1. კომუნისტური ათეიზმის ხანაში როგორ აღნიშნავდით ოჯახში ქრისტეშობას და სხვა საეკლესიო დღესასწაულებს?
2. თქვენ ახლო ურთიერთობა გაქვთ უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორესთან მისი საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრების დღიდან. რას გაიხსენებდით ამ ურთიერთობიდან?ანკეტის შეკითხვებს უპასუხებენ პროფესიით ინჟინერ-ქიმიკოსი
ვიქტორია სირაძე, რომელიც საქართველოს მთავრობასა და უმაღლეს სახელისუფლო სტრუქტურებში სამი ათეული წელი მუშაობდა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
სერგი ვარდოსანიძე, თსუ პროფესორ-ემერიტუსი
ნათელა ქუთელია, პოეტი, ფილოლოგი
ტარიელ ხარხელაური.ვიქტორია სირაძე, 83 წლის. კომუნისტების დროს უმაღლეს სახელისუფლო და სამთავრობო ხელმძღვანელ პოსტებზე მუშაობდა. ამჟამად ისიც და მისი მეუღლე სერგო რიგვავაც, რომელიც ასევე მაღალჩინოსანი იყო, პენსიონერები არიან, ვაჟიშვილი გიორგი ვენაში ცხოვრობს, ცნობილი მხატვარია, მათი ქალიშვილი რუსუდანი, პროფესიით ექიმი, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 1994 წელს გარდაიცვალა 29 წლის ასაკში. 1. ომი რომ დაიწყო, 12 წლის ვიყავი, მამა ფრონტზე წავიდა მოხალისედ და დედაჩემს ოთხი შვილი დაუტოვა. ძალიან გვიჭირდა, დედა, ოლღა ჯღამაძე, მორწმუნე ქალი იყო და ჩვენც ეკლესიურად გვზრდიდა. სიონის ტაძარი სულ რაღაც 300-400 მეტრით იყო დაცილებული ჩვენი სახლიდან. დედას ყოველ შაბათ-კვირას დავყავდით ლიტურგიასა და დიდ საეკლესიო დღესასწაულებზე.
შეისმინა ღმერთმა ჩვენი ლოცვა-ვედრება და ერთ მშვენიერ დღეს მამა ფრონტიდან ინვალიდი, მაგრამ, რაც მთავარია, ცოცხალი დაგვიბრუნდა. მამაჩემს, მოსეს, ინვალიდობის გამო აღარ შეეძლო მთელი დატვირთვით ემუშავა ოჯახის სარჩენად და იძულებული გავხდი, 18 წლიდან მუშაობა დამეწყო, რადგან უფროსი და ხშირად ავადმყოფობდა, უმცროს ძმებს კი მე ვპატრონობდი. თითქმის მთელი სიცოცხლე ათეიზმს ვემსახურებოდი, მაგრამ შინაგანი რწმენა ყოველთვის მქონდა, რადგან ღმერთი არის სინდისი, რომელიც ჩვენშია.
2. ძალიან მეამაყება, რომ ჩვენი დიდი თანამემამულის, ქვეყნის უმაღლესი სასულიერო პირის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარსის, ილია II-ის თანამედროვე ვარ, რომ საპატრიარქოსთან და პირადად მასთან წლების მანძილზე საქმიანი კონტაქტები, პატივისცემა და კეთილი ურთიერთობა მაკავშირებდა და მაკავშირებს. მოწმე ვარ მისი მრავალმხრივი ნაყოფიერი მოღვაწეობის, ტიტანური შრომისა და შემოქმედების და იმ უზარმაზარი ღვაწლისა, რომელიც მან დასდო ერსა და სამშობლოს.
ჭეშმარიტად დიდი ადამიანია და "საკვირველ არიან საქმენი მისნი!"
