თქვენი აზრით, წინაპართა ეს მოწოდება მხოლოდ ერთი რომელიმე მძიმე ისტორიული ეპოქის გამოძახილად უნდა აღვიქვათ, თუ ამ სიტყვებს დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა და საქართველოს ძნელბედობის დღევანდელ ვითარებასაც ეხმიანება?
2. დღევანდელი რეალობიდან, როცა 21-ე საუკუნეში "ერთმორწმუნე" რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის თითქმის მეხუთედი დაიპყრო, ჩვენ კი ძველებურად ხმლის მოქნევის უფლებაც ჩამორთმეული გვაქვს ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად, როგორ გავიგოთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სიტყვები: "იბრძოლეთ ჩვენი გმირი წინაპრების მსგავსად, რათა საკუთარ თავში და თქვენს გარშემო დაიცვათ თქვენი წილი საქართველო. დღეს, ეს ომია თქვენი დიდგორი, თქვენი ბასიანი"?
ანკეტის შეკითხვებს პასუხობენ ჟურნალისტი დავით წულუკიძე, ფილოლოგი რუსუდან კობახიძე და არქიტექტორი გოჩა ხვიჩია.
დავით წულუკიძე, 63 წლის, ჟურნალისტი, ამჟამად უმუშევარი. მისი მეუღლეა ნუნუ ქარენაშვილი, შვილები: გიორგი და ეკა.
1-2. სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, ვის ეკუთვნის ეს გამონათქვამი, არც ის ვიცი, რომელ საუკუნეში ითქვა, მაგრამ გარკვევა და დაზუსტება არ მიცდია, რადგან ღრმად მწამს და სამიათასწლოვანი ისტორიაც ამას ადასტურებს, - ჩვენი წინაპრები რომ მტკიცედ და შეურყევლად არ მდგარიყვნენ იმ დიდი ფასეულობების სადარაჯოზე, რასაც სარწმუნოება, ტრადიციები, თავისუფლება - ქართული ჯიშის გადარჩენა ჰქვია, აქამდე როგორღა მოვაღწევდით?
ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ და საუკუნეები გვიხდებოდა ცხოვრება ხეთური, ეგვიპტური, ანტიკური, რომაული, სპარსული, ბიზანტიური, არაბული კულტურების და იმპერიების გვერდით, მიუხედავად ამისა, არ აღვრეულვართ და შევინარჩუნეთ ჩვენი კულტურა, სარწმუნოება, განუმეორებელი თვითმყოფადობა, მსოფლიოში არსებული 14 ანბანიდან ერთ-ერთი ჩვენ შევქმენით, ვწერდით საგალობლებს, ვაგებდით და ვაჩუქურთმებდით ეკლესია-მონასტრებს, კლდეში ვკვეთდით ქალაქებს, გაგვაჩნია უბადლო ხალხური პოეზია, უმშვენიერესი სიმღერები და ცეკვები. ქართველისათვის მამულიშვილობის განმსაზღვრელი ფუნქცია იყო, ძნელბედობის ჟამს შეკრულიყვნენ და ერთად ჩამდგარიყვნენ სამშობლოს დაცვის სამსახურში. სხვაგვარად ვერ მოვიტანდით ჩვენს რწმენას, ჩვენს ქართველობას.
"ნათესავი ქართველთა ორგულ ბუნება არს, პირველთაგან თვისთა უფალთა, რამეთუ რაჟამს განდიდდნენ, განსუქდნენ და დიდება ჰპოვონ, იწყებენ განზრახვად ბოროტისა", - წერს დავითის მეისტორიე, ეს ნათქვამი ალბათ ზუსტად მიესადაგება ჩვენს დღევანდელობას. მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი ისტორიის მქონე ერი ვართ, ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში რუსთა იმპერიამ ყველაფერი იღონა, რათა წაეშალა ჩვენში ეროვნულობა, გადავჯიშებულიყავით. რამდენად შეძლო ეს, ამაზე მიჭირს პასუხის გაცემა, მაგრამ ფაქტია, ორ ათეულ წელზე მეტი გავიდა, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და ამ ხნის მანძილზე რაღაცას ვეძებთ და დღემდე ვერ გვიპოვია, ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული ჩვენი ორიენტაცია, არ ვიცით, რა გზას დავადგეთ, საით წავიდეთ. ტრადიციების უპატივცემულობამ და უგულებელყოფამ ჩვენი ზნეობრივი გადაგვარება და დეგრადაცია გამოიწვია, ვისაც ჯერ კიდევ შერჩა სიყვარული თავისი სამშობლოსი, ვინ იტყვის, რომ დღეს ზნეობის დეფიციტი არ არსებობს საქართველოში? დარწმუნებული ვარ, თუ უზნეობის წინააღმდეგ გავილაშქრებთ და ამ ომს მოვიგებთ, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, სწორედ ეს იქნება ჩვენი დიდგორი და ჩვენი ბასიანი და, ჩემი აზრით, პატრიარქიც ამ ომს გულისხმობს. სხვავარად ჩვენი ერი ვერ შეასრულებს ღვთისგან მასზე დაკისრებულ მისიას.
