1. თქვენი აზრით, რამდენად გაამართლა საქართველოს საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში მიმდინარე რეფორმამ?
2. ემხრობით თუ ეწინააღმდეგებით იმ მოსაზრებას, რომ ახალი სასწავლო წელი ყოველთვის ერთსა და იმავე კალენდარულ თარიღს უნდა ემთხვეოდეს?
შეკითხვებს უპასუხებენ მეცნიერებისა და განათლების დარგის ექსპერტები: აკადემიკოსი ივანე კიღურაძე, პროფესორები: თემურ ნანეიშვილი და მერაბ ჯიბლაძე. ივანე კიღურაძე, 75 წლის, აკადემიკოსი, წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტს, ამჟამად ამ ინსტიტუტის დიფერენციალური განტოლებების განყოფილების გამგეა, მისი მეუღლე მზია გრიგოლიაც მათემატიკოსია და სამეცნიერო მუშაობას ეწევა, ჰყავთ ორი შვილი. მაია ექიმია, ტარიელი - აშშ-ის ფლორიდის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მათემატიკის პროფესორი.1. სიტყვა "რეფორმა" ყოველთვის პროგრესთან ასოცირდება, მაგრამ რეფორმა შეიძლება იყოს კარგი ან ცუდი. საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სფეროში წლების წინ დაწყებულ რეფორმას კარგს ნამდვილად ვერ ვუწოდებ, პირიქით. დაინგრა საქართველოს მეცნიერებათა აკადემია როგორც სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ერთიანობა. ჯერ კვლევითი ინსტიტუტები გამოიყვანეს აკადემიის სისტემიდან და უშუალოდ დაუმორჩილეს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს, ამის შემდეგ, მათივე მიღებული კანონის დარღვევით, ეს ინსტიტუტები შეუერთეს უმაღლეს სასწავლებლებს, როგორც გაურკვეველი სტატუსის სტრუქტურული ერთეულები, კვლევითი ინსტიტუტების უმაღლესი კვალიფიკაციის მეცნიერ-თანამშრომელთა მაქსიმალური ხელფასი 200 ლარი გახდა. საქმე ეხება მეცნიერებათა დოქტორებს, მსოფლიო სახელის მქონე მეცნიერებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი რეალურ საარსებო მინიმუმზე გაცილებით დაბალია. ალბათ მალე ამ ინსტიტუტებს გააუქმებენ. საქმე ეხება არა რომელიმე შემთხვევით დაარსებულ სამეცნიერო დაწესებულებას, არამედ ისეთ ინსტიტუტებს, როგორებიცაა მათემატიკის, ფიზიკის, გეოლოგიის, ფიზიოლოგიის, ჰუმანიტარული პროფილის ცნობილი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, რომელთა ძალისხმევითაც საქართველო დამკვიდრდა მსოფლიოს ინტელექტუალურ რუკაზე. აქ ქვეყნის სასიკეთოდ ჩაფიქრებულ რეფორმასთან არა გვაქვს საქმე, რადგან მარტივი ჭეშმარიტებაა: სადაც მეცნიერება არ ვითარდება, როგორ შეიძლება იმ ქვეყანაში განათლება იყოს მაღალ დონეზე?! მეცნიერების განვითარების დონე შესაბამისად აისახება როგორც უმაღლეს, ისე საშუალო სკოლების განათლებაზე. 2006 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმოუდგენელი რამ მოხდა - საუკეთესო, მაღალკვალიფიციური პროფესორები უნივერსიტეტის გარეთ აღმოჩნდნენ და რეფორმა, რომელსაც ლიბერალური უწოდეს, სინამდვილეში იმას ნიშნავს, რომ სტუდენტები ვერ იღებენ სრულფასოვან საუნივერსიტეტო განათლებას, მაგალითად, მეორე კურსზე სხვადასხვა სპეციალობის მქონე სტუდენტებს - ყველას ერთნაირი საგნები ეკითხებათ. პირველ და მეორე კურსზე ხდება ახალგაზრდების პროფესიული ორიენტაციის ჩამოყალიბება და მაშინ უნდა ეუფლებოდნენ სტუდენტები