1. "მშვიდთა დაიმკვიდრონ ქვეყანა და იშვებდნენ მრავლითა მშვიდობითა" - ვკითხულობთ დავითის ფსალმუნებში, სახარებაში კი მშვიდნი და მშვიდობისმყოფელნი
ცხრა ნეტარების ორ მცნებაში არიან მოხსენიებულნი, როგორც ნეტარნი.
რა მსგავსებას და განსხვავებას ხედავთ ამ ორ სათნოებას შორის და თუ შეგხვედრიათ ცხოვრების გზაზე მშვიდი ბუნების ადამიანები, რომლებსაც კეთილისმყოფელი გავლენა მოუხდენიათ თქვენზე?
2. დღეს, 21-ე საუკუნეში, "ერთმორწმუნე" რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის თითქმის მეხუთედი დაიპყრო, ჩვენ კი ძველებურად ხმლის მოქნევის უფლებაც ჩამორთმეული გვაქვს ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად, როგორ გავიგოთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სიტყვები: "იბრძოლეთ ჩვენი გმირი წინაპრების მსგავსად, რათა საკუთარ თავში და თქვენს გარშემო დაიცვათ თქვენი წილი საქართველო, დღეს ეს ომია თქვენი დიდგორი, თქვენი ბასიანი"?
3. რას შეეკითხებოდით მოძღვარს?
ანკეტის შეკითხვებს უპასუხებენ მშენებელი ინჟინერი
ელდარ გაბუნია, თეატრმცოდნე
ელისაბედ-ბელა ჯიჯეიშვილი და ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი
ბესარიონ ბაბალაშვილი.ელდარ გაბუნია, 69 წლის, მშენებელი ინჟინერი, როგორც მშენებელსა და არქიტექტორს თავისი წვლილი აქვს შეტანილი ქუთაისის ისტორიული ნაწილის სახელმწიფო დაცვითი ზონის პროექტირებასა და რეკონსტრუქციაში, მისი მეუღლეა ანა-ბელა გაბუნია, შვილები: ლაშა-ილია და ეკატერინე.
1. ვფიქრობ, სულიერი სიმშვიდის მიღწევა მშვიდ გარემოშია შესაძლებელი, მშვიდობისმოყვარეობის ნიჭი კი მხოლოდ ერთეულთა ხვედრია; ასეთებს ღმერთი მხოლოდ მაშინ მოავლენს, როცა ქვეყანას დასჭირდება. ისე, როგორც თავის დროზე მოავლინა ვაჟა-ფშაველა, უდიდესი ჰუმანისტი მწერალი. იგი სიტყვით ამკვიდრებდა მშვიდობას და ხალხთა შორის ნერგავდა კაცთმოყვარეობას. ასეთი ადამიანები რომ არა, ალბათ საქართველო დღემდე ვერ მოაღწევდა...
მშვიდობისმყოფელობის ნიმუშად გამოდგება პატრიარქი ილია მეორე, იგი თავმდაბლობის მაგალითს გვაძლევს და ასუფთავებს გარემოს თავისი სიწმინდეებით, დიდსულოვნად ცდილობს, სამშვიდობოს გაგვიყვანოს. თავი მაინც უბედნიერეს ადამიანად მიმაჩნია, ღმერთმა ასეთი პიროვნება რომ გვარგუნა ჩვენი პატრიარქის სახით. 2000 წლიდან მთელი ამ 12 წლის მანძილზე აშშ-ში მომიწია ცხოვრებამ. ეს მძიმე ხვედრია ყოველი ქართველისთვის. ამ ხნის განმავლობაში ჩვენი პატრიარქის სურათი არ ჩამომიხსნია კედლიდან, რადგან ეს სურათი მანუგეშებდა და მამშვიდებდა ავადმყოფობისა თუ განსაცდელის დროს.