როდესაც ჩვენს დღევანდელ უბედურებაზე ვფიქრობ, ყოველთვის მახსენდება მერაბ კოსტავას სიტყვები: "ქართველებს ჩვენი თავი უფრო გვიყვარს ეროვნულ მოძრაობაში, ვიდრე თვით ეროვნული მოძრაობაო". სადღა არის დღეს ეროვნული მოძრაობა საქართველოში, არც სახელმწიფოებრივი აზროვნება არსებობს; ამდენი უბედურების წლები გამოვიარეთ და იმის ნაცვლად, რომ ურთიერთთანაგრძნობა გაგვჩენოდა, ისე გულგრილნი გავხდით სხვისი გასაჭირის მიმართ, თითქოს ყველაფერი, რაც კი საქართველოში ხდება, შორეულ ქვეყანაში ხდებოდეს და ჩვენ არ გვეხებოდეს. მახსოვს, როცა რუსთაველზე სამოქალაქო ომი დაიწყო, ერთმა გულანთებულმა ქართველმა ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა, რათა საკუთარი სიცოცხლე მსხვერპლად გაეღო ერის გამოსაფხიზლებლად და ამ ომის შესაჩერებლად. როგორი იყო სამოქალაქო საზოგადოების რეაქცია ამ შემაძრწუნებელ ფაქტთან დაკავშირებით? რა თქმა უნდა, არაადეკვატური, ზოგიერთი მას შეურაცხყოფდა კიდეც და დაცინვით ამბობდა, "რა რჯიდა, ასე რომ გააკეთაო". მერწმუნეთ, ნამდვილად ასე იყო. იმ პერიოდში საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე მიმყავდა რუბრიკა: "საქართველო უსასრულო ფიქრია..." 4-5 გადაცემა მივუძღვენი ამ თემას. მსგავსი შემთხვევა დაახლოებით შარშანაც განმეორდა, ამჯერად ლტოლვილმა ქალბატონმა დაიწვა თავი იმისათვის, რომ ჩვენთვის ზნეობის მაგალითი მოეცა, მაგრამ ამ ფაქტსაც არ მოჰყოლია არავითარი რეაგირება ჩვენი საზოგადოებისა. აი, სადამდე მივედით. დასასრულს მინდა ვაჟას სიტყვები გავიხსენო: "ფიქრი, მაგარი ფიქრი უნდა დაგვეკვებოს, რომ თავსა და გონებას ჭახაჭუხი გაჰქონდეს, ნუთუ ჩვენ არ გვმართებს ფიქრი ჩვენს ყოფა-მდგომარეობაზე დღეს, ამჟამად საით წავიდეთ, რა გზას დავადგეთ, რას მოვკიდოთ ხელი, რომ გავიმარჯვოთ და არ დავმარცხდეთ", - ამ სიტყვებით, მგონი, ყველაფერია ნათქვამი. რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, უნდა გადავარჩინოთ ოჯახის ინსტიტუტი საქართველოში.
ბევრი ძნელბედობა გამოვიარეთ და დარწმუნებული ვარ, ამ სახადსაც მოვიხდით. ღმერთმა ნუ დამიკარგოს ამის იმედი, რადგან იმედი ყველაზე ბოლოს კვდება...