ერი და ქვეყანა ეკლესიას მიუბრუნდა. აშენდა ასობით ახალი ეკლესია და მონასტერი, განახლდა ძველი ტაძრები, დაფუძნდა სასულიერო აკადემიები და სემინარიები; შეიქმნა მასობრივი ინფომაციის საშუალებათა ფართო ქსელი, განვითარდა საგამომცემლო საქმიანობა; დაარსდა კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი, რომლის ამოქმედებით ჩვენი ქვეყნისათვის მრავალ მადლიან საქმეს ჩაეყარა საფუძველი. ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია დაიბრუნა. განახლდა კავშირები მსოფლიოს უძველეს სამონასტრო ცენტრებთან (ათენი, იერუსალიმი, პეტრიწონი) და სხვა კონფესიებთან.
გასული საუკუნის 60-იან წლებში მოხდა ეკლესიის სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთგვარი დაახლოება.
მე მაშინ საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებში ვმუშაობდი. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობდით მშვიდობის მომხრეთა საკავშირო და რესპუბლიკურ ფორუმებზე. კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოების ყრილობებზე, ქვეყნის მეცნიერებისა და კულტურის გამოჩენილ მოღვაწეთა საიუბილეო შეხვედრებზე.
დაუვიწყარი იყო საოცრად მომხიბლავი, ბრძენი და საინტერესო მოსაუბრის, კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქის ვიზიტი საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმში. იმ დღეს მე უდიდესი საჩუქარი მივიღე ჩვენი პატრიარქისგან - ახალგამოცემული ბიბლია. ეს იყო 1985 წლის 11 ივნისი.
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. საქართველო დამოუკიდებელი გახდა, შეიცვალა პოლიტიკური წყობილება, ქვეყანა და ადამიანები. სახე იცვალა მარადიულმა ფასეულობებმა.
პოლიტიკური კატაკლიზმებით დაქანცულმა, დამცირებულმა და გაღატაკებულმა ხალხმა რეალურად იგრძნო მხოლოდ ეკლესიის ყურადღება და ზრუნვა ერსა და ქვეყანაზე. დიდი და პატარა აღივსო ღვთისა და მომავლის იმედით, პირადად პატრიარქის იმედით. დღეს ხალხს სწამს და სჯერა უწმინდესის. უდიდესი ყურადღებით ვუსმენთ, ვიზიარებთ და ვითავისებთ აფორიზმებად ქცეულ ყოველ მის აზრს, ბრძნულ დარიგებასა და შეგონებას...
1977 წლის 25 დეკემბერს, აღსაყდრების ცერემონიალზე, უწმინდესმა გენიალური სიტყვები წარმოთქვა: "სარწმუნოება თავად არის თავისუფლება და სასოება მარადიული".
ასეთი ადამიანები საუკუნეში ერთხელ იბადებიან! უწმინდესმა სიცოცხლეშივე დაიმკვიდრა წარუშლელი ადგილი ქართულ ისტორიაში.
უღრმესი პატივისცემითა და ქედის მოხრით მინდა მოვულოცო მას, მთელ ქართველ ხალხს ეპოქალური მნიშვნელობის ღირსშესანიშნავი თარიღები: მისი დაბადებიდან 80 და კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრების 35 წლისთავი. მრავალ წელს ჯანმრთელ და ბედნიერ ცხოვრებას ვუსურვებ უწმინდესს ჩვენი მომავლის, საქართველოს ეკლესიის, ერისა და სამშობლოს საკეთილდღეოდ! მარად ფარავდეს უფალი.
"დიდება ღმერთსა, სრულმყოფელსა ყოვლისა კეთილისასა!"
სერგო ვარდოსანიძე, 56 წლის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე. მისი მეუღლეა ხატია წიკლაური, შვილები: გიორგი და ნინო. 1. ზესტაფონის რ-ნის სოფელ ზორეთში დავიბადე, სკოლაც იქ დავამთავრე. ერთ-ერთ გაკვეთილზე მასწავლებელმა გვკითხა: "არსებობს თუ არა ღმერთი?" როცა სიჩუმე ჩამოვარდა, მე ვუპასუხე, არსებობს-მეთქი, სიცილი დამაყარეს. ჩემი კლასელები დღემდე მახსენებენ ამას - შენ ღმერთი ბავშვობიდან გწამდაო. არადა, ამას მორწმუნეობას ვერ დავარქმევდი, ეს ჩემი ბებია-ბაბუის გავლენა უფრო იყო, არცერთი ბებია არ დაიძინებდა ულოცველად, დილითაც ლოცულობდნენ, მაგრამ ამას ჩუმად და ძალიან მოკრძალებულად აკეთებდნენ.
