ხევი ისეთ გეოგრაფიულ არეალშია მოქცეული, რომ მას უთუოდ მდიდარი ისტორიული წარსული უნდა ჰქონოდა.
1874 წელს ყაზბეგში (სტეფანწმინდაში), თერგის მარჯვენა ნაპირზე, ყურის ფერდობზე, ყაზბეგიანთ სახლისა და სტეფანწმინდის ეკლესიის მახლობლად, მუშებმა შემთხვევით იპოვეს ბრინჯაოს, სპილენძისა და ვერცხლის ნივთები. რამდენიმე წლის შემდეგ იქვე აღმოჩნდა სამარხები გვიანდელი კულტურის ნაშთებით.
არქეოლოგიური სამუშაოების დროს ერთ-ერთი სამარხიდან წყარომ ამოხეთქა. აქ წყაროს ძველადაც უდენია და მასთან წარმართული სალოცავი ყოფილა აღმართული. შემდეგ, გადმოცემით, წყაროც და სალოცავიც ზვავს დაუტანია. მოგვიანებით ამ წმინდა ადგილზე ხალხმა ქრისტიანული ნიში ააშენა, ბოლოს კი აქ სტეფანწმინდის ეკლესია აიგო.
სოფელი გერგეტი
დარიალი
დარიალის ხეობას, ქვეყნის ჩრდილოეთ კარიბჭეს, საქართველოსთვის მუდამ დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა.საისტორიო მწერლობაში ამ გეოგრაფიული სახელის ეტიმოლოგია გამოკვლეული არ არის. უმრავლესობას დარიალი სპარსული წარმოშობის სახელწოდებად მიაჩნია - "დარიალან" - ასე წარმოითქმის ამ ენაზე "ალანთა (ოვსთა) კარი", მოსე ჯანაშვილის აზრით კი სიტყვა ოსური წარმოშობისაა და გრძელს (გრძელ მთას) ნიშნავს.
V საუკუნეში დარიალის სიმაგრეები ოსებმა გადმოლახეს და საქართველოს რბევა დაიწყეს. მათ წინააღმდეგ ვახტანგ გორგასალმა გაილაშქრა. გამარჯვებულმა მეფემ დარიალის კარი გაამაგრა და დარიალის ხეობაში "გოდოლნი მაღალნი" ააგო. იმავე ხანებში უნდა გაჩენილიყო ხევში მოსახლეობაც, რომელიც თავდაპირველად მთიელებად იხსენიება, ხოლო XII საუკუნიდან, თამარის ეპოქიდან - მოხევეებად, კუთხეს კი ხევი ეწოდება.
VI საუკუნიდან საქართველოში სპარსელები გაბატონდნენ, ჩრდილოეთიდან საფრთხე შესუსტდა და დარიალის კარმაც თანდათანობით დაკარგა პირვანდელი პოლიტიკურ-სტრატეგიული მნიშვნელობა. ასე გაგრძელდა დავით აღმაშენებლის გამეფებამდე.
ხევისბერები
გიორგი ბრწყინვალის "ძეგლის დადების" მიხედვით, XIV საუკუნეში ხევში თემური წყობილება ყოფილა. თემი ირჩევდა ხევისბერს, რომელიც ფაქტობრივად მართავდა ხევს. თემის უზენაესი ორგანო სათემო საბჭო იყო, სადაც ხევისბერები და გვარის უფროსები სათემო საქმეებზე ბჭობდნენ. სათემო საბჭო და ხევისბერთა არჩევის ტრადიცია ხევში XIX საუკუნის ბოლომდე არსებობდა. ხევის სათემო საბჭო იკრიბებოდა სამების ეკლესიის სამხრეთ კედელზე მიშენებულ მცირე ნაგებობაში, რომელიც დღემდეა შემონახული.ხევისბერების გარდა ხევში იყვნენ ციხისთავებიც, რომელთაც ციხეების მეთვალყურეობა, გამაგრება და დაცვა ეკისრებოდათ.
ციხეები
მდიდარი ისტორიული წარსულით გამოირჩევა არშის ციხე. მის შუაგულში, გორაკზე, ძველი ეკლესიის ნანგრევია. იქვეა ხატის ნიში, რომელსაც არშის წმინდა გიორგის უწოდებენ. აქ არშელები ახალ წელიწადსა და აღდგომის ხატობას ზეიმობენ. არშის ციხის მახლობლად, ჩხატის წყლის გაღმა, ანდეზიტის კლდეში, დევთქობად წოდებული დიდი გვირაბია.ლეგენდის თანახმად, გიორგი სააკაძეს თავისი მოსისხლე მტერი ანდუყაფარ ამილახვარი ცოლითურთ სწორედ არშის ციხეში დაუმწყვდევია.
