სავანლის უბანი
სავანლის უბანი
თურმე ხალხი გაბაწრული იდგა მტკვრიდან ეკლესიამდე და ხელიდან ხელში გადასცემდა ქვას...
დაცარიელდა ჩვენი სამშობლოს მთა-ბარი, დუხჭირმა ცხოვრებამ ლუკმაპურის საშოვნელად ზოგი უცხოეთში გადახვეწა, ზოგიც დედაქალაქს მიაჯაჭვა. ეს ხომ მართლაც კატასტროფაა! ფშავ-ხევსურეთზე რაღა ითქმის, როცა სვანეთისა და კახეთის მუდამ ხალხმრავალ სოფლებსაც გაუჭირდა. ქრება კერა, ნარ-ეკალი ედება კარ-მიდამოს, ვაზი გამეჩხერდა, წყარო დაიშრიტა. ვინ უშველის ჩვენს სოფლებს? იქნებ უცხო ქვეყნიდან მოსული ის გადამთიელნი, იჯარით რომ იღებენ თუ ყიდულობენ ქართველთა სამკვიდრებელს! იმიტომ ხომ არ უღვრიათ ჩვენს წინაპრებს სისხლი და ოფლი, რომ მათი ნაკურთხი მიწა, ღვთისმშობლის წილხვედრი მიწა უცხოტომელებს გადავულოცოთ. საფრთხე რომ რეალურია, ალბათ ყველა დაგვეთანხმება, ქართულ სოფელს დახმარება სჭირდება, პირველ რიგში ალბათ მათგან, ვისაც ეს ხელეწიფება. საქართველო ძლიერი იყო მაშინ, როცა ქართული სოფელი გახლდათ ძლიერი, მდიდარი, ბარაქით სავსე. რა გვაკლია ამისათვის ნეტავ, ღვთის წყალობით ხომ ყველაფერი გვაქვს: ნოყიერი მიწა, კამკამა და გემრიელი წყარო, ტყეც, ველიც... ღვთის წყალობით, ყველა კერა ჯერ არ ჩამქრალა, ჯერაც ბერავენ საბერველს და ჭედენ თოხებს და ბარებს, თლიან და კრავენ აკვნებს, საწნახელს, ჭედავენ ცხენებს, ჯერაც მიუძღვება გუთნისდედა გუთნეულს, ჯერ კიდევ ენთება წმინდა სანთელი ხატ-სალოცავებში და აღევლინება ლოცვა ერთიანი, ძლიერი საქართველოსთვის, ჯერაც ცხოვრობენ იქ, სოფლებში, სამშობლოს მოყვარე და თავდადებული ქართველნი...

ჟურნალ "კარიბჭის" რედაქციამ გადაწყვიტა, თავის მკითხველებთან ერთად იმოგზაუროს ქართულ სოფლებში, შეიტყოს მათი ისტორია, წარსული და აწმყო, პრობლემები და მათი მოგვარების გზები, გაიცნოს ის თავდადებული ქართველები, მამულს წყლულზე მალამოდ რომ ედებიან, ის სამღვდელო პირნი თუ მართალი და უბრალო გლეხკაცები, რომელთა სულიერი და ფიზიკური ღვაწლით ჯერ კიდევ ფეხზე დგას ქართული სოფელი.

ჩვენო ერთგულო მკითხველო, გვაკურთხე ამ კეთილ საქმეში...

თუ კაცი გონიერია, სოფელიც ღონიერიაო...

ეს თქმა თანამედროვეობას ნაკლებ შეეფერება, მაგრამ გონიერება ყოველთვის გვმართებს.

გლეხკაცის დღენი მუდამ გარჯაში ილეოდა, დიდი და პატარა, ქალი თუ კაცი დიდი სიყვარულით შრომობდა და ბეღელს მოსავლით ავსებდა. გონიერებაც და ღონიერებაც ამაში ჩანდა.

სოფლად ყოველი დღე დიდი ჯაფით იწყება და მთავრდება... ამ გასაჭირს გამოქცეული ახალგაზრდობა შვებას თითქოს ქალაქში ეძებს. ვინც მამა-პაპათა კერას არ აცივებს, მათაც ქალაქისკენ უჭირავთ თვალი.

ზაფხულობით აჟრიამულებული ეზო-კარმიდამო ზამთრობით ისე გამოიკეტება დიდი ურდულიანი გასაღებით, რომ საკვამურიდან კანტიკუნტად ამომავალი კვამლით თუ გაიგებ ვინმე სულიერის არსებობას.

არადა სოფელმა შემოგვინახა ერთმანეთის სიყვარული, ურთიერთგატანა, სამშობლოს არდათმობა და სარწმუნოების სიყვარული.

ჰოდა, ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რომ სოფლის მიტოვება არავის ეგების...