მამა არ მახსოვს, მისი გარდაცვალების შემდეგ დავიბადე, დედაჩემი მორწმუნე ქალი იყო, ხშირად აკეთებდა ოჯახში საკურთხს და ეკლესიაშიც დავდიოდით, მართალია, ეკლესიები მაშინ გაპარტახებული იყო, მაგრამ ჩვენ მაინც დავდიოდით და სანთლებსაც ვანთებდით. ამას მალულად ვაკეთებდით, რადგან კომკავშირული რეიდები ეწყობოდა, განსაკუთრებით აღდგომას, რადგან, ტრადიციულად, ყოველთვის აღდგომის დღესასწაულზე გადიოდა ხალხი სასაფლაოზე, ამიტომ ვნატრობდით, წვიმა ყოფილიყო, რომ ჩაშლილიყო კომკავშირული შაბათობები.
შობას განსაკუთრებული სამზადისი იყო ჩვენს ოჯახში და სუფრაც მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, საგანგებო სუფრა იშლებოდა აღდგომას, ბარბარობას და გიორგობას, ამიტომ ძალიან მიყვარდა ეს დღესასწაულები.
2. 1977 წელს, მესამე კურსზე ვიყავი, როცა ჯგუფელებისგან შევიტყვე, რომ გარდაიცვალა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დავით V დევდარიანი, მომავალი ისტორიკოსები ვიყავით და დიდი ინტერესი გაგვაჩნდა დავსწრებოდით უწმინდესი დავით V-ის პანაშვიდებს და დაკრძალვას. განსვენებული პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში ესვენა, იგი 9 ნოემბერს გარდაიცვალა, ჩვენ 13-ში და 14-ში მის პანაშვიდებზე ვიყავით, 15-ში კი მის დაკრძალვასაც დავესწარით. 14 ნოემბერს, იქნებოდა ასე 4-5 საათი, როცა პანაშვიდზე სრულიად ახალგაზრდა მღვდელმთავარი შემოვიდა, რომელიც მანამდე არასოდეს მენახა, მან შემოსვლისთანავე მიიპყრო ჩვენი ყურადღება. ვიკითხეთ. გვითხრეს, - ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, განსვენებული დავით V-ის მოსაყდრე მეუფე ილია შიოლაშვილიაო. იმ საღამოს მან გადაიხადა პანაშვიდი. მოგეხსენებათ, როცა კათალიკოს-პატრიარქი გარდაიცვლება, გარდაცვალებამდე თუ იგი წერილობით განკარგულებას ტოვებს და მისი გარდაცვალების შემდეგ ან ავადმყოფობის შემთხვევაში რომელიმე მღვდელმთავარს თავის მოსაყდრედ გამოარჩევს, მას ევალება 40-45 დღის განმავლობაში შეასრულოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოვალეობა და ამ ხნის განმავლობაში ყველა იმ უფლებას იყენებს, რითაც ეკლესიის მეთაური სარგებლობს. მოსაყდრე იწვევს საეკლესიო კრებას, აქვს უფლება, კრებაზე დააყენოს საკუთარი კანდიდატურა კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე, ხოლო თუ ამის სურვილი არ ექნება, სხვა კანდიდატურა დაასახელოს. 15-ში, უწმინდესი დავით V-ის დაკძალვის დღეს, შედარებით ბევრი ხალხი მოვიდა სიონში. პანაშვიდებისას თოვლ-ჭყაპი იყო, მზე ხან გამოანათებდა, ხან ისევ თოვას დაიწყებდა, დაკრძალვას თითქმის ყველა იმდროინდელი მღვდელმთავარი და სასულიერო პირი ესწრებოდა მეუფეების - რომანოზ პეტრიაშვილისა და ილარიონ სამხარაძის გარდა. როგორც შემდეგ გაირკვა, ისინი განაწყენებულნი იყვნენ, რადგან მოსაყდრედ ილია შიოლაშვილი იყო დასახელებული. ადგილობრივი ეკლესიიდან იყვნენ მანგლელი ეპისკოპოსი გიორგი (ღონღაძე). ასაკოვანს უჭირდა სიარული, ალავერდელი ეპისკოპოსი გრიგოლიც (ცერცვაძე) მხცოვანი გახლდათ, წილკნელი მიტროპოლიტი გაიოზი (კერატიშვილი) თეთრიწყაროელად წოდებული მიტროპოლიტი ზინობი (მაჟუგა), ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია, რომელმაც, როგორც მოსაყდრემ, სიტყვა წარმოთქვა. მან განსვენებული პატრიარქი დაახასიათა როგორც საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი მოღვაწე.