არშის ციხის პირდაპირ, მდინარე სნოს ნაპირას, ერთ მაღალ კლდეზე დგას სნოს ციხე, რომელიც შიოლა ღუდუშაურს - სნოს უძლიერესი გვარის მეთაურს ეკუთვნოდა.
ბეთლემი
სამებიდან გზა ბეთლემისა და მყინვარწვერისკენ მიდის. ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა...ვახუშტი ბეთლემს ასე აგვიწერს: "მყინვარის კლდესა შინა არიან ქვაბნი გამოკვეთილნი, ფრიად მაღალსა კლდესა და უწოდებენ ბეთლემს, გარნა საჭიროდ (ძნელად) ასავალი არს; რამეთუ არს ჯაჭვი რკინისა გარდმოკიდებული ქვაბიდამ და მით აღვლენ. იტყვიან უფლის აკვანსა მუნ და აბრაამის კარავსა, მდგომს უსვეტოდ, უსაბლოდ, და სხვათაცა საკვირველთა, არამედ მე ვდუმებ".
შორს, ერთ მაღალ კლდეზე, ბეთლემის ჯვარი მოჩანს, მაგრამ მასთან მისასვლელი გზა და კვალი უჩინარია.
ჟამთასვლამ ბეთლემში ყველაფერი წალეკა. მისი სენაკები და გამოქვაბულები დაიქცა და მოიშალა, მხოლოდ ანდეზიტის ერთ დიდ ლოდზეა შემორჩენილი ქვის ჯვარი. ამ ლოდს სამხრეთით მიშენებული ჰქონია სამლოცველო, რომელიც უკვე ჩაქცეულია. მხოლოდ სასანთლე და ორი ქვის ბოძი დგას ჯერ კიდევ. აქვეა აიაზმის ქვის ჭურჭელი და მარხილის ნაწილი. ამ მარხილით ბერები თურმე შეშას ეზიდებოდნენ. ჩრდილოეთით ორი მრგვალი სენაკის ნანგრევია. აქვეა შემორჩენილი ძველი შენობის ორი კედელი, რომელსაც ირმის საწველს უწოდებენ.
მოხევეების რწმენით, ბეთლემი სასწაულმოქმედია და მის შემოგარენში მონადირეს თოფის სროლის უფლება არ აქვს - იტყვიან, ბეთლემი დააბრმავებსო.
თქმულება სტეფანწმინდაზე
სტეფანწმინდელებს წინათ ყურის მთის ძირას, დავაკებაზე უცხოვრიათ. იქვე, მახლობლად, წითელ ეკლესიაში მდგარა სტეფანე ბერი. ეს ბერი გვარად ფიცხელაური ყოფილა და ერისკაცობაში ღრუბელა რქმევია. დაქვრივების შემდეგ ბერად შემდგარა სტეფანეს სახელით. ჯერ ბეთლემის უდაბნოში უმოღვაწია, შემდეგ კი გადასულა ყურის გამოქვაბულში, სადაც ხალხს მისთვის ეგრეთ წოდებული წითელი ეკლესია აუშენებია.ერთხელ დიდი ნიაღვარი მოვარდნილა და ყურიდან ტალახს დაუწყია დენა. სტეფანეს დროზე შეუტყვია მოსალოდნელი უბედურება, სეტყვისგან თავდასაცავად თავზე კოდი გადაუხურავს, კოშკში შევარდნილა და ზარების რეკა აუტეხია. ხალხი მიმხვდარა, რაც მოელოდა და გახიზნულა, სოფელს კი სტეფანეს ღვაწლის აღსანიშნავად სტეფანწმინდა დაარქვეს.
გერგეტობა
2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო - ყაზბეგის რაიონი გამოცხადდა საქართველოს ეკლესიის საეპისკოპოსოდ და ეწოდა სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია. ამ კუთხეს, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სასაზღვრო ზოლია სრულიად საქართველოსი, პირველად დაენიშნა მმართველი ეპისკოპოსი - ყოვლადუსამღვდელოესი მეუფე პეტრე (ცაავა). მისი რეზიდენცია სოფელ სნოში, პატრიარქის მშობლიურ სოფელში, შიოლა ღუდუშაურის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრშია მოთავსებული. მეუფე იქ მონაზვნებსა და მორჩილებთან ერთად ცხოვრობს.მეუფე პეტრე გერგეტის სამება
მეუფე პეტრეს მოსვლის შემდეგ ხევში მრავალი ეკლესია თუ მონასტერი დაარსდა და ამოქმედდა, თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრია.
ხევის მთავარი სალოცავი გერგეტის სამებაა (XIVს.). ტაძარი დგას მაღალ მთაზე, რომელსაც ზემოდან მყინვარწვერი დასცქერის, ნაგებია ანდეზიტის თლილი ქვით და არქიტექტურული ფორმითა და ტექნიკით ქართული ხუროთმოძღვრების ბრწყინვალე ძეგლად ითვლება.