სიმშვიდეს განასახიერებდა დედაჩემი, მერი მეძმარიაშვილი, რომელიც 23 წლისა დაქვრივდა, და მამასთან გადავიდა საცხოვრებლად. ეს ბაბუაჩემის დიდი სურვილი იყო, რომელიც თვითონაც ადრეულ ასაკში დაქვრივდა და მერე აღარც დაქორწინებულა. ბაბუას, ჯაბა მეძმარიაშვილს, ხარკოვის უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული. იგი ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლდათ, რომელმაც არაერთი თაობა აღზარდა, მეგობრობდა შალვა ნუცუბიძესთან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არაერთ სახელგანთქმულ მეცნიერთან. ცხოვრებაში ბევრი სიმწარე გამოიარა, მაგრამ არასდროს დაუკარგავს სიმშვიდე და სხვისთვის იყო ნუგეშისმიმცემი. ქუთაისის უნივერსიტეტის არქივში ინახება ბაბუაჩემის განცხადება, 1932 წლით არის დათარიღებული, რომელშიც მას არ შეშინებია იმის აღიარების, რომ იგი სოციალ-დემოკრატთა მენშევიკური პარტიის მხარდამჭერი იყო, ამის შემდეგ იგი ოჯახს გამოეთხოვა და აღარავის ეგონა, თუ რეპრესიების საშინელი წლების შემდეგ შინ ცოცხალი დაბრუნდებოდა, მაშინ ღმერთმა სასწაულებრივად გადაარჩინა სიკვდილს. მაგრამ ოჯახური ტრაგედიები ერთმანეთს წაეწყო, მისი შვილი ზურაბი, რომელმაც პეტერბურგის სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა და მალე სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყო, 1941 წელს მენინგიტით გარდაიცვალა და მოულოდნელად ჩამოასვენეს რუსეთიდან, ცოტა ხნის შემდეგ უკურნებელი სენით გარდაიცვალა ჩემი მეორე ბიძის ახალგაზრდა მეუღლეც, რომელსაც მცირეწლოვანი შვილები დარჩა. ახლა მიკვირს, რამდენ დარდსა და ვარამს იკლავდნენ გულში ჩვენი წინაპრები, რომ სხვები არ დაემძიმებინათ თავიანთი სევდით. სიმშვიდითა და სიკეთით გამოირჩეოდა მამაჩემის დედა, მარიამ ლომინაძე, მასაც უმძიმესი ჯვარი არგუნა განგებამ, ჯერ 18 წლის ქალიშვილი გარდაეცვალა, მერე 29 წლის მამაჩემი ულმობელმა სენმა იმსხვერპლა, მართალია, სამი ქალიშვილი კიდევ დარჩა, მაგრამ ყველანი დაოჯახდნენ და სოფელში მარტო ცხოვრობდა. სამართლიანი და მტკიცე ხასიათის გამო ხალხმა ბებიაჩემს ოთარაანთ ქვრივი შეარქვა. მახსოვს, მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ზაფხულის არდადეგებზე სოფელში ჩავიდოდით. აი, ასეთი სიმშვიდითა და სიკეთით აღსავსე ადამიანების გვერდით გაიარა ჩემმა ბავშვობამ და სიყმაწვილემ, ამიტომ სიკეთის მცნება ჩემთვის არ არის უცხო. რა უნდა ყოფილიყო იმაზე სასიხარულო, რომ შორეულ ამერიკაშიც კი შემახვედრა ღმერთმა დედაჩემისა და ბაბუაჩემის ყოფილი მოწაფეები და სტუდენტები, რომლებიც მშობლების სადღეგრძელოს შესმას ამ ადამიანების ღვაწლის და დამსახურების აღნიშვნით იწყებდნენ.
