ყოველი ადამიანი თავად ირჩევს თავისი ცხოვრების გზას. რა ფაქტორები მოქმედებს ადამიანის არჩევანზე, როგორ აკეთებს ის არჩევანს, რა როლი ენიჭება ამ შემთხვევაში
მემკვიდრეობას, მოძღვარს, ფსიქოლოგს, საზოგადოებას... ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი,
ქალბატონი ლელა ტყეშელაშვილი და ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი, საქართველოს ანალიტიკური ფსიქოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ბატონი
რეზო კორინთელი.
- რა როლს თამაშობს მემკვიდრეობითობა, ზოგადად, მემკვიდრეობითი მიდრეკილებები, ამა თუ იმ ადამიანის ცხოვრებისეული გზის არჩევანში და პიროვნების ხასიათის ჩამოყალიბებაში?ბატონი
რეზო კორინთელი:- ფსიქოანალიტიკური და ტრანსგენერაციული ფსიქოთერაპიის კვლევებით ირკვევა, რომ ზოგიერთი ადამიანი იქცევა ისე, როგორც მის წინაპარს ენდომებოდა, ზოგჯერ იმეორებს იმ წინაპრის ცხოვრების სტილსა და სცენარს, ავადმყოფობასა და პროფესიას, რომელიც არც კი უნახავს. სახელის დარქმევის დროს ყურადსაღებია, თუ ვის სახელს არქმევენ და ვინ არქმევს, თუ რა სიმბოლური დატვირთვა აქვს დარქმეულ სახელს. სახელი არა მარტო ნომინალურია, არამედ მისი მატარებელი ადამიანის ცხოვრების სტილს, მისი ცხოვრების უნიკალურ გზას მოიცავს კონდენსირებული ფორმით. მაგალითად, თუ გქვია დიდედის სახელი და მის სახელთან ასოცირდება არაჩვეულებრივი მეოჯახე, მშრომელი, გამრჯე ქალი, მაშინ შენს არაცნობიერს გადმოეცემა ცხოვრების მოდელი, თუ როგორ უნდა იცხოვრო. ამ მოდელთან გაიგივების, იდენტიფიცირების (იდენტიფიცირება არაცნობიერი მიბაძვაა, განსხვავებით იმიტაციისგან, რომლის დროსაც შეგნებულად ვბაძავთ) შემთხვევაში ადგილი ექნება ამ მოდელის ცხოვრებაში ხორცშესხმას. ოჯახის არაცნობიერი ინახავს გვარის მთელ ისტორიას. ამავე დროს, არაცნობიერ ფსიქიკაში არის პლასტი, რომელიც ეროვნულის, ეთნოკულტურის მატარებელია და შენახულია თითოეული ადამიანის ფსიქიკაში.Aამგვარად, ცალკეული ადამიანი, მისი არაცნობიერი მისი ერის ისტორიის, მეხსიერების მატარებელია. არაცნობიერი მოიცავს აგრეთვე რასობრივ და ზოგადსაკაცობრიო შრეებს. ადამიანის არაცნობიერს, რომელიც ცხოვრების განმავლობაში შეძენილ პირად განცდებზე არ დაიყვანება, იუნგმა უწოდა "კოლექტიური არაცნობიერი".
ის, რაც ოჯახში, საზოგადოებაში, რასასა და კაცობრიობაში ხდება, ფაქტობრივად თითოეული ადამიანის ფსიქიკაში, მის არაცნობიერ ნაწილში ილექება. ამავე დროს ოჯახი არის მთლიანი სისტემა, რომელიც მის წევრთა ფსიქობიოლოგიის უბრალო ჯამამდე არ მიიყვანება, ისევე როგორც მელოდია მის შემადგენელ ჰანგებამდე. იგი, სხვა სისტემების მსგავსად, თავისი კანონზომიერებით მოქმედებს. ოჯახში სხვა ფსიქოფიზიკური სისტემების ანალოგიურად ორი პრინციპი მოქმედებს. ერთია თვითგადარჩენის, ნეგენტროპიის, მეორე - ენტროპიის, ნგრევისა და დაშლის. ოჯახს, როგორც ცოცხალ ორგანიზმს, აქვს შემდეგი ფუნქციები: აღმზრდელობითი, სამეურნეო-საყოფაცხოვრებო, სექსუალურ-ეროტიკული, ემოციური, სულიერი და ა.შ. ამ ფუნქციათა შესასრულებლად ოჯახის წევრთა შორის ნაწილდება როლები. აღმზრდელობითი როლი მშობლების ხვედრია, ემოციური ფუნქცია კი ბავშვმა შეიძლება აიღოს თავის თავზე. ბავშვის სიყვარული აერთიანებს და ემოციურად აკავშირებს მთელ ოჯახს. როდესაც ოჯახი თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს და დისჰარმონიულია, ხშირად სწორედ ბავშვის საშუალებით ხდება მისი შეძლებისდაგვარად შენარჩუნება. მაგალითად, დაშლის პირას მყოფ ოჯახში ბავშვი ავად ხდება. ასეთ შემთხვევაში ცოლ-ქმარს შორის სხვა ურთიერთობა ყალიბდება, სხვაგვარი დამოკიდებულებები ჩნდება. ბავშვის ავადმყოფობა თითქოს აერთიანებს ოჯახს. ამას, ცხადია, ბავშვი შეგნებულად არ აკეთებს. ამას აკეთებს ოჯახის არაცნობიერი. ეს არის არაჯანსაღი, მავნე ურთიერთობები, რომელიც ოჯახს აერთიანებს ბავშვის ავადმყოფობის გზით, პატარას ხარჯზე. ამიტომ, ფსიქიატრიის და ფსიქოანალიზის თანამედროვე ეტაპზე დიდი ყურადღება ეთმობა ინტერპერსონალურ ურთიერთობებს. ჯანსაღი ურთიერთობა ქმნის ურთიერთობის ისეთ ინტერაქციულ ველს, რომელიც ჯანსაღად მოქმედებს ოჯახის თითოეულ წევრზე. თანამედროვე კვლევებით, ეს ურთიერთობები მოქმედებს არა მარტო ფსიქოემოციურ სფეროზე, არამედ ტვინზეც და მის ბიოქიმიას ცვლის. მაგრამ თუკი ოჯახში მკვიდრდება ისეთი სცენარი, რომლის თანახმადაც ამ ბავშვმა უნდა იხსნას ოჯახი, ეს სცენარი და როლები შეიძლება თაობიდან თაობაზე გადავიდეს. მომავალი თაობა იდენტიფიცირებას ახდენს, ანუ შეუგნებლად ბაძავს წინაპარს. მაგალითად, ბიჭი ბაძავს მამას, გოგონა კი - დედას, იმიტომ რომ, ბუნებრივია, უყვარს მშობელი. შვილი იმეორებს არა მხოლოდ მშობლის მიმოხვრას, არამედ, გარკვეულწილად, მისი ცხოვრების სტილსა და გზასაც.
მაგრამ ყველაფერს მემკვიდრეობასაც ნუ გადავაბრალებთ. თუკი ადამიანი შეწყვეტს თავისი წინაპრების სცენარის გამეორებას, ანუ თუკი მოინანიებს და შეიცვლება, მაშინ მას შეუძლია ახალი გზა იპოვოს. ბევრმა არ იცის, რომ იმეორებს მშობლების გზას. ჩვენი წინაპრები, ფაქტობრივად, ცოცხლები არიან. მხოლოდ ფიზიკურად ვერ ვხედავთ მათ, თორემ მათი ნამოღვაწარი და საქმეები ჩვენს ფსიქიკაში, ჩვენს არაცნობიერშია და ისინი ზემოქმედებას ახდენენ ჩვენს დღევანდელ, აწმყო ცხოვრებაზე. მთავარი ის კი არ არის, მემკვიდრეეობით რა მივიღეთ და რა გარემოში ვცხოვრობთ, არამედ მთავარია, რას ვქმნით მემკვიდრეობით და გარემოდან მიღებული მასალისგან. ამგვარად, თავისუფალი, შემოქმედებითი საწყისი უფრო მაღლა დგას გარემო ზეგავლენასა და გენეტიკაზე.