ტაძარი წინათ მოხატული ყოფილა, მაგრამ მერე ხევის ბლაღოჩინის ბრძანებით კედლები შეუთეთრებიათ. კანკელის ქვედა ფენაზე აქა-იქ ახლაც მოჩანს ძველი მხატვრობა.
სამების ტაძარი წარწერებით ღარიბია და რაც დღემდეა შემორჩენილი, ისიც ძნელად იკითხება.
სამების ტაძარში დაცულია ორი ძველი ხატი, "კუბოს კარად" წოდებული. ხატები ფიცარზეა შესრულებული და ვერცხლის პერანგით არის შემოსილი. ერთს "საავდროს" უწოდებენ, მეორეს - "სადაროს". საავდროზე გამოსახულია ხარება, შობა, მირქმა და ნათლისღება. "სადაროზე" - ჯვარცმა, ყოვლადწმინდა სამება, აღდგომა, თომას გვერდის განხილვა, ლაზარეს აღდგინება და მაცხოვრის იერუსალიმში შესვლა. გვალვაში გერგეტელები საავდრო ხატს ტაძრიდან გამოაბრძანებენ და წყაროს წყალში განბანენ, ავდარში კი "სადარო" გამოაქვთ.
სამების ტაძრის გალავანში ჩაშენებულია ძველი სამრეკლო, რომელიც სტილით სამების ეკლესიასთან არის შეხამებული და იმავე პერიოდს უნდა ეკუთვნოდეს.
ზეპირსიტყვიერება სამების ტაძრის აშენებას თამარ მეფეს მიაწერს. თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობით, წმინდა სამების მთაზე ანდრია მოციქულს ქრისტიანობა უქადაგია და ჯვარიც აღუმართავს.
წმინდა სამებასთან წინათ მონასტერიც ყოფილა. შიშიანობის დროს თურმე ამ მონასტერში ხიზნავდნენ მცხეთის ტაძრის საგანძურს. აქვე ყოფილა დაცული ნინოს ჯვარიც, რასაც ვახუშტიც ამოწმებს: "გერგეთს ზეით არის მყინვარის კალთასა ზედა მონასტერი სამებისა, გუმბათიანი, მცხეთის სამკაულის სახიზრად, სადაცა ესვენა ნინოს ჯვარი, შვენიერ ნაშენი, შვენიერ ადგილსო". 1749 წელს რომანოზ მიტროპოლიტს ჯვარი მოსკოვში წაუღია და ბაქარ ბატონიშვილისთვის გადაუცია. სიწმინდე მხოლოდ 1801 წელს დაბრუნდა საქართველოში.
ღვთის წყალობით, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, აღდგა გერგეტის წმინდა სამების ტაძართან არსებული მამათა მონასტერი. იქ მუდმივად აღესრულება წირვა-ლოცვა და ტაძრის კარი ყოველი მომლოცველისთვის ღიაა.
1981 წლის 16 ივლისს, როცა მისი უწმინდესობა ხევში მოსალოცად ჩამობრძანდა, წირვა გერგეტის წმინდა სამების ტაძარში აღავლინა. უთქვამს, ღმერთთან ასეთი სიახლოვე ჩემს სიცოცხლეში არ მიგრძნიაო და გერგეტის წმინდა სამების დღესასწაული სიყვარულის დღედ გამოუცხადებია. მას შემდეგ ამ დღესასწაულს მოხევეებთან ერთად დიდი სიყვარულით აღნიშნავს საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოსული მორწმუნე მრევლი.
გერგეტობისთვის მზადება ხევში კარგა ხნით ადრე იწყება - მოხევეებმა ხომ განსაკუთრებული სტუმარმასპინძლობა იციან.
ხევში სტუმრობა გერგეტობას განგებ დავამთხვიე - მინდოდა, იქაურები მომესიყვარულებინა, თან საკუთარი თვალით მენახა წმინდა სამების მიმართ მლოცველთა გაბრწყინებული თვალები და თბილისიდან წამობრძანებული სიონის ტაძრის ღვთისმშობლის დიდი ხატი.
***
ორი ათასი მეტრის სიმაღლეზე აგებული ტაძრის გზას მლოცველები სვენებ-სვენებით მიუყვებოდნენ. ზოგი ფეხშიშველი ადიოდა, ზოგი - ხატებით ხელში... მორჩილი პაატაც იქ გავიცანი. "ყაზბეგამდე წმინდა ნინოს სახელობის მშენებარე მამათა მონასტერია. მესამე წელია, იქ მორჩილად ვარ, - მითხრა მან, - მანამდე, როგორც ქვის მთლელი, ტაძრების მშენებლობაში ვმონაწილეობდი. რამდენიმე ეპარქია მაქვს მოვლილი. აქაურობა მომეწონა და დავრჩი. რაც აქ ვარ, რწმენაში უფრო გავძლიერდი. მოხევეებთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მეუფე პეტრე ყველას უყვარს, ხალხი მისი წყალობით რწმენაში დაბრუნდა. ვისაც როგორ შეუძლია, ისე ეხმარება ეპარქიას... უკვე თითქმის ყველა სოფელშია თითო მონასტერი".მეუფე პეტრემ გერგეტში სადღესასწაულო წირვა ოთხ მღვდელმთავართან ერთად აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ ღვთისმშობლის ხატს დარიალის ხეობაში მიაბრძანებდნენ.
