"სამშობლო დედამიწის ის ადგილია, რომელიც ამა თუ იმ ადამიანს, ამა თუ იმ ერს ღვთის განგებულებით ებოძა, - ბრძანებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ერთ-ერთ ეპისტოლეში და მიგვითითებს, რომ სამშობლოს წინაშე პასუხისმგებლობას არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ ყოველი ქართველი უნდა გრძნობდეს".
1. ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე რომ არ ვილაპარაკოთ, რამდენად გრძნობს ყოველი ქართველი ამ პასუხისმგებლობას ღვთისა და ერის წინაშე და პირადად თქვენ რას განგაცდევინებთ სამშობლოს ცნება?
2. ილიას მკვლელობის შემდეგ რა მიგაჩნიათ საუკუნის ცოდვად, რომელიც შავ ლაქად დარჩება ქართველი ერის ისტორიაში?
3. რას შეეკითხებოდით მოძღვარს?
ანკეტაში მონაწილეობენ ქართული ენის პედაგოგი სტამბოლში
მანანა გურგენიძე და აფხაზეთიდან დევნილი
ავთანდილ გაგუა.
მანანა გურგენიძე, სტამბოლის ქართული კულტურის ცენტრის ქართული ენის მასწავლებელი, მისი ვაჟი, გიორგი გურგენიძე, სწავლობს თურქეთში.
1. თურქეთში მცხოვრებ ქართულ ემიგრაციას უამრავი პრობლემა აქვს, მაგრამ მთავარი - საქართველოდან მოწყვეტაა. ისინი სხვანაირად ვერ გადაარჩენდნენ ოჯახებს, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მალე დადგება დრო და ისინი დაბრუნდებიან, რადგან ეს სურვილი ყოველ მათგანს ამოძრავებს. პირადად მე 7 წელიწადია, თურქეთში ვმუშაობ. 2004 წელს შეიქმნა საქართველოსთან მეგობრობის ასოციაცია, ერთი წლის შემდეგ ამ ასოციაციამ განიზრახა ქართული ენის შემსწავლელი კურსების გახსნა. შემთხვევით მივიღე ამ კონკურსში მონაწილეობა და ასე გავხდი ქართული ენის მასწავლებელი სტამბოლში, ჩემმა მოსწავლეებმა გარკვეული პერიოდის შემდეგ ქართული კულტურის ცენტრიც დააფუძნეს. ყველა ჩვენი თანამემამულე ფიქრობს, წელს თუ არა, გაისად მაინც დაბრუნდება საქართველოშიო და ეს არის სასიამოვნო და მნიშვნელოვანი. ერთმა ჩემმა მოსწავლემ მთხოვა, ვსტუმრებოდი - დედაჩემს უნდა შენი გაცნობაო. ვეწვიე მის ოჯახს. დამხვდა ულამაზესი ქართველი მანდილოსანი, ჭაღარათმიანი, ძალიან საყვარელი. იგი თავისუფლად ლაპარაკობდა ქართულ ენაზე, ბევრად უკეთესად, ვიდრე ჩემი მოსწავლე, როცა იგი პირველად მოვიდა ქართული კულტურის ცენტრში მშობლიური ენის შესასწავლად. ბევრი ვესაუბრე ამ ქალბატონს. მომიყვა, - მუჰაჯირობის დროს გადმოუსახლებიათ საქართველოდან მისი წინაპრები, მერე მითხრა, რაღაც უნდა გაჩვენოთო. გამიყვანა აივანზე, სადაც ქოთნის ყვავილები ედგა. ერთ-ერთ ქოთანში დათესილი ჰქონდა წინაპრის მიერ 130 წლის წინ ჩამოტანილი ქინძი. ის სკივრიც მანახა, სადაც ეს თესლი ჰქონდა შენახული, ქინძის თესლს ამდენი ხნის შემდეგაც ჰქონდა შენარჩუნებული სურნელი, მოგეხსენებათ თურქეთში ქინძი არ მოჰყავთ, ამიტომ იქაური ქართველები ყოველ წელს თესავენ ამ თესლს ყვავილის ქოთნებში, საჭმელშიც ურევენ ამ არაჩვეულებრივ სანელებელს, ყველაფერი ეს ხომ ქართულთან არის დაკავშირებული. სამშობლო ბევრმა მათგანმა მხოლოდ გადმოცემით იცის, მაგრამ მემკვიდრეობით, გენეტიკურად აქვთ თავიანთი მიწის სიყვარული.