მეცნიერებათა საფუძვლებს. გააუქმეს ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის და სხვა ფუნდამენტურ მეცნიერებათა ფაკულტეტები და მათ ბაზაზე შეიქმნა ერთი, საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი და თსუ, ეს მეცნიერებისა და განათლების უმძლავრესი კერა, იქცა კოლეჯის დონის სასწავლებლად. ეს ეხება საქართველოს ყველა უმაღლეს სასწავლებელს. მართვის სფეროშიც უცნაურობები მოხდა და მაშინ, როცა ცოტა ხნის წინათ საქართველო ცნობილი იყო მეცნიერებისა და განათლების დონით, დღეს არსად მსოფლიოში უმაღლეს სასწავლებლებს ისე არა აქვთ წართმეული ავტონომია, როგორც ჩვენთან. ამით ჩვენი სასწავლებლები აქციეს სამინისტროს მორჩილ დაწესებულებებად. სხვათა შორის, რექტორის თანამდებობა დღეს ფორმალურად არის არჩევითი. სინამდვილეში მას სამინისტრო ნიშნავს და მაშინ როცა, შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, უნივერსიტეტები ავტონომიური უფლებებით სარგებლობდნენ და სწავლულებს უნდა გადაეწყვიტათ, ვინ აერჩიათ თავიანთი სამეცნიერო დაწესებულების ხელმძღვანელად, დღეს, სამწუხაროდ, ამას მოხელეები წყვეტენ და ამ თანამდებობაზე ყოვლად შეუფერებელ პირებს ნიშნავენ. რაც მთავარია, კვლევით დაწესებულებას წაერთვა უმნიშვნელოვანესი ფუნქცია - ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების მომზადების ფუნქცია. დღეს უნივერსიტეტის კვლევითი დაწესებულების თანამშრომლებს არა აქვთ სამეცნიერო კადრების მომზადების უფლება, შეიძლება ვინმეს ეძახდნენ აკადემიის დოქტორს, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი განათლების დონე იმდენად დაბალია, იმასაც კი ვერ შევადარებთ, ადრე რომ მეცნიერებათა კანდიდატს უწოდებდნენ. ამ დიპლომით იგი მსოფლიოს ვერც ერთ ქვეყანაში ვერ ისარგებლებს.
ანალოგიური ვითარებაა საშუალო სკოლებშიც: უხეში ჩარევა, უხეში ადმინისტრირება, მანდატურის ინსტიტუტის დანერგვა - ყველაფერი ეს არ არის მიმართული სწავლების დონის გასაუმჯობესებლად და ცოდნით შეიარაღებული ახალგაზრდების გასაზარდელად, რატომღაც, ჩვენი საზოგადოება უნდათ შეაჩვიონ თვალებში ნაცრის შეყრას. როგორც ამას წინათ საზეიმოდ განაცხადეს, ბათუმში აპირებენ ააშენონ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ცათამბჯენი, რომლის ერთ-ერთ სართულზე "ეშმაკის ბორბალი" იქნება. თუ უნახავს ვინმეს მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში საუნივერსიტეტო კომპლექსი? ეს არის ქალაქი ქალაქში, რომელშიც, როგორც წესი, ძირითადად 2-3 სართულიანი შენობებია განლაგებული ლამაზად გაშენებული ბაღებით და დიდი სივრცით, რომელიც განუმეორებელ აკადემიურ განწყობას და საოცარ ინტიმს ქმნის. ცათამბჯენი და ეშმაკის ბორბალი კი არ აღზრდის ჩვენს ახალგაზრდა თაობას, არამედ უპირველესად, მაღალკვალიფიციური კადრები წვრთნიან პროფესიონალებად და ჩვენი ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეებად. ჯერ კიდევ არ არის მთლად დაგვიანებული, სტუდენტებს სრულყოფილი განათლება მივაღებინოთ, თუკი ხელისუფლება ამას თავის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად აქცევს, რადგან საქართველოში კიდევ არიან სათანადო სამეცნიერო კადრები.
