო გაძლიერდეს სოფელი.
უწმინდესმა მაკურთხა, შენ კიდევ უნდა გააგრძელო ტაძრის მშენებლობაო. მართლაც, ჩემს სოფელში, ადიგენის რაიონის სოფელ წრეში ავაშენე მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი. ბინაც შევუძინე სასულიერო პირებს. იქ მსახურობს ძალიან კარგი მოძღვარი, მამა რევაზ კაპანაძე. მეუფე თეოდორემ და ჭულევის მონასტრის წინამძღვარმა მამა დიმიტრიმ აკურთხეს ტაძრის საძირკველი. ახლა მიმდინარეობს ტაძრის მოხატვა. სამი ტაძარი ავაშენე - მთავარანგელოზის, წმინდა ნიკოლოზისა და ღვთისმშობლის შობისა.
ვახტანგისის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ლალი ონიანი:
- ჩვენს სკოლაში ორენოვანი სწავლებაა, აზერბაიჯანული და ქართული... 288 მოსწავლე გვყავს. ძალიან კარგი ბავშვები არიან, ქართულად გამართულად საუბრობენ. პედაგოგებიც კარგი გვყავს. ქართველი მხოლოდ ექვსია. შემიძლია ვთქვა, რომ შეხმატკბილებულები ვმუშაობთ. ვახტანგისში გარდაბნიდან დავდივარ. ეკლესია ჩვენთვის ძალიან დიდი ნუგეშია. მამა ნეოფიტე ყველას გვიყვარს. წმინდა ნიკოლოზის ეკლესია ჩვენთვის ნათელი წერტილია.
ქართული ენის პედაგოგი ელისო ონიანი: - სკოლაში 2006 წლიდან ვმუშაობ. გარდაბანში ვცხოვრობ და იქიდან დავდივარ ვახტანგისში. აზერბაიჯანელ ბავშვებს სურთ ისწავლონ ქართული ენა. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს აზერბაიჯანელ და ქართველ პედაგოგებს.
ნესტან კიბაბიძე, სკოლის ბუღალტერი:
- წინათ ვახტანგისი გერმანელების სოფელი იყო, მერე ჩამოასახლეს რუსები, მოლოკნები. ქართველები ძირითადად თეთრი წყაროს რაიონიდან გადმოვიდნენ. რუსებმა გაყიდეს თავიანთი სახლ-კარი, სულ 30 ოჯახი დავრჩით ქრისტიანი. ვახტანგისში ცხოვრობენ მოლდაველები, უკრაინელები, რუსები, სომხები, გერმანელები. ერთი ოჯახი აისორებისაა. გვენანება ჩვენი მიწა-წყალის დატოვება. ვამბობ ხოლმე, - ბოლო ქართველი მე ვიქნები ვინც გაყიდის აქაურ მიწა-წყალს-მეთქი. შვილები გათხოვდნენ და დედამთილთან ერთად დავრჩი აქ. როდემდე გავძლებ მარტო, არ ვიცი. ასე მგონია, დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია აქაურ ქართველებს სოფლის წინაშე, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ქართული სოფელი და არ დაიცალოს ქართველებისგან.
იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):
- მონასტრული ცხოვრება თბილისის თაბორის მთაზე მდებარე ფერისცვალების მამათა მონასტერში დავიწყე. არქიმანდრიტი ბართლომე გახლავთ ერისკაცობიდან ჩემი სულიერი მოძღვარი. ბერადაც მან აღმკვეცა 2005 წელს.
სასულიერო სემინარია 2000 წელს დავამთავრე. მაშინ არ მქონდა ბერობის სურვილი, არც მიფიქრია ამაზე. 2007 წელს ვესტუმრე მონასტერში მამა ბართლომესთან. მამა ბართლომესთან სემინარიიდან ვმეგობრობდი და გადავწყვიტე, დიდი მარხვის პერიოდში რამდენიმე კვირით მასთან ვყოფილიყავი. ორი კვირა გახანგრძლივდა და დაგვირგვინდა ბერად აღკვეცით. მაშინ ბერობას ნამდვილად არ ვფიქრობდი. ბერობას ვერ აირჩევ, ყველაფერი ისე ხდება, როგორც უფალს სურს. ჩვენ წაგვიკითხავს წმინდანთა ცხოვრებაში, რომ ზოგი იყო ავაზაკი, ავად მცხოვრები და ისინი გახდნენ ბერები, მონაზვნები. ისეთი სინანული ჰქონდათ, რომ განწმენდილან კიდეც. მათზე ბევრად კარგად მცხოვრები ადამიანები არ წასულან ამ გზით და არ ყოფილან ღირსი ამ დიდი, ანგელოზებრივი ცხოვრების. უფლის განგებაა და ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც. მადლობა უფალს, რომ დღეს აქ ვარ. ბერად აღკვეციდან ერთი თვის შემდეგ მცხეთაში გამგზავნეს - უწმინდესის სახლი გადაკეთდა წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრად. ერთ წელიწადში მარტყოფში, ყოველთა წმინდანთას მონასტერში კეთილმოწესედ გადამიყვანა მამა ბართლომემ. 2006 წლის შემოდგომაზე კი გამგებელს გამოუთქვამს სურვილი, რომ ვახტანგისში ყოფილიყო ეკლესია და უწმინდესის თანხმობის შემდეგ დაიწყეს სოფელში ტაძრის მშენებლობა. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით მოვედი ამ ტაძარში. ჩემთვის დიდი ნუგეში იყო, წმინდა ნიკოლოზის სახელზე რომ დამხვდა ტაძარი. ძალიან ახლოს ვარ ამ წმინდანთან. წმინდა ნიკოლოზს სტუდენტობიდანვე ძალიან მივეჯაჭვე. როცა გავიგე წმინდა ნიკოლოზის ტაძარში რომ უნდა გამეგრძელებინა მსახურება, ძალიან გამიხარდა. შვიდი წელი გახდება, რაც აქ ვარ. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მცირე დროა მონასტრის ასაღორძინებლად.