მახსენდება წმინდა ილია მართლის ნათქვამი: "ჩვენი ხალხი თავისის ბინადრობის დიდი და მკვიდრი მოყვარეა. იგი სოფელი, საცა მის მამა-პაპას უცხოვრია, საცა მამა-პაპის ძვლები უმარხია, საცა მამა-პაპის სალოცავია, ჩვენის გლეხისათვის მეტად ძვირფასი რამ არის. დღესაც თუ ბედის ბრუნვას ერთი ადგილიდამ მეორეში გადმოუსახლებია ვინმე, იმის შვილიშვილნი და უფრო შორეული შთამომავლობა თითქმის ყოველ-წლივ უწინდელის ბინის დასახედად მიდის, მამა-პაპის ხატისა და სალოცავის თაყვანის-საცემლად დაიარება. ამისთვის არც ხარჯს, არც დროს და არც გზაზედ სიარულის შიშს არა ზოგავს. თუნდ ეგეც არ იყოს, ყველასაგან და ყველგან ცნობილია, რომ მუშაკაცი ყოველთვის იმის ნატვრაშია, სადმე ბინა მოიკიდოს, სადმე თავისი საკუთრება იქონიოს, და მიწისმოქმედი მუშა ისე არა ქონებას არ ეტანება, როგორც უძრავსა, ესე იგი მიწასა, ადგილ-მამულსა. ამგვარებში ნამეტნავად ჩვენი გლეხია ღირსშესანიშნავი".

ჩვენს გლეხკაცს ღვთის შიში და სიყვარული აშკარად თუ ფარულად მაინც ჰქონდა. სწამდა, რომ ღმერთი კეთილი საქმეების გამო მის ოჯახს შეეწეოდა. ამის გამო მრავალმა ღვთის სახლმა მოაღწია დღემდე და ღვთის სადიდებელი წირვა-ლოცვა აღევლინება. მათ შორის არის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი ხაშურის რაიონის სოფელ სავანლის უბანში. სოფელი ურბნისისა და რუისის ეპარქიაში შედის. "კარიბჭის" მკითხველს სწორედ მის საერო და სასულიერო ცხოვრებას გავაცნობთ.

წმინდა ილიას სახელობის ტაძარს 2 აგვისტოს 150 წელი უსრულდება. სოფელი ამ დღისთვის საგანგებოდ ემზადება. სხვა სტუმრებთან ერთად უწმინდესსა და უნეტარესსაც ელიან. ამ დღისათვის მზადება რამდენიმე თვით ადრე დაიწყო. იქაურები ფიქრობენ, რომ წლევანდელი დღესასწაული განსაკუთრებული უნდა იყოს.

ხაშურის რაიონიდან სოფლამდე ავტობუსი დადის. გზას არა უშავს.

ჩემი მეგზურები ავტობუსშივე გავიცანი. პირველად მათგან გავიგე იქაური ხალხის სტუმარმართმოყვარეობის და კარგი ადამიანობის შესახებ. სავანლის უბანი სოფელ ტეზრის ერთ-ერთი უბანია (დანარჩენებია: ყიფიაანთ უბანი, კოშკის უბანი, ხახუთის უბანი). აქ გურამ ელისაშვილის ოჯახმა მიმასპინძლა. ამ ოჯახმა თბილისი დატოვა და სოფელში დამკვიდრდა. ინგა მშობლებს საქმეში ყველანაირად ეხმარება. სამხატვრო აკადემია დაამთავრა, ხელსაქმეც ჩინებულად იცის. ეკლესიური ცხოვრება ქარგვაში, გობელენისა თუ გამშვენებული სანთლების ჩამოქნაში უწყობს ხელს. გარკვეულწილად ოჯახი ამ საქმითაც ირჩენს თავს. ვაჟი თბილისში კერამიკულ ნაწარმს, ღვინის ჭურჭელს ქმნის. ბევრი მათგანი უცხოეთში გადის, ბევრიც ეკლესიაში იყიდება.

KARIBCHEბატონ გურამ ელისაშვილის ოჯახის მზრუნველობით მოქმედებს სოფელ სავანლის უბანში წმინდა ილია წინასწარმეტყველის ტაძარი. იგი მათი ძალისხმევით განახლდა და გამშვენდა. ინგამ სოფლის მოსახლეობის ხელმოწერები ეკლესიის აღდგენის თაობაზე ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტს, მეუფე იობს (აქიაშვილი) მიუტანა. ტაძარში ღვთისმსახურება განახლდა. თავიდან იქ მამა ტარიელი წირავდა, შემდეგ მეუფემ ტაძრის წინამძღვრად თავისი სულიერი შვილი, გამოცდილი იღუმენი იოანე (თედეევი) გამოგზავნა. სოფელმა შეიყვარა მოძღვარი.

მამა იოანე ტაძრის წინ ცხოვრობს. ტაძრის გარშემო სასაფლაოა.

ტაძარში წირვა შაბათობით აღესრულება, კვირაობით მამა იოანე ტეზრის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში წირავს. იქ მრევლის აქტიურობას არ უჩივის. ცოტა სავანლის უბნის მკვიდრნი მოიკოჭლებენო, - ამბობს იგი.

საისტორიო წყაროებში სავანლის უბანი XIV საუკუნიდან მოიხსენიება. XVI საუკუნის დასაწყისში ბაგრატ იმერთა მეფემ დაიპყრო ქართლის სოფლები,
მათ შორის სავანლის უბანი. მაშინ აქ მრავალრიცხოვანი მოსახლეობა ყოფილა. მეფე ბაგრატის ხელმოწერილი 1534 წლის 10 დეკემბრის შეწირულობის სიგელით ჩანს, რომ გვარი სუმბაძე (ზუმბაძე) ერთ-ერთი უძველესი გვარია ამ სოფელში ("შეუწირავს თვისი სახასო ვენახი სუმბაძის საზღვრამდის... ხელმოწერილ არს მეფისა ბაგრატისა და მეუღლისა მისისა დედოფლისა ელენესი..."). 1715 წლის "რუისის სამწყოისის დავთარში" სავანლის უბანი მეორე სახუცო ტეზრად არის აღწერილი. იგი რუისის საეპისკოპოსოში შედიოდა. ამ დავთრის შემდგენელი ნიკოლოზ მროველი (ორბელიშვილი ანუ ყაფლანიშვილი) წერს:

მე ეს სოფლები აღვწერე იმისათვის, რათა საყდარს მოსავლის ანგარიში არ დაეკარგოს. ღვთის სიყვარულისთვის ამ სამწყსოს მატიანეს ნურას მეფის მოსაქმეს ნუ აჩვენებთ, თუ ქრისტე გწამთ: ქრისტეს აქეთ ჩღიე წელსა, აპრილისა ერთსა, თვით მკვდრეთით აღდგომასა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა (აღიწერა მატიანე ესე).

ქართველთა მეფეთ მეფისა დიდისა გიორგისა და ძმისა მათისა იმერთა და კახთ მეფედ-მეფისა... და ძმისა მათისა სრულიად სპარსეთის მოსამართლეთ უხუცესისა ლევანისა. ამა მეფეთა დედის ძმისწულმა და საქართველოს მოსამართლეთ უხუცესისა ძემან ორბელისძემან ნიკოლოზ ეპისკოპოსმა... და აღვწერე ხელითა... გლეხი და მამული სადაც ვის... განწესებული რიგი და სალოცავი ქირა... მღვდლისა მათისა... მეორე სახუცო ტეზერს (სავანლის უბანი):

ქ. სავანელი პაატა - საწირავი არს
ქ. სავანელი მამუკა - საწირავი არს
ქ. სავანელი დათუნა - საწირავი არს
ქ. სავანელი ელიზბარი - საწირავი არს
ქ. რუსაშვილი იესე
ქ. მაჭავარიანი ფარემუზ
ქ. რევაზიშვილი რევაზა
ქ. რევაზიშვილი დათუნა
ქ. ციხელაშვილი ფოცხვერი
ქ. ელიაშვილი თამაზ
ქ. მაჩხაშვილი პაპუნა
ქ. მჭედლიშვილი ბერუა
ქ. მერაბიშვილი ზაქარა
ქ. სუმბაძე ბეჟუა
ქ. გარსიაშვილი პაატა
ქ. რუამაშვილი გიორგი
ქ. განუტაშვილი პაპუნა
ქ. ნასყიდაშვილი ბიძინა
ქ. ელისაშვილი ზურაბა
ქ. ნოზაძე დათუნა
ქ. ფშოტიძე გიორგი
ქ. რუფაქიძე სტეფანე
ქ. ბოხაძე გოჩა
ქ. რუსაშვილი ზაალი
ქ. ბადრიაშვილი დოგელა
ქ. მარგველაშვილი ბერუკა
ქ. ბლიაძე ბერუკა
ქ. მაჭავარიანი ბუში თამაზა
ქ. ქაცხაძე თევდორე - მღვდელი

KARIBCHEდავთარში სხვათა სახელებიც არის მოხსენიებული. თითო გვარით და სახელით აღინიშნება ოჯახი და არა ცალკე სული. გაყოფა სათაკილოდ მიაჩნდათ და საზარალოც იყო, რადგან ორ ოჯახს ორი ბეგარა უნდა გაეღო. უნდა ვივარაუდოთ, რომ თითოეულ ოჯახში, სულ ცოტა, 5 სული იყო. მაშინ, სოფლის 55 კომლი შეადგენდა 275 სულს. ამგვარად, სავანლის უბანი დიდი უბანი, დიდი სოფელი ყოფილა. ისე, ვერც სავანლის უბანი გადაურჩა ლეკთა თარეშს. "1732 წელს აქ მოვიდა ლეკის ჯარი, ააოხრეს და წავიდნენ ნაშოვრიანნი. ამავე ქორონიკონს, მკათათვეს, მოვიდა ლეკის ჯარი ღამით. ამ ადგილებში ოთხი წლის განმავლობაში არც ხვნა იყო, არც თესვა, არც ცეცხლი ანთებულა, არც კალო გალეწილა და არც მამალს უყივლია.

1754 წელს ორ-სამ პირად შემოესია ლეკის ჯარი, 20 ტყვე იშოვეს. ერეკლე II-ის მეთაურობით შეუტიეს ქართველთა გულსრულად, გააქციეს ჯარი ლეკისა, დაერივნენ შიგ, ვითა კატა, ეგრე ხოცდნენ ლეკთა". ეს ბრძოლა 14 აგვისტოს მოხდა. 16 აგვისტოს ისევ დაესხნენ თავს ლეკები სოფელს. იყო ცემა და ტაცება, ყოველგან ხოცვა და ტყვეთა წასხმა. ასევე მოხდა 1759 წელს. ლიხის მთამდე ყველა სოფელს მოედვნენ, "აოხრებდნენ და მიჰქონდათ ურიცხვი. ხოლო წელსა ჩღნთ ქ(ორონი)კ(ონს) მოვიდნენ ლეკნი ტეზერს, მუნ სძლო მეფემან თეიმურაზ. გარნა ბრძოლასა შინა მოიკლა ციციშვილი გლახა, გერი მეფისა თეიმურაზისა".

