1. საზოგადოების ერთი ნაწილი თამამად აცხადებს, რომ არ იქნება წინააღმდეგი, თუკი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პირთა მხარდასაჭერად საქართველოს პარლამენტში ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდება.
ამის თაობაზე რას იტყვით?
2. მრუშობა და სიძვით დაცემა ადამიანს დასაბამიდან მოსდგამს, რომელიც ზოგჯერ ათასგვარ გადახრას იწვევს და სხვადასხვა გაუკუღმართებული ფორმით გამოვლინდება ხოლმე.
თქვენი აზრით, ეს ცოდვა უფრო ადამიანის სულიერი და ხორციელი დეგრადაციის მაGვენებელია, რომელიც ადრე თუ გვიან გამოსწორდება, ძნელად განსაკურნებელი ავადმყოფობაა თუ პიროვნების მტკიცე ნებაზე დამყარებული გარყვნილებისკენ მიდრეკილება?
3. რას შეეკითხებოდით მოძღვარს? ანკეტის განხილვაში მონაწილეობენ იურისტი
დიმიტრი ლორთქიფანიძე, მსახიობი
მაია-მარიამ გეგეჭკორი და მწერალი
ვაჟა ოთარაშვილი.დიმიტრი ლორთქიფანიძე, 45 წლის, იურისტი, დამოუკიდებელი უფლებადამცველი, პენიტენციარულ სისტემაზე საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს წევრი. მისი მეუღლე, ხათუნა კეკელია, ექიმი-პედიატრია. ჰყავთ შვილები: ნიკოლოზი, ლაშა, თათია, ელენე, გიორგი, მარიამი, ლუკა და ორი შვილიშვილი - დიმიტრი და ანა. 1. არამცთუ საქართველოში (მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებისა და ქრისტიანული კულტურის ქვეყანაში), დემოკრატიის აკვნად წოდებული ცენტრალური ევროპის ისეთ მოწინავე სახელმწიფოშიც კი, როგორიც საფრანგეთია, საზოგადოების უდიდესი ნაწილი ეწინააღმდეგება ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას. საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში დღემდე არ წყდება საპროტესტო აქციები, რომლებიც მოტივირებულია ბავშვის უფლებების დაცვით და იმ ღირებულებებისადმი მტკიცე ერთგულებით, რომელთაც საფრანგეთის საზოგადოების უმრავლესობა უჭერს მხარს. და რა გასაკვირია, რომ ამ საკითხის მიმართ თავისი უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატოს ჩვენი საზოგადოების ჯანსაღმა ნაწილმა. ეს იმდენად მიუღებელია ქართული სინამდვილისათვის, რომ არამცთუ დღეს, არასდროს არ უნდა დადგეს ეს საკითხი. რაოდენ სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენში მოიძებნებიან ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებიც მიერთებულნი არიან რომელიღაც საერთაშორისო პარტიებს, მათ შორისაა ე.წ. ვესტმინსტერის ქარტია, რომელიც არამცთუ ლოიალურია ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებისა, არამედ პირდაპირ ქადაგებს ამას. ლიბერალურ-ინტერნაციონალისტთა ვესტმინსტერის ქარტიით ერთსქესიანთა ქორწინების დასაშვებობა და აღიარება შენიღბულია ადამიანის უფლებების დაცვის საფარველით. ჩემთვის, როგორც ერთ-ერთი რიგითი მართლმადიდებელისათვის, მიუღებელია ამის დაშვება, რაც არაერთხელ მითქვამს.