რუსუდან კობახიძე, 57 წლის, ფილოლოგი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმის უფროსი სპეციალისტი
ქართველი ერის გზა ქრისტეს გზაა, ეკლიანი გზა ჯვარცმისა და გარდაუვალი აღდგომისა!
1. ქართველი ერის ცხოვრება მთელი მისი არსებობის მანძილზე ბრძოლაა გადარჩენისათვის. უპირველეს ყოვლისა, სულიერი გადარჩენისათვის, რაც, თავისთავად, ფიზიკური გადარჩენის საძირკველიცაა.
მტრად მოსული მტრის ძლევა ბევრად ადვილია, ვიდრე მოყვრად მოსულისა. ამიტომაა, რომ დღეს კიდევ უფრო რთულია იდგე მტკიცედ და შეურყევლად. ბევრი საცდურია ირგვლივ - ლამაზად შეფუთული და მიმზიდველი.
მამული ჩვენი დაგლეჯილია, ენას უჭირს, სარწმუნოებას ებრძვის მავანი.
სწორედ ახლა გვმართებს სიმტკიცე, და არა მხოლოდ სიტყვით, უპირველეს ყოვლისა, საქმით - ლოცვით, ქმედებით, ღვაწლით. მუდამ აღმაფრთოვანებდა იმ მამულიშვილთა ცხოვრება და მოღვაწეობა, "უცხოეთის ცის ქვეშ" რომ იდგნენ სამშობლოს სადარაჯოზე. "საცა უნდა იყვე, საქართველოსა თუ ხიზნობაში გაფანტული, სამშობლოზე იფიქრე, ქართველო, სამშობლოსთვის იშრომე და იზრუნე, იბრძოლე!" - ასე მოგვიწოდებდა ცნობილი ქართველი ემიგრანტი რევაზ გაბაშვილი, ხოლო მანამდე, 1931 წლის 31 მაისს პარიზში, წმ. ნინოს ეკლესიაში პირველ ქართულ მართლმადიდებლურ წირვაზე წარმოთქმულ ქადაგებაში ბრძანებდა წმ. მღვდელმოწამე მამა გრიგოლი: "როგორც იქნა, ჯადოსნური წრე გაირღვა და ჩვენ გვეღირსა უცხოეთში ჩვენი ქართული წირვის მოსმენა... ჩვენ დავკარგეთ ყველაფერი - მშობლებიდან ნამკვიდრი... ყველაფერი წარმავალია... ერთია განძი, რომელსაც ფასი არ დაედება და უკვდავია იგი, რომლისთვისაც თვით ღვთის ძემ ჩვენმა მაცხოვარმა იესო ქრისტემ თავისი სიცოცხლე არ დაიშურა: ესაა ღირსება ადამიანის და უკვდავება ადამიანის სულის. ამ სულს, სულს ანგელოზთა უსპეტაკესს, უნდა ვემსახუროთ აქ, რომ იგი დავიფაროთ უმწიკვლოდ და უბიწოდ უცხოეთში ათასგვარ განსაცდელიდან.
იესო ქრისტემ უპატრონა ჩვენს ერს და დაიფარა იგი მრავალ განსაცდელიდან, და დღესაც მისი მადლითა, წყალობითა და კაცთმოყვარეობით სუნთქავს ჩვენი ერი და ეკლესია".
ეს ითქვა მაშინ, თითქმის საუკუნის წინ, უცხოობაში...
ხშირად გვესმის ამბიონიდან ჩვენი პატრიარქის შეგონება: "არ შეგეშინდეთ!" და დღესაც ძალაში რჩება იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ბორჯღალოს მოზაიკურ რკალში ამოტვიფრული ქართული ასომთავრული წარწერა-მოწოდება: "ქართველნო, სდექით მტკიცედ და შეურყევლად".
2. ამ ორიოდე წლის წინ ერთ უხუცეს ემიგრანტს, ღირსეულ კაცსა და ჭეშმარიტ მამულიშვილს ბატონ პეტრე ხვედელიძეს ვუთხარი: თქვენ სამშობლო თქვენში ატარეთ და გადაარჩინეთ, ბედნიერი ადამიანი ბრძანდებით-მეთქი.