სოფელი ოდითგანვე მევენახეობას მისდევდა. ვახუშტი ბატონიშვილი წერს: "ადგილნი ესენი არიან მოსავლიანნი ვენახითა, ხილითა და ყოვლითა მარცვლითა. ჰავითა მშვენიერი და ამო სასმელი და საჭმელი უმეტეს გემოიანი სხვათა ადგილთაგან. კაცნი არიან ჰაეროვანნი, ამაყნი, მხნენი, შემმართებელნი, მხიარულნი, უხვნი, სტუმართმოყვარენი". მაგრამ "არს სამ თვე თოვლი და ზაფხულს ვერ სთიბვენ თივას, სახნავი გამო მიწათა და მთათა შინა მცირეთა არა საკმაოთ".

1924 წელს ტეზერში შეიქმნა პირველი მიწის საზოგადოებრივი დამმუშავებელი ამხანაგობა. მასში სავანლის უბნის 3 კომლი შევიდა. 1930 წელს სავანლის სახნავ მიწებზე გამოჩნდა ამერიკული ტიპის პირველი ტრაქტორი "ჰოლტი".

1900 წელს ეკლესიის შენობაში მღვდლის თაოსნობით პირველი წერა-კითხვის შემსწავლელი სკოლა გაიხსნა. მან მხოლოდ რამდენიმე თვე იარსება.

სავანლის უბნის ეკლესია, როგორც ჩანს, მეორედ აუგიათ. გასულ საუკუნეებში ამ ადგილებში ხშირად იყო მიწისძვრები, რაც დიდ ზიანს აყენებდა ყველა ქვითკირის შენობას. ეკლესია რიყის ქვითაა ნაშენი. თურმე ხალხი გაბაწრული იდგა მტკვრიდან ეკლესიამდე და ხელიდან ხელში გადასცემდა ქვას...

ტაძრის წარწერიდან ჩანს, რომ სავანლის უბნის ეკლესია 1856 წელს შვიდ გვარს აუშენებია - სავანელს, ელისაშვილს, მარგველაშვილს, რომაშვილს, რევაზაშვილს, ციხელაშვილს, ორთოიძეს. ტაძარში ორი საფლავია - ერთი მოზრდილი, ერთიც მომცრო, სადაც მხოლოდ სახელი - გიორგი ამოვიკითხე. მოზრდილი საფლავის ქვა გვამცნობს: "საფლავსა ამას შინა განისვენებს ზაქარია ივანეს ძე სავანელი. გარდაიცვალა 1890წ. იანვრის 10, შობიდან 25წ."

KARIBCHEწმინდა ილიას ტაძარი დღემდე ბევრი სასწაულის მომსწრეა. ტაძარში ინახება ხეზე ბუნებრივად ამოკვეთილი გამშვენებული ჯვარი. ტაძრის ეზოში მცირე შენობის ასაშენებლად ნაძვის ხის მასალა უნდა გამოეყენებინათ. ერთ-ერთ გადახერხილ მორზე მუშებმა სასწაული იხილეს - ლამაზად ამოკვეთილი ჯვარი. ინგამ ეს ჯვარი პატრიარქს აჩვენა. მიტროპოლიტ იობს იმდენად მოსწონებია, ხატმწერებს მისი ხატწერაში გამოყენება ურჩია. პატრიარქის კურთხევით, ჯვარი ჩარჩოშია ჩასმული და მლოცველები მისგან შემწეობას ითხოვენ. ტაძარშივეა დაბრძანებული პატრიარქის ნაჩუქარი წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხატი.

მამა იოანესთან საუბარი ტაძრის საიუბილეო მზადებით დავიწყე.

- საიუბილეო წელია და გვინდა, მოვაწესრიგოთ ტაძრის შემოგარენი, ეზოს უკეთესი ღობე შემოვავლოთ. სოფლის ახლოს ისეთი ჯვრის დადგმასაც ვაპირებთ, ღამით რომ ანათებდეს. ამ დღესასწაულზე სამეუფო წირვა ყოველთვის სრულდება - მეუფე იობი აღავლენს ხოლმე. პატრიარქი თუ ისურვებს, შეიძლება ჩამობრძანდეს კიდეც. მისი ანგელოზის დღეს მიდის იქ, სადაც უხარია, ამიტომ არ გაგვიკვირდება, თუ აქაც მობრძანდება.

- მამაო, თქვენ ამ სოფლის სულიერად მოქცევა დაგეკისრათ. არ გიჭირთ ხალხის შემობრუნება ღმერთისკენ? ამ საქმეში მოძღვრის პიროვნულ თვისებებსაც ხომ მნიშვნელობა აქვს?

- შეიძლება ჰქონდეს ცოტა მნიშვნელობა, მაგრამ ძირითადად ადამიანი სიმართლეს, ჭეშმარიტებას უნდა ეძებდეს. თუ ამის ინტერესს მოძღვარი ხალხში დაინახავს, დაინტერესდება მათი მოქცევით, მაგრამ როცა არ უყვართ სიმართლე და ჭეშმარიტება, საუბარი ჭირს.

- მამა იოანე, თქვენ მეუფე იობს მარტყოფის მამათა მონასტრიდან მოჰყვებით. მეუფე მაშინ მხოლოდ ბერი იყო...