2. იმისათვის, რომ შეინარჩუნო სიკეთე, სამშობლოს სიყვარული და ადამიანურობა, ისეთივე ბრძოლაა საჭირო, როგორიც ბრძოლის ველზე, ხმლით ხელში, სამშობლოს დასაცავად, ზოგჯერ ცხოვრების ეს უხილავი ბრძოლა უფრო მკაცრი, საშინელი და უკომპრომისოა, რადგან არ იცი, ვინ საიდან შემოგიტევს, ვერ ხედავ, ვინ სად არის ჩასაფრებული შენს დასაღუპად და გასანადგურებლად. ჩვენი წინაპრები ასეთ ბრძოლაში ჩვენზე ბევრად მეტად იყვნენ გამოწრთობილნი, ვინაიდან სარწმუნოებით იყვნენ შეიარაღებულნი და ჩვენზე მეტად ჰქონდათ განვითარებული სულიერი ხედვის უნარი, ვფიქრობ, სწორედ ამ ბრძოლაზე მიგვანიშნებს ჩვენი პატრიარქი. ადამიანმა მარტო იმისთვის არ უნდა იცხოვროს ამქვეყნად, რომ ფული იშოვოს და ოჯახის რჩენა შეძლოს, მას ამაზე მეტი მისია და დანიშნულება აქვს ღვთისაგან მინიჭებული. უცხოეთში უფრო მძაფრად შეიგრძნობ სამშობლოს, სამწუხაროდ, ისეთი ქართველებიც მოიძებნებიან, რომლებიც ამბობენ, "ჩემი სამშობლო ის არის, სადაც თავს კარგად ვიგრძნობო" და არც აპირებენ საქართველოში დაბრუნებას...
ქართველი დედის დანიშნულება იყო შვილი დაუფიქრებლად გაეშვა მამულის დასაცავად და თუ ბრძოლის დროს დაეცემოდნენ, ერთი კურცხალიც არ ჩამოვარდნოდა თვალიდან. ამ შეგნებით ცხოვრობდნენ ჩვენი გმირი წინაპრები, რამაც მრავალ ქარტეხილს გამოატარა ჩვენი სარწმუნოება და ქვეყანა. სწორედ ამაში უნდა დავემგვანოთ მათ, რათა "საკუთარ თავში და ჩვენს გარშემო დავიცვათ ჩვენი წილი საქართველო..."
3. მე მომნათლა ბაბუაჩემის ძმისშვილმა, მაინტერესებს, რამდენად სწორია ეკლესიურად უახლოესი ნათესავისგან მიიღო ნათელ-მირონი?
ელისაბედ-ბელა ჯიჯეიშვილი, 77 წლის, თეატრმცოდნე, გერმანისტი, კაპიტონ გაწერელიას ქვრივი, 1963-დან 2004 წლამდე მუშაობდა ტელევიზიის პირველი არხის კინოპროგრამების მთავარ რედაქციაში, ამჟამად პენსიონერია, ჰყავს ორი ქალიშვილი - მანანა და ხათუნა. 1. 26 წლის წინ დავქვრივდი და მწვავე ოჯახური პრობლემების პირისპირ აღმოვჩნდი. ჩემი მოძღვარი, მამა პავლე კოსაჩი, გვერდში ამომიდგა და ყველაფერი გააკეთა, რათა განსაცდელებიდან გამოვეყვანე. მოძღვარზე მართლაც ბევრი რამ არის დამოკიდებული, ის რომ არა, გამიჭირდებოდა უამრავი წინააღმდეგობის დაძლევა. მამა პავლემ ბევრი განსაცდელი გამოიარა, წლების განმავლობაში დიდსულოვნად იტანდა მძიმე ავადმყოფობას და ჩვენც გადაგვდებდა ამ სიმშვიდეს. მისი გარდაცვალების შემდეგ ჩემი მოძღვარი გახდა მამა კონსტანტინე გიორგაძე. მადლიერი ვარ უფლისა, რომ ასეთი კარგი მოძღვრები შემხვდა ცხოვრებაში.
ღვთისმოსავი, მორწმუნე მშობლები მყავდნენ, პატარაობისას ხშირად დავყავდი ტაძარში დეიდაჩემს, რომელიც ეკლესიურ მადლს მაზიარებდა. ჩემი მეუღლის ოჯახიც მორწმუნეობით და ღვთისმოშიშებით გამოირჩეოდა. მისი ბაბუა კაპიტონ გაწერელია, რომლის სახელსა და გვარსაც ჩემი მეუღლე ატარებდა, მაღალი სასულიერო წოდების პირი გახლდათ.