2. ცოდვითი მიდრეკილებები, ცოდვითი დაცემები, ადამიანის თანამგზავრია მთელი ჩვენი მიწიერი ცხოვრების გზაზე. ნებისმიერი ღვთისმოსავი, მორწმუნე, ალბათ დამეთანხმება, რომ დაცემას ყოველთვის მოჰყვება ადგომა. სიტყვები "სასუფეველი უფლისა იიძულების" იმაზე მეტყველებს, რომ "არა არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა სცოდოს", შესაბამისად, არცერთი ცოდვა არ აღემატება ღვთის მოწყალებას. სიძვა-მრუშობისა და მამათმავლობის ცოდვაში მყოფი ადამიანისთვისაც, რა თქმა უნდა, არსებობს წყალობა, გამოსავალი, ოღონდ ადამიანმა თვითონ უნდა აიძულოს თავისი თავი, დაუტეოს ეს ცოდვა. მისი ნებით უნდა მოხდეს ნებისმიერი ცოდვის დამარცხება. თავად ხორციელი ცოდვის ეტიმოლოგია, თუ საიდან მოდის ასეთი დაცემა, გარყვნილებაა იგი თუ სხვა ცოდვით არის შობილი და წარმოქმნილი, ალბათ ძნელია, ამაზე რამე კონკრეტული პასუხის გაცემა. არ არსებობს ადამიანი, ვინმე განიკითხოს და იმავე მხილებით არ განიკითხოს, რომელი ცოდვითაც სხვას განიკითხავდა, ეს კი უკვე იმაზე მიგვანიშნებს, რომ ყველა ცოდვა არსებობს ჩვენში და ყოველთვის შეგვიძლია აღმოვაცენოთ ის, თუკი დაცემის გზაზე ვივლით და ამის ნება გვექნება.
ბოლოს მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ძალიან დიდი სიმპათიით ვარ განწყობილი ჟურნალ "კარიბჭის" მიმართ.
მაია-მარიამ გეგეჭკორი, 53 წლის, მსახიობი, ჟურნალისტი, ამჟამად უმუშევარი. გალობს სიონის ტაძარში. მისი მეუღლეა აკაკი თაქთაქიშვილი. ჰყავთ ქალიშვილი თამარი. 1. ალბათ მოვიდა დრო, მივხვდეთ, რომ თუკი ღვთისგან ბოძებულ კანონებს დავარღვევთ, ერს ძალიან ძვირად უჯდება ამ შეცდომის გამოსწორება. ეს არაერთხელ დაგვმართვია, რამაც დიდი დრო, ენერგია და მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. თუ ვინმე თამამად გაბედავს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე ლაპარაკს და ეს ცივილიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი ჰგონია, ძალიან ცდება, რადგან ამით ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო უკან დაიხევს. რაც არ არის ბუნებითი წესი და დაგმობილია ღვთისგან, იმის დაკანონებაზე საუბარი ღვთის ნების წინააღმდეგობად მიმაჩნია, ამაზე საუბარიც კი დიდი მკრეხელობაა, რადგან ღმერთმა შექმნა ქალი და მამაკაცი ადამისა და ევას სახით, მათი შერწყმით უნდა გამრავლებულიყო კაცობრიობა. სამყაროს შემოქმედისთვის ძნელი არ იყო, თუკი მოინდომებდა, ერთი სქესით გამრავლებულიყო კაცთა მოდგმა, მაგრამ ღმერთმა შეერთებისა და გამრავლების პრეროგატივა სწორედ ქალსა და მამაკაცს მიანიჭა, ბიბლიაში ეს გარკვევით არის აღწერილი და კარგი იქნებოდა ეს მათთვის შეგვეხსენებინა, ვისაც ამ კანონის მიღება დასაშვებად მიაჩნია.
2. ჩემი აზრით, სიძვისა და მრუშობის ცოდვა გარყვნილება უფროა, ვიდრე ავადმყოფობა, ნარკომანიის ცოდვა კი მართლაც ავადმყოფობაა, რომლისგან გათავისუფლებაც ბევრს მართლაც ძალიან ძვირად უჯდება. წმინდანთა ცხოვრებაში უამრავი მაგალითია იმისა, რომ თუკი ადამიანი ცხოვრების წესს შეიცვლის, ღმერთი ყოველნაირად შეეწევა და ეხმარება ამ ცოდვების დაძლევაში. გავიხსენოთ მეძავი დედაკაცის ჩაქოლვის მომენტი სახარებიდან, მაცხოვარი ამბობს: "ვინც უცოდველია, პირველი ქვა მან ესროლოსო" და ასე გადაარჩენს ამ დედაკაცს თანამოქალაქეთა უმკაცრესი განაჩენისგან. ეს ქალი შემდეგ წმინდანი გახდა, ისე როგორც მარიამ მეგვიპტელი, რომელმაც ბავშვობიდან ცოდვილი ცხოვრებით იცხოვრა, მაგრამ შემდეგ ისეთი სინანული გაუჩნდა, დარჩენილი სიცოცხლე მკაცრ უდაბნოში გაატარა და ყველასგან განმარტოებით მოინანია თავისი ხორციელი შეცოდებები, ბოლოს ისიც წმინდანი გახდა. ამიტომ, პირადად მე ხორციელ შეცოდებებს ავადმყოფობად არ განვიხილავ, ეს უფრო უზნეობა მგონია, რომელიც დაიძლევა, თუკი ამის ნება იქნება.
