ქალბატონი ოლღა გვიამბობს: "გიორგი ცენტრალურ გზაზე არ დადიოდა, იქ სადაც ხალხმრავლობა იყო, სხვა "მოფარული" გზებით დადიოდა, რადგან სადაც ხალხი მოძრაობდა ან იდგა, მათგან დაცინვას, გაკიცხვას ერიდებოდა. საკუთარი სახლის გვერდით ნიში ჰქონდა, უვლიდა, ასუფთავებდა, სანთელს ანთებდა, დიდხანს ლოცულობდა, ხელებს გულთან დაიწყობდა და ვისაც არ უნდა შეეწუხებინა, ლოცვას არ შეწყვეტდა. დადიოდა ტაძრებში თოვლსა და წვიმაში. სიცივეს და ტალახს არ ერიდებოდა. განსაკუთრებით წმინდა ბარბარეს ტაძარი უყვარდა (ნავთლუღში). დიდუბის ეკლესიაშიც უყვარდა სიარული, შაბათ-კვირას არ აცდენდა წირვაზე წაუსვლელად. დღესასწაულს არ ტოვებდა. ტაძრიდან მობრუნებული მისთვის სასურველ ოჯახში შეივლიდა, ოთახის კუთხეში ღუმელთან ჩაცუცქდებოდა, სკამის მიწოდებისას უარს ამბობდა, ტყუილად რად გავაცდინო ვინმე, სხვა დაჯდებაო და ასე მოკალათებული დაიწყებდა რწმენაზე საუბარს, ასწავლიდა, უხსნიდა, თუ რა დღესასწაული იყო იმ დღეს. პირჯვრის სწორად გადაწერაც მისგან ვისწავლეთ".
არ უყვარდა იმ ოჯახში, იმ ადამიანებთან ურთიერთობა, ვინც ღმერთისა და ეკლესიის მიმართ არაკეთილგანწყობილი იყო, იქნებოდა ეს ნათესავი თუ მეზობელი, უწმინდურებს და ურწმუნოებს ეძახდა.
შრომაც გულმოდგინე იცოდა, შეშას ეზიდებოდა ტყიდან ვირით, ხან მატყლის საპენტ ჯოხებს ჭრიდა და დაჰქონდა გზაზე. თუ ვინმე პურის ფულს აჩუქებდა, მადლობდა. რომ ეტყოდნენ, ცოლს მოგაყვანინებთ, ვინმეს გაგირიგებთო, ბრაზობდა - ჩემთვის ცოლი არ შეიძლებაო. მარხვას არ დაარღვევდა, საჭმელი თუ ქონით ან ერბოთი იყო მომზადებული, პირს არ დააკარებდა, - იხსენებს ბატონი შოთა.
ქალბატონი ვარა ასეთ შემთხვევასაც იხსენებს: "ერთხელ ბაღიდან მოვდიოდი, წყაროსთან გიორგი დავინახე, ჯვარი ამოეღო და წყალში ყოფდა, ვკითხე, - რას აკეთებ-მეთქი. ეშმაკებს ვდევნი წყაროდანო! ვინმეს ცუდი რომ წამოსცდებოდა, უცებ ჯვარს ამოიღებდა და ეტყოდა, რას ამბობ? ცოდვას რად სჩადიხარ, ჩქარა ემთხვიე ჯვარსო!
სიცოცხლის მნიშვნელოვანი პერიოდი მორჩილი აბრაამის სახელით გიორგიმ, ბეთანიის მონასტერში გაატარა. მონასტრის ბერებმა - გიორგიმ და იოანემ ძროხა და სხვადასხვა საჭირო ნივთი გამოატანეს შინ, სადაც ფიზიკურად დაუძლურებულმა და განმარტოებულმა რამდენიმე წელი იცხოვრა. აღესრულა 71 წლის ასაკში.
ამქვეყნად არაა დრო და ადგილი სიმართლის ზეიმისა, სანამ მიწაზე ვცხოვრობთ, მზად უნდა ვიყოთ, რომ სიმართლისა და სათნოებისათვის ყოველივე დავითმინოთ. არ უნდა გაგვიკვირდეს ამქვეყნად გამეფებული უსამართლობა, რადგან თავად მაცხოვარმა, სრულიად უცოდველმა ბოროტი ადამიანებისგან უდიდესი ტანჯვა-წამება განიცადა, მაგრამ უფალი გვანუგეშებს: "ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა".
