1. "როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა..." - ამ სიტყვებიდან კარგად ჩანს, რომ ღვთისა და ერის სიყვარული ქართველი კაცისთვის უპირველესი მცნება
და უწმინდესი საფიცარი იყო, რომლისთვისაც ღირდა თავგანწირვა. ამ დროს ძველი თუ ახალი აღთქმის არცერთი მცნება არ გვავალდებულებს სამშობლოსთვის თავდადებას. როგორ ახსნით ამას?
2. დღევანდელი რეალობიდან, როცა XXI საუკუნეში "ერთმორწმუნე" რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის თითქმის მეხუთედი დაიპყრო, ჩვენ კი ძველებურად ხმლის მოქნევის უფლებაც ჩამორთმეული გვაქვს ისტორიული სამართლინობის აღსადგენად, როგორ გავიგოთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სიტყვები: "იბრძოლეთ Gვენი გმირი წინაპრების მსგავსად, რათა საკუთარ თავში და თქვენს გარშემო დაიცვათ თქვენი წილი საქართველო. დღეს ეს ომია თქვენი დიდგორი, თქვენი ბასიანი"?ანკეტის შეკითხვებს უპასუხებენ: იურისტი
თამარ ჩუგოშვილი, ფიზიკოსი
ლაზარე ბერძენიშვილი და ჟურნალისტი
ია მახარაძე.თამარ ჩუგოშვილი, 28 წლის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე. მისი მეუღლეა გიორგი მიქანაშვილი, ჰყავთ ქალიშვილი ნინო.
1. პირადად ჩემთვის რელიგია ცალკე მოცემულობაა, სამშობლო - ასევე ცალკე, მაგრამ ორივე ძალიან მნიშვნელოვანია. მე მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ და პატრიოტი და როგორც შემიძლია, საქმით ისე ვემსახურები სამშობლოს. ჩვენი სარწმუნოება შემწყნარებლურია, ამიტომ ჩემთვის ყველა რელიგიისა და კონფესიის ადამიანი თანასწორია და მათ უნდა ჰქონდეთ თავიანთი რელიგიური გრძნობის განხორციელების და დაკმაყოფილების შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნებით გამოირჩევა, სადაც დომინანტი მართლმადიდებლური სარწმუნოებაა. ქართული საზოგადოება გამორჩეულია თავისი ტოლერანტობით და მიჩვეულია სხვა ერებთან თანაცხოვრებას, რაც ჩვენი კონსტიტუციითაც არის გამყარებული.
ერთი მხრივ, ტოლერანტულები ვართ, მაგრამ ინტეგრაციის პრობლემა მაინც გვიდგას, რამაც ზოგჯერ შესაძლებელია რეგიონული გამწვავება გამოიწვიოს, ამიტომ სახელმწიფომ ამ თემას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ გამოირიცხოს რაიმე აფეთქებები ეროვნულ ნიადაგზე.
ინტეგრაცია იმასაც გულისხმობს, რომ ქართული ენა უკეთ იყოს გასაგები და ხელმისაწვდომი ეროვნული უმცირესობებისთვის, რომ მათ უკეთ შეძლონ კომუნიკაცია იმ ქვეყნის ენაზე, რომლის მოქალაქეებიც არიან.
2. ვფიქრობ, ბრძოლაში იგულისხმება - კეთილსინდისიერად ვემსახუროთ ჩვენს ხალხს და ქვეყანას. ჩემი პროფესია მავალდებულებს, ვემსახურო ადამიანთა თანასწორობას და კონსტიტუციურ სამართლიანობას. თუმცა, კონკრეტული საქმის გარდა, ადამიანს უნდა გააჩნდეს მოქალაქეობრივი პოზიციებიც. მგონია, რომ ეს ყოველ ადამიანს სხვადასხვა ფორმით აქვს გამოვლენილი, ვიღაცისთვის შეიძლება ეს იყოს რელიგიურობა, ვიღაცისთვის - სხვა რამ.