ხალხით სავსე ტაძრის ეზოში მარტვილის რაიონის სოფელ ნაჯახავოს ეკლესიის მოძღვარი მამა გიორგი ბასილაია დავიმარტოხელე. "არ მეგონა, თუ ამდენი ხალხი დამხვდებოდა, - სიხარული ვერ დამალა მან, - ალბათ, იმიტომაც შეიკრიბა ამდენი მომლოცველი, რომ ყაზბეგში სიონის ღვთისმშობელი მობრძანდა, მობრძანდა როგორც დედა, როგორც მზრუნველი, სიყვარულის წყარო - დღეს ხომ სიყვარულის დღესასწაულია. ვფიქრობ, ყველა, ვინც აქ მოვიდა, დიდი სიყვარულით არის გამსჭვალული და დიდ მადლს წაიღებს აქედან".
წირვა გოგონებისა და ვაჟების მგალობელთა გუნდების თანხლებით შესრულდა. სამრევლო სკოლას ქალბატონი ლია სალაყაია ხელმძღვანელობდა. ლია მასწავლებელს ყველა გამორჩეული სიყვარულით ეპყრობა. გამოგიტყდებით, ის მეც მასწავლიდა და ვიცი, რა გულმხურვალედ უყვარს ყოველივე ქართული.
- უკვე წლებია, რაც ხევთან ახლო ურთიერთობა გაქვთ...
- 1989 წელს ძმა გარდამეცვალა. ძალიან ცუდად ვიყავი... მირჩიეს, ხევში წამოვსულიყავი გალობის მასწავლებლად. სწორედ ამან გადამატანინა განსაცდელი...
ერთხელ, ეკლესიაში ყოფნისას, განსაცდელი შემემთხვა. გამიჭირდა მასთან გამკლავება... სიონის ღვთისმშობლის ხატი იმხანად ოჯახებში მოგზაურობდა. ჩემს სახლშიც მობრძანდა... მან აღმიდგინა სულიერი წონასწორობა. როგორც კი წააბრძანეს, ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს ვეცემოდი. ამ დროს მამა იოაკიმემ შემომითვალა, ყაზბეგში, სოფელ სნოში, სამოცდაშვიდი წელიწადია წირვა-გალობა არ ჩატარებულა, ახლა უნდა ჩავატაროთო. პირველი მსახურება შუა ზამთარში აღევლინა. მახსოვს უდიდესი სიხარული, წირვის შემდეგ რომ დამეუფლა. ამის შემდეგ, ღვთის მადლით, ასეთი სულიერი დაცემა აღარ მქონია.
მშობლიური მხარესავით მიყვარს აქაურობა და აქაურები, მათი ტრადიციები და სულისკვეთება. ნათლულები, მეგობრები მყავს... არადა, უწმინდესი რომ არა, შეიძლება ხევი ვერასოდეს გამეცნო.
- აქაურ ტრადიციებზე რამეს ხომ არ გაიხსენებთ?
- ბავშვობა სამეგრელოში გავატარე. ზაფხულობით მერეც ჩავდიოდი ხოლმე. რომ წამოვიზარდე, შევამჩნიე, რომ ყველგან და ყველაფერში კაცი იყო უპირატესი. თბილისურ ადათებზე აღზრდილს, სადაც ქალის პატივისცემა ვაჟკაცის, რაინდის მთავარ ღირსებად ითვლებოდა, ასეთი დამოკიდებულება მაღიზიანებდა. წლები რომ გავიდა, მივხვდი, რომ ეს ქრისტიანული მეხსიერებაა. ჯვარზე მთხვევისას წინ მამაკაცს ვუშვებთ, ზიარების დროსაც ასევე ვიქცევით. ეს ჭეშმარიტად ქრისტიანული ტრადიცია სამეგრელოს გარდა მხოლოდ ხევში ვნახე...
გამრავლებას ვუსურვებ აქაურებს, ყოვლადწმინდა სამებას შევთხოვ მათ სარწმუნოებაში გაძლიერებას. ხევი ხომ კარიბჭეა საქართველოსი...