მოძღვარს არ მოჰყავს ადამიანები ტაძარში, მოჰყავს უფალს. მოძღვარმა ტაძარში ღვთის მოყვანილი არ უნდა დააბრკოლოს. თუ მოძღვარი ცდილობს, ღვთის მცნებები აღასრულოს, ღმერთის მოყვანილს აღარ გააბნევს. მისი მისიაც ეს არის. ტაძარი ღვთის მადლით ივსება. უფალი თითოეულზე ზრუნავს. ტაძარი ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვისაა, ქრისტიანობა კიდევ ტაძარში სიარული და ეკლესიური ცხოვრებაა. ხორცზე ზრუნვასთან ერთად სულსაც სჭირდება ზრუნვა, რათა ჭუჭყისაგან განიწმინდოს. ამიტომაც მოდის კაცი ყოველ კვირას ტაძარში და ცდილობს სულიერი წყლით განწმენდას.
- როგორი გნებავთ რომ იყვნენ თქვენი სულიერი შვილები?
- მინდა ისეთები იყვნენ, როგორიც უფალს სურს. პავლე მოციქული ამბობს: "მე ვშრომობ იმისთვის, რომ თქვენში ქრისტე გამოიხატოს". ქრისტეს გამოხატვა ნიშნავს, რომ ქრისტეს მსგავსია ის ადამიანი. ეს უნდა ყველა მოძღვარს - ღვთის სიტყვის აღსრულება. უწინარეს კი საკუთარ თავში. როცა საკუთარ თავზე შრომობ, ცხადია, ის უკვე სხვაზე ზრუნვაცაა.
სოფელი დალოცვილია უფლისგან. დიღომში მრავალი უძველესი მადლიანი ტაძრებია. უწმინდესის, მღვდელმთავრების ლოცვა-კურთხევა ეწევა. სადაც ორი ან სამი ადამიანი შეიკრიბოთ ჩემი სახელით, მეც იქ ვარო, - ბრძანებს მაცხოვარი. ცხადია, სადაც ლოცვაა, იქ კურთხევა და მადლია.
ახლო ისტორია ძალიან მძიმე იყო. თუ ჩავთვლით რომ ეს ყველაფერი საჭირო იყო ჩვენი სულისთვის, მძიმედ არ მოგვეჩვენება. მთავარია, დავაფასოთ ყველაფერი - კარგიც და ცუდიც. ეს უფლისგან დაშვებულია და ჩვენი სულის გამოსაწრთობია, რათა ღვთის წინაშე განწმენდილები წარვსდგეთ. ქრისტიანის მიზანია, გახდეს უკეთესი ქრისტიანი და ამით სული იცხონოს. ტაძარში მრევლი მომრავლდა, მაგრამ სულის ცხონებისთვის რომ უნდა იარონ ეკლესიაში, ეს უმეტესს ავიწყდება. მოძღვარმა თუ არ შეახსენა, რომ ტაძარი სულის ცხონების ადგილია, მაშინ ხორციელი და ფშვინვიერი თვისებები გამოდის წინ. ზოგს ჰგონია, თითქოს ღმერთი და ეკლესია იმისთვის არის, რომ პრობლემები მოუგვაროს. უფალი როდესაც აგვარებს, სურს, ადამიანის სულს დაეხმაროს, რწმენაში მეტად გააძლიეროს. პრობლემების მოგვარების შემდეგ კი ადამიანების უმეტესობა აღარ მოდის ეკლესიაში. ჩანს, მისი მიზანი არ ყოფილა სულის ცხონება, მოვიდა ყოფითი პრობლემების მოსაგვარებლად და წავიდა. მთავარია, ჭეშმარიტი ქრისტიანები გავხდეთ. ჭეშმარიტი ქრიატიანის მიზანი კიდევ სულის ცხონებაა.
რა უნდა ვითხოვოთ უფლისგან? "ეძიებდეთ სასუფეველსა ღვთისასა და ყოველივე შეგეძინოთ თქვენ", - ამბობს უფალი. იმაზე ნუ ზრუნავთ, რა ჩაიცვათ, რა ჭამოთ, რა სვათ. ეძიებდეთ სასუფეველსა ღვთისასა და ყოველივე შეგეძინოთ თქვენ. ჭეშმარიტი ქრისტიანი მხოლოდ ამას იტყვის. პირადად მე უფალს ვთხოვ, გაზარდოს ჩემში სულის ცხონების წყურვილი.
ღმერთმა დაგლოცოთ, სიხარული გაგვიმრავლოს და გაგვხადოს ჭეშმარიტი ქრისტიანები.