დაახლოებით 5 წლის წინათ თურქეთში იმყოფებოდა ჩვენი პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, იგი რელიგიათა მსოფლიო სიმპოზიუმში მონაწილეობდა. გენერალური კონსული ჩემი მეგობარია. მას უწმინდესი უნდა გაეცილებინა და მეც მთხოვა, გავყოლოდი. როდესაც იმ ოთახში შევიხედე, სადაც ჩვენი პატრიარქი იჯდა, მომეჩვენა, რომ ცოტათი გადაღლილი სახე ჰქონდა და ვეღარ გავბედე შესვლა და მისგან კურთხევის გამოთხოვა. უცბად მან თავი ჩემკენ მოაბრუნა, შემომხედა და გაკვირვებით მკითხა: "აქ საიდან?" გასაოცარი მეხსიერება აქვს, მე ახალგაზრდობაში სიონის ტაძრის მრევლი ვიყავი და შეიცნო დაახლოებით 20 წლის ნანახი ჩემი სახე. როდესაც ვუთხარი, აქ ქართულ ენას ვასწავლიდი, ძალიან გაუხარდა და მკითხა: "მუსლიმანი ქართველები არ ქრისტიანდებიან?" მე მართლაც ვიცი, რომ ზოგი მათგანი ჩუმად გაქრისტიანდა, მაგრამ ერიდებათ მეზობლების, ახლობლების, იქაური გარემოცვის და ცდილობენ, არ გაამჟღავნონ ეს საიდუმლო.
2. ძალიან ძნელი გადასატანი იყო ჩემთვის სამოქალაქო ომი. ჩემი თაობა უდიდესი კატაკლიზმების მომსწრე გახდა, ჩვენს თავზე გადავიტანეთ სისხლისმღვრელი ომები თბილისში, ცხინვალში, აფხაზეთში. ასე რთულად ჩაიარა ჩვენმა ახალგაზრდობამ 90-იან წლებში, კარგია, რომ დღევანდელ ახლგაზრდა თაობას არ უნახავს ის, რაც ჩვენ ვნახეთ და გადავიტანეთ. რაც ამ წლებში საქართველოს თავს გადახდა, რა თქმა უნდა, უდიდესი ძნელბედობის ჟამი და შავი ფურცელი იქნება საქართველოს ისტორიისთვის.
3. სანამ თურქეთში სამუშაოდ წამოვიდოდი, ძალიან აქტიურად ვიყავი ჩაბმული ეკლესიურ ცხოვრებაში, სიონის მრევლი ვიყავი. სტამბოლში ქართული ეკლესია არ არსებობს, ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიები, მართალია, არსებობენ, მაგრამ არ დავდივარ ამ ეკლესიებში წირვა-ლოცვაზე დასასწრებად, რადგან მოძღვრის პრობლემაც მიდგას, შინაგანად მთელი გულით ვარ მორწმუნე, მაგრამ 7 წელია არ მაქვს საშუალება, დავიკმაყოფილო ჩემი რელიგიური მოთხოვნილება. მინდა მოძღვარს შევეკითხო, თუ მომეტევება ოდესმე ეს ცოდვა.