თეატრალურ საზოგადოებაში მუშაობა აკაკი ხორავას თავმჯდომარეობის დროს მომიწია. იგი ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული პიროვნება იყო და მისგანაც ბევრი რამ ვისწავლე. იმ დროს კომუნისტური პარტიის წევრად უნდა მივეღე. ბატონ აკაკის რომ ვუთხარი, გაუკვირდა, - ეს წინადადება სერიოზულად როგორ მიიღე, არ დამაკარგვინო შენზე შეხედულებაო და ასე გადამარჩინა. რა თქმა უნდა, იმ პერიოდში მე მოძღვარი არ მყავდა, მაგრამ მაშინაც მოიძებნებოდნენ სიბრძნითა და სიმშვიდით გამორჩეული ადამიანები, რომელთაც შეეძლოთ სასარგებლო რჩევა მოეცათ, ბ-ნი აკაკიც ასეთთა რიცხვს ეკუთვნოდა.
მშვიდსა და მშვიდობისმყოფელს შორის დიდ განსხვავებას ვხედავ. მშვიდობისმყოფელობა ჩემთვის უმაღლესი რანგია, რაც ყველა ადამიანს არ ძალუძს, ეს რწმენის ერთ-ერთი უმაღლესი საფეხურია, რომელიც ღვთისგან გამორჩეულ ადამიანთა ხვედრია. ჩემი აზრით, არ არსებობს მშვიდობისმყოფელი, რომელშიც სიმშვიდე არ იყოს და შეიძლება ბევრი ადამიანი იყოს ბუნებით მშვიდი, მაგრამ არ ჰქონდეს მშვიდობისმყოფელობის ნიჭი. ამდენად სიმშვიდის მიღწევა უფრო ადვილად შესაძლებელია, ვიდრე მშვიდობისმყოფლობისა.
2. ჩემი აზრით, ეს ბრძოლა იმაში მდგომარეობს, რომ არ ჩაიდინო ბოროტება, რაც შეგიძლია, უნდა შეეცადო, გაახარო შენს ირგვლივ მყოფნი, ალბათ ყველა ადამიანმა თავისი საქმით უნდა შეძლოს იმის გაკეთება, რაც ქვეყანას წაადგება, ყველამ რომ მოვინდომოთ და ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთოთ, წარმოვიდგინოთ, რამდენად კარგად იქნება მაშინ ჩვენი სამშობლო. თუ ყოველმა ადამიანმა არ გააცნობიერა, რომ საქართველოს მომავალი ძლიერება ყოველი ჩვენგანის მონდომებაზეა დამოკიდებული, ისე არაფერი გამოვა, რა თქმა უნდა, ყველა გმირი ვერ იქნება, მაგრამ თუ კარგის გაკეთება არ შეგვეძლება, ნუ გავაკეთებთ ცუდს და ესეც დიდი მიღწევა იქნება... ალბათ ყველამ უნდა ვაიძულოთ საკუთარი თავი, შევძლოთ კარგის დანახვა, დაფასება. შევეცადოთ ჩვენც იმგვარად მოვიქცეთ და ერთი პატარა აგური ჩვენც დავდოთ ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის საქმეში, ვფიქრობ, ამ ბრძოლაზეა ლაპარაკი პატრიარქის მოწოდებაში, ჩვენი წინაპრები ამ მხრივ უკეთესები იყვნენ, რადგან მათ მეტი ძალა, რწმენა და თავდადება ჰქონდათ. მათი დევიზი იყო: "როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა" და საკუთარ სიცოცხლესაც არ იშურებდნენ ამ უმთავრესი ცნებების - სარწმუნოებისა და მამულის დასაცავად.
ბესიკ ბაბალაშვილი, 25 წლის, ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი (კომპიუტერული კომპანია UGT), დაუოჯახებელი.1. სიმშვიდე არის მდგომარეობა სულისა, როდესაც ადამიანი არავის აბოროტებს, აღიზიანებს, ანერვიულებს, ამწარებს, თვადაც ერიდება მრისხანებას, ჩხუბს, განკითხვას და სიწყნარისაკენ, სიმყუდროვისაკენ, მშვიდობისაკენ მიისწრაფვის.