თსუ-ის მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი, როდესაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში დავიწყე მუშაობა სტაჟიორად, შემდეგ იურისტად, პროექტის კოორდინატორად. ვიდრე თავმჯდომარე გავხდებოდი, საპარლამენტო მდივანიც ვიყავი და საქართველოს პარლამენტში წარმოვადგენდი ამ არასამთავრობო ასოციაციას, დღესაც ჩემი მანდატით წარმოვადგენ ამ ორგანიზაციას, რომელიც კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და დმოკრატიული ღირებულებების დაცვისთვის იბრძვის, რაც საჭირო და მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.
ლაზარე ბერძენიშვილი, 63 წლის, ფიზიკოსი, საქართველოს წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლის მასწავლებელი, საბურთალოს წმინდა ილია თეზბიტელის სახელობის ტაძრის მედავითნე. 1. სამშობლოსა და სარწმუნოების სიყვარული იმაზეა დამოკიდებული, თუ რა მივიღეთ ჩვენი მშობლებისაგან და რას გადავცემთ ჩვენს შვილებს. ადამიანმა თუ ბავშვობიდანვე არ განიცადა ეს გრძნობა, ჩემთვის წარმოუდგენელია, მერე, უცებ გაუჩნდეს სწორი დამოკიდებულება თავისი ქვეყნისა და სარწმუნოების მიმართ.
ჩვენს წინაპრებს ბავშვობიდანვე შესისხლხორცებული ჰქონდათ ღვთისა და ერის თავგანწირული სიყვარული, იცოდნენ, რომ ღმერთის სიყვარული არ არის აბსტრაქტული, მიუწვდომელი და ეს სიყვარული სწორედ სამშობლოს სიყვარულში უნდა ყოფილიყო გამოხატული. ჩვენც უნდა ვასწავლოთ ბავშვებს, რომ ღმერთი ზეცაში კი არ ეძებონ, არამედ ოჯახის წევრებში, ახლობლებში, მეგობრებში და თუ ადამიანის სიყვარული შეეძლებათ, უთუოდ გაუჩნდებათ ღვთისა და სამშობლოს სიყვარული. პატრიოტიზმი შეიძლება ჭარბად გვაქვს ქართველებს, მაგრამ ეს ხომ მხოლოდ ქართული ფენომენი არ არის, ებრაელებმა და ბერძნებმა სამშობლოსათვის თავგანწირვის უამრავი მაგალითი გვაჩვენეს, თითქმის ყველაფერი დაკარგა ებრაელმა ერმა, ტერიტორია, ენა, სამშობლო, სხვადასხვა ქვეყანაში გაიფანტა, მაგრამ საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნეს რელიგია და ეროვნება, შეძლეს დაეცვათ ენა, წეს-ჩვეულება. საქართველოშიც ცხოვრობდნენ ებრაელები ორ ათასწლეულზე მეტხანს. საქართველოს ისინი დღესაც თავის მეორე სამშობლოდ თვლიან. მთელი ამ დროის განმავლობაში მათ ყველა პირობა შეუქმნეს ქართველებმა თავიანთი რელიგიისა და ეროვნული ტრადიციების შესანარჩუნებლად, ისრაელში მათი მასობრივი დაბრუნება გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყო. ყოველივე ამას მხოლოდ ერთი ახსნა აქვს: ებრაელ ერში ათასწლეულობით დაკარგულ სამშობლოში დაბრუნება ღვთის სიყვარულში განხორციელდა, ეს იყო ამოსავალი მათი სამშობლოში გამთლიანებისა და ეროვნულობის აღდგენისა. ამიტომ ღვთისა და სამშობლოს სიყვარულის გაყოფა წარმოუდგენელი მგონია. შეუძლებელია გიყვარდეს სამშობლო და არ გიყვარდეს ღმერთი, ან პირიქით.