დაბოლოს, ერთ კონკრეტულ ფაქტს მოგახსენებთ. მათემატიკის ინსტიტუტი დღეს უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის რამდენიმე ოთახშია შეხიზნული. ჩვენმა ინსტიტუტმა მათემატიკოსთა მრავალი სახელოვანი თაობა აღზარდა. ამ ინსტიტუტს ბატონმა ნიკო მუსხელიშვილმა ჩაუყარა საფუძველი. ჩვენ გვაქვს სრულიად უნიკალური მათემატიკური ბიბლიოთეკა, რომლის ანალოგი არსად მოიპოვება. ორი წელია, ბიბლიოთეკის წიგნები ყუთებშია ჩაწყობილი და მეცნიერებს ხელი არ მიუწვდებათ. გვეუბნებიან, რომ იქ, სადაც ინსტიტუტი უნდა გადაიტანონ, აღარ იქნება ამ ბიბლიოთეკის ადგილი.
2. რა თქმა უნდა, აჯობებდა, ერთ, რომელიმე კონკრეტულ რიცხვში მოხდეს ახალი სასწავლო წლის დაწყება, თუნდაც ეს პირობითად 1-ელი სექტემბერი თუ არა, 15 სექტემბერი მაინც იყოს. როგორ შეიძლება ეს თარიღი ყოველ წელს შეიცვალოს? მახსოვს, ჩვენი თაობისათვის - 1-ელი სექტემბერი ისეთივე მნიშვნელოვანი თარიღი იყო, როგორიც 1-ელი იანვარი, რადგან ცოდნის დღესასწაულად ითვლებოდა ეს თარიღი მოსწავლეების, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის.
თემურ ნანეიშვილი, 72 წლის, პროფესორი, ნეიროფიზიოლოგი, ქართული აკადემიის თავმჯდომარე, ი. ბერიტაშვილის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი, მისი მეუღლე, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი მანანა დაშნიანი, ლაბორატორიის ხელმძღვანელია, ქალიშვილი - მარიამ ნანეიშვილი ფსიქოლოგია და ამჟამად კავკასიის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში სწავლობს.1. თუ ამ რეფორმის შედეგიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, მას შეიძლება მხოლოდ წარუმატებელი ეწოდოს, მაგრამ თავად ამ რეფორმის ფუძემდებლები თავიანთ საქმიანობას ისეთ ქება-დიდებას ასხამენ, საზოგადოების გარკვეული ნაწილი დააჯერეს, რომ ეს წარმატებული რეფორმაა, არადა, მკვეთრად დაეცა სწავლების ხარისხი როგორც საშუალო სკოლებში, ისე უმაღლეს სასწავლებლებში. მე ბაკალავრიატშიც ვკითხულობ ლექციებს, მაგისტრატურაშიც და დოქტორანტურაშიც და პრაქტიკამ დამანახა, რომ სკოლიდან მოსული ბავშვი აბსოლუტურად უცოდინარი და გაუნათლებელია. დღეს, რაოდენ წარმატებითაც უნდა დაამთავროს მოსწავლემ თორმეტი კლასი, იმ დონის ცოდნას იღებს, ადრე რომ შვიდკლასდამთავრებული იღებდა! უბედურება ისაა, რომ არც საჯარო სკოლებში და არც უნივერსიტეტებში სწავლის მოტივაცია აღარ აქვთ ჩვენს ახალგაზრდებს, რადგან პროფესიონალიზმმა დაკარგა ფასი. თავიდანვე კარგად იცოდნენ ამ რეფორმების ორგანიზატორებმა, რაც უნდა გაეკეთებინათ იმისათვის, რომ ისეთი შედეგი ყოფილიყო, როგორიც დღეს გვაქვს, აღარ მეგონა, კიდევ თუ დადგებოდა ისეთი დრო საქართველოში, რომ კონტინგენტს პარტიული ნიშნით შეარჩევდნენ და დააწინაურებდნენ, სწავლამ და პროფესიამ საერთოდ დაკარგა ფასი ჩვენს ქვეყანაში, სპეციალობით მუშაობა მხოლოდ ერთეულთა ხვედრია. ენერგეტიკის მინისტრად დღეს შეიძლება იურისტი დანიშნონ, რადგან ფუნდამენტური მეცნიერებები აღარავის აინტერესებს, რაც ქვეყნის დაღუპვის ტოლფასია. XXI საუკუნეში მარტო იურისტის პროფესიით ვერ გადაარჩენ ქვეყანას. დღეს ჩვენთან ყველას იურისტობა უნდა, იმისათვის, რომ პოლიციაში სამსახური იშოვოს და ოჯახის რჩენა შეეძლოს. როცა გვინდა უცხოელებს მივბაძოთ და მეცნიერის ყველაზე დიდი ხელფასი 200 ლარს არ აღემატება, ასეთ რეფორმას წარმატებულს ვერ ვუწოდებ.