დაკრძალვაზე ჩამოვიდა რუსეთის მაშინდელი პატრიარქი პიმენი, ყოველთა სომეხთა კათალიკოსი ვაზგენი, რომელსაც ახლდა არქიეპისკოპოსი კომიტასი და ეპისკოპოსი გეორგ სერაიდანიანი (აქაური სომხური ეკლესიების მმართველი), რუსეთის პატრიარქს ახლდა მაშინდელი საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, კოტინსკისა და ბელოკამსკის ეპარქიის მიტროპოლიტი იუვენალი, რომელიც დღესაც ცოცხალია, და სხვები.
ერთი სიტყვით, გარედან ყველაფერი მშვიდად ჩანს, მაგრამ სინამდვილეში თურმე, როგორც შემდეგ გავიგე, დიდი ბრძოლა ყოფილა გაჩაღებული პატრიარქის ტახტისათვის. მართალია, მოსაყდრედ მიტროპოლიტი ილია იყო არჩეული, მაგრამ პატრიარქობაზე პრეტენზია მაინც არ შეუწყვეტია ბათუმ-შემოქმედელ და ჭყონდიდელ მიტროპოლიტს რომანოზ პეტრიაშვილს, რომელიც იმ დროს 91 წლის იყო. დაძაბულობას ყველა გრძნობდა. კულმინაცია გახლდათ 18 ნოემბერი, როდესაც მიტროპოლიტმა რომანოზმა, მიტროპოლიტმა გაიოზმა და მეუფე ილარიონმა მომხრეებთან ერთად გატეხეს საპატრიარქოს შესასვლელი კარები, ამოიღეს ოქმი, რომელშიც მოსაყდრედ მიტროპოლიტი ილია იყო გამოცხადებული, შეადგინეს ახალი, რომლის მიხედვითაც მოსაყდრედ მეუფე რომანოზი გამოცხადდა. მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურებთან გაგზავნეს ახალი დეპეშები და საეკლესიო კრების მოწვევის თარიღიც გადაიტანეს, მაგრამ, საბედნიეროდ, მათი მცდელობა ჩაიშალა. მიტროპოლიტ ილიას მომხრეები მეტნი აღმოჩნდნენ, მათ ისევ თავიდან დაგზავნეს დეპეშები და მოწვეულ სტუმრებს შეატყობინეს, რომ მოსაყდრე კვლავ ილია შიოლაშვილი იყო და საეკლესიო კრება ისევ 23 დეკემბერს გაიმართებოდა. საეკლესიო კრებამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ილია II აირჩია, 25 დეკემბერს კი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შესრულდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია, რომელსაც უამრავი ხალხი დაესწრო, მათ შორის იყვნენ ახალგაზრდები და საქართველოს ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლები.