გერგეტის მამათა მონასტერი
გერგეტის ტაძრის სამრეკლოსა და მონასტერს ერთი კედელი და კიბის რამდენიმე საფეხური ყოფს. სავანის გასაფართოებლად ამჟამად იქ სენაკები შენდება. მონასტერში ცხოვრება ადვილი არ არის - ზამთარი ამ კუთხეში ნაადრევად დგება და ძალზე მკაცრია; მარაგს რამდენიმე თვით ადრე ამზადებენ, რადგან შემოდგომის მიწურულს გზები იკეტება და ბერები და მორჩილები ღვთის ანაბარა რჩებიან.მონასტრის იღუმენს მამა იოანეს (სილაგაძეს) გერგეტში შევხვდი.
- ეს წმინდა ადგილი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში იყო უმოქმედოდ. მისი უწმინდესობისა და მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, სტეფანწმინდისა და ხევის ეპისკოპოსის პეტრეს ლოცვა-კურთხევითა და ძალისხმევით, კეთილი ხალხის თანადგომით მონასტერი აღდგა, აშენდა სენაკები. ღვთის წყალობით, უკვე შესაძლებელია, აქ ბერ-მონაზვნებმა იცხოვრონ, მადლობა შესწირონ უფალს, ერის, ღვთისა და საკუთარი სულის გადასარჩენად ლოცვა აღავლინონ.
მონასტერში ხუთი მუდმივი წევრია: იღუმენი, ბერდიაკონი, ორი შემოსილი საბერო მორჩილი და ერთი უბრალო მორჩილი. პირადად მე აქ მსახურება მორჩილებით დავიწყე. მეუფე პეტრემ დამადგინა მორჩილად.
ზამთარი აქ მკაცრია, მაგრამ მონასტრის თითოეულმა წევრმა ვიცით, რომ უფალი ჩვენს მცირედსაც შეიწირავს, საკუთარ თავზე, საკუთარ ვნებებზე გაგვამარჯვებინებს.
გერგეტობის დღესასწაულს მისმა უწმინდესობამ სიყვარულის დღე უწოდა. პავლე მოციქული ბრძანებს: ანგელოზთა ენაც რომ ვიცოდე, თუკი სიყვარული არ მექნა, არარაი ვარო. სიყვარულია სათავე ყველა საქმისა, რასაც კი ადამიანი აღასრულებს. სიყვარული თავგანწირვაა, მოყვასისთვის თავის დადება, საკუთარი ნების უარყოფა მოყვასის საკეთილდღეოდ. ერთ ფილოსოფოსს უთქვამს, სხვის ბედნიერებას ვეძებდი და საკუთარი ვიპოვეო...
მონასტერი, სულხან-საბას განმარტებით, არის სამზრუნველო. ადამიანი, რომელიც მონასტერში მიდის, საკუთარ სულთან ერთად ერისთვისაც ზრუნავს.
ამქვეყნად მოსულ ადამიანს მიზანი უნდა ჰქონდეს და ეს მიზანი მარადისობაში გადასვლისთვის, გარდაცვალებისთვის მზადება უნდა იყოს. ადამიანის ცხოვრება ჭეშმარიტების სამსახურში უნდა გაილიოს. თუკი ამ გზას დაადგება კაცი, ის აუცილებლად მივა უფალთან. აკი ბრძანებს მაცხოვარი: "მე ვარ გზა, მე ვარ ჭეშმარიტება, მე ვარ ცხოვრება".
საუბარს მოხევური დალოცვით დავასრულებ: დაგლოცოთ წმინდა სამებამ, პატრონმა ხმელეთისამა! გერგეტის სამების ლოცვითა და მადლით გახარებული ყოფილიყავით.
გერგეტის უხუცესები
გამრჯე ხალხია აქაურები, თუმცა პრობლემები მათაც მრავლად აქვთ. მათი მთავარი სადარდებელი უმუშევრობაა. ოჯახები აღარ იქმნება, ახალგაზრდობას ქალაქისკენ უჭირავს თვალი, ხევი სულმთლად დაიცლება, თუ მთავრობამ არ მოგვხედაო - ჩივიან... მოხევეების მთავარი სარჩო-საბადებელი ცხვარია, მაგრამ მისი შენახვაც რომ არ არის ადვილი?! ტრანსპორტი ძვირია, ყველაფერი ძვირია. რაი ვქნათო?! - შემომჩივლა ელგუჯა სუჯაშვილმა.
ძია ნოშრევან ხუციშვილმა კი მითხრა:
- ყველას ვალია, პირველ რიგში საქართველოს სული და გული დაიცვან, უწმინდესმა და პრეზიდენტმა ერთმანეთს გაუგონ და მთლიანი იყოს საქართველო. მშვიდობას ვისურვებდი, ომი ნუ იქნება. ყველამ ვიცით, ომი რაი არს და რაი უბედურება მააქვს ომსა...
