მიუხედავად ამისა, 25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე 40-დღიანი მარხვა მკაცრდება და უფრო აქტიურ ფაზაში შედის, 1-ლი იანვრიდან დაწყებული ახალი წლის დადგომას ორივე სტილით აღნიშნავენ და საახალწლო განწყობილება თითქმის მთელი თვე გრძელდება.
1. თქვენს ოჯახში როგორ აღნიშნავთ ამ დღესასწაულებს?
ანკეტის შეკითხვას უპასუხებენ ჟურნალისტი გიორგი ბერიძე, ფილოლოგი მანანა ამყოლაძე და მარტყოფის მამათა მონასტრის მედავითნე რამაზ კორძახია.
ახალი წელი კალენდარული დღესასწაულია, მართალია, მართლმადიდებლური ეკლესია ახალ წელს 1-ლ სექტემბერს აღნიშნავს, მაგრამ უკვე ტრადიციად ქცეული 1-ლი ინვარი გვაქვს სისხლსა და ხორცში გამჯდარი და ძნელად წარმომიდგენია ახალი წელი შუშხუნებით, ჩიჩილაკითა და ნაძვის ხის მორთვით 1-ლ სექტემბერს ვიზეიმოთ.
რაც შეეხება ქრისტეშობას, ჩვენი მესიის ამქვეყნად მოვლინებას, ეს უკვე სხვა თემაა და ამაღლებულ, სულიერ განწყობასთანაა დაკავშირებული.
ქართველების ლხინი და სუფრული ტრადიციები ცნობილია, მაგრამ ხშირად ზედმეტიც მოგვდის - ორ-ორჯერ ახალი წლის და ქრისტეშობის აღნიშვნა უკვე მეტისმეტია, მაგრამ ეს ჩვენ სუბკულტურულ ტრადიციად იქცა და ვართ ასე სულიერებასა და საახალწლო პურ-მარილს შორის გზააბნეულები.
მსოფლიოს ქვეყნებში ქრისტეშობის დღესასწაულს სხვადასხვა ტრადიციით აღნიშნავენ, რა თქმა უნდა, ჩვენი პატარა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეშიც განსხვავებული ტრადიციები გვაქვს, მაგრამ მთავარი კითხვა და პრობლემა მაინც დღესასწაულების ორჯერ აღნიშვნაა.
ევროპელები ჯერ ქრისტეშობას - 25 დეკემბერს, ოჯახში აღნიშნავენ. იკრიბებიან მთელი წლის განმავლობაში უნახავი და-ძმები, მშობლებთან მიდიან შვილები და განვლილი წლის შედეგებზეც საუბრობენ.
ახალი წლის დადგომას კი უკვე იმ ადამიანებთან ერთად არჩევენ, რომლებთანაც მომავალი წლის განმავლობაში ყოფნა აქვთ გადაწყვეტილი. 1-ლი იანვრის დადგომას ფოიერვერკებით შეხვდებიან და ამის შემდეგ გააგრძელებენ ქუჩებში სეირნობას ან სადმე კაფეში ჩაეხუტებიან ერთმანეთს...
მსგავსი სცენები ფილმებშიც ბევრი გვინახავს და წიგნებშიც წაგვიკითხავს. ხშირად გვინდა მივბაძოთ ამერიკასაც და ევროპასაც, მაგრამ ჩვენ ხომ სხვა მენტალობის და ტრადიციების მატარებლები ვართ... რეალურად ჩვენთან რა ხდება? ფორმალური 25 დეკემბერი, პომპეზური 1-ლი იანვარი, სუფრასთან მოლხენით გადაღლილები უკვე საშობაო ღვეზელებს შინ თუ არ გამოვაცხობთ, საკონდიტროში შევიძენთ და ასე მივულოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს ერთმანეთს (თუმცა, საბედნიეროდ, ოჯახების უმრავლესობა ზედმიწევნით იცავს ყველა მართლმადიდებლურ ტრადიციას)...
შემდეგ კი მოდის გაფერმკრთალებული 14 იანვარი - ძველი კალენდრის მიხედვით ახალი წელი!.. მაგრამ ვიღას ახსოვს ძველით ახალი წელი, ემოციები და ამაღლებული განწყობა ჩავლილია - უკვე სამსახურებში ვართ ნიგვზიანი საკვებისგან ნაღველგასიებულები და ნაბახუსევის გამო თავატკიებულები....
