მოგეხსენებათ, რომ სოფელი დიღომი ერთ-ერთი უძველესი და დიდი ქართული სოფელია. დიღომსა და დიღმის ხეობაში ბევრი ტაძარი და ნატაძრალია, რაც სოფლის მცხოვრებთა ღრმა სულიერ ცხოვრებაზე და ქრისტიანული ტრადიციების ერთგულებაზე მიუთითებს. დაახლოებით 14-15 წლის წინათ, ჩვენი სოფლის მკვიდრს, ისტორიკოს ჯუანშერ სონღულაშვილს ვთხოვეთ დიღმის ხეობის სიწმინდეების შესახებ მოეთხრო. ჩვენი თხოვნის პასუხად მან 45-ზე მეტი ტაძრისა თუ ნაფუძარის სია გადმოგვცა თავისი მცირე აღწერილობით.
დიღმის ცენტრალურ ეკლესიას (თუ შეიძლება ასე ითქვას), სოფლის ცენტრში მდებარე წმინდა მარინეს ეკლესია წარმოადგენდა, სადაც წირვა-ლოცვა შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე აღესრულებოდა. მრევლი წმინდა ზიარებას იღებდა და აქ მოღვაწე მოძღვრების სულიერ ქადაგებებსაც ისმენდა. საბედნიეროდ, წმინდა მარინეს ეკლესიის მოძღვართაგან ზოგიერთის სახელი ისტორიამ შემოგვინახა. უზომოდ გახერბული ვარ იმით, რომ დიღმის მოძღვართა შორის ჩემი წინაპრებიც არიან. მაგალითად, მღვდელი აბრაამ ლასურაშვილი, წმინდა მარინეს ეკლესიაში XVIII საუკუნის II ნახევარში მსახურობდა და საკმაოდ ცნობილი სასულიერო მოღვაწეც ყოფილა. ერეკლე II-ის დროს იგი სამეფო გადასახადებისგანაც გაუთავისუფლებიათ, ხოლო გიორგი XII-ის ტახტზე ასვლისთანავე მამა აბრაამისთვის სითარხნის სიგელი განუახლებია: "არაფრისთანას სათხოვარსა და გამოსაღებში და ბეგარაში არ უნდა გაგრიონ და არცა რა უნდა გეთხოვებოდეს. დიღმის მოურავმა, მამასახლისმა და ერთობით დიღმელებმა ასე უნდა იცოდეთ და რომელიც იასაული მიხვიდეთ, რომ ეს მღვდელი არაფერს სათხოვარში არ უნდა გარიოთ და არც არაზედ შეაწუხოთ". აღსანიშნავია, რომ მამა აბრაამი ერთადერთი ლასურაშვილი მოძღვარი არ გახლავთ დიღომში მოღვაწე მოძღვართაგან.
ტაძრის ფასადზე საკმაოდ საინტერესო და მრავლისმეტყველი წარწერები და რელიეფებია შემონახული. გამოსახულია ჯვარი, ხუთი სხვადასხვა ვარიაციით, ასევე ორი ლომი, მტრედის მსგავსი ფრინველები და ხელის მტევანი. ტაძარს გარშემო ახალი გალავანი აკრავს, შემორჩენილია ძველი გალავნის ნაშთიც. ტაძრის ეზოში ძველი საფლავის ქვებიც გვხვდება.

მამა დავითი მრევლთან ერთად
ჩემი სურვილია, არა მარტო სოფელ დიღომში, სხვაგანაც ამოქმედდეს ტაძრები, მომრავლდნენ ეკლესიური, გულმოდგინე, წრფელი გულის მქონე ადამიანები.
სოფო ჩიხლაძე: - ექვსი წლის წინ მოვედი ეკლესიაში. თავიდან მამა დავითს სიონში შევხვდი. შობის მარხვის დასაწყისი იყო. სურვილი გამიჩნდა, მივსულიყავი ტაძარში და აღსარება მეთქვა. სიონში ყოფნის დროს მოძღვარი გვიქადაგებდა ხოლმე, რომ სოფელ დიღომში წმინდა გიორგის ტაძარშიც დავსწრებოდით ღვთისმსახურებას და რაც შეიძლება ხშირად ვყოფილიყავით წირვა-ლოცვაზე. როცა თავისუფალი დრო მქონდა, ვცდილობდი, სოფელ დიღომში, წმინდა გიორგის ტაძარში დავსწრებოდი ღვთისმსახურებას. ყველა ტაძარში განსაკუთრებული მადლია, მაგრამ სულ აქეთ, წმინდა გიორგი ტაძარში მომიწევს გული, სადაც წირავს ხოლმე მამა დავითი, იქ დავდივარ. ეკლესიურმა ცხოვრებამ შეცვალა ჩემი ცხოვრება. ბევრ რამეს უკვე სხვა თვალით ვუყურებ. ვცდილობ, ცოდვებს რაც შეიძლება განვერიდო. ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის მამა დავითს, მის ქადაგებებს, რჩევებს, ლოცვა-კურთხევას. ტაძარში ბავშვობიდან დავდიოდი, მაგრამ მამა დავითმა სულ სხვა თვალით დამანახვა ეკლესიური ცხოვრება. დამანახვა ის, რომ სწორი ცხოვრების წესი ღმერთთან სიახლოვეში, ეკლესიურ ცხოვრებაშია.