2. ვფიქრობ, აჯობებს, რომელიმე ერთი კალენდარული თარიღი დადგინდეს ახალი სასწავლო წლის დასაწყებად, თუნდაც ეს იყო 1-ელი ოქტომბერი, ოღონდ აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის საქართველოს კლიმატური თავისებურებაც, რაც, ჩემი აზრით, კარგად იყო შესწავლილი საბჭოთა კავშირის დროს, როცა ამხელა სახელმწიფოში ახალი სასწავლო წელი ყველგან 1-ელ სექტემბერს, საზეიმოდ იწყებოდა. მახსოვს, უნივერსიტეტში იყო ეს თუ სკოლებში, ყველგან მონატრებული ვხვდებოდით ერთმანეთს და ვემზადებოდით ამ დღისათვის. კარგი და მისაღები ტრადიცია უნდა აღვადგინოთ, აბა, ის დრო ჯობდა, როცა ყველა უნივერსიტეტი თავისი ნება-სურვილით იწყებდა სემესტრს? იმისათვის, რომ ყველა სემესტრი თანაბარი იყოს, ყველგან ერთიანი სემესტრის პერიოდი უნდა იქნეს დაცული, არ შეიძლება პირველი სემესტრი ზოგან ოქტომბერში იწყებოდეს და ზოგან ნოემბერში, ვის გაუგონია 2-თვიანი, ან თვენახევრიანი სემესტრი? ამიტომ, ჩემი აზრით, გამართლებულია, გონიერი ვადა იყოს დათქმული, რაც მისაღები იქნება სკოლებისთვისაც და უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვისაც.
მერაბ ჯიბლაძე, ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აშშ-ის ფიზიკის საზოგადოების წევრი, ჰყავს მეუღლე, ნანა ჯიბლაძე და ქალიშვილი მაკა.
1. ღმერთო, შეაყვარე ქართველებს საქართველო, მიეცი გონი ქართველებსო, - ეს ვაჟა-ფშაველას სიტყვებია.
1992 წელს განათლების მინისტრის მოადგილე ვიყავი და შევარდნაძეს რომ საქართველოსთვის დიდი გრანტი აეღო, ჩვენი ქვეყნისთვის განუვითარებელი ქვეყნის სტატუსი უნდა მიენიჭებინათ. დღევანდელი გადასახედიდან ეს გეგმის ნაწილი მგონია.
ამ სტატუსის მიღების შემდეგ უნდა შემოეტანათ და ეთარგმნათ ის სასწავლო პროგრამები, რაც ლათინოსებისა და სხვადასხვა ქვეყნის გონებასუსტი ბავშვებისათვის იყო განსაზღვრული, შესაბამისად, უნდა დაემუშავებინათ სასკოლო სახელმძღვანელოები და ამით ჩვენი საჯარო სკოლები დაემსგავსა ამერიკულ "ფაბლიქ სქულს", სადაც მხოლოდ გონებაშეზღუდული ბავშვები სწავლობენ. ასეთი მდარე სწავლების შემოღების შემდეგ ჩვენს საჯარო სკოლებში, კონტინგენტი, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებში შემოდის, ძალიან სუსტია, ეროვნული გამოცდებიც დაბალ დონეზე ტარდება და მოთხოვნებიც ძალიან დაბალია, რაც, ცხადია, აისახა განათლების სისტემაზე, სწორედ ამიტომ, 2006 წლის შემდეგ გადავწყვიტე, აღარ წამეკითხა ლექციები. მე რომ იმ პროგრამის მიხედვით წამეკითხა ლექცია, ეს შეურაცხყოფა იქნებოდა იმ სტუდენტებისა, რომელთაც მე დიდ პატივს ვცემდი, ასეთი გადაწყვეტილება ჩემი საუნივერსიტეტო მოღვაწეობის 35-ე წლისთავზე მივიღე. ჩემი აზრით, პირველ რიგში საჭიროა მაღალი დონის სახელმძღვანელოების შექმნა, მკვეთრად უნდა გაუმჯობესდეს და ხარისხობრივად შეიცვალოს სასწავლო პროგრამები, მთავარია, ასევე დავუბრუნოთ ბავშვები წიგნებს და ავამაღლოთ პედაგოგების კვალიფიკაცია, რადგან დღევანდელ საქართველოში ძალიან ცოტაა კარგი მასწავლებელი; წიგნები კი საერთოდ არ არსებობს და გასაკვირია, რომ სახელმძღვანელოებზე დღეს არავინ ლაპარაკობს. როგორმე წიგნი უნდა შევაყვაროთ ბავშვებს და არა კომპიუტერი. უწინარეს, მასწავლებელმა უნდა დაუბრუნოს ბავშვებს წიგნის სიყვარული.