2. ჩვენ ერთი ენა, სამშობლო, რელიგია, კულტურა, ისტორია გვაქვს. მთავარია, ეს მთლიანობა შევინარჩუნოთ. ვისაც სამშობლოს სიყვარული აქვს, ღვთის სიყვარული კი არ გააჩნია, ჰგავს სახიფათო ბილიკზე მავალს, რომელსაც ყოველ წუთს შეიძლება ფეხი გადაუბრუნდეს და ყველაფერს ერთბაშად მოსწყდეს, რადგან იგი თავის მთავარ საყრდენს, საფუძველს არის მოწყვეტილი. ქართველი ერი ქრისტესმოყვარე ერია, ამიტომ ღვთის შემწეობითა და დახმარებით არ უნდა გადავიწუროთ იმედი, რომ დადგება დრო და საქართველო სრულიად აღიდგენს ეროვნულობას, ტერიტორიულ მთლიანობას, ადათს, ენას, კულტურულ ფასეულობებს... ეს ნათქვამი ვინმემ ისე არ გაიგოს, თითქოს რომელიმე ნაციის წინააღმდეგი ვიყო, მაგრამ იმის მომხრე ნამდვილად ვარ, ყველა ერმა შეინარჩუნოს თავისი სახე და თვითმყოფადობა, ჩვენ - ქართველობა, სხვამ კიდევ თავისი, ბრმად არ გადმოვიტანოთ სხვისგან ის, რასაც ჩვენთვის უცხო კულტურა ჰქვია და დავივიწყოთ ჩვენი. რაც კარგი იქნება, ის უნდა ავითვისოთ სხვებისგან და დავუმატოთ ჩვენსას, მაგრამ უწინარეს ჩვენი დავაფასოთ და არ მივცეთ დავიწყებას, ანუ როგორც გოგლა ლეონიძე იტყოდა: "მშობელ მიწაში გვიდგას ფესვები..." არ მოვწყდეთ ჩვენსას. ვფიქრობ ამით უნდა დავემგვანოთ ჩვენს წინაპრებს, როცა უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბრძანებს, არ დავკარგოთ ჩვენი მეობა, რაობა, ის განუმეორებელი რაინდული თვისებები და კეთილზნეობა, რითაც ჩვენი წინაპრები გამოირჩეოდნენ, საკუთარ თავში და ჩვენს გარშემო შევინარჩუნოთ ჩვენი წილი საქართველო, სკოლებსა და უნივერსიტეტებში, ყველაფერი უნდა ვიღონოთ მომავალი თაობის აღსაზრდელად, რათა მათ სწორი საფუძველი და ორიენტირი შევუქმნათ.
თუკი მოვინდომებთ, ღმერთი აუცილებლად დაგვეხმარება...
ია მახარაძე, 35 წლის, ჟურნალისტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი. საზოგადოებრივ მაუწყებელში უძღვება რადიოგადაცემას "მიგრაციის მარშრუტები". ჰყავს ვაჟი ნიკოლოზი.
1. ისტორიულ წარსულში, მაშინ, როდესაც საქართველომ ტერიტორიული მთლიანობა დაკარგა, ქრისტიანული ცნობიერება აერთიანებდა სულიერად ქართველობას. ჩვენი წინაპრები ბევრს არ კამათობდნენ, რომელი უფრო მაღლა იდგა - უფალი თუ სამშობლო. ღმერთისა და ქვეყნის სიყვარული მათთვის ურთიერთგანუყოფელი იყო. ამით აიხსნება ის, რომ ადრე საქართველოს საქრისტიანოს უწოდებდნენ, ქართველს - ქრისტიანს. "რჯულის დაცვა საქართველოს მიწა-წყლის დაცვად გარდაიქმნა და მიწა-წყლის დაცვა - რჯულის დაცვად. რჯული ჩვენი მამულის, ჩვენი ეროვნების ხმლად იქცა ზედმოსევისა და ზედმოსეულთათვის" (ილია მართალი). დღეს თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში მნიშვნელოვანია მისი ისტორიული, პოლიტიკური და ზნეობრივი გამოცდილება. ქართული მართლმადიდებლური ეკლესია მხოლოდ თავის სულიერ უპირატესობას და მადლმოსილებას ეყრდნობა. ფაქტია, რომ იგი ბევრისთვის, განსაკუთრებით უცხოეთში გადახვეწილი ჩვენი თანამემამულეებისთვის, ცხოვრების საყრდენია, ხშირ შემთხვევაში არეგულირებს ყოველდღიურ ურთიერთობებს, ადამიანებს სთავაზობს ქცევის მზა ნორმებს, განსაზღვრავს აზროვნების მიმართულებას. მართლმადიდებლური ეკლესია ქართველებისთვის, გარკვეულწილად, სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი და შემოქმედია. ამის დასტურია პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლენი, რომლებიც პოლიტიკურ საკითხებსაც ეხება; ბოლო წლებში სხვადასხვა წყაროს მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევები აჩვენებს, რომ საქართველოს პატრიარქი და/ან ეკლესია მოსახლეობის ყველაზე დიდი ნდობით სარგებლობს. იგი უფრო ავტორიტეტული პიროვნება/ორგანიზაციაა, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტი ან რომელიმე სახელმწიფო ორგანო.