ავთანდილ გაგუა, 46 წლის. სოხუმის სუბტროპიკული ინსტიტუტის სტუდენტი იყო, როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო, ამჟამად თბილისში ცხოვრობს და მცირე ბიზნესით არის დაკავებული. მისი მეუღლეა მანანა ჩილაჩავა, ჰყავს 3 ვაჟი - გიორგი, ალექსანდრე და ნიკოლოზი. 1. ომი აფხაზეთში ისე სპონტანურად დაიწყო, ჩვენ არც ველოდებოდით, თუ ამხელა სისხლისღვრაში გადაიზრდებოდა, მე 25 წლის ვიყავი, როდესაც სოხუმი დაგვატოვებინეს. ჩვენი სახლი, ასე, 300 მეტრით იქნებოდა დაშრებული ზღვისპირეთიდან. ძალიან მეგობრული და ინტერნაციონალური იყო ჩვენი ეზო, ქართველები, ბერძნები, რუსები, სომხები, ებრაელები, აფხაზები სულ ერთ უბანში ვცხოვრობდით, არც ჩემი ბავშვობის პერიოდში და არც შემდეგ არავითარი გაუგებრობა და დაპირისპირება ეროვნულ ნიადაგზე არ ყოფილა.
ფსიქოლოგიურად ჩვენ ძალიან მოუმზადებელი ვიყავით ამ ომისთვის, რადგან ასეთ მასშტაბურ ომს ნამდვილად არ ველოდით. ჩვენი ეზოს ბიჭებზეც არაფერი ვიცი, ვინ სად გარიყა ცხოვრებამ. როდესაც სოხუმს ვტოვებდით, სადესანტო გემით მაჭარკიდან ფოთში აღმოვჩნდით. შემოდგომა იყო. მე ფოთში 2 თვე ვცხოვრობდი მშობლებთან ერთად, შემდეგ ჩემმა კლასელმა ბიჭებმა სანკტ-პეტერბურგში მიმიპატიჟეს. რუსეთში 9 წელი მომიხდა ცხოვრება. მთელი ამ ხნის განმავლობაში ვიცოდი, რომ საქართველოში უნდა დავბრუნებულიყავი, სხვაგვარად არც მქონდა გააზრებული.
ყველას თავისებურად გვენატრება აფხაზეთი. ერთმა ჩემმა მეგობარმა ძალიან ძნელად გადაიტანა იქიდან წამოსვლა, ყოველ ღამით კოშმარულ სიზმრებს ნახულობდა, ვერ ვიტყოდი, რომ მე მასზე ნაკლებად მენატრებოდა სოხუმში ჩასვლა, მაგრამ ჩემს თავს შევუძახე, ამ ამბავმა თუ ჩემი სიცოცხლე შეიწირა, მაშინ ყველაფერს აზრი ეკარგება-მეთქი და შევეცადე, თავი შემეკავებინა გადაჭარბებული ემოციებისაგან. ალბათ ასაკოვანთათვის უფრო ძნელი გადასატანია იმ ქალაქისა და ოჯახის დატოვება, სადაც ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარეს, ჩემი მშობლებისთვისაც ძნელი აღმოჩნდა აფხაზეთის გარეშე ცხოვრება, რომელმაც ალბათ მათი სიცოცხლის ბევრი წელი თან გაიყოლა. ნერვიულობისაგან ორივენი დიაბეტით დაავადდნენ. შეიძლება ადამიანი მშვიდად გამოიყურებოდეს, მაგრამ შინაგანად იწვოდეს... ჩემს ოჯახში ჭიქა არ აიწევა ისე, რომ აფხაზეთში დაბრუნებაზე არ იყოს ლაპარაკი.