- როდესაც საპატრიარქოში მიწევდა ყოფნა, მე და მამა იობი ერთად ვლოცულობდით, გვქონდა ახლო ურთიერთობა. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ორივენი მარტყოფში წავედით, პატრიარქის რეზიდენციაში. ამჟამად იქ დედათა მონასტერია. შემდეგ ნორიოს თავზე, წმინდა ანტონ მარტომყოფელის მამათა მონასტერში რამდენიმე წელს მოგვიწია ერთად ყოფნა. თუ ცხინვალში შესვლის უფლება დაგვრთეს, ალბათ მეც იქ გადავალ.

- მამაო, სად დადეთ ბერობის აღთქმა?

- 1989 წელს შიომღვიმის მამათა მონასტერში აღვიკვეცე ბერად. მაშინ მარტყოფის მონასტერში ვიყავი. პატრიარქმა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე შიომღვიმეში წამოსვლა მითხრა. ოთხწელიწად-ნახევარი ვიმსახურე მანგლისში, შემდეგ ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში, იქიდან გადავედი ქარელში, ახლა ვარ აქ, სავანის უბნის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის და სოფელ ტეზრის ღვთისმშობლის შობის ტაძრის მოძღვრად.

ვიდრე ამ გზას დავადგებოდი, წირვა-ლოცვას სიონის საკათედრო ტაძარში ვესწრებოდი. იქ დავუახლოვდი ერთ ადამიანს, ახლა მეუფე სერგის. ის მაშინ ზაგორსკის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა და არდადეგებზე თბილისში ჩამოდიოდა. საქართველოში მონასტრების მოლოცვის შემდეგ გავყევი ზაგორსკში. იქ დაახლოებით რვა თვე დავყავი. შემდეგ სასწავლებლად გამგზავნეს იაროსლავლში. პატრიარქი ჩვენთან მონასტრებს ხსნიდა. მისი კურთხევით, სწავლა შევწყვიტე და დავბრუნდი.

როცა ბერად აღვიკვეცე, არც ისე პატარა ვიყავი, სულიერად ვიყავი პატარა, ახალმოქცეული. ჩემს ცხოვრებაში მცირე სასწაულიც მოხდა, რაც ჩემთვის საკმარისი იყო, სხვა გზით წავსულიყავი. ღვთის არსებობაში ბოლომდე არ ვიყავი დარწმუნებული. რატომღაც მინდოდა, მისი არსებობა ჩემი თვალით მენახა. ამ დროს სასწაული მოხდა. ერთხელ სიონში ლიტანიობას ძალიან ბევრი ხალხი ესწრებოდა. ტაძარს გარს ვუვლიდით. ჩემ წინ ორი ადამიანი იდგა. ერთ-ერთმა ჯიბიდან ამოიღო მონეტა, ეტყობა, რაღაც შესთხოვა ღმერთს და მაგნიტივით მიაკრა სიონის ტაძრის ქვას. შემდეგ ჩამოხსნა ფული და მეგობრის დასანახად ისევ მიადო ქვას. აღარ მიეკრა. აღფრთოვანებული დავრჩი. ჩემთვის რწმენის განსამტკიცებლად ესეც საკმარისი იყო. ასეთივე სასწაული ხდებოდა თელავის ჯვარი პატიოსნის ეკლესიაშიც. დღესასწაულზე ხალხი ტაძარს კენჭებს აკრავდა ხოლმე გარედან. სასწაულები აუცილებელია ადამიანების მოსაქცევად და მათი სულების საცხოვნებლად. დავტოვე საერო ცხოვრება და მონასტერში წამოვედი.

- როგორ უნდა შეიძინოს ადამიანმა ეკლესიური ცხოვრების გამოცდილება?

- ერისკაცი უფრო მეტად უნდა იყოს მონდომებული. მერე ნელ-ნელა ყველაფერი მოვა. ადამიანი ყოველთვის ღვთის ნების ძიებაში უნდა იყოს. ამ წესს თავისი ძალებისამებრ უნდა მისდევდეს, დანარჩენი კი ღვთის შეწევნით მიეცემა. ყოველთვის ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი ნაბიჯი გადავდგი, როცა ბერად აღვიკვეცე.

- როგორ შეხვდნენ სავანლის უბნელები მოძღვარს?

- ჩემამდე აქ მამა ტარიელი მსახურობდა. როდესაც მეუფე იობმა მკითხა, გადახვალ სოფელშიო, მაშინვე დავთანხმდი. მოსახლეობამ ძალიან თბილად მიმიღო. ტაძარში მსახურობს აქაური სტიქაროსანი ჯიმშერ გელაშვილი. ირინე მედავითნეობას და მგალობლობას ერთად ტვირთულობს, გორიდან დადის. ინგა ელისაშვილი წიგნის კითხვაში გვეხმარება. არის კიდევ რამდენიმე სტიქაროსანი და მგალობელიც. დიაკვანი და სხვა მღვდელი არ გვყავს.

- ჯვრისწერა, ნათლობები ხშირად არის თქვენს ტაძარში?

- მონათლულები არიან, მაგრამ მეუფის კურთხევით ვასრულებთ გადანათვლას, რადგან იქ სრულყოფილი ნათლობა არ იყო შესრულებული. ვინც დადის ტაძარში და უნდა სრულყოფილი იყოს ნათლობა, მათ აქვთ უფლება, ხელმეორედ მოინათლონ. ჯვრისწერებიც არის ხოლმე. მონათვლა და ჯვრისწერა, რა თქმა უნდა, აუცილებელია, მაგრამ ეკლესიური ცხოვრების, წმინდა საიდუმლოებების გარეშე ადამიანი სრულყოფილი ვერასოდეს იქნება.