როცა სვეტიცხოვლის შესასვლელთან მივედი, უკვე საშვი გახდა საჭირო, რომელიც მე არ მქონდა, მაგრამ ვიღაც ქალმა მომაწოდა სრულიად შემთხვევით და ასე მოვხვდი სვეტიცხოველში. ტაძარი თითქმის გაჭედილი იყო შავებიანი ხალხით, მაგრამ ერთ მომენტში ტაძრის კარები გაიღო და უამრავი ხალხი გუგუნით შემოიჭრა, ისე, როგორც ეს ფეხბურთის სტადიონზე ხდება, ეს მაშინ მოხდა, როდესაც ხალხმა მილიციის კორდონი გაარღვია. წირვა დილის 9 საათზე დაიწყო და 12-13 საათამდე გასტანა. ამ ისტორიულ მოვლენაზე დასასწრებად კვლავ ჩამოვიდა საქართველოში ყველა ის სტუმარი, რომელიც უწმინდესი დავით V-ის დასაფლავებას ესწრებოდა. აღსაყდრების ცერემონიალს რუსეთის დღევანდელი პატრიარქი კირილიც ესწრებოდა, რომელიც იმ დროს მღვდელმთავარი გახლდათ. ხალხის უმრავლესობა მართალია არაეკლესიური იყო, მაგრამ შემდეგ დაიწყეს ეკლესიაში სიარული, ბევრი გრძნობდა, რომ რაღაც ახალი ისტორიული რეალობის დაწყების თანაზიარი ხდებოდა. ამიტომ ყველას გვსურდა, ეს მომენტი დიდხანს გაგრძელებულიყო. მეუფეები - რომანოზი და ილარიონი აღსაყდრების დღესაც არ გამოჩენილან. სასულიერო პირებიდან ინტრონიზაციას ესწრებოდნენ მამა ვახტანგ ახვლედიანი რომელიც ამჟამად თერჯოლის, ხარაგაულისა და ზესტაფონის მიტროპოლიტია, მამა ანტონ შიოლაშვილი, ახლანდელი წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე, მამა სოგრატი და მამა ანტონი, დღევანდელი სასულიერო წოდებით ორივე არქიმანდრიტია. დანარჩენი სასულიერო პირები თითქმის ყველა გარდაცვლილია. როცა საკვირაო წირვა დასრულდა და პატრიარქი გარეთ გამოვიდა, ხალხიც გამოჰყვა, წამში დაიცალა მთელი ტაძარი.
დილიდან დეკემბრის ნისლიანი, სუსხიანი დღე იყო, მაგრამ როდესაც წირვა დამთავრდა და ეზოში გამოვედით, ღრუბლები გაფანტულიყო და ნისლიანი, პირქუში მცხეთა რაღაც უჩვეულოდ განათდა, თითქოსდა ეს განათება სიმბოლურად დაემთხვა ახალი პატრიარქის კურთხევას, ყველანი ენით აღუწერელ ნეტარებაში ვიყავით. რა იყო ეს განცდა, ვერავინ გიპასუხებდათ. ეს ხალხი კი თითქმის ყველა სიონის საკათედრო ტაძრის მრევლი გახდა. ერთი კვირის შემდეგ ახალმა პატრიარქმა წირვა ზუსტად ახალ წელს, 1-ელ იანვარს ჩაატარა, მეორე წირვა კი, რომელსაც მეც ვესწრებოდი, 7 იანვარს, ქრისტეშობას.
ასე დაირღვა ის ხელოვნური გაუცხოების კედელი, რაც გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან მოყოლებული ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის არსებობდა.
ნათელა ქუთელია, ენათმეცნიერი, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსი, რამდენიმე წიგნისა და არაერთი სამეცნიერო შრომის ავტორი, მისი მეუღლე იყო აწ განსვენებული დათა ბურჭულაძე.1. ათეიზმის წლები კი გამოვიარეთ, მაგრამ ჩემს ოჯახში შობას, აღდგომას და ყველა მნიშვნელოვან საეკლესიო დღესასწაულს განსაკუთრებული სამზადისით ვხვდებოდით, რადგან მორწმუნე მშობლები მყავდა და ოჯახშიც არაჩვეულებრივი ტრადიციები გვქონდა შენარჩუნებული.