სალომე საღინაძე: - პირველად ეკლესიაში ახლობელმა მიმიყვანა. მანამდე ეკლესიურად არ მიცხოვრია. ეკლესიასთან ჩემი ურთიერთობა მხოლოდ სანთლის დანთებით შემოიფარგლებოდა. ისე სულ მინდოდა ეკლესიაში ხშირად მევლო. ერთ-ერთ მეგობართან ვთქვი ჩემი გულისწადილი და მირჩია, თავის მოძღვართან მივსულიყავი. მამა დავითი მაშინ ახალნაკურთხი იყო. მას სიონში შევხვდი, აღსარება ვთქვი. ის ძალიან დამეხმარა ეკლესიური ცხოვრების დაწყებაში. ერთი წელი დავდიოდი მხოლოდ სიონში, მერე სოფელ დიღმის წმინდა გიორგის ტაძარშიც აღდგა ღვთისმსახურება. ვესწრებოდით წირვა-ლოცვას, პარაკლისებს. მოძღვრის კურთხევით, კვირაში სამი დღე მაინც წმინდა გიორგის ტაძარი ღია უნდა ყოფილიყო. კვირაში ერთი დღე, ხუთშაბათობით ვარ ხოლმე წმინდა გიორგის ტაძარში. ჩემთვის ეს უდიდესი ღვთის წყალობაა. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი ამის საშუალება თუ მექნებოდა. დიდი წყალობაა ტაძარში ყოფნა. სულიერი საზრდოა, რაც უნდა მძიმე კვირა მქონდეს, ტაძრიდან დამშვიდებული მივდივარ ხოლმე. მოძღვრის ქადაგებებს, რჩევა-დარიგებებს ვუსმენდი და მივხვდი, რომ ის უნდა ყოფილიყო ჩემი მოძღვარი. მამა დავითი ძალიან ყურადღებიანია, რაც ძალას მმატებს. თუ რაიმეს ვაკეთებ ეკლესიურ ცხოვრებაში, ეს მისი დამსახურებაა.

დავით კაჭკაჭური: - დაახლოებით სამი წლის წინ, დიდი განსაცდელების თავზე დატყდომის შემდეგ მივხვდი, რომ ის მაკლდა, რასაც ღვთის წყალობა, მოძღვრის ყურადღება და სიყვარული ჰქვია. თავდაპირველად სიონში დავდიოდი. ყოველ კვირა დღეს ვცდილობდი, ის მოძღვარი მენახა და მეპოვა, რომელიც ჩემს გულს ჩასწვდებოდა და დამარიგებდა, მეტყოდა, რა უნდა გამეკეთებინა საკუთარი თავის გამოსასწორებლად. მადლობა უფალს, რომ მაპოვნინა მამა დავითი, რომელიც ჩემზე მამასავით ზრუნავს. მომიკითხავს, დამარიგებს. ასევეა არა მხოლოდ ჩემთან, არამედ მთელ ჩვენს მრევლთან. ღვთისმსახურების დროს მაქსიმალურად ვცდილობდი, სადაც მოძღვარი იყო, მეც იქ ვყოფილიყავი, ანუ სადაც მამა - იქაც შვილი. როდესაც პირველად დავესწარი სოფელ დიღომში წირვას, ვნახე ხალხის, მოძღვრის დიდი სიყვარული და ერთობა. ეს კი მამა დავითის, დიღმელი მამებისა და ხალხის დამსახურებაა. წმინდა მარინეს ხსენების წინა დღეს შემოვრჩით ეკლესიის ეზოში მე და ჩემი დაიკო, მრევლის სხვა წევრებთან ერთად. ვიცოდით, რომ უწმინდესი სოფელ დიღომს უნდა სტუმრებოდა. დიდი სიხარულითა და სიყვარულით გავამზადეთ, გავასუფთავეთ ეკლესიის ყოველი, კუთხე-კუნჭული, მივალაგეთ ეზო და ველოდით უწმინდესის მობძანებას. მეორე დღეს გვესტუმრა და ამ დღის სიხარული გაგვიორკეცდა. ჩემი ყოველი ასვლა კი ამ სიხარულის გახსენებას იწვევს. მადლობა უწმინდესს, მამა დავითს, სოფელ დიღმის მამებს, მრევლს, რომ ამ დიდი სიხარულის თანაზიარი გავხდით.