უბედურება ისაა, სამშობლოში უსამშობლოდ დარჩენილი რომ იქნება ადამიანი. ბატონი გურამ შარაძე ხშირად იმეორებდა გრიგოლ რობაქიძის გამონათქვამს - ქართველს ქართველზე დიდი მტერი არა ჰყავსო. ასეცაა! ადამის ძენი, რომელთაც არა აქვთ სამშობლოს განცდა, სახელმწიფოებრივი აზროვნება, არად დაგიდევენ დიდ წარსულს და არ ადარდებთ მომავალი - მათზე მეტი მტერი ვინ შეიძლება ჰყავდეს ქვეყანას. არ უნდა გაწყდეს კავშირი წარსულსა და მომავალს შორის - ამასაც ხომ შეგვაგონებს პატრიარქი ჩვენი.
ყოველი გონიერი ქართველის ვალია, საკუთარი მიწა-წყლის, ქართველი ერის, ქართული ენის, ტრადიციის, წარსულის დიდი სიყვარულითა და ღვთისა და მომავლის დიდი რწმენით აღზარდოს მომავალი თაობა.
პატრიარქის შეგონება, "ნუ შეგეშინდებათ", მოწოდებაცაა და გაფრთხილებაც. წინ "დიდგორი" და "ბასიანი" გველის. ნუ შეგეშინდებათ, ჯერ ჩვენში გადავარჩინოთ ჩვენი სამშობლო, ჩვენს გულსა და სულში, ჩვენს შვილებსა და მონაგარში, ჩვენს ოჯახებში, ვიგრძნოთ, შევიცნოთ თავისი წარსულითა და აწმყოთი, ვიზრუნოთ მის მომავალზე.
გოჩა ხვიჩია, 52 წლის, არქიტექტორი. მუშაობს საპროექტო-სამშენებლო ფირმაში "არქიტექტურა და დიზაინი". ჰყავს მეუღლე ეკატერინე რუხაძე და შვილები: მარიამი, ნათია და იოანე.
1. ქართველ ერს ისტორიულად ყოველთვის ახასიათებდა სულიერი სიმტკიცე, არასდროს არ დაგვითმია ჩვენი სამშობლო და სარწმუნოება. რიცხობრივად პატარა ქვეყანა ვიყავით, მაგრამ ძალიან ბევრი წმინდანი გვყავს, ქრისტიანობისთვის ქართველ კაცს აწამებდნენ, მტკვარი წითლად იღებებოდა, მაგრამ მაინც ვერ მიაღწია მტერმა საწადელს და ასე მოვედით დღემდე ჩვენი ისტორიით, ხელოვნებით, სარწმუნოებით. დღეს თითქოს ახალ საქართველოს ვაშენებთ, მაგრამ თუ ის წარსულის საძირკველზე არ აიგება, ცოტა ხანში თავიდან იქნება ასაშენებელი. ისეთი გმირული წარსულისა და ისტორიული ტრადიციების მქონე ქვეყანა, როგორიც საქართველოა, ვერასოდეს შეეგუება ბუდა-ბარს რიყეზე, იქ, სადაც 100 ათასი ქართველი ჩვენი სარწმუნოების დასაცავად ეწამა.
მჯერა, ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვლება, ღმერთმა ნუ ქნას, რომ ქართული სული ჩაქრეს. თუმცა ძალიან მაწუხებს ის, რომ ხელოვნურად ხდება ძველი ტრადიციის ახლით ჩანაცვლება. ამას წინათ ახლობლის ქორწილში ვიყავი, ნეფე-პატარძალმა, მართალია, ეკლესიურად ჯვარი დაიწერა, მაგრამ ქორწილში თამადა არ ყოფილა. თუ სადღეგრძელოს თქმა მოგინდებოდა, მიხვიდოდი მათთან, ღვინოს, თუ გინდოდა, დალევდი, თავი საქართველოში კი არა, ფინეთში მეგონა, რადგან ვერ ვიგრძენი ამ გარემოში ის სითბო და ყურადღება, რაც დამახასიათებელია ჩვენთვის ჭირსა თუ ლხინში. ასე თანდათანობით ცივდება ჩვენი საზოგადოება, რაც ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა. ჩვენი შვილები ისე არიან მიჯაჭვულნი ინტერნეტს, ვერ იცლიან, მეგობარს ეზოში შეხვდნენ, ისაუბრონ, აზრი გაუზიარონ, რადგან სკაიპით ურთიერთობენ და არცა აქვთ მეტის მოთხოვნილება. ამიტომ, აღარ მაქვს იმის იმედი, ეს თაობა, რომელიც ახლა თინეიჯერულ ასაკშია, ერთ მშვენიერ დღეს გარდაიქმნება და ჩვენს წინაპრებს დაემსგავსება. დავაგვიანეთ...