მამაჩემი, სამსონ ქუთელია, ცნობილი მეწარმე იყო. თამბაქოსა და ხორცის წარმოებები ჰქონდა სოჭში, სადაც ჩვენ დიდი სახლი გვქონდა, მამა შეძლებულ, გავლენიან პიროვნებად ითვლებოდა. 5 წლის ვიქნებოდი, როდესაც სოჭიდან ქართველების გასახლება დაიწყო ნეპის შემდგომ პერიოდში. ქუჩაში დიდი სატვირთო მანქანა იდგა, რომელსაც წითელი ნაჭერი ჰქონდა შემოკრული და თეთრი ასოებით ეწერა: "ვოლნიე პერესელენცი". მე მაშინ პატარა ვიყავი და მართალია, კითხვა არ ვიცოდი, მაგრამ დამამახსოვრდა ეს სიტყვები, რომელიც მშობლებისგან მესმოდა: "კარგად დაიხსომე, როგორ ასახლებენ სოჭიდან ქართველებს", - მეუბნებოდა მამა. ქართველები სატვირთო მანქანებით ჩაჰყავდათ ფოთში და იქიდან ციმბირში ასახლებდნენ, ბევრმა ვერ გაუძლო ამ უმძიმეს ხვედრს და იქ ჩასვლამდე გამოესალმა სიცოცხლეს. სოჭიდან გორში გადმოვედით საცხოვრებლად, თბილისშიც ხშირად გვიხდებოდა ყოფნა. 6 წლის ვიყავი, როცა დიდუბის ეკლესიაში მომნათლა უწმინდესმა და უნეტარესმა მელქისედექ ფხალაძემ, რომელიც მაშინ ამ ეკლესიის წინამძღვარი გახლდათ. შესანიშნავი ნათლიები მყავდა, ერთ-ერთი მათგანი მაღალი თანამდებობის პირი იყო, ბაგრატ ხონელიძე. იმ დღეს უამრავი ხალხი იყო ტაძარში, როგორც კი ნათლობა დაიწყო, დედაჩემი მაშინვე გარეთ გავიდა. ტანსაცმლის გახდა რომ დამიწყეს, ტირილი დავიწყე, არ გამხადოთ-მეთქი, მერე ემბაზის წყლითაც დამასველეს, როგორც ხდება ხოლმე; გუშინდელ დღესავით მახსოვს ყველაფერი, დღესაც, როცა ამ ტაძარში მივდივარ, იმ კუთხეში მიყვარს დადგომა, სადაც მომნათლეს.
შობას ასეთი ტრადიცია გვქონდა: დილით ადრე მამა გარეთ გავიდოდა, ხის ტოტს მოტეხდა. წყლის შესხურებით გაგვაღვიძებდა, მერე დაგვლოცავდა და ტკბილეულსაც დაგვირიგებდა.
დღესდღეობით კი, რამდენიმე წელია, უწმინდესის კურთხევას ვასრულებ: ქრისტეშობის ღამეს ფანჯარასთან ვანთებ დიდ კელაპტარს, რომელიც მთელი ღამე ანთია.
2. ბავშვობისას, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, ვცდილობდი, იქ დავსწრებოდი 28 აგვისტოს მარიამობის წირვას, რადგან ზაფხულში ყოველთვის გასული ვიყავი თბილისიდან. ისე მოხდა, რომ 1977 წლის მარიამობას შემთხვევით თბილისში აღმოვჩნდი და გადავწყვიტე, სიონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში დავსწრებოდი სადღესასწაულო ლიტურგიას. მართალია, ტაძარში არაჩვეულებრივად გალობდნენ, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, წირვას თითებზე ჩამოსათვლელი ხალხი ესწრებოდა, მათ შორის ყველა მოხუცი იყო, მე აღმოვჩნდი მხოლოდ ერთადერთი ახალგაზრდა. სიონიდან ძალიან დადარდიანებული და გულდაწყვეტილი გამოვედი, ნუთუ ვინმეს დაუშალეს წირვაზე დასწრება ამ ქალაქში, თუ რაიონებში დადის ხალხი ტაძარში დღესასწაულებზე, თბილისში რა ხდება, სად არის ჩვენი ინტელიგენცია ამ დროს-მეთქი. თანდათან ბრაზი მომერია. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, ის იმედგაცრუება, რაც მარიამობას სიონის ტაძრიდან გამომყვა, სულ რამდენიმე თვის შემდეგ საპირისპირო განწყობით თუ შემეცვლებოდა.
1977 წლის 25 დეკემბერი უმნიშვნელოვანესი ისტორიული და დაუვიწყარი დღე გახდა არა მხოლოდ ჩემთვის, ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ამ დღეს მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში ესწრებოდა უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრებას.