მასწავლებლის პროფესიონალიზმის მთავარი ნიშანი მისი ცოდნაა იმ საგანში, რასაც ასწავლის. სამწუხაროდ, დღეს არავინ კითხულობს, რა იცის მასწავლებელმა. ჩემს დარგში მასწავლებლების მიერ დაწერილი ისეთი სახელმძღვანელოები ვნახე, რომ ასეთ მასწავლებელს, ჩემი ნება რომ იყოს, სტუდენტადაც არ მივიღებდი. მითქვამს და ვიმეორებ: გონებაშეზღუდულები ის ბავშვები კი არ არიან, ვისთვისაც ასეთ სახელმძღვანელოებს რეკომენდებული პროგრამების მიხედვით წერენ, არამედ ის მასწავლებლები და მეთოდისტები, რომლებიც ასეთ სახელმძღვანელოებს ადგენენ. საუბედუროდ, ჩვენ ვკარგავთ იმ ნიჭიერ ბავშვებს, რომლებსაც სათანადოდ ვერ ვასწავლით, მე ის ახალგაზრდებიც მეცოდებიან, რომლებიც იძულებულნი ხდებიან, საზღვარგარეთ ისწავლონ, რადგან აქ ჩვენ მათ ვერ ვაძლევთ სათანადო ცოდნას. ტექნიკურ უნივერსიტეტში დავაარსე საინჟინრო ფიზიკის ცენტრი და სწორედ ასეთ ნიჭიერ ბავშვებს ვაძლევ ამოცანებს, რომ მათ თავიანთი მონაცემები და უნარი მეცნიერული გზით წარმართონ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც შევქმენი ანალოგიური ცენტრი სამედიცინო ფიზიკის დარგში. ვცდილობ, მათი მეცნიერული მონაცემები ამ მიმართულებით განვავითარო და აღვუძრა მათ სწავლის და ცოდნის ინტერესი. ამ მიზნითვე დავაარსეთ სამეცნიერო ჟურნალი, სადაც მათი შრომები იბეჭდება.
ქართველი ხალხი ნიჭიერია, მაგრამ თუ ჩვენ შესაბამისი გარემო არ შევქმენით, სადაც ეს ნიჭი გაიხარებს და გაიფურჩქნება, მანამდე ეს პრობლემები არ მოგვარდება და ამ ჩვენს მადლიან მიწა-წყალს სხვები დაეპატრონებიან.