მინდა ჩემს შვილებს ვანახო აფხაზეთი. ჩემს უფროს შვილს რომ ჰკითხო, სადაური ხარო, 6 წლის ბავშვი დაუფიქრებლად გეტყვით, - სოხუმელიო - მხოლოდ მონაყოლით და სურათებით იცნობენ სოხუმს. სხვათა შორის, საინტერესოა ბავშვის ფსიქოლოგია და ფანტაზია, გიორგის ბაღში მასწავლებლისთვის უთქვამს: რუსები ძალიან ცუდები არიან, რომ შინ არ გვიშვებენ, მაგრამ მალე ავტობუსი მოვა და ყველანი სოხუმში წავალთო. მე პირადად ასე ვფიქრობ, რომ სანამ ხალხის ყოფა-ცხოვრების წესი და მენტალიტეტი არ შეიცვლება, მანამ არაფერი გამოვა. დღეს მარტო აფხაზეთის პრობლემა ხომ არ უდგას საქართველოს, დღეს ქართველ ხალხს ურთიერთგაგების, ერთად ყოფნის, ერთსულოვნებისა და სხვა დაკარგული ტერიტორიების გამთლიანების პრობლემა უდგას. ამიტომ სიყვარულისა და ურთიერთთანადგომის გარეშე წარმოუდგენელია ამ ყველაფერზე ლაპარაკი.
2. ილიას მკვლელობა არ ყოფილა მხოლოდ ერთი კონკრეტული პიროვნების მკვლელობა, აქ უფრო სხვა რამ გათვალეს საქართველოს მტრებმა, ეს მკვლელობა უფრო შორსგამიზნული იყო, რადგან ილიასთვის ნასროლი ტყვია საქართველოს მოხვდებოდა და ნაწილობრივ მიაღწიეს კიდეც საწადელს.
უდიდესი ცოდვა იყო და ყოველი ქართველისთვის ალბათ მიუტევებელია 90-იანი წლების ეროვნული დაპირისპირება. ქართველთა შორის დაწყებული ნებისმიერი ომი, რამაც ათასობით ჩვენი თანამემამულის სიცოცხლე შეიწირა. ნებისმიერ ადამიანს რომ ჰკითხოთ, ვინ ხარ შენ? - გეტყვის: "მართლმადიდებელი ვარო", მაშ, როგორ მოხდა, რომ მართლმადიდებელმა ერთმა ერთმანეთი სასიკვდილოდ გავიმეტეთ? ეს, ცხადია, იმაზე მიგვანიშნებს, რომ შინაგანად არ ვართ მართლმადიდებლები, მეტი რა უნდა მოხდეს კიდევ, რომ ყოველმა ქართველმა მართლმადიდებელმა, ბოლოს და ბოლოს, გააცნობიეროს, როგორ შევიყვაროთ ერთმანეთი, როგორ თანავუგრძნოთ და გავიტანოთ ერთმანეთი იმისათვის, რომ ერი გამოვიყვანოთ უმძიმესი მდგომარეობიდან. დღევანდელ მართლმადიდებლებს თავიანთი სარწმუნოების ერთგულებითაც უყვართ თავმოწონება და ვერც კომფორტს ელევიან. ამიტომ ჩემი კითხვა ასეთი იქნება მოძღვრის მიმართ:
3. ამბობენ, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო, შეიძლება ადამიანს მართლა ასე სწამდეს და მართლმადიდებლობაზეც დებდეს თავს?
თემის განხილვაში მონაწილეობა ვთხოვეთ ჟვანიას სახელობის ბავშვთა და მოზარდთა მეორე საავადმყოფოსთან არსებული წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ ტარიელ კერესელიძეს.