- როდესაც ადამიანი რაიმე ცოდვას, დანაშაულს სჩადის, ხშირად ახსენებენ ხოლმე: შეჩერდი, შენ ხომ შვილი გყავს! ზემოთ ახსენეთ, რომ უმეტეს შემთხვევაში შვილი იდენტიფიცირებას ახდენს მშობელთან. რამდენად მნიშვნელოვანია მშობლისგან ამის გაცნობიერება?- როდესაც შვილი იდენტიფიცირდება თავის მშობელთან, იგი უხილავად იდენტიფიციდრება მის ფასეულობათა სისტემასთან, მის მსოფლმხედველობასთან, იმავე ცხოვრებით ცხოვრობს და დიდი შანსია, რომ იმავე ცხოვრებისეულ შედეგებამდე მივიდეს ისიც. ბავშვზე მოქმედებს ორი საწყისის ერთობლიობა: დედისა და მამის, უფრო სწორად, დედისა და მამის ხატის. დედამ სხვა სამყარო მოგვიტანა, მამამ - სხვა. ხშირად მამა რასაც აკეთებს, შვილზეც ტრანსგენერაციული გამეორების მექანიზმით გადადის. მამა თუ ნარკომანი იყო, შვილიც ინსტინქტურად იმეორებს მამის ცხოვრებას. აქ მხოლოდ ნარკომანია არ იგულისხმება, არამედ, უპირველესად, მსოფლმხედველობა და ცხოვრების ფილოსოფია. რას ეუბნება ნარკომანი მამა შვილს თავისი ცხოვრებით? იგი ეუბნება, რომ ცხოვრება სიამოვნებაა, მე ვერ შევდექი, როგორც კაცი, ვერ გამოვუცხადე ცხოვრებას ბრძოლა, ჩემი მოვალეობები ვერ შევასრულე; დედის სითბომ გამანებივრა და არ მომცა საშუალება, მოვწყვეტოდი სიამოვნებას და გამარჯვება მომეპოვებინა ვნებებზე. შვილი იმეორებს მამის ცხოვრებას, იმიტომ რომ მამა არის მიბაძვის ყველაზე ახლო მდგომი მოდელი, ცოცხალი მაგალითი მამაკაცობისა. ბავშვი მამის საშუალებით შედის მამაკაცთა სამყაროში. თუმცა ვიმეორებ იმას, რასაც ქრისტიანული სწავლებაც გულისხმობს, - ადამიანს მოეკითხება ის, რაც თვითონ დააშავა ამ ცხოვრებაში. "მამაო ჩვენოს" როცა წარმოვთქვამთ, ღმერთს შევთხოვთ, "მოგვიტევოს თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა". ეს ვალი ანუ თანანადები შეიძლება ჩვენი წინაპრების ცოდვებიც იყოს. ისინი ხომ არსებობს ჩვენს სხეულში, ჩვენს ფსიქიკურ მეხსიერებაში. ჩვენ უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან დანაშაულის გრძნობა და მიზეზი. ადამიანის ცოდვითი მიდრეკილება შეიძლება გამოწვეული იყოს წინაპრის მიერ ჩადენილი ცოდვის მიზეზით, მაგრამ ადამიანს შეუძლია და ხელეწიფება კიდეც ამის შეცვლა.
- ადამიანი საზოგადოებრივი არსებაა და მის არჩევანზე ძალიან ხშირად საზოგადოებრივი აზრიც ახდენს ზეგავლენას. რა როლს თამაშობს საზოგადოება ადამიანის ცხოვრების გზის არჩევანში?ქალბატონი
ლელა ტყეშელაშვილი:- ადამიანები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული სიტუაციების შეფასების მიხედვით. ერთნი მიიჩნევენ, რომ ყველაფერი, რაც თავს გადახდათ, გარე მოვლენების - შემთხვევის, სხვების, უიღბლობის, გარემოსა თუ მსოფლიო პოლიტიკაში მომხდარი მოვლენების შედეგია. კონფორმული და დამყოლი ქცევა უმეტესად ამ ტიპის ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი.
მეორენი თავიანთ ბიოგრაფიაზე სრულად იღებენ პასუხისმგებლობას და სურვილისამებრ ცვლიან მას, ყველა მიღწევას თუ წარუმატებლობას თავისი ამა თუ იმ ქცევის შედეგად აღიქვამენ.
ყოველივე ზემოთქმული მიუთითებს, რომ არ არის უმნიშვნელო, ადამიანი თავს ქცევის აქტიურ სუბიექტად განიცდის თუ სხვა ადამიანებისა და გარეშე მოვლენების ზემოქმედების პასიურ ობიექტად. პირველ შემთხვევაში ის თავისი არჩევანის სრული უფალია, მეორეში კი - უბრალო მარიონეტი.