ჩვენს ქვეყანაში დღეს ადამიანი ძალიან დაუცველია. მძიმეა და ძნელი ჩვენი ყოველდღიური ყოფა (სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური), ამასთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მიზანმიმართულ პროპაგანდას ეწევიან იმისათვის, რომ ადამიანი გზას ააცდინონ, გადაიბირონ და მისგან ახალი ადამიანი გამოიყვანონ, ჩაკლან მასში ქართული სული და შეგნება. როგორ გაუძლოს თანამედროვე ახალგაზრდობამ ამდენ საცდურს, რომელიც ყოველი ფეხის ნაბიჯზეა ჩასაფრებული?
ყველამ უნდა ავიმაღლოთ ხმა ბოროტების წინააღმდეგ და შევებრძოლოთ უსამართლობას, რომ გადავარჩინოთ ჩვენი შვილების მომავალი. ეს მარტო ეკლესიის საქმე კი არა, ყველა ჩვენგანის მოვალეობაა, რომლისკენაც დიდი ხანია, მოგვიწოდებს ჩვენი პატრიარქი.
ამას წინათ მეუფე სერგი ამბობდა, ყველაფერი, რაც მსოფლიოში ხდება, ბოლო ჟამის ნიშნებია, ოღონდ ღვთის მოწყალების გამო ცოტათი გადაიწია, მაგრამ იმდენი უსამართლობა ხდება, შესაძლოა, ფიალა აივსოს და სამყაროს დასასრული 15-20 წუთის შემდეგაც დადგესო. აი, ასეთ დროში გვიხდება ცხოვრება.
დაიფაროს დედა ღვთისმშობელმა თავისი წილხვდომილი ქვეყანა!
ვაჟა ოთარაშვილი, 57 წლის, პოეტი, მედიაკავშირ "ობიექტივის" სახელოვნებო გადაცემების წამყვანი. მეუღლე - რუსუდან ხუციშვილი, შვილები: ნინო, მარიამი, გიორგი, ლექსო.1. მკვეთრად უარყოფითი! ჩვენი ერისთვის ზნეობა და თავისუფლება იყო ყოველთვის მთავარი. ქართველისათვის დემოკრატია მართლმადიდებლური აზროვნებაა. არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია ეშმაკისეულია და ცხადია, ერთსქესიანთა "ქორწინება", თუ ამ გარყვნილებას ქორწინება შეიძლება ვუწოდოთ, არ შეიძლება დაკანონდეს, რადგან ცოდვის დაკანონება ნებისმიერ სახელმწიფოს, ხალხს ბუმერანგივით უკან დაუბრუნდება უფლის რისხვად. როგორ ფიქრობთ, მსოფლიო ეკოლოგიური კატაკლიზმები მხოლოდ ეკოსისტემის ბალანსის დარღვევის შედეგია?
2. ერის სულიერი დეგრადაციის შედეგია ხორციელი დაცემა. სამწუხაროა, რომ დღეს ბევრს პროგრესის არსი არასწორად ესმის. უმრავლესობა მიილტვის არა უმაღლესი სულიერი მდგომარეობის მიღწევისაკენ, არამედ საკუთარი ვნებების დაკმაყოფილებისაკენ. როგორი ნიშანდობლივია ძველი აღთქმიდან, რომ სოდომ-გომორის ადგილას დღეს ე.წ. მკვდარი ზღვაა, რომელშიც არავითარ სულდგმულს ცხოვრება არ შეუძლია. თითქოს უფალმა კაცობრიობას უმძიმესი ცოდვის "მარადიულ თვალსაჩინოებად" დაგვიტოვა იგი. ცოდვის გამოსწორება კი მხოლოდ მუდმივ წირვა-ლოცვას, აღსარება-ზიარების მიღებას, მარხვით ცხოვრებას შეუძლია, რათა საკუთარ თავთან მოვიგოთ ბრძოლა უფლის ნებით და ჩვენი ქრისტიანული ძალისხმევით.