მანამდე ხმა გავრცელდა, ძალიან კარგი პიროვნება მოდის ეკლესიის სათავეშიო. ჩვენთვის ისიც ცნობილი იყო, რომ საქართველოს ეკლესიაში მოსალოდნელ ცვლილებებს დადებითად აფასებდა ბ-ნი ზვიად გამსახურდია, რომელიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა პროგრესულ ქართველ საზოგადოებაში. ჰოდა, მეც ამ განწყობით მივდივარ სვეტიცხოველში. რაც იქ მე ვნახე, ამან მართლაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ზღვა ხალხს ვხედავ ტაძრის გარშემო, სვეტიცხოვლის ეზო გავსებულია, ტაძარი კი ისეა გადაჭედილი, ხელის განძრევის საშუალებაც კი არ არის. უწმინდესის გამოჩენამ განუმეორებელი შთაბეჭდილება მოახდინა. ამბიონზე იდგა ულამაზესი ახალგაზრდა კაცი, რომელსაც თვალს ვერ მოსწყვეტდი. საოცარი ცეცხლოვანი მზერა და აღტყინება იგრძნობა მის გამოხედვაში, ვფიქრობ, აი, ასეთები უნდა ყოფილიყვნენ ალბათ ვახტანგ გორგასალი და სხვა დიდებულები-მეთქი. მოვიდა ისეთი ადამიანი, რომელიც ჰაერივით სჭირდება ჩვენს სამშობლოს, მოვიდა საჭეთმპყრობელი ქართული ეკლესიისა - ეს ფიქრები მისი დანახვისთანავე დამეუფლა.
დიდებული იყო იმ დღის სვეტიცხოველი უამრავი ხალხით და საზღვარგართიდან ჩამობრძანებული უმაღლესი წოდების სამღვდელოებით. ვაკვირდებოდი სომხეთის დელეგაციას, ეჩმიაძინში მათ ყველაფერი ოქროთი აქვთ მოჭედილი, თუმც ისინიც განცვიფრებულნი შეჰყურებდნენ იმ მშვენიერებასა და ენით აღუწერელ სილამაზეს, რომელიც სვეტიცხოვლის კედლებში სუფევდა. პატრიარქი ღვთის ძალით მოვიდა საქართველოს ეკლესიის სათავეში, რამაც უდიდესი იმედი ჩაგვისახა. იმ დღიდან დაიწყო დიდი სულიერი აღმშენებლობის პროცესი, საქართველოს ეკლესიები მრევლით აივსო და კვლავ რწმენამ დაისადგურა ჩვენი ხალხის გულებში.
ტარიელ ხარხელაური, 67 წლის, პოეტი, პროფესიით ფილოლოგმა მთელი ცხოვრება მწყემსობაში გაატარა. მისი მეუღლეა მარინე ხარხელაური, შვილები: გვანცა, სოფიო და აწ განსვენებული ბექა. 1. შობასა და გიორგობას ჩემი გამზრდელი პაპა კუნწულა, გვარად ბაიაშვილი, რომელიც ჩარგლიდან იყო, მუდამ სწირავდა საკლავს სალოცავებს. ჩემი გვარი წარმოშობით ხევსურეთიდან, ბარისახოს ზემოთ მდებარე უკანა ხოთიდან არის, მერე გადმოვსულვართ პირაქეთა ხევსურეთში, გუდამაყარშიც გვხვდებიან ხარხელაურები, მოძრავი გვარია. ჩვენი სალოცავია ხარხელის წმინდა გიორგი და გვარი ხარხელაურიც აქედან წარმოდგება, მე ახლა სალოცავზე ვერ ვწირავ შესაწირს, მარტო სანთელს ვანთებ და ვლოცულობ, რაც შემიძლია. ათეისტური ხანა კი იყო, მაგრამ არ ყოფილა შემთხვევა, პაპაჩემს ჭედილა არ გამოეზარდა და საშობაოდ სალოცავზე საკლავი არ დაეკლა, მთავარია, კაცს ამის სურვილი ჰქონოდა და შიშის დაძლევა ნამდვილად არ გაჭირდებოდა, ლოცვით, ყველა დღესასწაულზე შემეძლო მელოცა, როცა ამის სურვილი გამიჩნდებოდა. ეს შენს შინაგან ბუნებაზეა დამოკიდებული, თუ გაზრდი რწმენას შენს თავში და გაამყარებ, ვერავინ შეგიშლის ხელს. ბევრი ერიდებოდა იმხანად ეკლესიაში სიარულს, რაიმე ჩრდილი რომ არ მისდგომოდა.