ბედნიერები იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც თავიანთ ხვედრს მშვიდად, შფოთისა და დრტვინვის გარეშე იღებენ და უფალს, რაც აქვთ, იმისათვის მადლობას სწირავენ; მშვიდი არავის აწყენინებს, არავის შეურაცხყოფს; უშფოთველად, აუღელვებლად და მოთმინებით იტანენ სხვისაგან შეურაცხყოფას, თუნდაც რომ შეილახოს მათი უფლებები და დაზარალდნენ. ეს არ ნიშნავს მათი ხასიათის სისუსტეს. ისინი ყოველთვის ცდილობენ, გააკეთონ თავიანთი საქმე სიყვარულითა და სიმშვიდით, მოსპონ მტრობა, შური და ბოროტება. მშვიდთა აღუთქვა ქრისტემ ახალი ქვეყნიერება. ისინი მიიღებენ ღვთის წყალობას მიწაზე და მოიმკიან ზეციურ სასუფეველს.
უდიდესი მაგალითი სიმშვიდისა, არის ქრისტე მაცხოვარი, რომელმაც უსიტყვოდ დაითმინა შეურაცხყოფა, დაცინვა, გინება, სახეში ფურთხება, ყვრიმალში ცემა... და ბოლოს, ჯვარცმა.
რაც შეეხება მე-7 ნეტარებას, მშვიდობისმყოფელად იწოდებიან ადამიანები, რომლებიც თვითონაც მშვიდობით, მყუდროებით ცხოვრობენ და ცდილობენ სიმშვიდე დაამყარონ, მოჩხუბრები შეარიგონ, უკმაყოფილონი დაამშვიდონ, შფოთი დააწყნარონ, ვინაიდან სიმშვიდე და სიწყნარე უფლისათვის სათნოა, შფოთი და არეულობა კი ბოროტ ძალებს უყვართ. მშვიდობისმყოფელნი თავიანთი მოღვაწეობითა და მოქმედებით ემსგავსებიან იესო მაცხოვარს, რომელიც ღმერთთან შეცოდებული ადამიანის შესარიგებლად მოვიდა და ამიტომაც მშვიდობისმყოფელნი ძედ ღვთისად იწოდებიან.
ზეციურ სასუფეველში უფალი მათ თავის ძეს, თავის შვილებს უწოდებს, რადგან მიწაზე ისინი მის ნებას ასრულებენ.
2. ადამიანის ცხოვრება სავსეა დაბრკოლებებით. მან უნდა შეინარჩუნოს ჭეშმარიტი ღმერთის რწმენა საკუთარი სულის ცხონებისათვის და ასევე მთელი ენერგია და ძალა მოახმაროს საკუთარი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას, აღორძინებასა და გამტკიცებას. ამისათვის მას დაჭირდება ისეთივე თავდადება და თავგანწირვა, როგორც ამას აკეთებდნენ ჩვენი წინაპრები ბასიანის და დიდგორის ბრძოლის დროს. ეს ბრძოლა იქნება ყოველდღიური. მართალია ფიზიკურ ძალას ნაკლებად ვიყენებთ, მაგრამ სულიერი სიმტკიცე და თავგანწირვა სამშობლოსა და სულის ცხონებისათვის გვჭირდება მთელი ცხოვრების განმავლობაში.
თემის განხილვაში მონაწილეობს სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური მამა დავით თავაძე:- მაცხოვარმა თავისი ღმერთკაცობრივი ცხოვრების ჟამს სხვა სულის მაცხოვნებელ მცნებებთან ერთად ასეთი რამეც უთხრა ჯერ კიდევ სულიერად "ბნელსა შინა მსხდომ" კაცობრიობას: "იყავით თქვენ სრულ, ვითარცა მამა თქვენი ზეცათა სრულ არს". ზნეობრივი სრულყოფილებისკენ მიმავალი გზა კი უპირველეს ყოვლისა სიმშვიდესა და სიმდაბლეზე გადის. ამპარტავნებისა და სიამაყის გამო დაკარგული ზეცა ადამიანმა სინანულით, სიმშვიდითა და სიმდაბლით უნდა მოიპოვოს. ყოველივე ამის მაგალითს კი მაცხოვარი თავისი მიწიერი ცხოვრებით გვაძლევდა.