გაუკუღმართებული სექსის მიმდევრებს და ე.წ. "გადახრილებს" საკანონმდებლო ბაზა კი არ უნდა შევუქმნათ, არამედ ცოდვის მონანიებისაკენ მოვუწოდოთ და ეკლესიისაკენ მივუთითოთ, და არა პარადებისა და დემონსტრაციებისათვის დრო და ადგილი გამოვუყოთ. მიუხედავად ყოველივესი, მჯერა, ივერია გრიგოლ ხანძთელის და გიორგი მთაწმინდელის, დავით აღმაშენებლის და ილია მართლის ღვთიური გზით ივლის მარადისობისაკენ.
3. რატომაა ამდენი უმადური და ერის მოღალატე ჩვენს გარშემო?
თემის განხილვაში მონაწილეობს ანჩისხატის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის დეკანოზი, სამხედრო კაპელანი მამა ამირან ამირანაშვილი.- სნეულებებსა და ცოდვებს შორის ეკლესიის მამები მჭიდრო მიზეზშედეგობრივ კავშირს ხედავენ, სანამ პირველმა ადამიანებმა არ შესცოდეს, მანამდე ხომ ისინი სულიერადაც და სხეულებრივადაც სრულიად ჯანმრთელნი იყვნენ.
- რასაკვირველია, თუ რწმენიდან გამომდინარე არ ვისაუბრებთ, მაშინ ჩვენს საუბარს აზრი დაეკარგებოდა.
ღმერთმა სამყაროს გვირგვინად ადამიანი შექმნა, მაგრამ როდესაც ადამმა და ევამ უფლის მცნება დაარღვიეს, არ დაემორჩილნენ შემოქმედსა და შესცოდეს, ამას უმალვე სალმობა და სნეულებანი მოჰყვა. ვიდრე ეს მოხდებოდა, მანამდე არც მათი სიშიშვლე იგრძნობოდა, ღვთიური მადლით იყვნენ შემოსილნი, მცნების დარღვევის შემდეგ დაიწყო ადამიანმა ამ სიშიშვლის დამალვა, რადგან მანამდე არ იცოდა, რა იყო ეს. უფლის მცნების დარღვევით დავისაჯეთ და დღემდე ამას ვიმკით, წმინდა მამების განმარტებით, ჩვენს აწინდელ ცხოვრებაშიც ყველა მძიმე ცოდვას, განსაკუთრებით ხანგრძლივსა და გამუდმებულს, უსათუოდ მოსდევს მძიმე სნეულება, არ აქვს მნიშვნელობა, ეს სხეულებრივ სფეროში იქნება თუ სულიერ-ზნეობრივში, ცოდვის ნაყოფი ყოველთვის მწარეა, არჩევანის თავისუფლება კი იმთავითვე მოგვცა უფალმა, ამიტომ ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ ვიცხოვრებთ. თუ სადავო არ იქნება, რომ ჩვენი ცოდვები ჩვენივე დაცემული ბუნებიდან გამომდინარეობს, უფრო დაკვირვებულები ვიქნებით საკუთარი თავის მიმართ და შევებრძოლებით ცოდვებს. ამით ხელს შევუწყობთ ჩვენს სულიერ და სხეულებრივ გამოჯანმრთელებას. მართალია, კაცობრიობა ვითარდება, მაგრამ რაც უფრო ცივილიზებულ სამყაროში ვცხოვრობთ, მით უფრო დასაშვები ხდება ცოდვა ადამიანისთვის, რაც ძალზე სახიფათო ტენდენციაა. მე იმას არ ვამბობ, რომ ადრე ის ცოდვები არ იყო, რაც დღეს ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება, ცოდვათა სახეობები ყოველთვის იყო და მასთან ბრძოლა გახლდათ ადამიანისა და კაცობრიობის განვითარების უწყვეტი ციკლი, მაგრამ დღეს, შეიძლება ასე ითქვას, ეს ცოდვები უფრო მრავალფეროვნებით გამოირჩევა და ზოგჯერ წახალისებულია. ცოდვათა რიგი შეიძლება განვიხილოთ როგორც პიროვნულად, ისე საზოგადოებრივადაც. საზოგადოების დიდი ნაწილის დამახასიათებელ ცოდვათა რაობა შეიძლება ეროვულ სფეროშიც მოვაქციოთ.