- "გზა შინისაკენ" რამდენიმე მნიშვნელობით შეიძლება გავიგოთ. უპირველესი მნიშვნელობით ჩვენი შინ დაბრუნება უფლის სამყოფელში, სამოთხეში დაბრუნებას უნდა ნიშნავდეს, საიდანაც ეშმაკის მცდელობით ადამიანი იქნა გამოძევებული. დავკარგეთ ის სიწმინდე, სადაც უფალმა თავდაპირველად მიგვიჩინა ადგილი, მიზნად უნდა დავისახოთ, კვლავ დავუბრუნდეთ სასუფევლის წიაღს, ამის საშუალება ჩვენ უფალმა და მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ თავისი მსხვერპლის გაღების საზღაურად მოგვცა. იმისათვის, რომ კვლავ უკვდავებას და მარადიულობას დავუბრუნდეთ, დიდი მონდომება და ღვაწლია საჭირო, რომელსაც ძნელი გზა ჰქვია, ეკლესიაზე გამავალი გზა ჰქვია. ამ გზაზე თითოეულ ჩვენგანს ჩვენი ჯვარი გვაქვს სატარებელი. უფლის წყალობითა და შემწეობით, ეს გზა ყველამ უნდა გავიაროთ, რადგან ეს ჩვენი გადარჩენისათვის აუცილებლად გასავლელი გზაა. ზოგიერთი შეიძლება გვიან მიხვდეს, რისთვის ვართ ამქვეყნად მოსული, სად არის ჭეშმარიტება, რომლისკენაც ყოველი ადამიანი უნდა მიისწრაფოდეს. ზოგი უფრო ადრე დაადგება ამ გზას, მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას ისე, რომ ადამიანი საერთოდ ვერ მიხვდეს ცხოვრების აზრს და ისე გავიდეს ამ ქვეყნიდან.
მეორე გაგებით, გზა შინისაკენ - ეს არის ჩვენი სამშობლოს, მრავალჭირნახული საქართველოს წიაღში ყოფნა. ჩვენმა ქვეყანამ მრავალი ისტორიული ქარტეხილი გამოიარა. მძიმე წარსულის და ბედუკუღმართობის ბრალია ისიც, რომ დღესაც ათასობით ქართველი ლტოლვილად იქცა. თავისი კუთხიდან გაძევებულ ჩვენს თანამემამულეებს უნდათ დაუბრუნდნენ თავიანთ კერას, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს მათ სახლ-კარსა და ეზო-გარემოს სხვები არიან დაპატრონებული და უცხო სახელმწიფოს სამხედრო შენაერთები არ აძლევენ მათ იქ შესვლის საშუალებას, დღეს მათ ეს ტერიტორიები მიტაცებული აქვთ სამაჩაბლოსა და აფხაზეთის სახით.
ქართველების ნაწილი აშშ-ში და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მძიმე ეკონომიკურმა პირობებმა გაიყვანა, რადგან აქ ვერ შეძლეს დასაქმება და ოჯახის რჩენა. ჩვენ დასაკარგი შვილები არა გვყავს. ყველა ქართველი ვალდებულია, დაუბრუნდეს თავის ქვეყანას, გააცოცხლოს თავისი მამაპაპისეული კუთხე, ეს აუცილებელია თუნდაც იმისათვის, რომ ჩვენს მადლიან მიწა-წყალს უცხოტომელი არ დაეპატრონოს, საქართველო ჩვენი სამშობლოა და ეს ქვეყანა სხვას არ უნდა მივცეთ საჯიჯგნად, უფალმა ჩვენ დაგვადგინა ამ ბარაქიანი და ნაყოფიერი მიწის ბატონ-პატრონად და თუ მას არ ვუპატრონებთ, დადგება დრო და პასუხს მოგვთხოვს ამისათვის. ჩვენი წინაპრებიც გადიოდნენ უცხოეთში განათლების მისაღებად და ბრუნდებოდნენ, რომ მიღებული ცოდნა-განათლება ქვეყნის ინტერესების სამსახურში ჩაეყენებინათ და ასე დაეცვათ სამშობლო იმ გადამთიელებისაგან, რომელიც დღესაც შემოესია ჩვენს ქვეყანას. მე შოვინისტი ნამდვილად არა ვარ, მაგრამ პირველ რიგში საქართველოში ქართველები მინდა ცხოვრობდნენ, რომლებიც მართლმადიდებელნი არიან, და ამის შემდეგ შემიყვარდება სხვა. ამას ახირებად ნურავინ ჩამომართმევს, რადგან