სიმშვიდე ის მაცხოვნებელი მადლია, ურომლისოდაც შეუძლებელია, კაცი თავის ზეციურ სამშობლოს დაუბრუნდეს. სიმშვიდე არის ნაყოფი შემუსვრილი და დამდაბლებული გულისა.
"აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა, და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა და ჰპოოთ განსუენებაი სულთა თქუენთაი" (მთ. 11,29).
უფალი, უპირველესად, მოგვიწოდებს, მისგან ვისწავლოთ სიმშვიდე და სიმდაბლე გულისა. როგორც ღირსი მამა ფილარეტ მოსკოველი ამბობს, "სიმშვიდე, სიფრთხილესთან შერწყმით, ისეთი განწყობილებაა სულისა, როდესაც არ ხდება გაღიზიანება არაფრით და არავისით".
"სიმშვიდე არის უცვლელი მდგომარეობა გონებისა, როდესაც ადამიანი პატივსა და დამცირებას თანაბარი უშფოთველობით ხვდება და წრფელად ლოცულობს კეთილისმყოფელთა და შეურაცხმყოფელთათვის" (ღირსი მამა იოანე კიბისაღმწერელი).
პეტრე მოციქული ამბობს: "დაფარული იგი გულისა კაცი, უხრწნელითა მით მშვიდისა მის და მყუდროისა სულისა წესითა, რომელ არს წინაშე ღმრთისა ფრიად პატიოსან" (I პეტრე 3,4).
მარადიული ნეტარების მოპოვების მსურველებმა ყოველი ღონე უნდა იხმარონ დარღვეული მშვიდობის აღსადგენად. უნდა ეცადონ განმუხტონ ადამიანებს შორის მომხდარი ყოველგვარი უთანხმოება და კონფლიქტი. სხვების დამშვიდება კი მხოლოდ მას შეუძლია, ვინც საკუთარ თავში მოიპოვა სულიერი სიმშვიდე. თუ ქრისტესმიერი ცხონების გზით სიარული გვსურს, ყოველგვარი მწუხარების, გინების, ცილისწამების, იწროების მიმართ გვმართებს ვიყოთ ყრუ, ბრმა და უგრძნობელი, ხოლო თუ შეუძლებელია აუღელვებლად დათმენა განსაცდელისა, მაშინ ენას უნდა ამოვდოთ ლაგამი, როგორც ამას დავით წინასწარმეტყველი ამბობს: "მიეწიფნეს სახუმილავთა თუალნი ჩემნი; შევძრწუნდი და არა ვიტყოდე" (ფს. 76,5). სულის მშვიდობა რომ შეინარჩუნო, უნდა განდევნო დარდი და შეეცადო გქონდეს სული მხიარული. ზირაქის ბრძენი ვაჟი ამბობს: "მრავალი არს მოწყლული დარდისაგან, მაგრამ სარგებელი მათი არარაი არს" (ზირაქ. 30,25).
სულიერი სიმშვიდის შესანარჩუნებლად საჭიროა ყოველი ღონე იხმარო, რათა თავი აარიდო სხვის განკითხვას. ამ ორ ნეტარებას შორის განსხვავება ის არის, რომ მესამე მცნება ნეტარებისა მოსამზადებელი საფეხურია ნეტარების მეშვიდე მცნების აღსასრულებლად. მესამე ნეტარება სულიერი სიმშვიდის მოპოვებისკენ მოგვიწოდებს, რის შემდეგაც შეგვეძლება თავად გავხდეთ მშვიდობისმყოფელნი.
პასუხი შეკითხვაზე:ნათესავები შესაძლებელია გახდნენ ნათლიები, მაგრამ რადგან ყოველ ქრისტიანს თავს უამრავი შესანიშნავი ადამიანი ახვევია, უმჯობესია სხვა კარგი ადამიანები დავინათესავოთ ნათლობის მადლით.