ცოდვას ბრძოლას უცხადებს არა მხოლოდ ქრისტიანული სამყარო, არამედ ისლამიც და ბევრი სხვა რელიგია. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მაჰმადიანურ სამყაროში მხოლოდ ქმარს აქვს მისი მეუღლის ხორციელად ხილვის უფლება და თუკი სხვა მამაკაცი შეეცდება ამ წესის დარღვევას, მას სიკვდილის განაჩენს გამოუტანენ. ასეთი მკაცრია მაჰმადიანური რჯული. ცივილიზებული სამყარო ამ საკითხს ირონიულად უყურებს და ჩვენი დროისათვის ჩამორჩენილ მოვლენად მიაჩნია. ამ დროს ზოგადად გვესაუბრება ადამიანის უფლებების დაცვის აუცილებლობაზე. ჩვენ არ გვაქვს უფლება, ჩავერიოთ ამ საკითხში, რადგან ეს მათი ეროვნული თვითშეგნების გამოვლენისა და სულიერი ნების სფეროა, რატომ უნდა შევბღალოთ და დავაკნინოთ ის უფლება, რომელიც მათ საუკუნეების წინ ჩამოუყალიბდათ, ეს ხომ მათ წინაპრებმა დაუტოვეს, დააკანონეს და მისი შეუსრულებლობისთვის სასჯელიც დააწესეს. კაცობრიობის განვითარებას თან ახლდა დროისათვის დამახასიათებელი ეშმაკის ცთომილებები. პიროვნებაში ცოდვა ადგილს მაშინ იკავებს, როცა რწმენის ვაკუუმია, ამ სიცარიელეს ავსებს ეშმაკი და მისი მანქანებანი (ასე ვუწოდებთ ჩვენ ამ ინსტიტუტს).
საცდურები ძალზე მიმზიდველად გამოიყურებიან და ადამიანებში ხორციელ სიამოვნებებს იწვევენ; აზარტული თამაშობები იქნება ეს, ნარკოტიკული ნივთიერებებისგან მიღებული ბანგი თუ ხორციელი ტკბობით გამოწვეული საეშმაკო საქმეები. ამ მანქანებათა ხარისხი და ტექნოლოგიები თანდათანობით მიიწევს წინ და დღითიდღე უფრო მიმზიდველი და დახვეწილი ხდება, რომლის გაძლიერებაზეც სხვადასხვა დარგის მეცნიერები და სპეციალისტები ზრუნავენ, იმისათვის, რომ თავიანთი საქმიანობა ბიზნესისა და შემოსავლის წყაროდ აქციონ. ყველაზე სამუწუხაროა, რომ სიყვარულით ლტოლვის ნაცვლად, ადამიანები, ხშირ შემთხვევაში, ბაზარზე გასაყიდ საქონლად აქციეს და გამოუვალი მდგომარეობის გამო მზად არიან გაყიდონ თავიანთი სხეული. ცოდვის ეს გამოვლინება უკიდურესად მძიმეა და აბსოლუტურად მიუღებელი ქართული ბუნებისთვის, მართლმადიდებლურ მორალზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
მამათა განმარტებით, ცოდვა უდიდესი ბოროტებაა, ცოდვაა ადამიანის მწუხარების, ავადმყოფობის, ტირილისა და უიმედობის სათავე, რომლითაც იწამლება მთელი ჩვენი არსება. როგორც კი ცოდვა აღწევს პიროვნების ცხოვრებაში, ადამიანი წინააღმდეგობაში ვარდება არა მხოლოდ საკუთარ თავთან, უპირველესად ღმერთთან და მთელ გარესამყაროსთან და მიექანება სიკვდილისაკენ, რომელიც მხოლოდ ფიზიკურ გარდაცვალებას როდი ნიშნავს, ადამიანი, რომელიც სიძვით, გარყვნილებით, ნარკოტიკებით, აზარტული თამაშებითა და სხვა სატანისტური საქმეებით არის შეპყრობილი, თანდათანობით შორდება უფალს და სულიერად მკვდრად შეირაცხება. ადამიანის ამგვარ სულიერ მდგომარეობას დაავადებათა შორის ყველაზე დიდი დაავადება შეიძლება ეწოდოს. საშინელებაა, როდესაც ადამიანი სხეულებრივად ცოცხალია, ფიზიკურად მოძრაობის და გადაადგილების უნარი შესწევს და ამ დროს იგი მკვდარია თავისი ოჯახისთვის, საზოგადოებისთვის, ქვეყნისთვის კი იმდენად საშიშია, ხდება მისი იზოლირება. ჯერ კიდევ ძველი დროიდან არის ცნობილი, თუ ადამიანი ღვთისგან დადგენილ ზომიერების ფარგლებს გასცდება, იგი ყველა ცხოველზე უფრო საშინელი ხდება. მე ვერცერთ ცხოველს ვერ შევადარებ განრისხებისა და გარყვნილების საზღვრებს გადასულ ადამიანს.