- საზოგადოების გავლენა არჩევანზე ადამიანს უძნელებს სწორი გადაწყვეტილების მიღებას. ზოგჯერ მოძღვარიც მსაჯულად იქცევა.- ზოგჯერ ადამიანი ცნობიერად ცვლის ქცევას მხოლოდ იმის გამო, რომ შეეწყოს ჯგუფს, არ გამოირჩეოდეს მისი წევრებისგან, დაიმსახუროს მოწონება და თავიდან აიცილოს განსჯა.
ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ჯგუფის ზეწოლას უფრო ხშირად განიცდიან დაბალი თვითშეფასების მქონენი.
არსებობს გამოკვლევები იმის შესახებაც, რომ მაშინ, როცა საკუთარი აზრის სახალხოდ გამოთქმაა საჭირო, ადამიანს წარმართავს მასის მიერ განსჯის და მის წინაშე უჩვეულოდ ან სასაცილოდ წარმოჩენის შიში.
- ხშირად შეცდომებს მოსდევს ხელის ჩაქნევა, მორიგი შეცდომების კასკადი, სასოწარკვეთილება. როგორ შექმნას ადამიანმა თავისი ცხოვრება, როგორ მოახერხოს დაცემის შემდეგ ადგომა?- ამბობენ, შეცდომა და მარცხი კარგი გაკვეთილია, სასარგებლო გამოცდილებაა, მაგრამ ქრონიკული მარცხი კარგავს ყოველგვარ პოზიტიურ დანიშნულებას. მას მოსდევს ადამიანის აქტიურობის შესუსტება, აპათია, განურჩევლობა.
იგივე შეიძლება ითქვას საზოგადოებაზეც. ჯობს, კონკრეტული მიზანი გვქონდეს: დღეს რას ვაკეთებთ, ხვალ რას გავაკეთებთ... და იგივე მოვითხოვოთ იმ ადამიანებისგან, რომლებიც გვპირდებიან საქართველოს ფეხზე დაყენებას. ანუ ლოზუნგი არ უნდა იყოს აბსტრაქტული, დროში შეუზღუდავი. უნდა ვიცოდეთ, რამდენ წელიწადში ვიგრძნობთ, რომ მიზნისკენ ნაბიჯი არის გადადგმული. საკუთარი შესაძლებლობების რწმენის დაბრუნებაში მოკრძალებული, მაგრამ ხშირი წარმატებების მოპოვება დაგვეხმარება. ამის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება ჩვენ წინაშე მდგარ რთულ ამოცანებთან შეჭიდება.
- არის ისეთი ფაქტორები, რომლებსაც ადამიანი ვერ აირჩევს. როგორ მიიღოს არსებული რეალობა?- "სულიერი სიმშვიდით", როგორც ოპტელი მამების ლოცვაშია ნათქვამი, და სიბრძნით, როგორც ერთი ცნობილი აღმოსავლური გამონათქვამი გვასწავლის - რათა შევძლოთ, ერთმანეთისგან გავარჩიოთ, რისი შეცვლა შეგვიძლია და რისი - არა. შევეგუოთ იმას, რისი შეცვლაც არ შეგვიძლია და შევცვალოთ ის, რისი შეცვლაც შეგვიძლია. ერთადერთი, რასაც ადამიანი ვერ აირჩევს და ვერც შეცვლის, ეს მისი ინდივიდუალობაა (მათ შორის გენეტიკა და მასთან დაკავშირებული ფაქტორები - ბიოლოგიური მშობლები და ნათესავები).
თითოეულ ადამიანს უნდა შეეძლოს, თავის ბიოგრაფიაში დაინახოს მოვლენათა გარეგნული ჯაჭვის მიღმა ის სულიერი სიღრმე, სადაც მოჩანს ადამიანის ჯვარი, მისი სულიერი ამოცანები, მისი სულიერი გზის ლოგიკა. ეს ამოცანები იგივე რჩება იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა პირობებში მოუხდება ადამიანს ცხოვრება. ანუ სადაც არ უნდა ცხოვრობდეს, მისი სულიერი ამოცანა, სულიერი გზის ლოგიკა რჩება იგივე და მისი მიზანი ამის შემჩნევაა.