შემდეგ იწყება ფიცი-მტკიცი და პირობის დადება, რომ ამდენს აღარასოდეს დავლევთ და მარხვას დავიცავთ. თუმცა პირობა იშვიათად სრულდება და ახალი წლის მოახლოებისთანავე გვავიწყდება...
20 წელია, ჟურნალისტი ვარ. ამ ხნის განმავლობაში მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში შევხვედრივარ ახალ წელს და ქრისტეშობის დღესასწაულსაც. მათ შორის კათოლიკურ ქვეყნებშიც შევსწრებივარ მართლმადიდებლების ახალი წლისა და ქრისტეშობის აღნიშვნას, თუმცა, ჩვენგან განსხვავებით, მათი ტრადიციები სულ სხვანაირი აღმოჩნდა.
იტალიაში მცხოვრები მართლმადიდებელთა დიდი ნაწილი ქრისტეშობას 7 იანვარს სულაც აღარ აღნიშნავს და 25 დეკემბერს ზეიმობს. ისინი გრეკო-კათოლიკეები ყოფილან. ანუ მართლმადიდებლები, მაგრამ საეკლესიო თარიღებს კათოლიკური კალენდრის მიხედვით აღნიშნავენ. ანუ ქრისტეშობას 25 დეკემბერს ზეიმობენ და არა 7 იანვარს.
ასევე, 25 დეკემბერს აღნიშნავენ ქრისტეშობას დასავლეთ უკრაინელები, საბერძნეთის მოსახლეობის ნაწილი, რუმინელები და სხვა ზოგიერთი მართლმადიდებელი ქრისტიანები. აი, ასეთი გამოსავალი იპოვეს ევროპელმა მართლმადიდებლების ნაწილმა, რათა 25 დეკემბერს ერქვას 25 დეკემბერი და არა 7 იანვარი...
ჩვენ ხომ ცოტა ევროპელები, ცოტა აზიელები, ცოტაც კავკასიელები და, რა თქმა უნდა, თვითმყოფადი ქართველები ვართ! რა უნდა ვქნათ და რა გზას დავადგეთ იმისთვის, რომ სასულიერო დღესასწაული, რასაც ქრისტეშობა ჰქვია, მხოლოდ ფორმალურ რიტუალად არ დარჩეს რიგით მოქალაქეებში და ისეთ მაღალ სასულიერო დღესასწაულად იქცეს, როგორც ზეიმობს მაზიარებელი მართლმადიდებელი?.. პასუხი მარტივია - ვცდილობ, მოვექცე ეკლესიის წიაღში და განწყობაც ამის მიხედვით შევიქმნა...
ამ საკითხთან დაკავშირებით მართლმადიდებელ ეკლესიას არგუმენტირებული ახსნა აქვს, რატომ აღინიშნება 7 იანვარს ქრისტეშობა... თუმცა 7 იანვრამდე ხომ კალენდარული ახალი წელია: ფერადი, ხმაურიანი, მოზეიმე საზოგადოებითა და ფოიერვერკებით განათებული ცით.
ახალ წელს და ქრისტეშობას გილოცავთ, ჩემო საქართველო - ტკივილიანო, მრავალჭირნახულო, იმედიანო, ოპტიმისტო და ორჯერ დღესასწაულების აღმნიშვნელო ერო!
მანანა ამყოლაძე, 57 წლის, ფილოლლოგი, თვითნასწავლი მხატვარი. მისი მეუღლეა მუსიკოსი სერგი გოგიტაშვილი, ქალიშვილი - ელენე.