2. დღეს ურთულესი პერიოდი გვაქვს - საქართველომ ფაქტობრივად დაკარგა თავისი ტერიტორიები, ამიტომაც ყველა ჩვენგანის ვალია, ვიზრუნოთ ჭეშმარიტი ქართული სახელმწიფოს აღსადგენად. ისტორიული სამართლიანობის აღდგენა, საქართველოს დაცვა შესაძლებელია ქართული ეროვნული პოზიციების გაზრდით, სახელმწიფოებრივ ინტერესსა და სფეროში პროგრესით. სწორედ ამ ღირებულებების, სისტემის არარსებობის შედეგია, რომ დღეს საქართველოს რიგით მოქალაქეს აქვს უსამართლობის და ხვალინდელი დღის შიში, დემოკრატიის დაბალი დონეა ქვეყანაში. რათა საკუთარ თავში და ჩვენს გარშემო დავიცვათ ჩვენი წილი საქართველო, აუცილებელია სისტემის შეცვლის მექანიზმების შემუშავებასა და ამოქმედებაში მონაწილეობა მიიღოს ყველა ჩვენგანმა, ვისაც გვაქვს შესაბამისი ცოდნა, კომპეტენცია, გამოცდილება, საღი აზრი, ერთგულება და შესაძლებლობა.
თემის განხილვაში მონაწილეობს ჯვარისმამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ტიმოთე წიკლაური.გავიხსენოთ ძველი აღთქმის ერთ-ერთი უდიდესი წინასწარმეტყველის, მეფე დავით მეფსალმუნის ცხოვრება. სრულიად ახალგაზრდა იყო, როცა მეფე საულს სთხოვა გოლიათთან შებრძოლების ნებართვა. რა აიძულებდა ახალგაზრდა მეომარს შებრძოლებოდა მას, ვისაც უკვე რამდენიმე ისრაელიანი გმირი ჰყავდა მოკლული?! გოლიათმა შეურაცხყო ისრაელიანები და მათი ქვეყანა. სწორედ სამშობლოსა და ერის სიყვარულმა აიძულა დავითი, უთანასწორო ბრძოლაში ჩაბმულიყო. ამით დაამტკიცა ერისა და ქვეყნის უსაზღვრო სიყვარული და თავდადება. ამით ჩანს, რომ ეს სიყვარული მხოლოდ ქართველების დამახასიათებელი არ არის.
მე-5 მცნებით - "პატივ ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა" - გვევალება მშობლების სიყვარული და პატივისცემა. მშობლების სიყვარული არის იმ ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი, რომელიც აერთიანებს უფროსი თაობის, წინაპრებისა და სამშობლოს სიყვარულს. ასე რომ, ამ მცნებაში სამშობლოს სიყვარულიც ერთიანდება.
საქართველოს პატრიარქი გვაძლევს კურთხევას, ჩვენი გმირი წინაპრების მსგავსად ვიბრძოლოთ, რომ საკუთარ თავში და ჩვენ გარშემო დავიცვათ ჩვენი წილი საქართველო. როგორ და რით უნდა მივემსგავსოთ გმირ წინაპრებს? როგორები იყვნენ ისინი? პირველ რიგში ისინი უფლის ერთგული მორწმუნეები იყვნენ. საქართველო მართლმადიდებლობის გარეშე წარმოუდგენელი იყო. ჩვენი წინაპრები ერთდროულად იცავდნენ რწმენასა და სამშობლოს. სამშობლოსთვის თავდადებული იმავდროულად ნიშნავდა სარწმუნოებისთვის თავდადებულს და პირიქით.