- როგორია ამ მხრივ მოძღვრის, ფსიქოლოგის როლი?- ფსიქოლოგები ხშირად კამათობენ, საჭიროა თუ არა რჩევის მიცემა და აღნიშნავენ, რომ უმჯობესია, ადამიანს დაეხმარო თავისი პრობლემის გაცნობიერება-ჩამოყალიბებაში და არჩევანს თვითონ გააკეთებს.
ზოგჯერ ადამიანი სთხოვს დახმარებას მოძღვარს, ფსიქოლოგს, მეგობარს, გულის სიღრმეში კი უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება და ეს თხოვნა ფორმალური ხასიათისაა. მისი მიზანი ან ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაა, ან თვალთმაქცობა. ამ შემთხვევაში ადამიანი ემსგავსება სახარებისეულ მდიდარს, რომელმაც გამოსაცდელად დაუსვა კითხვა მაცხოვარს, რა უნდა მოემოქმედებინა სულის საცხოვნებლად, მაგრამ მისი რჩევის შესასრულებლად მზად არ აღმოჩნდა.
- როგორი სტრატეგია აირჩიოს ადამიანმა ცხოვრებისეული გზის არჩევანისთვის?- პატრიარქი ხშირად მოგვიწოდებს კრიტიკული აზროვნებისკენ. ეს ის საშუალებაა, რომლითაც ადამიანი მოახერხებს გონივრული ცხოვრებისეული არჩევანის გაკეთებას და ახალ, უცნობ ინფორმაციულ ნაკადში გარკვევას.
კრიტიკულად რომ ვიაზროვნოთ, უნდა შევეჩვიოთ, საწყის ეტაპზე განვასხვავოთ ერთმანეთისგან ემოციაზე დაფუძნებული მსჯელობა ლოგიკურისგან. კრიტიკული აზროვნება ყველაფერში უარყოფითი მხარის შემჩნევას როდი ნიშნავს, ნებისმიერ ინფორმაციაში უნდა დავინახოთ როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური მხარე. არადამაჯერებელ ფაქტებში, რაიმე შეუსაბამობაში თამამად უნდა შევიტანოთ ეჭვი, შევამჩნიოთ შეუსაბამობა და, რაც მთავარია, თუ საკმარისი ინფორმაცია არ გვაქვს, არ ვიჩქაროთ დასკვნის გამოტანა.
- ასე რომ, ჩვენი ცხოვრების გზის არჩევანი ჩვენს ხელთაა და არანაირი აუცილებლობა და გარდაუვალობა არ განსაზღვრავს მას...- ამასთან დაკავშირებით ერთ იგავს გავიხსენებ. ქალაქში ორი ბრძენი ცხოვრობდა. ერთი მათგანი შურიანი იყო. შურიანმა გადაწყვიტა მეორე ბრძენისთვის ავტორიტეტი შეელახა და ხალხის თანდასწრებით ერთი შეკითხვა დაესვა მისთვის, რომელზეც პასუხის გაცემას ვერ შეძლებდა. დაიჭირა პეპელა, მოიქცია ხელისგულებში და მივიდა ბრძენთან. თან ფიქრობდა: ვკითხავ, ცოცხალი პეპელა მიჭირავს თუ მკვდარიო. თუ მეტყვის, პეპელა ცოცხალიაო, მაშინ ხელისგულებს ერთმანეთს მოვუჭერ და პეპელაც მოკვდება. ამ შემთხვევაში მისი პასუხი არასწორი აღმოჩნდება, ხოლო თუ მეტყვის, პეპელა მკვდარიაო, ხელებს გავშლი და პეპელა გაფრინდებაო. ბრძენი ყველაფერს მიხვდა. როდესაც შურიანმა ჰკითხა, როგორი პეპელა მიჭირავს ხელშიო, მან ძალიან მოკლედ უპასუხა: ყველაფერი შენს ხელთააო. მართლაც მის ხელში იყო, მოკლავდა თუ აცოცხლებდა ამ პეპელას. Eეს იგავი შეგვაგონებს, რომ ფაქტობრივად ჩვენს ხელთაა ჩვენი არჩევანი: როგორი იქნება ჩვენი ერის მომავალი, ჩვენი პიროვნული ზრდა... უფლის მიერ მონიჭებულ ჩარჩოებში ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ მაქსიმალური, რაც ჩვენი პიროვნებისთვის არის განსაზღვრული.