უქორწინებელი, უწესრიგო ხორციელი ვნებები, ცოლქმრული ურთიერთობების გარეშე პირებზე გადატანა, როცა უცხო სხეულები ერთმანეთს ეძებენ ცხოველური ჟინის დასაკმაყოფილებლად, ძალიან დიდი უზნეობაა, ასეთი ადამიანები უსარგებლო ბაქტერიებს ჰგვანან, რომელთა სხეულებიც მრუშობასა და გარყვნილებაში იცხრობენ ვნებათაღელვას. შუა საუკუნეებში ძალიან მკაცრად იდგა ეს საკითხი სახელმწიფოში. ამ თემას ვერც რუსთაველმა აუარა გვერდი, ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებშიც დაგმობილია სიძვისა და მრუშობის ცოდვა, თემში თუკი ვინმე გამოერეოდა ასეთი, მას თვისტომი განკვეთდა, აღარაფერს ვამბობ ძველ და ახალ აღთქმაში ხალხის დამოკიდებულებაზე იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამორალურ ცხოვრებას ეწეოდა.
სიტყვა სიბილწე ალბათ კარგად გამოხატავს იმ დაცემულ მდგომარეობას, რომელზეც ახლა გვიწევს საუბარი. ეს ცოდვა ხორციელ ვნებად ითვლება, მაგრამ ბოლომდე ხრწნის სულიერებასაც. განმარტავენ მამები - თუ შენ ძალიან არ გაშინებს მომავალი სასჯელი (ანუ უფლის სამსჯავრო), გეშინოდეს შენი დღევანდელი მდგომარეობისა, არავინ არ შეინანებს შენს ბედკრულობას. ეს ცოდვა უდიდესი ბოროტებაა, რადგანაც ადამიანი ეცემა ცხოველზე დაბლა, რაზედაც ზემოთ მოგახსენებდით.
ისტორიულად ცნობილია, რომ უდიდესი მეფეები, იმპერატორები და სახელმწიფო მოღვაწეები მკაცრად დევნიდნენ ამ მცნების დამრღვევთ. დღევანდელ რეალობას თუ შევხედავთ, რაც უფრო დაიხვეწა თითქოს ადამიანი, რაც უფრო მეტად გაფართოვდა მისი შემეცნების არეალი, რაც უფრო მეტი ცოდვა დააგროვა კაცობრიობამ მეცნიერებაში, ტექნიკაში, ლიტერატურასა და ხელოვნებაში, მით უფრო აღზევდა მრუშობის ცოდვა. ჩვენთან სვანეთში, ფშავ-ხევსურეთში, მაღალმთიან რეგიონებში უფრო მეტად არის დაცული ზნეობა და პატიოსნება, ვიდრე საქართველოს დიდ ქალაქებში.
- მამა ამირან, მთასა თუ ბარში ეკლესიასთან ერთად სახელმწიფოც უნდა ზრუნავდეს მაღალი ზნეობისა და მორალის ქვეყანაში დასამკვიდრებლად, ასე არ არის?- აგაშენათ ღმერთმა! თქვენ იხმარეთ სიტყვა სახელმწიფო, რომელიც ხელმწიფისაგან მომდინარეობს, ანუ ვისაც ხელეწიფება წინაუძღოდეს ერს, მეფე იქნება ეს, პრეზიდენტი თუ პრემიერი. ამას წინათ ერთი იურისტი ამბობდა, კარგი იქნება, სქესობრივად მომწიფებული ადამიანები დასხდნენ პარლამენტსა და მთავრობაშიო. მე მომეწონა ეს აზრი, რადგან ხალხის სამსახურში ყოფნა უდიდესი პასუხისმგებლობაა და ადამიანი ყოველნაირად მომზადებული უნდა იყოს ამისათვის. გახსოვთ ალბათ, ბევრმა თავისი შრომის წიგნაკი პარლამენტში გახსნა, ჩვენ თვითონ დავადგით მათ ხელმწიფის გვირგვინი და მოვიყვანეთ ხელისუფლებაში, მაგრამ, სამწუხაროდ, მოუმზადებელნი აღმოჩნდნენ საამისოდ, ყველას ჭკუის დარიგება დაუწყეს. რომ მოხვედი, რა მოიტანე? ხარ მომწიფებული საიმისოდ, რომ ერს წინ გაუძღვე? ამიტომ ძალიან მინდა, ვინც სახელმწიფოს ჩაიბარებს, გააჩნდეს ის, რაც სიმწიფეს თან ახლავს: სიდინჯე, თავდაჭერილობა, ზომიერება, ხალხის სიყვარული, სახელმწიფოს ეკონომიკური ძლიერების უზრუნველყოფა, გარანტია მშვიდობიანი ცხოვრებისა და, რაც მთავარია, პატიოსნება და სულიერი სისპეტაკე, რაც ასე გვაკლდა მთელი ეს წლები... მე, როგორც ერთ ქართველს, არ მსურს საქართველოში უზნეობა დაკანონდეს და გარყვნილების ლეგალიზება მოხდეს, რის დანერგვასაც სკოლებიდანვე ცდილობდნენ.