იღუმენი ნეოფიტე მრევლთან ერთად
უწმინდესი ყოველთვის მხარს უჭერს საზღვრისპირა რეგიონების გამაგრებას ეკლესია-მონასტრებით. ერთ-ერთ ქადაგებაში ბრძანა, სადაც თქვენ ხართ, იქ არის თქვენი ბასიანი და დიდგორი. თქვენი ბრძოლის ველი ის არის და უნდა დაიცვათ ის ადგილი, თქვენი წილი საქართველო იქ უნდა გადაარჩინოთო. ეს ჩემთვის მისაღები იყო. ღვთის წყალობით, როგორ ვასრულებ, ეს ხალხმა უნდა განსაჯოს. ვცდილობ, მონასტერში მოსულმა ადამიანმა სიმშვიდე ნახოს.მოსვლის დღიდან ადგილობრივი არაქართველი მოსახლეობა გვერდით მიდგას და მეხმარება. ტაძრის მშენებლობაში აზერბაიჯანელები მონაწილეობდნენ. მათ ააშენეს წმინდა ნიკოლოზის ტაძარი. როდესაც ამთავრებდნენ სამუშაოს და გადიოდნენ მონასტრის ეზოდან, ფეხებს იწმენდნენ, რათა წმინდა ადგილიდან ეზოს გარეთ მცირედი მიწაც კი არ გაეტანათ. რწმენით აკეთებდნენ ამას და არა მექანიკურად. დღე არ გავიდოდა, რომ აზერბაიჯანელ მუშებს ტრაპეზზე არ მივეწვიე. ძალიან თბილი დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთთან.
მრევლი ცოტა გვყავს, ძირითადად თბილისიდან ჩამოდიან. მე ვმსახურობ კიდევ ორ სოფელში - ლემშვენიერაში (სვანური დასახლებაა) და სოფელ ნაგებში. ლემშვენიერაში გვაქვს წმინდა გიორგის ტაძარი. ნაგებში დიდმოწამე ბარბარეს სახელობის ახალაგებული ტაძარია. ნაგებში კელიებს ვაშენებთ დედათა მონასტრისთვის. ამით კიდევ ერთი მონასტერი შეემატება და მოაძლიერებს ამ მხარეს.
საზღვრის გამაგრება ყოველთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქვეყნისთვის. ყველა დამპყრობელმა ძალიან კარგად იცოდა, ძალა სად იყო. პირველად ეკლესია-მონასტრებს ლაშქრავდა. რა უნდა დაეშავებინა ამ შენობას თუნდაც დამპყრობლისთვის, მაგრამ იცოდნენ, რა ძალა ჰქონდა მონასტერში ბერების ცხოვრებასა და მოღვაწეობას, მათ ლოცვას. ლოცვის ძალა კარგად ჰქონდათ მათ გაცნობიერებული, ამიტომ ანგრევდნენ ჯერ სულიერ მხარეს. როცა სულიერად გატყდებოდა ადამიანი, მერე უკვე ხორციელად ადვილად იმორჩილებდნენ. ადამიანი როცა გადმოლახავს აზერბაიჯანიდან საქართველოს საზღვარს, უნდა იფიქროს, რომ საქართველოშია.
მონასტრების, ბერ-მონაზვნობის სიმრავლით იყო ჩვენი ქვეყანა სულიერად ძლიერი და გაუტეხელი.
ვისურვებ, რომ ამ რეგიონში უფრო მეტი ქართველი დადიოდეს ტაძარში. მინდა ყველამ იცოდეს, რომ არსებობს საზღვრისპირას მდებარე სოფელი ვახტანგისი და წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტერი, რომელიც ელოდება ნებისმიერ ქართველ მომლოცველს მადლის მისაღებად. ღმერთმა მოგცეთ სულიერი ძალა, რომ ყველა განსაცდელი იოლად გადაიტანოთ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.