- მამაო, სოფელში როგორ ირჩენთ თავს, ფიზიკურადაც შრომობთ?

- რაკი სოფელში ვცხოვრობ, სოფლური საქმეც ბევრია. მიწა გვაქვს. მრევლი სანახევროდ ამუშავებს და მოსავლის დაბინავება მე მიწევს ხოლმე. მოგვყავს ლობიო, სიმინდი, გვაქვს ბოსტანი.

- ძირითადად რა პრობლემებით მოდიან თქვენთან ადამიანები?

- ალბათ მაინც გაჭირვება აიძულებთ ტაძარში მოსვლას, ავადმყოფობაც, ურთიერთდაპირისპირებაც. შეწევნას ღმერთს სთხოვენ. ეს ქვეყანა გაჭირვებისაა, ადამის და ევას სახით ყველა გამოძევებულია სამოთხიდან. ცოტა უნდა მოვითმინოთ. გაჭირვება ადამიანმა შეიძლება სულის საცხოვნებლად გადააქციოს. ამიტომ ძალიან ნუ შეგვეშინდება, თუ გაჭირვება თავს დაგვატყდება. მხოლოდ უფალი გაგვაძლიერებს და გაგვაძლებინებს ასეთ დროს.

- მამაო, გთხოვთ დალოცოთ ჩვენი ჟურნალი სავანის უბნის სალოცავიდან.

- თქვენი ჟურნალი ძალიან კარგი და სწორი მიმართულებით მიდის. როგორც ვკითხულობთ წმინდა წიგნებს, ასევე შეიძლება წაიკითხო "კარიბჭე". ვურჩევ ყველას, იკითხონ ეს სულისთვის სასარგებლო ჟურნალი. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს ამ ჟურნალის დამაარსებელნი და ყველა, ვინც იღვწის.

***
ტაძრის გარეთ ტრაპეზის ძველი ქვა დევს, ზედ ქვის ჯვარია აღმართული. მლოცველები მასზე ლოცულობენ და სანთლებსაც ხშირად ანთებენ. ახლის დადგმის შემდეგ ტრაპეზის ძველ ქვას ან სხვა ტაძარში დგამენ, ან ასე წმინდად ინახავენ.

მამა იოანეს ტაძრის მახლობლად მდგარ ერთ ძველ ხის სახლში ვესაუბრე, მას აქაურები "საქალებოს" ეძახიან. მისი მნიშვნელობა კი სოფლის სანახშოზე გავიგე.

KARIBCHEჩვენი საუბრის დროს იქაურები აფხაზეთში დაღუპული მეგობრის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. მამა იოანე სუფრასთან მიიწვიეს, თუმცა დაუპატიჟებელი სტუმარი არც მე ვყოფილვარ - ჟურნალ "კარიბჭეს" ეს ხალხი კარგად იცნობდა. სტუმრების პატივსაცემად რას აღარ აკეთებდნენ და რას აღარ ჰყვებოდნენ თავიანთ სოფელზე, წმინდა ილიას სალოცავზე და მის სასწაულებრივ ძალაზე. მოძღვრის სუფრასთან ყოფნამ ზოგს სიგარეტის მოწევაც კი გადაავიწყა. მამა იოანემ ღვთის დიდებით დაიწყო დღეგრძელება და კარგა ხნის საუბრის შემდეგ ღვთის დიდებითვე დაასრულა.

"საქალებო"
ჩვენს ერთ-ერთ მეინახეს, ტრისტან ელისაშვილს კარგად ახსოვს, რაც ამ სახლის ირგვლივ ხდებოდა. ბავშვობაში ის და მისი ტოლები აქ, ნაძვნარში ხშირად დადიოდნენ სათამაშოდ. კარგად ახსოვს თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი ორი ქალბატონი. "თამაშით დაღლილები მათთან მივდიოდით და წყალს გვასმევდნენ, - მიყვება ბატონი ტრისტანი, - ჩემს მეხსიერებაში ისინი დარჩნენ, როგორც უაღრესად პატიოსანი ადამიანები. ხეხილით სავსე ეზო ჰქონდათ, ფუტკრებიც ჰყავდათ და ვენახსაც უვლიდნენ. გვარად ღონღაძეები იყვნენ. ეკლესია საკუთარ თეთრად შეღებილ სახლში ჰქონდათ მოწყობილი. შიგნით არავის უშვებდნენ. მხოლოდ კარების გაღების დროს მალულად დავინახავდით, იქ რა ხდებოდა. ამ მონაზვნების გარდაცვალებაც მახსოვს. ერთ-ერთი მათგანი, სადაც ცხოვრობდნენ, იმ ეზოშია დაკრძალული. საფლავი ღობით არის შემოკავებული. ცოცხლად დარჩენილი ქალიშვილმა წაიყვანა. მან სოფელს ანდერძად დაუბარა - მისი სახლი ეკლესიის ეზოში გადაეტანათ. ანდერძი შევასრულეთ. მას შემდეგ ამ სახლს "საქალებოს" ვეძახით".

ნაძვის ხეზე გამოსახული ჯვარი
სოფლის ჭურჭლის შესანახად პატარა ფიცრულს ვაშენებდით, - მიყვება ბატონი ტრისტანი, - ტყიდან მოჭრილი ნაძვის მორი ჩამოვიტანეთ. გადავხერხეთ და ტანში ჟრუანტელმა დამიარა - ასეთი დახატული ჯვრის მნახველი არა ვარ, იმ მორიდან რომ შემომანათა.