თუ კაცს თავისი ერი არ ეყვარება, ვერც სხვას შეიყვარებს. მინდა ყველა ქართველს ჰქონდეს ქართველობის განცდა თავის სამშობლოში, ამაში რა არის ცუდი, ყველა ხომ თავისი ქვეყნის პატრიოტია და ჩვენ რატომ უნდა გვქონდეს ეს უფლება ჩამორთმეული? ისტორიულად ჩვენ ყოველთვის გამოვირჩეოდით შემწყნარებლობით სხვა ერების მიმართ, ოსებიც ჩვენს ტერიტორიაზე დავასახლეთ, ძმობა და მასპინძლობა გავუწიეთ, როცა მათ უჭირდათ, ახლა ჩვენ ვართ გამოძევებულნი ამ უძველესი ქართული ტერიტორიიდან. ისინი ისტორიის გაყალბებითა და ყველა საშუალებით ცდილობენ დაამტკიცონ, რომ მათ ეკუთვნოდათ ის ტერიტორია, ქართველთა კარ-მიდამოებს და ნამოსახლარს ცეცხლს უკიდებენ ჩვენი კვალის წასაშლელად. ყველამ უნდა ვეცადოთ, ვუპატრონოთ ჩვენ-ჩვენს მიწა-წყალს, ჩვენ აღარაფერი გვაქვს დასაკარგი, ისედაც უკვე ბევრი დავკარგეთ. ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ყოველ ქადაგებაზე მოუწოდებს ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასულ ქართველობას, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს, თუ მის თხოვნას დროულად არ შევისმენთ, მერე უკვე გვიანი იქნება, რადგან საქართველოზე ბევრს უჭირავს თვალი და მრავალი ეპატრონება. ჩემი თხოვნაა, მშიერნი ვიქნებით თუ მაძღარნი, მეტი ვაკეთოთ და იმით დავკმაყოფილდეთ, რასაც ღმერთი მოგვცემს. ამას გვავალდებულებს ჩვენ სამშობლოს სიყვარული და წინაპართა პატივისცემა. ამას წინათ რაჭა მოვინახულე. ძალიან დადარდიანებული ჩამოვედი ჩემი მშობლიური კუთხიდან. გული მეტკინა, მიტოვებული სახლ-კარი და ველ-მინდვრები რომ ვნახე, ადრე ადგილს ვერ ნახავდი, რომ მიწა დახნილ-დათესილი არ ყოფილიყო, მოსავალიც უხვად მოდიოდა, დღეს მიტოვებულია სახნავ-სათესები, აღარც გამსხლავია, აღარც მთიბავი, ადრე საქონელიც დადიოდა სოფლებში, ახლა მიშვებულია ყველაფერი, აღარავის აღარ უნდა ძროხა, აღარც იქ შრომა, ყველას სხვა გზით უნდა გამოკვებოს თავისი ოჯახი, ეს მადლიანი მიწა რომ ეკოლოგიურად სუფთა საკვებს გვაძლევს და იმას უნდა გავუფრთხლდეთ და ვუპატრონოთ, ამაზე დღეს აღარავინ ფიქრობს, რა ვიცი, იქნებ, მეც რომ ამ მიწის შვილი ვარ, ჩემი მიწა ყველაზე ბარაქიანი და ტკბილი მგონია.
- მამა ტარიელ, იქნებ იმაზედაც გვესაუბრა, რამ გაიძულათ დაგეტოვებინათ თქვენი საყვარელი რაჭა, სადაც ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები გაქვთ გატარებული.- 2003 წელს აუცილებლობამ მოითხოვა გამეკეთებინა გულის ოპერაცია თბილისის ჯო ენის სახელობის გულის კლინიკაში. ოპერაციის შემდეგ ხშირად ჩამოვდიოდი თბილისში კონსულტაციებზე, მაგრამ რადგან ჩემთვის გამორიცხული იყო ფიზიკური დატვირთვა, ექიმების რჩევით, მეუფე ელისესა და უწმინდესის ლოცვა-კურთხვით, გადმომიყვანეს თბილისში მიხეილ ტვერელის ეკლესიაში წინამძღვრად. მრევლი დღითიდღე მატულობდა ტაძარში, მე მარტო ვერ გავუძღვებოდი ღვთისმსახურებას ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ამიტომ შემომემატა მამა შალვა როსტომაშვილი, ახლახან კი მამა დიმიტრი აბაიშვილი. მადლობა უფალს, რომ ასეთი ღირსეული მოძღვრები გამომიგზავნა მათი სახით.