ვინაიდან ცივილიზაციას დადებითთან ერთად უარყოფითი ასპექტიც ახლავს, ჩვენი სულიერი თვალთახედვით, რაც შემოსატანი და მისაღებია, რა თქმა უნდა, მივიღოთ და რაც ჩვენს რწმენას და ტრადიციას ჩრდილს მიაყენებს და უფლის გზიდან გადაგვახვევინებს - არამც და არამც.
იმისათვის, რომ ცოდვამ და უსამართლობამ არ შემოაღწიოს ჩვენს ოჯახებში, სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებსა და დაწესებულებებში, ეკლესიას, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფო უნდა ამოუდგეს მხარში, დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება არ ნიშნავს უზნეობისა და ამორალიზმის დამკვიდრებას, და სამწუხაროა, რომ ჯერაც არ დამცხრალა ვნებათაღელვა ამ ნიადაგზე. ჯერ იყო და ეროვნულობა ამოგვიღეს პირადობის მოწმობებიდან, მერე - მამის სახელები, ახლა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზეც დაიწყეს ლაპარაკი. მე ხელოვნებიდან მოსული კაცი ვარ, ზეციდან კი არ ჩამოვფრენილვარ, ჩემს სამეგობროში გავიზარდე და კარგად ვიცი, რომ ასეთი რამის დაშვება ქართული ბუნებისთვის მართლაც შეუთავსებელი და წარმოუდგენელია.
- დაბოლოს, როგორც ჩვენი ერთ-ერთი რესპონდენტი გვეკითხება, არის თუ არა ღალატი და უმადურობა ჩვენი ერისათვის დამახასიათებელი ცოდვა?- ციხე რომ ყოველთვის შიგნიდან ტყდება, ეს არახალია. გარეშე მტერი ბევრს ვერას დაგვაკლებდა, რომ შეგვძლებოდა ერთმანეთის გატანა. ბევრი ქართველი მართლაც ღალატით შევიდა საქართველოს ისტორიაში. ასეთები ყველა დროში გამოჩნდნენ. შური წარმოქმნის ამ უბედურებას და სიძულვილი, რაც ძნელად აღმოსაფხვრელი სულიერი ცოდვაა. ვინაიდან ჩვენს ნაკლზე ვსაუბრობთ, მე მგონი, ღირს იმის აღნიშვნაც, რომ ზოგჯერ ის ჩაგცემს უკნიდან დანას, ვინც შენს უბეშია გამოზრდილი, არ არის გამორიცხული, საკუთარმა შვილმაც გაგიმეტოს, ცუდი შვილის მრავალი მაგალითი ხომ ბიბლიაშიც ბევრჯერ გვხვდება, მაგრამ სამწუხაროა, რომ ეს ცოდვა ძალიან მძლავრობს ქართულ მენტალიტეტში. შური და უმადურობა მხოლოდ სიყვარულით დაიძლევა, ამიტომ მე ხშირად ვეუბნები ჩემს სულიერ შვილებს, მოდი, სიყვარულში შევეჯიბროთ ერთმანეთს, იყავით სულიერად ძლიერნი, მიმტევებელნი და შეგეძლოთ თქვენზე ნიჭიერის დაფასება-მეთქი.