საუკუნეებისაა ჩვენი სოფელი. ვახტანგ გორგასლის დროს აშენდა სამება და იქიდან მოყოლებული აქ დავსახლდით ჩვენა, სამების კალთაზედა. დაბლა გვიან ჩამოვსახლდით, რადგან ვიცავდით სამებასა, განძსა. რამდენი ომი გამაიარა საქართველომა! შასაფრისი იყო განძისა ჩვენი სამება, ბოლოს თქვეს, გერგეტი სამების ყმა არისო... ღმერთო, ხელი მოუმართე ჩვენს ხევსა, ჩვენს ერსა.
სნო
სოფელ სნოს დაარსება და მისი შემდგომი განაშენიანება-განვითარება ღუდუშაურების გვარს უკავშირდება. სოფელი კვირაის ძალთაი ყოფილა ღუდუშაურების პირველი საცხოვრისი, შემდეგ იქიდან წამოსულან და იქვე ახლოს დასახლებულან, სოფლისთვის თავიანთი წინაპრის პატივსაცემად სნო დაურქმევიათ, ხოლო ძველი ნამოსახლარი, მთაში გავრცელებული ტრადიციის მიხედვით, სალოცავად გაუხდიათ.სოფელი სნო
გადმოცემის მიხედვით, ღუდუშაურების წინაპარს, სნოს, ალანებთან ომში გამოუჩენია თავი. მამაცობის სანაცვლოდ ვახტანგ გორგასალს მისთვის ციხის აშენების ნება დაურთავს და ვაჟიშვილიც მოუნათლავს, რომლისთვისაც ღუდუშა უწოდებია. აქედან იღებს სათავეს ღუდუშაურების გვარი.
ღუდუშაურები ხევში გამორჩეული გვარი ყოფილა. "დავლათი ღვთისგან აქვსთ ნაბოძვარიო", - იტყოდნენ ხალხში.
ციხე სოფელ სნოში შიოლა ღუდუშაურის დროს - XVI ს-ის მიწურულს ან XVII ს-ის დასაწყისში - აშენებულა. ვახუშტი ბატონიშვილი მას ღუდუშაურის ციხედ მოიხსენიებს. სნოს ხეობა და სნოს მდინარე გვიანდელ დოკუმენტებსა და რუკებში ღუდუშაურების ხეობად და ღუდუშაურის წყლად იხსენიება, ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ შიოლა ღუდუშაური სამემკვიდრეოდ და სამოხელეოდ ფლობდა სნოს ხეობას, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსთვის - სწორედ ამ ხეობაზე გადიოდა ჩრდილოეთ კავკასიის თბილისთან დამაკავშირებელი უმოკლესი გზა, რომლის საიმედო დაცვა არც ისე ადვილი იყო.
შიოლას ერთ-ერთმა ვაჟმა, შარამბალმა, ღირსეულად განაგრძო მამის მიერ დაწყებული საქმე. როგორც ჩანს, სიმამაცით ის მამას არ ჩამოუვარდებოდა: "შარამბალ ღუდუშაური, კაცი გამოხველ რა ხელი? შენ მაჰკალ ლეკის ბელადი, კარზე გეკიდა თავ-ხელი". ამ გმირობისთვის ერისთავს შარამბალისთვის სოფელ კარკუჩის მესამედი უჩუქებია.
მატიანემ შემოგვინახა 1744 წლის ლეკ-ოსმალთა წინააღმდეგ მებრძოლი მამუკა ღუდუშაურისა და 1743 წლის არაგვის საერისთავოს გლეხთა აჯანყების ერთ-ერთი მეთაურის პაპა ღუდუშაურის სახელები. 1774 წლის არაგვის ხეობის ხალხის აღწერის დავთარში სნოს ხეობის მოურავად მოხსენიებულია მარტია ღუდუშაური, ხოლო 1439 წელს გერგეტის საყდრისშვილთა სიაში მძევლად ანუ ხევის სოფლებში რელიგიური საკითხების მომგვარებლად შალვა ღუდუშაური იხსენიება.
"ასე მოდიან ღუდუშაურები საუკუნეებიდან დღემდე ერისა და ღმერთის სამსახურში", - გვიყვება წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ციცინო ღუდუშაური. მისი თქმით, ღუდუშაურებისთვის დიდი სიხარული იყო შიოლა ღუდუშაურის "დაბრუნება", როდესაც მისი დიდი შთამომავლის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ძალისხმევითა და კურთხევით ღუდუშაურთა წყლის პირას აღიმართა მისი ძეგლი და გაიხსნა მისივე სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრი. სტეფანწინდისა და ხევის მმართველი ეპისკოპოსის რეზიდენციამ სწორედ ამ ცენტრში დაიდო ბინა.