ჩვენს სოფელში უმეტესად ელისაშვილები ცხოვრობენ. წმინდა ილია წინასწარმეტყველის ტაძრის აშენებაშიც მეტი წვლილი ჩვენი გვარის ხალხს მიუძღვის. ბებიაჩემი იხსენებდა, რომ ეკლესიის მშენებლობის დროს, პონტიკის წყალი მთიდან ხის ქერქის ღარებით გამოვიყვანეთო.

წმინდა ილიას ტაძარი ბევრი სასწულის მომსწრეა
ერთ აქაურ კაცს შეწირული ბეჭედი ტაძრიდან შინ წამოუღია. ამ ოჯახს ბავშვი ავად გახდომია. სად აღარ წასულან სამკურნალოდ. შემდეგ ამ კაცის ცოლისთვის სიზმარში უთქვამთ, შენმა ქმარმა წმინდა ილიას ტაძრიდან ბეჭედი რომ წაიღო, უკან დააბრუნოს და შვილი გამოგიჯანმრთელდებაო. ოჯახმა ბეჭედიც დააბრუნა და ტაძარს ორი იმდენი შესწირა. ბავშვიც გადაურჩათ.

ერთხელ ურმით ტაძრის ასაშენებლად ქვა მოჰქონდათ. ზედ ბავშვი მჯდარა. უეცრად გადმოვარდნილა და ურემს ფეხზე გადაუვლია. ამის დამნახავებს ყვირილი დაუწყიათ. ბიჭი თურმე ამდგარა და ისე გაუვლია, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. არც ფეხი მოუტეხია და თითიც არ სტკენია, - ესეც ტრისტან ელისაშვილმა მიამბო.

ჩემი მასპინძელი
ბატონი გურამ ელისაშვილი, რომ იტყვიან, ცოცხალი ენციკლოპედიაა. რას აღარ ჰყვება თავის სოფელზე:

"ჩვენს სოფელს თავიდან სავანე რქმევია, წიგნებში ასე წერია. სავანე დამრეც, მზიან, ჰაეროვან ადგილს ნიშნავს. ურბნის-რუისის ეპარქია ორად დაიყო - ტეზერი და ყიფიაანთ უბანი (აქ დიმიტრი ყიფიანს ჰქონდა მამულები) ერთად იყო, ხახუთი, ტეზერი და სავანე - ერთად. ტეზერი "მტერზე მზვერავიდან" მოდის. როცა მტერი შემოდიოდა, სოფლის სათვალთვალო კოშკზე ცეცხლს ანთებდნენ და ასე აცნობებდნენ მთელ ქართლს გასაჭირს. ამ ადგილას სავანელები ცხოვრობდნენ - მებატონეები. ადრე აქ ქვითკირის ტაძარი მდგარა, რომელიც ლეკებს დაუნგრევიათ. სოფელს დროებით ხის ტაძარი აუშენებია, რომელიც დამწვარა. ეს ტაძარი შვიდმა გვარმა ააშენა. ჩვენი ტაძარი არასოდეს დაკეტილა. ბევრი ტაძარი დაანგრიეს, ბევრიც საწყობად აქციეს, ეს კი ყოველ შაბათ-კვირას იღებოდა. სანთლებს ვანთებდით. ტაძარს ამ შვიდი გვარის შთამომავლები პატრონობდნენ. ახლა ქეთევან რევაზიშვილი აქცევს ყურადღებას".

ტრადიცია
მამაჩემისგან მახსოვს, - ამბობს ბატონი გურამი, - რომ საეკლესიო დღესასწაულებზე ტაძრის ეზოში ხალხი იკრიბებოდა, ქეიფობდნენ, თან ვაჭრობა ჰქონდათ გაჩაღებული. სოფელმა ჩხუბის და დავიდარაბის თავიდან ასაცილებლად გადაწყვიტა, სტუმრისთვის ოჯახში ემასპინძლა და ტაძარში მხოლოდ სანთლის დასანთებად ჩამოსულიყვნენ. დღემდე ასეა.

დოლაბი
ჩვენი სოფლის თავში დიდი წისქვილის ქვა დევს. ისეთი ქვა ჩვენს სახლთანაცაა. შესაძლოა, აქ ქარის წისქვილიც იყო. მის გვერდით შემორჩენილია ქვევრები. ერთ ოჯახს ურჩიეს, იქ ნამარნალია და სახლს ნუ აიშენებო. არ დაიჯერა. ჯვარი გვწერია და, ყველას უბედურად წაუვიდა ცხოვრება, ვინც ქვევრებზე დადგა სახლი. ეტყობა, საზედაშო ღვინოს აყენებდნენ. მევენახეობა რომ იყო განვითარებული, იმიტომაც ჰქვია ამ ადგილს სავანლის უბანი.