1. ამაზე წლებია ვფიქრობ და მადლობელი ვარ, რომ ჩემი პოზიციის გამოხატვის საშუალება მეძლევა. როგორც მორწმუნე ქრისტიანს, ძალიან მაწუხებს ის, რომ ქვეყანა, რომელსაც მართლმადიდებლობის პრეტენზია აქვს, ახალ წელს მეტ უპირატესობას ანიჭებს, ვიდრე ქრისტიანობასა და ნათლისღებას. რატომ ხდება ასე, ცოტა მიჭირს ამაზე პასუხის გაცემა. 31 დეკემბრის ღამეს პატრიარქი გვილოცავს ახალი წლის დადგომას ტელეეკრანებიდან, მაგრამ ამ დროს უკვე საახალწლო სუფრას უსხედან და უმრავლესობა მთვრალია. ახალი წელი მეც მიყვარს, მაგრამ ჩვენს ოჯახში მას შობის შემდეგ, 14 იანვარს აღვნიშნავთ. მარხვის დღეებში საახალწლო სამზადისი, კონცერტები, ორგიები, ღრეობები, მთელი ორი კვირის განმავლობაში გრძელდება, 7 იანვარს, როცა ნამდვილი დღესასწაული დგება, ყველა გადაღლილია ამდენი ქეიფისა და ემოციისგან და შობას უსიხარულოდ ვხვდებით, როცა ეს დღესასწაული მართლაც საყოველთაო ზეიმითა და სიხარულით უნდა აღინიშნებოდეს. ისეთ გასაჭირში მყოფ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, მეტი ერთსულოვნება მოეთხოვება, ერთად უნდა დავძლიოთ ეს მავნე ტრადიცია, რომელიც კომუნისტურ წლებში დამკვიდრდა. მადლობა ღმერთს, ქრისტეშობის დღესასწაულს ბავშვები, ახალგაზრდები მოდიან ტაძარში.
ვფიქრობ, მეტი ზომიერება და თავშეკავება თუ არ გამოვიჩინეთ, მაშინ არც უნდა გვქონდეს მართლმადიდებლობის პრეტენზია, რადგან ეს ქრისტესთან კი არა, უფრო წარმართულ რიტუალებთან გვაახლოვებს.
ჩვენი ოჯახი - მე, ჩემი მეუღლე და 13 წლის ელენე, რომელიც დაქორწინებიდან 9 წლის შემდეგ შემეძინა, ქრისტეშობისა და სხვა უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულებს ტაძარში ვხვდებით, ღამისთევის ლოცვას ვესწრებით, ვცდილობთ, ზიარების მადლით განწმენდილნი შევხვდეთ ბრწყინვალე საეკლესიო დღესასწაულებს.
რამაზ კორძაია, 46 წლის, აფხაზეთიდან დევნილი, ანტონ მარტყოფელის მამათა მონასტრისა და თბილისის 13 ასურელი მამის სახელობის მშენებარე ტაძრის მედავითნე, ჰყავს მეუღლე - მანონ არაბული.
1. ბუნებრივია, 70-წლიანმა კომუნისტურმა რეჟიმმა გარკვეული დაღი დაასვა ჩვენს სულებს. ღვთისმშობლისა და ჩვენი ზეციური წმინდანების შემწეობითა და მეოხებით, ალბათ, მოვა დრო და ყველა დღესასწაული ისე აღინიშნება, როგორც ჩვენი დიდი წინაპრები აღნიშნავდნენ.
მე აფხაზეთში ვცხოვრობდი და მაშინ იქაც ისეთივე მდგომარეობა იყო, როგორიც საქართველოს ყველა რეგიონში. თუმცა ჩვენი ოჯახი ყოველთვის სცემდა პატივს ტრადიციებს, დავდოდი ალილოზეც თანატოლებთან ერთად, თუმცა იმდენად სიღრმისეულად არ გვქონდა გაცნობიერებული ამ დღესასწაულების მნიშვნელობა, მეგონა, შობას ღვინოს თუ დავლევდით და მოვილხენდით, ეს იყო დღესასწაულის აღნიშვნა. მადლობა ღმერთს, მადლი გადმოვიდა და დღეს კარგად გვესმის შობისა და ნათლისღების მნიშვნელობა, მე კი ვცდილობ, ისე ვიცხოვრო, როგორც სახარება გვასწავლის. ჩემი გამოცდილებით ისიც გავიგე, რომ როცა მარხვითა და ლოცვით ხვდები ასეთ ბრწყინვალე დღესასწაულებს, ამას განუზომელი სიხარული ახლავს თან.
თემის განხილვაში მონაწილეობს ვარკეთილის წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე გოგოლაძე.