იყვნენ აქტიური კომკავშირელები და ცდილობდნენ, მათ არ დაენახათ. გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან, როცა ჩემი თაობა მოვიდა, აღარ იყო მორწმუნეების ისეთი დევნა, როგორიც, ვთქვათ, 50-60-იან წლებში იყო, მამაჩემს კი არ ჰქონდა გააზრებული კარგად, თუ რა უნდა ერწმუნა, იგი ვაჟა-ფშაველაზე ლოცულობდა და ვაჟას გარდა არავინ და არაფერი სწამდა.
2. უწმინდესი ილიას კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრების პერიოდი ჩემს სტუდენტობას დაემთხვა. სწორედ მაშინ დაიწყო ქართული სულისა და სისხლის გამოფხიზლების ხანა, ამოძრავდა ეროვნული სული და ხასიათი, რაც ყველაფერში იგრძნობოდა. ყველა გრძნობდა, რაღაც ახალი ეტაპი უნდა დაწყებულიყო, განსაკუთრებით სტუდენტი ახალგაზრდობა რაღაცის დასაწყებად ემზადებოდა. გარდაუვალი იყო, ამ ძალას დღეს თუ ხვალ უნდა დაექუხა. ზუსტად ამ დროს შემოდის პატრიარქი ილია მეორე ქართული ეკლესიის კვერთხით ხელში, რადგან გამოღვიძებულ ეროვნულ სულს სწორად წარმართვა სჭირდებოდა, ჩვენ იმთავითვე ვიგრძენით, რომ ღვთის ნებით მოვიდა კაცი, რომელსაც ქართული სული უნდა გადაერჩინა, მოვიდა პიროვნება ქართველების იმ გზაზე დასაყენებლად, რასაც სულიერების სამყარო ჰქვია. სვეტიცხოვლის ტაძარი ისე გაჭედილიყო, სუნთქვაც კი ჭირდა. მე ამ დროისათვის საკმაოდ ჩამოყალიბებული კაცი ვიყავი, ისე როგორც მთელი სტუდენტი ახალაგზრდობა, ვგრძნობდით, რომ თავისუფლების სიომ დაბერა, ამიტომ უნივერსიტეტელები მართლაც ლაღად და თავისუფლად ვგრძნობდით თავს. უდიდესი სურვილის მიუხედავად, ბ-ნი ზვიად გამსახურდია ვერ დაესწრო პატრიარქ ილია მეორის ინტრონიზაციას, რადგან ციხეში იხდიდა "სასჯელს", როგორც დისიდენტი. საქართველოს მაშინდელი ინტელიგენცია, თსუ და სხვა უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, სასულიერო პირები, მართლაც რჩეული საზოგადოება შეიკრიბა იმ დღეს სვეტიცხოვლს ტაძარში ამ ისტორიული მოვლენის აღსანიშნავად. ამ დღიდან დაიწყო ჩემი ურთიერთობა ამ დიდებულ პიროვნებასთან, განსაკუთრებით კი მას შემდეგ დავუახლოვდი, რაც ჩემი ვაჟიშვილი, ბექა, მომიკლეს. უწმინდესმა ილია მეორემ უდიდესი როლი შეასრულა იმაში, რომ გადამეტანა ეს უმძიმესი ტრაგედია, მისი რჩევები რომ არა, არ ვიცი, როგორ წარიმართებოდა ჩემი ცხოვრება, თუმცა ბოლო პერიოდში აღარ ვაძლევ თავს უფლებას, ხშირად შევაწუხო იგი ჩემი ურთიერთობით...