ჩვენ ვიცით, 5-6 მილიონი ქართველი ცხოვრობს დღეს ჩვენს მოსაზღვრე მუსლიმანურ ქვეყნებში. სულ ვკითხულობ, რატომ არ დაიბადა ირანში ან თურქეთში მცხოვრებ ქართველთაგან თუნდაც ერთი პოეტი, ისეთი, გალაკტიონის მეათედი რომ ყოფილიყო, ან ფიროსმანის მეათედი რომ ყოფილიყო მხატვრობაში? ისინიც ხომ გენეტიკურად ქართველები არიან და რა მნიშვნელობა აქვს, სად იცხოვრებენ. ღმერთმა ნიჭი რომ დააბერტყა ქართველებს, ეს ნიჭი ხომ ყველგან შეიძლებოდა გამოვლენილიყო, ქართლში იქნებოდა თუ უკვე საქართველოსგან მოწყვეტილ ტაო-კლარჯეთში-მეთქი. საქმე ისაა, რომ მუსლინურმა გარემოცვამ მათ ისეთი პირობები შეუქმნა, ჩაუკლა ქართული ნიჭიერება. ცნობილია, რომ მოლათა დიდი ნაწილი ქართველია. მათი ინტელექტი ყურანზე გადავიდა. ეს წიგნი უკეთ გაარჩიეს და წაიკითხეს; თუმცა არც ერთი ხელოვანი, არც ერთი მეცნიერი არ გამოსულა ამ 6 მილიონი ქართველიდან. ტრადიციები შეინარჩუნეს, მაგრამ მათ ნიჭიერებას ვერ მიეცა გასაქანი ისლამურ სამყაროში. ქრისტიანულ გარემოში კი საუკუნეების მანძილზე ქართულმა ნიჭმა ფრთა შეისხა და გაიხარა. აი, ამიტომ მაწუხებს ის, რაც ბათუმში და საერთოდ, ჩვენს ქვეყანაში ხდება.
ღმერთმა გადმოგვხედოს ქართველებს, მოგვცეს გონი ერთმანეთის გატანისა და გვაპოვნინოს გადარჩენის გზა...
2. ახალი სასწავლო წელი ყოველთვის ერთ დღეს უნდა იწყებოდეს და, ცხადია, ეს დღე უნდა იყოს 1-ელი სექტემბერი, რომელიც ცოდნის დღესთან იყო გაიგივებული და მიუხედავად იმისა, რომ იმ მრავალ პრობლემათაგან, რაც დღეს საქართველოში არსებობს, შედარებით უმნიშვნელოდ გამოიყურება, ღირს იმაზეც დაფიქრება, რომ ახლო მომავალში ამ დღის დაბრუნებაც შევძლოთ.
მამა მიქაელი (დალაქიშვილი), ბოდბის ეპარქიის სიღნაღის წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური:1. ნებისმიერი სწორად მოაზროვნე ადამიანისთვის რეფორმა ნებისმიერ სფეროში, განსაკუთრებით კი განათლებისა და მეცნიერების სფეროში, მისაღები უნდა იყოს, მუდმივად საჭიროა ძიება და სწრაფვა ახლისკენ, მაგრამ ის, რაც ჩვენს შემთხვევაში ხდება განათლების სფეროში, ვფიქრობ, მიუღებელია: პირველ რიგში დასახვეწია სახელმძღვანელოები. ბავშვებისთვის გაუგებარია მხოლოდ მაგალითებზე აგებული გაკვეთილები. რა გაიაზროს და რაზე იმსჯელოს ბავშვმა, რაც ჯერ არავის უსწავლებია და ვერც სასწავლო სახელმძღვანელოდან იღებს სრულყოფილ ინფორმაციას?!.
ჩვენმა შვილებმა რეფორმების, ექსპერიმენტების წლების პერიოდში ვერ მიიღეს სათანადო ზოგადი განათლება. არა მარტო ბავშვებმა, არამედ თვითონ მასწავლებლებმაც ვერ მოასწრეს გაეაზრებინათ ერთი რეფორმის პრინციპი, რომ უკვე მეორე რეფორმა იწყებოდა და ყველაფერი თავდაყირა დადგა.
სკოლებში გააუქმეს ფსიქოლოგის შტატი და შეიყვანეს მანდატურები, მათი ფუნქცია კი საერთოდ გაურკვეველია.
თუმცა ვიმედოვნებ, მივაღწევთ, რომ რეფორმები მომავალი თაობის განათლებასა და აღზრდაში ჰარმონიული იქნება.
2. რა თქმა უნდა, უმჯობესია, იყოს ერთი რომელიმე კალენდარული დღე სწავლის დაწყებისა. მუდმივად არ იქნებოდა იმაზე ფიქრი, თუ როდის დაიწყება სწავლა და ყველა ოჯახი ზაფხულის არდადეგებს გამოიყენებდა თავისი გეგმის მიხედვით.