- იანვრის ძველი ქართული სახელწოდება აპნისია. იანვარი ამ თვეს ძველი რომაელების მიბაძვით დაერქვა, წარმართული კერპის იანუსის პატივსაცემად, ეს იყო ორსახოვანი კერპი. წინა ნაწილზე გამოსახული იყო ახალგაზრდული სახე, რომელიც შორს, მომავლისკენ იცქირებოდა, უკანა ნაწილი კი ცხოვრებაგავლილი მოხუცი იყო. ამ კერპის დღესასწაულს ყოველთვის ღრეობით, ზარზეიმითა და ორგიებით აღნიშნავდნენ ძველი რომაელები, ეს რიტუალი მათთვის დაკავშირებული იყო აღვირახსნილობასთან, პომპეზურობასთან, კერპისთვის მსხვერპლის შეწირვასთან და ა.შ.
წმინდა იოანე ოქროპირი მორწმუნე ქრისტიანებს მკაცრად აფრთხილებდა: ამ დღეს, არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ თავი ღრეობა-გართობასო. საქართველოში ახალი წლის ათვლა სხვადასხვა დროს ხდებოდა. უფრო გავრცელებული იყო ახალი წელი 1 მარტს, როგორც პირველი დღე ქვეყნიერების შექმნისა, ზოგჯერ ახალი წელი 25 დეკემბრიდან, ქრისტეშობის დღიდან იწყებოდა. ერთი პერიოდი 1-ლ სექტემბერს მიიჩნევდნენ ახალი წლის დასაწყისად, ახალი წელი დღესაც 1-ლ სექტემბერს იწყება, რომელიც ახალი სტილით 14 სექტემბერს ემთხვევა.
ძველი რომაელების შემდეგ, გადის საუკუნეები და დაახლოებით XVII საუკუნეში, საფრანგეთის მეფის, კარლოს IX-ის ბრძანებით, ახალი წლის ათვლა ძველი რომაული კალენდრის მიხედვით გავრცელდა, რუსეთის იმპერატორი პეტრე დიდიც ევროპულ კურსს მისდევდა და მისი 1699 წლის ბრძანებულებით, 1700 წლიდან ახალი წელი რუსეთშიც 1-ლი იანვრიდან აღინიშნება. მას შემდეგ, რაც ქართული სახელმწიფო რუსეთმა დაიპყრო, ჩვენთანაც მოიკიდა ფეხი ახალი წლის 1-ლ იანვარს აღნიშვნამ.
საერო კალენდრის ანუ გრიგორიანული კალენდრის გავრცელებამ უხერხული ვითარება შექმნა ორთოდოქსული სარწმუნოების ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც. მართალია, შობის მარხვა ისედაც არ გამოირჩევა სიმკაცრით, 25 დეკემბრამდე თევზსაც იხმევს ქრისტიანი და მერე შედარებით მკაცრად ინახავს მარხვის ბოლო ორ კვირას, მაგრამ ახალი წელი, რომელიც ახალი სტილით 1-ლ იანვარს დგება, ერთი კვირით უსწრებს წინ შობას. უხერხულობა ისაა, რომ ქრისტიანი ამ დღეებში უფრო მეტად ზრუნავს სულზე, ვიდრე ხორცზე, თუმცა საერო ცხოვრებაში ეს პირიქით ხდება. ჩვენ შეგვიძლია დიდებული ტაძრები ავაგოთ, ეკლესიებში ბევრი სანთელი დავანთოთ, შესაწირი გავიღოთ, ტაძრებს ოქროს ჯვრები დავადგათ გუმბათებზე, რასაც ვაკეთებთ კიდეც, მაგრამ რაც შეეხება სულიწმინდის ტაძარს, რომელიც ჩვენს სხეულშია გასულიერებული, ამას ჩვენი ცოდვებით ვანგრევთ და ვანადგურებთ. ღმერთი მეორედ მოსვლის ჟამს არ მოგვკითხავს ჩვენ, რატომ არ ააშენეთ ეკლესია-მონასტრებიო. ასე რომ ყოფილიყო, სახარებაში ეწერებოდა ან კიდევ რატომ არ შემოავლეთ ტაძრებს დიდი გალავნები, გუმბათებს ოქროს ჯვრები არ დაადგით თავზე და დიდი ზარები რატომ არ ჩამოჰკიდეთ სალოცავებთანო, მაგრამ იმას კი უთუოდ მოგვკითხავს, რატომ შერყვენი შენი თავი და სხეული - ტაძარი სულიწმიდისა, რომელიც ჩემი მსგავსი და ხატია, მიწას და მტვერს, რომელსაც მე სული შთავბერე, რომლისთვისაც განვკაცდი და სისხლი დავღვარე, რატომ არ მოუარე და გაუფრთხილდიო. ახალი წელი, ცხადია, არ არის საეკლესიო დღესასწაული.