მართალია, წამოსული ვარ რაჭიდან ამ მიზეზის გამო, მაგრამ წლები გადის და უფრო მენატრება იქაურობა. უფრო მეტად მიჩნდება შინ დაბრუნების სურვილი. უწმინდესის თხოვნაა, საბოლოოდ ყველა დაუბრუნდეს თავის კერას, სხვაგვარად შეწუხდებიან წინაპართა სულები, სამწუხაროდ, მე ფიზიკურად აღარ შემწევს ძალ-ღონე, რომ ჩემს რაჭაში ვიშრომო ზამთრის სარჩოსთვის, ნეტავი შემეძლოს, არ გავწყვიტო კავშირი მიწასთან, გვახსოვდეს, რომ მიწიდან აღმოვცენდით, მიწა გვასაზრდოებს და ბოლოს მიწადვე მივიქცევით ყველანი, ამიტომ, როცა ადამიანი მიწას მოწყდება, იგი მიწის მადლსაც წყდება, უფალს ვთხოვ, ყველა ქართველი დააბრუნოს თავის მშობლიურ მიწაზე, თავის სამშობლოში ისე, როგორც მერცხლები ბრუნდებიან ხოლმე ადრეულ გაზაფხულზე თავ-თავიანთ ბუდეებში. გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც უფალი გვასწავლის, მხოლოდ სიყვარული გვაახლოებს და გადაგვარჩენს, რადგან სიყვარული ყველაფერს ამშვენებს, აკეთილშობილებს და უფლისკენ მიმავალი გზაც მხოლოდ სიყვარულზე გადის. ღმერთმა ინებოს უცხოეთში მცხოვრები ქართველების სამშობლოში დაბრუნება, მათი ოჯახების კეთილდღეობა და მართლმადიდებელ სარწმუნოებაში გაძლიერება! უფალმა დალოცოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო.
- ბოლოს, გთხოვთ უპასუხოთ რესპოდენტების შეკითხვებს.- რაც შეეხება თურქეთში მცხოვრები რესპონდენტის შეკითხვას, უნდა ითქვას, რომ მას მძიმე ჯვარი არგუნა ღმერთმა, რადგან მისი სულიერი ცხოვრების წესი მეტად ძნელია, ის შინაგანად მორწმუნე ადამიანია, უნდა სულიერი საზრდოს მოპოვება და არ ეძლევა ამის საშუალება, შეიძლება ის ლოცულობდეს, მარხულობდეს, მაგრამ მისთვის აუცილებელია ზიარება, რომ უფალი შევიდეს მასში. საერთოდ, მართლმადიდებელი ადამიანი თვეში ერთხელ მაინც უნდა ეზიარებოდეს. ამიტომ, როგორმე უნდა ეცადოს, რომ წელიწადში 2-ჯერ მაინც ეზიაროს. გასაგებია, რომ ბერძნულ ეკლესიაში ვერ შევა, რადგან იმდენი გადახრებია, ძნელია დაადგინო, რომელი დგას ჭეშმარიტ გზაზე. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, მიმართოს კონსტანტინოპოლის დედაეკლესიას, თუ მოძღვართან ენობრივი ბარიერი შეექმნება, უფლის ხატთან მივიდეს, მას ჩააბაროს აღსარება და ისე ეზიაროს, ან შესთხოვოს უფალს ასწავლოს, როგორ მოიქცეს, რა ნაბიჯი გადადგას საამისოდ და აუცილებლად გამოუჩენს გზას, მთავარია, მოინდომოს. სულიერი განმტკიცებისთვის აუცილებელია ფსალმუნების კითხვაც, რომელიც თავის თავს შეაცნობნებს ადამიანს.