ხევში დროთა განმავლობაში თითქმის ყველა სოფელმა იცვალა იერსახე, სნო კი ისევ ისეთია - ლამაზი, სუფთად დაგვილი ვიწრო ქუჩებით, ფლეთილი ქვის ლამაზი წყობით აშენებული სახლებით, მოხდენილი და ნიჭიერი ხალხით. აქ უმთავრესად რამდენიმე გვარი ცხოვრობს: ღუდუშაურები, შიოლაშვილები, პაიაშვილები, ჯანუყაშვილები, აქიაშვილები, ვარძუკაშვილები, ფირანიშვილები, გელაშვილები, გოდერძიშვილები, ხართიშვილები, ბულაშვილები, გრიგოლაძეები. მათ შორის არიან ექიმებიც და ინჟინრებიც, მაგრამ უმეტესად მაინც ფილოლოგებს, ხელოვნებათმცოდნეებს, მხატვრებს, მოქანდაკეებს, მუსიკოსებს შეხვდებით. პოეტები? - თითქმის ყველა პოეტია. გარეთ, სოფლის საფიხვნოზე - "ერობაში" მჯდომი რომელიმე მოხევე რაიმე ამბავთან დაკავშირებით ლექსს წამოიწყებს, გარითმავს ერთ სტროფს, შემდეგ მეორე ჩამოართმევს სიტყვას და მეორე სტროფს მიამატებს და ასე... სხვასოფლელი სტუმარი ყოველ სიტყვას ასჯერ აწონ-დაწონის - "სნოვლებმა ლექსი არ გამამათქონო".
***
ხევი მდიდარია ტრადიციებით. აი, როგორ დღესასწაულობდნენ ნათლისღებას ან, როგორც ხევში უწოდებენ, წყალკურთხევას, სნოში: 18 იანვარს, შებინდებისას, სოფელში კოცონებს დააგიზგიზებდნენ, ტაბლებს "ფოლორცებში" (ქუჩებში) გამოიტანდნენ და ამას "ამპარიობას" უწოდებდნენ. აქა-იქ დანთებული კოცონები ალბათ იმაზე მიანიშნებდა, რომ მძიმე მარხვის ღამეს ხალხს სურდა, ერთად ყოფილიყო, გაენათებინა ბნელი და განედევნა ბოროტი. დილით ყველა მდინარეზე მიდიოდა და იღებდა წყალს, რომელიც ჭეშმარიტად ნაკურთხი იყო - ნათლისღებას ხომ მთელი ქვეყნიერების წყლები იკურთხება და უხრწნელებას ინარჩუნებს. წყალს მიცვალებულთა საფლავებზე ღვრიდნენ და ამგვარად მათაც ულოცავდნენ დღესასწაულს.ნათლისღების აღნიშვნის ტრადიცია ხევში უღმერთობის პერიოდშიც არ შეწყვეტილა.
იმ მძიმე დროში ხალხმა გამოიჩინა უდიდესი ნებისყოფა და ღვთის სიყვარული და როგორც შეძლო, რწმენა ისე შეინარჩუნა. მას შემდეგ, რაც საქართველოს ეკლესიის წიაღში სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია დაფუძნდა, ხევში ღვთისმსახურება მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების მიხედვით აღდგა, ისე როგორც უფლისთვის არის სათნო და სასურველი, როგორც ჩვენი წინაპრები აღასრულებდნენ. და ჩვენც კვლავ ამოქმედებულ თუ ახალაშენებულ ტაძრებში ერთობით ვადიდებთ ხორციელად შობილ და ნათელღებულ უფალს. მაგრამ ეს ყველაფერი ხელის ერთი დაკვრით არ მომხდარა... სამი წლის წინ სნოს ხეობაში, სოფელ ახალციხეში, ღვთისმშობლის ტაძარში სადღესასწაულო ღამისთევა მიმდინარეობდა. მორწმუნე მრევლით სავსე უძველესი ეკლესია მეუფე პეტრეს მობრძანებას ელოდა. ამ დროს ტაძარში შემოვიდა ამ სოფლის მკვიდრი, "დეკანოზად" წოდებული შუახნის მამაკაცი, შემოიტანა ტაბლა და ტაძრის მარჯვენა კუთხეში დადგა. თან შემოჰყვა რამდენიმე ქალი, რომლებსაც "გასტეხელი" ქადა და ბოთლით ღვინო მოჰქონდათ.
"დეკანოზს" - კაცს, რომელიც ამ რიტუალს ასრულებდა, იმ სოფლის მკვიდრმა სტიქაროსანმა გაუწია წინააღმდეგობა. ცდილობდა აეხსნა, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა, მაგრამ ამაოდ. მრევლში ჩოჩქოლი დაიწყო, იქაურები ღელავდნენ - არ გავა და წირვას ჩაშლისო; მეუფე იეგუდიელმა წინათაც რამდენიმეჯერ სცადა ამ დღეს წირვის ჩატარება, მაგრამ ამ კაცმა და მოსახლეობის ნაწილმა საშუალება არ მისცესო...
მობრძანდა მეუფე პეტრეც. ტაძარში შეკრებილები სიყვარულით მიეგებნენ. ყველას ერთი საფიქრალი ჰქონდა: რა მოხდება?!