2. პატრიარქის მოწოდება მე ასე მესმის: თუ პირველ რიგში თავს გადავირჩენთ, ანუ ჩვენს თავში გადავარჩენთ იმ სიწმინდეს, რასაც სარწმუნოებისა და სამშობლოს სიყვარული ჰქვია, ამის შემდეგ შეგვეძლება კეთილისმყოფელი გავლენა მოვახდინოთ ოჯახზე, შვილებზე, ახლობლებზე და ჩათვალე, რომ ოჯახიც გადარჩენილია, რაც წაადგება ქვეყანას.
თემის განხილვაში მონაწილეობს საბურთალოს კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი ლაზარე დულუზაური.
- სიტყვები: "ქართველნო, დექით მტკიცედ და შეურყევლად" - მაგონებს გორგასლის მოწოდებას: "ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილსა". მართლმადიდებელი ქრისტიანი თუ სულიერად არ იქნება მტკიცე, მომთხოვნი თავისი თავის მიმართ, ისე ვერც სარწმუნოებას დაიცავს და ვერც სამშობლოს გამოადგება, ქრისტიანობა მამაცობას, ნებისყოფას, თავგანწირვას მოითხოვს, რომელიც დიდ მიმტევებლობასა და შემწყნარებლობასთან უნდა იყოს შერწყმული. თუმცა მიმტევებლობა იმას როდი გულისხმობს, თვალი დავხუჭოთ დემორალიზაციაზე და შევეგუოთ ერის გადაგვარებასა და სწორი გზიდან გადაცდენას, რაც დღეს მიზანმიმართულად მიმდინარეობს. სარწმუნოებისთვის თავდადებულ მოწამეებზე რომ არაფერი ვთქვათ, ამის მაგალითად გასული საუკუნის დიდი ქართველებიც გამოგვადგებოდნენ: ილია მართალი, წმინდა კირიონი, წმინდა ამბროსი ხელაია და სხვა ახალმოწამეები, რომლებიც ღირსეულად იდგნენ სამშობლოსა და დედაეკლესიის სადარაჯოზე, ერის დიდება და სიწმინდე რომ არ შებღალულიყო და როდესაც ამ საფრთხის მოახლოებას იგრძნობდნენ, განგაშის ზარებს შემოჰკრავდნენ ერის გამოსაფხიზლებლად. ჩვენ რომ უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის საშობაო და სააღდგომო ეპისტოლეებზე ჯეროვნად ვრეაგირებდეთ და მის მოწოდებებს ვასრულებდეთ, ბევრად უკეთ იქნებოდა ჩვენი საქმე. ჩვენ უძველესი ისტორიული წარსულისა და ტრადიციების ერი ვართ და ამიტომ ვერასდროს შევეგუებით იმას, რომ ექსპერიმენტის ობიექტად გვაქციონ. მაშინ, როცა ამდენი ადამიანი დაუსაქმებელია, მასობრივად ხდება სხვა ერების ჩამოსახლება. ჩვენ ყოველთვის ტოლერანტობით ცნობილი ერი ვიყავით, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ქართველების შევიწროებისა და ჩვენი ტრადიციების უპატივცემულობის ხარჯზე. ჩვენ საუკუნობით ჩამოყალიბებული ადათ-წესები გვაქვს, სისხლხორცეულად და გენეტიკურად გადმოცემული ჩვენი სახელოვანი წინაპრებისაგან, რომელსაც უნდა მივდიოთ და განვავითაროთ და ვერავინ ვერ უნდა მოინდომოს წინ გადაგვიდგეს. ქრისტიანობის დამკვიდრებისთანავე ქართველისა და მართლმადიდებლის ცნება იდენტური გახდა, იმდენად შეერწყა ჩვენში ეროვნება სარწმუნოებას, ისე როგორც დღეს მომრავლებული სხვადასხვა სექტისა და რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენლები სრულიად ბუნებრივად და ერთმნიშვნელოვნად თავს არ მიიჩნევენ ქართველებად, მათთვის არაფერს ნიშნავს ეკლესია, ეროვნება, ისტორია, საზღვრები, ტრადიციები, საეკლესიო სიწმინდეები. სწორედ ამას უნდა დავუპირისპირდეთ და მტკიცედ და შეურყევლად ვიდგეთ ჩვენი სარწმუნოების სადარაჯოზე. ყველაფერი იქითკენ მიდის, მოიშალოს სახელმწიფოთა საზღვრები, შეიქმნას მსოფლიო მთავრობა, რაც ცრუმესიანიზმის იდეის განხორციელებას მყარ საფუძველს უქმნის, ამ პროცესებზე მიგვანიშნებს წმინდა იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება, იგივე აპოკალიფსი, რომელიც სულიწმიდის კარნახით დაიწერა და ვინც მას გონების თვალით წაიკითხავს, სულ სხვა თვალით შეხედავს დღევანდელ მოვლენებს და მისთვის გასაგები იქნება, რასთან გვაქვს საქმე და რისთვის ებრძვიან საქართველოს, როგორც უძველეს მართლმადიდებლურ ქვეყანას, მართალია დრო დაფარულია, რადგან მოციქულები გვეუბნებიან, ჟამს ნუ გამოიძიებთო, მაგრამ როგორც ფეხმძიმე ქალისათვის მუცლის ტკივილის დაწყებით ხდება საცნაური, რომ მშობიარობა მალე დაეწყება, ასევე ბოლო ჟამისათვის დამახასიათებელი სიმპტომებით უნდა მივხვდეთ ჩვენი დროის თავისებურებას და ძნელი გამოსაცნობი აღარ იქნება. ჩვენ მხოლოდ ერთი რამ ვიცით, რომ ეს პროცესი დაწყებულია და თუ როგორ განვითარდება, ბევრი რამ ჩვენზეც იქნება დამოკიდებული. "ცა და დედამიწა გადავა, მაგრამ რაც აქ წერია, ერთი სიტყვაც არ გადავაო", - შეგვაგონებს სახარება. დღევანდელი ჩვენი ცხოვრება გვკარნახობს, არ შევეგუოთ იმას, რაც მიუღებელი და შეუთვისებელია მართლმადიდებლობისათვის. რაც უფრო დავითმენთ განსაცდელს, მით უფრ გაძლიერდება ჩვენი რწმენა და ეროვნული თვითშეგნება და ეს განსაცდელიც ალბათ ამიტომ არის ღვთისაგან მოვლინებული, მაგრამ დღეს ჩვენ ბევრად უფრო საშიშ მტერთან გვაქვს საქმე, ვიდრე ოდესმე გვქონია, რადგან ეს მტერი შენიღბულია და ვეღარ გაიგებ, შინაურია თუ გარეული. შეიძლება ბევრი ადამიანი ვერ გაერკვეს ამაში, რადგან ეს რომ გამოიცნო, სათანადო ეკლესიურობა და სულიერი ალღო უნდა გქონდეს. ადამიანს ჯერ რომ შეაჭირვებ, შემდეგ კი შაქარს, ფქვილს, ზეთს და მაკარონს მისცემ, ფიქრობს, ეს ყოფილა ჩემი მოყვასიო და მას უკრავს ტაშს. ამას წინათ მეც ვმონაწილეობდი იმ სასულიერო პირებთან ერთად საპროტესტო მსვლელობაში, რაც დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით მოეწყო, ეს იყო მშვიდობიანი აქცია, რომლითაც გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია: მართლმადიდებლები ვერასოდეს შევეგუებით იმას, რომ ეს სადავო საკითხი გახდეს. შეკრება სავედრებელი პარაკლისით დასრულდა. ჩვენს გარეშე სხვა ვინ დაიცავს ჩვენს ისტორიულ ძეგლებს და სიწმინდეებს? ადრე, როდესაც საქართველოს ურდო შემოესეოდა და ქართველ მეომრებს გაუჭირდებოდათ მტრის მოგერიება, მღვდლები და ეპისკოპოსები ჯვრებს მოიხსნიდნენ, წინ მიუძღვებოდნენ ქართველთა ლაშქარს და აბჯარასხმულნი ეკვეთებოდნენ მტერს ეკლესია-მონასტრებისა და ციხესიმაგრეების დასაცავად. ასე რომ არ ყოფილიყო, რაღა დარჩებოდა საქართველოსგან? ადამიანი არა მხოლოდ თავისი თავისა და ოჯახის გადასარჩენად უნდა ზრუნავდეს, სხვაზეც ფიქრობდეს, კელაპტარივით ავენთოთ ერთმანეთის გზის მანათობლად, ყველას გავუნათოთ ცხოვრება და ვუწილადოთ გულის სითბო. მინდა ჩემს სულიერ სამწყსოსაც ესმოდეს, რომ მხოლოდ მაშინ გადარჩება ჩვენი ერი, როცა ერთმანეთის გადარჩენაზე ვიზრუნებთ. რამდენი ადამიანია დღეს საქართველოში, არსებობისთვის ელემენტარული სახსარი რომ არ აბადია, მათ ჩვენი სითბო და დახმარება სჭირდებათ. ნუ გავცივდებით და გავთითოკაცდებით ისე, რომ მარტო ჩვენს გადარჩენაზე ვიფიქროთ, ერთად ვიდგეთ ჩვენი რწმენისა და სამშობლოს დასაცავად, რწმენაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, დღეს ბევრისთვის სამშობლოს ხსენებაც კი ღიმილის მომგვრელია. ამიტომ გვმართებს ერთმანეთის გატანა და მხარში ამოდგომა, მხოლოდ ამით ვძლევთ საშიშ მტერს...
ხშირად მიწევს სკოლებში სიარული და ბავშვებთან გასაუბრება. მადლობა ღმერთს, გამოჩნდება თითო-ოროლა ბავშვი, რომელსაც ოჯახში აღზრდილობა ეტყობა და რწმენასთანაც არ არის გაუცხოებული, მაგრამ გულდასაწყვეტია, რომ ჩვენი მოსწავლეების უმრავლესობას სხვანაირი გაგება ჩამოუყალიბდა. ისინი ფიქრობენ, რა საჭიროა რწმენა, აღსარება, ზიარება, ეკლესიაში სიარული, რას გვაძლევს ქართველობა, მთავარია უცხოური განათლება მივიღოთ და ჩვენი პროფესიით შევძლოთ ოჯახის რჩენა, ჩემს საქმეში წარმატების მისაღწევად სულ არ არის საჭირო ისტორიის ცოდნაო. მათთვის მთავარია, ისე დაეუფლონ სპეციალობას, რომ მაღალი შემოსავალი ჰქონდეთ, კარგად შეიმოსონ, გამდიდრდნენ...
ყველაფერი, რაც დღეს ხდება, ჩვენი სულიერების ანარეკლი მგონია. "ქართველნო, სდექით მტკიცედ და შეურყევლად" - ეს სიტყვები ჩვენს სამოქმედო პროგრამად უნდა გავიხადოთ, რომ ვიყოთ ყოველთვის ფხიზელნი, შემართულნი, შეურყვნელნი, ჩვენი რწმენისა და დედაეკლესიის ერთგულნი, არ ვუღალატოთ ქრისტეს მცნებებს! - დღეს ეს ჰაერივით გვჭირდება - ასე უნდა ფიქრობდეს ქვეყნის პატრიოტი, რადგან დავითის, ვახტანგ გორგასლის, თამარის, გიორგი ბრწყინვალისა და საქართველოს დიდი მეფეების იდეები არასდროს კვდება, ისინი უნდა გადავცეთ ჩვენს შვილებს. როდესაც მაცხოვარმა პირველად დაიწყო ქადაგება, მოვაჭრეებს გაუბრაზდა ეკლესიის ეზოში და დახლები აშალა, რადგან ეს ეკლესიის სიწმინდის შებღალვად ჩათვალა, აი, ასეთი სიმტკიცე უნდა გამოვიჩინოთ ჩვენც, როდესაც სიწმინდეებს შეეხებიან და ჩვენი სარწმუნოების დისკრედიტაციას მოინდომებენ.
ღმერთმა ინებოს საქართველოს გადარჩენა!