დღევანდელ რეალობაში ქართველი კაცი მრავალი განსაცდელის წინაშე დგას. სექტების შემოტევა, მათი დაპირება, სხვადასხვა სახის დახმარების საფასურად სარწმუნოების შეცვლა, მოსახლეობისთვის საცდურია, რადგან გარკვეული ნაწილი უერთდება მათ.Eეს არის ბრძოლის განსხვავებული, თანამედროვე სახე, სადაც ხმალი აღარ გამოიყენება.
შეტევის საწინააღმდეგოდ, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, აშენდა ახალი და აღდგა მრავალი ძველი ტაძარი და მონასტერი, გაიზარდა სასულიერო პირების რიცხვი. ვისაც სურვილი აქვს ეზიაროს ჭეშმარიტებას, ქალაქის ყველა უბანში და ყველა სოფელში არის მოქმედი ტაძარი ან მონასტერი. მთავარია, ადამიანმა მოინდომოს უფლის სიტყვის მოსმენა და მისი შესრულება.
ჩვენი წინაპრები ტრადიციულად მრავალშვილიანები იყვნენ. ქართველმა დედამ იცოდა, რომ შვილებს სამშობლოს უზრდიდა. მამულისთვის თავდადება ქართველი ვაჟკაცების მოვალეობა იყო. დღევანდელ რეალობაში ქართული ოჯახების უმრავლესობას ერთი ან ორი შვილი ჰყავს. სწორედ მრავალშვილიანობის წასახალისებლად ჩვენი პატრიარქი ყოველ მესამე და მომდევნო ბავშვს ნათლავს, რამაც გამოიწვია შობადობის მომატება. ეს არ არის საკმარისი, რადგან პატრიარქის კურთხევას მხოლოდ ერის მორწმუნე ნაწილი ასრულებს. არაეკლესიურნი თვლიან, რომ იმდენი შვილი უნდა ჰყავდეთ, რამდენის მატერიალურ უზრუნველყოფასაც შეძლებენ. ჩვენს ქვეყანაში ეროვნულ უმცირესობად რომ არ ვიქცეთ, უნდა გავმრავლდეთ, არ მივატოვოთ სოფელი, მიწა.
ყველაზე დიდი ბრძოლა ადამიანს საკუთარ თავთან უწევს. ჩვენი წილი საქართველო ჩვენშია, ჩვენი ოჯახია, ჩვენი სამშობლოს სიყვარულია. ამავდროულად, ჩვენში ამ სიყვარულის საწინააღმდეგო საცდური შემოდის. ხშირად ადამიანი დგება არჩევანის წინაშე: ან სიმართლე, ან ტყუილი; ან სინდისის კარნახით სიარული, ან თანამდებობა; ან ერთგულება, ან ღალატი; ეს არის ომი, რომლის შედეგიც ვლინდება ადამიანის სიტყვასა და საქმეში. თუ დღეს ტყუილს მოვუხუჭავთ თვალს, ხვალ სინდისის ხმას არ მივაქცევთ ყურადღებას, შემდეგ კი ვუღალატებთ ახლობელს და სხვის განსაცდელს არ გავიზიარებთ, ჩვენში ჩავკლავთ ერის სიყვარულს და პირიქით, რაც მეტად დავიცავთ სიყვარულს, სიმართლესა და ერთგულებას, მით მეტად მივემსგავსებით ჩვენს გმირ წინაპრებს. ყველა პრობლემის გადასაჭრელად ბრძოლის წინა ხაზზე ჩვენი პატრიარქია. ის მთელ ერს მოუწოდებს, მივიღოთ ეს ბრძოლა და გავიმარჯვოთ. ჩვენზეა დამოკიდებული, რა დოზით შეგვეხება ეს ბრძოლა და რამდენად დავიცავთ სამშობლოსა და სარწმუნოებას. დღეს ეს ომია ჩვენი დიდგორი, ჩვენი ბასიანი. ამით შევასრულებთ პატრიარქის კურთხევას და შედეგად მივიღებთ უკეთეს მომავალს, მშვიდობიან და გამთლიანებულ საქართველოს.D
დიდება და მადლობა უფალს, ამინ!