1-2 იანვარს უწმინდესმა დაუშვა თევზით ხსნილი. იქნებ დავფიქრდეთ ამაზე, რატომ გვაძლევს ჩვენი პატრიარქი უკვე რამდენიმე წელია, ასეთ ლოცვა-კურთხევას? მან გაითვალისწინა რა ჩვენი ნაყროვანი ბუნება, აკრძალვის მიუხედავად, თავისი მამობრივი და სიყვარულით აღსვსე გულით დაუშვა ასეთი რამ ჩვენზე, ამას ხომ უნდა მიხვდეს ყოველი ქრისტიანი. ჩვენ არ უნდა გავხადოთ იძულებული არც წმინდა სინოდი და არც კათოლიკოს-პატრიარქი, ისეთი ნაბიჯი გადადგან, მათი კურთხევა ჩვენს კუჭსა და გემოთმოყვარეობას მოემსახუროს. ასე მოხდა ადრე დასავლეთის ეკლესიაში, როდესაც ეკლესიის მაღალმა იერარქებმა შეხედეს, რომ ქრისტიანები ყურადღებას აღარ აქცევდნენ სულიერებას, მარხვა და წირვა-ლოცვაზე უზმოზე მისვლაც ეძნელებოდათ, მრევლის დაკარგვის შიშით იოლი გზების ძებნა დაიწყეს - მარხვაში ხალხს ნება დართეს, რძე და რძის ნაწარმი მიეღო, ამ დროს სჯულის კანონში წერია: "ნურვინ აღრევს ერთმანეთისგან თევზსა და წველასა", ანუ თევზსა და რძის ნაწარმსო, რადგან რძის ნაწარმის მიღება მარხვის დარღვევად ითვლება. ამით ჩვენ თითქოს ვაიძულებთ ღმერთს, ისე მოიქცეს, როგორც ჩვენ გვინდა, როგორც მივიჩნევთ საჭიროდ და უკეთესად.
ამ ტრადიციას, ცხადია, უცებ ვერ შევცვლით, ხორციელ მოთხოვნილებაზე ასე ერთბაშად ვერვინ იტყვის უარს, მაგრამ ზომიერების დაცვა კი აუცილებლად უნდა ვისწავლოთ, იმისათვის, რომ ზღვარგადასული მოლხენა ღვთის მცნებებთან დაპირისპირებაში, ღმერთის უარყოფაში არ გადაიზარდოს. ადამიანი ღვთის ქმნილება არის, მას ებოძა თავისუფალი ნება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ღმერთი დაგვავიწყდეს. ებრაელი ერის მხილება იყო, როცა ქრისტემ თქვა: "შაბათი კაცისათვის და არა კაცი შაბათისათვის", "წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი". ეს სიტყვები ყველასთვის ითქვა და ჩვენც არ უნდა დაგვავიწყდეს, რადგან როგორც წმინდა სახარება გვასწავლის, მაცხოვრის მეორედ მოსვლის ჟამს "ოდეს მოვა ძე კაცისაი, ჰპოვოს მეა სარწმუნოებაი კაცთა შორის?" ე.ი. მეორედ მოსვლის ჟამს, როცა მაცხოვარი ზეციური მამის დიდებით, ანგელოზთა დასისა და წმინდანთა თანხლებით განიკითხავს სამყაროს, ჰპოვებს კი სარწმუნებას ადამიანთა შორის? უფალი ხომ სარწმუნოებას მოითხოვს ჩვენგან, იპოვის კი ცოცხალ რწმენას ჩვენს გულებში? "სარწმუნოება მკვდარ არს თვინიერ საქმისაო", - ბრძანებს პავლე მოციქული, ამიტომ "საქმემან ჩვენმან" უნდა გამოგვაჩინოს.
ღმერთი ფარავდეს ჩვენს ხალხს და სრულიად საქართველოს!