დაიწყო მსახურება. მეუფე საცეცხლურით ხელში გამობრძანდა და დაიწყო კმევა. "დეკანოზს" და მის მაგიდას ისე ჩაუარა, თითქოს ვერც შეამჩნია. ერთხელ, მეორედ...
მეუფე საკურთხევლიდან გამობრძანდა, გამოაბრძანა სეფისკვერი, ტაძარში მყოფთ თვალი მოავლო და თბილი, მზრუნველი კილოთი დაიწყო ქადაგება, ისე, როგორც ავადმყოფ შვილს ესაუბრება მშობელი. გაიხსენა, რამდენი წელი ვცხოვრობდით უღმერთო ქვეყანაში, როგორ ებრძოდნენ ქრისტიანობას, როგორ ცდილობდნენ ქართველები, არ მოშლილიყო უფლის თაყვანისცემა და სიყვარული, შეფარვით, მალულად მაინც აღესრულებინათ მსახურება, რომელიც ხშირად მრევლის უმეცრებით არასწორად ტარდებოდა. აუხსნა ტაძარში შეკრებილთ, როგორ ხდებოდა მსხვერპლშეწირვა, რა იყო სეფისკვერი, მისი რომელი ნაწილი იკვეთებოდა ლახვრით ბარძიმში ჩასაბრძანებლად და რატომ. მრევლი სულგანაბული უსმენდა. "დეკანოზს" ცალი ხელი ქადაზე ედო, მეორეში დანა ეჭირა და მონუსხული შეჰყურებდა მეუფეს. მეუფე განაგრძობდა: "როდესაც ღვთისმსახურება მოიშალა, მრავალმა ქრისტიანულმა ტრადიციამ სახე იცვალა. ასე მოხდა მაშინაც, როცა სეფისკვერი "გასტეხელმა" ქადამ შეცვალა, ხოლო მღვდელმსახური - დეკანოზმა", - და მიუთითა იმ რიტუალზე, რასაც დეკანოზი ასრულებდა: როგორ ჭრიდა ქადას, როგორ აჭრიდა ერთ ნაწილს და ტოვებდა მსახურებისთვის, როგორ ლოცავდა ამ ქადის შემომწირველს, - ბოლოს კი დასძინა: "მადლობა ღმერთს, დღეს ამის საჭიროება აღარ არის, რადგან აღდგა ეკლესიური წირვა-ლოცვა იმ წესით, რაც უფალმა დაგვიდგინა და იმის კეთება, რაც წლების წინ აუცილებლობად გვეჩვენებოდა, ახლა მიუღებელია". შემდეგ ყველას გვთხოვა, მუხლი მოგვეყარა და უფლისთვის შენდობა გვეთხოვა. უეცრად ჩვენთან ერთად "დეკანოზიც" დაეშვა მუხლებზე და ცრემლმორეული აბუტბუტდა, შემდეგ ადგა, მაგიდას ხელი მოჰკიდა და უხმაუროდ გაიტანა გარეთ. უკან გაჰყვა ქადითა და ღვინით ხელდამშვენებული რამდენიმე ქალიც.
მეუფე პეტრე დუმდა. მის მზერას არაფერი გამოჰპარვია, მლოცველებს კი აღარც ახსოვდათ "დეკანოზი" და მისი სიჯიუტე, ისინი ერთიანად მოეცვა მადლს, ტაძარში რომ სუფევდა.
მრავალი ქრისტიანული ტრადიცია უღმერთობის ხანაში დამახინჯდა, სახე იცვალა და ახლა, როცა ღვთისმსახური ამ ტრადიციის აღდგენისკენ გვიბიძგებს, გვგონია, ამით მამა-პაპათაგან გადმოცემულ სარწმუნოებრივ ადათს გვიცვლის. ეს ასე როდია; თუ ყურადღებით მოვისმენთ მოძღვართა ქადაგებას, მივხვდებით, რომ სწორედ მათ უნდა მივენდოთ, რადგან ჭეშმარიტ ქრისტიანულ სწავლებას მხოლოდ ეკლესია იცავს და ინახავს.
თუმცა კი მოხევეებს არასდროს ჰკლებიათ სარწმუნოება. ან როგორ შეიძლება, არ გწამდეს ღმერთი მთაში, სადაც ბარის მოსახლეობისთვის წარმოუდგენელი ძალით აჯანყდება ხოლმე ბუნება და რომ არა უფლის შემწეობა, გარდაუვალ დაღუპვას გიქადის? როგორ შეიძლება, არ გწამდეს ღმერთი, რომელმაც ის მშვენიერება შექმნა, ყოველდღიურად რომ შესცქერი?.. როგორ შეიძლება, არ გწამდეს ღმერთი, რომელიც გერგეტის ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან მადლს ასე უხვად გათოვს...