მსგავს მდგომარეობაში მყოფ ქართველებს ვურჩევდი, სადაც არ უნდა იყვნენ, ეძიებდნენ უფლის გზებს და თუ გულით მოინდომებენ, აუცილებლად იპოვიან გამოსავალს.
რაც შეეხება მეორე კითხვას:
გამოთქმა, "ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია", რა თქმა უნდა, არ არის სწორი ნათქვამი, რადგან როცა მივხვდებით, რომ ჩვეულება არასწორია, მყისვე უნდა დავუტევოთ მავნე ჩვევა, რწმენა არ უნდა ვანაცვალოთ ჩვეულებას. ყველას თავისი ჩვევა აქვს, ზოგს კარგი, ზოგს ცუდი, თუ კარგია, რასაკვირველია, არ უნდა დავუტევოთ, ცუდ ჩვევას კი აუცილებლად უნდა შევებრძოლოთ, ჩვენი ჩვეულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მართლმადიდებელი სარწმუნოების უმთავრეს პრინციპებს, ჩვენს ძირითად მრწამსს. უფლის მცნებების დაცვა გვაპოვნინებს, რა არის კარგი და რა ცუდი. ცუდი ისე უნდა ამოვძირკვოთ ჩვენგან, როგორც სარეველა. შეიძლება არ იყოს ადვილი მანკიერი ჩვეულების მოცილება, მაგრამ არც მართლმადიდებლობაა იოლი. კომფორტი და სარწმუნოება მართლაც შეუთავსებელია ერთმანეთთან, უნდა ვეცადოთ, რომ ხორციელზე წინ ყოველთვის სულიერი დავაყენოთ. უკანასკნელ ხანს, ღვთის წყალობით, ბევრი ადამიანი მოექცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და ეკლესიური ცხოვრების წესს დაეწაფა, მაგრამ მიუხედავად ამისა, პროცენტულად ალბათ ბევრი მორწმუნე მაინც ვერ მოსწყდა ხორციელ საზრუნავს და ფუფუნებისკენ უფროა მიდრეკილი, ვიდრე სულიერი ცხოვრებისკენ. ვერ ელევიან კომფორტს და ზოგჯერ იმისთვისაც ვერ იცლიან, რომ შაბათ-კვირას ეკლესიაში წავიდნენ. "დღე იგი მეშვიდე წმიდა ჰყავო", - გვეუბნება უფალი, თუ ამ სიტყვებს არ შევისმენთ და არ შეგვიძლია უფლის აღდგომის დღეს, კვირას, ტაძარში მივიდეთ და რამდენიმე საათი გამოვყოთ უფლის სადიდებლად, მაშინ სადღაა ჩვენი მორწმუნეობა?! ამ დღეს ხომ ყველა მართლმადიდებელი ვალდებულია, მივიდეს ტაძარში, ილოცოს, თაყვანი სცეს შემოქმედს, ადიდოს უფალი, მადლობა შესწიროს იმისათვის, რაც ღმერთმა მას მთელი კვირის განმავლობაში მიმადლა ოჯახის წევრთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ლუკმაპურის მოსაპვებლად, ჩვენ ხომ არავინ ვიცით, ვის დაუღამდება დღეს ან ხვალინელი დღე ვის გაუთენდება, არც ის ვიცით, რა იქნება 1 საათის შემდეგ, ამიტომ არ უნდა დავკავდეთ ხვალინდელ საზრუნავზე ფიქრით, რადგან ამაზე მე ვიზრუნებო, გვეუბნება მაცხოვარი. ჩვენ დღევანდელზე, იმ დროზე, იმ წუთზე გვმართებს ვიფიქროთ და გამოვიყენოთ, რაც უკვე უფლისგან გვებოძა და რაც აუცილებელია ჩვენი სულის გადარჩენისთვის.
ღმერთმა ინებოს ჩვენი ცხონება და სრულიად საქართველოს გადარჩენა!
- ამინ!