გვარები
ყველაზე დიდი გვარი ელისაშვილია. შემდეგ მოდიან რევაზიშვილები, ზუმბაძეები, რომაშვილები, ორთოიძეები, ზაქაშვილები, ციხელაშვილები, გელაშვილები, ბაღათურია, ბრეგვაძეები, ბადრიაშვილები, მარგველაშვილები, ორჯონიკიძეები, ღონღაძეები. ელიაშვილებიც ცხოვრობდნენ, მაგრამ სხვაგან დასახლდნენ. ფშოტიძეები და რუსიაშვილებიც ყოფილან. ამ გვარიდან მოდის რუსეთუბანი. ჩვენი გვარი ელისაშვილები - ელისედან მომდინარეობს. ჩემი მოძღვარი, დიდუბის ტაძრის დეკანოზი მამა პეტრე ბარამიძე, ამბობს, ელისაშვილი რელიგიური გვარია და წმინდა ელიადან მოდისო, - მიამბობს ინგა. იყო ასეთი ცნობილი პიროვნება თომა ელისაშვილი, რომელმაც სიონის ტაძარში, სამწელიწად-ნახევარი იმუშავა უსასყიდლოდ. თავისი კაკლის ხის მასალით ბევრი რამ გააკეთა ტაძარში. პატრიარქის ტახტი მისი გაკეთებულია. ქაშვეთის ტაძარში მეორე ელისაშვილს უმუშავია.

რევაზიშვილები - რევაზისგან მოდის. თავიდან რევაზიშვილები და ელისაშვილები ერთნი ყოფილან. ვინმე რევაზ ელისაშვილი ათვალწუნებული ჰყოლია სოფელს. რევაზი გვარს გამოეყო. ხანდახან დღესაც გაჰკრავენ ხოლმე კბილს ელისაშვილები რევაზიშვილებს.

სოფლის ტკივილი
სავანლის უბნის ტაძრის მრევლი გიორგი ზუმბაძე ეკლესიურად ცხოვრობდა. სამწუხაროდ, 24 წლისა ღმერთმა თავისთან წაიყვანა, მარადიულ სასუფეველში დამკვიდრდა.

KARIBCHEგიორგი 11 წლიდან ხერხემლის დაზიანებით დაინვალიდდა. განსაცდელში ჩავარდნილმა შვება წმინდა ილია წინასწარმეტყველის ტაძარში ჰპოვა. ოჯახის წევრებს ტაძარში წირვა-ლოცვაზე ეტლით დაჰყავდათ. სულიერად გაძლიერებულმა მთელი ოჯახი ეკლესიისკენ შემოაბრუნა. იმდენად ნიჭიერი ყოფილა, რომ სკოლის დამთავრებაც კი შეძლო. პედაგოგები შინ აკითხავდნენ. ესეც არ იკმარა - უმაღლესი განათლება დაუსწრებლად მიიღო. ლექსებსაც წერდა. ნატრობდა თავისი გულისნადების გამოქვეყნებას, თუმცა ვერ მოესწრო. ოჯახის წევრებმა მისი სურვილის ასრულება ახლა გადაწყვიტეს და გიორგის ლექსები გადმოგვცეს. მკითხველს ერთ-ერთს შევთავაზებთ.

ღმერთისთვის
ღმერთისთვის თავსაც გავწირავ,
დავთრგუნავ ჩემსა ვნებასა,
დავფერფლავ, დავასამარებ
ბოროტ გულისთქმა, ნებასა.
ბევრიც რომ სურდეს სატანას,
მე მაინც დავძლევ ჩვევასა,
ის ურჩევნია, დანებდეს
უფლისა მოქმედებასა.
ცოდვა ვერ დამიმორჩილებს,
არ ავდევ ბედისწერასა,
თუ მას ავყევი, მაშინვე
ბნელი მთხოვს მორჩილებასა.
ცოდვილი კი ვარ, მაგრამ ეს
როდი ჰგავს მით დაცემასა,
სულის კანკალით ვინანებ,
ვთხოვ შემოქმედსა შველასა.
ვილოცებ სულში გალობით,
დავუთმობ გულსა რწმენასა,
მივბაძავ ღვთის კრავს და შევძლებ
სიმშვიდის მოპოვებასა.


წყარო
სოფელში ერთი წყაროა, მის სათავეზე ჭა არის გაკეთებული. ამ წყალს ბადრიაშვილები იყენებენ. ცოტა მოშორებით, ზუმბაძეების წყაროსაც შეხვდებით. ეს წყალი მთიდან მოდის და მას სავანლის უბნელები ინაწილებენ. გაღმა მხარეს, ბეღლეთს რომ ვეძახით, ხევია და იქიდან აქვთ წყალი გამოყვანილი.
ბატონების წყალი კი უძრავადაა, მას არავინ ეხება.

სადღეგრძელო
სადღეგრძელოები დღეს შეცვლილია, - ამბობს ჩემი მასპინძელი, - ვინც ნამდვილი თამადაა, პირველად უფალს ადიდებს. მე ღვთისმშობლის სადღეგრძელო მიყვარს.

***
ელისაშვილებთან ჩემი სტუმრობა უფლის დიდების სადღეგრძელოთი დამთავრდა. მასპინძლებმა გზა დამილოცეს. დიდი შთაბეჭდილებებით დავბრუნდი, გუდას პირი მოვხსენი და ყველაფერი თქვენც გულღიად გიამბეთ.
ბეჭდვაელფოსტა
15.07. 2014
avtors
ugrmesi madloba avtors arachveulebrivi ststiistvis, radgan bevri sasiamovno mogoneba agmidzra wakitxulma. martlac ulamazesi sofelia, bebia myavda aqedan, revazishvilis mandilosani,...misasalmebelia aseti interesi tqvenis mxrian, ufalma mogimartot xeli, warmatebuli iyavit
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat